ტრიფონ თაბუკაშვილი (1866-1926)
ტრიფონ თაბუკაშვილი ეკუთვნის ხალხის სწავლა-განათლებისათვის თავდადებულ პედაგოგთა იმ ჯგუფს, რომელმაც, თავისი საზოგადოებრივი მოწოდება-მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების გამო, არაერთხელ იგემა და განიცადა უშუალოდ მეფის შავრაზმული ხელისუფლების მთელი სუსხი და სიმკაცრე, დაუსრულებელი რეპრესიები და ულმობელი მსჯავრი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არათუ შეანელა მუშაობა მშობლიურ ენაზე სახალხო განათლების ხალხში გავრცელების დიდი საზოგადოებრივ-ეროვნული საქმისათვის, არამედ მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე ამ მაღალი იდეის განხორციელებას შესწირა და ერთხელ აღებულ საზოგადოებრივ ვალდებულებას ბოლომდე უანგაროდ ემსახურა.
ტრიფონ რომანოზის ძე თაბუკაშვილი დაიბადა 1866 წლის 1 თებერვალს, შორაპნის მაზრის სოფელ ფარცხნალში. დაწყებითი სწავლა მან ადგილობრივ სოფლის სკოლაში მიიღო. საშუალო პედაგოგიური განათლების შესაძენად იგი ხოის საოსტატო (სამასწავლებლო) სემინარიაში შევიდა. უკვე საკმარისად გაცნობიერებული იყო ახალგაზრდა ტრიფონ თაბუკაშვილი, როდესაც ხონის სემინარიას ცნობილი შავრაზმელი სოკოლოვი მოევლინა დირექტორად. სოკოლოვმა იმდენად მკაცრი და სასტიკი რეჟიმი გაამეფა სემინარიაში, რომ საკადრისი ფიზიკური შეურაცხყოფაც მიიღო მოსწავლეებისაგან. ტრიფონ თაბუკაშვილი სემინარიის მოსწავლეთა ამ „რევოლუციური” ჯგუფის აქტიური წევრი იყო და სასწავლებლიდან გამორიცხვას ძლივს გადაურჩა.
1886 წელს ტრიფონ თაბუკაშვილმა დაასრულა ხონის საოსტატო სემინარიის კურსი. ახალგაზრდა პედაგოგი სოფელ ძიმითის (გურია) დაწყებითი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. მხოლოდ ორი წელი ემსახურა ტრიფონ თაბუკაშვილი გურიაში ახალი თაობის სწავლა-აღზრდის საყვარელ საქმეს, მაგრამ ამ მეტად მოკლე ხნის განამვლობაშიც მოსწავლეთა და მოსახლეობის უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მოპოვა.
1888 წელს ტრიფონ თაბუკაშვილი ხარაგაულის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად გადმოიყვანეს. სრული რვა წელი დაჰყო მან ხარაგაულის სასწავლებელში და თავისი ენერგიული და ნაყოფიერი პედაგოგიური მუშაობით იმდენად გაითქვა სახელი საზოგადოებაში, რომ 1896 წელს იგი ხონის საოსტატო სემინარიაში მიიწვიეს მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად და სემინარიელთა საცდელი გაკვეთილების ხელმძღვანელად ქართულ ენაში.
ხონის სემინარიაში ფართოდ გაიშალა ტრიფონ თაბუკაშვილის პედაგოგიური მოღვაწეობა. იგი არა მარტო მოსამზადებელი კლასის მოსწავლეთა, არამედ თვით სემინარიელთა ყველაზე საყვარელი აღმზრდელი პედაგოგი იყო.
ტრიფო თაბუკაშვილის ავტორიტეტის ზრდას სემინარიის მოსწავლეებში ვერ ითმენდნენ სემინარიის შავრაზმელი მესვეურები, რომელთა შემადგენლობაში იყვნენ დირექტორი დევიცკი, კაცისმკვლელი ნიკოლაევი, ჟანდარმთხუცესი ზემსკი და სხვა. ამათ შექმნეს სემინარიაში სულისშემხუთველი რეჟიმი, ჯაშუშური წრეები და სასტიკი დევნა დაუწყეს ქართულ ენას. ტრიფონ თაბუკაშვილი ერთი პირველთაგანი შეებრძოლა დევიცკის ამ რეაქციულ რეჟიმსა და რუსიფიკატორულ მოქმედებას და კიდეც ემსხვერპლა ამ საქმეს. სემინარიის დირექტორმა დევიცკიმ ტრიფონ თაბუკაშვილი კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის წინაშე დააბეზღა, რუსეთის ისტორიას დამახინჯებულად ასწავლის და რყვნის მოსწავლეებსო. ამის შედეგად ტრიფონ თაბუკაშვილი 1904 წელს, პოლიტიკურად არაკეთილსაიმედოობის გამო, მზრუნველმა დაითხოვა ხონის სემინარიიდან და დასჯის მიზნთ ახალქალაქში გადაიყვანა მასწავლებლად.
ტრიფონ თაბუკაშვილი იმდენს ეცადა, რომ ცოტა ხნის შემდეგ ისევ აღიდგინა თავი ხონის სემინარიაში. იგი ისევ ჩვეული ენერგიითა და მეტი პრინციპულობით შეუდგა სემინარიის ახალგაზრდობაში პროგრესული იდეების გავრცელებასა და მათი სწავლა-აღზრდის ჯანსაღ პედაგოგიურ პრინციპებზე დამყარებისათვის ბრძოლას. ტრიფონ თაბუკაშვილმა სასტიკად ამხილა (1910-1911) კაცისმკვლელი მასწავლებლის – ნიკოლაევის ბოროტმოქმედება, რითაც სასწავლო ოლქის ადმინისტრაციას ხელმეორედ მიეცა საბაბი მებრძოლი პედაგოგის ხონის სემინარიიდან მოშორებისა. „თქვენი მუშაობა ქართველთა შორის შეუძლებელიაო”, – მოახსენა მას კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა რუდოლფმა და განჯაში გადაისროლა რუსული ენისა და ისტორიის მასწავლებლად. ტრიფონ თაბუკაშვილს არც განჯაში შეუნელებია პედაგოგიური მოღვაწეობა. იგი საუკეთესო პედაგოგად იქნა აღიარებული აზერბაიჯანელ მოსახლეობასა და მოწინავე საზოგადოებაში.
მხოლოდ 1917 წელს, რევოლუციის გარიჟრაჟზე, გახდა შესაძლებელი ტრიფონ თაბუკაშვილის გადმოყვანა საქართველოში სამუშაოდ. იგი ახლა, ხარაგაულის საზოგადოების მოთხოვნით, ხარაგაულის სკოლსი გამგედ იქნა დანიშნული. აქ იგი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. აქედან ტრიფონ თაბუკაშვილი ქ. თბილისში გადმოვიდა სამუშაოდ. უკანასკნელად იგი თბილისის ცენტრალურ პედაგოგიურ ინსტიტუტში მოღვაწეობდა.
ტრიფონ თაბუკაშვილი გარდაიცვალა 1926 წლის 11 იანვარს.
თავისი მდიდარი პედაგოგიურ-მეთოდური გამოცდილება ტრიფონ თაბუკაშვილმა არა მარტო ყოველდღიურ პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოიყენა და ნაყოფიერად დანერგა, არამედ საფუძვლად დაუდო იმ სასკოლო სახელმძღვანელოებსა და მეთოდიკურ ნაშრომებსაც, რომლებიც მის კალამს ეკუთვნის.
ტრიფონ თაბუკაშვილის შემოქქმედებითი პედაგოგიური მუშაობა მთელი ძალით მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში გაიშალა. იგი დიდი ენერგიითა და გულმოდგინებით შეუდგა ახალგაზრდა საბჭოთა ქართული სკოლისათვის სახელმძღვანელო წიგნებსი შედგენას. იგი ყო ავტორი ერთ დროს ჩვენს სკოლებში საკმაოდ ცნობილი და პოპულარული ქართული ენის სახელმძღვანელოებისა – „განთიადისა” და „აისისა”. „განთიადი” შედგენილი იყო ორ ნაწილად (გამოიცა 1923 და 1924 წლებში) და განკუთვნილი იყო შრომის სკოლის III და IV ჯგუფებისათვის. ამავე დანისნულებას ემსახურებოდა „აისიც” (გამოიცა 1924 და 1925 წლებში), რომელიც აგრეთვე ორი ნაწილისაგან შედგებოდა.
ის მეთოდური გამოცდილება, რაც ტრიფონ თაბუკაშვილს ქართული ენის სწავლების დარგში ჰქონდა დაგროვილი, მან საუკეთესოდ ჩამოაყალიბა და დაალაგა თავისი ცნობილ მეთოდიკურ ნაშრომებში (“მეთოდიკური შენიშვნები გრრამტიკის სწავლების შესახებ”, 1923 და „სასვენი ნიშნების ხმარება”, 1925).
ტრიფონ თაბუკაშვილის მთელი პრაქტიკული და თეორიული პედაგოგიური მოღვაწეობა ემყარება მის ძირითად დებულებას, რომ „ყოველი შეგნებული და პატიოსანი მასწავლებელი თავის უდიდეს, სათაყვანო მიზნად ისახავს მოწაფეთა ზნეობრივ-გონებრივ განვითარებას და სწორ გზაზე დაყენებას, რომ შემდგომ, როცა ისინი სკოლის კედლებს გასცილდებიან, დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებენ, იმათ შეეძლოთ საკუთარი შრომით გააფართოვონ, გააღრმავონ და იმ დონემდე ამაღლდნენ, რომ ღირსეულად ატარებდნენ საზოგადოების კეთილშობილი და სახარბიელო წევრის სახელს” (“სასვენი ნიშნების ხმარება”, 1927, გვ. 3).
ადამიანის სწავლა-განათლების ამ უმთავრესი მიზნის მიღწევის არსებითსა და უპირველეს საშუალებას სკოლაში შეგნებული სწავლების განხორციელება შეადგენს. „მთელი ჩვენი ძალ-ღონე უნდა ტრიალებდეს იმის გარშემო, რომ სწავლა შეგნებით წარმოებდეს, მოწაფეების ჭკუა-გონება მუშაობდეს და რაღაც ნიშნების მიხედვით ზეპირობას ადგილი არ ჰქონდეს... ჩვენც შეუდრეკელის ნებისყოფით ვეცადოთ ავიცდინოთ თავიდან და ავაცდინოთ ჩვენს მოწაფეებს ყოველივე ის, რაც მექანიკურ მუშაობას ქმნის და მუდამ გვეკეროს ენაზე, რომ სწავლისათვის საჭიროა სამი რამ: შეგნება, შეგნება და შეგნება!!!” – წერდა ტრიფონ თაბუკაშვილი მასწავლებლის საყურადღებოდ (იხ. „მეთოდიკური შენიშვნები გრამატიკის სწავლების შესახებ”, 1923, გვ. 78-79). შეუგნებელი სწავლება „აჩლუნგებს ადამიანის გონებას, მის აზროვნება-მოსაზრებას და, ცხადია, ხელს უშლის როგორც განსაზღვრული საგნის შესწავლას, ისე საერთოდ მის განვითარებას” (იქვე, გვ. 3); ხოლო შენებული სწავლება პირიქით, ცოდნის საფუძვლიანად და ღრმად შეთვისების პირობაც არის და მოსწავლის ძალებისა და უნარის სრულყოფილი განვითარების საშუალებაც. აიტომ მიაჩნია ტრიფონ თაბუკაშვილს შეგნებულობა სწავლა-განათლების ძირითად კანონად.
შეგნებული სწავლების ამოცანას მოსწავლეთა „შემოქმეებითი ნიჭის გაღვიძება და ამუშავება” შეადგენს, რაც მხოლოდ მაშინ იქნება მიღწეული, როდესაც „მოწაფეების აქტიფვობას ყოველთვის და ყველაფერში დიდი ადგილი აქვს დათმობილი” (“აისი”, ნაწ. I, წინასიტყვაობა, გვ. 4), როდესაც მოსწავლეთა „აქტიობა, თვითმოქმედება და შრომის უნარი” კაცობრიობის მიერ დღემდე დაგროვილი ცოდნის საფუძვლიანად შეთვისებას მოხმარდება. ამიტომ მასწავლებელმა სწავლების პროცესში უნდა მიაღწიოს იმას, რომ „თითოეული სიტყვა, ყოველი ფრაზა ადვილად, ნათლად გაგებული იყოს მოწაფის მიერ და მისი ცოდნის სალაროში დარჩეს თავის ადგილზე სახმარებლად და ბურუსში არ იყოს გახვეული ტვინი”, – წერდა ტრიფონ თაბუკაშვილი (“მეთოდიკური შენიშვნები”, გვ. 4).
პედაგოგიურ მუშაობაში შეგნებული სწავლების განხორციელების ერთ-ერთ ძირითად პირობას სწავლების თვალსაჩინოების პრინციპზე დამყარება შეადგენს. ამიტომ, „სადაც კი შესაძლებელია, ფართოდ უნდა ვხმარობდეთ თვალსაჩინოებას როგორც შინაგანს, აგრეთვე გარეგანს: საგნების და მოქმედების ჩვენება, აზრთა და საგანთა სხვადასხვა მხრით შედარება, წერა და სხვა” (იქვე, გვ. 76). ამისათვის იისიცაა საჭირო, რომ სასწავლო „საგნებს შორის კავშირი არსებობდეს და ერთი საგნის სწავლება მეორეს ეხმარებოდეს”, რომ მოსწავლებმა გამთლიანებული და სისტემაში მოყვანილი ცოდნა მიიღონ, რომლის გამოყენებაც მათ ადვილად შეეძლებათ.
ტრიფონ თაბუკაშვილი თავის პრაქტიკულ პედაგოგიურ მუშაობასა და მის მიერ შედგენილ სასკოლო სახელმძღვანელოებში ყოველთვის ცდილობდა ძირითადი პედაგოგიკურ-დიდაქტიკური პრინციპების განაღდებას. იგი ისეთ სასწავლო მასალებს აარჩევდა სახელმძღვანელოებისათვის, რომლებიც მოსწავლეებს გონებრივად განავითარებდა და ზნეობრივად აამაღლებდა და გაასპეტაკებდა.
ყველაზე მეტი ღვაწლი ტრიფონ თაბუკაშვილმა ჩვენს სკოლებში ქართული ენის სწავლების გაუმჯობესების საქმეს დასდო. „ერთ მთავარ მიზნად სკოლაში ენის შესწავლა უნდა იყოს დასახული, რადგან ის არის საუკეთესო იარაღი ადამიანის ყოველმხრივი განვითარებისათვის”, – წერდა იგი (“აისი”, II ნაწილი, გვ. 1). ამიტომაც იგი გულმოდგინედ და დაწვრილებით ამუშავებდა ქართული ენის სწავლების გაუმჯობესების გადაუდებელ საკითხებს. თავის მეთოდიკურ ნაშრომში მან საფუძვლიანად ჩამოყალიბა ჩვენს სკოლებში გრამატიკის სწავლების ძირითადი კანონები და წესები. ამოსავალ პრინციპად გრამატიკის სწავლებაში ტრიფონ თაბუკაშვილმა მიიღო დებულება: „საუკეთესო მეთოდად უნდა ჩაითვალოს ის გზა, როცა თეორია და პრაქტიკა დაკავშირებულია და ერთმანეთს ეხმარება” (“მეთოდიკური შენიშვნები”, გვ. 7) და მის ნიადაგზე დაასაბუთა, რომ „გრამატიკა უნდა ისწავლებოდეს არა განყენებულად, მოწაფეებისათვის გაუგებარი წესების ზეპირობის შემწეობით”, არამედ „პრაქტიკული ვარჯიშობის გზით”. გრამატიკული თეორია უნდა ეხმარებოდეს „პრაქტიკულ მეთოდს”. „ჯერ მაგალითები, დიდი ხნის ვარჯიშობა და შემდეგ დასკვნა”, – ასეთი უნდა იყოს გრამატიკის სწავლების მართებული გზა. „ყოვლად მიუღებელია პირველ ხანებში გრამატიკული ტერმინების ხმარება: ის ნელ-ნელა უნდა შედიოდეს ხმარებაში მხოლოდ მის შემდეგ, რა დასმული საკითხი ნათლად აქვთ გაგებული და შესწავლილი მოსწავლეებს და ხანგრძლივი ვარჯიშობით იმის გასაგებადაც შემზადებულნი არიან, თუ საიდან წარმოსდგა ტერმინი”. „ცოტა გვიან შეიძლება მოვთხოვოთ მოწაფეებს გადმოცემა ზოგიერთი მარტივი განმარტებისა, მაგრამ პირველ ხანებში უფრო ვრცლად მოწაფეთა სიტყვარიდან ამოღებული სიტყვებით; შემდეგ უფროს კლასებსი უფრო მოკლე ფრაზებში; მაგრამ სიტყვასიტყვით განმარტების გაზეპირება არ არის საჭირო” (იქვე, გვ. 76-77) და სხვა.
ტრიფონ თაბუკაშვილის ეს მეთოდიკური შენიშვნები იმდენად ხანგრძლივ პედაგოგიურ დაკვირვებას და მდიდარ გამოცდიელბას ემყარება, რომ ამჟამადაც გამოდგება იმ ძირითად საშუალებად, რამაც უდნა უზრუნველყოს ფორმალიზმის აღმოფხვრა გრამატიკის სწავლებაში, რომელსაც ჩვენს სკოლებში ჯერ კიდევ აქვს ადგილი.
ძალზე დიდი სამსახური გაუწია ჩვენს ახალგაზრდობას ტრიფონ თაბუკაშივლის მეორე მეთოდიკურმა ნაშრომმაც სასვენი ნიშნების მართებულად ხმარების წესების შეთვისებაში.
ტრიფონ თაბუკაშვილი პრინციპული და მებრძოლი სახალხო მასწვლებელი იყო. იგი ათეული წლების განმავლობაშ იემსახურებოდა ქართველ საზოგადოებას, ახალგაზრდობაში სწავლა-განათლების დანერგვა-გავრცელების საშვილიშვილო საქმეს. მისი ენერგიული, გულთბილი და გულისხმიერი შემოქმედდებითი პედაგოგიური მოღვაწეობით ტრიფონ თაბუკაშვილმა მოსწავლე თაობებსა და საზოგადოებაში საყვარელი აღმზრდელი პედაგოგის უჭკობი სახელი მოიხვეჭა და ქართული პედაგოგიკურ-მეთოდიკური აზროვნების სალაროშიც მოკრძალებით შეიტანა თავისი არც თუ მცირედი წვლილი.