აკაკი წერეთელი (1840-1915)
ავტორი: უშანგი ობოლაძე ყოველი დროისა და ყოველი ქვეყნის მწერლის სიდიადე, პირველყოვლისა, იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ახლოს დგას იგი ხალხთან, რამდენად ღრმად განიცდის ხალხის სიხარულსა და მწუხარებას. უკვდავი მწერლის სახელს ის იმსახურებს, ვინც თავის მაღალ პოეტურ ნიჭს ხალხის ინტერესებს ახმარს, ხალხს ესარჩლება, გმობს და კიცხავს უსამართლობას და ძალმომრეობას; არ მალავს ცუდს და მას უპირისპირებს კარგს, თავისუფლებას უმღერის, მოწინავე, პროგრესულ აზრებს ქადაგებს. გმობს და ებრძვის რა წარმავალსა და დრომოჭმულს, უმღერის და იმედით შესცქერის რა მოწინავესა და მომავალს, ყოველი დიდი მწერალი ხალხის დიდი აღმზრდელიც არის. ეს უკლებლივ ითქმის აკაკის შესახებაც. როგორც დიდი მწერალი, აკაკი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხალხის ცოცხალი მასწავლებელი, ცოცხალი მოძღვარი იყო. აკაკის შემოქმედებას მეორე სპეციფიკური მხარე აქვს. აკაკი იყო დიდი საბავშვო მწერალი. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რევოლუციამდელი მწერლებიდან საბავშვო ლიტერატურის ხაზით არც ერთ მწერალს არ გაუკეთებია აკაკის ოდენი საქმე. ბავშვებისათვის აქტუალურ თემებზე აკაკის მიერ შექმნილ საუკეთესო ლექსებს, იგავ-არაკებს, ზღაპრებს, პოემებს დიდი ინტერესითა და სიხარულით კითხულობდნენ თავის დროზე ბავშვებიცა და მოზრდილებიც. ასეთი ნაწარმოებების რიცხვი იმდენად დიდია, რომ მათ ერთი და ორი ტომი ვერ დაიტევს. აქაც აკაკი გვევლინება, როგორც დიდი აღმზრდელი, მასწავლებელი. აკაკიმ ფასდაუდებელი ამაგი დასდო ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეს არა მხოლოდ როგორც ბუმბერაზმა პოეტმა, ბელეტრისტმა და საბავშვო მწერალმა, არამედ როგორც აღმზრდელმაც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითაც. მართალია, აკაკი პროფესიონალი პედაგოგი არ ყოფილა, მაგრამ იგი ილია ჭავჭავაძესთან ერთად უშუალოდ სწავლობდა აღზრდის პრობლემებს, ორგანულად იყო დაინტერესებული ამ საქმით, რადგან მის ქვეყანას, ქართველ ხალხს ეს სჭირდებოდა. სამოციანი წლებიდან სიკვდილის უკანასკნელ დღეებამდე აკაკი ჩვენი ქვეყნის პედაგოგიური მოძრაობის ცენტრში იდგა. ეხებოდა საკითხი დედაენის უფლებებს, აღზრდა-განათლების შინაარსს, ქალთა განათლებას, მასწავლებლის მომზადებასა და ღირსებას, სკოლაში გამეფებულ სიმახინჯეს, მეფის მოხელთა თავგასულობას, ბავშვის ბუნების ცოდნას, აღზრდის წესებს და მეთოდებს თუ, ერთი შეხედვით, რომელიმე წვრილმან, კერძო, მაგრამ აღზრდისათვის არსებითად დიდი მნიშვნელობის მოვლენას, აკაკი მოქალაქეობრივ მოვალეობად თვლიდა საქმეში აქტიურად ჩარეულიყო, გაბედულად ეთქვა თავისი სიტყვა და ხალხის ინტერესების სასარგებლოდ გადაეწყვიტა საკითხი. არც ერთ ქართველ მწერალს აკაკის თაობიდან, იაკობ გოგებაშვილის გარდა, რომელიც უშუალოდ განათლების ფრონტს ემსახურებოდა, იმდენი არ დაუწერია აღზრდისა და განათლების საკითხების გარშემო, რამდენიც აკაკის. აკაკის შეხედულებანი მოზარდი თაობის აღზრდის, განათლებისა და სწავლების შესახებ ჩართულია მის მრავალრიცხოვან ლირიკულსა და პოლიტიკურ-პუბლიცისტური ჟანრის ლექსებში, პოემებში, მოთხრობებში, ზღაპრებში, მემუარულ ნაწარმოებებში, პუბლიცისტურ წერილებში, სიტყვებში, ბევრი რამ კიდევ შემონახულია აკაკის შესახებ არსებულ სანდო მოგონებებში. მაგრამ, ამასთან, აკაკი არის ავტორი რამდენიმე ისეთი მოთხრობის, ლექსის, პოემისა და წერილისა, რომელთა ძირითად ამოცანას აღზრდის ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტა წარმოადგენს. ასეთია, მაგალითად, პოემა „გამზრდელი”, მოთხრობები: „პატარა ტარიელი”, „მტირალი დედა” და მრავალი ლექსი. გაზეთ „დროებაში” „ცხელ-ცხელი” და „შავ-შავი” ამბების სათაურით მოთავსებული რამდენიმე ფელეტონი, „ივერიაში”, „თემსა” და სხვა გაზეთებში მოთავსებული ფელეტონები და ა. შ. ისე, როგორც აკაკის მთელი შემოქმედება, მისი პედაგოგიკაც ოპტიმისტური და მებრძოლი ხასიათისაა, მომავლის რწმენაზეა დამყარებული, ქმედითია და ბრძოლისათვის რაზმავს ხალხს. აკაკის ღრმად სწამდა, რომ ახალგაზრდობა იხსნიდა ჩვენს ხალხს სოციალური და ეროვნული ჩაგვრისა და მონობისაგან, იგი იძიებდა შურს მტარვალებზე და შეასრულებდა ქვეყნის წინაშე თავის ვალს: ხალხს მონობის მძიმე ბორკილს მოხსნიდა, წყლულს მოუშუშებდა, ქვეყნად „ძმობას, ერთობასა და თავისუფლებას” დაამყარებდა. ეს იმედი, ეს რწმენა ახალგაზრდობისადმი გასაოცარი ძალით არის შთაბეჭდილი 1905 წლის რევოლუციაში ახალგაზრდობის მონაწილეობისადმი მიძღვნილ ლექსში „თქვენი ჭირიმე”: “ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!.. ახალგაზრდობის იმედი აკაკიმ მართლაც კუბოს კარამდე მიიტანა და ანდერძად დატოვა: სიკვდილის შემდეგაც მისი საფლავი ხშირად შეემკო ცოცხალი ჟივილ-ხივილით „მოზარდულ” ახალგაზრდობას. ლექსში „ანდერძი” პოეტს სურს, უბრალოდ გაასვენონ ყოველგვარი ცერემონიის, სიტყვებისა და გვირგვინების გარეშე, მარტო დამარხონ ბაღში, რომ ზაფხულმა მწვანით შემოსოს და ზამთარი თოვლს აყრიდეს, დღე მზე სტყორცნიდეს სხივებს მის საფლავს და ღამე მთვარე დაქათქათებდეს, დილით შაშვი უსტვენდეს ზევსურს და საღამოს ვარდის ჩიტუნა, ბულბული ჩასკვნით ჩაჰკვნესდეს ნანას, რომ ამ მუსიკას სიკვდილიც უგდებდეს ყურს. და ამის გვირგვინად კი აკაკი შემდეგს ნატრობს: “და ამდენ ნატვრის გვირგვინად ასეთი სიყვარულით, გულისძგერითა და იმედით შეჰყურებდა აკაკი ბავშვებს, „მოზარდულ” თაობას. აკაკი თითქოს წარმოუდგენელია ახალგაზრდების გარეშე და მისი სიყვარული ბავშვებისა და მოზარდებისადმი საყოველთაოდ არის ცნობილი. მაგრამ ეს სიყვარული გვარის გაგრძელების ბიოლოგიურ ინსტინქტებზე დამყარებული ჩვეულებრივი მამაშვილური სიყვარული როდი იყო. აკაკი ბავშვებს, მოზარდებს „სიკვდილ-სიცოცხლის” კავშირად თვლიდა, ახალგაზრდობა აკაკისათვის მომავლის სარკე, მომავლის იმედი იყო და ამიტომაც მგოსნის ეს სიყვარული იყო დიდბუნებოვანი, ბედნიერი მომავლის რწმენით განათებული და ღრმად იდეური. ამიტომაც იყო, რომ აკაკი წერეთელმა დაუფასებელი ამაგი დასდო ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. დედაენისათვის ბრძოლას თვითმპყრობელობის პირობებში უაღრესად დიდი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ბრძოლის მიზანი იყო დედაენის სრულად აღდგენა თავის უფლებებში საზოგადოებრივი ცხოვრების ყოველ სფეროში, მისი შემდგომი განვითარება და განმტკიცება. დედაენისათვის ბრძოლის ერთ ცენტრალურ უბანს სკოლა წარმოადგენდა. ილია ჭავჭავაძესთან ერთად დედაენის აღდგენისათვის ბრძოლაში საერთოდ და, კერძოდ, სწავლების საქმეში სკოლაში, განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის აკაკი წერეთელსაც. სკოლაში დედაენის უფლებისათვის ბრძოლა, დედაენის უშუალო მოამაგეობა ისტორიამ იაკობ გოგებაშვილს დააკისრა. ხალხის გამარჯვებისა და ბედნიერი მომავლის რწმენა, დიდი საერთო და სპეციალური პედაგოგიური განათლება აძლევდა იაკობ გოგებაშვილს დაუშრეტელ ძალასა და ღონეს ნახევარი საუკუნის განმავლობაში ერთგულ გუშაგად სდგომოდა დედაენას სკოლაში და მისი განვითარებისათვის განსაკუთრებული კვალი დაეჩნია. მაგრამ მას დამოუკიდებლად ამ როლის შესრულება, რასაკვირველია, არ შეეძლო. ამ საქმეში იაკობს მთელი მისი ხანგრძლივი მოღვაწეობის პერიოდში იდეურ ხელმძღვანელობასა და დახმარებას უწევდნენ ილია და აკაკი. მაგრამ ისინი მარტო ამით არ კმაყოფილდებოდნენ, აღზრდის საქმეში დედაენის დაფუძნებისათვის ბრძოლაში ილია და აკაკი აქტიურ პრაქტიკულ მონაწილეობას იღებდნენ. ყოველ რთულ მომენტში, როცა სკოლაში ისედაც შევიწროებულ დედაენას კიდევ მეტს დაუპირებდნენ, ილიასა და აკაკის ხმა მძლავრი პროტესტის სახით გაისმოდა. სამოციანი წლების იმ მოღვაწეთა შორის, რომლებმაც დედაენის ფსიქოლოგიურ ბუნებას მიაქციეს ყურადღება, აკაკი ერთი პირველთაგანია. 1872 წელს დაწერილ თავის ერთ პატარა მოთხრობაში – „საუბარი ორთა შუა” – აკაკი დედაენის ფსიქოლოგიურ ბუნებას შემდეგი სახით გვისაბუთებს. დედაენა ადამიანებს ბავშვობიდანვე მოჰყვება თან, შესისხლხორცებულია მათთან ძალდაუტანებლად, უცხო ენა კი მეხსიერების საშუალებით იდგამს ფესვს ადამიანის გონებაში. მეგზური გლეხის შეკითხვაზე, თუ რატომ ხდება, რომ როცა გულით გინდა თქვა რამე, დედაენას მიმართავო, აკაკი პასუხობს: სხვისი სიტყვა დაჭერილი გყავს, დამწყვდეული თავში, ისე როგორც ჩიტი გალიაში, გამოთქმის დროს ჯერ უნდა გაიხსენო, მეე გამოიღო თავიდან და ისე თქვა. შენი სიტყვა კი შენი თანშობილია, ისე გაუჭირვებლად გამოდის გულიდანო. ენის ბუნების ფსიქოლოგიური დასაბუთება, რაც რუსეთში ბრწყინვალედ განახორციელა კონსტანტინე დიმიტრის ძე უშინსკიმ, სამოცდაათიანი წლებიდან ფართოდ იყო გამოყენებული ჩვენი ინტელიგენციის მიერ მეფის რუსეთის გამარუსებელი სასკოლო პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში აკაკი გაზეთ „დროების” ფურცლებზე მოთავსებულ ლექსებსა და ფელეტონებში ხშირად ეხება დედაენის სწავლების საკითხს: იბრძვის იმ რუსი მოხელეების წინააღმდეგ, რომლებიც დედაენას კარს უხშობენ სკოლებში, სასტიკად ამათრახებენ ქართველი ახალგაზრდობის იმ ნაწილს, რომელიც ალმაცერად უყურებს დედაენა და მისი შესწავლით თავს არ იტკიებს. 1868 წელს გამოქვეყნებულ ერთ უსათაურო ლექსში ასეთი ახალგაზრდების შემდეგ დახასიათებას ვხვდებით: “ჯერ ქართულიც არ იცი, აკაკი განსაკუთრებული გულისტკივილით მიუთითებდა იმ სამარცხვინო სენზე, რაც ვრცელდებოდა ქართველი ქალების ერთ ნაწილში და უცხოური კულტურით ზედაპირულ გატაცებაში, დედაენის დაუფასებლობასა და უცოდინარობაში გამოიხატებოდა. 1880 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ლექსში ასეთი ქალის სახეს აკაკი შემდეგი სტრიქონებით გვიხატავდა: “თავმოხდილს, საკუთარ თმებში ქართული სკოლებისა და ქართული ენის სწავლების წინააღმდეგ მეფის მთავრობას თავიდანვე მკაცრი გეზი ჰქონდა აღებული. გაზეთი „დროება” 1881 წლის 25 მარტის ნომერში ამის შესახებ შემდეგს წერდა: „არც ერთი ქართული სკოლა, რაც გინდ პაწაწკინტელა იყოს, არ შეიძლება გაიხსნას, თუ ამას არ წაუმძღვარეთ წინ გრძელი, ფორმალური მიწერ-მოწერა მთავრობასთან და თუ ამაზე არ იქნა მიღებული უკანასკნელის ნებართვა, რომლის მიღებას დროზედ ძალიან იშვიათად ეღირსებით... რუსული ენა სულ დაბალ ელემენტარულ ქართულ სკოლებშიაც კი სავალდებულო საგნად ითვლება და უსათუოდ პირველ წლიდგანვე უნდა იწყონ მისი შესწავლა, თუ ასე არა, სკოლას უსათუოდ ანდერძის აგება და დამარხვა ელის”. ასეთი მძიმე მდგომარეობა იყო ოთხმოციან წლებამდე, მაგრამ შემდეგ იგი კიდევ უფრო გართულდა. 1881 წლიდან, მას შემდეგ რაოცა ალექსანდრე II მოკლეს და რეაქციამ კიდევ ერთი მკაცრი შეტევა განახორციელა დედაენის წინააღმდეგ ჩვენს სკოლებში, აკაკი ილიასთან ერთად სათავეში ჩაუდგა მოწინავე ქართველი ინტელიგენციის ბრძოლას დედაენაზე სწავლების უფლებისათვის. ქართული ენის, დედაენის შემდგომმა შევიწროებამ ოთხმოციანი წლებიდან ერთ-ერთ შედეგად ისიც მოიტანა, რომ სახალხო სკოლებს საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამოსცილდა ახალგაზრდობა. გაზეთი „დროება” ამ მოვლენას შემდეგი მიზეზით ხსნიდა: ჩვენი გლეხი პირიდან ლუკმას ირთმევს, წელებზე ფეხს იდგამს და შვილს სასწავლებელში აგზავნის, მაგრამ სკოლა ბავშვს არაფერს აძლევს. მაშინ, როდესაც ბავშვს ჯერ კიდევ ძვალ-რბილში არ გაჯდომია დედაენის ცოდნა, ანბანიც არ შეუსწავლია ხეირიანად, აწყებინებენ მეორე ენის შესწავლას. სწავლის ვადა მცირეა და ბავშვი ვეღარაფერს სწავლობს, მისი ტვინი ირევა და ჩლუნგდება, გლეხს შვილი თითქმის ისე გაუთლელი მიუდის შინ, როგორც გაგზავნა სკოლაში. ამნაირ მაგალითებს უჩვენებს ხალხს სკოლა. ეს არის პირველმიზეზი, რომ ბავშვები სკოლას გაურბიანო. მდგომარეობის ამგვარი ახსნა, რასაკვირველია, არ აწყობდა მეფის მოხელეებსა და მათ ვექილებს. ისინი უკულტურობასა და ველურობას მიაწერდნენ ქართველ ხალხს და ამით „ასაბუთებდნენ” ბავშვთა განთესვას სკოლებიდან. ქართველი ხალხის ცილისწამებით განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორმა ორლოვმა. გაზეთ „კავკაზის” 1882 წლის 255-ე ნომერში მან მოათავსა კორესპონდენცია ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების შესახებ. ორლოვი წერდა: ის ფაქტი, რომ რაჭის, ლეჩხუმისა და შორაპნის მაზრების მოსახლეობა არ თანაუგრძნობს სკოლებს, არ ცდილობს თავის ბავშვებს ასწავლოს, შეუცდომლად შეიძლება იქნეს ახსნილი სახელდობრ იმით, რომ დასახელებული მაზრების იმერლები უფრო ველურნი და უვიცნი არიან და ნაკლებად არიან გამსჭვალულნი სწავლის სარგებლიანობის შეგნებით, ვიდრე სხვა მაზრის მცხოვრებნიო. ორლოვს რამდენიმე ფელეტონით უპასუხა გაზეთმა „დროებამ”. პირველი წერილი აკაკის ეკუთვნის. „ჰაი, გიდი, – წერდა აკაკი, – უთქვამს და გაუთავებია რაღა... მშიერი რომ პურს ითხოვდეს და თქვენ კი მხოლოდ ქვას აძლევდეთ და მთხოვარმა არ ჩამოგართვათ, ნუთუ ეს იმისი ნიშანი იქნება, რომ იმას მადა არა აქვს და ჭამას ვერ მოახერხებს?.. მაშ, რაა მიზეზი, რომ თავიანთვე სოფელში გახსნილ სკოლებსაც კი ერიდებიან? ვისი ბრალია? ვისი და ავტორის მსგავსი პირების, რომელნიც თავის პირდაპირ მოვალეობაზე ხელს იღებენ, გამოდიან საპოლიტიკო ასპარეზზე და თავისი სახედრობა მაკიაველობა ჰგონიათ... მაგრამ მწყერის ბუდიდამ ხოხობი ვის აუფრენია? ად უნდა შეიყვანოს სასოფლო სკოლაში გლეხმა შვილი, როდესაც დარწმუნებულია, რომ აქ მის შვილს გონება დაუჩლუნგდება, ზნეობა გაუფუჭდება და განაცარქექიავებული ცარიელის „პეტუშოკისა” და „კოზლიკის” ძახილით ნახირს დაუფრთხობს? ნუთუ ესეები არ იცის ბატონმა არლოვმა? იცის, მაგრამ ის ოხერი ერთი ანდაზა აგონდება: ბატონმა რომ გიბრძანოს, მუხას ვაშლი ასხია და ვაშლს რკოვო, ან უნდა დაეთანხმო და ან გაუჩუმდეო”. მაგასაც იმედი აქვს, რომ გაუჩუმდებიან...” გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოქვეყნდა „ჩემი თავგადასავალის” პირველი ნაწილი. არა გაგონილისა და ნახულის, არამედ უშუალოდ განცდილს გულწრფელად გადმოცემით უბრალოდ და ნათელი ენით, აკაკიმ არაჩვეულებრივი სიღრმით დახატა ის მძიმე დრამა, რასაც მოზარდის განვითარებაში აქვს ადგილი, როცა მას წყვეტენ დედაენის მკერდიდან. რად ღირს თუნდაც შემდეგი სტრიქონები: „იმ დროს შემოღებული იყო საზოგადოდ თუნუქის ფირფიტა, რომელსაც „მარკას” ეძახდნენ. ვინაც ქართულად ხმას ამოიღებდა, მიაჩეჩებდნენ ხოლმე და თანაც გრძელ ფიცარს – სახაზავს დაჰკრავდნენ ხელის გულზე. მერე ის უნდა ცდილიყო, რომ სხვისთვის გადაეცა როგორმე იმრიგადვე, ე. ი. ჩაბარების დროს „ლინეიკა” დაერტყმია ხელისგულზე, ამგვარად ეს საცოდაობის ფირფიტა გადადიოდა ხელიდან ხელში. სწავლის გათავების დროს ვინც ვერ მოასწრებდა იმ ფირფიტის თავიდან მოშორებას და შერჩებოდა ხელში, უნდა კლასში დარჩენილიყო მთელი დღე უსადილოდ. ვინც რუსული არ იცოდა ახალ შემოსულობის დროს, ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ და მუნჯობდნენ. ამ ჩვეულებას დიდი გამრყვნელი ხასიათი ჰქონდა: ყმაწვილები ცდილობდნენ, რომ ერთმანეთი მოეტყუებინათ, გაებრიყვებინათ როგორმე და ცბიერობა-ფარისევლობას ეჩვეოდნენ. სულ ერთი კვირის შესული არ ვიყავი, რომ მოვიდა ჩემთან ერთი პატარა ყმაწვილი, ანგელოზის სახის მქონე, და ტკბილის ღიმილით, მეგობრულად მკითხა რაღაც ქართულად; მეც, რასაკვირველია, რადგანაც სხვა ენა არ ვიცოდი, ქართულად ვუპასუხე: ყმაწვილს მშვიდობიანი სახე გადაუსხვაფერდა და სიხარულით მომაჩეჩა ფირფიტა. ჩამოვართვი, მეტი რაღა გზა მქონდა, მაგრამ „ლინეიკაზე” ვერ დავეთანხმე. „რა გენაღვლება შენ, რმ რომ „ლინეიკა” არ დავირყტა, მარტო ვართ და ვინ გაიგებს-მეთქი”, – ვეხვეწებოდი. ჩემმა მოწინააღმდეგემ შორს დაიჭირა: „მე თუ დამარტყეს, შენ რა ჭრელი პეპელა ხარო?” ამ სიტყვებით ყველაფერია ნათქვამი. დედის კალთას ახლადმოცილებულ ბავშვებს ძალით, ცემით გლეჯდნენ პირიდან დედაენას და ამ ძალადობასაც თვით ბავშვებს აკისრებდნენ, დედაენასაც ართმევდნენ და მათ ბუნებასაც რყვნიდნენ, ცბიერებასა და ფარისევლობას აჩვევდნენ. ძნელია მოსძებნოთ შესაფერი სიტყვები ეს გახრწნილება რომ გამოხატოთ. როცა აკაკის „ჩემ თავგადასავალს” კითხულობთ, თავისთავად ცოცხლდება ხოლმე ცნობიერებაში დიდი რუსი პედაგოგის კონსტანტინე დიმიტრის ძე უშინსკის სიტყვები: თუ ჩვენი სული შეძრწუნდება რომელიმე მომაკვდავი ადამიანის სიკვდილის გამო, რაღა უნდა იგრძნოს მან მაშინ, როდესაც ხელყოფენ ხალხის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული პიროვნების სიცოცხლეს – დედამიწის ზურგზე&ნბსპ; ღვთის ქმნილებათაგან ყველაზე უდიდესი ქმნილების სიცოცხლეს – დედაენას? დედაენის სწავლებისათვის ბრძოლა უდევს სარჩულად აკაკის „ორ სიზმარს”, რომელიც 1905 წელს იქნა გამოქვეყნებული. აქაც დიდი მგოსნის მიერ შემაძრწუნებელი სურათებია დახატული. სკოლაში ბავშვებს დედაენას ართმევენ, მას ძაღლის ენას ეძახიან და თანაც ბავშვებსვე ბოდიშს ახდევინებენ – ქართულად წიგნს არ წავიკითხავთ, ქართულად არ ვილაპარაკებთო. ასეთ სკოლას აკაკი ჯოჯოხეთს ადარებს, ხოლო აღმზრდელ-მასწავლებლებს კერპთმსახურებს, რომელთაც იუდა და კაენი მეთაურობენ. „ორი სიზმარი” მთავრდება ალეგორიული მნიშვნელობის სიზმრით: „სისხლიანი დანით ხელში მიარბენინებენ სამსხვერპლოდ განწირულ ახალგაზრდებს ვიღაც გამხეცებულები... როგორ მოგავან ისინი იმ ჩვენ მოძღვრებსა და აღმზრდელებს... ეს სამსხვერპლო ბავშვები... ესენიც ხომ ჩემი ამხანაგები არიან? რად მიჰყავთ ძალით ჯოჯოხეთში? ცეცხლი მეკიდება, აგერ, სადაც არის, გული შემიწუხდება, მაგრამ დაიელვა, ყოველი გაანათლა; დაიქუხა და გავარდა მეხი, მოხვდა ანტექრისტეს და ისიც თავისი თანამოაზრეებით ჩავარდა მიწაში...” ამ ელვა-ქუხილს სახით პოეტი 1905 წლის რევოლუციას გულისხმობდა. აკაკი დარწმუნებული იყო, და სავსებით სწორადაც, რომ როგორც ხალხს მონობის ბორკილებიდან, ასევე დედაენას – გადაგვარებიდან საბოლოოდ მხოლოდ და მხოლოდ რევოლუცია იხსნიდან. ცხრაასიან წლებში, როცა სამინისტრო სასწავლებლებში და საეკლესიო სკოლებში ფართოდ დაიწყეს ე. წ. „მუნჯური” მეთოდის დანერგვა, აკაკიმ მძლავრად აიმაღლა ხმა ამ სიმახინჯის წინააღმდეგ. გაზეთი „ივერიის” 1903 წლის 2 სექტემბრის ნომერში აკაკიმ გამოაქვეყნა ფელეტონი. მისი სიუჟეტი რელიგიურ-იგავურ ფონზეა აგებული, მაგრამ „მუნჯური” მეთოდის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისაკენ მოწოდებას შეიცავს. ფელეტონი მთავრდება შემდეგი სიტყვებით: როგორც პოეტი, იმ აზრისა ვარ, რომ მუნჯური მეთოდი ჩვენს სკოლებში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიტანს ნაყოფს, თუ რომ ჩვენც ჩვენის მხრით... როცა სხვები თითს გვიჩვენებენ, სამ თითს შევკონავთ ერთად და როცა ხელისგულს გაგვიშლიან, ჩვენც თითებს დავჭმუჭნით და მუშტს ვუჩვენებთ...” მუნჯური მეთოდის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, ქართული ენის მოძულე, დეკანოზის მანტიაში გახვეული პოლიციის აგენტის ვოსტორგოვის წინააღმდეგ აკაკიმ 1909 წელს შესანიშნავი პასკვილი დაწერა ლექსად: ერთხელ ანგელოზები აუჯანყდნენ ღმერთს და სამოთხე მიატოვეს. გამოირკვა, რომ აჯანყების მიზეზი ბნელეთის მოციქული ვოსტორგოვი იყო, რომელიც თურმე ანგელოზთა გუნდში შეიპარა: “პოლიციის პასპორტითა დედაენის სწავლების უფლებებისათვის ბრძოლის დარგში აკაკის მემკვდირეობიდან ჩვენ აქ მხოლოდ მცირედის შესახებ აღვნიშნეთ. წერილის მოცულობა მეტის საშუალებას არ იძლევა. ბოლოს აუცილებლად ვთვლით ხაზგასმით მივუთითოთ იმის შესახებ, რომ დედაენისა და სამშობლოს სიყვარული აკაკის მაღალბუნებოვნად ესმოდა, მისთვის უცხო იყო შოვინიზმი, აკაკი უმღეროდა ხალხთა ერთობასა და ძმობას. ბევრგან და ბევრგან აქვს აკაკის გამოთქმული ეს აზრი, მაგრამ ნიმუშად მხოლოდ ერთი სიტყვაზე მივაქცევთ მკითხველის ყურადღებას. სიკვდილამდე ორი წლით ადრე, 1913 წელს, აკაკიმ სიტყვით მიმართა მოსკოვში მყოფ ქართველ სტუდენტებს; ამ სიტყვაში მან სამშობლოს სიყვარულისა და ერთა თანამშრომლობის შესახებ თავისი კრედო შემდეგი სახით გამოხატა: „შოვინისტობა, ესე იგი, სამშობლოს უკუღმართი სიყვარული, როცა იმას ანაცვალებენ სხვების კეთილდღეობასა და ბედნიერებას, საძაგლობაა, მაგრამ ერთი ათასად უფრო საზიზღრობაა, თავისი ქვეყნისათვის სამშობლოს გარეწრობა, ვისაც თავისი მშობელი არ უყვარს, ის სხვებსაც ვერ შეიყვარებს, ვინც თავის პატარა ერს არ ემსახურება, ის ვეღარც კაცობრიობას გამოადგება. თავისი ქვეყნის სამსახურში მსოფლიოც გამოიხატება”. აკაკი ადამიანური ღირსებების საზომად ქვეყნის სამსახურს თვლიდა. იგი ხშირად იმეორებდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ცნობილ სიტყვებს: „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემზგავსოს, იყოს სოფელში და სოფელს კი არარა არგოს” და ადამიანების დამსახურებას იმით ზომავდა, თუ ვინ არ არგო ქვეყანას, საზოგადოებას. აკაკის ერთ საბავშვო ზღაპარში – „ვარდი და ეკალი”, თავის პატარა ბიჭუნას დედა „მარცვალ-მარცვალ, თითო კაკლად” აძლევს შემდეგ დარიგებას: ყოველი კაცი განსხვავდება პირუტყვებისაგან ზნეობის უზენაესობით, რომელიც უმეტეს ნაწილად სინდისში გამოცხადდება ხოლმე. მაგრამ თუ კაცმა ზნეობითი მხარე დაჩაგრა და სინდისი დაივიწყა, მაშინ ის პირუტყვზედაც უპირუტყვესი შეიქმნება. როცა სხვადასხვა უბედურობის გამო ხალხის ზნეობა ძირს ეცემა, შვილებმა უნდა უშველონ ხალხს, თავისი პირადობა დათმონ და სული ჩაუდგან მას. ამგვარ კაცთაგანს ეკუთვნოდა მამაშენიცო, – განაგრძობდა დედა, – ის თავის პირადობასა და კერძო ბედნიერებას საზოგადოს სწირავდა. ხშირად იტყოდა ხოლმე: „საზოგადო უბედურების დროს კაცი არ უნდა ეძებდეს თავის კერძო ბედნიერებას. ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვისო...” არ იყო შემთხვევითი, რომ აკაკიმ ეს ზღაპარი სხვა მსგავს მასალებთან ერთად შეიტანა ბავშვთათვის საკითხავ წიგნაკში „საყმაწვილო ამბები”. ხალხის სამსახური, თავისუფლება მსხვერპლს მოითხოვს და ახალგაზრდობა საამისოდ მზად უნდა იყოს. იმავე „საყმაწვილო კრებულში” მეორე საღამოს საუბრად მოთავსებულია ზღაპარი სამი ძმის შესახებ. უმცროს ძმას, რომელიც მზად არის მსხვერპლად მიუტანოს თავისი ბედნიერება ხალხის ინტერესებს, შემდეგნაირად ესმის თავის მოვალეობა: „ყოველი ჭეშმარიტება მსხვერპლსა თხოულობს, როგორც თესლისათვის წვიმა საჭიროა, რომ ნაყოფი გამოიღოს, ისე ზნეობითი თავისუფლებისათვის – მსხვერპლი”. ახალგაზრდობას სახეში თავისი ვინაობა კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრობდეს, ხალხს სწირავდეს თავს. უამისოდ კეთილი გაზაფხული არ მოვა, საზოგადოებრივი ბედნიერება არ დამყარდება. ასე ესმოდა აკაკის ახალგაზრდობის მოვალეობა, ამას შთააგონებდა იგი პატარა მკითხვლებს. აკაკის ადამიანის იდეალი არ იყო ზოგადი და განყენებული სქემა, მებრძოლი მოქალაქე იყო მისი სარჩული, მისი კონკრეტული შინაარსი. აკაკის მოქალაქის იდეალი სრულ თანხმობაშია. რუსული რევოლუციური დემოკრატიის დიდი წარმომადგენლების ჩერნშევსკისა და დობროლუბოვის მიერ მებრძოლი მოქალაქისადმი წაყენებულ მაღალ მორალურ მოთხოვნილებებთან. ქვეყნის სამსახურმა არ იცის წვრილმანისა და მსხვილმანის გარჩევა, შავი და პატარა, მსხვილმანი და წვრილმანი ორთავე აუცილებელია ხალხის წინსვლისათვის. „თესლი რომ პატარაა, საიდუმლოდ მიწაში იფარება და ნამყოფი კი დიდი და გამოცხადებულია, ნუთუ მითი გგონა, რომ ერთმანეთზე ნაკლები იყვნენ?.. ხშირად პატაა ჭახრაკი იმაგრებს მთელს მანქანას და ნუთუ მისთვის, რომ ჭახრაკი პატარაა, ჭახრაკის მუშას წვრილმანი მუშა დაერქვას? მე მინდა ვიყო დღიური მუშა და რასაც დღევანდელი დღე მოითხოვს სამუშაოდ, გინდ წვრილი იყოს, გინდ მსხვილი, შეძლებისდაგვარად დაუზოგველად ხელსა ვკიდებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიქნებოდი პიარდობის მიმყოლი და თავმოყვარე”. ასეთ სიტყვებს ათქმევინებს აკაკი თავისი დაუმთავრებელი მოთხრობის „იმერლები” ახალგაზრდა გმირს. „ჩვენი ახალგაზრდობა ვალდებულია, როდესაც ხალხში ხედავს უსნდისო და მაშასადამე, უკანონო საქმეს, ვითარცა საზოგადოებისა და სახელმწიფოს წევრმა იყვიროს დაუფარავად... შეჩვენებული იყოს ის ახალგაზრდა, რომელიც ხედავს საზოგადოებაში ცუდს, მავნებელ რასმე მოვლინებას და არ ამხილებს უშიშრად და დაუფარავად”. ასე წერდა აკაკი 1872 წელს გაზეთ „დროებაში” მოთავსებულ ერთ წერილში. ხალხის სიყვარული, მისთვის თავდადება, მჩაგვრელების სიძულვილი და პირდაპირობა, საკუთარი ინტერესების დამორჩილება საზოგადო ინტერესებისადმი და უკეთესი მერმისისათვის უშიშრად ბრძოლა, აი, ამას მოითხოვდა ჩერნიშევსკისა და დობროლუბოვთან ერთად აკაკი. ასეთი უნდა ყოფილიყო მომავლის გმირი, ასეთი გმირების აღზრდას ემსახურებოდა აკაკი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში აზრითა და გულით, სიტყვითა და საქმით. მათზე, ამ გმირებზე ამყარებდა აკაკი იმედებს, მათთვის აჟღერებდა თავის ქნარს, მათ უყიოდა აკაკის დაფი და ნაღარა. დიდ ილიასთან ერთად აკაკის სწამდა კიდეც, რომ მალე წამოესწრებოდა ხალხს ახალ, მოქალაქეობრივ საფუძველზე დაზრდილი შვილები, სწამდა ღრმად, რომ ისინი მობანდნენ მას წყლულსა და ქვეყანას განაახლებდნენ. საყმაწვილო წიგნებსა და პუბლიცისტურ ფელეტონებს გარდა, მოქალაქე-გმირის იდეალი აკაკიმ თავის მრავალ ლექსში დაგვიხატა. ლექსში „პოეტის პროგრამა” ქვეყნისათვის უსარგებლო ადამიანს აკაკი ფუჭ ბარბად თვლიდა და ნამდვილი ადამიანობის კანონად მოყვრისათვის თავდადება და მტრებისადმი სიძულვილი მიაჩნდა. ლექსში „პატარა ამბავი” აკაკი გონების თვალით წარმოიდგენდა მომავალს, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმულ ახალგაზრდებს, რომლებიც: “შრომობენ მოციქულებრივ, აკაკი დაუზოგავად ამხელდა და გმობდა ადამიანებში ყოველივე იმას, რაც მებრძოლი მოქალაქის იდეალს უპირისპირდებოდა: კიცხავდა ანგარებისადმი მისწრაფებას, გაუმაძღრობას, ცრუპატრიოტობას, ლიბერალობას და ნეიტრალობას. აკაკი მკაცრად ესხმოდა თავს იმათ, ვინც ცოდნასა და განათლებას პირადი გამდიდრებისა და ანგარებისათვის იყენებდა. მკაცრად ამათრახებდა ცრუპატრიოტებს, მათ, ვინც ბევრს ყვიროდა მამულიშვილობის შესახებ, გადაქცეულიყვნენ „მხოლოდ სიტყვად და მხოლოდ ენად” და ცარიელ სიტყვებს თავის გამოსაჩენად იყენებდნენ. ცრუპატრიოტებზე არანაკლები ზიანი მოაქვთ საზოგადოებისათვის ლიბერალებსა და ნეიტრალებს, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გამოთიშულ ობივატელებს, რომელთაც არ სურთ, რომ მათზე ვინმე მწყრალი ან განრისხებული იყოს, არც აქეთ არიან, არც იქეთ და შუაში ტრიალებენ. გაუმაძღრობისა და სიხარბის, გაუტანლობისა და ორპირობის, ეგოიზმისა და მოძმისადმი უყურადღებობის, ცრუ პატრიოტობის, ლიბერალობისა და ნეიტრალობის მკაცრად ძაგებასა და მხილებას დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ მიმართავდა მას აკაკი ასე დაუზოგავად მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მაღალი მოქალაქეობრივი თვისებების აღზრდა აკაკის დამოუკიდებლად როდი ჰქონდა წარმოდგენილი. მოზარდის ჩამოყალიბება მოქალაქედ აკაკის წარმოდგენილი ჰქონდა, როგორც სრულფასოვანი მეცნიერული ცოდნის მტკიცედ შესწავლისა და მაღალ-ზნეობრივი ადამიანური თვისებების შემუშავების ერთიანი პროცესი. ეს აზრი დასრულებული სახით არის გამოთქმული გაზეთ „დროებაში” გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფელეტონში „შავ-შავი ამბები”. ჩვენი აწმყო რომ უსაშველოა, ამაში იჭვი არ უნდა ვიქონიოთო, – წერს აკაკი, – მაგრამ იმდენს მაინც ვეცადოთ, რომ მომავლისათვის ვიფიქროთ და იმ ახალ თაობას, რომელიც დღეს სახეშიდაც არა გვყავს, ხელი მოვუმართოთ და მასალა მაინც კეთილი დავუტოვოთ მომზადებული. რა იქნება ეს მასალა? რასაკვირველია, განათლება, მაგრამ განათლება ნამდვილი, ჭეშმარიტი და არა ისეთი ცრუ, რომელიც ჩვენ მიგვიღია, უმცროსებზედ ამაყობა, უმფროსების წინ სულმდაბლობა და ტოლებში ფარისევლობა ჩვენი – არის იმ ცრუ გაზრდის მიზეზი”. ახალგაზრდობის აღზრდის ერთ-ერთ მძლავრ საშუალებად აკაკის ადამიანის გონების გახსნა, გონებრივი განათლება მიაჩნდა. იგი ღირსეულად აგრძელებდა იმ ტრადიციას, არც განსაკუთრებით შოთა რუსთაველის დროს შემუშავდა ჩვენს მწერლობაში საერთოდ ცოდნისადმი, სწავლისადმი, სინათლისადმი მძლავრი მისწრაფების სახით. უმცროსი ასაკის ბავშვთათვის საგანგებოდ შედგენილ კრებულში „გადია” მოთავსებულ აკაკის ერთ პატარა ლექსში გურამიშვილისეურ მოტივებს ვხვდებით: “სიბრძნე, ჭკუა და გონება ამ თვალსაზრისით საინტერესოა „გადიაში” ცოდნისა და სწავლის მნიშვნელობის შესახებ მოთავსებული გამოცანაც: „არც ისმება, არც იჭმება, არც ხელით დასაჭერია, თვითონვე აჭმევს და ასმევს, კაცისთვის ყველაფერია”. როცა სწავლის შესახებ ლაპარაკობდა და წერდა, აკაკის მხედველობაში ჰქონდა არა საერთო ცოდნა, არამედ ისეთი ცოდნა, რაც თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნილებებთან იქნებოდა შეხამებული. ჯერ კიდევ 1859 წელს პეტერბურგს დაწერილ ლექსში „ქართლის სალამი” ქართლის განახლების, ხსნის ერთ მთავარ პირობად პოეტი ბუნებისა და ტექნიკის საფუძვლიანად შესწავლას თვლიდა. “აღსდგე სამშობლო! ბევრი გეძინა! განათლებას რეალური შინაარსი უნდა ჰქონდეს, ამ შემთხვევაში იქნება იგი ხალხისათვის გამოსადეგი. თანამედროვე სკოლა რეალურ საწყისებზე არ არის დამყარებული. ამიტომ იგი მოწყვეტილია ცხოვრებასა და ხალხს და თუთიუშებსა და კაჭკაჭებს ზრდის. ეს სკოლა განათლების გარეგნული მხრით კმაყოფილდება, განათლების შინაგან სიმდიდრეს ყურადღებას არ აქცევს და ამიტომ არის, რომ: “არიან ჩვენში დღეს სწავლულები, მისი დროის ახალგაზრდობის განათლების იდეალი აკაკიმ დაგვიხატა საყმაწვილო მოთხრობაში „ტარიელი” – ერთი საუკუნე მეორეს აღარ ჰგავს, დრო სხვადასხვა არის და ამიტომაც გმირებიც თავთავის შესაფერი ჰყავთ: ადრინდელი, რუსთაველის დრო სხვა იყო და ახლანდელი, ჩვენი კიდევ სულ სხვაა, ერთმანეთს აღარ ჰგვანან ფერშეცვლილობით; დღეს სწავლა-მეცნიერებაზეა ყოველიფერი დამოკიდებული, მკლავის ძალა გრძნობა-გონების ძლიერებად შეიცვალა, ფარ-ხმალის ადგილი ენამ დაიჭირა და მშვილდ-ისრისა – საწერ-კალამში. „თქვენი სანადირო ტყე-ველი, თქვენი საბურთაო მოედანი სასწავლებელია, თქვენ მეცნიერება უნდა დასძლიოთ, მეცნიერება დაიუფლოთ”, მოერიოთ სხვადასხვა სამეცნიერო წიგნებს, გაიმტკიცოთ, გაიმაგროთ გრძნობა-გონება და მერე გამოხვიდეთ ქვეყანაში სავარჯიშო-საგმიროდ, რომ თქვენი ცოდნა ერთმანეთთან ხელიხელჩაჭიდებულებმა ხალხის კეთილდღეობას მოახმაროთო, – ასეთ დარიგებას აძლევს მოწინავე მასწავლებელი ამ მოთხრობის პატარა გმირს. აკაკი აღზრდა-განათლების მხრივ, თანაბარ მოთხოვნილებას უყენებდა ვაჟსაც და ქალსაც, მაგრამ იგი საქართველოს იმდროინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ქალთა აღზრდას უფრო პასუხსაგებ საქმედ თვლიდა და მას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. რევოლუციური დემოკრატიის იდეებზე აღზრდილი აკაკისათვის ქალი სრულუფლებიანი ტოლი იყო მამაკაცი-მოქალაქისა და იგიც, მისი აზრით, იმგვარ აღზრდას საჭიროებდა, როგორც მამაკაცი. მაგრამ ამასთან აკაკი ქალთა აღზრდის საკითხს მეორე კუთხიდანაც უყურებდა. ქალს – მოქალაქეს, ასზის სრულუფლებიან წევრს, განსაკუთრებული მოვალეობა აქვს დაკისრებული. იგი არის დედა და პირველი აღმზრდელი ბავშვებისა, მასზე, როგორც დედაზე, არის დამოკიდებული როგორ მიმართულებას მისცემს ბავშვის სულს, ბავშვის განვითარებას მკერდის ასაკიდანვე. ძალიან ბევრ ლექსსა და სტატიაში აშუქებს აკაკი ქალის, როგორც მოქალაქისა და დედის საკითხს. მისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით ამხელს ზედაფენების ქალთა წრეებში გავრცელებულ ფუქსავატობასა და უსაქმურობას, დედაენის უპატივცემულობას, მოდებით გატაცებას. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გაზეთ „თემში” მოთავსებულ მრავალ წერილში ეხება აკაკი ქალთა საკითხს. ეროვნულ სარბიელზე დედას, ქალს დღეს ჩვენთვის დიდი ნაყოფი მოაქვს და მის საფუძვლიან განათლებაზე განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნოთ, წერს აკაკი. აუცილებელია აქვე აღინიშნოს, რომ მთელ იმედებს აკაკი მშრომელი ფენებიდან გამოსულ ქალთა ახალგაზრდობა ამყარებდა. 1912 წლის 23 თებერვალს აკაკი ქართველ ქალთა ერთ-ერთი პროფესიული სკოლის მიერ გამართულ დილას დასწრებია და თავის შთაბეჭდილებას შემდეგი სახით უზიარებდა საზოგადოებას: „მაშინ, როდესაც მაღალი წოდების ქალები, მდიდრულად გამოზრდილები, გარეწრები არიან სამშობლოსი, აქ ყველა სწორ გზაზე დგას. მერე ვინ? სულ ღარიბ-ღატაკები, უბრალო მუშებისა და დედ-მამის შვილები... ნუთუ ამათ თავისი მაგალითით უნდა აღბეჭდონ კვალი მომავლის? დიახ, სწორედ და მაგალითიც ამას გვიჩვენებს”. ფართო გონებრივ განათლებასთან ერთად აკაკი მებრძოლი სულისკვეთების მქონე მოქალაქის აღზრდის ძირითად პირობად თვლიდა შრომას, მაგრამ არა ყოველგვარ შრომას, არა კუნთების ფიზიკური ენერგიის ყოველგვარ ხარჯვას. აკაკი თავისუფალი შრომის მომღერალი იყო. დიდი ილიას მსგავსად, აკაკი იბრძოდა შრომის გამოხსნისათვის მძიმე ტვირთიდან, ტანჯვისა და მონობის საშუალებიდან, რასაც შრომა კლასობრივ საზოგადოებაში წარმოადგენდა. იგი ადამიანთა ბედნიერი ცხოვრების პირობად უნდა ქცეულიყო, ეს იყო აკაკის იდეალი. აკაკის მოთხრობის „მტირალი დედა” პატარა გმირმა დიტომაც კი იცის, რომ „იძულებითი შრომა, აბა, რა აის, თუ არა ტანჯვა” და ასეთი შრომიდან ადამიანის დახსნა მისი გადარჩენაა. შრომითი აღზრდა, აკაკის აზრით, ადრეული ასაკის ბავშვობიდანვე უნდა დაიწყოს. სანამ ბავშვი ფიზიკურად არ არის მომწიფებული პროდუქტიული შრომისათვის, მისი შრომითი საქმიანობის სარბიელს თამაში უნდა წარმოადგენდეს. ქართული ხალხური თამაშობანი და სათამაშოები ამის სრულ შესაძლებლობას ქმნიანო, დაასკვნის აკაკი. სათამაშოებისა და თამაშობათა ავ-კარგიანობას აკაკი სამი ძირითადი ნიშნის მიხედვით აფასებდა: რამდენად ავარჯიშებენ ისინი ყმაწვილის ჭკუა-გონებას, რამდენად აწრთობენ და ანვითარებენ ბავშვის სხეულსა და რამდენად გამოსადეგნი არიან იმისათვის, რომ ბავშვს შრომა შეაყვარონ და იგი შრომისათვის მოამზადონ. შრომით ელემენტს აკაკი თამაშის წამყვან ელემენტად თვლიდა, მხოლოდ ის თამაშია კარგი, რომელიც ხერხემლად, საყრდენად შრომას იყენებს. ბავშვს ის სათამაშო იზიდავს და აინტერესებს, რომელშიც ბავშვის შრომა პოულობს გამოხატულებას, ასეთი სათამაშო ბავშვს არ სწყინდება, მასში ბავშვი სულიერ კმაყოფილებას პოულობსო, – წერდა აკაკი „ჩემს თავგადასავალში”. აკაკი თამაშობათა წარმოშობის შრომით ახსნას გვაძლევს და პრინციპულად უპირისპირებს თამაშობათა წარმოშობის შესახებ არსებული იდეალისტურ თეორიებს. აკაკის აზრით, თამაშის დროს სიამოვნებას ის კი არ იწვევს, რომ ბავშვის ფიზიკურმა ენერგიამ გამოსავალი ნახა, არამედ იმის განცდა, რომ მან შრომა დახარჯა, საქმე გააკეთა. თამაში კუნთების სიამოვნება კი არ არის, არამედ გულისა და გონების სიამოვნებაა, დასახული მიზნის მიღწევით გამოწვეული. შრომა თავის გართობის მიზნით მოძრავი სათამაშოების გაკეთებიდან, ბავშვის ზრდასთან ერთად, მოზრდილების შრომა-საქმიანობაზე დაკვირვების შედეგად, თანდათან სრულფასოვანი, პროდუქტიული ხდება და დიდი მნიშვნელობის მორალური ზეგავლენის საშუალებად იქცევა. შრომა დიდი მნიშვნელობის ფაქტორია ბავშვის ცხოვრებაში, იგი ბუნებრივი ძაფებით იზიდავს ბავშვს, აშინაარსებს, ავსებს, საინტერესოს ხდის მის ცხოვრებას. აღზრდა იმ შემთხვევაში მოგვცემს შესაფერ ნაყოფს, თუ იგი კარგად გამოიყენებს შრომას, როგორც ბავშვის ადამიანად, მოქალაქედ ქცევის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს, თუ სკოლა სათანადო პირობებს შექმნის იმისათვის, რომ ბავშვის მიდრეკილება შრომისადმი შრომითი მოთხოვნილებად იქცეს, შრომითი სიამოვნება კი შრომის ღრმა სიყვარულში გადაიზარდოს. დასასრულს, აქ ისიც აღსანიშნავია, რომ აკაკი შრომას თვლიდა ფიზიკური აღზრდის მნიშვნელოვან საშუალებად. ბავშვის ძალ-ღონესთან შეხამებული საინტერესო შრომა არა მარტო აყალიბებს ადამიანის ხასიათს, ზრდის და ამაღლებს მის დადებით ზნეობრივ თვისებებს, ზრდის მოქალაქეს, არამედ, ამასთან ერთად, იგი საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს მოზარდის სხეულის გამოწრთობისათვის, ჯანსაღი თაობის აღზრდისათვის. ადამიანის შეხედულებებისა და თვალსაზრისის, ზნეობრივი თვისებებისა და ხასიათის ჩამოყალიბების საქმეში აკაკი აღზრდას ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭეს, მაგრამ იგი ფრანგი განმანათლებლებისა და სოციალისტ-უტოპისტების მსგავსად საზოგადოების ერთადერთ მამოძრავებელ ძალად აღზრდას არ თვლის. აღზრდა აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანებში მონური სულისკვეთება, თავისუფლებისათვის ბრძოლის სულისკვეთებამ შეცვალოს, რომ მონობაში გადიდკაცებას თავისუფლების ძებნაში სიკვდილი არჩიო, მაგრამ რევოლუციური ბრძოლის გარეშე, აღზრდა მონობის ბორკილებს ვერ გაწყვეტს და ხალხს დიდი ხნის გასაჭირს ბედნიერებით ვერ შეცვლის. ის, რასაც აღზრდა დასთესს ადამიანების გონებასა და გულებში, უნდა დააგვირგვინოს რევოლუციამ. ამიტომ ეტრფიალება აკაკი ხანჯალს, როგორც რევოლუციის სიმბოლოს. აკაკის პოეზიის, მთელი მისი შემოქმედების ძირითადი მიზანი და მისწრაფების საგანი ეს არის „უმართლოდ ადჩაგრულების” აღზრდა მებრძოლი სულისკვეთებით, ხოლო „დაჩაგრულების მტრისაგან გამოხსნის” ერთადერთი იმედი, მათი ხსნისა და განთავისუფლების იმედი, მტკიცე რკინისაგან ნაჭედი ბასრი ხანჯალია. ასეთნაირად წყვეტს აკაკი აღზრდისა და რევოლუციის ურთიერთობის საკითხს. მაგრამ ხანჯალი თავისთავად არ აილესება, კარგი ნაყოფი მთესველისა და თესლის გარეშე არ ამოვა და მოუვლელად არ გაიხარებს, რევოლუცია თავისთავად არც მოხდება და ვერც გაიმარჯვებს. აღზრდამ უნდა მოამზადოს საამისო პირობები. აღზრდას გადამწყვეტი გავლენა აქვს ადამიანებზე. აკაკი ხშირად იმეორებს ხალხში გავრცელებულ აზრს, რომ ერთი ხისაგან ჯვარიც გამოვა და ბარიც, „ერთი ხიდან გაკეთდება, როგორც ჯვარი, ისე ბარი, ხშირად ერთ და იმავ საქმეს მტერიც ჰყავს და მეგობარიც...” (ლექსი „ნიკო დიასამიძის სახსოვრად”). იგივე აზრია გამოხატული ლექსში „მოხუცის აღსარება”, სადაც გლეხი „უხეირო თავად ურჩევს: გადადექი გზიდანაო, ჯვარიცა და ბარიც – ვიცი – გამოდის ერთ ხიდანაო”. ცუდი აღზრდა გამრყვნელ გავლენას ახდენს ახალგაზრდობაზე. ასეთი აღზრდა უმანკო, მშვენიერ და ნიჭიერ ქმნილებას – ბავშვს მონად აქცევს, კლავს მასში ბუნებით შესაძლებლობას და მას უკუღმართ გზაზე აყენებს. აკაკის მოთხრობის „სამგვარი სიყვარული” ერთი მთავარი გმირი ამის გამო სასოწარკვეთილებამდეც კი მიდის. „როცა ჯერ უმანკო, ბუნებისაგან საიმედოდ და საქებრად გაჩენილი ახალგაზრდა შემხვდება ხოლმე ჩვენში, მე გულზე ნაღველი მენთხევა და მის სიკვდილს ვნატრობ, რადგანაც ვიცი, რომ ეს ჩვენი მონებითი საზოგადო ცხოვრება უეჭველად გააუკუღმართებს მის ადამიანობას... და ნუთუ სპეტაკად საფლავში ჩასვლა არ სჯობია ცოცხლადვე ზნეობითად მკვდრობას”. აკაკიმ კერძოდ აღზრდის, გარემოსა და მემკვიდრეობის ურთიერთობის პრობლემის გადაწყვეტას რამდენიმე ნაწარმოები უძღვნა. სოციალური ჩაგვრის ერთი ფორმის – ბატონყმობის შეცვლას ჩაგვრის მეორე ფორმით – კაპიტალიზმით, როგორც ბუნებრივი შედეგი, საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში თან მოჰყვა ბევრი უკუღმართობა. ხალხის დოვლათი და სიმდიდრე თანდათანობით თავს იყრიდა მრეწველებისა და ჩარჩ-ვაჭრების ხელში. დღითიდღე იზრდებოდა ქუჩაში გამოყრილი, უსახლკაროდ დატოვებული მშრომელების რიგები. დაეცა ხელოსნობის ფასი, ამან კიდევ მეტად გაამრავლა ბედის ანაბარად დარჩენილი ადამიანების რიცხვი. ხალხის ჩაგვრას აორკეცებდა მეფის რუსეთის მკაცრი ნაციონალური პოლიტიკა. ყველა თანამდებობა სახელმწიფოებრივ თუ სხვა დაწესებულებებში რუს ჩინოვნიკებს ეჭირათ ხელში. ნაციონალური უუფლებობა ყველგან და ყველაფერში იჩენდა თავს. თავის მხრივ, სკოლასაც მჭიდროდ ჰქონდა დახშული კარები მშრომელი ქართველი ახალგაზრდობისათვის. სოფლიდან წამოსული უმიწაწყლო ახალგაზრდობის ნაწილი იმ დროს ახლად აღორძინებულ მრეწველობას აფარებდა თავს და მძიმე შრომით დღიურ ლუკმა-პურს პოულობდა. ბევრნი ხელზე მოსამსახურეობას, მზარეულობასა და სხვა მსგავს საქმეს ჰკიდებდა ხელს. ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილი, უფრო უშიშარი და გამძლე, ცისა და მიწის შუა საკუთარი თავის ანაბარად დატოვებული, ფართო შარაგზაზე გამოდიოდა და ძარცვა-ავაზაკობას ჰკიდებდა ხელს. 80-იანი წლებიდან კავკასიაში მნიშვნელოვნად იმატა შეიარაღებულმა თავდასხმებმა – ყაჩაღობამ. ამას თან მოჰყვა მონარქიული რუსეთის ოფიციალური და არაოფიციალური ქომაგების ცილისმწამებლური ქადაგება ქართველების ველურობის, ბოროტმოქმედებისა ად სისხლისადმი ბუნებრივი მიდრეკილების შესახებ. კაპიტალისტური ცხოვრების ფსკერმა ამ დროს ამოატივტივა და განსაკუთრებით პოპულარული გახადა თბილისელი ახალგაზრდა ყაჩაღის, ტატო წულუკიძის სახელი. თავისი ასაკისათვის საკმაოდ გამოცდილი, ფიზიკურად გამძლე, გამჭრიახი და მოხერხებული, საუკეთესო გარეგნობის მქონე ჯერ კიდევ 20-22 წლის ტატო შიშის ზარს სცემდა ვაჭრებს, პოლიციის მოხელეებს, ჩინოვნიკებს. მისი ხელმძღვანელობით და მის გარეშეც, მისი სახელით, როგორც ეს ხდება ხოლმე მარჯვე ყაჩაღის ცხოვრებაში, გახშირდა ძარცვა-ავაზაკობის შემთხვევები. 25 წლის ტატო წულუკიძე 1880 წლის იანვარში ხოჯევანქის სასაფლაოს მოედანზე, სამხედრო საველე სასამართლოს განაჩენით, თოკზე ჩამოკიდეს. ქართულმა პრესამ, აკაკი წერეთლის თაოსნობით, ეს შემთხვევა უნარიანად გამოიყენა იმის დასამტკიცებლად, თუ მორალურად როგორ ხრწნის თანამედროვე საზოგადოებრივი წყობა ახალგაზრდობას, აუტანელ სოციალურ პირობებსა და განათლების უქონლობას როგორ მიჰყავს ახალგაზრდობა საღრჩობელის ბოძებამდე. ჩინოვნიკობამ და მასთან ახლომდგომმა წრეებმა კი, ტატო წულუკიძის სახით კიდევ ერთი „ნივთიერი” საბუთი აღმოაჩინეს იმ „თეორიის” დასასაბუთებლად, რომ ქართველი ბუნებით ბოროტმოქმედი, სისხლისმსმელია, ველური ინსტინქტების მქონეა. მეფის მთავრობის ერთგული მოხელეების ეს თვალსაზრისი, მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი გულახდილობით არის გატარებული „კავკასიის იურიდიული საზოგადოების” თავმჯდომარის, შავრაზმელი ვექილის ა. ს. ფრენკელის წიგნში ტატო წულუკიძის შესახებ. ფრენკელი მოკლედ განიხილავს „ავაზაკობის ისტორიას” საქართველოში თითქმის XIX საუკუნის დასაწყისიდან, ჩამოთვლის ქართველ „სისხლისმსმელ” ყაჩაღთა გვარებს, ახასიათებს ტატო წულუკიძის ცხოვრების გზას და თავის შვიდ-რვათაბახიან წიგნს შემდეგი დასკვნით ამთავრებს: «Группируя сказанное нами, наобходимо придти к убеждению, что причина множествапреступлений, совершенных Цулукидзе лежит прежде всего, в самой личности разбойника, которого кипучаяи нестрафившая ничего натура направлена была преимущественно на дурное, а также грубости и неразвитостисреды, в которой действовал Цулукидзе». აკაკიმ მკაცრად გაილაშქრა ცილისმწამებელთა წინააღმდეგ. ვინ მიიყვანა ტატო წულუკიძე ამ ზომამდე? – კითხულობდა აკაკი, – ნურავინ იფიქრებს, რომ ეს მისი თანშობილი, ბუნებითი მოთხოვნილება ყოფილიყოს!!! ის, ვინაც საქმეს ამგვარად წარმოიდგენს, ცილს წამებს ქართველ ხალხს, რომლის მთელი ისტორია არის სანიმუშო მაგალითი დარბევა-აწიოკების წინააღმდეგ გმირული ბრძოლისა, თავისი თავის დაცვისა და არა სხვისი ძარცვა-გლეჯისა და შევიწროებისა. ცილისმწამებელია ის, ვინც ქვეყანასა და ხალხს, რომელმაც შოთა რუსთაველი წარმოშვა, ველურობასა და უკულტურობას აბრალის. ტატო წულუკიძის დანაშაულში არაფერ შუაშია მისი მახლობელი გარემო – მისი ოჯახი, მისი მშობლები. ახალმა ყოფა-ცხოვრებამ, ახალმა საცხოვრებო პირობებმა ოჯახი განაირაღა, ეს ძველად იყო, რომ ოჯახი აგებდა პირველ რიგში პასუხს შვილზე. დღეს სახელმწიფოს, საზოგადოების, სკოლის ხელშია აღზრდის სადავეები. ბოროტებას სთესს არსებული საზოგადოებრივი წყობა. საქმე სათავეში უნდა შეიცვალოს: „ეკალი არ უნდა ითესებოდეს და როცა დაითესება, მერე თითო ძირძირათ მისი ამოთხრა ვეღარას გაარიგებსო, – დაასკვნის აკაკი. ამავე თემას უძღვნის აკაკი თავის ერთ-ერთ ფელეტონს „ცხელ-ცხელი ამბები” გაზეთ „დროების” 1882 წლის 156-ე ნომერში. “აი, ახლაც ეს არის ჩვენს კარზედ ჩაატარეს ბორკილების ჩხრიალით ავაზაკები, პოლკოვნიკ ირტელს რომ დაესხნენ, ისინი; სამ მათგანს დღეს თუ ხვალ ჩამოაღრჩობენ... რა ამპარტავნები ყოფილან! ვიღაცამ ფული აჩუქა და ერთმა მათგანმა თავში ახალა მაჩუქებელს: – აი, ოხრად დაგრჩეს მაგ ფულებიო! სულით შენით მემართება, დღეს რაც მემართებაო. შენ არ იყავ, რომ სასწავლებლიდან გამომაგდე ცუდი გამოთქმისა და ლათინურის უცოდნელობისათვის? დამიხშე გზა, გამაუბედურე, ამ დღემდე მომიყვანე და ახლა კი დამცინიო... მეორემ კიდევ უარესი ქნა: – შენი უსამართლობით ვარ დაჩაგრულიო. რაც მქონდა, წამართვი, გამაუბედურე და ხელის ძალად მიმიყვანე განზრახ ამ დღემდიო და ახლა სეირს გინდა უყუროვო? რა გენაღვლებათ! სხვათა ჭირი, თქვენთვის ლხინიო... მაგრამ ერთი დრო ვის შერჩენია, ერთხელ თქვენ კურდღელსაც ნახვენო”. როგორ მოეღება ასეთ მდგომარეობას ბოლო? – კითხულობს აკაკი და პასუხობს: ამას მხოლოდ წითელი წვიმა უშველის, წითელი წვიმა ანუ რევოლუცია, იგი გამოიყვანს ქალსა და კაცს ალესილი ნამგლით ხელში, იგი გაწყვეტს ქვეყნის დამამხობელ ჭია-ღუას. ფელეტონი მთავრდება აკაკის ცნობილი ლექსით: “ღმერთო წვიმა მოიყვანე ამავე საკითხს აკაკი კვლავ მიუბრუნდა 1886 წელს, მაგრამ არა როგორც პუბლიცისტი, არამედ როგორც ბელეტრისტი. მას უძღვნა აკაკიმ თავისი პატარა მოთხრობა „მტირალი დედა” და საკითხი იმგვარადვე გადაწყვიტა, როგორც ზემოხსენებულ ფელეტონებში. აღზრდის, გარემოსა და მემკვიდრეობის ურთიერთობის პრობლემა დიდი და მრავალმხრივი პრობლემაა. მას ბევრი თავისებური მუხლი და დეტალი აქვს. ასეთია მაგალითად, ბიოლოგიური ფაქტორების, ინსტინქტების, საუკუნეობრივი ადათ-წესებისა და აღზრდის ურთიერთობის საკითხი. ამ პრობლემის გადაწყვეტას უძღვნა აკაკიმ „გამზრდელი”. აქ მან აღზრდის, გარემო წრისა და მემკვიდრეობის ურთიერთობის ერთ-ერთი რთული შემთხვევა აიღო ქარგად. ადამიანის ხასიათის ფორმირებაში დიდი მნიშვნელობის მქონე სამი ძალა დაუპირისპირდა ერთმანეთს: ერთი მხრივ, აღზრდა, აღმზრდელის ზედამხედველობით, როგორც იდეური ძალა და ადათი თავისი კარგი მხარეებით, მეორე მხრივ, მემკვიდრეობა ადამიანში მოცემული ბიოლოგიური ინსტინქტების სახით და, მესამე მხრივ, სოციალური წრე მისი ცუდი მხარეებით. როგორ გადაწყვიტა აკაკიმ საკითხი „გამზრდელში”? ერთი შეხედვით, თითქოს აღზრდის გავლენის ძალას და კარგ ადათს ამარცხებს ცხოველური, წუთიერი ბიოლოგიური დატკბობით გამოწვეული ბრმა ინსტინქტი. მაგრამ ეს მხოლოდ ერთის შეხედვით, ხოლო თუ საკითხის გულში ჩავიხედავთ, სხვა არსებით ხასიათის მოტივებს დავინახავთ. საფარ-ბეგი ფეოდალური საზოგადოების ზედაფენის წარმომადგენელია და ამ ფენაში, ამ ატმოსფეროშია აღზრდილი. საფარ-ბეგზე გავლენას ახდენს ყველა ის ცუდი, რაც ამ საზოგადოებისათვის ასე ორგანულად არის დამახასიათებელი – შინაგანი სიცრუე და სიყალბე, სქესობრივი აღვირახსნილობა და მრუშობა. საფარ-ბეგი ბიბლიური უბიწო სამსონი როდია, იგი ფეოდალური საზოგადოების შვილია და მისთვის ამ საზოგადოებისა არც ავია უცხო და არც კარგი. ქალისადმი, როგორც ნივთისადმი დამოკიდებულება, ქალის დამორჩილების სურვილი ისე მძლავრად არის გარემოს გავლენით აღზრდილი საფარში, როგორც მის სხვა თანამოძმე ბეგებში. ძიძიშვილსი ბათუსადმი ღალატის სარჩული არის არა ბიოლოგიური ინსტინქტი, არამედ იმ საზოგადოების მორალი, რომლის შვილი საფარ-ბეგია, ამ საზოგადოების პრაქტიკის საფუძველზე საფარ-ბეგი ღებულობს გადაწყვეტილებას დაიმორჩილოს ნაზიბროლა. აღზრდას ამ შემთხვევაში ამარცხებს არა ბიოლოგიური ინსტინქტი, არამედ უკუღმართი საზოგადოებრივი წყობა, ბნელი გარემო. ამის გამო იღუპება იდეალური მოძღვარი ჰაჯი-უსუფი. მას თან მიაქვს საფარ-ბეგის მიერ ჩადენილი დანაშაულის მთელი სიმძიმე, მაგრამ არა როგორც საფარ-ბეგის დანაშაულისა, არამედ საფარ-ბეგის წრისა, მისი გარემოს დანაშაულისა. საფარ-ბეგის ტრაგედია, ეს საზოგადოებისა და მისი ცალკე, მოწინავე წევრების იდეურ-მორალური შეუთანხმებლობის ტრაგედიაა, მძიმე და სასტიკი, აუცილებელი და გარდაუვალი იმ საზოგადოებაში, სადაც ბატონი და ყმა არის, ბეგი და გლეხია, კაპიტალისტი და მუშაა. ცნობილია, რომ აკაკის განსაკუთრებით უყვარდა თავისი „გამზრდელი”. სიკვდილის ღამეს მგოსანს მასთან მყოფ პოეტი ქალის ა. იურკევიჩისათვის უთხოვია ჩემი ნაწერები წამიკითხეო. „ბევრი რამ წავუკითხე იმ ღამეს, – მოგვითხრობს ა. იურკევიჩი, – და სხვათა შორის, „გამზრდელის” კითხვაც დავიწყე, როდესაც დასასრულს მივუახლოვდი და ეს ტაეპი წავიკითხე: “მაგრამ უსუფ ეუბნება: საყვარელმა მოძღვარმა ტირილი დაიწყო... მე შეშინებულმა მოვახსენე, რომ კითხვას თავს დავანებებ-მეთქი. მან აღელვებით მიბრძანა: „არა, არა, მე არა ვსტირი, მაგრამ ეს მართლა კარგად დამიწერია”. სე ღრმად განიცდიდა აკაკი ჰაჯი უსუფის, ამ იდეალური აღმზრდელის იმედების დაღუპვას. გიორგი თავზიშვილი „გამზრდელის” შესახებ წერს: „ისტორიამ თითქმის არ იცის აღმზრდელის როლის ასე მკვეთრად განცდის ფაქტი. აკაკის მარტივი სტილით გადმოცემულ ამ დიდ ადამიანურ ტრაგედიას მაღალი მორალის ბეჭედი აზის. ცივია ეს მორალი, მაგრამ მეტად მახვილი და ბასრი. ჭკუითა და გონებით ცნობილი აღმზრდელი თავის საზოგადოებრივ შრომას შესცქერის ისე, როგორც საკუთარ სიცოცხლეს. მან ნახა თავისი შრომის უქმი ნაყოფი და სიცოცხლე გაიუქმა. მეტად ულმობელია ეს განაჩენი საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ, სამაგიეროდ, ეს არის აღმზრდელის სიბრძნე, მისი პასუხისმგებლობის დიდი მწვერვალი”. ამ სავსებით სწორ შეფასებას, ჩვენი მხრივ, შემდეგი გვინდა დავუმატოთ: აკაკისა და მის საყვარელ გმირს ჰაჯი-უსუფს სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე სწამდათ აღზრდის ძალა; არც ჰაჯი-უსუფის მიერ შუბლში მიჭედილი ტყვია და არც აკაკის ცრემლები სიკვდილის წინ აღზრდის უძლურებით არ იყო გამოწვეული; ეს ტყვია და ცრემლი მძლავრი, მკვეთრი პროტესტი იყო და გამოხატავდა იდეების, აზრის, აღზრდის განთავისუფლების აუცილებლობას უკუღმართი საზოგადოებრივი წყობის ბორკილებიდან, სიმბოლურად მიუთითებდა ამ წყობის დამხობის გარდუვალობაზე. აკაკი დიდ ინტერესს იჩენდა ბავშვის ბუნების შესწავლისადმი, თვალყურს ადევნებდა ბავშვთა ფსიქოლოგიის მონაპოვარს, იცნობდა ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებებს და სწორ ახსნა-განმარტებას აძლევდა მათ. აკაკი მოითხოვდა აღმზრდელებს კარგად შეესწავლათ ბავშვის ბუნება, რადგან სწორად თვლიდა, რომ ამის გარეშე აღმზრდელი და აღსაზრდელი ერთმენათს ვერ გაუგებდნენ, მათ შორისს ნორმალური ურთიერთობა ვერ დამყარდებოდა. ნახევრად ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში „ორი სიზმარი” აკაკი მრავალმნიშვნელოვნად წერდა: „ახალგაზრდის გულის გატაცებას ბევრი არა უნდა რა და ამიტომაც, თუ მოძღვარ-მოწაფე ვერ შეთვისებულან, ბრალი ყოველთვის პირველს უნდა დაედვას”. „ჩემ თავგადასავალში” იმის აღწერას, თუ ერთი სრულებით უბრალო შემთხვევის გამო (ლატარეაში მონაწილეობის მიღება) როგორ მკაცრად დასაჯეს მარცხენა და მარჯვენა ხელზე „ლინეიკის” ცემით და ხელი საბოლოოდ გაუფუჭეს, აკაკი შემდეგი სიტყვებით ამთავრებდა: „ეს შემთხვევა რა გასახსენებელი იყო, მაგრამ მიტომ ვამბობ, რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა იგულისხმონ, თუ რა ძნელია სათუთ ბავშვებთან სასტიკი მოპყრობა და რა შედეგი მოჰყვება ხოლმე”. “ჩემ თავგადასავალში” ადამიანისა და კერძოდ, ბავშვის სულეირი სამყაროს ღრმა მცოდნე აკაკის – მწერალს, მხარს უმშვენებს აკაკი მკვლევარი-ფსიქოლოგი, ბავშვის ბუნების ობიექტური დამკვირვებელი. აკაკი ყურადღებას აქცევს ადრეული ასაკის ბავშვების ქცევისათვის დამახასიათებელ შემდეგ ტიპიურ მხარეს: „ძალიან ხშირად ყმაწვილი... უსულო საგნებს ესაუბრება ხოლმე... ქვას, ხეს, ყვავილს, ბალახს და სხვა პირუტყვებთან ხომ რაღა! ისე სიამოვნებით მუსაიფობს ხოლმე, რომ მეტი აღარ შეიძლება”. აქ საინტერესოა არა იმდენად ფაქტი, იგი საკმარისად იყო ცნობილიც და აღწერილიც აკაკის „ჩემ თავგადასავალამდე”. საინტერესოა, როგორ ხსნის ამ ფაქტს აკაკი. აკაკი ბავშვის აზროვნებისა და მეტყველების ჩასახვა-განვითარებას სოციალრუი ფაქტორებით ხსნის და მკვეთრად უპირისპირდება ხ. ხოლს, ჟ. პიაჟეს და კაპიტალიზმის სხვა რეაქცონერ ლაქიებს, რომლებსაც ინდივიდუალიზმი და ეგოიზმი ბიოლოგიური ფაქტორებით უნდათ გაამაგრონ. ნიშანდობლივია, რომ ბავშვებისათვსი დამახასიათებელ ზევითაღწერილ თვისებას აკაკი მოხდენილად აღნიშნავს ცნებით – „ბუნებათანაზიარობა” და მის მოტივად, გამომწვევ მიზეზად მიიჩნევს ბავშვების მისწრაფებას ტოლები მოძებნონ, ამხანაგები გაიჩინონ, კოლექტივი შექმნან, რათა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი მოსაზრებანი, გრძნობები, სურვილები, ინტერესები. „ყმაწვილი ბუნებათანაზიარია, – ამბობს აკაკი, – ყოველთვის სურს, რომ თავისი გულისპასუხი სხვებსაც გადასცეს, შეატყობინოს ხოლმე და ეს მხოლდო შეუძლია თავის ტოლებთან”. ამგვარად, ბავშვის მისწრაფება საუბრობდეს უტყვ ცხოველებთან და საგნებთანაც კი „ბიოლოგიურად შენახული ანიმიზმის” გამოვლინებით კი არ აიხსნება, ეს ფაქტი ეგოცენტრიზმის გამოვლინება კი არ არის, არამედ პირიქით, – მასში განსახიერებულია ლტოლვა კოლექტივისაკენ, გულისპასუხის გაზიარების დაუცხრომელი სურვილი. ხესა და ბალახს რომ ესაუბრება, – განაგრძობს აკაკი, – ეს იმიტომ ხდება, რომ ბავშვს ყოველთვსი არა ჰყავს ტოლი და იძულებული ხდება, საუბარი გაუმართოს ხესა და ცხოველს, ქვასა და ყვავილს, რადგან დიდებთან ყმაწვილები ვერ ახერხებენ სიტყვა-პასუხსა და გულს არ უხსნიან მათ. აკაკის ის უფროსები ჰყავს მხედველობაში, რომელთაც ბავშვებისათვის თავის გატოლება, ბავშვების აყოლა, ბავშვებთან მეგოობა საკუთარი თავისა ად ღირსების დამცირებად მიაჩნიათ და ზევიდან დასცქერიან მათ ქედმაღლურად და მედიდურად. “ჩემ თავგადასავალში” ყურადღებას იპყრობს უმცროსი ასაკის ბავშვის ემოციები, ინტერესისა და აზროვნების უნარიანობის ფსიქოლოგიური დახასიათება. საინტერესოა, რომ დახასიათებისას აკაკი ყველა ძირითად ნიშანზე მიუთითებს და თანაც ზუსტად იყენებს ფსიქოლოგიურ ტერმინოლოგიას. აი, სათანადო ადგილიც: „ყმაწვილის გრძნობა-გონება მოუსვენარია, ყოველ წუთს მოძრაობაშია, მაგრამ ფეხმოუკიდებელი კი არის, დიდხანს ერთსა და იმავე საგანს ვერ შერჩება. ერთგვარობა და ერთეფროვნობა მალე ბეზრდება და საგნიდან საგანზე გადადის: ამიტომ ოთახში ყოფნა ეზარება, რადგანაც რაც კი ოთახში რამ არის, ყველაფერი ნაცნობია, თვალი შეჩვეული აქვს და ვეღარ ართობს მის გრძნობა-გონებას: ის გარბის მინდვრად და ცა და მიწას შუა, სადაც სანახაობა უთვალავი და მრავალფერია მისთვის”. აკაკიმ დამაჯერებლად გვიჩვენა, რომ ბავშვის მიერ ცოდნა-ჩვევების ათვისებისას გარემოსა და ფიზიოლოგიურ ფაქტორებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ. მან გვიჩვენა, რომ არახელსაყრელ პირობებში შემუშავებული ესა თუ ის ჩვევა ბავშვის არსებაში ღრმად იდგამს ფესვს, ეს ჩვევანი განსაკუთრებულ დაღს აჩნევენ ბავშვის ფსიქიკას და მათი აღმოფხვრა ძალიან ძნელია, რაკი ისინი ჩვეულებებად იქცევიან. “ერთი გაბაშვილი იყო ჩვენს კლასში, – მოგვითხრობს აკაკი, – სოფლიდან დადიოდა სკოლაში, სისტემატურად იგვიანებდა და ყოველთვის აჩოქებდნენ კუთხეში, ემრხზე მჯდარი იგი იშვიათად გვინახავს კლასში. ერთხელ გაბაშვილი ნათესავთან დარჩენილიყო ქუთაისში, გაკვეთილიც კარგად ესწავლა. მე მასწავლებლის თანაშემწედ ვიყავი გამოყოფილი, წინასწარ უნდა შემემოწმებინა მოსწავლეების ცოდნა, ნიშნებიც უნდა დამესვა მათთვის და მასწავლებლისათვის წარმედგინა. გაბაშვილმა გაკვეთილი კარგად იცოდა და ოთხი დავწერე. გაკვეთილი დაიწყო, გაბაშვილი ჩვეულებრივ კუთხეში გავიდა და დაიჩოქა. ეს არც გაკვირვებია ვისმეს, რადგან გაბაშვილს ყოველთვის კუთხეში ხედავდნენ დაჩოქილს, მასწავლებელმა ჩემს მიერ დაწერილი ნიშნები გადაათვალიერა, გაუკვირდა გაბაშვილის ოთხი, ფეხზე ააყენა გაბაშვილი, გამოკიტხა და თქვენს მტერს, გაბაშვილმა ერთი სიტყვაც ვერ მიუგო. მასწავლებელმა გადააქნია თავი და გამიხმო, დამტუქსა – რად დაუსვი დაუმსახურებლად ნიშანიო და მეც დამაჩოქა კუთხეში. – შე შეჩვენებულო, არ ჰქენი ეგა, აკი იცოდი? – დავეკიტხე ჩუმად კუთხეში რომ გავედით. – ეხლაც ვიცი, – მიპასუხა ტირილით. – მაშ, რატომ არ მოახსენე! – ფეხზე ვიდექი და ვერ მოვახერხე. ეს რამდენი ხანია დაჩოქილი ვსწავლობ და პასუხსაც ისე ვიძლები. აი, თუ არ ვიცი – მოჰყვა ზეპირად, – რომ ავდგე, დამებნევა – მასწავლებელმა მოგვატანა თვალი და მოგვაყვირა: – რას ჩურჩულებთო? მე გავედი და მოვახსენე ყოველიფერი. გამოიყვანა გაბაშვილი, დააჩოქა და ისე ჰკითხა. კარგად მიუგო. რამდენჯერმე გაიმეორა ეს ამბავი და ისე გაუკვირდა, რომ წამოდგა ზეზე, კლასს თავი დაანება და გასწია კანცელარიისაკენ. იქ რა ჩაიდინა, ვინ იცის? მაგრამ იმ დღიდან კი გაბაშვილი დაჩოქილი არ გვინახავს”. ასეთი ადგილები სხვაც ბევრია „ჩემ თავგადასავალში”. შეუძელებელია ეს ადგილი გულდამშვიდებით წაიკითხოთ. ძნელად თუ მოიძებნება სიტყვაკაზმულ მწერლობაში ნაწარმოები, ასე მჭევრმეტყველურად და დამაჯერებლად რომ იყოს აღწერილი ბავშვის პიროვნების, მისი ღირსების გათელვისა და აბუჩად აგდების ის აღმაშფოთებელი პრაქტიკა, რასაც ფართოდ ჰქონდა გადგმული ფესვები ძველი სკოლის ცხოვრებაში. აკაკის დაინტერესებას ბავშვის შესწავლით, ბავშვის ბუნების ღრმა ანალიზს, რაც ძველი სკოლის კრიტიკის ფონზეა გაშლილი, გარკვეული პარქტიკული აზრიც ჰქონდა. იგი მიზნად ისახავდა მშობლებისა და მასწავლებლების აღზრდას. აკაკი მათ ბავშვის ბუნების შესწავლისაკენ მოუწოდებდა, დამაჯერებლად უმტკიცებდა, რომ სწავლა-აღზრდის პროცეის ბავშვის ბუნების ცოდნას უნდა დაეფუძნოს, სააღმზრდელო საშუალებანი ზუსტად უნდა იყოს შეხამებული ბავშვის ფსიქიკურ თავისებურებებთან.
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953
ვიცინი, აღარ ვსტირი მე!
ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ
გამოდით, თქვენი ჭირიმე...
ბევრი ვეცადე, ძირმწარეს
ვერ გავუთხარე ძირი მე.
ახლა კი თქვენი ჯერია,
დაჰბარეთ თქვენი ჭირიმე!
კუბოს კარამდე მისული
რაღა ვარ განაწირი მე?
მაგრამ თან თქვენი იმედი
მიმყვება, თქვენი ჭირიმე!”
ერთსაც დავსახავ სხვა რამეს:
კავშირსა სიკვდილ-სიცოცხლის,
ორივეს სოფლის სიამეს...
ის მირჩევნია ძვირფას ძეგლს
ყოველგვარ სანახაობას,
რომ იქ უქმე-დღე ვხედავდე
მოზარდულ ქართველ თაობას...
იქ თამაშობდეს, ცელქობდეს,
ეხორცებოდეს ქართველ ერს...
თავისებურად დამღერდეს
ძველებურ მრავალჟამიერს”.
* * *
უცხოს აღას ედები?
სიარული რომ გიჭირს,
მაღლა რაღაზე ხტები?”
სხვებისაც ჰქონდა ჩართული,
სხვა ენით ამიჟღურტულდა,
ეზარებოდა ქართული.
ამბობდა: „როგორ ვიკადრებ
ქართულად ჩაცმა-ხურვასო”,
ნახევრად იყო ტიტველი...
თითქოს აპირებს ცურვასო”.
იქ შემოძვრა ერთი სული
და ისეთი დააყენა
უჩვეულო, მყრალი სუნი...
ვერ გავიგეთ, ის მოსული
მოყვარეა თუ მტერია?
პასპორტში რომ ჩავუხედეთ
ვოსტორგოვი უწერია”.
* * *
თავი არ მოაქვთ დიდადა
და კერძოს საზოგადოსთვის
აგებენ გზად და ხიდადა”.
ქვეყნად ედემის ბაღია,
სწავლა და გამოცდილება
ხელსაწყო იარაღია...”
ვინც კვალში გდევდენ, აგგისწრეს წინა!
შენის ბუნების მექონი, მითხარ,
რამ დაგაღონა, რამ შეგაშინა?
აღსდექ მამაცად და გაიმართე,
თუ რომ იშრომებ, გზები გაქვს ფართე!
ცეცხლის გეგმები, რკინისა გზები
და ტელეგრაფი თამამად მართე!
როგორც შეფერის შენსა ბუნებას,
ისე აძლევდე შრომასა ნებას,
ხარბის თვალითა მიიტაცებდე
და ავრცელებდე მანდ განათლებას”.
შორიდგან თუმცა ბევრს გვინათებენ,
მაგრამ ახლოს კი, დალოცვილები,
როგორც ფუტურო ვერას გვარგებენ”.
(ლექსი „ფუტურო”)
წითელი და შხაპუნაო,
რომ გავიდეთ სამუშაოდ
და დავძახოთ „ოპუნაო”.
– შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!”
* * *