‍ნესტორი თავდგირიძე (1851-1893)

ავტორი: დ. ნაცვალაძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

ნესტორ ალექსანდრეს ძე თავდგირიძე დაიბადა სოფელ აკეთში (გურია) 1851 წელს. პირველდაწყებითი განათლება ნესტორმა თავის ოჯახში მიიღო, რომელშიც ამ დროს თავს იყრიდნენ გურიის მოწინავე ინტელიგენციის წარმომადგენლები. ამ ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ მ. გურიელი, სიმონ გუგუნავა, დ. ერისთავი და სხვები, რომლებსაც ხშირი სჯა-ბაასი ჰქონდათ ლიტერატურისა და ქვეყნის საჭირობოროტ საკითხებზე.

ნესტორ თავდგირიძემ ბავშვობიდანვე სწავლისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება გამოიჩინა, ბუნებით სუსტი ბავშვი წიგნების კითხვაში ატარედა დროს. იგი საგრძნობლად გონებაგახსნილი იყო, როდესაც მშობლებმა, 1864 წელს, ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიში მიაბარეს, სადაც ნესტორი ძალიან კარგად სწავლობდა, „გონებით საღი და ზნეობით წმინდა” ყმაწივლი მასწავლებელთა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა.

1869 წელს ნესტორ თავდგირიძემ წარმატებით დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, იმავე წელს უმაღლესი ცოდნის მისაღებად გაემგზავრა რუსეთში და შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე. უნვიერსიტეტში სწავლისას ნესტორ თავდგირიძეა ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნის იმ მოწინავე შვილებთან, რომლებიც უმაღლეს განათლებას იღებდნენ პეტერბურგში და სამშობლოს კეთილდღეობაზე ოცნებობდნენ. ნესტორ თავდგირიძემ ვერ აიტანა ჩრდილოეთის ჰავა და იძულებული გახდა სწვლა განეგრძო ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

პეტერბურგისა და ოდესის უნვიერსიტეტებში სწავლისას ნ. თავდგირიძე გაეცნო რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების აზრებსა და მოწინავე რუსულ კულტურას.

1874 წელს იგი წარჩინებით ამთავრებს ოდესის უნვიერსიტეტს და სამშობლოში ბრუნდება, გატაცებულია სამშობლოს სიყვარულით და მის კულტურულ მომავალზე ოცნებობს.

1874 წელს ნესტორ თავდგირიძის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით სოფელ აკეთში გაიხსნა პრიველდაწყებითი სკოლა, რომელშიც სწავლობდნენ ბავშვები აკეთის მეზობელი სოფლებიდანაც.

ღრმა ცოდნით შეიარაღებული და მაღალი პატრიოტული გრძნობით გამსჭვალული ნესტორ თავდგირიძე თავის ცოდნას ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს ახმარდა და მუდამ იმას ცდილობდა, რომ ჩვენში გაევრცელებინა რუსეთში მიღებული პროგრესული იდეები.

1875 წლიდან ნესტორ თავდგირიძემ მასწავლებლობა დაიწყო ქ. თბილისში, ეგრეთ წოდებულ „ტერ-აკოპოვის სასწავლებელში”.

1880 წელს იგი სამუშაოდ გადაიყვანეს განჯაში მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწედ, მაგრამ ეს საქმე მას სრულებით არ იზიდავდა, რადგან მის თვისებებს სიმარტლისმოყვარეობა და ზნეობრივი სიფაქიზე შეადგენდა.

ნესტორ თავდგირიძე როგორც აღმზრდელი და პატიორიტ მაღალი ბუნების ადამიანი იყო. პედაგოგიკისა და მეცნიერების სხვა დარგის ღრმად მცოდნე, აბუჩად იგდებდა მეფის ხელისუფლების მიერ დაწერილ კოდექსებსა და კანონებს: „აბა, რა სარეგბლობსი მოტანა შემიძლია ამ კანონების ცოდნით. დიდი საქმეა განა რომელიმე ნივთი ივანეს გამოართვა და გიორგის მისცე? ერთის უბედურებაზე მეროეს ბედნიერება ააგო? ნასწავლ კაცს მაშინ დაგიძახებ, ისეთის ცოდნით შეჭურვილი მოხვიდე, რომ დედამიწას გული გაუხსნა, იქედან ღვთისაგან ბოძებული სიმდიდრე ამოიღო და ივანესაც არგუნო და გიორგისაც”, – ამბობდა იგი (“ივერია”, №107, 1893).

სწორედ ამის გამო ნესტორ თავდგირიძემ თავი დაანება განჯაში სამსახურს და 1882 წლიდან კვლავ მასწავლებლობა განაგრძო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში.

ნესტორ თავდგირიძე ქუთაისის ქართულ სკოლაში ასწავლიდა ისტორიას, რუსულსა და ქართულ ენებს. მან ჩინებულად იცოდა რუსული ლიტერატურა, კარგად იცნობდა მსოფლიო ლიტერატურას, ხოლო ყველაზე ღრმად და საფუძვლიანად მშობლიურ ლიტერატურას ფლობდა.

მის შესახებ სილოვან ხუნდაძე წერდა: „სახით მიმზიდველი, სასიამოვნო მომლხენი, ენამახვილი, გულწრფელი, ჭკუიანი და ამასთან კარგად განათლებული ახალგაზრდა კაცი – აი, როგორი იყო ნესტორ თავდგირიძე” (“ივერია”, №101, 1893).

ნესტორ თავდგირიძე უდიდესი პედაგოგიური ოსტატობით უნერგავდა მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის სიყვარულსა და პატივისცემას. იგი ვერ ურიგდებოდა ადამიანთა აბუჩად აგდებას და განსაკუთრებით იბრძოდა მეფის მოხელეთა ნაციონალურ-კოლონიური საგანმანათლებლო პოლიტიკის წინააღმდეგ.

ქუთაისის ქართულ სკოლაში მუშაობის პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობას იღებდა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობაში. სისპეტაკე, პატიოსნება, კაცტმოყვარეობა და ხალხის სამსახური ნესტორ თავდგირიძის დამახასიათებელი თვისებები იყო.

1887 წელს ნესტორ თავდგირიძეს ერთხმად ირჩევენ ფოთის ქალაქის თავად. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ქალაქის კეთილმოწყობასა და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას, დაუღალავად ზრუნავდა ნავსადგურის მშენებლობის საქმისათვის, რათა ფოთის ნავსადგურს თავისი ადგილი მიეკუთვნებოდა შავი ზღვის აუზში.

“მსახურობდა ის სასამართლოს უწყებაში გამომძიებლად, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლად, თუ შემდეგ ფოთში ქალაქისთავად, – არსად არ იყო უკეთესი გამომძიებელი, პედაგოგი, ქალაქისთავი. ყველგან იყო უზომო ერთგული თავისი საქმისა, ყველგან გულწრფელი და ცამდის პატიოსანი”, – წერდა სილოვან ხუნდაძე ნესტორ თავდგირიძის შესახებ (“ივერია”, №101, 1893).

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ნესტორ თავდგირიძე გარდიცვალა 1893 წლის 15 მაისს სოფელ აკეთში. მისი გარდაცვალების გამო „ივერია” წერდა: „...ისედაც მცირე რაზმს ახალ თაობისას გამოაკლდა ერთი უპატიოსნესი განათლებული ახალგაზრდა კაცი... შესწყვიტა ცემა გულმა, რომელიც გამსჭვალული იყო უღრმესის, უწმინდესის სიყვარულით სამშობლო ქვეყნისა და ერისადმი, რომელიც ფართქალობდა სიხარულით ყოველის მის მიერ წარმატების გზაზე გადადგმულის ნაბიჯის გამო და წყლულდებოდა მისი ჭირითა და ვარამით... ნესტორისაგან ბევრ სიკეთეს გამოელოდა ჩვენი ქვეყანა, რადგანაც ის ახალგაზრდობიდანვე ქვეყნის სამსახურის სურვილით იყო გამსჭვალული”.