სპირიდონ ნორაკიძე (1847-1909)
სპირიდონ ლევანის ძე ნორაკიძე დაიბადა 1847 წელს, ზუგდიდის მაზრის სოფელ ხორშში. დაწყებითი განათლება მან სოფლის ორკლასიან სკოლაში მიიღო. მშრომელი გლეხობის გათვითცნობიერების იდეებით გატაცებულმა სპირიდონმა ისეთი ავტორიტეტი მოიხვეჭა, რომ მალე მთელი რიგი სახალხო საქმების ინიციატორი და ხელმძღვანელი გახდა.
1884 წელს იგი დანიშნეს სოხუმის ოლქის სოფელ გინძე-ეწერის გ. შარვაშიძისეული მდიდარი მამულების გამგედ. ამ მამულების ხე-ტყის წარმოებამ მისი ხელმძღვანელობით დიდ წარმატებას მიაღწია და ადგილობრივი მუშებიც მეტად კმაყოფილნი იყვნენ.
1885 წელს სპირიდონ ნორაკიძის ინიციატივითა და მის მიერ გამონახული სახსრებით დაარსდა ზუგდიდში, ფოთსა და ხობში ბიბლიოთეკა-სმკითხველოები, რომლებიც ხელს უწყობდა ხალხში ქართული წიგნისა და პრესის გავრცელებას, ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებას. ამ კეთილშობილურ საქმეს სპირიდონ ნორაკიძე საკმაო თანხებს ახმარდა. მას ამის საშუალება ჰქონდა იმ წარმოებიდან, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა. მას მფარველობდა ცნობილი ქართველი პოეტი და დრამატურგი გიორგი შარვაშიძე. თანამედროვეთა გადმოცემით, სპირიდონს ამ ეროვნული მნიშვნელობის საქმისათვის საკუთარი შემოსავლიდანაც საგრძნობი თანხა ჰქონდა გაღებული.
სპირიდონ ნორაკიძე არც ღარიბ ქართველ მოსწავლეებს და სტუდენტებს ივიწყებდა. მისი სახსრებით და ხელის შეწყობით ბევრ ახალგაზრდას მიუღია საშუალო და უმაღლესი განათლება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია სპირიდონ ნორაკიძის ღვაწლი და მატერიალური წვლილი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ფონდის გაძლიერების, განმტკიცებისა და მუშაობის ფართოდ გაშლისათვის. ამგვარი აქტიურობისა და სისტემატური დახმარების გამო ის ამ საზოგადოების მუდმივი დამფუძნებელი წევრი ყო.
1895 წელს სპირიდონ ნორაკიძემ დაარსა მუშათა არტელი „რიონის მშრომელთა ამხანაგობა”. მეფის ხელისუფლებამ ამ წამოწყებაში დაინახა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის გაჩაღებისა და ნაწილობრივ მუშათა ორგანიზაციების გაერთიანების ცდა, ამიტომ ის მალე დახურა 91897).
სპირიდონ ნორაკიძე მაინც არ ცხრებოდა. იგი კვლავ აფხაზეთს დაუბრუნდა და მთელი თავისი ენერგიითა და გატაცებით ჩაება გამწვავებულ ბრძოლაში, რომელიც იმ ხანებში გააჩაღეს მოწინავე ქართველმა მოღვაწეებმა სოხუმის ოლქის რუსიფიკაციისათვის თავდადებული მოხელეების წინააღმდეგ. სპირიდონ ნორაკიძე აფხაზეთში თავისი პრაქტიკული საქმიანობით რაზმავდა მოსახლეობას ამ უსამართლობასთან საბრძოლველად. ამგვარი მოქმედებისათვის მას რამდენჯერმე ჰქონდა მისჯილი (1903, 1905, 1907) გადასახლება რუსეთის შიდა გუბერნიებში.
სპირიდონ ნორაკიძე ხელმძღვანელობდა იმ საიდუმლო კრებებს, რომლებიც კერესელიძის ოჯახში იმართებოდა (ძირითადი საკითხი იყო სოხუმის ოლქის სკოლებში ქართული ენის სწავლების აღდგენა). ამ საკითხთან დაკავშირებით მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჩამჩირის სკოლის ზედამხედველს, ცარიზის ერთგულ მოხელეს, მ. ხორავას და სიკვდილით დაემუქრა ფოსტის უფროს პოლიაკოვს. ამიტომაც სპირიდონ ნორაკიძე გააასახლეს ცენტრალურ რუსეთში, მაგრამ იქ დიდხანს არ დარჩენილა. 1906 წლის ამნისტიის შედეგად კვლავ სოხუმის ოლქში დაბრუნდა და თავისი საქმიანობა განაახლა.
სპირიდონ ნორაკიძე მუშაოთა მოძრაობაშიც იღებდა აქტიურ მონაწილეობას. საკმარისია ითქვას, რომ 1903 წელს ქალაქ ფოთში ნავსადგურის მტვირთავ მუშათა გაფიცვების ხელშემწყობი და სოხუმის ოლქში მომხდარი მუშათა გაფიცვების მომწყობი სპირიდონ ნორაკიძე იყო.
სპირიდონ ნორაკიძემ სასტიკად სცემა და დაჯაროდ შეურაცხყო ზუგდიდის საქალაქო სკოლის მასწავლებელი თადა აშორდია (ავტორი მახინჯი და პროვოკაციური წიგნისა „მეგრული ანბანი”, 1899). ამ ინცინდენტის გამო 1900 წელს პროვოკატორი თადა აშორდია ზუგდიდის საქალაქო სასწავლებლიდან მოხსნეს და დააქვეითეს&ნბსპ; სოფლის მასწავლებლად.
ცხადია, სპირიდონ ნორაკიძე ამგვარი აქტების ჩადენის შემთხვევაებში მარტო არ იყო. ამას ადასტურებს საქართველოს საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული მასალები, რომლის ერთი ნაწილი ასეა დასათაურებული: Дело об исследовании политической благнадежности проживающих вСухумском округе Федота Тимофеевича Сахокия, Антимоза Ивановича Джугели, ИванаКонстантиновича Гегия, Григория Ивановича Канделаки, Ивана Гвариловича Бурчуладзе, П. Н.Давитая и Спиридона Левановича Норакидзе, являющихся главными предводителями грузинскойпартии, противодействующей мероприятияь провительства по обрусению населения округа ипринятия против них административных мер действия, 12-15 марта, 1904 г. №16, Тифлис» მისი უმთავრესი დანაშაული ის იყო, რომ იგი «стремился сохранить грузинский язык в церквах и школахабхазского населения, чтобы утвердить всое влияние на абхазцев и связь с ними...»
1909 წელს მეფის აგენტებმა სპირიდონ ნორაკიძე ავაზაკურად მოკლეს საკუთარი სახლის კარებთან.
სპირიდონ ნორაკიძის მოღვაწეობას მაღალ შეფასებას აძლევდა დიდი ქართველი პედაოგიგ იაკობ გოგებაშვილი. იგი ვრცელ ფელეტონში „უკიდურესი გულქვაობა” ხაზს უსვამდა ეროვნული სახალხო განათლების მოსპობით გაოწვეულ უკუღმართობასა და ბიუროკრატიზმის წინააღმდეგ გამუდმებული ბრძოლის სავალალო შედეგებს.
დიდი პედაგოგი აღნიშნავდა იმასაც, რომ 80-იანი წლებიდან საზოგადოებრივ სარბიელზე გამოვიდნენ ისეთი „ქართველი გლეხები, რომელთაც პირველდაწყებითი სწავლა მიუღიათ იმ დროს, როდესაც სახალხო სკოლებში სწავლება ყველა საგნისა მიდიოდა ქართულ ენაზე და ეროვნული ელემენტი მასში ძლიერი იყო; აქ კურსის დამთავრების შემდეგ ამ გლეხებს თავიდან აუშორებიათ ბიუროკრატიული სკოლის გავლენა და ქართული მწიგნობრობისა და ლიტერატურის დახმარებით საკმარისი განვითარება მოუპოვებიათ. ასეთი გლეხები ძლიერ განირჩევიან სხვებისაგან საღი ჭკუით, დაუმჭკნარი მხნეობით, სრული სინდისიერებით, სამშობლოს ერთგლებით, მოყვასთა სიყვარულით, ნამდვილი ადამიანობით. ერთი ამ ტიპის გლეხთაგანი იყო სპირიდონ ნორაკიძე. ყველანი, ვინც კი მას და მის მოქმედებას დაახლოებით იცნობდნენ, ერთხმად აღიარებდნენ, რომ იგი იყო განხორციელებული ენერგია, ხუთი კაცის ოდენას აკეთებდა, ქონებას იძენდა ყოვლად პატიოსანი გზით, სუფთა მხნეობით და ამ ქონების ბლომა ნაწილს საზოგადო საქმეებსა და გაჭირვებულ მოსწავლეებს ახმარდა”.
იაკობ გოგებავილის თქმით, „უმთავრესი წყარო ამ დაუშრეტელი ენერგიისა და მომხიბლავი პატიოსნბისა იყო აბრიალებული სიყვარული თავისი სამშობლო „საქართველოსი”. იაკობ გოგებაშვილი წერდა იმის შესახებაც, თუ როგორ მედგრად და შეუოვრად ებრძოდა სპირიდონ ნორაკიძე „იმ ბნელ ძალებს, რომელნიც მოწადინებულნი იყვნენ განეცალკევებინათ მეგრელები სხვა ქართველი ტომებისგან, მოეწყვიტათ სამეგრელო საქართველოსაგან და ამით დასუსტებული ორივე მხარე ადვილად მოსანელებელი გაეხადათ. ამბობენ, სწორედ ამ ნიადაგზე მოხდა მისი ყოვლად საზიზღარი მკვლელობაო”.
სპირიდონ ნორაკიძემ რაინდული მოქმედებითა და შეგნებული ბრძოლით წარუშლელად ჩაერა თავისი სახელი საქართველოს სახალხო განათლების ისტორიის ფურცლებზე, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და სახალხო განათლების გავრცელებისათვის უშიშარმა მებრძოლმა. ის იყო თავისი დროის სანიმუშო მოქალაქე, სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ მებრძოლი და მისაბაძი საზოგადო მოღვაწე.