გერასიმე ცაგარეიშვილი (1864-1927)
გერასიმე ცაგარეიშვილის პედაგოგიური მოღვაწეობა დაკავშირებულია ქუთაისის ქართულ გიმნაზიასთან და მის სახელოვან პედაგოგიურ კოლექტივთან. გერასიმე ცაგარეიშვილს ყველა საჭირო მონაცემი ჰქონდა იმისათვის, რათა სახაზინო სასწავლებელში მოწყობილიყო და დაწინაურებულიყო, უზრუნველეყო თავისი პირადი ცხოვრება, მაგრამ არა. მან არჩია უმცირესი საარსებო წყარო შეეთავსებინა ქართველ საზოგადოებაში დარჩენასთან და თავისი ცოდნა და უნარი ქართული საზოგადო საქმისათვის გამოეყენებინა. ქართულ სკოლაში სამსახური სწორედ რომ საზოგადო საქმედ ითვლებოდა, ერთგვარ თავგანწირვად, რამდენადაც მეფის მთავრობა დაუნდობლობითა და სიძულვილით უცქერდა არა მარტო სააზნაურო სკოლას, არამედ ყველა ამ სკოლის თანამშრომელსაც. ამ სკოლის მიმართ მთავრობის ჩაციებისა და კბილის დასმის პირობებში აქ მოსამსახურე ყოველთვის იმის შიშში უნდა ყოფილიყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს მთავრობა ან მთლიანად სკოლას წაჰკიდებდა უბედურებას და ყველა მისი თანამშრომელი ღია ცის ვეშ უნდა დარჩენილიყო, ან რომელიმე იქაურ თანამშრომელს აითვალწუნებდა და მას იმსხვერპლებდა. ასეთი მაგალითები ყოფილა ამ სასწავლებლის ცხოვრებაში. მაგრამ ამან ვერ დაფრთხო გერასიმე ცაგარეიშვილი და, როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა მუშაკმა, მან მთელი თავისი სიცოცხლე ამ სასწავლებლის სამსახურში გაატარა.
გერასიმე მათეს ძე ცაგარეიშვილი დაიბადა 1864 წელს სოფელ გოჩა-ჯიხაიშში, გლეხის ოჯახში. მამამ შეძლო პატარა გერასიმეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლში შეყვანა. თავის დროზე გერასიმე თავის მოსწავლეებს უამბობდა, თუ რა მძიმე პირობებში უხდებოდა მასა და მის ამხანაგებს სწავლა. ბევრი მათგანი, მათ შორის გერასიმეც, ცხოვრობდა არა სახლში, არამედ სასწავლებლის შორიახლო მათგანვე ან მშობლების დახმარებით მოწნულ ფაცხებში, თითოეულში 5-6 სული. თვითონვე ამზადებდნენ სოფლიდან მომარაგებულ ფქვილიდან, ლობიოდან საჭმელს. მოსწავლეები ეზიდებოდნენ ტყიდან შეშას და ფიჩხს, რომლის სინათლეზე ამზადებდნენ გაკვეთილებსაც. ზოგი ჩვენთაგანი ასეთ გადმონაცემს გაზვიადებულად თვლიდა და ფიქრობდა, რომ მასწავლებელი ამას აღმზრდელობითი მიზნით უამბობდა თავის მოსწავლეებს, მაგრამ, როდესაც ამ სტრიქონების ავტორმა სასულიერო სასწავლებლების (და აგრეთვე გიმნაზიის) საარქივო მასალების, კერძოდ, სასწავლებლის ზედამხეველთა და რევიზორების მოხსენებებით გაიცნო იმ პერიოდის მოსწავლეთა ყოფა-ცხოვრება, დაგვიანებით, მაგრამ მაინც დარწმუნდა მისი საყვარელი მასწავლებლის ნაამბობის სიზუსტეში. აქვე აღვნიშნავ, რომ გერასიმე მართალი ადამიანი იყო დიდთან და პატარასთან, ოჯახში და საზოგადოებაში და სიმართლეს და გულწრელობას უნერგავდა თავის მოსწავლეებსაც.
როგორც თბილისის სემინარიის საარქივო მასალებიდან ჩანს, 1883 წელს გერასიმე ცაგარეიშვილს წარმატებით დაუსრულებია ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და თბილისში ჩამოსულა სემინარიაში შესასვლელი საკონკურსო გამოცდების ჩასაბარებლად. 1883 წლის დასასრულამდე სასულიერო სასწავლებელთა კურსდამთავრებულებს სემინარიის პირველ კლასში შესასვლელად გამოცდა უნდა ჩაებარებინათ, რადგან მსურველი ბევრი იყო, ამიტომ კონკურსი იმართებოდა. საკონკურსოდ იქ მიდიოდნენ საკეთესოდ კურსდამთავრებულნი საქართველოს ყველა სასულიერო სასწავლებლიდან: თბილისიდან, თელავიდან, გორიდან, ქუთაისიდან, ოზურგეთიდან და ახალსენაკიდან. მხოლოდ 1883 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნდა სინოდის განკარგულება, რომლის მიხედვითაც სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებულთათვის უქმდებოდა გამოცდები და სემინარიაში ისინი მიიღებოდნენ სასულიერო სასწავლებლის დასრულებისას მიღებული ნიშნებითა და თანრიგით. გერასიმე ცაგარეიშვილს სემინარიაში შესასვლელი გამოცდები წარმატებით ჩაუბარებია და მიუღიათ კიდეც. მაგრამ, როგორც ჩანს, ის სემინარიაში არ დარჩენილა და ქუთაისის გიმნაზიაში მოუხერხებია შესვლა.
გიმნაზიის დასრულების შემდეგ გერასიმე ცაგარეიშვილი შესულა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც მან 1893 წელს დაასრულა.
ამ წლის სექტემბერში მას იაკობ ფანცხავასთან ერთად ქ. ბათუმში, როგორც ეს „კვალში” მოთავსებულ განცხადებიდან ჩანს, გაუხსნია პირველდაწყებითი სკოლა პანსიონით და გაკვეთილების გასამეორებელი კლასებით. ეს ცნობა იმით არის საინტერესო, რომ ახლადაკურსდამთავრებული გერასიმე ცაგარეიშვილი თავიდანვე წინააღმდეგი ყოფილა მთავრობის სკოლებში სამსახურისა, რადგან თუ საქართველოში ეტყოდა უარს სამსახურზე სასწავლო ოლქის მზრუნველი, ჩრდილო კავკასიაში ხომ ყველა სათანადო უფლების მქონე ქართველს გზავნიდა კავკასიის სასწავლო უწყება. მაგრამ გერასიმეს უმჯობესად უცვნია მშობლიურ ხალხსა და მხარეში დარჩენა უარეს პირობებშიც. ბათუმში მის მიერ წამოწყებული საქმე ცუდად წასულა და ამიტომ ის სიამოვნებით დათანხმებულა შემდეგი 1894 წლიდან მიეღო მასწავლებლის თანამდებობა ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში.
გერასიმე ცაგარეიშვილს სააზნაურო სკოლაში სამსახურის დაწყება მეტად ცუდ დროს დაურჩა: 1895 წელს სასწავლებლის ინსპექტორობას თავი დაანება ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა, რომელიც დიდად ზრუნავდა სასწავლებლის კეთილდღეობაზე (1889-1895), საქმეს კეთილსინდისიერად, ცოდნითა და ენერგიით ხელმძღვანელობდა. მზრუნველმა კომიტეტმა ინსპექტორის თანამდებობაზე წარადგინა სიმონ ღოღობერიძე, რომელსაც დასრულებული ჰქონდა სამსახური სახაზინო სასწავლებელში და პენსიონერი იყო. ორი წელი დარჩა ის ქუთაისის სააზნაურო სკოლის ინსპექტორად და დაუდევრობისა და უყურადღებობის შედეგად მოშალა სრულიად სასწავლებელი, მისი სასწავლო და აღმზრდელობითი მხარე, რასაც აღნიშნავდნენ თავიანთ მოხსენებაში წ.-კ. საზოგადოების მიერ იქ სარევიზიოდ მივლენილი ნიკო მთვარელიშვილი და დავით კარიჭაშვილი 1897 წლის მაისში.
წერა-კითხვის საზოგადოება ადრეც გზავნიდა ცნობილ პირებს ქუთაისის სააზნაურო სკოლის შესასწავლად და გასაცნობად (იაკობ გოგებაშვილს, ალ. ჭყონიას, ექვთიმე თაყაიშვილს), მაგრამ ისე დაწვრილებით არცერთ რევიზორს არ შეუსწავლია ამ სასწავლებლის მდგომარეობა, როგორც ეს დავით კარიჭაშვილმა და ნიკო მთვარელიშვილმა შეისწავლეს. რევიზორები აღნიშნავენ აგრეთვე მოსწალეთა სრულ უცოდინარობას ისტორიაში III და IV კლასებში, სადაც ამ საგანს ინსპექტორი სიმონ ღოღობერიძე ასწავლიდა. ჩვენთვის მათი რევიზიის შედეგი მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში იმით, რომ არი აქვთ გამოთქმული ახალგაზრდა მასწავლებლის გერასიმე ცაგარეიშვილის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გერასიმეს აქ პედაგოგიურ ასპრეზზე გამოსვლა მოუხდა სკოლის დაშლის პერიოდში, უხელმძღვანელოდ, რადგან, როგორც აღნიშნულია მათ ანგარიშში. აქ (სასწავლებელში) თითქმის ჩვეულებად გადაქცეულა, რომ „მასწავლებლები მეცადინეობენ კლასში, ხოლო სკოლის უფროსი ამ დროს საჯარო ბაღში სეირნობს...” მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა გამოუცდელ მასწავლებელს საკმაო უნარი და სიბეჯითე გამოუჩენია თავის საგნის ჯეროვანად დაყენებისათვის. აღნიშნულ ანგარიშში ნათქვამია: „I და II კლასებში რუსულ ენას ასწავლის გერასიმე ცაგარეიშვილი. ეს მასწავლებელი ახალგაზრდაა, ეტყობა, რომ დიდაქტიკურ ხელოვნებას იყენებს და ჯერ ვერა აქვს შეთვისებული საფუძვლიანად. მიუხედავად ამისა, გულმოდგინედ შედგომია თავის თანამდებობის აღსრულებას და მხნედ უშრომია მოსწავლეთა სასარგებლოდ. რუსულს კითხულობენ მოწაფეები მკაფიოდ და შეგნებულ პასუხს იძლევიან შინაარსის შესახებ. გრამატიკული შეგნებით არჩევენ წინადადებათა აგებულებას და სიტყვით ნაწილთა განსხვავებას... მასწავლებელს თავთავის დროზე უწარმოებია მოწაფეთა ნაწერები... ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც ხანი გაივლის, ეს მასწავლებელი უფრო დახელოვნდება და მისი შრომა ერთიორად ნაყოფიერი შეიქნება სკოლისათვის”.
აღნიშნული მოხსენების ავტორები არ შემცდარან: გერასიმე ცაგარეიშვილი მალე მართლაც გახდა არა მარტო საუკეთესო, არამედ წამყვანი მუშაკი ქუთაისის სააზნაურო სკოლისა, რომელიც 1904-05 სასწავლო წლიდან ქართულ გიმნაზიად გადაკეთდა. გერასიმე ცაგარეიშვილი იშვიათი მასწავლებელი იყო, სააგნების მეტად ღრმა მცოდნე და დახელოვნებული გადაცემის მეთოდებში, განსაკუთრებით გიმნაზიის პროგიმნაზიულ კლასებში. გიმნაზიის პირველ ოთხ კლასში ის ერთგვარი წარმატებით ასწავლიდა რუსულსა და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას, არითმეტიკის სწავლებაც ეხერხებოდა. გერასიმე ბუნებით მშვიდი და თავდაჭერილი ადამიანი იყო. არავის ახსოვს მისი გაწყრომა, ხმის ამაღლებაც კი არ სჭირდებოდა გაკვეთილზე. მოსწავლეებს ის უყვადათ, პატივს სცემდნნ და ვერავინ მისცემდა თავს უფლებას მის გაკვეთილზე დაერღვია წესრიგი. გერასიმეს დამოკიდებულება მოსწავლისადმი ყოველთვის იყო ჰუმანური, მზრუნველი, მამობრივი. ის ურჩ მოსწავლეთა გამოსასწორებლად არასოდეს მიმართავდა რეპრესიებს, დაშინებას, არამედ ახსნით, განმარტებით, დარიგებით და ზოგჯერ შერცხვენით ცდილობდა მოსწავლის გამოსწორებას, მრუდი გზიდან აცდენას. მისი პირადი ქცევა წასაბაძი და სანიმუშო იყო მოსწავლეთათვის.
1904-05 სასწავლო წლიდან ქუთაისის სააზნაურო სკოლა გიმნაზიად გადაკეთდა. ეს იყო სათავადაზნაურო კერძო გიმნაზია, რომლის კურსდამთავრებულ მოსწავლეებს უფლება ჰქონდათ სიმწიფის მოწმობის მისაღებად გამოცდები იმავე სასწავლებელში ჩაებარებინათ, იმავე პედაგოგებისგან შემდგარ კომისიაში, მაგრამ სასწავლო ოლქის მიერ გამოგზავნილი წარმომადგენლის (დეპუტატის) თავმჯდომარეობით, რომელიც, ადგილობრივ მასწავლებლებისადმი უნდობლობით შეპყრობილი, თითოეული საგნისათვის სპეციალისტს სახაზინო სასწავლებლიდან იწვევდა. ამრიგად, ეს გიმნაზია უფლებიანი გახდა მოსწაწვლეთათვის, მასწავლებლები კი ისეთივე უუფლებნო დარჩნენ, როგორიც იყვნენ ადრე. მათ სამსახური არ ეთვლებოდათ, პენსიას არ იღებდნენ, სახელმწიფო სამსახურში არ ითვლებოდნენ. მაგრამ ეს გიმნაზია მალე გადაიქცა განათლებისა და კულტურის ერთ-ერთ კერად დასავლეთ საქართველოსათვის. ამ გიმნაზიაში 1500 ახალგაზრდა იღებდა საშუალო განათლებას, ხოლო მისი მასწავლებლები წარმოადგენდნენ ქუთაისის ინტელიგენციის მოწინავე რაზმს, გონებრივად და ნივთიერად ასაზრდოებდნენ ქუთაისის ყვლა კულტურულ დაწესებულებას – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას და მასთან არსებულ საგამომცემლო საქმეს, თეატრალურ საზოგადოებას, სახალხო უნივერსიტეტს, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას, ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას და მრავალ სხვას.
გერასიმე ცაგარეიშვილი ყველა ა კულტურულ დაწესებულებათა ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. ამავე დროს ის რამდენჯერმე იყო არჩეული ქუთაისის საქალაქო საბჭოს ხმოსნად, სადაც ის ქალაქის მდაბიო მოსახლეობის ინტერესებს იცავდა.
გერასიმე ცაგარეიშვილი სილოვან ხუნდაძესთან ერთად გიმნაზიის ინსპექტორად იქნა არჩეული და ამ თანამდებობაზე დარჩა გიმნაზიის ტექნიკუმად გადაკეთებამდე.
იოსებ ოცხელი, სილოვან ხუნდაძე და გერასიმე ცაგარეიშვილი თხუთმეტიოდე წელიწადი ხელმძღვანელობდნენ ამ ვეებერთელა სასწავლებელს, მის მრავალრიცხოვან მასწავლებელთა კოლექტივს. გერასიმე თავისი ტაქტითა და გამოცდილებით დიდად უწყობდა ხელს გიმნაზიის კოლექტიურ მართვას, სადაც ოფიციალურ პასუხისმგებლად დირექტორი იოსებ ოცხელი ითვლებოდა. გერასიმე ცაგარეიშვილმა თავისი წვლილი შეიტანა სკოლის გაეროვნების საქმეშიც: 1920 წელს გამოიცა მისი გეოგრაფიის სახელმძღვანელო, ნაწილი II, ევროპა და თანაავტორებთან ერთად (დ. ქუთათელაძე, შ. სანიკიძე) გეოგრაფია, ნაწილი I.
გერასიმე ექვსი წელიწადი ემსახურებოდა საბჭოთა სკოლას და მის მშენებლობაში მხურვალე მონაწილეობას იღებდა თავისი ცოდნითა და გამოცებით.
გერასიმე ცაგარეიშვილი, ვალმოხდილი ქართველი საზოგადოებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის წინაშე, უეცრად გარდაიცვალა საბჭოთა სკოლის სამსახურში 1927 წლის 14 დეკემბერს, ქუთაისში.