ერმილე შარაშიძე (1860-1939)
ავტორი: არსენ მამულაიშვილი ერმილე დავითის ძე შარაშიძე დაიბადა 1860 წელს სოფელ დაბლაციხეს (ჩოხატაური). ოზურგეთის საქალაქო სასწავლებლის კურსის დამთავრების შემდეგ შევიდა ხონის საოსტატო სემინარიაში. ამ სასწავლებლის სრული კურსის დამთავრება ვერ მოასწრო, 1885 წელს სემინარიის „რკინის დირექტორად” წოდებული შავრაზმელისა და ახალგაზრდების ჯალათის სოკოლოვის წინააღმდეგ მოსწავლეთა გალაშქრებაში აქტიური მონაწილეობისათვის ერმილე იძულებული შეიქნა ბოლო კურსიდან სემინარია დაეტოვებინა. ამ სამწუხარო შემთხვევის გამო ერმილეს სამი წლით დააგვიანდა პედაგოგიურ ასპარეზზე გამოსვლა. 1888 წელს მან ჩააბარა გამოცდა საქალაქო და სამრევლო სკოლების მასწავლებლობის უფლებაზე და დაიწყო მუშაობა ზუგდიდის მაზრაში. მუშაობდა ჯერ სოფელ კორცხელში და შემდეგ წალენჯიხაში და ბოლოს, თვით ზუგდიდის საქალაქო სასწავლებელში, სადაც მაშინ მოღვაწეობდა რუსიფიკატორთა აგენტი, ცნობილი თადა აშორდია. ეს ის წლები იყო, როცა კავკასიის სასწვლო ოლქის ზრუნველის იანოვსკის განკარგულებით აშორდიასა და მისთანა ჯაშუშებისა და ხალხის მოღალატეთა დახმარებით იწყებდნენ სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის სავსებით განდევნას, როგორც „არამშობლიური” ენისას და ლამობდნენ „ნამდვილი მშობლიური ენის” – მეგრული ენის შემოღებას, რისთვისაც აშორდიამ კიდევაც იკისრა „სათანადო სახელმძღვანელოს” შედგენა. “ქართული ენისა და ქართველების სწავლა-განათლების სფეროში” ამგვარი შევიწროების გამო იაკობ გოგებაშვილი თავის დროზე წერდა: „ქართული ენა სკოლებში ისე მივიწყებული და მიფუჩეჩბულია, რომ არა ვგონებ, ახლა რომელიმე სხვა ენა იყოს ამიერკავკასიაში ასე აბუჩად აგდებული... ზოგიერთ სკოლაში ქართული სასტიკად არის აკრძალული და ქართული წიგნის გაჭაჭანება ასეთ სკოლებში სასწავლო მთავრობას ნამდვილ დანაშაულობად მიაჩნია. ასეთ ყოფაშია სკოლები საქართველოს დასავლეთ პროვინციებში – სამეგრელოსა და სვანეთში”. ყოველივე ეს გამოჩენილ პედაგოგს ქართველი სახალხო მასწავლებლის „უკიდურეს გაჭირვებად” მიაჩნდა, რადგან იმავე იაკობ გოგებაშვილის აზრით, „იმოდენა დაბრკოლება ხალხის განათლებაში არც ერთ კავკასიელ ხალხს არ გადაღობებია, რამდენიც გადაეღობა ქართველ ერს ჩვენი „კურთხეული” ბიუროკრატიის წყალობით”. მიუხედავად მაშინ არსებული რეპრესიებისა, ასხალხო განათლების დარგში მოპოვებული მიღწევების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად იაკობ გოგებაშვილს სახალხო სკოლების მასწავლებელთა უმეტესი ნაწილის სამშობლოსადმი ერთგულება და ხალხის სამსახური მიაჩნდა. „მხოლოდ მათი წყალობით, – აღნიშნავს იაკობ გოგებაშვილი, – დაწინაურდა ქართველი ხალხი წიგნის ცოდნაში და ბევრად მეტი მონაწილეობა იიღო გამანთავისუფლებელ მოძრაობაში, ვიდრე კავკასიის სხვა ხალხებმა მიიღეს...” იაკობ გოგებაშვილის ამ დებულების ფაქტიური დადასტურებაა მეცხრამეტე საუკუნის მიწურულში სამეგრელოში ატეხილი მოძრაობა შავრაზმელი დეკანოზ ვოსტორგოვის პროექტის წინააღმდეგ. სწორედ ერმილე შარაშიძის, გიორგი ბოკერიას, პეტრე ჭარაიას, ივანე გეგიას, ვლადიმერ გაგუას, ესტ. შუშანიას, თ. ჭიჭინაძისა და სხვა მათ თანამებრძოლ და თანამოაზრე სახალხო მასწავლებლებმა ჩააგონეს სამეგრელოსა და სამურზაყანოს მოსახლეობას ამ გეგმის მავნებლური შინაარსი და მოღალატური ზრახვები. ხალხიც აღსდგა, ერთბაშად დაგმო პროვოკატორები და მათი „საგანმანათლებლო გეგმა”, სკოლაში არ შეუშვა იგი. სწორედ ამ დღეებსა და წლებს დაემთხვა ერმილე შარაშიძის მუშაობა ზუგდიდის მაზრაში. სოფელ კორცხელში მისი მასწავლებლობის დროს, მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით იქნა აგებული სკოლის ის ახალი შენობა, რომელიც ამჟAმადაც არსებობს. ერმილე შარაშიძის მოღვაწეობამ თვალსაჩინო კვალი დატოვა სოფელ წალენჯიხაშიც. თავისი მასწავლებლობის პერიოდში (1890-იანი წლები) მან იქაც ააგებინა ახალი სასკოლო შენობა, რომელიც იმ დროის კვალობაზე იმ ტიპის სკოლისათვის სავსებით შეფარდებული და დამაკმაყოფილებელი იყო. 1891-98 წლებში ერმილეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მუშაობა აქვს ჩატარებული ზუგდიდის საქალაქო სკოლაში. იმ ხანებში იქ მომუშავე სტეფანე გაგუასთან ერთად დიდი გამათვითცნობიერებელი მუშაობა ჩაატარეს ამ თითქმის გადაგვარების გზაზე დამდგარ სკოლაში. 1899 წელს ერმილე შარაშიძე მშობლიურ სოფელ დაბლა-ციხეში ბრუნდება. აქ თავის ძმა ალექსანდრესთან ერთად ხსნის ორკლასიან კერძო სასწავლებელს, რომელსაც ძმები საკუთარი მამულის შემოსავლით ინახავენ. სკოლას ჰქონდა სამეურნეო განყოფილება; იგი ადგილობრივ მოსახლეობას დიდ დახმარებას უწევდა აგრო-მინიმუმის შესწავლაში და მის პრაქტიკულად გამოყენებაში. ერმილემ ამ სკოლაში 1903 წლის ბოლომდე დაჰყო. ამ წლიდან იგი ბათუმის ქალაქის თვითმმართველობამ მიიწვია ბათუმის მეორე ქართული სკოლის გამგედ. დაბლა-ციხის სასწავლებელი ერმილემ თავის ძმას ალექსანდრეს ჩააბარა და თვითონ ბათუმში გადავიდა. აქ ერმილეს დიდი მუშაობის ჩატარება უხდებოდა არა მარტო სკოლაში, არამედ აჭარის მოსახლეობაშიც. ის ფართო აგიტაციას ატარებდა აჭარელთა შორის ეროვნული თვითშეგნების დასანერგად და მათი კულტურის დონის ასამაღლებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ქართულ სკოლასთან, რომელსაც მაშინ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მფარველობდა, ერმილეს ინიციატივითა და ხელმძღვანელობით დაარსებულ იქნა სპეციალური განყოფილება აჭარელი მოზრდილი ახალგაზრდობისათვის, სადაც წერა-კითხვის უცოდინარნი და ან მცირემცოდნენი იყვნენ ჩაბმული. ცხადია, მოზრდილთა განათლების ამგვარი ტიპის განყოფილება იმ პერიოდში მეტად ახალი მოვლენა იყო. რაც მეფის მოხელეებს უცნაურ და საშიშ მოვლენად ეჩვენებოდათ. ბათუმის სინამდვილეში კი ის პირველი კულტურული კერაც იყო, რომელსაც თანაგრძნობით ეკიდებოდნენ მოწინავე ქართველი მოღვაწეები. ამგვარი კეთილსინდისიერი მუშაობით, მოსწავლეთადმი გულისხმიერებითა და მშრომელი ხალხის ერთგული სამსახურით ერმილე შარაშიძემ დიდი სიყვარული, პატივისცემა და ფრიად სასარგებლო ადამიანის უმწიკვლო სახელი მოიხვეჭა ყველგან, სადაც კი უმსახურია. მას არ ემადლიერებოდა მხოლოდ მეფის მთავრობა, რომელსაც ერმილე „არაკეთილსაიმედოდ” და „მავნე პიროვნებად” მიაჩნდა. მაგრამ ერმილე მათ ამგვარ დახასიათებას არასოდეს შეუშინებია. პირიქით, ის რევოლუციურ მოძრაობაშიც იღებდა აქტიურ მონაწილეობას. გაძლიერებულმა რეაქციამ ერმილე შარაშიძეს ამგვარი მოღვაწეობისათვის სამაგიერო მიუზღო. 1906 წელს ქართველი ხალხის ჯალათმა ალიხანოვ-ავარსკიმ აგდაწვა დაბლა-ციხეში არსებული ერმილე შარაშიძის აგრონომიული სასწავლებელი. ერმილე შარაშიძე საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგაც მთელი ორი ათეული წელი იმუშავა საბჭოთა სკოლაში და ამით ახალი თაობის კომუნისტურად აღზრდის საქმეშიც მისთვის შესაფერი წვლილი შეიტანა. უკანასკნელ ხანებში ის დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად და მასწავლებლობასაც თბილისის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში განაგრძობდა. საბჭოთა მთავრობამ ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მას, როგორც ვალმოხდილ მოამაგეს, პერსონალური პენსია დაუნიშნა მისი მოღვაწეობის ორმოცი წლისთავზე. მეგობრებმა კი მხცოვან მოამაგეს ამ თარიღის აღსანიშნავი საღამო მოუწყვეს. ერმილე შარაშიძის კალმის მცირე ნაღვაწთაგან აღსანიშნავია ორი პიესა „ძლიერი ლომისკარელი” და „ალმასხან ბედინეიშვილი”. ორივე ეს პიესა, როგორც იმდროინდელი სოფლისა, სოფლელთა ყოფა-ცხოვრებისა და სოციალური უთანასწორობის გამომხატველი, დიდი წარმატებით სარგებლობდა სასოფლო თეატრებსა და კლუბებში. ერმილე შარაშიძე გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, 1939 წლის 30 ნოემბერს.
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953