ექვთიმე თაყაიშვილი (1863-1953)
ავტორი: შ. გოზალიშვილი ცნობილი ქართველი მეცნიერი, არქეოლოგ-ისტორიკოსი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაიბადა 1963 წლის 5 იანვარს (ძვ. სტ.) გურიაში, ოზურგეთის მაზრის სოფელ ლიხაურში. პატარა ექვთიმეს მშობლები ადრე გარდაეცვალა. დაობლებული ექვთიმე იზრდებოდა ბებიისა და ბიძების მზრუნველობით. შვიდი წლის იყო, როცა 1870 წლის სექტემბერში ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს და მოსამზადებელ კლასში დასვეს. ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში, როგორც ჩანს, არ იყო სახარბიელო მდგომარეობა. მასწავლებელთა შორის იშვიათად თუ ვინმე გამოერეოდა, რომელსაც აინტერესებდა მოსწავლეთა წესიერი აღზრდის საქმე. სკოლაში უმთავრესად ფორმალური მეთოდი იყო გამეფებული. უსულგულო მასწავლებელი გადაშლიდა წიგნს და იტყოდა: „აქედან აქნობამდე დაისწავლეთYო”. ექვთიმე თაყაიშვილი მეოთხე კლასში რომ გადავიდა, ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელი სამოქალაქო სკოლად გადაეკთდა. ამის გამო იგი სწავლის გასაგრძელებლად 1874 წლის შემოდგომაზე ფოთის სამაზრო სასწავლებელში გადავიდა, რომელიც 1875 წლის ივნისში დაამთავრა. შემდეგ იგი შევიდა ქუთაისის პროგიმნაზიაში, ხოლო მისი დამთავრების შემდეგ, 1879 წლის სექტემბრიდან, სწავლა განაგრძო ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც 1883 წლის ივნისში დაასრულა. უმაღლესი განათლების მისაღებად ექვთიმე თაყაიშვილი პეტერბურგს გაემგზავრა და 1883 წლის სექტემბერში ჩაირიცხა უნვიერსიტეტში ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1882 წლის ივნისში ექვთიმე თაყაიშვილმა უნივერსიტეტი კანდიდატის ხარისხით დაამთავრა და პეტერბურგის სასწავლო ოლქის სამზრუნველოსაგან მიიღო ისტორიის მასწავლებლის მოწმობა. ექვთიმე სამშობლოში დაბრუნდა და ამ დროიდან თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე დაუღალავად ეწეოდა პედაგოგიურ-საზოგადოებრივ და სამეცნიერო მოღვაწეოაბს. 1887 წლის სექტემბრიდან ექვთიმე თაყაიშვილი მოიწვიეს ლათინური და ბერძნული ენების მასწავლებლად თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში, სადაც მუშაობდა 1894 წლსი ივნისამდე; 1893 წლის სექტემბრიდან 1904 წლის სექტემბრამდე იმყოფებოდა ისტორიისა და ლათინური ენის შტატგარეშე მასწავლებლად თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიაში, 1894 წლის ივნისიდან დაინიშნა თბილისის ქართული გიმნაზიის გამგედ. ამ თანამდებობაზე მუშაობდა 1904 წლის 1 სექტემბრამდე, 1904 წლის 26 ნოემბრიდან იგი დაინიშნა ისტორიის მასწავლებლად თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიაში; 1911 წლის 24 აგვისტორს გადავიდა ისტორიისა და ძველი ენების მასწავლებლად თბილისის კლასიკურ პროგიმნაზიაში, რომელიც 1912 წელს გადაკეთდა თბილისის ვაჟთა მეექვსე გიმნაზიად. ექვთიმე თაყაიშვილი მოსწავლეთა გულისხმიერი, საყვარელი მასწავლებელი და აღმზრდელი იყო. სამი ათეული წლის მანძილზე იგი მთელი თავისი გატაცებით ემსახურებოდა მშობლიური ქვეყნის სახალხო განათლების საქმეს. მას ბევრი წინააღმდეგობა შეხვედრია ცარიზმის ჩინოვნიკ-მოხელეებთან ბრძოლაში. ხანგრძლივ პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად, იგი ფართო საზოგადოებრივ და მეცნიერულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. „შეძელბისამებრ ვმუშაობდი ისტორია-არქეოლოგიურ და საზოგადოდ ქართული კულტურის დარგშიც, – გადმოგვცემს იგი, – აქ მე მიზნად დავისახე საბუთებისა და ძეგლების შეკრება, მათი წესრიგში მოყვანა, ღწერა, გამოქვეყნება და, რაც მთავარია, დაცვა”. 1888 წლის იანვარში ექვთიმე თაყაიშვილი აირჩიეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის წევრად. ამ დღიდან იგი ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა საზოგადოების კულტურულ-საგანმანათლებლო და სახალხო სკოლების საქმიანობაში. გამგეობის დავალებით ხშირად დადიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამ საზოგადოების მიერ დაარსებულ სკოლებისა და სამკითხველოების (ბიბლიოთეკების) მუშაობის შესასწავლად, გამოსაკვლევად, დახმარებისა და ხელმძღვანელობის გასაწევად. ამას ნათელყოფს „ქ. შ. წ.-კ. გ. საზოგადოების” ფონდში (საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში) დაცული მისი მოხსენებები, რეცენზიები და მიმოწერა საზოგადოების გამგეობასთან სახალხო განათლებისა და სასკოლო საკითხების შესახებ. მისი თაოსნობით დაარსდა „ქ. შ. წ.-კ. გ. საზოგადოების” სკოლები სოფელ გომარეთსა და რეხში (ბორჩალოს მაზრა). მან დიდი ღვაწლი დასდო „ქ. შ. წ.-კ. გ. საზოგადოებასთან” არსებულ ბიბლიოთეკასა და მუზეუმს, რომელიც პირველად მოთავსებული იყო ერთ პატარა ოთახში. ამ მუზეუმში ექვთიმე თაყაიშვილმა ენერგიულად დაიწყო მუშაობა, ბევრი მასალა შეაგროვა; ქართული ხელნაწერები, ისტორიული საბუთები, სიგელ-გუჯრები და სხვა. 1889 წლის 13 თებერვალს ექვთიმე აირჩიეს საეკლესიო მუზეუმის წევრად, რომელიც ცნობილი ისტორიკოსის დიმიტრი ბაქრაძის მიერ იყო დაარსებული. მან, დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად, მცხეთიდან ჩამოიტანა 58 ხელნაწერი, ძველი სიგელ-გუჯრები (50 ცალი) ეტრატსა და ქაღალდზე დაწერილი და მუზეუმის გამგეს თედო ჟორდანიას გადასცა დასაცავად. ამით შეიქმნა მუზეუმის ძირითადი ფონდი. შემდეგ მას მიემატა დიმიტრი ბაქრაძის მეირ ჩამოტანილი ხელნაწერები დავით გარეჯის მონასტრიდან და სხვ. მუზეუმის ფონდში თანდათანობით თავს იყრიდა ქართული კულტურისა და მწერლობის ძვირფასი საუნჯე. 1901 წელს თბილისში დაარსდა მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილება, რომლის მდივნადაც ექვთიმე თაყაიშვილი მუშაობდა 1905 წლის 10 აპრილიდან 1918 წლის 15 თებერვლამდე. იგი იყო წევრი პეტერბურგისა და მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების, პარიზის სააზიო საზოგადოებისა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ამ საზოგადოებათა გამოცემებში. ექვთიმე თაყაიშვილმა 1907 წელს დააარსა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება. მისი თავმჯდომარეობით წლების განმავლობაში ეს საზოგადოება წარმოადგენდა ქარტული ეროვნული კულტურის მძლავრ კერას. მას ჰქონდა დასახული ვრცელი პროგრამა ქართველი ხალხის ისტორიული წარსულის მეცნიერული შესწავლისათვის. შედარებით მოკლე ხანში ეს საზოგადოება გაიზარდა. მასთან არსებულ მუზეუმში თავი მოიყარა ქართული ხელნაწერების მდიდარმა კოლექციამ, შეგროვდა სიგელ-გუჯრები და სხვა ისტორიული აქტები, არქეოლოგიური ნივთები: ფრესკების პირები (ნახატი), უმეტესად მეფე-დედოფალთა, ერისთავთა და ათაბაგთა, ხალხური ხელსაქმის ნაქსოვ-ნაქარგი ნიმუშები და სხვ. საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებამ მატერიალური კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლების თავმოყრის, მათი შესწავლა-დამუშავებისა და დაცვის გარდა, გამოსცა ოთხი დიდი ტომი კრებულისა „ძველი საქართველო”. მათში დაიბეჭდა საყურადღებო მოხსენებები, საისტროიო, არქეოლოგიური და ხალხური პოეზიის მასალები და სხვ. მეორე კრებულში „საქართველოს სიძველენი”, რომელიც სამ ტომად გამოვიდა, დაიბეჭდა სიგელ-გუჯრები, ისტორიული საბუთები და დოკუმენტები. დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი საქართველოს ისტორიულ-არქეოლოგიური შესწავლის საქმეში. იგი ხშირად აწყობდა არქეოლოგიურ ექსკურსიებს, ექსპედიციებსა და მოგზაურობას ქართლში, კახეთში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, რაჭაში, ლეჩხუმ-სვანეთში, ყოფილ ბორჩალოს, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში. იგი არქეოლოგიურ გათხრებსაც აწარმოებდა. 1889 წელს პირველად მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა მცხეთის მცირე გათხრა. რუსეთის არქეოლოგიური კომისიის დავალებით მან 1894 წელს იმერეთსა და ბორჩალოს მაზრაში სომეხთა ეკლესიების – ახპატისა და სანაინს შუა გორაზე ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები, აღმოაჩინა დიდძალი ნივთები (ბრინჯაოს, თიხის, რკინისა და სხვ.), რომლებიც ინახება პეტერბურგში, ერმიტაჟში. იქვეა მის მიერ წარდგენილი ამ გათხრების ვრცელი დღიური, რომელიც არ დაბეჭდილა, ხოლო მის შესახებ მოკლე ცნობები მოთავსებულია ამავე წლის არქეოლოგიური კომისიის ანგარიშში. ექვთიმე თაყაიშვილმა საცდელი გათხრები ჩაატარა მცხეთა-არმაზში, რომლის მოკლე ანგარიშიც დაბეჭდილია. არქეოლოგიური ექსპედიციის დროს მას თან ახლდა ფოტოგრაფი და გადაღებული აქვს ყველა ნახული ძეგლისა და ნივთის სურათი. მან შეადგინა აგრეთვე აღწერილობა საზღვარგარეთ, ევროპაში ნახული ქართული სიძველეებისა. ექვთიმე თაყაიშვილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი. პროფესორთა საბჭომ იგი თავიდანვე აირჩია არქეოლოგიის პროფესორად, იგი უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა 1921 წლის თებერვლამდე. 1917 წლიდან იგი იყო აგრეთვე კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, დირექტორად კი ითვლებოდა აკადემიკოსი ნიკო მარი, რომელიც იმ პერიოდში არც იყო თბილისში. ისე რომ, ამ ინსტიტუტს, 1921 წლის თებერვლამდე, მის საზღვარგარეთ გამგზავერებამდე, უძღვებოდა ექვთიმე თაყაიშვილი. ექვთიმე თაყაიშვილის კალამს ეკუთვნის ორასორმოცდაათამდე ნაბეჭდი შრომა. მისი ფართო სამეცნიერო-საკვლევ ინტერესთა წრე მოიცავდა საქართველოს ისტორიულ-კულტურული წარსულის თითქმის ყველა დარგს. ის იყო ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, ლიტერატურისა და ხელოვნების საუკეთესო მცოდნე. განუზომელია ექვთიმე თაყაიშვილის ამაგი და ღვაწლი ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლების შესწავლის, აღრიცხვისა და დაცვის საქმეში. მის მიერ ჩატარებული ხანგრძლივი ნაყოფიერი მუშაობის შედეგია შრომების მთელი სერია – „არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი” (ორ წიგნად), „არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში”, „არქეოლოგიური ექსკურსიები, ძიებანი და შენიშვნები” (გამოცემულია რუსულ ენაზე, 5 წიგნად), „კავკასიის არქეოლოგიის მასალები, XII” (გამოცემულია რუსულ ენაზე) და სხვ. მეტად მნიშვნელოვანია ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით 1917 წელს მოწყობილი კომპლექსური ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში (სამხრეთ საქართველოში), რომელიც ამჟამად თურქეთის შემადგენლობაში შედის. ამ ექსპედიციის შესანიშნავი მასალები საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიამ 1952 წლსი დასასრულს ცალკე წიგნად გამოსცა სათაურით: „1917 წლის არქეოლოგირუი ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში”. წიგნში მოცემულია ქართული მატერიალური კულტურის ბრწყინვალე ძეგლების შესახებ უძვირფასესი მასალები. მკითხველის თვალწინ იშლება თვალწარმტაცი სურათი ქართული არქიტექტურის მონუმენტური ნაგებობებისა – იშხნის კათედრალური ტაძრის, ოშკისა და ხახულის მონასტრებისა, ექექის, სოხთოროთის, ისის, სუსბეჩის, ოთხა-ეკლესიის, მუხლაჯიღილისა და ფარხალის მონასტრების, თორთუმის ციხეებისა და სხვა. წიგნს დართული აქვს მრავალი საინტერესო ილუსტრაცია და ნახაზი. ექვთიმე თაყაიშვილს ეკუთვნის პირველხარისხოვანი საისტორიო წყაროების მეცნიერულად გამოცემაც. ასეთებია: „სამი ისტორიული ქრონიკა”, „მოქცევა ქართლსია”, „ქართლის ცხოვრების” მარიამისეული ვარიანტი, „ხელმწიფის კარის გარიგება”, „სუმბატ დავითის ძის ქრონიკა” და სხვა. ზოგიერთ ამ წყაროთაგანი მან პირველად აღმოაჩინა. მისივე რედაქტორობით დაიბეჭდა ძველ ქართულ სიგელ-გუჯრთა სამი დიდი ტომი. მან გამოაქვეყნა ქართული ხალხური სიტყვიერებისა და ძველი ქართული მხატვრული მწერლობის ძეგლები. გამოსცა „ქართული ხუროთმოძღვრების ალბომი” და ქართული დამწერლობის (პალეოგრაფიის) ნიმუშები. მის მიერ ჩატარებული მუშაობის შესახებ ღვაწლმოსილი მეცნიერი მოკრძალებით აცხადებდა: „ბევრი არაფერი გამიკეთებია. მე მხოლოდ ჩემ ქართულ მოვალეობას ვასრულებდი”. ექვთიმე თაყაიშვილს ეკუთვნის კაპიტალური ნაშრომი – „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელნაწერთა აღწერილობა” (გამოცემულია რუსულად). ამ შრომისათვის რუსეთის სამეცნიერო აკადემიამ იგი ოქროს მედლით დააჯილდოვა. რუსეთის არქეოლოგიურმა საზოგადოებამ ოქროს დიდი მედლითვე დააჯილდოვა მისი შრომა – „კავკასიის არქეოლოგიის მასალები, XII”. როგორც ცნობილია, მენშევიკურმა მთავრობამ, საქართველოდან მათი განდევნის დროს ქართველი ხალხის ეროვნული კულტურის დიდი განძეულობა საზღვარგარეთ წაიღო, ექვთიმე თაყაიშვილი იძულებული იყო, როგორც ამ სამუზეუმო განძეულობათა მცველი, თან გაჰყოლოდა მათ. დიდი სამამულო ომის გამარჯვებით დამთავრების შემდეგ, საბჭოთა მთავრობისა და კომუნისტური პარტიის მზრუნველობის შედეგად, საქართველოში ჩამოიტანეს მენშევიკების მიერ საზღვარგარეთ გატანილი ეროვნული განძეულობა და სამშობლოში დაბრუნდა ღვაწლმოსილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. 1945 წლის 15 აპრილიდან ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის პროფესორად. 1949 წლის 15 აპრილიდან ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის პროფესორად. 1949 წლის 14 სექტემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესი განათლების სამინისტროსთან არსებულმა უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის სამეციერო ხარისხი და პროფესორის წოდება, ხოლო იმ დიდი დამსახურებისათვის, რაც მას მიუძღვის ქართული ეროვნული კულტურისა და მეცნიერების წინაშე, 1946 წლის 28 დეკემბერს იგი ერთხმად აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. მიუხედავად ღრმად მოხუცებულობისა, ექვთიმე თაყაიშვილი უკანასკნელ დრომდე განაგრძობდა მეცნიერულ მუშაობს, თავს უყრიდა და აწესრიგებდა თავის მდიდარ მემკვიდრეობას. მან უკანასკნელ დროს დაწერა მოგონებანი ქართველ მწერლებზე: ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე, გიორგი წერეთელზე, ვაჟა-ფშაველაზე, ეგნატე ნინოშვილზე, ნიკო ხიზანიშვილზე. ამ მოგონებებში იგი მაშინდელ საზოგადოებრივ საკითხებზე ახალ საყურადღებო ცნობებს იძლევა. ღვაწლმოსილი მეცნიერი, დიდი პატრიოტი და საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს.
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968