‍ილია ფერაძე (1866-1928)

ავტორი: აკაკი თოფურია
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

pheradze iliaილია ივანეს ძე ფერაძე დაიბადა 1866 წლის 10 ივლისს სოფელ ნებოძირში, შორაპნის მაზრაში (ამჟამად ზესტაფონის რაიონი). პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, 1875 წელს მშობლებს იგი შეჰყავთ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელსაც წარმატებით ამთავრებს 1882 წელს. ამავე წელს ილია ფერაძე შედის თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1889 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, ფერაძე სახელმწიფო ხარჯზე იგზანება კიევის სასულიერო აკადემიაში, რომლის სიტყვიერების დაგს იგი ამთავრებს კანდიდატის ხარისხით, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე. 1893 წელს ბრუნდება სამშობლოში და ამ დროიდან ებმება აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობაში.

პირველად ილია ფერაძე მასწავლებლად ინიშნება გორის სასულიერო სასწავლებელში. პეტრე კაპანაძე თავის წიგნში „ბელადის ბავშობა და ყრმობა” საკმაო წარმოდგენას გვაძლევს სწავლა-აღზრდის იმ მახინჯ მეთოდებზე, რომლებიც გამეფებული იყო მაშინ გორის სასულიერო სასწავლებელში, სადაც 1894 წლამდე სწავლობდა ი. ბ. სტალინი; ამასთან პეტრე კაპანაძე გვისურათებს იმ კეთილისმყოფელ გავლენას, რომელიც მოუხდენია ზოგიერთ მასწავლებელს ყრმა სოსოს ზრდა-განვითარებაზე.

„...ძველი სკოლის მოწაფეს გაკვეთილის მომზადებას მტკიცედ თხოვდნენ, ხოლო გარეშე ლიტერატურის კითხვას მასწავლებლობის უმრავლესობის თვალში ფასი არ ჰქონდა, – წერს პეტრე კაპანაძე, – პატარა სოსოს ბავშვობიდანვე უყვარდა კლასგარეშე წიგნების კითხვა. ზოგმა მასწავლებელმა კარგად იცოდა, რომ სოსო და ზოგი სხვა თვითგანვითარების გზაზე დამდგარი მოწაფე გარეშე ლიტერატურას ეტანებოდნენ. იცოდნენ და ხელს არ უშლიდნენ, ხშირად რჩევა-დარიგებითა და საკუთარი ბიბლიოთეკის წიგნებით მოწაფეებს ხელსაც უწყობდნენ. ასეთი იყო, მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ილია ფერაძე”.

1896-1907 წლებში ილია ფერაძე მასწავლებლად მუშაობდა თბილისის სასულიერო სემინარიასა და ქალთა საეპარქიო სასწავლებელში. 1908 წლიდან იგი სამუშაოდ გადადის ბათუმში, სადაც რჩება 1918 წლამდე. თბილისიდან მისი წასვლა დაკავშირებული იყო იმ იდეურ ბრძოლასთან, რომელსაც 1905-იან წლებში ეწეოდა ილია ფერაძე ცარიზმის გამარუსებელი პოლიტიკის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შედეგად ილია ფერაძე მიჩნეულ იქნა პოლიტიკურად საეჭვო პიროვნებად და პედაგოგიურ ასპარეზიდან ჩამოცილების მიზნით „გადაგდებულ იქნა” პროვინციაში.

1908-18 წლებში ილია ფერაძე ბათუმის ვაჟთა გიმნაზიში მასწავლებლად მუშაობასთან ერთად ითვლებოდა აგრეთვე აჭარის სახალხო სკოლების ინსპექტორად. 1918 წელს იგი დანიშნულ იქნა ოზურგეთის გიმნაზიის დირექტორად. ამ თანამდებოაბზე რჩება 1922 წლამდე; ამ წელს გადაყვაენილ იქნა ხაშურის ჰუმანიტრული ტექნიკუმის გამგედ. 1924-25 სასწავლო წელს მუშაობდა ველისციხის (გურჯაანი) საშუალო სკოლის დირექტორად, 1925-26 წელს სიღნაღის პედაგოგიური ტექნიკუმის დირექტორად, ხოლო 1926 წლიდან სამუშაოდ კვლავ გადმოდის თბილისში, სადაც განაგრძობს ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. ილია ფერაძე გარდაიცვალა 1928 წლის 4 აგვისტოს.

თავისი დროის პედაგოგებს შორის ილია ფერაძეს ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი ეჭირა და საკმაოდ კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა. ამას ხელს უწყობდა საგნის ღრმა ცოდნა, ფართო ზოგადი განათლება და ის კეთილშობილური თვისებანი, რაც ასე დამახასიათებელი იყო ილია ფერაძისთვის, როგორც მასწავლებლისა და მოქალაქისათვის. ილია ფერაძე პრაქტიკულ-პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დამდეგის საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში; იგი იყო მოზარდი თაობის არა მარტო უბრალო რიგითი აღმზრდელ-მასწავლებელი, არამედ ავტორი მთელი რიგი სახელმძღვანელო წიგნების და ლიტერატურულ-პუბლიცისტური, პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური, კრიტიკულ-ბიბლიოგრაფიული და სხვა ხასიათის ნაშრომებისა. 1880-იანი წლებიდან, ჯერ კიდევ თბილისის სასულიერ სემინარიაში სწავლის პერიოდიდან, იგი სისტემატურად თანამშრომლობდა რევოლუციამდელ და რევოლუციის შემდეგდროინდელ ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან და გამოქვეყნებული აქვს სხვადასხვა საკითხზე თავის დროისათვის მნიშვნელოვანი და საყურადღებო წერილები.

ქართული პედაგოგიკური აზროვნების განვითარებისათვის უეჭველად მნიშვნელოვანი იყო პედაგოგიკის ისტორიის საკითხებისადმი მიძღვინლი ილია ფერაძის წერილების ის ციკლი, რომელიც ქვეყნდებოდა ჟურნალ „მწყემსში”. ეს იყო ქართულ ენაზე უძველეს დროიდან დაწყებული ვიდრე მე-5 საუკუნემდე (ჩვ. წ.-აღ.) სწავლა-აღზრდის ისტორიის გადმოცემის პირველი ცდა. მასში გადმოცემული იყო ბავშვთა აღზრდის ისტორია ჩინეთში, ეგვიპტეში, ინდოეთში, ებრაელთა შორის, საბერძნეთში, სწავლა-აღზრდის საქმეზე ქრისტიანობის ზეგავლენის საკითხები და სხვა. ცოტა უფრო ადრე, სანამ ამ წერილების გამოქვეყნება დაიწყებოდა, როცა ილია ფერაძე ჯერ კიდევ კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა, ჟურნალ „მწყემსში” გამოქვეყნდა მისი საყურადღებო წერილი „იან ამოს კომენსკი და მისი პედაგოგიური მოღვაწეობა”. მასში ჩვენს სინამდვილეში პირველად იყო გაშუქებული დიდი ჩეხო პედაგოგის ძირითადი პედაგოგიკური შეხედულებანი და დიდაქტიკური პრინციპები, დახასიათებული იყო ის ეპოქა, რომელშიაც წარმოიშვა კომენსკის პედაგოგიკური სისტემა, მისი მოწინავე პროგრესულ-პედაგოგიკური იდეები.

სხვა მოწინავე ქართველ პედაგოგებთან ერთად რევოლუციამდელ პერიოდში ილია ფერაძე აქტიურად იბრძოდა ეროვნული კულტურის ინტერესების დაცვის, მშობლიურ ენაზე სწავლა-განათლების გავრცელების, მოზარდი თაობის სწორ პედაგოგიურ საფუძველზე აღზრდის სასარგებლოდ. ის იყო ამ მხრივ იაკობ გოგებაშვილის პროგრესულ-პედაგოგიკური იდეების დამცველი და გამტარებელი. სწორედ ამ ნიადაგზე უხდებოდა მას შეჯახება ეგზარქოსებთან და სხვა სასულიერო პირებთან, რომელთა ხელში იყო მეტწილად მაშინ სწავლა-განათლების საქმე.

1900-იან წლებში შავრაზმული რეაქციული პოლიტიკით განსაკუთრებით ცნობილი იყო ქართლ-კახეთის საეპარქიო სკოლის მეთვალყურე დეკანოზი ვოსტორგოვი. ილია ფერაძეს სასტიკი შეჯახება მოუხდა სწორედ ამ ვოსტორგოვთან და პრესაში დაუნდობლად ამხილა მისი რეაქციული პოლიტიკის გაიძვერული ბუნება. ვოსტორგოვი იყო ერთ-ერთი ინიციატორთაგანი იაკობ გოგებაშვილის „რუსკოე სლოვოს” აკრძალვისა 1900-იან წლებში. ქართველი ახალგაზრდობისათვის ეს იყო ერთადერთი, ყოველმხრივ სწორად შედგენილი სახელმძღვანელო, რომლის საშუალებით ახალგაზრდობა ადგილად ითვისებდა რუსულ ენას. იაკობ გოგებაშვილი რუსული ენის შესწავლისას მშობლიური ენის გამოყენებას სავალდებულოდ და პედაგოგიურად სავსებით გამართლებულად თვლიდა. ვოსტორგოვი და მისი ჯგუფი ეწინააღმდეგობდნენ ამ პრინციპს და მოითხოვდნენ ყოველგვარი მშობლიურის, ნაცნობი ენობრივი ელემენტების განდევნას რუსული ენის შესწავლის პროცესში. ეს იყო ქართველთა გარუსების ყველაზე რეაქციული შავრაზმული პოლიტიკა. 1905 წელს „ივერიის” №3 დამატებაში მოთავსებული იყო ილია ფერაძის საკმაოდ ვრცელი კრიტიკული რეცენზია ცნობილი რეაქციონერის პერიკლ მიხეილის ძე კორხანიდის რუსული ენის სახელმძღვანელო წიგნზე, რომელიც იაკობ გოგებაშვილის «Русскоеслово»-ს ნაცვლად გამოცემულ იქნა 1903 წელს. ეს წიგნი შედგენილ იქნა უშუალოდ ვოსტორგოვის წინადადებით. ვოსტორგოვს, როგორც ქართლ-კახეთის საეპარქიო სკოლის მეთვალყურეს, მისი თავმჯდომარეობით შეუდგენია კომისია პერიკლ კორხანიდის წიგნის განსახილველად. კომისიაში შედიოდა ილია ფერაძეც, როგორც ამავე სკოლის მასწავლებელი. მაგრამ კომისიას ფაქტიურად არ განუხილავს წიგნი. იგი დაბეჭდილ იქნა ვოსტორგოვის პირდაპირი განკარგულებით და მიჩნეულ იქნა როგორც რუსული ენის ოფიციალური სახელმძღვანელო არარუსი ბავშვებისათვის.

ამ გამომცემლურ-ფარისევლური ფაქტით აღშფოთებული ილია ფერაძე „ივერიის” ფურცლებზე მოურიდებლად ამხელს რუსიფიკატორული პოლიტიკის აღვირახსნილ დამცველებს და ააშკარავებს მათ საზიზღარ ბუნებას, ამასთან მტკიცედ იცავს იაკობ გოგებაშვილის შეხედულებებს რუსული ენის შესწავლაში მშობლიური ენის გამოყენების აუცილებლობას. ილია ფერაძე საფუძვლიანად აანალიზებს იაკობ გოგებაშვილისა და პერიკლ კორხანიდის სახელმძღვანელოებს და აკეთებს საგულისხმო დასკვნას:

„აქედან ცხადად ჩანს, თუ რომელი პედაგოგი უფრო ზრუნავს ქართველი ერის ბავშვების ჯეროვანი განვითარებისათვის, ბ-ნი კორხანიდი თუ ბ-ნი გოგებაშვილი. გოგებაშვილის იდეალი იყო „ეროვნული სკოლა”. ამ იდეალმა, 25 წლის წინ აღიარებულმა, გაიმარჯვა”. პერიკლ კორხანიდის წიგნში, – პირდაპირ აღნიშნავდა იქვე ილია ფერაძე, – ქართული ხასიათისა არა არის რა. რუსული სიტყვების შესაბამისი ქართული თარგმანი ძალზე დამახინჯებულიაო. ყოველივე ამის შემდეგ აყენებდა კითხვას:

„როგორ გაბედა კორხანიდიმ, რომ თავისი წიგნი ასეთის ცუდი თარგმანით ქართული სკოლებისათვის დაბეჭდა და მის გავრცელებას ცდილობდა? ეს ქრათველის დიდი შეურაცხყოფაა, მისი აბუჩად აგდება, მისი ენის შელახვა”. და ბოლოს, იქვე ამხელდა ვოსტორგოვის გაიძვერულ ბუნებას: „საბჭოს კომისიას, რომელშიც მეც ვიყავი დანიშნული, ეს წიგნი არ განუხილავს. დეკანოზმა ვოსტორგოვმა მოიწონა იგი და დიდი სიჩქარით დაბეჭდა”. ყველაფერი ეს ნაკარნახევი იყო პოლიტიკური მიზნებით. ამ სახელმძღვანელოს გამოცემის შემდეგ ვოსტორგოვისა და მისი ჯგუფის მიერ შედგენილი სასწავლო გეგმა ითვალისწინებდა ქართული ენის სწავლების, იმსი უფლებების კიდევ უფრო შესუსტებას. „მშობლიურ ენას განცალკევებული გაკვეთილებიც კი არ დაუნიშნეს და საღმრთო სჯულის გაკვეთილთა რიცხვში მოათავსეს. ეს გარემოება ქართული ენის სრულ მოსპობას უდრის”, – წერდა იქვე ილია ფერაძე. ასეთი იყო ვოსტორგოვ-კორხანიდის ბინძური მიზანი, მიმართული ქართული ენის გადაშენებისაკენ, ქართველთა გარუსებისაკენ, ქართული ეროვნული კულტურის გადაგვარებისაკენ. ილია ფერაძის ერთ-ერთი დამსახურება ამ დარგში ის არის, რომ მან ასეთი გაბედული კრიტიკული გამოსვლებით ხელი შეუწყო მოწინავე ქართველი ინტელიგენციის დარაზმვას მშობლიური ენის უფლებების დასაცავად, რის საფუძველზეც შესაძლებელი შეიქნა ჩაშლილიყო ვოსტორგოვთა და სხვა მის მიმდევართა ბოროტი გეგმები. ასეთმა იდეურმა ბრძოლამ, როგორც აღვნიშნეთ, ბევრი უსიამოვნება მიაყენა ფერაძეს პირად ცხოვრებაში.

ილია ფერაძეს ეკუთვნის სასკოლო ჰიგიენისა და ფსიქოლოგიის, მოზარდის ფიზიკური აღზრდისათვის სპორტის მნიშვნელობის, პროფესიული განათლების შემოღებისა და სხვა საკითხებზე დაწერილი მთელი რიგი საყურადღებო სტატიები, რომლებიც ქვეყნდებოდა ჟურნალ „განათლებაში” 1910-14 წლებში. წერილებში „ბავშვის ფიზიკური აღზრდა”, „ჭაბუკის ფიზიკური აღზრდა” მოცემულია საგულისხმო მითითებანი მშობელთა და მასწავლებელთათვის ბავშვთა გონებრივი და ფიზიკური აღზრდის შესახებ. ეს საკითხი ავტორს დამუშავებული აქვს რევოლუციამდელი სამედიცინო ლიტერატურის ფართო გამოყენებით და შეიცვს ბავშვთა ჰიგიენის დაცვის უზრუნველსაყოფად მთელ რიგ საინტერესო მასალებს.

1819 წელს სკოლებისათვის სახელმძღვანელოდ გამოქვეყნდა ილია ფერაძის მიერ შედგენილი „საქართველოს მოკლე ისტორია”, ხოლო 1927 წელს მისივე თანაავტორობით ქართული ენის სახელმძღვანელო წიგნი „ენის დაკვირვება”.

ილია ფერაძე წერდა ლიტერატურულ წერილებს, ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, თარგმნიდა უცხოეთისა და რუსეთის მოწინავე მწერლების ნაწარმოებებს.