ნიკოლოზ შიუკაშვილი (1870-1938)
ცნობილი ქართველი პედაგოგი, დრამატურგი, ბელეტრისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკო შიუკაშვილი მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა სახალხო განათლების საპატიო საქმეს (დაწყებული ახალციხის, ზაქათალისა და გორის სახალხო სკოლის მასწავლებლობით და გათავებული თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის, დრამტული სტუდიის, სახელმწიფო კონსერვატორიისა და სამხატვრო აკადემიის ლექტორობით). მან წლების მანძილზე აღზრდა ქართველი ახალგაზრდობის რამდენიმე თაობა და თავისი სპეტაკი, უანგარო და თავდადებული მუშაობით დაიმსახურა საბჭოთა მთავრობის ღირსეული ჯილდო (ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება).
ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილი დაიბადა 1870 წლის 17 მაისს თელავის მაზრის სოფელ ზემო ხოდაშენში.
მშობლებმა 8 წლის ნიკო მიაბარეს თელავის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1885 წელს. 15 წლის ნიკო მამამისმა თბილისში ჩაიყვანა სწავლის გასაგრძელებლად და იმავე, 1885 წლის სექტემბერში მიაღებინა სასულიერო სემინარიაში და საცხოვრებლად მოაწყო ახალგაზრდა ბებია-ქალთან ბარბარე შაგინოვასთან, რომელთანაც იკრიბებოდა რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდობა (ვალერიან გუნია, ვანო მაჭავარიანი, ნიკოლოზ ასათიანი, ანტონოვსკაია და სხვები). პატარა ნიკოც ძალაუნებურად ჩაება მათ წრეში. ეს ის დრო იყო, როცა მეფის ბიუროკრატიულმა მოხელემ – შავრაზმელმა რექტორმა ჩუდეცკიმ სემინარიაში შემოიღო იეზუიტური წესები და მოსწავლეთა სულის შემხუთავი ატმოსფერო გაამეფა. ნიკო შიუკაშვილის ბუნება ვერ შეეგუა იეზუიტურ წესებს და 1886 წლის მაისის ბოლოს მან თავი დაანება თბილისის სასულიერო სემინარიას.
ამის შემდეგ ნიკო შიუკაშვილი, მშობლების დახმარებით, შედის თბილისის ე. წ. ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში, სადაც შედარებით უკეთესი პირობები იყო აღზრდისა და სწავლისათვის. მოსწავლეებს შეეძლოთ წიგნები და ჟურნალ-გაზეთებიც ეკითხათ და გაეფართოებინათ თავიანთი გონებრივი ჰორიზონტი. აქ ნიკო გატაცებით დაეწაფა მშობლიურ და რუსულ ლიტერატურას, თვითონაც წერდა პატარ-პატარა მოთხრობებს, მინიატურებსა და ნოველებს, რომლებიც საერთო რვეულში შეჰქონდა და საიდუმლოდ, სათუთად ინახავდა თავისი დიასახლისის სახლში. ერთხელ, როდესაც ნიკო შიუკაშვილის წიგნები და სასწავლო ნივთები დაელაგებინა დიასახლისს, შემთხვევით ეს ხელნაწერი რვეულიც ენახა და გადაეთვალიერებინა, ისე მოსწონებოდა მისი ნაწერები, რომ ნიკოს დაუკითხავად ეჩვენებინა ვალერიან გუნიასთვის, რომელსაც იგი ჟურნალ „თეატრში” დაუბეჭდავს. აქედან იწყება ნიკო შიუკაშვილის სამწერლო დებიუტი, ამ დღიდან მას კალამი ხელიდან აღარ გაუგდია, სისტემატურად მონაწილეობდა იმდროინდელ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ჩვენი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე ხშირად აქვეყნებდა საინტერესო კორესპონდენციებს.
ნიკო შიუკაშვილი მოწაფეობსი დროს გაეცნო ქართულ თეატრსაც – ვალერიან გუნიას შემწეობით იგი მუდმივი სტუმარი იყო ქართული წარმოდგენებისა.
სამასწავლებლო ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, 1892 წლიდან ნიკო შიუკაშვილი დანიშნეს სახალხო სკოლის მსწავლებლად ჯერ სოფელ საცხენისში, ხოლო 1894 წელს ახალციხეში, სადაც მისვლისთანავე დაუახლოვდა ადგილობრივ მოსახლეობას და ინტელიგენციას. სათავეში ჩაუდგა სცენისოყვარეთა მუდმივ დასს, მისი ინიციატივით ხშირად ეწყობოდა წარმოდგენები და შემოსული თანხები საქველმოქმედო საქმეს ხმარდებოდა.
ახალციხეში პედაგოგიური მოღვაწეობის დროს მან დაწერა თავისი პირველი დრამატული თხზულება (“გამხმარი ფოთოლი”).
ნიკო შიუკაშვილის პირველი ცდა დრამატურგიაში წარმატებით დაგვირგვინდა; მისი დრამა იდგმებოდა არა მარტო ახალციხეში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებსა და პროვინციებშიც. მალე ამ პიესას მოჰყვა ნიკო შიუკაშვილის მეორე ოთხმოქმედებიანი დრამა „მეგობრობა”, რომელმაც არანაკლები მოწონება დაიმსახურა.
ამ პიესებმა ნათლად დაანახა საზოგადოებას, რომ მისი ავტორი უთუოდ ღრმად იცნობს ცხოვრებას. მან ლამაზი და სხარტი დიალოგებით, წინდა ლიტერატურული ქართულით თავიდანვე მიიპყრო აუდიტორიის ყურადღება.
ნიკო შიუკაშვილი თავის შემოქმედებას ყოველთვის კრიტიკულად უდგებოდა: თავის ნამოღვაწარს, ვიდრე ფართო საზოგადოებაში გაიტანდა, ჯერ თავის ახლობელ მეგობრებს გააცნობდა, მათ შენიშვნებს მოისმენდა და, თუ საჭიროდ დაინახავდა, შესწორებები შეჰქონდა თხზულებაში.
ამ მხრივ, საყურადღებოა მისი პირადი წერილები ცნობილ მწერალსა და საზოგადო მოღვაწესთან – ალექსანდრე ყიფშიძესთან (ფრონელთან), გულის საიდუმლოს ხშირად მას ანდობდა და ეკითხებოდა თავისი შემოქმედების სტილის, სიუჟეტის, ენის სიწმინდის, ტიპაჯისა და სხვათა შესახებ.
ალექსანდრე ყიფშიძე აღფრთოვანებული იყო ნიკო შიუკაშვილის წმინდა ქართული ენითა და შემოქმედებითი ნიჭით, თუმცა პიესის ამა თუ იმ ნაკლზე ყოველთვის მიუთითებდა, სათანადო შენიშვნებს აძლევდა.
ახალციხეში ნიკო შიუკაშვილმა დიდი ამაგი დასდო სახალხო განათლების საქმეს, გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა, სათავეში ჩაუდგა სხვადასხვა კულტურულ საქმიანობას, ეხმარებოდა ღარიბ და ხელმოკლე ოჯახებიდან გამოსულ ნიჭიერ ახალგაზრდებს – უფასოდ აძლევდა სახელმძღვანელოებსა და სასწავლო ნივთებს; ხშირად ექომაგებოდა დაბეჩავებულ გლეხკაცობას და აკრიტიკებდა ახალციხელ ბიუროკრატ მოხელეებს, რომლებიც მშომელებს უსამართლოდ ავიწროებდნენ. სწორედ ეს შეიქმნა მიზეზი, რომ ნიკო შიუკაშვილი მეფის ხელისუფლებამ დასჯის მიზნით ახალციხიდან გადაიყვანა ახალალაქში დაწყებითი კლასების მასწავლებლად, მაგრამ აქ იგი დიდხანს აღარ დარჩეინლა და 1908 წლიდან გადავიდა ზაქათალაში. იგი აქაც ჩვეული ენერგიით შუდგა მუშაობას. ზაქათალის სამაზრო სკოლასთან ჩამოაყალიბა მუსიკალური (სასულე ორკესტრის) წრე, შეადგინა მუდმივი დრამატული დასი და განათლების სპეტაკ საქმეს უანგაროდ ემსახურებოდა. ამავე დროს იგი ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა. სწორედ ზაქათალაში ყოფნისას დაწერა მან სამმოქმედებიანი პიესები: „მთის ზღაპარი” და „სულელი”, ოტხმოქმედებიანი დრამა „ციცინათელა”, დრამატული ეტიუდი „მხოლოდ ერთხელ” და სხვა.
ნიკო შიუკაშვილი თანაუგრძნობდა 1905 წლის რევოლუციას, ხოლო რევოლუციის დამარცხება მასწავლებელი გააღვივა პროტესტანტული სული. მან მთელი სისასტიკით გამოხატა ამ უკანასკნელ პიესაში თავისი განწყობილება ცარიზმის წინააღმდეგ.
ნიკო ზაქათალაში 1908 წლიდან 1912 წლამდე ნაყოფიერ კულტურულ-საგანმანათლებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა როგორც სამაზრო სასწავლებლის ინსპექტორი, დრამატული დასის ხელმძღვანელი-რეჟისორი, დრამატურგი და მთავარი როლების შემსრულებელი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი ვიოლინოზე შესანიშნავი დამკვირელი და მომღერალი იყო.
1912 წელს ნიკო დანიშნეს ქ. გორის სამოქალაქო სკოლის ინსპექტორად და მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად.
ნიკო შიუკაშვილი მონდომებით შეუდგა აქ მოღვაწეობას, სულ მალე დაუახლოვდა გორის ინტელიგენციას და გაშალა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა. ილია ჭავჭავაძის დავალებით იგი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” რწმუნებული ქალაქ გორში, სადაც მართავდა საქველმოქმედო მიზნით წარმოდგენებს. გორში იგი მოღვაწეობდა 1912 წლიდან 1918 წლამდე.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი კითხულობდა ლექციებს დიქციისა და მეტყველების შესახებ თბილისის თეატრალურ ინსტიტუტსა და სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხოლო შემდეგ ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა პედაგოგიურ ინსტიტუტსა და სამხატვრო აკადემიაში. ამავე დროს ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას. ნიკო შიუკაშვილის კალამს ეკუთვნის ოცდაექვსამდე სხვადასხვა ჟანრის პიესა, რომელთა შორის აღსანიშნავია: „ციცინათელა” (დრამა 4 მოქმედებად, 1909), „როსტევან” (ისტორიული დრამა 5 მოქმედებად, 1914), „მადლობა” (პიესა 4 მოქმედებად, 1918), „დომხალი” (კომედია 4 მოქმედებად, 1927), „გვირგვინი” (სატირა 4 მოქმედებად, 1926), „სულელი” (პიესა 4 მოქმედებად, 1936), „სიცოცხლე” (კომედია 4 მოქმედებად, 1937), „ახალი ცხოვრებისაკენ” (პიესა 4 მოქმედებად), „დიექტორი სურმაძე” და სხვ.
საბავშვო პიესებიდან საყურადღებოა ისი „ბეკეკა” და „ჯაშუში”. მან უკანასკნელად დაწერა პიესა „მზე შინა და მზე გარეთა”, რომელიც გადმოგვცემს სოციალისტური ცხოვრების წარმტაც სინამდვილეს, სადაც სოციალიზმის მზე ანათებს შინაც და გარეთაც და თავდადებული შრომის შედეგად ცხოვრება საამური გახდარა.
ნიკო შიუკაშვილს დაწერილი აქვს აგრეთვე რამდენიმე მოთხრობა, მინიატურა და ლექსები (“დედის სურათი”, „სამი სურათი”, „მთვრალი” და სხვ.).
მასვე ეკუთვნის ქართულ ენაზე შედგენილი სახელმძღვანელო „დიქცია და მხატვრული მეტყველება” (1926).
მთავრობამ ღირსეულად დააფასა ნიკო შიუკაშვილის ღვაწლი და 1932 წელს მას მიანიჭა საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
ღვაწლმოსილი პედაგოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ნიკო შიუკაშვილი გარდაიცვალა 1938 წლის 14 აგვისტოს, დაკრძალულია თბილისში, ქართველ მოღვაწეთა ვაკის სასაფლაოს პანთეონში.