სიმონი ოცხელი (1868-1937)
სიმონ ოცხელი საუკეთესო მასწავლებელი და გულისხმიერი პედაგოგი იყო. იგი ითვლებოდა ერთ-ერთ გამოჩენილ მეთოდისტად და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.
სიმონ ოცხელმა შექმნა სახელმძღვანელოები ფიზიკაში, ალგებრაში, კოსმოგრაფიაში, გეომეტრიაში და შეადგინა რუსული ენის სახელმძღვანელო ქართული სკოლებისათვის.
სიმონ ივანეს ძე ოცხელი დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1868 წელს. საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც 1886 წელს დაამთავრა. ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს იგი ამჟღავნებდა უდიდეს ნიჭს მათემატიკაში და იპყრობდა მასწავლებლების ყურადღებას.
სიმონ ოცხელი უმაღლესი განათლების მისაღებად შევიდა ოდესის უნივერსიეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1889 წელს და ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ ცოდნის გასაღრმავებლად ისევ ოდესაში დაბრუნდა.
1892 წელს სიმონ ოცხელმა მუშაობა დაიწყო პედაგოგიურ ასპარეზზე, პირველად ქ. თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიაში, 1905 წლიდან კი მას ქუთაისის ქართული გიმნაზიის მასწავლებლად იწვევენ.
სიმონ ოცხელი ფიზიკა-მათემატიკის ღრმა ცოდნის გარდა პედაგოგიური მომზადებითა და დახელოვნებით გამოირჩეოდა. იგი იყო მკაცრი, მომთხოვნი, მაგრამ ამავე დროს მეტად გულისხმიერი. მისი სიდარბაისლე და საუბრის კილო შთამაგონებელ გავლენას ახდენდა მოწაფეებზე და აორკეცებდა მათ ყურადღებას, იგი არც ენერგიას იშურებდა, რათა მოსწავლეებისათვის მტკიცე და შეგნებული ცოდნა მიეცა და სწავლის დამთავრების შემდეგაც ზრუნავდა ყოფილ მოწაფეებზე.
მეფის დროს სასტიკად იბრძოდნენ სკოლებიდან ქართული ენის განდევნისა და ქართველი ახალგაზრდობის გადაგვარებისათვის. მოწინავე ქართველი პედაგოგების გადაუდებელ ამოცანას შეადგენდა ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების შედგენა. სიმონ ოცხელმა მონაწილეობა მიიღო სკოლების გაეროვნების საქმეში, მან შეადგინა დაწყებითი და საშუალო სკოლებისათვის ქართული სახელმძღვანელოები: „ელემენტარული ალგებრა, საშუალო სასწავლებელთათვის” (ქუთაისის, 1917), „ელემენტარული გეომეტრია საშუალო სასწავლებელთათვის” (1918), „არითმეტიკული ამოცანებისა და მაგალითების კრებული პირველდაწყებითი სკოლებისათვის” (1919), პ. ნიჟარაძესთან ერთად – „დაწყებითი ფიზიკა უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებელთათვის” (1920), პ. წულუკიძესთან ერთად – „არითმეტიკულ ამოცანათა კრებული” II, III და IV ჯგუფებისათვის (თბილისი, 1925), ს. ეკიზაშვილთან ერთად – „გეომეტრიულ ამოცანათა კრებული” (1926), „რუსული ენის სახელმძღვანელო ქართული დაწყებითი კლასებისათვის” (1915) და სხვ.
სიმონ ოცხელის სახელმძღვანელოებმა თავის დროზე დიდი სამსახური გაუწია ჩვენს დაწყებით და საშუალო სკოლებს.
სიმონ ოცხელის მათემატიკის სახელმძღვანელოებში ფაქტობრივი მასალა აღებულია საქართველოს გეოგრაფიიდან, ეთნორაფიიდან, სოფლის მეურნეობიდან, მრეწველობიდან და, აგრეთვე, ბუნებისმეტყველებიდან. ამასთან ერთად, მათემატიკურ ცნებათა თანმიმდევრობა მათში მტკიცედ არის დაცული.
მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდის სიმონ ოცხელის პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ მისი ყოფილი მოწაფე, დამსახურებული პედაგოგი, დოცენტი სიმონ შარაშენიძე. იგი წერს: „სიმონ ოცხელი ოთხი წლის განმავლობაში მასწავლიდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში მათემატიკას, ფიზიკასა და დამამთავრებელ კლასში კოსმოგრაფიას, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მეც მასწავლებლად ვმუშაობდი ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში (1914 წლიდან 1931 წლამდე). სიმონ ოცხელთან ერთად მიხდებოდა მუშაობა ჯერ ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, ხოლო შემდეგ ქუთაისის საშუალო სკოლებსა და ტექნიკუმებში. სიამოვნებით ვიგონებ იმ დდროს, როცა სიმონ ოცხელი მასწავლიდა. მან შემაყვარა მათემატიკა და მასწავლებლობა. მისი შთაგონებითა და გავლენით გადავწყვიტე უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დამემთავრებინა და მეც მასწავლებლობა დამეწყო, რაც შევასრულე... არ მახსოვს მისი ხმის ამაღლება ან გაკიცხვა. მოწაფისათვის საფუძვლიანი ცოდნის მიცემა საგნებში, რომლებსაც ის გვასწავლიდა, სიმონ ოცხელისათვის პირველხარისხოვანი საკითხი იყო. ის ხშირად მოგვაგონებდა, რომ ჩვენ მიზნად დაგვესახა ცოდნა-ჩვევის მიღება და მათი პრაქტიკულ საქიანობაში გამოყენება”.
სიმონ ოცხელის მოღვაწეობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პედაგოგიურ-აღმზრდელობითი მუშაობით, იგი აქტიური მონაწილე იყო აგრეთვე ქუთაისის კულტურულ-საგანმანათლებლო წამოწყებისა, იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის წევრი.
სიმონ ოცხელი მონაწილეობას იღებდა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში და უშუალო მონაწილე იყო ქუთაისში სახალხო უნივერსიტეტის დაარსებისა.
1905 წელს ქუთაისში ეწყობა მასწავლებელთა კრებეიბ, რომელზედაც სიონ ოცხელი აქტიურ ონაწილეობას იღებდა, იცავდა სკოლების რეორგანიზაციის საკითხს და მოითხოვდა საშუალო სკოლებისათვის თვითმმართველობის მინიჭების აუცილებლობას.
სიმონ ოცხელისა და მისი ძმის იოსებ ოცხელის ხელმძღვანელობით ქუთაისში დაარსდა გამომცემლობები „განათლება” და „სკოლა”, რომლის მიზანი იყო სახელმძღვანელოების გამოცემა და გავრცელება. სიმონ ოცხელი გამომცემლობა „განათლების” მთავარი რედაქტორი იყო.
სიმონ ოცხელი ორმოცდასამი წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას: ჯერ თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში (1893-1905), შემდეგ ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში (1905-1921), ხოლო 1921 წლიდან – ქუთაისის სხვადასხვა სკოლასა და ტექნიკუმში, მეექვსე ცხრაწლედში (1921-1924), სამეურნეო-ეკნოკურ ტექნიკუმში, ხოლო 1933 წელს იგი მიიწვიეს ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ლექტორად, სადაც 1937 წლამდე მუშაობდა.
დიდი ერუდიციის მქონე, ნიჭიერი და ჩინებული მასწავლებელი, მრავალი სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი, თავდადებული, პატრიოტი და აღმზრდელი – ასეთი იყო იოსებ ოცხელი. იგი გარდაიცვალა 1937 წელს, დაკრძალულია ქალაქ ქუთაისში.