ლუკა რაზიკაშვილი (ვაჟა-ფშაველა) (1862-1915)
გენიალური ქართველი პოეტი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი, რომელიც ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით წერდა, მთელი რიგი წლების მანძილზე პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა.
მისი შემოქმედება ფართოდ არის ცნობილი საზოგადოებისათვის. ვაჟამ ქართული ლიტერატურა გაამდიდრა ბრწყინვალე ლირიკული ლექსებით, პოემებითა და მოთხრობებით.
ის იყო ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის დიდი და ერთგული თანამებრძოლი და მათთან ერთად სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე სამშობლოსა და მშრომელი ხალხის კეთილდღეობისათვის იღვწოდა. თავისი შეხედულება სამშობლოსადმი სიყვარულისა და სამსახურის შესახებ ვაჟამ საუცხოოდ გამოხატა აკაკისადმი მიძღვნილ ერთ ლექსში:
მშობელი ქვეყნის მოზარევ,
უნდა გიმღერო მთურადა:
იმავ ჭირით ვარ სნეული.
რაც შენ გატყვია წყლულადა,
რა ვუყოთ, ბედი, შავ-ბედი
თუმცა გვექცევა მგლურადა,
მაინც ვაჟღერებ ჩონგურსა
მტარვალთა შესამუსრადა.
დღევანდელ დღესა არ ძალმიძს,
არ ჟღერდეს ჩემი ფანდური!
ილიაც მესაუბრება,
უნდა დაუგდო მას ყური.
დავალებული გლისა
უნდა ამოთქვას ენამა:
წყლულები საქართველოსი
გაიგო შენმა სმენამა.
მეც ამატირა ბევრჯერა
შენს თვალზე ცრემლის დენამა,
ნეტავი, ბევრი გაზარდოს
შენისთანები დედამა!..
რომ მიყვარს მამულიშვილი,
დაე, იცოდეს ყველამა,
გადაგვარების მოსურნე
შაჭამოს ტურა-მელამა!..
მადლობელი ვარ გულითა
შოთაის სულის ლხენამა, –
სამშობლოს სამსახურისთვის
ჩანგი გიკურთხოს ზენამა...
ვაჟა-ფშაველამ ბრწყინვალედ შეძლო თავის შემოქმედებაში აესახა და გაეშუქებინა სოციალური და ეროვნული საკითხები, რომელთა სამართლიანი გადაჭრისათვის იბრძოდა ქართველი ხალხი დიდი საზოგადო მოღვაწეებისა და მწერლების – ილიასა და აკაკის – მეთაურობით. მას ღრმად სწამდა თავისი ქვეყნის მომავალი და წერდა: „თუ ჩემს მკითხველებს ამისთანა რამეს აგრძნობინებს ჩემი ნაწერები, საკმარისია. მაშასადამე, საკმარისად წარმოდგენილი მქონია სას ომავალი სვე-ბედი, ხოლო თავისუფლება ისეთი ცნებაა, იმას ბევრი კომენტარები არა სჭირდება”.
მართლაც, ვაჟას შემოქმდება ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ოქროს ფონდში დამკვიდრდა და სამშობლოს მოსიყვარულე ახალგაზრდობის აღზრდის ერთ-ერთ სპეტაკ წყაროდ იქცა.
ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა 1862 წლის 15 მაისს სოფელ ჩარგალში, პავლე რაზიკაშვილის ოჯახში. პავლეს ექვსი შვილი ჰყავდა: გიორგი, მართა, ლუკა, ნიკო, თედო და სანდრო. ამათგან ქართულ მწერლობაში, ვაჟას გარდა, ცნობილი შეიქნენ ნიკო (ბაჩანა) და თედო. მისმა დედამ თუმცა წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ ნიჭიერი იყო და შესანიშნავი მოლექსე. იგი არაჩვეულებრივი გულკეთილობით გამოირჩეოდა.
ვაჟას მამას, პავლე რაზიკაშვილს, სკოლაში არ უსწავლია, მაგრამ ანბანი მწყემსობის დროს თვითონ შეისწავლა და თვითგანვითარებით დიდ წარმატებას მიაღწია. „ეს პატარა ტანის კაცი განხორციელებლუი მხნეობა, ენერგია იყო, ამასთანავე იშვიათი ნიჭის პატრონი, ორატორი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი, არდა სასულიეროსა, ქართულ ენაზე წიგნი არ მოიპოვებოდა, იმას არ შეეძინა, არ წაეკითხა... როცა კი შინ იმყოფებოდა, მუდამ მიამბობდა მოთხრობებს ძველი საღმრთო ისტორიიდან, წერა-კითხვას მასწავლიდა ძველებურს წესზე. ჩაუჯდებოდა ხორცს ხინკლისათვის საკეპად ფიცარზე, იქვე ტახტზე მეც დავუჯდებოდი პირდაპირ და ვუგდებდი გაფაციცებით ყურს იმის ტკბილ საუბარს. რვა წლამდე ვიზრდებოდი ძველ წიგნებზე „ვეფხისტყაოსანი”, „მზეჭაბუკისა და ჯიმშერის ამბავი”, „გრიბული” ჟორჟ ზანდისა შეიქმნა ჩემ საყვარელ საკითხავ წიგნებად”.
8 წლის ლუკა რაზიკაშვილი შეიყვანეს თელავის სასულიერო სასწავლებელში. როგორც ვაჟას ავტობიოგრაფიიდან ჩანს, სკოლას ბავშვზე კარგი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. თვითონ ვაჟა თელავში სწავლის პერიოდს ასე ახასიათებს: სასწავლებელში ყოფნამ ჩემს გულსა და გონებას ვერაფერი შეჰმატა. ჩემს ფანტაზიას, გონების მოთხოვნილებას ვეერ აკმაყოფილებდა ლათინური და ბერძნული ფრაზების ზეპირობა. უვარგისი სისტემა სწავლისა ვერ აკმაყოფილებდა ჩემს ცნობისმოყვარეობას. ვერ აწვდიდა ნოყიერს საზროდს. იძულებული ვიყავი მიმემართნა სხვადასხვა წიგნებისათვის, რაც ძნელი საშოვარი აღმოჩნდა. ვკითხულობდი, რაც შემხვდებოდა განურჩევლად, რადგან ხელმძღვანელი არა მყავდა და ამის გამო ასტრონომიულს, რისაც არაფერი გამეგებოდა, უფრო ბევრსა ვკითხულობდი, ვიდრე სხვა საბუნებისმეტყველო ან საისტორიო წიგნებს.
...ექვსი წლის ჩემი თელავში ყოფნის დროს სწავლის ნაყოფად ჩაითვლება რამდენიმე რუსულ-ბერძნულლათინური ფრაზა, ქართლს ვინ გვაღირსებდა”.
1877 წელს ვაჟა მშობლებმა გადმოივანეს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, რომლის კურსიც დაასრულა 1879 წლის ივნისში. 1879 წლის სექტემბერში ვაჟამ ჩააბარა გამოცდები და ჩაირიცხა გორის საოსტატო სემინარიის პირველ კლასში. 1882 წელს მან დასახელებული სემინარია დაამთავრა და იმავე წლის ივნისში ატესტატიც მიიღო.
გორის სამასწავლებლო სემინარიაში ვაჟა წარჩინებულად სწავლობდა. პედაგოგიურ პრაქტიკასაც საფუძვლიანად დაეუფლა, ხშირად აძლევდა საცდელ გაკვეთილებს და ნამდვილად შრომით, ბეჯითი მუშაობით შეძლო საკმაოდ დახელოვნებულიყო. ვაჟას ერთ-ერთი საცდელი გაკვეთილის შესახებ ჩვენ მოგვეპოვება ცნობილი ქართველი პედაგოგის ალექსანდრე ნათაძის საინტერესო მოგონება. 1879 წელს გორის რაიონს კალია შესევია. კალიასთან საბრძოლველად მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობა მიუღიათ სემინარიის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დირექტორ დ. დ. სემიონოვის და ქართული ენის მასწავლებლის არისტო ქუთათელაძის ხელმძღვანელობით. ვაჟას განსაკუთრებით გამოუჩენია თავი კალიების მოსპობის საქმეში და ამიტომ სემიონოვს მისთვის დაუვალებია საცდელი გაკვეთილის ჩატარება ა თემაზე. ერთი კვირის შემდეგ ვაჟამ გაკვეთილი ჩაატარა. „უფროსი კლასების მოწაფეები ყველანი იქ ვიყავით. ასისტენტებად იყვნენ ფარნაოზ ნათიშვილი, მასწავლებელი პირველდაწყებითი სასწავლებლის სემინარიასთან, არისტო ქუთათელაძე, ქართული ენის მასწავლებელი სემინარიაში და თვითონ დირექტორი. მოწაფეები რეცენზენტების როლს ვთამაშობდით და ყველას ხელში ქაღალდი და ფანქარი გვეჭირა შენიშვნების ჩასაწერად. არ გასულა სამი წუთი, რომ დირექტორი შემოვიდა და კლასში წესიერება დამყარდა... იგი მოვიდა ვაჟასთან, რაღაც წასჩურჩულა და უბრძანა, გაკვეთილი დაეწყო. გაკვეთილი ქართულ ენაზე ჩატარდა. პირველი ნაწილი გაკვეთილისა თითქოს წესიერად მიმდინარეობდან: ყოველი წესი იყო დაცული, ყველა დიდაქტიკური მოძღვრება შესრულებული... მეორე ნახევარი გაკვეთილისა კი ნამდვილი „წამება” იყო ვაჟასათვისაც და მოწაფეებისათვისაც. ...მოწაფეები დაღალა, დაქანცა, თვითონაც დაიქანცა, ოფლი თქრიალით ჩამოსდიოდა. დისციპლინა დაირღვა, თვალსაჩინო საგნები მიყარ-მოყარა და კარგად დაწყებული საქმე უშედეგოდ გაათავა. გაკვეთილის შემდეგ ყველანი გარეთ გამოვედით, ამხნაგებს ხმა-კრინტი არ დაგვიძრავს, რომ ისედაც გაბოროტებული ვაჟა არ გაგვეჯავრებინა... დირექტორმა შენიშნა ყველა ეს და ვაჟა თავისთან წაიყვანა, ჩაი დაალევინა, ასაუზმა თავის ოთახში. მალე ვაჟა კმაყოფილი დაბრუნდა იქიდან. ჩვენც გულდამშვიდებით მოველოდით საღამოს, როდესაც ვაჟას გაკვეთილი გარჩეული იქნებოდა დირექტორის თავმჯდომარეობით. დადგა ეს დროც... ყველამ თავი მოვიყვარეთ სკოლის დარბაზში. დირექტორმა ჯერ ვაჟას მისცა წინადადება, თვით მას აღენუსხა თავის გაკვეთილის ნაკლულევანებანი. მერე ჯერი ჩემზე მოდგა. უნდა გეყურებინათ, რა ქარ-ცეცხლში გაატარეს ამხანაგებმა ეს გაკვეთილი, რა კრიტიკის ხორხოშელა დააყარეს ჩვენს მომავალ სიამაყეს ამ პაწაწინა ვაჟებმა. ლადო აღნიაშვილის კრიტიკა ხომ მწარეზე მწარე იყო. ვაჟაც ცეცხლობდა, გული საგულეში აღარ ეტეოდა... ყველას პასუხს აძლევდა, ყველას უმკლავდებოდა. დირექტორმა ცოტახნობით შეწყვიტა კამათი, მოინდომა კრიტიკის ჩანელება, განკიცხვის შთაბეჭდილების შესუსტება და გაკვეთილის ღირსებაზე დაგვაწყებინა ლაპარაკი. პირველად მე მკითხა: მეც გაკვეთილის პირველ ნახევარს მივაქციე ყურადღება და ბევრი კარგი მხარე გადავუშალე კრებას ამ გაკვეთილის შესახებ.
...ფანაოზ ნათიშვილმა და არისტო ქუთათელაძემ უქეს ვაჟას ქართული ენის ცოდნა, ტერმინების გათვალისწინება და ერთხმად აღვნიშნეთ ყველამ გაკვეთილის კეთილსინდისიერად შესრულება”.
გორის სემინარიაში ყოფნის დროს ვაჟა-ფშაველაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს ქართული ენის მასწავლებლებმა მიხეილ (მიშო) ყიფიანმა და არისტო ქუთათელაძემ.
ამ დროს ვაჟა-ფშაველა დაუახლოვდა ხალხოსანთა წრეს და ერთ-ერთ არალეგალურ კრებაზე (1882) მას უთქვამს: „კოკისპირულ წვიმასა და ქარბუქში მე გამოვიარე თითქმის მთელი ფსავ-ხევსურეთი და ყველგან ერთსა და იმავეს მეკითხებოდნენ – როგორ გადწყდება მიწის განაწილების საკითხი. უკეთუ გლეხებს მივცემთ მიწას, ჩვენს მუშაობას ექნება დასაყრდენი სოფლად და წელში გაწყვეტილ გლეხობას გადმოვიყვანთ ჩვენს მხარეზე. მაშინ საფუძველი ეცლება მთავრობას და ჩვენთვის საშიშარი არ ქინება არც მემამულეების მუქარა, არც მეფის რუსეთის ხიშტიანი ლეგიონები”.
1882 წლის 1 ივლისიდან ვაჟა-ფშაველა დაინიშნა მასწავლებლად სოფელ ტოლათსოფლის ერთკლასიან სკოლაში. ეს სკოლა ეკუთვნოდა „კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებას”, რომლის სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების საქმე მოუწესრიგებელი იყო. ლუკა რაზიკაშვილმა ამავე წლის ოქტომბერში თხოვნით მიმართა „ქ. შ. წ.-კ. გამავრცელებელ საზოგადოებას” და აღნიშნა, რომ „რადგანაც იგი საზოგადოება (ე. ი. კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოება) გულგრილად უცქერის დედაენაზე სწავლის მსვლელობას, ამიტომ არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებას და არცა გავნის სახელმძღვანელო წიგნებს სამშობლო ენაზე. ამისათვის ვთხოვ საზოგადოების (ქ. შ. წ.-კ. გამავრცელებელი საზოგადოება) მმართველობას უმორჩილესად, დააკმაყოფილოს ეს ჩემი თხოვნა და გამომიგზავნოს ხუთი ეგზემპლარი „ბუნების კარი” და ხუთმეტი „დედა-ენა”. პოეტი-მასწავლებლის ეს თხოვნა გამგეობამ დაუყოვნებლივ დააკმაყოფილა.
1883 წლის აპრილში ვაჟა ამ სკოლიდან „ცუდი ჯანმრთელობის” გამო გაათავისუფლეს და იმავე წლის სექტემბეერში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა თავისუფალ მსმენელად. ვაჟა ესწრებოდა ლექციებს და ბევრს კითხულობდა, მაგრამ 1884 წელს უსახსრობის გამო იძულებული შეიქნა უმაღლესი სასწავლებლისათვის თავი დაენებებინა და სამშობლოში დაბრუნებულიყო.
1886 წლის სექტემბრიდან ლუკა რაზიკაშვილი მასწავლებლად დაინიშნა სოფელ დიდთონეთის სკოლაში, რომელიც ქ. შ. წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოება ეკუთვნოდა. დასახელებლ სოფელში მასწავლებლობის დროს ვაჟა-ფშაველას შეტაკება მოუხდა ადგილობრივ მამასახლისთან, რომელიც მოსახლეობას ტერორის ქვეშ აყენებდა. ამ ნიადაგზე დიდი უკმაყოფილება შეიქმნა, რამაც გამოიწვია დიდთონეთის სკოლის შემოწმება ცნობილი მოღვაწის იაკობ მანსვეტაშვილის მიერ (1887 წლის ოქტომბერი).
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას იაკობ მანსვეტაშვილმა წარუდგინა ვრცელი ანგარიში სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ. საჭიროდ მიგვანიჩნია ამ ანგარიშიდან ერთი ადგილის ამოწერა, რომელიც კაგად გვიხასიათებს ლუკა რაზიკაშვილს, როგორც მასწავლებელს.
„სკოლამ და ყმაწვილებმა ძლიერ სასიამოვნო შთაბეჭდილება იქონიეს ჩემზედ. სასიამოვნო სანახავი იყო ღია, მხიარული, ცოცხალი სახე ყმაწვილებისა, იმათი სიცოცხლით სავსე მიხვრა-მოხვრა, თამამად, გაბედვით, მკაფიოდ და თან გულუბრყვილოდ სიტყვა-პასუხის თმა. მასწავლებელს თამამად ეპყრობიან და ამასთანავე დისციპლინაც კი მშვენიერად არის დაცული. ეტყობა, მასწავლებელს ყმაწვილები შიშით კი არა, სიყვარულით მოუნადირებია თავისაკენ. ერთი-ორი კვირის მოსული ყმაწილები წესსა და რიგს არიან მიჩვეულნი. პასუხს რიგიანად იძლევიან და, ეტყობათ, ესმით, რაზედაც პასუხს ამბობენ და არა თუთიყუშივით გაუზეპირებიათ.
...სასწავლო საგნები საზოგადოდ კარგად აქვთ გავლილი.
...იმის შესატყობად, თუ რამდენად შეგნებულად უსწავლიათ კითხვა, ამავე წლის ყმაწვილებს წავაკითხე სრულიად უცნობი სტატიები „კონა” და „ბუნების კარიდან”. კარგად წაიკითხეს. თუმცა ისე გაკვრით და თავისუფლად ვერა, როგორც „დედა-ენა”, მაგრამ სასიამოვნო ის იყო, რომ წაკითხული დაწვრილებით მიამბეს; იქნება, ესეთი აჩქარებული სწავლება მტკიცე პედაგოგიური სისტემის წინააღმდეგი იყოს. მაგრამ თუ ამგვარ სწავლებას ასეთი ნაყოფი მოჰყვებოდა, როგორც თონეთის სკოლაში ვნახე, მე ისევ პედაგოგიის ღალატს ვირჩევ. წერით გოგებაშვილის რვეულზე №2 ძლიერ მშვენივრად და ლამაზად სწერენ. ისე ლამაზად, რომ ნახატი გეგონებათ”.
ასეთი იყო ის შეფასება, რომელიც იაკობ მანსვეტაშვილმა მისცა ლუკა რაზიკაშვილის საქმიანობას თონეთის სკოლაში. მაგრამ ვაჟა-ფშაველაზე გადაკიდებული მამასახლისი და მისი ავან-ჩავანები ზედიზედ გზავნიდნე როგორც ქ. შ. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში, ისე სხვა ორგანოებში ცილისწამებით სავსე წერილებს. წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ვაჟას უხასიათებდნენ როგორც უვარგის მასწავლებელს, ხოლო სხვა ორგანოებს ცნობებს აწვდიდნენ, რომ „ვაჟა მეამბოხე და მთავრობის მტერია”. ამისი გამო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა იძულებული შეიქნა 1888 წლის სექტემბრიდან ლუკა რაზიკაშვილი თონეთში მასწავლებლობიდან გაეთავისუფლებინა.
ამის შემდეგ ვაჟა უმთავრესად სალიტერატურო მუშაობითა და სოფლის მეურნეობაში შრომით არჩენდა ოჯახს. მაგრამ სკოლისა და მასწავლებლებისადი პატივისცემა, ჩვენი ნორჩი თაობისადმი სიყვარული დიდი პოეტის გულში არასოდეს გამქრალა. ამის დამადატურებელია ის ფაქტი, რომ მის ბრწყინვალე შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საგანგებოდ ბავშვებისათვის. ჩვენი მოსწავლე ახალგაზრდობისათვის შექმნილ ძვირფას მხატვრულ ნაწარმოებებს („შვლის ნუკრის ნაამბობი”, „სათაგური”, „ჩხიკვთა ქორწილი”, „ბუნების მგოსნები” და სხვ.).
ამავე დროს, ვაჟას შესანიშნავად ჰქონდა წარმოდგენილი, რომ ჩვენი ერის მომავალი სახალხო განათლებაზეც იყო დამოკიდებული, ხოლო განათლების გავრცელების საქმეში მასწავლებლებს უდიდესი მოვაოება ჰქონდა დაკისრებული. ეხებოდა რა იმ დროს, როცა თვითონ სწავლობდა სკლაში. პოეტი დანანებით წერდა: „...ჩვენთვის სკოლა საპყრობილე იყო და ღმერთს იმას ვეხვეწებოდით მთელის ჩვენის არსებით. გათავებულიყო ჩქარა სწავლა და დავღწევიყავით ტანჯვა-წვალებას ბრჯღალებიდან. დიდად უბედურია ის მასწავლებელი, რომელიც სკოლას საპყრობილედ გადააქცევს და მით უმეტეს, უბედური არიან ისინი, ვინც ამ საპყრობილეში დაუმწყვდევიათ აღზრდა-განათლების სახელით. ალბათ გრძნობდნენ თვით აღმზრდელნიც ძველებურ აღზრდის სიმკაცრეს, რომ ქართველებს ასე უთქვამთ: „სწავლისა ძირი მწარეა, ხოლო წვერში გატკბილდებაო”. ვინ იცის, ქართველებისაგან არის ეს ნათქვამი, თუ რუსებისაგან შეისწავლეს: „უჩენიე-მუჩენიე, ა პლოდი ეგო სლადკიე” (სწავლ ტანჯვაა, ხოლო ნაყოფი მისი ტკბილი არისო), ნუთუ მუდამ სწავლა ტანჯვად უნდა წარმოვიდგინოთ და არ შემუშავდება ისეთი წესები, რომ სიამოვნებად გადაიქცეს იგი”.
მასწავლებლების დამცირებისა და უუფლებობის წინააღმდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა თვითმპყრობელობის დროს, ვაჟას ბევრჯერ აუმაღლებია ხმა და მათ მიმართ გულწრფელი თანაგრძნობა გამოუხატავს. სახალხო მასწავლებელ ლადო ბზვანელისადმი მიძღვნილ ლექსში პოეტი ამბობდა:
მასწავლებლისა ბედზედა
მრავალჯერ დამიკვნესია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
რა ვუყოთ, მასწავლებელი
დღეს არა ფასობს ჩვენშია.
თუმცა ხსნა ჩვენი ერისა
მხოლოდ და მხოლოდ თქვენშია.
სული გასუქდეს ბევრით სჯობს,
ვიდრე გასუქდეს ლეშია.
1915 წლის თებერვალში ვაჟა-ფშაველა ავად გახდა. ავადმყოფობა ისე გაურთულდა, რომ ექიმების რჩევით პოეტი 14 ივნისს წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ლაზარეთში გადაიყვანეს (ახლანდელი უნივერსიტეტის შენობაში), სადაც 27 ივლისს სამუდამოდ დახუჭა თვალი მგოსანმა. ვაჟა დასაფლავებულია მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.