გიგო (გიორგი) შარაშიძე (1848-1932)
გიგო (გიორგი) დავითის ძე შარაშიძე სახალხო განათლების დარგის თავდადებულ მუშაკთა რიცხვს ეკუთვნის. თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე გიგო შარაშიძეს მუდამ ამოძრავებდა ხალხისადმი სამსახურის სურვილი და პედაგოგიურ დარგში მუშაობით შეძლებისდაგვარად ცდილობდა, სარგებლობა მოეტანა საზოგადოებისათვის.
გიგო შარაშიძე დაიბადა 1848 წელს სოფელ საყვავისტყეში (ჩოხატაური). ქართული წერა-კითხვა დედამ ასწავლა შინ. 12 წლისა იქნებოდა, როდესაც ქუთაისის საბაღოსნო სასწავლებელში მოეწყო, სადაც მხოლოდ 7 თვემდე დაჰყო, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მოახერხა რუსული წერა-კითხვის საკმაოდ შესწავლა. შემდეგ სწავლა განაგრძო ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში, რომელიც დედის გარდაცვალების გამო არ დაუმთავრებია.
ამის შემდეგ გიგო შარაშიძემ გულმოდგინედ მოკიდა ხელი თვითგანვითარებას, სახალხო მასწავლებლობისათვის მოემზადა და 1869 წლიდან მუშაობა დაიწყო სოფელ ძიმითის სკოლაში. ამ პერიოდში ის გაეცნო ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწესა და მასწავლებელს პეტრე უმიკაშვილს, რომელმაც ახალგაზრდა გიგო შარაშიძეზე დიდი გავლენა მოახდინა. პეტრე უმიკაშვილი სისტემატიურად აწვდიდა მას სხვადასხვა წიგნებსა და გაზეთებს.
სოფელ ძიმითის სკოლაში გიგო შარაშიძე ხუთ წელიწადს დარჩა, რის შემდეგაც იგი მასწავლებლად გადავიდა სოფელ ბახვში, სადაც საკუთარი სახსრებით გაბრიელ ქიქოძემ გახსნა სკოლა. სოფელ ბახვში ყოფნის დროს გიგო შარაშიძე აქტიურად ჩაება ხალხოსნურ მოძრაობაში და მისი ინიციატივით ბახვსა და სოფელ ლიხაურში ხალხოსანთა წრეები ჩამოყალიბდა. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ცნობილ ხალხოსან ის. ქიქოძესთან, მიხეილ ყიფიანთან და სხვებთან, რომელთა დავალებითაც რუსეთიდან და საზღვარგარეთიდან მიღებულ რევოლუციურ ლიტერატურას ბახვის ტყეში სპეციალურად ამისათვის ჩამარხულ ქვევრებში ინახავდა და შემდეგ ხალხში ავრცელებდა.
გიგო შარაშიძის რევოლუციური მუშაობა ყურადღებიდან არ გამოპარვიათ თვითმპყრობელობის აგენტებს. 70-იან წლებში გიგო შარაშიძე გაჩხრიკეს და რამდენიმე ხნით დააპატიმრეს. განთავისუფლების შემდეგ ახალგაზრდა მასწავლებელი სამი წლის განმავლობაში პოლიციის სასტიკი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
ბახვის სკოლაში მუშაობას, თავის მეუღლე ნინოსთან ერთად, გიგო შარაშიძემ ენერგიულად მოკიდა ხელი. 1875 წელს გაზეთ „დროების” კორესპონდენტი წერდა: „ეს სკოლა (ბახვის სკოლა – მ. კ.) ითვლება საუკეთესო სასწავლებლად ყველა სოფლისა და, მე მგონია სამაზრო სკოლებშიც. შენობა ორსართულიანია და იტევს 138 მოწაფეს ერთი გონიერი მასწავლებლის ხელმძღვანელობით, რომელიც ახალი მეთოდის საშუალებით ასწავლის”.
სოფელ ბახვში მასწავლებლობის პერიოდში გიგო შარაშიძეს ხშირად მოსვლია უსიამოვნება მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებთან (მაგ., ლევიცკი და სხვ.), რომლებიც რუსიფიკატორიული პოლიტიკის გატარებასა და ე. წ. „მუნჯური მეთოდით” ქართველი ბავშვებისათვის საგნების სწავლებას მოითხოვდნენ.
მაგრამ მოწინავე იდეებით გამსჭვალული გიგო შარაშიძე ყოველთვის საღი პედაგოგიური მეთოდის გამოყენებით ასწავლიდა მოსწავლეებს და, მიუხედავად სასტიკი დევნისა, სახელმძღვანელოებად სკოლებში იყენებდა იაკობ გოგებაშვილისა და კონსტანტინე უშინსკის წიგნებს.
გიგო შარაშიძეს სოფლის მოსახლეობაში უდიდესი სიყვარული და ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული. მიუხედავად ამისა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ხალხისათვის თავდადებულ მასწავლებელს დიდ უსიამოვნებას აყენებდნენ და სრულიად დაუმსახურებლად ცილს წამებდნენ, მაგრამ გიგო შარაშიძეს ამის გამო სოფლის სკოლაში მუშაობა არ მიუტოვებია და „მყუდრო ადგილის” ძებნა არ დაუწყია.
1899 წლის „კვალის” მე-8 ნომერში დასტამბულია კოესპონდენცია, რომლის ავტორიც ლაპარაკობს ბახვის მამასახლისის უმსგავსო საქციელზე და სხვათა შორის, კიცხავს ბახვის სკოლის მასწავლებელსაც (გვარის დაუსახელებლად).
როგორც გიგო შარაშიძის პასუხიდან ჩანს, კორესპონდენტი თურმე მას გულისხმობდა, და წერს: „ნიშანში ამოღებული ბახვის სკოლის ერთი პედაგოგი მას აგმოჰყავს მეტად უსაქციელო პირად. მართლაც, ვინ იტყვის, რომ გაკიცხვისა და დაძრახვის ღირსი არ იყოს ის სოფლის მასწავლებელი, რომელსაც ისე დაუმცირებია თავისი წმინდა მოვალეობის ღირსება, ისე დაუმდაბლებია მასწავლებლის მაღალზნეობითი სახე, რომ სოფლის მოხელეთა ურიგო საქციელის დამცველ-მფარველი გამხდარა”.
მაგრამ მთელი ბრალდება გიგო შარაშიძის წინააღმდეგ პირად ნიადაგზე ყოფილა აგებული, რასაც „კვალის” რედაქციის შენიშვნა მოწმობს: „წერილი ბახვის სკოლის შესახებ უკვე მივიღეთ. შიგ მოთხრობილი ფაქტები ისეთი ხასიათის არიან, რომ ჩვენ საჭიროდ დავინახეთ მისი შემოწმება კერძო გამოძიებით. ამ გამოძიების შედეგია ის, რომ წერილი აღარ დაიბეჭდება... ფარდის იქით ამბავი ჩვენს კორესპონდენტს, როგორც გარეშე პირს, არ ცოდნია და მით შეცდომაში შეუყვანიათ”.
მაგრამ ასეთი უსიამოვნო შემთხვევები სოფლის მასწავლებელთა შორის მარტო ერთეულებს როდი ხვდებოდათ. მათი უმრავლესობა ხშირად განიცდიდა დევნას ბიუროკრატიული მმართველობისაგან. ეს იმ დროს, როდესაც სოფლის სკოლებში მასწავლებლობა არცთუ ისე სახარბიელო და მიმზიდველი იყო თვითმპყრობელობის შეუზღუდავი ბატონობის პირობებში.
გიგო შარაშიძე 1905 წელს მასწავლებლობდა ახალციხის სამოქალაქო სასწავლებელთან გახსნილ დამატებით კლასებში, ხოლო შემდეგ ჭიათურის ქალთა სასწავლებელში. მისი ერთი ბიოგრაფის სიტყვით, „გიგოს ზრუნვა მოწაფეებზე მარტო სასწავლებლსი კედლებით არ ისაზღვრებოდა. ბახვის სკოლაში სწავლა-დამთავრებულ ნიჭიერ მოწაფეებს გზას უკვლევდა. ხშირად თვითონვე ამზადებდა უსასყიდლოთ და სწავლის გაგრძობაში შველოდა”.
გიგო შარაშიძე გარდაიცვალა 1932 წელს ღრმად მოხუცებული. გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, გიგო შარაშიძე პრესაშიც წერდა უმთავრესად სოფლის მეურნეობის საკითხებზე. მის ორი ნაშრომი „ვაზის ექვსი საუკეთესო გურული ჯიშის ამპელოგრაფია” და „გურიაში შეგროვებული სალექსიკონო მასალა” თავის დროზე ვრცლად გამოიყენა აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა და ამ ნაშრომთა დიდი ღირსება აღნიშნა.
გიგო შარაშიძის „გურული ლექსიკონი” დაიბეჭდა პროფესორ ვუკოლ ბერიძის რედაქტორობით გამოსულ კრებულში „გურული, ზემოიმერული და ლეჩხუმური ლექსიკონი” (1938). გიგო შარაშიძის ნაშრომის შესახებ პროფესორი ვუკოლ ბერიძე საგანგებოდ აღნიშნავს: „გიგო შარაშიძემ მთელი თავისი ხანგრძლივი მუშაობა პედაგოგიურ ასპარეზზე (თითქმის სამოცი წელი) გურიაში გაატარა. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო მას გასცნობოდა გურიის ყველა კუთხეს და მის მეტად საგულისხმო ენობრივ ფაქტებს მრავალი ათეული წლიასს. მის ლექსიკონშიაც მოცემული ენობრივი მასალა წვდება თითქმის მთელ საუკუნეს. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ შიგ მოიპოვება ბევრი ისეთი სიტყვა, რომლებიც დროთა ვითარებაში, ძველი ყოფის შეცვლასთან დაკავშირებით, დავიწყებულა, უკვე არ იხმარება, მაგრამ ენის ისტორიისათვის მაინც უდიდესი მნიშვნელობისაა”.
გიგო შარაშიძეს გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე საინტერესო წერილები გურიის სახალხო სკოლების ისტორიიდანაც, რომლებიც სახალხო განათლების ისტორიის მკვლევარისთვის საგულისხმო მასალებს შეიცავს.