‍ილია ოქრომჭედლიშვილი (1838-1898)

ავტორი: შ. გოზალიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი დაიბადა 1838 წლის 24 აპრილს ქალაქ სიღნაღში. მამამისი (სახაზინო გლეხი) სიღნაღის მკვიდრი იყო, ხოლო დედა – ეკატერინე ფრანგუშკოვას ასული, წარმოშობით ქართველ კათოლიკეებს ეკუთვნოდა.

ოჯახი, რომელშიც პატარა ილია იზრდებოდა, ყოველთვის მატერიალურ სივიწროვეს განიცდიდა; მამის მცირე შემოსავალი სრულიადაც ვერ აკმაყოფილებდა ოჯახის საჭიროებას. სიღარიბეს ზედ დაერთო ილიას მშობლების – ჯერ მამის, ხოლო შემდეგ დედის ნაადრევი სიკვდილი. ობლობის მძიმე ხვედრმა ილია ადრე ჩააბა შრომის ფერხულში. უფროსმა ძმამ, ივანემ, ილია თბილისში წაიყვანა. აქ იგი შეიკედლა ერთმა კეთილმა ნათესავმა ილია. ოქრომჭედლიშვილს სკოლის კარები არ უნახავს. იგი თბილისში თამამშოვის ქარვასლაში ფარჩეულის ერთ სავაჭრო დუქანში შეგირდად იყო.

ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული და მუდამ სწავლამოწყურებული ილია მუშაობის დამთავრების შემდეგ ღამეებს წიგნის კითხვასა და მეცადინეობას ანდომებდა, მთელი მონდომებით სწავლობდა რუსულ ენას. სახელმძღვანელო წიგნების საშუალებით ემზადებოდა საშუალო სკოლის პროგრამის შესათვისებლად.

მიუხედავად დუქანში აუტანელი შრომისა და ჯაფისა, მტკიცე ნაბისყოფითა და ენერგიით აღსავსე ყმაწვილმა ჭაბუკური გატაცებით დაძლია ყოველგვარი დაბრკოლება და შეძლო მაშინდელი გინაზიის პროგრამით გათვალისწინებული განათლების მიღება.

ილია ოქრომჭედლიშვილმა ბეჯითი შრომითა და სწავლისადმი შეუნელებელი მისწრაფებით თავიდანვე მიიქცია მაშინდელი ქართველი, მოწინავე ახალგაზრდა თაობის ყურადღება, პირველ რიგში, ილია ჭავჭავაძისა და მისი მეგობრებისა, რომლებიც ეხმარებოდნენ მას სახელმძღვანელოებისა თუ ლიტერატურის მიწოდებითა და რჩევა-დარიგებით, მათი მატერიალური მხარდაჭერითა და წახალისებით გამხნევებული ილია ოქრომჭედლიშვილი განათლების მისაღებად 1860 წლის გაზაფხულზე პეტერბურგში გაემგზავრა. აქ მან ექსტერნის წესით სიმწიფის ატესტატის მისაღებად გიმნაზიის კურსის გამოცდები ჩააბარა და უნივერსიტეტში შესვლის უფლება მოიპოვა.

1860 წლის 25 ივლისს ილია ოქრომჭედლიშვილმა თხოვნით მიმართა პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორს მისაღებ გამოცდებზე დაშვების შესახებ და იმავე წლის 15 სექტემბრიდან უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტის სომხურ-ქართული განყოფილების სტუდენტი გახდა.

1860 წლის დეკემბერში პირველი კურსის სტუდენტმა სტიპენდიის დანიშვნაზე თხოვნით მიმართა უნივერსიტეტის რექტორს, რომელმაც აღმოსავლური ენების ფაკულტეტს მოთხოვა დასკვნა. ფაკულტეტმა, თავის მხრივ, რექტორს შემდეგი დასკვნა წარუდგინა: ილია ოქრომჭედლიშვილის (სერებრიაკოვი) შესახებ, რომელიც პირველი კურსის სტუდენტია, ფაკულტეტს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია აღძრას შუამდგომლობა მისთვის სტიპენდიის დანიშვნაზე, რადგან სტიპენდია მხოლოდ ისეთ სტუდენტს ენიშნება, რომელმაც უნივერსიტეტში შესასვლელი გამოცდები ყველა საგანში ხუთიანზე ჩააბარაო. მიუხედავად მძიმე ეკონომიკური პირობებისა, იგი მაინც შეუნელებელი ენერგიით განაგრძობდა უმაღლესი განათლების მიღებას.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაშინდელი პეტერბურის ქართველი სტუდენტობა, შეიძლება ითქვას, ერთადერთ ნუგეშესა და გამხნევებას, ზნეობრივ და მატერიალურ მხარდაჭერას მხოლოდ პეტერბურგის უნივერსიტეტის პირველი ქართველი პოფესორის დავით იესეს ძე ჩუბინაშვილისაგან ღებულობდა, რომელმაც იმ დროის უნივერსიტეტში მოსწავლე ქართველი სტუდენტებისგან ქართლი ლიტერატურისა და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მრავალი მოღვაწე აღზარდა.

პროფესორ დავით ჩუბინაშვილის მიერ გაწეული მატერიალური თუ ზნეობრივი მხარდაჭერით, დახმარებითა და აკადემიური ხელმძღვანელობით ილიამაც გზა გაიკვლია, დაძლია, სტუდენტური ცხოვრების მძიმე პირობები და სასურველი გზით წარმართა მუშაობა.

1861 წლის გაზაფხულიდან დაიწყო პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტთა მოძრაობა. ამის გამო უნივერსიტეტი დაიხურა და სტუდენტობა დაითხოვეს.

ილია ოქრომჭედლიშვილი მაინც ადგილზე დარჩა და ელოდებოდა მდგომარეობის გარკვევას. გაიარა დრომ. სტუდენტთა მოძრაობაც მიწყნარდა და უნივერსიტეტში ისევ განახლდა ნორმალური მეცადინეობა. ამ დროს ილია მეორე კურსის სტუდენტი ყო. ეცადინეობის განახლებისთანავე, 1861 წლის 26 ოქტომბერს, მან თხოვნით მიმართა უნივერსიტეტის რექტორს, რომ ისთვის მიეცათ მატრიკული და დაეშვათ ლექციების მოსასმენად. თხოვნასთან ერთად მან ექიმის მოწმობაც წარადგინა გასამართლებელ საბუთად, რომ ავადმყოფობის გამო მას არ ჰონდა საშუალება მატრიკულის მისაღებად თავის დროზე გამოცხადებულიყო. უნივერსიტეტის მმართველობის დროებითმა კომისიამ ილიას თხოვნა დააკმაყოფილა, სტუდენტის უფლებებში აღადგინა და მატრიკული მისცა.

ილია ოქრომჭედლიშვილი პეტერბურგში დიდ მატერიალურ გაჭირვებაში იმყოფებოდა, მას საშუალბა არ ჰქონდა სწავლის ქირა ეხადა. ამის შესახებ 1862 წლის 21 თებერვალს მან უნივერსიტეტი მმართველობის დროებით კომისიას მიმართა თხოვნით. თხოვნასთან ერთად წარადგინა სიღნაღის ქალაქის თავის მიერ 1861 წლის 10 თებერვალს გაცემული სიღარიბის მოწმობაც და ითხოვა, სწავლის გადასახადისაგან განთავისუფლება.

დროებითმა კომიიამ აღძრა შუამდგომლობა პეტერბურგის სასწავლო ოლქის მზრუნველის წინაშე მისი სწავლის გადასახადისაგან 1860 წლის მეორე ნახევრიდან განთავისფულების შესახებ. სასწავლო ოლქის მზრუნველმა შეიწყნარა შუამდგომლობა და ილია ოქრომჭედლიშვილი სწავლის გადასახადისაგან მთლიანად გაათავისუფლა.

1863 წლის&ნბსპ; 24 იანვრიდან, თანახმად მისი თხოვნისა, იგი გადარიცხეს იმავე ფაკულტეტის თავისუფალ მსმენელად. იმავე წლის 22 მარტს ილიამ მიმართა უნივერსიტეტის მმართველობის დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვა, ნება დართოთ აღმოსავლური ენების ფაკულტეტის სომხურ-ქართულ განყოფილებაზე ჩაებარებინა გამოცდები უნივერსიტეტის დამთავრებისა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხით. კომისიის თავმჯდომარემ 1863 წლის 12 აპრილს მას გამოცდების ჩაბარების უფლება მისცა.

1863 წლის აპრილსა და მაისში ილიამ წარმატებით ჩააბარა საგამოცდო საგნები და ფაკულტეტს წარუდგინა სადისერტაციო ნაშრომი სათაურით: „თემურ-ლენგის ლაშქრობა საქართველოში” (ეს ფაქტი ცნობილი გახდა არქივში დაცული მოხსენებით, რომელიც 1863 წლის ივნისში უნივერსიტეტის მმართველობის დროებითი კომისიის თავმჯდომარისადმი წარუდგენია აღმოსავლური ენების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელ პროფესორ დავით ჩუბინაშვილს). სამწუხაროდ, ილია ოქრომჭედლიშვილის ეს ნაშრომი ჯერჯერობით მიუკვლეველია. ცხადია, რომ სადისერტაციო შრომა მას დავით ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით უნდა ჰქონოდა შესრულებული.

დავით ჩუბინაშვილი წარდგენილ მოხსენებაში ილია ოქრომჭედლიშვილის შესახებ წერდა: აღმოსავლური ენების ფაკულეტის სომხურ-ქართული განყოფილების თავისუფალმა მსმენელმა ილია სერებრიაკოვმა (ოქრომჭედლიშვილმა) საკანდიდატო გამოცდების წარმატებით ჩაბარებასთან ერთად წარმოადგინა დისერტაცია: „თემურ-ლენგის ლაშქრობა საქართველოში”, რომელიც დამაკმაყოფილებლად იქნა ცნობილი.

დავით ჩუბინაშვილის ამ მოხსენების საფუველზე უნივერსიტეტის მმართველობის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ 1863 წლის 27 ივნისს აღძრა შუამდგომლობა პეერბურგის სასწავლო ოლქის მზრუნველის წინაშე და ითხოვდა ილია ოქრომჭედლიშვილს მიერ უნივერსიტეტის კანდიდატის ხაისხის დიპლომით დამთავრების დამტკიცებას. 1863 წლის 27 ნოემბერს პეტერბურგის სასწავლო ოლქის მზრუნველმა კი თხოვნა დაამტკიცა.

უნივერსიტეტის დამთავრების დიპლომის მიღებამდე 1863 წლის 27 ივნისს ილია ოქრომჭედლიშვილმა მიიღო დროებითი მოწმობა და თხოვნასთან ერთად წარადგინა მოსკოვის აღმოსავლური ენების ლაზარევის ინსტიტუტში პეტრე ნაკაშიძის მიერ განთავისუფლებული ქართული ენის კათედრის უფროსი მასწავლებლის ადგილის დასაკავებლად.

ლაზარევის ინსტიტუტის მზრუნველის შუამდგომლობით ილია ოქრომჭედლიშვილი 1863 წლის 14 ივლისიდან დანიშნეს ქართული ენის უფროსი მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად.

მან ლაზარევის ინსტიტუტში მოღვაწეობის დაწყებამდე ილია ჭავჭავაძის ახლად დაარსებულ ჟურნალ „საქართველოს მოამბეში” დაბეჭდა შრომა „მოკლე განხილვა სომხური ენის წარმატებისა უკანასკნელ დროს”.

ილია ოქრომჭედლიშვილი ლაზარევის ინსტიტუტში დიდი სიყვარულითა და მონდომებით შეუდგა ქართული ენის სწავლებას. მან სულ მალე დაიმსახურა მოსკოვში სასწავლებლად ჩასული ქართველი ახალგაზრდობის დიდი სიყვარული. იგი იყო გულისხმიერი, კეთილი ადამიანი მშობლიური ხალხის ერთგული შვილი, სამშობლოს მომავალი კეთილდღეობისათვის მუდამ მზრუნველი, ჩუმი, თავმდაბალი, იგი გახდა გზის მაჩვენებლად სწავლამოწყურებული ქართველი ახალგაზრდობის, რომელსაც მთელი თავისი შესაძლებლობით ეხმარებოდა.

ილია ოქრომჭედლიშვილი, 1865 წლის 1-ლი ოქტომბრიდან შეთავსებით დაინიშნა მოსკოვის უნივერსიტეტში ქართული ენის მასწავლებლად.

1867 წლის იანვარში ილია ოჯახს მოეკიდა, ცოლად შეირთო შეძლებული მოსკოველი ვაჭრის – ვასილ სტეფანეს ძე მახალოვის ასული კლავდია.

1871 წლის 28 აგვისტოდან, როცა ლაზარევის ინსტიტუტში გაიხსნა სპეციალური კლასები და დაარსდა ქართული ენის კათედრა, ილია ოქრომჭედლიშვილი დოცენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს, ხოლო 1882 წლის 1 ნოემბრიდან პარალელურად აირჩიეს ინსტიტუტის სპეციალური კლასების საბჭოს მდივნად.

ილია ოქრომჭედლიშვილი, თავისი ერთგული და ნაყოფიერი მუშაობით, არა მარტო ქართველი ახალგაზრდობის საყვარელი მასწავლებელი და აღმზრდელი იყო, არამედ იმავე დროს დამსახურებული ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა ლაზრევის ინსტიტუტისა და მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტთა, პროფესორ-მასწავლებლთა და, საერთოდ, რუსეთის მოწინავე ადამიანებს შორის.

ილია ოქრომჭედლიშვილი არ იყო ვიწროდ ჩაკეტილი მოღვაწე. მართალია, იგი ძირითადად მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ არც სამშობლოს ივიწყებდა, მას მუდამ ცოცხალი, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან, ხშირად ჩამოდიოდა თბილისში, განსაკუთრებით არდადეგების დროს და რჩევითა თუ მატერიალური დახმარებით ყოველთვის ცდილობდა, რაიმე სასარგებლო მონაწილეობა მიეღო ქართულ საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში.

ილია ოქრომჭედლიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. მისი წერილებიდან აღსანიშნავია: „ვინ მოიგონა ქართული ანბანი?” „წერილი დ. ბაქრაძის მიმართ”, „საისტორიო და საბიბლიოგაფიო წერილი”, „შესახებ ქართველთა და სომეხთა ძველისძველი ისტორიისა” და სხვ.

ილია ოქრომჭედლიშვილი უეცრად გარდაიცვალა 1898 წელს, დასაფლავებულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.

სამშობლო ქვეყნის წინაშე ვალმოხდილი საზოგადო მოღვაწის გარდაცვალების გამო, მისი გულითადი მეგობარი ილია ჭავჭავაძე „ივერიის” მოწინავეში წერდა: „გუშინ, სამ იანვარს, დილით გარდაიცვალა ერთი კარგი ქართველი კაცი – ილია ოქრომჭედლიშვილი. მისი ცხოვრება სწორედ გამუდმებული, დაუღალავი შრომა იყო”.

ოცხელი იოსები ივანეს ძე
1865-1919

ხშირად სცენის გამოჩენილი კორიფეები დავიწყებას მიეცემიან იმის გამო, რომ მათი თეატრალური შემოქმედების თავისებურება თავის დროზე შესაფერისი წერილობითი ფორმით ან კინოეკრანზე არ ყოფილა გამოხატული. სიტყვა და ეკრანიც როდი იძლევა ყველაფერ იმას, რასაც სცენაზე დიდი მსახიობები ქმნიან.

ასევე იკარგება ის ნაყოფიერი და ორიგინალური შემოქმედებითი პედაგოგიური პრაქტიკა, რასაც ხელოვანი პედაგოგები სკოლაში ახორციელებენ, – თუ ხმედველობაში არ მივიღებთ ამ პრაქტიკის ბუნებრივ შედეგებს აღზრდილი და განათლებული ადამიანების სახით, – რადგანაც ცოცხალი პედაგოგიური პროცესის ეკრანიზაცია ფაქტიურად მოუხერხებელიც არის, ხოლო დამსწრეთა და მოსწავლეთა მოგონებანი კი, რამდენადაც მიახლოებითი და გულთბილი არ უნდა იყოს, თითქმის უძლურია სრულყოფილად წარმოგვიდგინონ ამ ტიპის პედაგოგთა ცოცხალი პედაგოგიური შემოქმედება და თავისებურებანი. გამოჩენილ ქართველ პედაგოგთაგან ეს, უპირველეს ყოვლისა, იოსებ ოცხელისა და მისი პედაგოგიური შემოქმედების შესახებ ითქმის.

იოსებ ოცხელი ჭეშმარიტად დიდი შესაძლებლობისა და მასშტაბის შემოქმედი პედაგოგი იყო. მისი ყოველდღიური პედაგოგიური ქცევა-საქმიანობა მრავალფეროვანი ორიგინალური შემოქმედების ცოცხალ განსახიერებას წარმოადგენდა. სწორედ ამის გამო მეტად ძნელია მის მოფიქრებულ და ტაქტიან პედაგოგიურ მოქმედებათა ცალკეული ფორმის სავსებით ისე წარმოდგენა, როგორც მათ შემოქმედი პედაგოგი პრაქტიკაში ახორციელებდა. უმთავრესად ამით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ ჩვენი პედაგოგიური საზოგადოების ფართო ფენები საფუძვლიანად არ იცნობენ სახელოვანი ქართველი პედაგოგის მრავალნაყოფიერ პედაგოგიურ მოძღვრება-შემოქმედებას.

იოსებ ივანეს ძე ოცხელი დაიბადა ქ. ქუთაისში 1865 წლის 29 სექტემბერს. დაწყებითი განათლება მან ქუთაისის კათოლიკურ სასწავლებელში მიიღო, ხოლო საშუალო განათლება ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში, რომლის კურსი 1885 წელს დაასრულა. იმავე წელს უმაღლესი განათლების მისაღებად იოსებ ოცხელი ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე შევიდა. უნივერსიტეტის კურსი იოსებმა პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და სამოღვაწეოდ თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. მის ახალგაზრდულ სტიქიას მხოლოდ პედაგოგიური მოღვაწეობის სარბიელი იტაცებდა, მაგრამ „არაკეთილსაიმედოობისა გამო” კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა მას ამ მხრივ ყველა გზა დაუხშო. იოსებ ოცხელი იძულებული შეიქნა დროებით სხვა დარგში ემუშავა: იყო ქუთაისის გუბერნიის კანცელარიის მმართველად და თბილისის სახელმწიფო ბანკის თანამშრომლადაც, მაგრამ ვერც ერთ ამ ჩინოვნიკურ თანამდებობას ვერ შეეგუა.

სახელმწიფო სასწავლებლებში რომ ვერ ეღირსა მასწავლებლობის საყვარელ თანამდებობას, იგი ახლა კერძო სასწავლებლის დაარსების გზით შეეცადა პედაგოგიური მოღვაწეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ამ მიზნით, ისარგებლა რა შედარებით ხელაყრელი გარემოებით, 1892 წელს ქუთაისში დააარსა დასავლეთ საქართველოში პირველი ქართული საჩვენებელი საბავშვო ბაღი მოსამზადებელი კლასით, რომელსაც დიდი გულმოდგინებით ხელმძღვანელობდა.

1900 წელს იოსებ ოცხელს „ბედმა გაუღიმა”. ამ წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, რომელიც უკმაყოფილო იყო ქუთაისის ქართული სკოლის ინსპექტორის მუშაობით, სპეციალური კომისია გაგზავნა სკოლის სასწავლო-სააღმზრდელო მუშაობის შესამოწმებლად. კომისიის მიერ წარმოდგენილი დეტალური მოხსენების საფუძველზე საზოგადოების გამგეობამ გაათავისუფლა სკოლის ძველი ხელმძღვანელი და ცოტა ხნის შემდეგ ამ თანამდებობაზე უკვე საკმაო პედაგოგიური გამოცდილების მქონე იოსებ ოცხელი დაამტკიცა.

აქედან დაიწყო იოსებ ოცხელის პრაქტიკული პედაგოგიური შემოქმედების სრულყოფილად გაშლა. იოსებ ოცხელი თავიდანვე შეუდგა ქუთაისის ქართული სკოლის მუშაობის საფუძვლიანად გარდაქმნას. მან განიზრახა ამ სკოლის ქრთულ კერძო გიმნაზიად გადაკეთება და თუმცა ამ მიმართულებით სასწავლო ოლქის მზრუნველის (ზავადსკის) სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდა, მაგრამ 1905 წლის რევოლუციის დღეებში მაინც სეძლო თავისი სურვილის განხორციელება. ქუთაისის ქართული სკოლა კერძო ქართულ გიმნაზიად გადაკეთდა და ეს იყო ისტორიულად პირველი ქართული საშუალო სასწავლებელი ამ პერიოდის დასავლეთ საქართველოში.

იოსებ ოცხელმა ქართული გიმნაზიის ირგვლივ შემოკრიბა პროგრესულად განწყობილი ყველა გამოჩენილი ქართველი პედაგოგი და მათგან ახალი ქართული სკოლის შექმნის მაღალი საბრძოლო იდეებით აღჭურვილი და დარაზმული ერთიანი პედაგოგიური კოლექტივი შექმნა. სამართლიანად წერს მწერალი დავით კლდიაშვილი: „ქუთაისის ქართული გიმნაზია თავის გამგიდან, დაუვიწყარ იოსებ ოცხელიდან, უკანასკნელ მასწავლბლამდის შეგროვება იყო ერთგვარი იდეით გატაცებული, ერთგვარი ფანატიკოსების, რომელნიც თავდადებით მუშაობდნენ მომავალი თაობის აღსაზრდელად”. ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში იოსებ ოცხელის უშუალო ხელმძღვანელობით ძველ უკვე საკმაოდ გამოჩენილ ქართველ ენთუზიასტ პედაგოგებთან (ს. ყიფიანი, სილოვან ხუნდაძე, გ. ცაგარეიშვილი, ი. ნიკოლაიშვილი, ალექსანდრე გარსევანიშვილი, დ. ოყრეშიძე, სიმონ ოცხელი, ს. დათეშიძე, ს. რობაქიძე, თ. მთავრიშვილი და სხვ.) ერთად ახალგაზრდობის დაუშრეტელი ენერგიით სხვადასხვა დროს ეწეოდნენ პედაგოგიურ მოღვაწეობას ამჟამად სახელგანთქმული ქართველი მეცნიერები და პედაგოგები საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრები: დიმიტრი უზნაძე, ალექსანდრე ჯანელიძე, გ. ახვლედიანი და სხვ.

იოსებ ოცხელისა და მის მიერ შექმნილი პედაგოგიური კოლექტივის სისტემატური მზრუნველობისა და ხელმძღვანელობის შედეგად ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში ჩაყრილმა მეცნიერულმა საფუძვლებმა ნიადაგი მოუმზადა შემდგომი ნაყოფიერი სწავლა-განათლებისათვის ათეულ ახალგაზრდას, მათ შორის შემდგომში გამოჩენილ ქართველ მეცნიერებს, მწერლებსა და სხვა დარგის მოღვაწეებს – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრებს არნოლდ ჩიქობავას, ვ. თოფურიასა და სხვ.

ოცი წელი (1900-19) ედგა სათავეში იოსებ ოცხელი ქუთაისის ქართულ გიმნაზიას და ამ ხნის განმავლობაში იგი უჩვეულო ენერგიითა და უდიდესი პედაგოგიური ერუდიციით ეწეოდა ახალგაზრდობის ახალ პრინციპზე აღზრდას. როგორც მასწავლებელი იგი ხომ შეუდარებელი ოსტატი იყო თავისი საქმისა, მაგრამ კიდევ უფრო შეუდარებელი შემოქმედი იყო იგი, როგორც საშუალო სკოლის ნიჭიერი და გამოცდილი ხელმძღვანელი. იოსებ ოცხელი უაღრესად გულისხმიერი ხელმძღვანელი და აღმზრდელი იყო. მას ოსტატურად შეეძლო მოსწავლეებთან დაახლოება, მათი ჭირ-ვარამის გაგება, საჭიროების შემთხვევაში ენერგიული დახმარება. იცოდა მოფერება, გამხნევება, მაგრამ სამართლიანი დატუქსვაც. იგი სასტიკად მკაცრიც იყო და ლმობიერიც, მრისხანეც და გულჩვილიც, მომთხოვნიც და დამხმარეც, ხელმძღვანელიც და მეგობარიც. მისი გული ბავშვებისადმი მამაშვილური სიყვარულის გრძნობით იყო ანთებული.

„იოსები ჩვენი სიყრმის მეგობარია, ჩვენი გამზრდელი: იოსებმა დაგვაფრინა მრავალი ათასი ახალგაზრდა, გაგვითბო გლუი, გვასწავლა ცხოვრება, შეგვაყვარა საზოგადოება, სწორედ ამ საზოგადოებას შეტრფოდა ეგ დიდი ადამიანი და ამიტომ იყო, რომ ამ ძლიერმა კაცმა თავისი ნიჭი მის სამსახურს შეალია”, – ამბობდა ოცხელისი დასაფლავების დღეს მისი ყოფილი მოწაფე, პროფესორი ვ. დონდუა.

იოსებ ოცხელი გრძნობდა, რომ დიდი სახალხო მნიშვნელობის საქმე ებარა და ამიტომ ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის მოვალეობას. „შეიძლება მე ვერ ვერევი საქმეს, – წერდა იგი ერთ თავის ყოფილ მოწაფეს, – შეიძლება ამ თანამდებობისათვის სხვანაირი, სხვა ხასიათის, სხვა ნერვების ადამიანი იყოს საჭირო, მაგრამ მასწავლებლებთან კეთილ განწყობას რომ ვხედავ, და ზოგიერთ, ჩემი აზრით, რიგიან ყმაწვილებს ლაპარაკს რომ დავუწყებ, ყველაფერი მავიწყდება”.

იოსებ ოცხელს თავდავიწყებით უყვარდა თავის მოსწავლეები; მას უმძიმდებოდა შემდეგ მათთან განშორება. „ვხედავ, რომ თანდათან მეცლებიან, მიდიან ის მოსწავლეები, – წერდა იგი ერთ-ერთ კურსდამთავრებულს, – რომელთაც მე ახლო ვიცნობდი. ესენი იყვნენ ის მოსწავლეები, რომელნიც, შედარებით უფრო დაახლოებულნი იყვნენ ჩემთან, რადგანაც მაშინ, როცა ისინი პირველსა და მეორე კლასში იყვნენ, სკოლაც პატარა იყო და მეც მეტი დრო მქონდა გავცნობოდი მათ”. იოსებ ოცხელის მოსწავლეები გრძნობდნენ მათი აღმზრდელის უსაზღვრო გულკეთილობასა და სიყვარულს და ამიტომ თავიანთ კერძო ბარათებში უდიდესი პატივისცემით იხსენიებდნენ მის ამაგს. მადლიერ პედაგოგსაც სიხარულისაგან თვალი ცრემლებით ევსებოდა. „ბევრი მოწაფე მყოლია, ბევრი მათგანი მამაშვილივით მიჩნეული მყოლია, მაგრამ იშვიათად თუ ვინმეს წმინდა გრძნობა ისე უცვლელი დარჩენია, როგორც შენ”, – წერდა იგი საპასუხოდ ერთ ყოფილ მოსწავლეს. „შენმა წინანდელმა ერთმა წერილმა გრძნობები ამიშალა ისე, რომ კითხვის დროს რამდენჯერმე შევჩერდი. უკანასკნელმა შენმა ღია ბარათებმა კვლავ აღმიძრა გულში გამოუთქმელი სიტკბოება. მეტი სასყიდელი, თუ ამის ღირსი ვარ, ჩემთვის საჭირო არ არის”, – პასუხობდა იგი მეორეს.

იოსებ ოცხელმა, როგორც ადამიანმა, აღმზრდელმა მასწავლებელმა და დირექტორმა ყველა მოსწავლის უდიდესი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა მისი ენერგიული მოქმედებით, მისი მზრუნველობით. იოსებ ოცხელი თავდადებულად იბრძოდა ბავშვთა სწავლა-აღზრდისა და მათი მოვლა-პატრონობისათვის. „ერთი მოწაფე გაგვიხდა ავად უიმედოდ, – გადმოგვცემს ვ. დონდუა, – მოწაფე ბინათ სადღაც მივარდნილ უბანში იდგა. მის ეზოს გზა არ ჰქონდა და საჭირო იყო მისი მეზობლების ეზო გადაგელახათ მასთან მისასვლელად. თოვლი მაღალი იდგა, იოსებმა ბავშვის მშობლებთან ნუგეშიანი სიტყვა დაგვაბარა და გადაგვაცემინა: საღამოს ვნახავ ავადმყოფსო. პატარა მოწაფეები გაჭირვებულ მდგომარეობაში ვიყავით, რადგან ვერ წრამოგვედგინა, თუ როგორ გადაივლიდა სამ ღობეს და გაუკვალავ გზებს ჩვენი დიდი სტუმარი, მაგრამ ჩვენს გაფრთხილებას ყური არ ათხოვა. საღამო ჟამს ფანჯრებიდან მოვავლეთ თვალი, რომ იგი მოიკვლევდა გზას მაღალ თოვლში. შემოვიდა პატარა ფიცრულში თოვლში ამოსვრილი და ცალი კალოშით, რადგან ცალი თოვლში დარჩენოდა. სახეზე წამოწითლებული დაღალვას ოდნავადაც არ იმჩნევდა. მშვიდად ეცნობოდა ავადმყოფი ბავშვის მდგომარეობას”.

განსაკუთრებით დიდი ენერგია დასჭირდა იოსებ ოცხელს თავისი მოსწავლეების ინტერესების დასაცავად სასწავლო ოლქის მზრუნველის წინაშე, რომელიც ყოველწლიურად გზავნიდა დეპუტატებს ქუთაისის ქართული გიმნაზიის მერვე კლესის მოსწავლეების გამოსაცდელად სიმწიფის ატესტატზე. ყველასათვის ცნობილია იოსებ ოცხელისა და სილოვან ხუნდაძის ინცინდენტი ოლქის დეპუტატ ვიღაც კორიცკისთან 1914 წელს. ამ უაღრესად ბიუროკრატმა და კარიერისტმა მოხელემ მოინდომა გიმნაზიის მთელი კურსდამთავრებულების „ჩაგდება”, რასაც ენერგიულად წინ აღუდგა გიმნაზიის მთელი კორპორაცია და განსაკუთრებით მისი დირექტორი ოცხელი და ინსპექტორი ს. ხუნდაძე. მათ ხელიც კი არ ჩამოართვეს სამასწავლებლოში შემოსულ ამ აღვირახსნილ დეპუტატს, რამაც მათი სამსახურიდან გადაყენება გამოიწვია, მაგრამ საზოგადოების მოწინავე ნაწილის მხარის დაჭერით ამ ენერგიულმა ბრძოლამ მაინც შედეგი გამოიღო და ჯერ იოსებ ოცხელი და ორი წლის შემდეგ სილოვან ხუნდაძე ისევ აღდგენილ იქნენ თავიანთ უფლებებში. ასე იცავდა იოსებ ოცხელი მისი სკოლისა და საყვარელი მოსწავლეთა ინტერესებს.

იოსებ ოცხელი არა მარტო პედაგოგიური პრაქტიკის ნიჭიერი ოსტატი იყო. მას ამავე დროს შემუშავებული ჰქონდა მოწინავე პედაგოგიური მოძღვრებაც, რასაც უდებდა საფუძვლად თავის ყოველდღიურ პედაგოგიურ საქმიანობას და იმ სახელმძღვანელოებს, რომელნიც მის მიერ და მისი ხელმძღვანელობით არის შედგეინლი. ასეთებია „ქართული ანბანი”, „მნათობი” (ანბანის შემდგომ საკითხავი წიგნი), „გუთანი” (ოჯახსა და სკოლაში საკითხავი წიგნი), „ქართული ქრესტომათია” საშუალო სასწავლებლის პირველი, მეორე და მესამე კლასისათვის. როგორც მათემატიკის სპეციალისტმა თავის ძმასთან სიმონ ოცხელთან ერთად შეადგინა ალგებრის, გეომეტრიისა და ფიზიკის სახელმძღვანელოებიც. ამ სახელმძღვანელოებით აღიზარდნენ მთელი რიგი თაობები ქართველი მოღვაწეებისა. იოსებ ოცხელის ხელმძღვანელობით ქალაქი ქუთაისი გადაიქცა ქართული სახელმძღვანელოების შედგენა-გამოცემის დიდ ცენტრად საქართველოში. ამავე მიზნით დააარსა მან წიგნების გამომცემელი საზოგადოებანი „განათლება” და „სკოლა”, რომლებმაც დიდად შეუწყვეს ხელი ქართული სახელმძღვანელო ლიტერატურის გამოცემა-გავრცელებას და მკვიდრი სფუძველი ჩაუყარეს საშუალო სკოლისათვის ქართული სახელმძღვანელოების შექმნის დიდ საქმეს ჩვენში. „იოსები იყო, – წერდა დ. ოყრეშიძე, – ცენტრი და მამოძრავებელი ძალა იმ დიდი კულტურული საქმისა, რომელმაც ახალი ქართული სკოლისათვის რიცხვით მრავალი სახელმძღვანელო შექმნა”.

საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენის სახელმძღვანელოებში იოსებ ოცხელი იყენებდა დიდი ქართველი პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის ძირითად პრინციპებსა და ამ ნიადაგზე ცდილობდა ახალი საინტერესო სასწავლო მასალების შერჩევას. ამას სავსებით სწორად ესმოდა სახელმძღვანელოთა დანიშულება და ღირსება. „გუთნის” წინასიტყვაობაში იგი წერდა: „ჩვენი განზრახვა იყო ქართველთა ოჯახისა და სკოლისათვის ისეთი სახელმძღვანელო მიგვეწოდებინა, რომ მას შესძლებოდა: 1. განევითარებინა მოზარდთა გონება ცხოვრებისა და ბუნების გაცნობით; 2. აღეძრა და განემტკიცებინა მათს გულსა და გონებაში უძვირფასესი კაცობრიული გრძნობანი: სიყვარული, ძმობა, სიბრალული, თანაგრძნობა ცხოვრებისაგან დაჩაგრულთა და უბედურებასა და ტანჯვაში ჩავარდილთადმი; 3. მიეცა მათთვის იმ მოვალეობის შეგნება, რომ გულწრფელად ემსახურონ თავის სამშობლოს, ყოველ საზოგადოებას და, შეძლებისამებრ, მთელ კაცობრიობას; 4. შთაენერგა მათში პატივისცემა და სიყვარული პატიოსანი შრომისა და მშრომელთადმი, მეცნიერებისა და მის გამავრცელებელთადმი და 5. მოემზადებინა მოზარდთა გონება სწორი და მტკიცე ლოგიკური აზროვნებისათვის, რომ მათ სცოდნოდათ აზრთა სწორად გაგება, შეთვისება და ლოგიკური თანამიმდევრობით და შეკავშირებით გადაცემა, ჯეროვანის სისწორით განზოგადება და დასკვნა”.

„გუთანი” იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარის” ანალოგიით იყო შედგენილი; მასში მდიდარი სასწავლო მასალა იყო მოთავსებული და საინტერესო სისტემითაც. ამის გამო იყო, რომ იაკობ გოგებაშვილი 1909 წელს წერდა: „ბუნების კარი” ბოლო წლებამდე მოწყენით გახლდათ, რადგან მარტოობას გრძნობდა, ახლა კი ამხანაგები გაუჩნდნენ და მოილხინა”.

იოსებ ოცხელი თავის პედაგოგიურ პრაქტიკასა და სახელმძღვანელოებს ჯანსაღ პედაგოგიკურ-დიდაქტიურ პრინციპზე ამყარებდა. მისი აზრით, ალექსანდრე გარსევანიშვილის გადმოცემით, „უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გავავითაროთ მოწაფეებში თავისუფალი მსჯელობის უნარი, ჩავუნერგოთ მათ სწავლისადმი ინტერესი, გავავითაროთ აზროვნული ჰორიზონტი და კრიტიკული უნარი”.

იოსებ ოცხელი ქართული ენის სიწმინდის დაცვასა და მის ღრმად დაუფლებასთან ერთად რუსულ ენასაც უდიდეს ყურადღებას აქცევდა ქართულ სკოლაში. „მნათობის” წინასიტყვაობაში იგი წერდა: „ჩვენი სკოლა, სადაც მარტო ქართველი ყმაწვილები სწავლობენ, მოკლებულია რუსული ენის პრაქტიკას, და საჭიროა ვეცადოთ, რომ, რამდენადაც შეიძლება, ეს ნაკლი შევამციროთ”.

იოსებ ოცხელის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა მეტად მრავალფეროვანი იყო. თავისი მოღვაწეობის ყველა უბანზე იგი არა ტრაფარეტისა და შტამპის მოყვარული და მიმდევარი, არამედ მუდამ ორიგინალური, მაძიებელი და შემოქმედი მოღვაწე იყო. მისი პედაგოგიური საქმიანობა თავისებური პედაგოგიური შემოქმედება იყო. ამ განუწყვეტელ ძიებასა და შემოქმედებაში იოსებ ოცხელმა მრავალი ძვირფასი აზრი აღბეჭდა როგორც თავისი მოსწავლეების გულში, ისე ქართული პედაგოგიური პრაქტიკისა და აზროვნების განვითარების ისტორიაში.ლს.