თედო სახოკია (1868-1954)
ავტორი: ვლადიმერ გაგუა სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეთა შორის თედო სახოკიამ მეტად სახელოვანი გზა გაიარა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ორი საუკუნის მიჯნაზე იშლება. მან საკმაოდ იწვნია 80-იანი წლებიდან გაძლიერებული რეაქციის სუსხი, როგორც თვითმპყრობელობის წინააღმდეგ დაუცხროელმა მებრძოლმა, პროგრესული იდეებით აღჭურვილმა მწერალმა და მასწავლებელმა, უანგარო საზოგადო მოღვაწემ და ქართველი ხალხის უშიშარმა ქომაგმა. თედო ტიმოთეს ძე სახოკია დაიბადა 1868 წლის 2 (14) მარტს სოფელ ხეთაში (ზუგდიდის მაზრა), სადაც მწერლის მამა, ტიმოთე მარკოზის ძე მღვდლად ყოფილა გამწესებული. მალე ტიმოთე სოხუმში გადაუყვანიათ და 6 წლის თედოსაც წერა-კითხვა I უსწავლია. მისი რუსული ენის პირველი მასწავლებელი ყოფილა ვინმე პოლონელი ქალი, ხოლო ქართულისა – მამისავე დიაკვანი. რუსეთ-ოსმალეთის ომის გამო, 1876 წელს მათი ოჯახი კვლავ ხეთაში დაბრუნებულა და პატარა თედოს ხეთის სამრევლო სკოლაში უსწავლია. 9 წლისა იგი შეუყვანიათ მარტვილის სასულიერო სასწავლებელში. აღნიშნული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1883 წელს თედომ სწავლის გაგრძელება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში განიზარხა, მაგრამ რაკი წლოვანებამ ხელი შეუშალა, თბილისის სასულიერო სემინარიას მიაშურა და, როგორც სკოლის პირველი ხარისხით კურსდამთავრებული, უგამოცდოდ ჩარიცხეს სემინარიის პირველ კლასში. აქ, ერთი მხრით, რექტორ ჩუდეცკის აუტანელი რეჟიმი დახვდა, ხოლო მეორე მხრივ, წრე მოწინავე შეგირდებისა, რომელნიც ცდილობდნენ ამ რეჟიის ნიადაგის შერყევასა და დათრგუნვასაც კი. ჟურნალები „სოვრემენიკი” და „ოტეჩესტვენიე ზაპისკი” სემინარიელთათვის აკრძალული იყო. ხოლო ნიკო ნიკოლაძისა და გიორგი წერეთელის „კრებული” და მიხეილ გურგენიძის ჟურნალი „იმედი” კი, თითქმის არალეგალურ პრესად იყო მიჩნეული. მიუხედავად ამისა, ყველა დასახელებულ გამოცემას შოულობდნენ და კითხულობდნენ მოწინავე მოსწავლეები. ახლადმოსულ თედოს დაუმეგობრდნენ შიო დედაბრიშვილი და იოსებ ლაღიაშვილი. მალე ეს წრე მეოთხე კლასის მოსწავლე ივანე ბარნაბიშვილის ხელმძღვანელობით უახლოვდება ალ. ჯაბადას, რომელსაც ვინმე ივანოვთან ერთად, გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტზე, იქ, სადაც ახლა კავშირგაბმულობის სახლია, კერძო ბიბლიოთეკა ჰქონდა და ხსენებული ჯგუფის წევრებს აწვდიდა სემინარიელთათვის აკრძალულ (პისარევის, დობროლუბოვის, ჩერნიშევსკისა და სხვათა) ნაწერებს. ამ ბიბლიოთეკაში რასაც ვერ შეოულობდნენ, იმასაც მთაწმინდაზე მცხოვრებ ზაქარია ჭიჭინაძის ბიბლიოთეკიდან იღებდნენ. თედო კერძო ბინაში ცხოვრობდა უფროსი კლასის მოსწავლე მიხა ცხაკაიასთან, რომელიც სემინარიელთა წრეებს ხელმძღვანელობდა. ამგვარად, ახალგაზრდობის თვითგანვითარების სამე წარმატებით მიდიოდა, იოსებ ლაღიაშვილისათვის ინსპექტორს „დღიური” რომ არ ეპოვა. ამ დღიურში სემინარიელთა განწყობილება, წრეების არსებობა და წევრების ვინაობაც დაწვრილებით იყო გადმოცემული. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა უნდა მოჰყოლოდა ამ „აღმოჩენას”. გარიცხულ იქნა მრავალი სემინარიელი, ხოლო დარჩენილთათვის ნაირ-ნაირ სასჯელს ხომ ანგარიში არ ჰქონდა, რასაც მოჰყვა იოსებ ლაღიაშვილის მიერ რექტორ ჩუდეცკის მოკვლა. ამ ამბების გამო სეინარიიდან უკვე „თავისუფალი” და სამღვდელო გზას სამუდამოდ აცდენილი თედო სოფელში ჩავიდა. სახალხო მასწავლებლისა და ხალხოსნის, ანთიმოზ ჯუღელის რჩევით, 1886 წელს თედო სახოკია გაემგზავრა შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, სადაც ეგულებოდა თავისი მეგობარი ივანე მაჭავარიანი და სხვა ქართველები. მათი დახმარებით თედო ფრანგულ ენაში მოემზადა და ჟენევის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც ცნობილი მეცნიერების ლექციებს ისმენდა. 1887 წელს თედო სახოკია გადავიდა პარიზში, სორბონის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, მაგრამ ორი წლის შემდეგ 1889 წელს, უსახსრობის გამო სამშობლოში დაბრუნდა. 1890 წელს თედომ მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ქართლის სოფლებში. ამ დროიდან ჩაეყარა საფუძველი იმ დიდ შრომას, რომელსაც ავტორმა „ქართული ხატოვანი თქმები” უწოდა და დაიბეჭდა სამ ტომად. 1894 წლის 20 სექტემბერს თედო სახოკია დააპატიმრეს „საქართველოს განთავისუფლების ლიგის” წესდების აღმოჩენის გამო ქ. ვარშავაში, სადაც იმ ხანებში სწავლობდნენ შიო დედაბრიშვილი (არაგვისპირელი), ნიკოლოზ მელიქიშვილი და სხვანი. თედოს ბრალდებოდა ვარშავაში მცხოვრებსტუდენტებთან მიწერ-მოწერაში და „ლიგის” წსესდების შედგენაში მონაწილეობა. 1895 წელს თედომ პატიმრობას თავი დააღწია და მხოლოდ ლიტერატურულ მუშაობას მიჰყო ხელი. 1896 წელს ვალერიან გუნიამ მიიწვია იგი მაშინ ახალდაარსებულ გაზეთ „ცნობის ფურცლის” თანამშრომლად. ისარგებლა რა ამ შემთხვევით, თედო სახოკიამ შემოიარა სამურზაყანო, გურია, აჭარა, რაჭა და აფხაზეთი. მთელი ეს მოგზაურობა მან შესანიშნავად აღწერა და, გადა რაჭის აღწერისა (რომელიც დაიკარგა), იმდროინდელ პრესაში („მოამბე”, „ცნობის ფურცელი”) გამოაქვეყნა. 1950 წელს ეს „მოგზაურობანი” ცალკე კრებულად გამოიცა, რომელიც მეტად საგულისხმო მასალას შეიცავს როგორც ეთნოგრაფიის, ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიისათვის, აგრეთვე ენათმეცნიერებისა და ლიტერატურისთვისაც. პარალელურად თედო სახოკიამ, როგორც ევროპული ენების მცოდნემ, ხელი მიჰყო უცხოელი მწერლების ისეთ თხზულებათა თარგმნას, რომელნიც ქართველ მკითხველს დაანახვებდა პოლიტიკურად დამონებულის მდგომარეობას, აგრძნობინებდა ეროვნული დაბეჩავბის მთელ სიმძიმესა და მისგან განთავისუფლების გზას დაუსახავდა. თედო სახოკიამ სწორედ ამ პერიოდში გადმოთარგმნა, გადმოაკეთა, პერიოდულ პრესაში მოათავსა და ცალკე წიგნებადაც გამოსცა ცნობილი პოლონელი მწერლის მილკოვსკის „განთიადი”, ივანოვიჩის „მებრძოლნი და წამებულნი ბულგარეთის თავისუფლებისათვის”, ბულგარეთის ცნობილი რომანისტის ივ. ვაზოვის „დამონებულნი” და სხვა. ყველა ამ გამოცემას თავის დროზე დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობა და გამათვითცნობიერებელი გავლენა ჰქონდა. 1898-1930 წლებში თედო სახოკია სოხუმში ცხოვრობდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა იმ გააფთრებულ ბრძოლაში, რომელსაც აქაური ქართველები აწარმოებდნენ მეფის ჩინოვნიკების პოლიტიკის წინააღმდეგ. 1900 წელს თედო იძულებული გახდა კვლავ გასცლოდა სამშობლოს და გამგზავრებულიყო პარიზში. მან გადაწყვიტა იქ დარჩენა და სწავლის გაგრძელება. ამ მიზნით შევიდა პარიზის ანთროპოლოგიურ უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ოთხი წლის განმავლობაში ისმენდა გამოჩენილი მეცნიერების შარლ ლეტურნოს, ანდრე ლეფეტროს, ლ. მინუვრიესა და სხვათა ლექციებს. ამ პერიოდშივე თედო სახოკიამ საანთროპოლოგიო საზოგადოებაში წაიკითხა რამდენიმე მოხსენება საქართველოში სახალხო მკურნალობის შესახებ. საზოგადოებამ იმდენად მოიწონა ეს მოხსენებბი, რომ პარიზში ფრანგულ ენაზე, ცალკე წიგნებად გამოიცა ეს მოხსენებები და ქართული ანდაზების კრებული. პარიზის საზოგადოებაში, განსაკუთრებით სამეცნიერო წრეებში, საგანგებო მოწონება დაიმსახურა თედოს ამ ნაშრომებმა და მათი ავტორი არჩეულ იქნა საანთროპოლოგიო საზოგადოების საზღვარგარეთულ წევრ-კორესპონდენტად. ამავე დროს თედო „ცნობის ფურცელსა” და „მოამბეს” ყოველკვირეულად უგზავნიდა ფელეტონებს და ქართველ საზოგადოებას აცნობდა საფრანგეთის ცხოვრების ღირსშესანიშნავ მოვლენებსა და ამბებს. ოთხი-ხუთი წლის მანძილზე თედო სახოკიამ შემოიარა ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფო: ინგლისი, შვეიცარია, ბელგია, იტალია და ა. შ. შეისწავლა ფრანგული, ინგლისურ და იტალიური ენები და შეუდგა ამ ენებიდან თარგმნას. 1901 წლის ზაფხულში თედო მუშაობადა რომში, ცნობილ ქართველ ისტორიკოს მიქელ თამარაშვილთან და ეხმარებოდა შრომების მომზადებასა და გამოცემაში. 1902 წელს ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და თანარედაქტორია მაშინ საფრანგეთში მყოფი ქართველების მიერ დაარსებული არალეგარული გაზეთ „საქართველოსი”, რომელიც ქართულ და ფრანგულ ენებზე გამოდიოდა (სხვათა შორის, ამ რედაქციას ეკუთვნის იმ ქართული შრიფტის ჩამოსხმაც, რომელსაც დღმდე შერჩენია „პარიზულის” სახელწოდება). 1903 წლის ზაფხულზე თედომ კონსპირაციული გზით საქართველოში შემოიტანა პარიზში დაბეჭდილი არალეგარული ლიტერატურა და კვლავ საფრანგეთს დაუბუნდა, რადგან გაიგო, რომ მას დაპატიმრებას უპირებდნენ. პარიზში დაბრუნებულმა თედომ კვლავ მიაშურა თავის სასწავლებელს, საანთროპოლოგიო საზოგადოებასა და „საქართველოს” რედაქციას, სადაც უკანასკნელ ხანებში თითქმის მარტოდ იყო დარჩენილი, მაგრამ მომავლის იმედით აღფროვანებულს მუშაობა მაინც არ შეუწყვეტია. 1905 წლის რევოლუციის პერიოდში რუსეთში მომხდარი ამბების განვითარებამ პარიზში არალეგალურად მომუშავე ქართველების ჯგუფიც აღაფრთოვანა და საჭირო შეიქნა ახალ-ახალი დავალებების განაწილება, ახლა თედოს მარტო არალეგალური ლიტერატურის სამშობლოში გადმოტანა როდი აკმარეს, მას უფრო მეტი პასუხსსაგები დავალებაც ერგო – გ. დეკანოზიშვილის ხელმძღვანელობით შეძენილი ერთი გემი იარაღი უნდა გადმოეცალა შავი ზღვისპირეთის სხვაასხვა პუნქტში. თედო მეფის ჯაშუშებს ხელში ჩაუვარდათ და 1906 წლის თებერვალს სოხუმის საპატიმროში ჩაამწყვდიეს. მალე თედო სახოკიას სამე სასამართლოს გადაეცა. 1907 წლის 20 სეტემბერს სასამართლომ თედო სახოკიას მიუსაჯა ყოველგვარი ღირსების აყრა და სამუდამოდ გადასახლება ციმბირის შორეულ გუბერნიაში. 1909 წლის 2 მარტს თედო გადასახლების ადგილზე ჩავიდა, მაგრამ, როგორც გაზეთი „დროება” გვაცნობს, მან სამი თვის შემდეგ მოახერხა მატარებლის კომფორტული ვაგონით თავის მშობლიურ თბილისს სტუმრებოდა და მეგობრების შემწეობით ბათუმიდან ტრაპიზონისა და სტამბოლის გავლით საფრანგეთში ჩასულიყო. 1910 წელს თედო ლონდში ჩავიდა როგორც ჭიათურის შავიქვის საზოგადოების წარმომადგენელი. აქედან მან მოძებნა თავისი ძველი ნაცნობები, საქართველოს მეგობრები და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპები, რომელნიც ერთხანს საქართველოში ცხოვრობდნენ და ილია ჭავჭავაძეს მეგობრობდნენ. მათ ხომ ქართული ენაც ისწავლეს და ინგლისურად თარგმნეს რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი”, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა”, „ვისრამიანის” ქართული ვერსიები, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი”, ქართველი ხალხის სიბრძნის სალარო – „ანდაზები” და „საქართველოს ისტორია”. ყველა ამ საქმიანობაში თედო სახოკიას შესაფერი წვლილი მიუძღვის, რაც ასახულია მისდაი მიმართულ ხსენებულ მოღვაწეთა კერძო ბარათებში. აღსანიშნავია ისიც, რომ თითქმის იშვიათია ქართველი მოღვაწე, რომ უაღრესად საქმიანი მიწერა-მოწერა არ ჰქონდა. მთელი ეს დიდი ფონდი, თედო სახოკიას ეპისტოლური და სხვა საარქივო მასალებისა, ამჟამად საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმშია დაცული. ერთხანს ლონდონში, შემდეგ ბრიუსელსა და პარიზში, თედომ კვლავ განაახლა ქართული ლიტერატურის სამსახური სამშობლოს გარეთ, რაც 1917 წლამდე გაგრძელდა. თვითმპყრობელობის დამხობისთანავ ის სამშობლოსაკენ გამოეშურა და ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაება. როგორც მასწავლებელი და მწერალი, იგი მუშაბოდა ქართული და ფრანგული ენების მასწავლებლად თბილისის მე08 გიმნაზიაში. თედო სახოკიას დებიუტი ლიტერატურულ სარბიელზე 1889 წელს დაიწყო ილია ჭავჭავაძის „ივერიაში”. მას შემდეგ იგი თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთებსა და ჟურნალებში („მოამბე”, „ცნობის ფურცელი”, „დროება”, „სახალხო გაზეთი”, „ნოვოე ობოზრენიე”, „პეტერბურგსკის ვედომოსტი”, „მეურნე”, „კვალი”, „მოგზაური”, „ჯეჯილი”, „საქართველოს კალენდარი”, „საქართველო”, „ლომისი”, „ტრიბუნა”, „ქართული სიტყვა”, „ლიტერატურული საქსო”, „ლიტერატურა და ხელოვნება”, „მნათობი” და სხვ.). მის კალამს, გარდა უამრავი საგაზეთო ფელეტონებისა და კორესპონდენცია-სტატიების, ეკუთვნის სანიმუშაო თარგმნაები მოპასანის ნოველების ოთხი ტომისა, ოქტავ ირბოს მოთხრობების I ტომისა, ბოკაჩოს „დეკამერონის” ორი წლიგნისა; ცალკე წიგნებად გამოცემულია მისი 38 სახელწოდების ორიგინალური ნაშრომი და 25-მდე თარგმანი (ფრანგული, ინგლისური, იტალიური, ბულგარული და რუსული ენებიდან), ხოლო 12-მდე ნაშრომის ფრანგულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე, რომელთა მიზანი მხოლოდ ქართველი ერის წარსული და აწმყო ცხოვრების გაშუქება და პოპულარიზაცია იყო. დაუბეჭდავ ნაშრომთაგან აღსანიშნავია ერთტომეული „ქართული განმარტებითი ლექსიონისა” შემდეგარი მხოლოდ იმ სიყვებისაგან, რომელიც სულხან-საბა ორბელიანისა და დავით ჩუბინაშვილის ლექსიკოებიდან გამორჩენილა, „ქართული ანდაზები” – თემატურად დალაგებული, თავისი მნიშვნელობის ახსნა-განმარტებითა და მისი წარმოშობის ისტორიის დართვით, რომელიც 1967 წელს გამოიცა პროფესორ მ. ჩიტაიას რედაციით და წინასიტყვაობით. მხცოვანმა მწერალმა საარქივო მასალებთან ერთად საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ უზეუმს გადასცა, აგრეთვე თავისი მემუარების ხელნაწერი, რომელიც შეიცავს სამ ძირითად განყოფილებას: 1. „ძველად ანუ სამეგრელოს წარსული ცხოვრების აღწერა და სწავლა-განათლების სიტორია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში”, 2. „საზღვარგარეთიდან 1905 წელს იარაღის შენოტანის ისტორიისათვის” და 3. „ციმბირში”. თედო სახოკიას დიდი და მნიშვნელოვანი ამაგი ღირსეულად იქნა დაფასებული პარტიის, მთავრობის და საბჭოთა საზოგადოებრიობის მიერ. ქართველი ხალხის კეთილდღეობითა და გამარჯვებით აღფრთვაონებული იგი ოდნავადაც არ გრძნობდა სულიერ დაღლასა და მოქანცვას. გარდაცვალებამდე კვლავ დიდი სურვილებითა და ხალისით ემსახურებოდა საყვარელ საქმეს. თედო სახოკია გარდაიცვალა 1954 წელს.
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968