მიხეილ თაქთაქიშვილი (1872-1954)
ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ თაქთაქიშვილი ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ემსახურებოდა ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს.
მიხეილ ივანეს ძე თაქთაქიშვილი დაიბადა 1872 წელს სოფელ ქვემო ხვითში (გორის რაიონი).
მიხეილ თაქთაქიშვილმა კარგი სწავლა-განათლება მიიღ ჯერ ოჯახში, შემდეგ თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში, რომელშიც ჩაირიცხა 1883 წელს. იგი ყოველთვის ბეჯითად და წარჩინებულად სწავლობდა და კლასიდან კლასში მუდამ ქების სიგელითა და ფასიანი საჩუქრებით (ნოტები, წიგნები) გადადიოდა.
თბილისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ მიხეილ თაქთაქიშვილი შევიდა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომლის კურსი მან წარმატებით დაამთავრა 1895 წელს. იმავე წელს იგი დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა მოზრდილთა საკვირაო სკოლაში (1895-1896), რომელშიც ძირითადად მუშები და ხელოსნები სწავლობდნენ. შემდეგ იგი დაინიშნა ელიზავეტაპოლის (აზერბაიჯანი) ვაჟთა და ქალთა გიმნაზიაში, სადაც იგი შვიდი წლის განმავლობაში ასწავლიდა მათემატიკასა და ფიზიკას. ამავე დროს მიხეილი იყო განჯის მეტეოროლოგიური სადგურის გამგე და თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის კორესპონდენტი.
1903 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი მიიწვიეს თბილისის კომერციულ სასწავლებელში მათემატიკის მასწავლებლად, მაგრამ აქ მან მცირე ხანს დაჰყო.
1905 წელს ბაქოს კომერციული სასწავლებლის სამზრუნველო საბჭომ იგი აირჩია ამ სასწავლებლის ინსპექტორად, ხოლო ერთი წლის შემდეგ ამავე სასწავლებლის დირექტორად. მიხეილ თაქთაქიშვილი 11 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ბაქოს ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. მისი უშუალო მონაწილეობით ბაქოში აშენდა სპეციალური შენობა კომერციული სასწავლებლისათვის (ამჟამად ბაქოს პედაგოგიური ინსტიტუტი).
ქართველთა რიცხვი ბაქოში დღითიდღე იზრდებოდა, ხოლო განათლების საქმე მათთვის მოუწყობელი იყო, არ იყო კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობისათვის სათანადო კერა, რომელიც იქაურ ქართველობას გააერთიანებდა.
პირველი ნაბიჯი ამ მხრივ იმით გამოიხატა, რომ იქ დაარსებულ იქნა „ქართველთა შორის წერა-კითხვსი გამავრცელებელი საზოგადოების” ფილიალი. ამ საქმის მოწყობას, რასაკვირველია, სათანადო ავტორიტეტის მქონე პირი თუ შეძლებდა. ასეთი იყო მიხეილ თაქთაქიშვილი.
მიხეილ თაქთაქიშვილი სათავეში ჩაუდგა და ხალისიანად თავმჯდომარეობდა ადგილობრივი (ბაქოს) დრამატული წრის გამგეობასაც.
ბაქოს „სომეხ-კაცთმოყვარ საზოგადოების სათეატრო შენობაში” დრამატული წრე ხშირად მართავდა ქართულ ეროვნულ წარმოდგენებს, რაშიც უდიდესი შრომა მიუძღვის მიხეილ თაქთაქიშვილს.
საკმაო ღვაწლი მიუძღვის მას ბაქოს ქართული თეატრის განვითარების საქმეშიც, მან აყვავების გზაზე დააყენა ქართული თეატრი. „ბაქოს წერა-კითხვსი გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობამ იგი აირჩია საზოგადოების საპატიო წევრად.
მისი უანგარო შრომა, როგორც პედაგოგისა, სასწავლებლის დირექტორისა და კულტურული მოღვაწისა, ბაქოელმა საზოგადოებამ ღირსეულად დააფასა (სასწავლებლის კოლექტივმა და მშობელთა კომიტეტმა 1916 წლის 13 სექტემბერს მას გაუმართა გამოსამშვიდობებელი საღამო). პატივისცემისა და დიდი სიყვარულის გამოსახატავად მიხეილ თაქთაქიშვილის სურათი დაკიდეს სკოლის შენობაში და დააწესეს მისი სახელობის სტიპენდია.
1916 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი ქუთაისის კომერციული სასწავლებლის დირექტორად მიიწვიეს.
1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მიხეილ თაქთაქიშვილი დაინიშნა საქართველოს სსრ განათლების სახლხო კომისარიატის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარ მმართველად და განაგებდა პროფესიული განათლების საქმეს.იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საშუალო სკოლის რეფორმის ჩატარებაში. იგი განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიისა და სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს წევრი იყო. ამავე დროს მუშაობდა ელემენტარული მათემატიკის მასწავლებლად თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-სამშენებლო ფაკულტეტზე.
1925 წლიდან მიხელ თაქთაქიშვილი განაგებს თბილსიის პირველ სახელმწიფ საბუღალტრო კურსებს და ამავე დროს მუშაობს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში სასწავლო ნაწილის გამგედ.
მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული ტექნიკუმები.
1928-1929 წლებში მიხეილ თაქთაქიშვილი გაიგზავნა ყვარელსა და ბორჯომში, სადაც დააარსა სატყეო ტექნიკუმები (ერთი წელი ბორჯომის სატყეო ტექნიკუმის დირექტორადაც იყო).
1930 წლიდან 1933 წლამდე იგი მუშაობდა მთელ რიგ უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც დოცენტი და კითხულობდა ლექციებს მათემატიკაში (ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში დღიდან მისი დაარსებისა, სასოფლო-სამეურნეო და მცენარეთა დაცვის ინსტიტუტებში).
საბჭოთა ხელისუფლებამ მაღალი შეფასება მისცა მიხეილ თაქთაქიშვილის პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1931 წელს მას დაუნიშნა პერსონალური პენსია.
1944 წელს მიხეილ ივანეს ძე თაქთაქიშვილს ნაყოფიერი და ხანგრძლვი მუშაობისათვის მიენიჭა საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდება.
მიხეილ თაქთაქიშვილი ჩვენს ლიტერატურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა, წერდა და თარგმნიდა მოთხრობებს.
მიხეილ თაქთაქიშვილი ხშირად ბეჭდავდა წერილებს ჟურნალ-გაზეთებში (“საქართველო”, „ცნობის ფურცელი”, „სახალხო გაზეთი”, „თეატრი და ცხოვრება” და სხვ.).
მიხეილ თაქთაქიშვილი სხვა ცნობილ პედაგოგებთან ერთად იყო სრულიად რუსეთის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა პირველი ყრილობის დელეგატი საქართველოდან 91916), სადაც მან წარმოთქვა სიტყვა რუსული ენის სწავლების შესახებ საქართველოს სკოლებში. იგი მოითხოვდა, რომ მასწავლებელი, რომელიც ასწავლის რუსულ ენას არარუსულ სკოლებში, უპირველეს ყოვლისა, უნდა ფლობდეს ბავშვის მშობლიურ ენა. განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეირჩეს და შედგეს რუსული ენის სახელმძღვანელოები არარუსი ბავშვებისათვის.
მიხეილ თაქთაქიშვილს ეკუთვნის ორი სახელმძღვანელო, რომლებიც დღესაც გამოიყენება ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში: „უმაღლესი მათემატიკის შესავალი” 91904) და „უმაღლესი მათემატიკის საფუძვლების დანაწილება და მეთოდური მითითებანი”, რომელიც მან ზოოვეტერინარული ინსტიტუტის დაუსწრებელი სექტორის სტუდენტებისათვის შეადგინა.
გულისხმიერი აღმზრდელი და პედაგოგი მიხეილ თაქთაქიშვილი თავისი მოღვაწეობის 50 წლის მანძილზე ქართველ ახალგაზრდობას უნერგავდა ქართული კულტურისა და მეცნიერების სიყვარულს.
მიხეილ თაქთაქიშვილი გარდაიცვალა 1954 წლის 28 სექტემბერს.