დომენტი ოყრეშიძე-თომაშვილი (1876-1952)
„ახედეთ ჩვენს ისტორიულ ძეეგლებს, – თითქმის ყველგან ამოიკითხავთ ასეთ წარწერებს: „აღაშენა ეკლესია (გინდ მონასტერი) ესე ერისთავთ-ერისთავმან... მეფემან... გამგებელმა...” და იქვე სახელია ამოჭრილი: „კოშკი ესე კარისთვალი შედან აღაშენა” და სხვა და სხვა. ეგაა, რომ ვერსად შეხვდებით ყოველდღიურ მუშაკთა სახელებს, რომელნიც ოფლს ღვრიდნენ, ვთქვათ, ბაგრატის, გელათის ან სვეტიცოხველის აგებაზე.
წარმოვიდგინოთ, რომ ერთ ბედნიერ დღეს რომელიმე მკვლევარს კოლმბის ბედმა გაუღიმა და ახალი ქვეყანა ოკეანეთა გაღმა კი არა, აქვე, ჩვენს სამშობლოში აღმოაჩინა სრულიად სემტტ და მოულოდნელად გრძელი ნუსხის სახით, სადაც აღნიშნლუი არიან, ვთქვათ, ბაგრატის ტაძრის მშენებლები ქუთაისში: ქვისმთლელები, კირისა და სილის შემზავებელნი, ურმით მზიდველნი საჭირო მასალისა, მექაფჩეები, მეჩუქურთმეები, კედლების მშენებელნი, მხატვრები და ყველა „წვრილი” ადამიანი, რომელიც ამ დიდებული ძეგლსი აგებაში ასეთ თუ ისეთსათევარს, ანუ როლს სიყვარულით კისრულობდა.
რამდენი სიცოცხლე აღსდგებოდა ჩვენს თვალწინ! რამდენი ჩუმი მუშაკის სახელი შეეძინებოდა ჩვენს ისტორიას, როგორ დიდად დავაფასებდით იმ ეპოქას, როდესაც საჭიროდ მიიჩნიეს ასეთი ნუსხის შედგენა! ვინ იცის, რამდენი „სერაფიტა” და „ფორთოხალა” ამოიხედავდა აკლდამებიდან და როგორ ძვირფას შთაგონებით წყაროს ააჩუხჩუხებდა ეს ამბავი”.
ეს სიტყვები დომენტი ოყრეშიძეს ეკუთვნის, ამოღებულია ისი მოგონებებიდან, რომელიც ამ ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწის, პოეტისა და მასწავლებლის ცხოვრების გზას გვისურათებს 1910 წლამდე პერიოდში.
ჩუმი და თავმდაბალი დომენტი თავს რიგით მუშაკად თვლიდა, მაგრამ ისიც კარგად ჰქონდა გათვალისწინებული, რომ ისტორიას ხალხთან ერთად სწორედ ეს მუშაკები ჰქმნიან. თავის დამსახურებას ჩვენი ხალხის მოქალაქეობრივი და ეროვნული თვითშეგნების ამაღლების, ახალგაზრდობის აღზრდისა და განათლების საქმეში იგი ძალზე მოკრძალებულად აფასებდა. თავის თავს „პატარა კაცს” ეძახდა, ხოლო იმ დიდ სიყვარულს ხალხისადმი, რასაც იგი არა მარტო განიცდიდა, არამედ ღრმად ავლენდა ცხოვრებაში კალმითა და საქმით – „პატარა განცდებს, გულისთქმასა და სულისკვეთებას” უწოდებდა, აფაასებდა ისე, როგორც მაღალიდეურ მოქალაქეს შეჰფერის, შეჰფერის ადამიანს, რომელიც ღრმად არის დარწმუნებული, რომ მთელი მისი სიცოცხლე პირველყოვლისა, ეკუთვნის ხალხს, დიდი ილიასი არ იყოს დარწმუნებულია, რომ: „სიცოცხლე ჩვენი, ჩემო ძმაო, არც დედისაა, არც მამისა, ქვეყნისა არის. ჯერ ქვეყანაა, მერე დედა და მამა, მზე რომ ამოდის, ვარსკვლავები მაშინ არ ჩანან...”
დომენტი დაიბადა 1876 წლის 7 აგვისტოს სოფელ ჭოლევში (ახლანდელი წყალტუბოს რაიონი), რომელიც ქუთაისის მახლობლად მდებარეობს. მამამისი საშუალო შეზლების გამრჯე და გაგებული გლეხი იყო, იცოდა წერა-კითხვა და ახლომახლო განთქმული იყო, როგორც ხეხილის კარგი მყნობელი და საერთოდ, თადარიგიანი მეურნე. სოფელ ჭოლევის მკვიდრი იყო ცნობილი პედაგოგი ალექსი ჭიჭინაძეც, რომელმაც დომენტის განათლებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
7 წლის დომენტი სოფელს მოაცილეს და ქუთაისში იმ ხანად არსებულ ერთადერთ დაწყებით სკოლაში მიაბარეს. ამ სკოლას ხელმძღვანელობდა გულისხმიერი პედაგოგი ვასილ პეტრიაშვილი, რომლის სახელი ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდეგაც დიდხანს შერჩა სკოლას. სკოლაში ისწავლა&ნბსპ; ანბანი პატარა დომენტიმ იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენი”.
ამის შემდეგ დომენტი ალექსი ჭიჭინაძის დახმარებით ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მოეწყო, მაგრამ სათუთმა ყმაწვილმა ვერ აიტანა იქ გამეფებული მკაცრი რეჟიმი. „არითმეტიკის ზაფრიანი პეტროვი გვასწავლიდა გიმნაზიაში, – იგონებს დომენტი, - ეს კაცი ხშირად კაგავდა წონასწორობას. ერთხელ თავის შვილს სასტიკად ცემა ჩვენს თვალწინ. შეშინებული ვიყავით მისგან. ამან თავისებურად იმოქმედა იმთავითვე და ჩემს სიცოცხლეში კოჭლი დავრჩი ამ საგანში, თუმცა, როდესაც კარგ გუნებაზე იყო, ოთხიანებიც მიმიღია. ამას ვიგონებ დასამოწმებლად იმისა, თუ რაოდენ სიფრთხილე მართებს მასწავლებელს, როდესაც ის ნაკისრ მოვალეობას ასრულებს, – რაოდენი თადარიგი და წინდახედულება! შესაძლოა მასწავლებლის ერთმა შემცდარმა ნაბიჯმა სამუდამოდ დაღუპოს მომავალი მოქალაქე, ან სწორმა მიდგომამ სამუდამოდ წელში გამართოს ყმაწვილი”.
გიმნაზიიდან იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გადვიდა, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განგრძო ხონის საოსტატო სემინარიაში. სემინარიის კურის მას არ დაუმთავრებია. ნამსახურობის სიაში აღნიშნულია, რომ იგი გამოვიდა მეორე კლასიდან.
1898-1900 წლებში დომენტი ოყრეშიძე სოფელ სამიქაოს ორკლასიან სასწავლებელში მუშაობს, 1901 წელს სოფელ გუბის სკოლაშია მასწავლებლად. 1902-1904 წლებში ქუთაისის ერთ-ერთ კერძო სასწავლებელში მასწავლებლობს, 1905 წელს, როგორც თავის „მოგონებებში” წერს, მუშაობს გაზეთ „ივერიის” რედაქციაში, ხოლო 1907-1911 წლებში იგი სენაკის სააზნაურო სკოლის მასწავლებელია და გარკვეულ პერიოდში გამგედაც ითვლება.
1912 წლიდან სიკვდილამდე მთელი 42 წლის განმავლობაში, იგი მუდმივად ქუთაისში ცხოვრობდა. პირველ ხანებში მუშაობდა ქუთაისის ქარტული გიმნაზიის მოსამზადებელი კლასები სმასწავლებლად, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კი – მეორე საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად უფროს კლასებში.
თავისი საქმის ღრმად მცოდნე, ბავშვების ბუნებაში კაგად გარკვეული, ჰუმანური და გულისხმიერი დომენტი ბუნებრივად, საგანგებო ზომების გარეშე, ახერხებდა მოსწავლეების გულისყური მიეზიდა, სწავლა შეეყვარებინა, ბავშვბში დედაენის სიყვარლუი აღეზარდა .მოსწავლის არასასურველი საქციელი მის სახეზე იწვევდა მწუხარებანარევ სინანულს, რომელიც არასოდეს გადადიოდა სიანჩხლეში, ღრმა პედაგოგიური ტაქტიკით შეიარაღებული, იგი არ კარგავდა წონასწორობას, მისი შენიშვნები ყოველთვის ზუსტი იყო და მიზანს დაუბრკოლებლივ აღწევდა. ასე ახასიათებენ მას მისი მრავალრიცხოვანი მოსწავლეები.
დომენტი ოყრეშიძის მსოფლმხედველობის შემუშავებაში დიდი როლი შეარულეს ილია ჭავჭვაძემ და აკაკი წერეთელმა. იგი სიყვარულით და მოწიწებით ეპყრობოდა ილია ჭავჭავაძეს, თავის „მოგონებები და შთაბეჭდილებებში” ამ სიყვარულს სავსებით სამარტლიანად იმით ხსნიდა, რომ ილიას ჯანსაღმა ხმამ:
„ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია?
აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი ჩვენია!”
ჩვენი ხალი გამოაფხიზლა, რომ ილია მშობლიური ხალხის სახელით მედგრად იგერიებდა ჩვენი ხალხის მტრებსა და მეგობრობდა მეგობრებს. იქვე დომენტი ოყრეშიძე დასძენდა: „ფოთოლივით” დაცემლუი ილია, საბჭოთა ეპოქაში ღირსეულად იქნა დაფასებული და მთასავით წარმოდგა ჩვენს წინაშე”.
ასეთსავე დიდ სიყვარლუს იჩენდა დომენტი აკაკისადმიც, რომელსაც იგი ილიასთან ერრთად ტვლიდა ჩვენი ახალი ლიტერატურის ფუძემდებალდ. „ლიტეარტურასა და ხელოვნებაში, – წერდა იგი, – თითქმის ყოველ ერსა ჰყავს თავისი ლუწი, რომელიც თავის შემეცნებაში მთლიან და თითქოს განუყოფელ ერთეულად ასახულა. რუსებს ასეთი ლუწი ჰყავთ პუშკინისა და ლერმონტოვის სახით; გერმანელებს გოეთე და შილერი; ინგლისელებს ბაირონი და შელი. სხვებს კიდევ სხვანი.
ქართველი ერის შემეცნებაში განუყელ ერთეულად არის წარმოდგენილი ილია და აკაკი. ჩვენს სამშობლოში ვერსად მოძებნით კუთხეს, სადაც ილიას გვედით აკაკის არ იხსენიებდნენ ისეთივე პატივითა და სიყვარულით, და პირიქიტ, აკაკისთან ერთად ილიას”.
დომენტი ოყრეშიძე ბევრს კითხულობდა და საფუძვლიანადაც. მისი წერილებიდან ჩანს, რომ იგი კარგად იყო გაცნობილი ართულ, რუსულ და უცხოურ კლასიკურ მწერლობას, თეორიული და პრაქტიკული ახისათის პედაგოგიურსა და ფსიქოლოგიურ ლიტერატურას. ამასთან ერთად ბევრსაც წერდა. ხშირად თანამშრომლობდა გაზეთებში: „ივერია”, „ახალი დროება”, „სახალხო გაზეთი”, „ისარი”, „ამირანი”, „მეგობარი”, „კოლხიდა”, „იმერეთი”, „საქართველო”. აქ იგი აქვეყნებდა ლექსებს, აკაკის „კრებულში” ბეჭდავდა მის იერ შეგროვილ ხალხური სიტყვეირების ნიმუშებს, ხოლო „კვალში”, „ივერიაში”, „განათლებაში” კი წერილებს საზოგადოებრივსა და პედაგოგიურ საკითხებზე.
ამ წერილებიდან ჩვენ აქ სანიმუშოდ განვიხილავთ მის წერილს „შეგნებითი კითხვა”, რომელიც ჟურნალ „განატლების” მეორე ნომერში იყო დაბჭდილი 1911 წელს. მას დღემდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.
დომენტი ოყრეშიძე თავის წერილს იწყებს იმ სავსებით სწორი დებულებით, რომ დედაენის შესწავლა სკოლაში ძირითადად ორ ამოცანას ემსახურება: კითხვის დაუფლებას, კითხვის საშუალებით გამოთქმული აზრების შეთვისებას როგორც ცალ-ცალკე, ისე მთლიანად, წაკითხულის გათვალისწინებასა და წარმოდგენას იმ სახით, როგორც ეს ნაწერის ავტორს აქვს გათვალისწინებული, და წერის დაუფლებას, ე. ი. იმას, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ნათლად, მკაფიოდ და ლოღიკური სისწორით თავისი აზრების წერილობით გადმოცემა.
ეს მიზნებიო, – აღნიშნავს თავის წერილში დომენტი ოყეშიძე, – უცვლელი და ერთი და იგივეა, როგორც დაწყებით სკოლაში, ისევე სკოლის უფფრო მაღალ საფეხურებზედაც. განსხვავება აქ მხოლოდ რაოდენობრივი თვალსაზრისით არსებობს, არსებობს იმის მიხედვით, თუ სწავლების ამა თუ იმ საფეხურზე რა საშუალებების გამოყენება უხდება სკოლას ამ მიზნების მისაღწევად. დაწყებითი სკოლის ერთი ძირითადი ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებს ელემენტარული, მაგრამ დასრულებული ცოდნა მისცეს, ასწავლოს ყმაწვილებს როგორც ათვისება წაკითხულისა, ისე მისი შეგნებულად გადმოცემა. „სწორედ ეს ორი ელემენტია თავი და თავი დედაენის სწავლებისა დაწყებით სკოლაში; თუ ეს შეძლო სკოლამ, – მან აღასრულა ამ საქმეში თავისი მოვალეობა, აღასრულა იმიტომ, რომ გარდა ცოდნისა, განვითარებისა, ზოგიერთ მიდრეკილებათა და ჩვეულებათა შემუშავებისა, იგი მთელი სიღრმე-სიგანით გადაუშლის ყმაწვილს შესაფერის წიგნსა, – ერთი სიტყვით, გამოიყვანს მას წერა-კითხვსი მცოდნე კაცად, ამით კი ამ უკანასკნელს ეძლევა საშუალება, დამოუკიდებლად განაგრძოს თვითგანვითარება”.
სამწუხაროდ, ჩვენი სკოლა ამას ვერ ასრულებსო, – მიუთითებს დომენტი ოყრეშიძე, – „ჩვენი მოწაფეები, ხშირად საშუალო სასწავლებლებშიაც კი, წაკითხულს გადმოგვცემენ მხოლოდ მეხსიერების წყალობით... არათუ ერთგზის წაკითხულ სტატიას, ხშირად შესწავლილ მასალას გადმოგვცემენ ისე, რომ მოთხრობის მთლიანი სურათი ვერ წამროუდგენიათ, წარმოთქმის დროს კი თვალწინ უდევთ გაშლილი წიგნი, უფრცლები და სტრიქონები. სხვანაირად რომ ვთქვათ, მათ მიერ გაკვეთილის შეთვისბა ემყარება არა მსჯელობითი ან მსგავსება-კონსტრასტის ასოციაციებზე, არამედ აქ მათთვის უმთავრეს როლს ასრულებს ასოციაცია ადგილმდებარეობისა წიგნში. ასეთი შეთისება მასალისა, რასაკვირველია, არაფერს აძლევს მოსწავლეს, არაა შეკავშირებული მის სულიერ არსთან და ყოველთვის მზადაა გაფრინდეს და დატოვოს ცარიელი ადგილი”.
ამგვარად ხსნის ავტორი არსებულ მდგომარეობას. საკითხის სრულყოფილად გაშუქებისათვის მას სხვა სათანადო მაგალითებიც მოაქვს. მაგრამ ამ წერილის მთავარი ღირსება მდგომარეობს არა ნაკლის მიზეზების სწორ ანალისა და ახსნაში, არამედ იმ ღონისძიებებში, რასაც ავტორი დაწვრილებით აშუქებს წერილში შეგნებული კითხვის გაუმჯობესების მიზნით. ავტორი კარგად იცნობს პედაგოგიური ფსიქოლოგიის მონაპოვარს. ამ საკითხის გარშემო არსებულ იმ ლიტერატურას, რაც მის დროს არსებობდა. იგი უნარიანად იყენებს კიდეც მას შეგნებული კითხვის მეთოდიკის საკითხების მართებულად გადაწყვეტისათვის.
ავტორი იმ სწორი დებულებიდან ამოდის, რომ კითხვის სწავლების საქმე, პირველყოვლისა, მტკიცედ უნდა დაემყაროს მოსწავლის შეგნებას, მის აზრს, ცნობიერებას. იგი სწორად მიუთითებს, რომ სასკოლო ასაკის ბავშვს, თავისი განვითარების მიხედვით, შეუძლია შენებულად გაერკვეს შესასწავლ მასალაში, რასაკვირველია, იმ პირობის დაცვით, რომ ეს მასალა მისი განვითარების დონის შესაფერი უნდა იყოს და ამასთან ერთად ახსნილ-განმარტებულ გასაგებად, მისაწვდომად.
პირველი და მთავარი, აღნიშნავს დომენტი ოყრეშიძე ის არის, რომ კითხვის დროს... სიტყვის სიმბოლო, გამოხატული ქაღალდზე, წარმოთქმის დროს მოსწავლისათვის იქცეს ცოცხალ სიტყვად და ამასთანავე იმის ცნობიერებაში ამ სიტყვასთან შეერთებული წარმოდგენაც აღძრას. საამისოდ კი, – დასძენს იგი, – აუცილებელია შესაფერი პირობები შევქმნათ კითხვის დროს. პირველი პირობა, რომლის გარეშე შეუძლებელია გონებაში რაიმე წარმოდენების აღძვრა, არის ყუადღება (გულისყური). „ეს უკანასკნელი უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული და მიმარტული განსაზღვრულ ცნებათა და წარმოდგენათა შესათვისებლად, რომელნიც კითხვის საშუალებით უნდა აღიძრას მკითხველსი სულში... აქედან ცხადია, მასწავლებელი, პირველყოვლისა, უნდა ეცადოს ყმაწვილის გულისყური მიაპყროს წასაკითხი სტატიის შეთვისებას. ამისათვის საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული ხელისშემშლელი პირობები. ეს პირობები, ანუ მიზეზები ორგვარია: გარეგანი და შინაგანი. პირველი ყველასათვის ცნობილია: ხმაური, ღრიანცელი და სხვა. მაგრამ ამათ არცა აქვთ ისეთი არსებითი მნიშვნელობა. გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს მეორეგვარის მიზეზებს”.
სწორედ ამ „შინაგანი მიზეზების” განხილვას აქცევს დომენტი ოყრეშიძე მთავარ ყურადღებას. იყენებს რა ცნობილი რუსი ფსიქოლოგის ალექსანდრე პეტრეს ძე ნეჩაევის სათანადო მითითებს, იგი ყურადღების შეგნებულად, მიზანშეწონილად წარმართვის ერთ ძირითად პირობად თვლის მოსწავლეში შინაგანი ინტერესის აღძვრას კონკრეტულად შესასწავლი საკითხისადმი. იგი ვრცლად განიხილავს სხვა პირობებსაც და ასეთ დასკვნამდე მიდის: „მაშ ასე, საუკეთესო პირობებად მიმღეობისათვის (მასალის აღქმისათვის. – უ. ო.) უნდა ჩაითვალოს: გულისყური (ყურადღება. – უ. ო.), მოლოდინი, ინტერესი და მიმღეობსი სიადვილე (легкость восприятия). ამ პირობების მისაღწევ საშუალებად კი მოწაფეთა სულიერი მდგომარეობის მომართვა სასწავლო სტატიის შინაარსის მიხედვით”.
ყოველივე ამის შემდეგ, სხვა მნიშვნელოვან დასკვნებთან ერთად, დომენტი ოყრეშიძეს გამოჰყავს სავსებით სწორი დასკვნა, რომ „ყოველი სტატიის კითხვას წინ უნდა უსწრებდეს შესაფერი საუბარი: განსაკუთრებით პოეტური ნაწარმოების კითხვასა, რომელიც უმთავრეს მასალას წარმოადგენს სკოლაში”.
თავის ამ დასკვნაას დომენტი ოყრეშიძე ასაბუთებს ორი მშვენიერი მაგალითით.
„ავიღოთ თუნდაც აკაკის ცნობილი ლექსი „დის სიმღერა”...
რომელი ანალიზით, რა კითხვების საშუალებით გნებავთ აგრძნობინოთ ის დიადი დაძმური სიყვარული, რომელიც მგოსანმა გამოხატა ამ ლექსში? ყოველი ჩვეულებრივი კითხვის პასუხად თქვენ მიიღებთ მხოლოდ ტექსტის ზოგიერთ ადგილებს და ბოლოს ლექსის შინაარსს. ერთი შეხედვით, ძალიან ახლობელი და ნაცნობი თითქმის სრულებით უცხო რჩება ყმაწვილის სულისათვის. მაგრამ, აბა სცადეთ და წინასწარ აღძარით ყმაწვილებში შესაფერი გრძნობა, ააწყვეთ შესაფერ ჰანგზე მათი გულის სიმები, ჩამოჰკარით დახელოვნებული თითები და თქვენ მოისმენთ ამ სიმების საამო ჟღერას. ყმაწვილის გრძნობიერ გულში უფრო მალე და ცხოვლად აიღიბეჭდება ლექსის შინაარსი, უფრო ძლიერ ცხოველმყოფელობის დაღს დაარჩენს იქა... და ხომ მოგეხსენებათ: „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გადაეცემის”.
ვთქვათ, დაძმური სიყვარული ყველასათვის ცხადია და ადვილი საგრძნობელია, მაგრამ, აბა, რა გზით და როგორ გააშუქოსნებთ ყმაწვილის შემეცნებას, როგორ აგრძნობინებთ მას სიდიადეს და, თუ გნებავთ, საშინელებას იმ სურათისას, რასაც იწვევს მთაში ვაჟკაცის სიკვდილი? როგორ აღბეჭდავთ ყმაწვილის გულში ბუნებისა და ადამიანთა გლოვას ვაჟკაცის სიკვდილის გამო? (ხალხური „ვაჟკაცის სიკვდილი”, „ბუნების კარი”, გვ. 268). ერთადერთი უტყუარი გზა ამ შემთხვევაში გახლავთ ყმაწვილებში წინდაწინვე შესაფერი სულიერი განწყობილების გამოწვევა, მთელ კლასში შესაფერი სულიერი ატმოსფეროს შექმნა. და თქვენ მიიღებთ საოცარ შედეგს – ყმაწვილეები თვით შექმნიან მსგავს სურათებს (პირველ ხანებში მიმბაძველობით, შემდეგ თანდათან დამოუკიდებლადა). „საოცარიაო”, ვამბობ: საოცარი იქნება ეს ჩვენს სკოლებში არსებული მეთოდით სწავლებას ჩვეულთათვის, თორემ აქ მოულოდნელი და საოცარი არაფერია; პირიქით, ეს სრულებით ბუნებრივი იქნება და საოცარი კი ისაა, რომ ხშირად ყმაწვილს თითქოს სიტყვებიც ესმის, წინადადებებიც და მთლიანად შინაარსისა კი არაფერი უგრძვნია: რომ ეგრძნო და შეეთვისებინა, გადმოგვცემდა კიდეც!”
ამ წერილის ზევით მოცემული ზოგადი გაცნობაც კი გვაძლევს უფლებას დავასკვნათ, რომ შეგნებული კითხვის საკითხს დომენტი ოყრეშიძე ღრმად და საფუძვლიანად განიხილავდა. აქვე ისიც უნდა დავძინოთ, რომ დომენტი ოყრეშიძე ერთი იმ პირველთაგანია, რამდენადაც ჩვენ იმ პერიოდის პედაგოგიკურ-მეთოდიკურ ლიტერატურას ვიცნობთ, რომელმაც პედაგოგიური ფსიქოლოგიის მონაპოვართა საფუძველზე სცადა გაეშუქებინა ეს საინტერესო საკითხი.
დომენტი ოყრეშიძე თავისი ნიჭი სცადა სახელმძღვანელო წიგნსი შედგენის საქმეშიც. იგი არის თანაავტორი ანბანის შემდეგ სახმარებელი წიგნისა, რომელიც იოსებ ოცხელისა და სამსონ ყიფიანის თანაავტორობით გამოვიდა „მნათობის” სათაურით 1918 წელს ქ. ქუთაისში. ძირითადი ამოცანებისა, მასალის შერჩევისა და დალაგების თვალსაზრისით, ეს წიგნი თავისებურ ადგილს იკავებს დაწყებითი სკოლის სახელმძღვანელოების ისტორიაში და მის შესახებ აქ საჭიროა ორიოდე სიტყვა ითქვას.
„მნათობის” საკმაოდ ვრცელ წინასიტყვაობაში ავტორები ახდენენ დაწყებითი სკლის სახელმძღვანელოების დაჯგუფებას. ისინი აღნიშნავენ, რომ დღემდე არსებულ სახელმძღვანელოთა ერთ ნაწილში პირველ პლანზეა წამოყენებული მატერიალური ცოდნის შეძენა. ასეთი სახელმძღვანელოები ბავშვს აცნობენ თითოეულ საგანს, საგნის თვისებას, რა საგანი რისგან არის გაკეთებული, რა სარგებლობა მოაქვს ადამიანისათვის და ა. შ. საკითხავი მასალა კი დამოკიდებულია ამ ამოცანებზე, მთლიანად ან ძირითადად მათთან არის დაკავშირებული.
ასეთი სახელმძღვანელოების ნაცვლად, – მიუთითებენ ავტორები, – ფართო გავრცელებას პოულობს წიგნები, რომლებშიც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მხატვრული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს. ამ ახალ სახელმძღვანელოებში ბატონობს ენა, რომელიც სალაროა ენის ჭკუა-გონებისა და არა კლასიფიკაციები და სასაუბროები. ამ უკანასკნელთ წამყვანი ადგილი კი არ უჭირავთ, არამედ დაქვემდებარებული. სწორედ ამ თვალსაზრისს ეთანხმებიან ავტორები და თავიანთ წიგნს სათანადოდ შერჩეული მხატვრულ-ლიტერატურული მასალების შესწავლაზე აგებენ.
ამის შესაბამისად, სახელმძღვანელო „მნათობში” უპირატესად ლიტერატურული ნაწარმოებებია მოთავსებული; საგანთა თვისებების შესწავლასა და მოვლენათა დახასიათებას მცირე ადგილი აქვს დათმობილი. „სასაუბროები” სრულიად უარვყავით, რადგანაც, ჩვენი ღრმა რწმენით, სასაუბროები და საპასუხოები აძლევენ ბავშვს მხოლოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ცნობებს და ამავე დროს ხელს კი არ უწყობენ, არამედ უშლიან ენის განვითარებას, რასაც სწავლის პირველ საფეხურზე უდიდესი და უპირველესი მნიშვნელობა აქვს”.
რაც შეეხება მასალის დალაგებას წიგნში, აქ ავტორები იცავენ შემდეგ თანმიდევრობას: „ჯერ ყმაწვილს ვაწვდით ოჯახის, სკოლისა და ტოლ-ამხანაგობის ცხოვრებიდან აღებულ სურათებს, მერე ბავშვი გაგვყავს ეზოში, ბოსტანში, ბაღში, ვენახში, მინდორში, სოფელსა და ქალაქში, ტყეში, წყლის ნაპირას და მთაში და ყველგან მაწვილს თვალწინ ვუშლით ბუნებისა და ცხოვრების სურათებს, ამასთანავე მივსდევთ იმ პედაგოგიურ პრინციპს, რომ ყმაწვილი თანდათანობით ნაცნობიდან უცნობზე გადავიყვანოთ, მახლობლიდან შორეულზე და სხვა”.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავტორები საერთოდ უარყოფდნენ ენობრივ მუშაობას, ნაწარმოების გარჩევას კითხვების მეშვეობით, ისი დედააზრის გამოყოფას და სხვა. ყოველივე ამას წიგნში მნიშვნელოვანი რაოდენობით აქვს დათმობილი ადგილი. „ენის განსავიტარებლად და წაკითხულის გონებაში უკეთესად აღსაბეჭდად, – აღნიშნავენ ავტორები, – თითქმის ყოველი სტატია, მეტადრე პირველი განყოფილებისა, დავასურათეთ. თითოეულ სტატიას კითხვები დავუსვით შინაარსის ზეპირად გადმოსაცემად. ეს კითხვები მასწავლებელმა შეიძლება სხვანაირადაც დაუსვას, მხოლოდ ბავშვებმა კი შინაარსი გადმოსცენ ლოგიკურად და დალაგებით. შეიძლება კითხვები შემცირდეს, შეიძლება გაფათოვდეს – ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა განვითარების არიან მოსწავლეები... ერთი სიტყვით, კითხვებს მასწავლებელმა უნდა უყუროს, როგორც საშველ იარაღს, რომლითაც სარგებლობა საჭიროა მოწაფის ძალის შეწონვით და შეფარდებით”.
სრულიად ცხადია, რომ „მნათობის” ავტორები დედაენის სახელმძღვანელოს საფუძვლად, ხერხემლად ტვლიან მხატვრულ სიტყვას და საგანმანათლებლო ხასიათის მასალის სწავლებას საგანგებო სტატიების, სასაუბროების, საამისოდ შედგენილი კითხვების მეშვეობით და სხვა მეორეხარისხოვან ამოცანად მიიჩნევენ.
როგორც ჩანს, ამ წიგნმა დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა, მაგრამ აქედან სრულებით არ გამომდინარეობს დასკვნა, რომ მის შედგენაზე გაწეული შომა უნაყოფოდ ჩავთვალოთ. მატვრულ-ლიტერატურული მასალებისათვის ბრძოლას დედაენის სახელმძღვანელოებში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ბრძოლა ხელს უწყობდა სახელმძღვანელოთა სიწმინდეს, ლიტერატურის სააღმზრდელო როლის განმტკიცებას, წიგნების გადატვირთვის შენელბას საცნობარო ხასიათის მასალებისაგან, სიმშრალისა და სქემატურობის თავიდან აცილებას.
დასასრულ, ჩვენ აქ საჭიროდ ვთვლით მივუთითოთ, რომ „მნათობში” დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი დომენტი ოყრეშიძის ორიგინალური საბავშვო ლექსები, პატარა მოთხრობები და მის მიერვე გადმოკეთებული სხვადასხვა მხატვრული ნაწარმოებები და ნაწყვეტები. ეს მასალები გამოირჩევა ენობრივი და მხატვრული სისადავით.
აი, ორიოდე ნიმუში:
პატარა გიგლა
ამ ჩვენს პატარა გიგლასა
რა ადრე გაღვიძებია!
აქეთ ბაბუა ეძახის,
იქით ხელს უქნევს ბებია!
გიგლა კი მამას უღიმის
და დედას ჩაჰკონებია”.
აი, მის მიერვე ივანე კრილოვიდან გადმოკეთებული „მტრედი და გვრიტი”:
„გვრიტი მახეში გაება,
წვალობდა, იტანჯებოდა.
იქვე კი, მჯდომი ხის ტოტზე,
მტრედი სიცილით კვდებოდა:
ჰაი, შე გლახა, სულელო,
აგრე რამ მოგატყუაო,
რომ შუადღისას გაები
და ვერ შენიშნე ძუაო?!
მე, აბა, ასე ადვილად
ვერვინ შემაცდენს ჩემს დღეში.
მტრედმა ეს რომ თქვა, თვითონაც
იქვე გაება მახეში”.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ამ წერილის უშუალო საგანს არ შეადგენს, ჩვენ საჭიროდ ვთვლით, ამდენიმე სიტყვით დავახასსიათოთ დომენტი ოყრეშიძე-თომაშვილის პოეტური შემოქმედება.
აღზრდილი შრომით პირობებში, დომენტი თომაშვილი უშუალოდ იცნობდა მშრომელი გლეხობის მდგომარეობას. თავის ლექსებში იგი მკაფიოდ, გულმართლად და დამაჯერებლად ასახავდა რევოლუციამდელ სოფელს, იქ გამეფებულ უსამართლობას. ამასთან პოეტის სემოქმედებაში ფართო გამოხატულებას პოულობდა საერთოდ, მშრომელი ხალხის ჭირ-ვაამი, მისი მოწინავე ნაწილის ბრძოლა უსამართლობის, ძალმომრეობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ, ბრძოლა, სოციალური და პოლიტიკურუი უფლებებისავის, ეროვნული მონობის ბორკილებიდან ხალხის გამოხსნისათვის.
თავგასულობის და მოძალადეობის, პირადობისა და პატივმოყვარეობის, კარჩაკეტილობისა და „საპირადო ჰანგებზე სტვენის” მკაცრად გაკიცხვა-მხილებასთან ერთად, მის ლექსებში ფართო ადგილი ჰქონდა დათმობილი შრომისადმი პატივისცემისა და შრომის თავისუფლების, საზოგადოებისათვის თავდადების, მშრომელთა მჩაგვრელების წინააღმდეგ ერტობლივი ბრძოლის მოტივებს.
დომენტი თომაშვილის შემოქმედება მებრძოლ-მოქალაქეობრივ ხასიათს ატარებს. ა მხრივ, მისი პოეზია დიდად არის დავალებული აკაკი წერეთლისაგან. აკაკის პოეზიასთან თემატურ ნათესაობასთან ერთად დომენტი თომაშვილს განსაკუთრებით აკავშირებს მებრძოლი სული, შეურიგებლობა ჩაგვრისადმი. მთელი რიგი მისი ლექსები, დაწერილი 1905 წლის რევოლუციის პერიოდში, მიხეილ საბრძოლო მოწოდებბს წარმოადგენენ. ასეთებია, მაგალითად,&ნბსპ; „ქართველ დედას”, „ხალხური სიმღერა”, „გამარჯვება”, „წითელი დროშა”, „ამხანაგებო”, „მედგრად, ძმებო”.
დომენტი თომაშვილს ღრმად სწამდა მომავალი. მისთვის, როგორც ამაზე სავსებით სამართლიანად მიუთითებს დომენტი თომაშვილის პირველი მკვლევარი, მიხეილ ალავიძე, უცხო იყო დაცემულობის განწყობილება, პოეტს ვერ წარმოედგინა, რომ რევოლუციური მოძრაობა სამუდამოდ დამარცხდებოდა. 1905 წლის რევოლუციის შემდეგდროინდელ ლექსებშიაც იგი იმედით იყურებოდა წინ და სწამდა, რომ „შავი დღე” ტკბილი მომავლით შეიცვლებოდა.
დომენტი თომაშვილის ეს იმედები, ისე როგორც მრავალი მილიონი ადამიანისა, ოქტომბრის სოციალისტურმა რევოლუციამ სინამდვილედ აქცია. პოეტიც ახალი ცხოვრების მსვნელობაში მთელი თავისი შეგნებითა და გულით ჩაება. სოციალისტურ მშენებლობას მან უძღვნა რამდენიმე საუკეთესო ლექსი, რომლებშიაც ღრმად გამოხატა თავისი სიმპათიები „სიმართლეზე ააშენებული” სოციალისტური ქვეყნისადმი. ამ ლექსებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა „შვილიშვილი მუშა ბოქულაძის”, „სიმღერა”, „სტალინი”, „მფრინავთა ათასეულებს”, „სამშობლოასდმი” და სხვ.
დომენტი თომაშვილის პოეზიას თავის დროზე მაღალ შეფასებას აძლევდნენ. ცნობილია, რომ აკაკი წერეთელი ახალგაზრდა პოეტთა შორის ყველაზე მაღლა აყენებდა დომენტი თომაშვილს. დომენტი თომაშვილის რამდენიმე ლექსი ს. გორგაძემ შეიტანა მის მიერ 1906 წელს გამოცემულ ქართული ლიტერატურის ქრესტომათიაში, როგორც სკოლაში შესასწავლი მასალა.
ერთხელ პოეტმა იოსებ გრიშაშვილმა მეორე აკაკი უწოდა დომენტი თომაშვილს. ამით მან სიწითლით მიწასთან გამასწორაო, წერს თავის მოგონებებში დომენტი და განაგრძობს: „ცხადია, სოსოს ჩემი გაწითლება როდი ენება; მას რაღაც უფრო მაღალი კეთილშობილური მიზანი ჰქონდა: ამით მან ჩემს გარშემო ერთგვარი ახმაურება გამოიწვია და ქვეყანას ამცნო, ეს კაცი კიდევ ცოცხალიაო!
არა მიპასუხნია რა! იქნებ, ჩემი დუმილი ვინმემ გრიშაშვილის შეფასების დასტურად მიიღო ჩემი მხრივ!.. არამც და არამც.
საქართველოში ბევრი წყალი ჩაივლის, მზეც მრავალეჯრ ამოვა და ჩავა, სანამ მეორე აკაკი დაიბადებოდეს!”
ამასთან დაკავშირებით წაკითხულ ლექსში 1940 წლის 25 ივნისს თავის სამწერლო მოღვაწეობას დომენტიმ შემდეგი შეფასება მისცა:
რაც თვალი ამიხელია,
სიცოცხლეს გავეცნაურე,
სიტყვას ტკბილსა და ჩამოქნილს
შევეტკბე, დავეძმაურე,
აკაკის ჩანგის ძებნაში
მთას და ბარს გავეხმაურე.
მივეხმატკბილე სამშობლოს
გორ-მაღალ-ვაკიანათა
ქართლ-ოდიშ-კახს და აჭარას
შაქარ-ტკბილ ბაგიანათა,
ყველგან აკაკი გაისმის,
აკაკიმ შემომანათა.
ყური მივუპყარ წყალთ ჩხრიალს –
რიონს მტკვარ-არაგვიანად,
ჭოროხსაც გავესაუბრე,
მჩქეფარეს ბარაქიანად,
ყვირილაც მათებრ მოიმღერს
საყვარელ აკაკიანად.
ღამით თვალს ძილი გამიკრთა
წალკოტის შარი-შურითა,
ჩიტმა ზევსური დასძახა,
გული აივსო შურითა:
ბულბული ჰყეფდა, კვნესოდა
კილო-ხმა აკაკურითა.
ყური მივუგდე ხალხის ხმას
და გულის ძგერას მისასა:
ვისმენდი „ციცინათელას”
ზედაც „სიმღერას მკისასა”
ყველანი ტკბილად მღეროდნენ
„სულიკოს” – აკაკისასა.
ყრმა ვიყავ, გავხდი ჭაბუკი,
მცირედ რამ მოვიმარაგე,
ზოგი რამ ჩემი წამომცდა
და ზოგიც ჩავიარაკე
ვერა ვწვდი, თორემ ისე ჰო!
ცოტა მეც წავიაკაკე.
ზოგმა კი ხვავიც აგროვა,
მოიმკო, მოიბარაქა:
ვინ ია ჰკრიფა, ვინ ვარდი,
ხან იქ დაჰმღერა, ხან აქა.
მაგრამ აკაკად არ ითქმის
თუ ვინ სად წაიაკაკა!
მოციმციმებენ ვარსკვლავნი,
წინათ რომ ნისლი ებურათ,
მთვარეც კაშკაშით დაგვნათის
ლაღად და თავისებურად...
თუ შევძელ, კვლავ მსურს, ვიმღერო
ისევ აკაკისებურად.
დომენტი თომაშვილის საკმაოდ მოზრდილი ლექსთა კრებული, სადაც ასზე მეტი ლექსია მოთავსებული, 1938 წელს გამოსცა „ფედერაციამ”.