ნიკო (ბაჩანა) რაზიკაშვილი (1866-1928)
ნიკო პავლეს ძე რაზიკაშვილი დაიბადა 1866 წლის 11 მაისს სოფელ ჩარგალში. ოჯახში გატარებულმა ბავშვობის წლებმა მას გულში ღრმად ჩაუნერგა ხალხური პოეზიისა და ლიტერატურისადმი სიყვარული. პირველდაწყებითი სწავლა ნიკომ მშობლიურ სოფელში, ჩარგალში მიიღო. შემდეგ მშობლებმა ის გორის სამასწავლებლო სემინარიაში შეიყვანეს, სადაც მისი უფროსი ძმაც, ვაჟა-ფშაველა სწავლობდა. ვაჟამ გააცნო ნიკოს უფროსი კლასების ნიჭიერი და განვითარებული მოსწავლეები, რომლებმაც ის თავიანთ წრეში მეგობრულად მიიღეს და საზოგადოებრივი საქმიანობის წყურვილი გაუღვიძეს.
ნიკომ აქტიური მონაწილეობა მიიღო გორის სამასწავლებლო სემინარიის მოსწავლეთა ხელნაწერი ჟურნალის „რიჟრაჟის” გამოცემაში (1881). ალ. ნათაძის სიტყვით, ამ ჟურნალის გადამწერად ნიკო რაზიკაშვილი აერჩიათ, რადგან მეტად კარგი წერა იცოდა.
1882 წელს მოსამზადებელი კლასის დამთავრების შემდეგ ნიკო სემინარიაში მიიღეს. აქ იგი ითვლებოდა ერთ-ერთ წარჩინებულ მოსწავლედ. სემინარიის კურსი წარმატებით დაასრულა 1885 წელს. ნიკო რაზიკაშვილის საცდელი გაკვეთილები სემინარიის მასწვლებლებმა საუკეთესოდ შეაფასეს. 1884-85 სასწავლო წელს გორის სემინარიაში მოსწავლეთა მიერ გადაცემული გაკვეთილების შეფასების ოქმში ვკითხულობთ:
„მაწავლებელმა გარაყანიძემ რაზიკაშვილის გაკვეთილი სცნო ძლიერ დამაკმაყოფილებლად, რასაც დაეთანხმა ბ-ნი დირექტორიც, რომელიც ამ გაკვეთილს ესწრებოდა. გარდა ამისა, ბ-ნმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია არ შეაქოს რაზიკაშვილი იმ დაინტერესებისათვის, რომელსაც ის იჩენს სწავლების წარმატებით ჩატარების საქმეში” (1884), ხოლო 1885 წლის 13 აპრილის ოქმში აღნიშნულია:
„რაზიკაშვილის გაკვეთილის შესახებ ბ-ნმა ლომოურმა განაცხადა: რაზიკაშვილს გაკვეთილი მიჰყავდა ძლიერ სწორად, არავითარი ნაკლი მე არ შემიმჩნევია და მის გაკვეთილს ვაფასებ ძლიერ დამაკმაყოფილელად”.
ნიკო ლომოურის ეს სიტყვები შესანიშნავად ახასიათებს ნიკო რაზიკაშვილის შრომისმოყვარეობასა და მომზადებას. 1885 წელს მან დაამთავრა სამასწავლებლო სემინარია და განზრახვა ჰქონდა უმაღლესი ცოდნის მისაღებად რუსეთში წასულიყო, მაგრამ უსახსრობის გამო მიზანს ვერ მიაღწია.
ახალგაზრდა პედაგოგი სულით და გულით მიეცა მისთვის საყვარელ საქმეს. გულწრფელი დამოკიდებულება ჰქონდა მოსახლეობასთან და გლეხობას ყველაფერში ეხმარებოდა. მოსწავლეებიც და მათი მშობლებიც ნიკოს დიდ პატივს სცემდნენ, მაგრამ იგი სრულებით არ უყვარდათ სოფლის ბობოლებსა და წარჩინებული წოდების ზოგიერთ წარმომადგენელს, რადგანაც „პირში მთქმელი კაცი იყო და ამხელდა მათ ფუქსავატურ ცხოვრებასა და უსაქმურობას. ვეჯინის სკოლის მზრუნველი მიხაკო ანდრონიკაშვილი და ნაოფიცრალი სოსო აბაშიძე ბაჩანას უცქეროდნენ, როგორც მთის კაცს. მათი შეხედულებით, მთიელს მათთვის ჭკუა როგორ უნდა ესწავლებინა. რადგანაც ბაჩანას მკლავიც ძალიან უჭრიდა და კალამიც, და მათ ცოტა ამის ეშინოდათ, თორემ ცოცხალს არ გაუშვებდნენ”.
უხიფათოდ მაინც არ დამთავრებულა ნიკო რაზიკაშვილის სოფელ ვეჯინში მასწავლებლობა. ერთ-ერთ ოჯახში, ლხინის დროს, მას სოსო აბაშიძემ მოკვლის მიზნით ხანჯალი დაჰკრა. ნიკო მძიმედ დაიჭრა და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა.
შემდეგ ბაჩანას შეტაკება მოუხდა ერთ-ერთ ჩაფართან, რომელიც სკოლიდან გამოაგდო. ამის გამო ბაჩანა მასწავლებლობიდან გაათავისუფლეს.
ოჯახს მოკიდებული ნიკო რაზიკაშვილი ეკონომიკურად ძლიერ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, გაჭირვებით ცხოვრობდა, მაგრამ 1890 წლიდან სოფელ ბარისახოში (ხევსურეთი) ისევ შეუდგა მასწავლებლობას „ქრისტიანობის აღმადგენელი საზოგადოების” მიერ გახსნილ სკოლაში.
„ხევსურეთში ბაჩანას პირველად დიდი ბრძოლა დასჭირდა მოწაფეების მისაზიდად... მაინც თავისი გაიტანა. იმან ისე შეაყვარა მოწაფეებს სწავლა, რომ სულ იმის მზესა ფიცულობდნენ. დაუახლოვდნენ თვით ხევსურებიც, რადგან ბაჩანა მათ უხსნიდა სწავლა-განათლების საჭიროებასა და სარგებლობას. ვისაც კი რაიმე გასაჭირი ჰქონდა, ან დასაწერი თხოვნა-არზები, ბაჩანა მათ სულ უფასოდ უკეთებდა და ეხმარებოდა”.
ზამთრობით უგზოობის გამო სოფელ ბარისახოში ჩაკეტილი ბაჩანა მთელ დროს ბავშვებთან ატარებდა. სამშოლოს სიყვარულით არა ერთი და ორი პატარა ხევსურის გული აუძგერებია. მოსწავლეები იყვნენ მისი გამამხიარულებელნი და მოსაუბრენი. მათთან პოულობდა იგი შვებას, როცა მძიმე დარდი შემოაწვებოდა. აი, რას წერს ის თავის ძმას, თედო რაზიკაშვილს: „ვზივარ, ბევრჯერ ჩემთვის საცოდავად ფიქრებში გართული, ვუკრავ ფანდურს, ვესაუბრები ბევრს რასმე ჩემი გულის ამონაკვნესისას და საწყალი ჩემი ცოლი კი ზის და ჩამოდის ცრემლები. ესეც ნუგეშია ტანჯულის მგოსნისა – არა, ძმაო?.. წიგნები მაინც მქონდეს ბევრ-ბევრი, რაც საჭიროა, მაშინ კიდევ აღარას ვიტყოდი, იმეებით მაინც ვიცხოვრებდი... დიახ, ჩემი მოწაფეები, კაცო, ის ჩემი საყვარელი ძმები და შვილები... ისინი რომ არ მართობდნენ კიდე, აქამდე ან გავგიჟდებოდი, ან სხვა რამე უფრო უარესი დამემართებოდა... დავჯდები, გარს შემოვისხამ ჩემს ბარტყებს, ვკითხულობთ და ხშირად მეც ვტირი ჩემს მოწაფეებთან”.
სოფელ ბარისახოში ბაჩანა სრული ათი წელიწადი მასწავლებლობდა. 1900 წელს ფშავში, სოფელ მაღაროსკარის სკოლაში დაიწყო მუშაობა. სკოლა კარგად მოაწყო, მდიდარი ბიბლიოთეკა შეიძინა, მაგრამ 1909 წელს სკოლის შენობაც და წიგნებიც ხანძარმა შთანთქა. მალე ეს სკოლა გადატანილი იქნა ბაჩანას მშობლიურ სოფელ ჩარგალში. შემდეგ სოფელ აფხეშოში 91912), ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ სოფელ მაღაროსკარში. ამ ხნის განმავლობაში ბაჩანა მოსწავლეებს არ მოშორებია. 1918-1919 წლებში ბაჩანა ქ. დუშეთის პირველდაწყებით სკოლაში მასწავლებლობდა. 1920 წელს სიღნაღში გადავიდა და იქ განაგრძო პედაგოგიური მუშაობა, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის გამო მალე თავი დაანება. 1924 წელს ცოტა ხანს კიდევ იმასწავლებლა შვიდწლიან სკოლაში, მაგრამ ავადმყოფობით ისე იყო დასუსტებული, რომ თავის საყვარელ პროფესიას სამუდამოდ დაანება თავი.
ნიკო რაზიკაშვილი გარდაიცვალა თბილისში 1928 წლის 17 დეკემბერს. იგი მწერლობაში ცნობილი იყო ბაჩანას ფსევდონიმით და ჩვენს ლიტერატურას შესანიშნავი მხატვრული ქმნილებანი შესძინა.
პირად ცხოვრებაშიც ბაჩანა გულწრფელი, პირდაპირი, ძმებისა და ოჯახის უსაზღვროდ მოყვარული და კეთილი ადამიანი იყო. ეს სისპეტაკე და გულწრფელობა მის პოეზიაში შესანიშნავად ჩანს.
ბაჩანას პირადი მწუხარება ისე, როგორც მისი ძმების – ვაჟასი და თედოსი, სამშობლოს კეთილდღეობაზე ფიქრში ქრებოდა და ათქმევინებდა:
„ვინა ჰთქვა საქართველოზე:
„ეგ არის ლომი კვდებაო,
ჩაუხდა ბედის ვარსკვლავი,
მალე მზე გაუქრებაო,
თავს დაჰტრიალებს ყორანი
დაჰხავის ზედიზედაო?”
თვალთამც დაჰბზარვენ ყორანნი,
გამაგრდი, ქართვლის დედაო”.
ასეთი რწმენით ემსახურებოდა ნიკო რაზიკაშვილი თავის ერსა და მის ნორჩ თაობას.