ნატალია აზიანი (დონდაროვა) (1878-1943)
თუ ვინმეს, ან რომელიმე მწერალს თავის შემოქმედებაში ახალი დროის დემოკრატიული იდეები და მშრომელი ხალხის ცარიზმის წინააღმდეგ თავდადებული ბრძოლა აუსახავს, მათ შორის ერთ-ერთი თვალსაჩინოა ნატალია დონდაროვა (აზიანი).
იგი სამწერლო ასპარეზზე გაზეთ „ივერიის“ მიერ შერქმეული „აზიანის“ ფსევდონიმით გამოვიდა, აქ ჰპოვა მან პირველად თავისი ნიჭის აღიარება.
„– მე მაშინ, – წერს ახალგაზრდა დრამატურგი ქალი, – ისეთი გამოუცდელი ვიყავი, რომ ფსევდონიმის არჩევანშიც კი „ივერიის“ თანამშრომლები დამეხმარნენ.
მახსოვს, როცა არტემ ახნაზაროვი წერილით შემეკითხა, როგორ მოვიქცეთ, რა მივაწეროთ თქვენ პრესას, ნამდვილი გვარი თუ ფსევდონიმს აირჩევთო, მე ვუპასუხე, რაც გინდათ მიაწერეთ, ოღონდ ჩემს გვარს ნუ გაამხელთ-მეთქი“.1
რა იყო მიზეზი, რატომ დასჭირდა მწერალ ქალს თავისი საკუთარი სახელისა და გვარის დამალვა?! ეს იყო რევოლუციამდელი კონსპირაციული მოღვაწეობის აუცილებლობა და ახალგაზრდა დრამატურგი ქალის გარშემო შექმნილი ატმოსფერო, რაც მისმა გამოჩენამ და ბასრმა სატირულმა ჟანრმა გამოიწვია.
მაშინ თვრამეტი თუ ცხრამეტი წლის ნატალია აზიანმა ისე გაბედულად, ისეთი შემართებით გაილაშქარა დრომოჭმული წეს-წყობილების, წევრილბურჟუაზიული ელემენტების, ჩარჩ-ვაჭრებისა და მეშჩანობის წინააღმდეგ, რომ დიდხანს არ შეწყვეტილა მის გარეშემო ატეხილი მითქმა- მოთქმა და მრავალი სხვა უსიამოვნება.
„– უი, ქა, ეს ვინა ყოფილა!!!“ – გაურბოდნენ მისი ენით დაშინებულნი.
„– ჩემს პორტრეტს აიღებს ეს შეჩვენებული და ქვეყანაში თავს მომჭრის!!!“ – გაიძახოდნენ მანდილოსნები.
რატომ თავის გიჟ-დამთხვეულ ქალს არ დააყეენბენ, რომ ასე საქვეყნოდ გვაპამპულავებსო, – უჩიოდა დონდაროვებს დიდკაცობა, მაგრამ არც მშობლებს მოწონდათ ქალიშვილის თავნებობა.
– შენ არ დასარჩენო, საკოცნელი პირი საფურთხებლად რად გაიხადე, ქალი ვინა და მწერალი ვინა?! მწერალი, მესმის, ყველას საისამოვნო დაუწეროს, გულს სიამე მოჰფინოს. ესა კი რას სჩადისო, – ტუქსავდნენ მახლობლები, მეზობლები.
ასეთი წინააღმდეგობებით სავსე იყო მომავალი მწერლის, სრულიად გამოუცდელი ქალის ცხოვრება. მაგრამ თავისებური ხასიათი, ღრმა რწმენა და სათაყვანებელი ილია ჭავჭავაძის შეგონება – „მოყვარეს პირში უძრახე...“ – ნათელ გზად მიუძღოდა წინ. იგი სამარცხვინო ბოძზე აკრავდა ყველას, ვინც ფუქსავატ, დარდიმანდულ ცხოვრებას ეწეოდა, ვინც თავის ახალგაზრდობას სამიკიტნოში ახრჩობდა, თავის ქვეყნის ბედ-იღბალზე არ ფიქრობდა, თავის სამშობლოს მომავალი არ აინტერესებდა.
ამ მხრივ, საინტერესო, ერთგვარ პანორამას წარმოადგენს ნატალია აზიანის მიერ აღწერილი იმდროინდელი ქალაქი გორი, რომელსაც გამოცოცხლება და ცხოვრებსი წინსვლა მხოლოდ 900-იან წლებში დაეტყო. რა დიდ სიხარულთან იყო დაკავშირებული, რომელიც გორის მოსახლეობა აღტაცებით მიიტლვოდა მიტნგებზე, კრებებზე, წარმოდგენებზე. „გორში, – წერს ნატალია აზიანი, – განსაკუთრებული სიცოცხლე შემოჰქონდათ აქ ზაფხულობით ჩამოსულ, თავმოყრილ მოსწავლე გიმნაზისტებსა და სტუდენტებს. ეს ახალგაზრდები გამსჭვალულნი იყვენნ განმანთავისუფლებელი იდეებით, დგამდნენ წარმოდგენებს, კლასიკურ პიესებს. მაგალითად, შილერის „ყაჩაღებს“, უშვებდნენ ხელნაწერ გაზეთსა და ჟურნალს, რომელშიც ამათრახებდნენ ოფიციალურ პირებს.
გაუჭირდებოდა გორს სცენისათვის ქალის როლსი შემსრულებელი და აგერ გამოჩნდებოდნე ისეთი პატრიოტი ქალები, როგორიც იყო ცნობილი მწერლის ნიკო ლომოურის მეუღლე სოფო ალექსის ასული ლომოური.
გორს ხშირად ესტუმრებოდნენ ხოლმე ქართული თეატრის ბუმბერაზი არტისტები: ვასო აბაშიძე, ნატალია გაბუნია, ელისაბედ ჩერქეზიშვილი. იმართებოდა „ბალ-ვეჩერები“, „ბალ-მასკარადები“. იცვლებოდა, იზრდებოდა გორი, იგი კულტურისა და განათლების გზაზე გამოდიოდა“.2
ასე ახასიათებს მწერალი თავის მშობლიურ, საყვარელ კუთხეს – გორს, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა.
ნატალია მიხეილსი ასული დონდაროვა 1878 წლის 4 იანვარს დაიბადა, გაქართველებული, შეძლებული სომხის ოჯახში. მას ქართული ენა აკვნიდან ესმოდა. მაშინდელი გორელი სომხობა აქტიურ მონაწილეობს იღებდა ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების საქმიანობაში, ქართულ ოჯახებთან მათ მისვლა-მოსვლა და დიდი ურთიერთობა ჰქონდათ.
ერთ-ერთ ასეთ საუკეთესო ოჯახად ითვლებოდა მაშინ ნატალიას მშობლების, დონდაროვების ოჯახი.
შეგნებული მშობლები შვილების სწავლა-განათლებისათვის თავს არ იზოგავდნენ, თუმცა, ამ მხრივ, ნატალიამ ისე ვერ გამოიყენა მშობლების ყურადღება, როგორც შეეძლო.
ნატალია აზიანი სწავლობდა გორის პანსიონში, შემდეგ როგიმნაზიაში, უკანასკნელად თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელში, საიდანაც მალე დათხოვნილ იქნა თავისი დაუდევარი და მოუსვენარი ხასიათის გამო. თუმცა მასწავლებლებს გამოსარიცხად არ ემეტებოდათ მკვირცხლი გონების ქალიშვილი და სწამდათ ასეთი ნიჭის პატრონი ცხოვრებაში არ დაიკარგებოდა, თავის გზას მონახავდა.
ასეც მოხდა, ნატალია აზიანი გორში დაბრუნდა და მუყაითად შეუდგა თვითგანვითარებას. კითხულობდა ყველაფერს, რაც კი ხელში ჩაუვარდებოდა, მაგრამ ყოველივე ამას შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა. იგი ხან ერთი და ხან მეორე ნაწარმოების გავლენის ქვეშ ექცეოდა.
ასეთ გარემოში მყოფი ნატალია აზიანი ნიღილიზმმა გაიტაცა.
„– როცა ტურგენევს ვკითხულობდი, „Новь“ წავიკითხე, – იგონებს მწერალი ქალი, – თმა შევიკრიჭე, თუთუნის წევა დავიწყე. მეც რევოლუციურ- ხალხოსნური განწყობილებამ შემიპყრო.
ახლა ჩერნიშევსკის „რა ვაკეთოს?!“ რომ გავეცანი, ამ ნაწარმოების მთავარი მიგრის, ლიზას სახემ გამიტაცა, მეც მასავით მაღალი იდეალების ადამიანი მინდოდა ვყოფილიყავი“.3
კარგი მოგონება შემოგვინახა დონდაროვების ოჯახის შესახებ მათმა მახლობელმა, ელისაბედ ელიზბარის ასულმა ერისთავმა.
„მე კარგად ვიცნობდი ნატალიას ძმებს ილიკო და მიხეილ დონდაროვებს. დიდი პატიოსანი ადამიანები იყვნენ, ნასწავლი და განათლებული. უფროსი ძმა ექიმი იყო, უმცროსი, ილიკო ნიჭიერი იურისტი. ძმები დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ ხალხსა და გლეხკაცობის მოსარჩლე და მზრუნველნი იყვნენ.
ძმები ანებივრებდნენ ერთაერთ დას, ნატაშას, – ასე ეძახდნენ სახლში. თვითონაც დიდი მოსიყვარულე იყო თავის ძმებისა და ახლობლების, უყვარდა მეზობლები. ნატაშა არ იმჩნევდა, თუ რა შესანიშნავი, მგრძნობიარე ადამიანური მოსიყვარულე გული ჰქონდათ მათ. მათთვის გაუჩინარს გააჩენდა. ამიტომ მათ სახლში არ ილეოდა გლეხებისა და სტუმრების მისვლა-მოსვლა.
ჩვენ დიდი მეგობრები ვიყავით. მას იმ ავადმყოფობამ და საშინელმა სენმა მოუღო ბოლო, როგორც მის უბედურ დედას“.4
დიდი გავლენა ჰქონდა ნატალია აზიანის ცხოვრებასა და მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალბიებაზე უფროს ძმას (ექიმს), რომელიც ამ დროს გატაცებული იყო მარქსიზმის მოძღვრებით.
ნატალია აზიანი აქ, მათ ოჯახში ხვდებოდა თავისი ძმის რევოლუციურად განწყობილ ამხანაგებს, შიო და გოლა ჩიტაძეებს. ამიტომ ბუნებრივია, რომ მომავალი მწერალი ქალი აქტიურ მონაწილეობას იღებბდა ბოლშევიკურ პრესაში. რეაქციის დროს იგი იყო უახლოესი თანამშრომელი პირველი ლეგალური ბოლშევიკური გაზეთის „მნატობისა“, რომელიც თბილისში გამოდიოდა 1907 წელს სტალინის რედაქტორობით.
ფიქრი უმაღლესი განათლების მიღებისა ნატალია აზიანს არასოდეს შორდებოდა. მისთვის დიდი გამარჯვება იყო, რომელიც მოეყო მოსკოვის უნივერსიტეტში თავისუფალ მსემნელად და საშუალება მიეცა მოესმინა ისეთი გამოჩენილი პროფესორებისათვის, როგორიც იყვნენ იულიჩევსკი, ჩელეპანოვი, ფროზი და სხვა. აქ ნახა მოსკოვის დიდი თეატრი საუკეთესო დადგმებით, სახელმოხვეჭილი მსახიობების თამაშით.
წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მასზსე მსოფლიოში განთქმული მსახიობი ქალის ელეონორა დუზეს თამაშმა. ამან გადააწყვეტინა მას დაახლოებოდა თეატრსა და მის ცხოვრებას.
ამ მხრივ, ნამდვილად საინტერესოა პირადი წერილი კოტე მარჯანიშვილისადმი, რომელიც გვიჩვენებს თეატრისადმი მის პატივისცემას.
„პატივცემულო, ბატონო კოტე.
გავიგე, რომ მოსკოვში ჩამობრძანებულხართ... თქვენი ტრიუმფიც იუჟინის იუბილეზე გაზეთებიდან შევიტყვე. ბოდიში, რომ მიხდება თქვენი შეწუხება.
საქმე იმაშია, რომ მე თბილისიდან მომცეს კორესპონდენტის ბილეთი. ამ ბილეთით ყველა თეატრში მიშვებენ, გადა „იმპერატორისა“. საშინლად მინდა „ბალშოი თეატრის“ და „მალის“ ნახვა. მეტადრე იუჟინის თამაშობა. ვიცი, რომ თქვენ სუმბათაშვილთან კარგად ხართ. გთხოვთ, მოელაპარაკოთ ჩემს შესახებ, რომ როგორმე გამომიყოს კორესპონდენტის ბილეთი, რომ ერთხელ მაინც შემიშვან იუჟინის თამაშობის დროს, დიდი მადლობელი ვიქნები.
თქვენი პატივცემელი ნ. დონდაროვა.
P. შ. მე განსაკუთრებით ამ თეატრების სანახავად ჩამოვედი რუსეთში“.5
კოტე მარჯანიშვილსი დახმარებით იუჟინ-სუმბათაშვილს მართლაც გაუგზავნია მისთვის კორესპონდენტს ბილეთი.
„მე თითქმის ყოველდღე დავდიოდი მუქთი ბილეთით, რომელსაც მიგზავნიდა ნეტარხსენებული სუმბათაშვილ-იუჟინი“, – წერს ნატალია აზიანი.
ასე რომ, თეატრით და მწერლობით გატაცება ნატალია აზიანმა ერთსა და იმავე დროს დაიწყო.
„16-17 წლისამ შინაურულად ავიდგი ფეხი, – წერს ნატალია აზიანი, – ვლამობდი პარნასზე ასვლას, აცოცებას და დამტვრეულ რითმებიდან გორელ მესჩანებზე და ჩარჩ-ვაჭრებზე სატირული ხასითის ლექსებს ვჯღაბნიდი. ხან მომწონდა ჩემი ლექსები, ხან – არა. ვატყობდი, პოეტად არ გამოვდგებოდი, ბოლოს ამით იმას მივაღწიე, რომ მთელი გორი გადავიმტერე და „ლანძღვის მწერლის“ სახელი დავიმსახურე. ამ პერიოდში დიდად მიტაცებდა იუმორისტულ-სატირული ჟურნალების კითხვა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა „Стрекоза“, „Будильник“ და ჩვენი ქართული „ჩანგი“, რომელშიც ხშირა იბეჭდებოდა ნიჭიერი საესტრადო, იუმორისტული სცენები, ლექსები, პაროდიები და, რაც მთავარია, პოეტი ქალის ნინო ორბეილანის „ჭორის ბოღჩა“. ბევრი რამ ვიცოდი მე აქედან, ისე გატაცებით ვკითხულობდი ხოლმე ამ ლექსებს, რომ ყველა ჩემი ნაცნობ-მეგობრები აღტაცებაში იყო. ამან აღმიძრა სურვილი, იუმორისტული ლექსების და სატირების წერისათვის მომეკიდა ხელი“.6
როგორც ჩანს, ნატალია აზიანისათვის თეატრალური მოღვაწეობა თავიდანვე მისი მიზანი არ ყოფილა. თავის ერთ-ერთ მოგონებაში იგ გულწრფელად წერს: მე ჩემი ლექსების დაბეჭდვის სურვილი უფრო მქონდა, მაგრამ ერთმა შემთხვევამ განაპირობა ჩემი მომავალი შემოქმედებითი გზაო.
„ახლაც ჟრჟოლვას მგვრის, როცა მოვიგონებ, თუ როგორი გულის ფანცქალით შევიტანე „ივერიაში“ ჩემი ნაერები. რასაკვირველია, ვცდილოდბი ილია მენახა, მაგრამ ამაოდ, რამდენჯერაც მივადექი „ივერიას“ რედაქციას, იმდენჯერ კარებში არტემ ახნაზაროვი (ჩიოარ) მომეგება. ჩემი საშველი არაა-მეთქი, ვთქვი და მორიდებულად, მის შეკითხვაზე, თუ რატომ მოვსულვარ, ჩემი ლექსების რვეული გავუწოდე. პიესის სცენაზე დადგამს ან დბეჭდვას, აბა, როგორ გავბედავდი. იგი მიხვდა, თითქოს ჩემს გულში იჯდა, გაიღიმა და მითხრა:
– ჩვენ გაზეთებში პიესებს არ ვბეჭდავთ, თუ ლექსი გაქვთ რაიმე, დაგვიტოვეთ. თუ ივარგებს, აუცილებლივ დავბეჭდავთო.
კარგა ხნის შემდეგ, გავბედე და მივაკითხე რედაქციას, გამეგო, მოეწონათ თუ არა ჩემი ლექსები ან ჩემი პიესა. კარებსი ისევ არტემ ახნაზაროვი შემომხვდა, ღიმილით გაცისკროვნებული სახით. მივხვდი, რომ საქმე სულ ცუდად არ უნდა ყოფილიყო.
– უნდა გამოგიტყდეთ, – თქვა მან, – თვით ილია ჭავჭავაძემ წაიკითხა თქვენი პიესა და მოიწონა. მხოლოდ საჭიროა, რომ მეორე მოქმედება შესწორდეს, რათა მსმენელებმა და მკითხველებმა გაიგონ, თუ როგორ დაბოლოვდა პიესის მთავარ პირთა ცხოვრება. აგრეთვე, საჭიროა შეიკვეცოს უშველებელი ანალოგიური დიალოგები, რაც შეეხება თქვენ ლექსებს, იგი არ გამოდგება, ძალიან მოიკოჭლებს რითმა.
რედაქციას რომ გავცილდი, ცა ქუდად არ მიმაჩნდა და დედამიწა ქალამნად. ხუმრობა ხომ არ იყო, ილიას წაუკითხავს და მოსწონებია ჩემი პიესა- მეთქი. თუმცა მაშინ 18-19 წლის ქალიშვილს, პოეტობა უფრო მინდოდა“.7
ბოლოს მაინც, როგორც ვხეავთ, ნატალია აზიანმა მთელი თავისი შემოქმედებითი ნიჭი ქართულ დრამატურგიაში გამოავლინა. იგი გვერდში ამოუდგა ახალფეხადგმულ ქართულ თეატრს, რომელიც ამ დროს რეპერტუარის მხრივ დიდ გაჭირვებას განიცდიდა.
ილაის დამსახურება და ღვაწლი იყო ახალგაზრდა ქალის სამწერლო ასპარეზზე გამოყვანა. მისივე ინიციატივით მოხდა ნატალია აზიანის პირველი პიესის „ინჟინერი და ექიმის“ სცენაზე დადგამ, რამაც მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
რამოდენა სიხარული განიცადა ახალგაზრდა დრამატურგმა, როცა მას სპექტაკლის მსვლელობის დროს უთხრეს: შენს პიესას თვით დიდი ილია ჭავჭავაძე ესწრებაო. გუშინდელ დღესავით ახსოვდა ნატალიას ილიასთან კულისებში შეხვედრა, რომელიც დარბაისულად მისკენ წამოვიდა, ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– გახოსვდეს, თავში არ აგივარდეს ქება-დიდება. უფრო ღრმად ჩაუკვირდი ცხოვრებას, ბლომად იკითხე. სცენა კარგად შეისწავლეო.
ილიასთან ერთად ულოცავდნენ ქალიშვილს იაკობ გოგებაშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, ნიკო ლომოური. ეს უკანასკნელი მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო, რომელსაც ერთ-ერთ პირველთაგანს წაეკითხა მოწაფის ხელნაწერი პიესა და თავისი რეკომენდაციით ილიასათვის გადაეგზავნა. ილიამ, როგორც იცოდდა, დიდი გულდასმით წაიკითხა, მოიწონა და დრამატულ საზოგადოებას გაუგზავნა დასადგმელად. რისი შედეგიც იყო ნატალია აზიანის პიესის თეატრის რეპერტუარში გათვალისწიენბა. რამდენად საინტერესო უნდა ყოფილიყო გამოუცდელი დრამატურგი ქალის ნატალია აზიანის პიესა „ინჟინერი და ექიმი“, რომ ისეთმა მომთხოვნმა კრიტიკოსმა, როგორიც ილია იყო, მოიწონა და უკვე 1897 წელს იგი სცენაზე დაიდგა.
ნატალია აზიანი დიდ პატივს სცემდა იაკობ გოგებაშვილს. მისი „დდა ენისა“ და „ბუნების კარის“ შთაგონებით გაზრდილი ქალიშვილი წერდა, – მან გამიღო სინათლისა და განათლების კარიო. „დედა-ენა“ და „ბუნების კარი“ ჩემი ბავშვობის „სამება“ იყოო.
მამაშვილურად ურჩევდა ამ დროს ანტონ ფურცელაძე თავისი მიწა-წყლის ქალს, მომავალ დრამატურგს, წერისათვის თავი არ დაენებებინა. უცხო ხომ არ ვარ შენთვის, „ზემლიაკები“ ვართ, იცოდე, ყოველი შენი წარმატება, მე დიდად გამახარებსო.
გვერდში ამოუდგა ნატალია აზიანს თავისი კუთხის გამოჩენილი მკვლევარი და საზოგადო მღვაწეო პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილიც.
ეს ფუტკარივით მშრომელი კაცი, როგორც თვითონ ნატალია წერს, იცლიდა ჩემი ნაჯღაბნებისათვის და როგორც კი მოსკოვიდან ზაფხულობით თავის მშობლიურ გორში ჩამოვიდოდა ვიზიტით, „გვინახულებდა ხოლმე, მომატანინებდა ჩემს ნაწერებს“ და ბევრ საგულისხმო შენიშვნას მაძლევდაო.
„ბევრი ვიცინე თქვენს სიტყვებზე, ნამდვიალდ შესანიშნავი სატირულ-იუმორისტული ნიჭი გაქვთ. თავი დაანებეთ ლექსების თარგმნას. ლექსების წერა ეგრე რიგად არ გეხერხებათ. ლირიკა თქვენი დანიშნულება არ რისო. არც შემდეგ დავუტოვებივარ უყურადღებოდ, – წერს ნატალია აზიანი, – სამწერლო ასპარეზზე ახლად გამოსულს, ყოველთვის მამხნევებდა მისი კრიტიკა და რჩევა-დარიგება“.8
კარგად იცნობდა ნატალია აზიანი აკაკი წერეთელს. მას ხშირად ხვდებოდა მაშინდელ მოწინავე ოჯახებში,ქ ართული თეატრის კანტორაში, სადაც აკაკი რეჟისორად იყო მიწვეული, ხოლო თვითონ ნატლია აზიანი ქივე, ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობდა. აქ ესწრებოდა ხოლმე ნატალია აკაკის „პატარა კახის“ რეპეტიციებს.
1897 წელს, როცა გაზეთმა „ივერიამ“ გამოაცხადა ერთ გორელ ქალს, მეტად საინტერესო პიესა დაუწერია, რომელიც მალე თბილისის ქართულ სცენაზე დაიდგმებაო, აკაკისაც წაეკითხა ეს ანანსი გაზეთში. გახარებულს, ნატალია აზიანთან შეხვედრისას ეთქვა, დიდად მესიამოვნა, რომ მალე ვიხილავთ თქვენი ნიჭიერების ნაყოფსო.
ნატალია აზიანის არქივში დაცულია აკაკი წერეთლის ნატალიასადმი მიძღვნილი ექსპრომტი, რომელიც თავის ლექსების კრებულიდან ამოუწერია და მისთვის გადაუცია, ჩემს სახსოვრად გქონდესო.
„მწერალ ქალსა აზიანსა, ნიჭიერს და აზრიანსა, თანაც დიდათ ბრაზიანსა,
თუ არ არგებს, არც რას აწყენს, არ მოუტანს მას ზიანსა“.
დიდი როლი ითამაშა ნატალია აზიანის ცხოვრებაში ცნობილმა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ ივანე გომართელმა, რომელსაც თბილისში ჩამოსული, მომავალი ახალგაზრდა დრმატურგი ქალი თავისი რეკომენდაციით მწერალ ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელთან მოუწყვია საცხოვრებლად.
ასეთ კულტურულ ოჯახში მოხვედრა, სადაც სისტემატურად თავს იყრიდნენ მწერლები, სადაც გაიცნო გ. წერეთელი, მისი ქალიშვილი ელიკო და სხვა, ცხადია, ხელს შეუწყობდა მომავაილ დრამატურგი ქალის გათვითცნობიერებასა და შემოქმედებით ზრდას. 1898 წელს დიდი წარმატებით დაიდგა მისი პირველი პიესა „ინჟინერი და ექიმი“ თვითონ ავტორი ნატალია აზიანიც არ მოელოდა პირველი პიესის ასეთ გამარჯვებას.
რეცენზია, რომელიც ამ პიესის შესახებ დაიწერა, – ამბობს ნატალია აზიანი,&ნბსპ; – იმდენად დიდი იყო, რომ ფელეტონს მოგაგონებდათ და ისეთი ქება-ხოტბას მასხამდა, ჩემი თავი შექსპირის მეტოქე მეგონაო.
მართებულად წერდა გაზეთი „ივერია“:
„ქართულ მწერლობას საზოგადოთ და ქართულ თეატრს კერძოდ, უნდა მივულოცოთ შეძენა ახლისა და უტყუარი ჭეშმრიტი ნიჭიერებისა. ეს ნიჭი და დიდი იმედების აღმძვრელი კალამი არის ახალგაზრდა ავტორის აზიანისა, ჯერ გამოუცდელი კალამი და ესოდენი სიამოვნება და აღტაცება საზოგადოებისა. რა არის ეს, თუ არა უტყუარი სიგელი ნიჭისა. მოგვწონს ეს პიესა აზიანისა, უპირველესად იმიტომ, რიგი არის ფურცელი, ამოგლეჯილი ნამდვილი ჩვენი დროის ცხოვრების წიგნიდან. სურათი არა შეთხზულის, არამედ თითქმის გადაწერილი ცხოვრებიდან. ჩვენ არა ვართ ჩვეული და განებივრებუი ქართულ სცენაზე ცოცხლად დახასიათებული ადამიანების ხილვით, უფრო ხშირად ჩვენ ვხვდებით კარიკატურებს... ამ მხრივ, სწორეთ მიგვაჩნია აზიანია პიესა. ქ-ნი აზიანი იმითაა შესანიშნავი, რომ შექმნა ლიტერატურაში ახალი ტიპები. ცხოვრებამ დიდი ხანია შეჰქმნა ისინი, მხოლოდ ლიტერატურაში მათი დახასიათების პტივი ეკუთვნის ნატალია აზიანს. კვლავ აზიანის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ზნეობრივ გავლენა მის პიესებისა მაყურებელზე საუცხოოა. „მაზუთიანები“ – ფრაკმუნდირში იწვევენ დამსახურებულ ზიზღსა და კრულვა-ქოლას თავისდა მიმართ... და უკეთეს რაღას ინატერებს ავტორი?!“9
ამ რეცენზიის ავტორის, მიხეილ ნასიძის აზრს, რომლის წერილი „მე გახლავართ“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა, სავსებით იზიარებდა თავის დროზე ცნობილი კრიტიკოსი კიტა აბაშიძე.
„ნატალია აზიანმა გაამართლა ქართველი საზოგადოების ნდობა, – წერდა კიტა აბაშიძე, – იგი მართლაც უტყუარი ნიჭით არის დაჯილდოებული, უდიდესი დაკვირვების უნარით და მახვილი გონებით. მის მიერ შექმნილი ტიპები, მართლაც, რომ ჩვენი ქვეყნის წარსულის სინამდვილიდან არის ამოღებული და შემოქმედის დიდი ოსტატობით განსახიერებული“.10
მართლაც, საიდან უნდა ჰქონოდა ნატალია აზიანს, ამ ახალგაზრდა ქალს, პირველი პიესის „ინჟინერი და ექიმის“ ავტორს ამდენი შესაძლებლობა, როცა იგი ამ დროს მხოლოდ ცხრამეტი წლის ქალიშვილი იყო. მას ჯერ კიდევ არ ენახა ქართული თეატრი, არ იცნობდა თეატრის კულისებს, მის სპეციფიკურ ცხოვრებას, რთულ ტექნიკას, მის დეტალებსა და სხვ.
სწორედ ამაში იყო ნატალია აზიანის ნიჭის თავისებურება, რომელსაც, როგორც ვხედავთ, უჩვეულო ბედიც თან დაჰყვა. განა მარტო ის იყო საკმარისი, რომ მისი კომედიები ნიჭიერად იყო დაწერილი და მაშინდელი თეატრისა და ცხოვრების მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა? ამას განაპირობებდა დიდი ხელოვანი არტისტების უზადო თამაშიც. ნატალია აზიანის მეორე პიესა „ფული და ხარისხის“ დადგმისას მთავარ როლებს ანსახიერებდნენ ისეთი ოსტატები, როგორიც იყვნენ ვასო აბაშიძე, ნ. გაბუნია-ცაგარელისა, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ტასო აბაშიძე, ალექს. იმედაშვილი, კოტე შათირიშვილი და სხვები, რომლებმაც დიდოსტატური თამაშით გამარჯვებამდე მიიყვანეს პიესის ავტორის სახელი. ამას ადასტურებს ჟურნალ „კვალში“ (1899, №3) მოთავსებული რეცენზია, სადაც ნატალია აზიანი დიდი ქებით არის მოხსენებული. ამრიგად, ორივე დიდი ჟურნალი, როგორც „ივერია“, ისე „კვალი“ ერთმანეთს გამოეხმაურნენ ახალგაზრდა დრამატურგი ქალის ნაწარმოებების შეფასებაში, რაც ერთხელ კიდევ გვიჩვენებს, რომ ნატალია აზიანის კომედიები ამ დროისათვის ჭეშმარიტად დროული და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩვენს მწერლობასა და დრამატურგიაში.
ნატალია აზიანმა დიდებულად აუღო ალღო თავის დროის სოციალურ მოვლენებს, როდესაც საქართველოში სამრეწველო კაპიტალიზმის სწრაფი განვითარება დაიწყო. კლასებს შორის ურთიერთობა თანდათანობით გამწვავდა და მუშათა კლასი მომავალი ბრძოლისათვის ემზადებოდა.
იგი კარგად ხედავდა ბურჟუაზიისა და თავადაზნაურობის თარეშს სოფლად თუ ქალაქად, მუშათა კლასისა და ღარიბი გლეხების ულმობელ ექსპლოატაციას, მეფის მოხელეთა თავგასულობას, რომელსაც გვერდში გაბატონებული კლასი ედგა. შესამჩნევად იზრდებოდა თვითმპყრობელური წეს-წყობილების წინააღმდეგ მიმართული მშრომელთა პროტესტი და სხვ.
და ვინ იტყვის, რომ ეს სოციალური წინააღმდეგობებით აღსავსე მაშინდელი ცხოვრება მდიდარი მასალა არ იყო მწერლობისათვის?! ამ მხრივ, ნატალია აზიანის შემოქმედებას უკვე მტკიცე ნიადაგი ჰქონდა მომზადებული. პირველად, როგორც ვიცით, ამ სოციალურ პრობლემებს თავის შემოქმედებაში გიორგი ერისთავი, ზურაბ ანტონოვი და აქვსენტი ცაგარელი შეეხნენ. ქართული საზოგადოებისათვის ასევე ნაცნობი იყო საფრანგეთისა და რუსეთის ლიტერატურის შესანიშნავი წარმომადგენლების მოლიერისა და ოსტროვსკის სახელები, რომელნიც დიდი სიმწვავით აყენებდნენ ამ პრობლემატიკურ საკითხებს. ასე რომ, ტრადიცია კომედიებისა და ვოდევილებისა ჩვენში უკვე ახალი არ იყო.
ყოველვიე ეს ნიჭიერად გამოიყენა ნატალია აზიანმა და შექმნა საუცხოო კომედიები „ფული და ხარისხი“, „გაცრუებული იმედები“, „ხან ისე და ხან ასე“, „პოლიტიკური დურაჩკა“, „სამშობლოს ბურჯნი“, „კომედია ცოდვაა“ და „დეზერტირკა“ – მისი უკანასკნელი ოთხმოქმედებიანი პიესა.
ნაალია აზიანმა თავის შემოქმედებას, ერთი მხრივ, საფუძვლად დაუდო გადაგვარების გზაზე მდგარი, საფუძველგამოცლილი და დაკნინებული ცხოვრება თავადაზნაურობისა, რომელიც მამულის დაგირავებასა და ლოთობაში აატრებდა დროს და, მეორე მხრივ, მგლური ცხოვრება ბურჟუაზიისა, რომელიც ქონების შეძენისა და გამდიდრებისაკენ იყო მიმარტული.
ნატალია აზიანის კომედიები გვიხატავენ აღმოსავლეთ საქართველოსა და ძველი თბილისის ტიპებს, სოვდაგრების, ჩარჩების, გაღატაკების გზაზე დამდგარი თავადების მთელ გალერეას.
„ეს ტიპები მე-19 საუკუნეში გამოჩნდნენ, – წერს თეატრმცოდნე სერგო გერსამია, – ეს პირველად შეამჩნია ნატალია აზიანმა, შეისწავლა მათი მტაცებლური ბუნება, ხასიათი, ზნე-ჩვეულება და პირველად გამოიყვანა ისინი მწერლობაში“.11
მისი პირველი პიესა „ინჟინერი და ექიმი“ სწორედ ამ ფონზეა გაშლილი. მან სრულაიდ ახალი ტიპები შემოიყვანა არა მარტო დრამატურგიაში, არამედ, გადაუჭარბებლად სიე ითქვას, საერთოდ ჩვენს ქარტულ მწერლობაში.
ცოცხლად, საოცარ რეალისტურ ფერებში გადმოგვცემს ნატალია აზიანი გაღატაკების გზაზე დამდგარი თავადების ტიპებს, რომლებიც მდიდარი სომეხი ქალის შერთვით ცდილობენ თავის გადარჩენას და ეკონომიკურად წელში გამართვას.
ვინ არის მდიდარი მოიჯარადრე – არტემ პეტროვიჩ შარბათოვი – თბილისის ბურჟუაზიის წარმომადგენელი, რომელიც მხოლოდ მოგებაზე ფიქრობს, საქონელი იაფად შეიძინოს და ძვირად გაყიდოს.
უხეირო თავადების ქონების ნახევარ ფასში შესყიდვა შარბათოვების ცხოვრების მთავარი მიზანია.
„ახლა მოგება, ჩემო ბაგრატ, ისევ აღებ-მიცემულობანია. თუ გინდა, რომ ერტი გროში იპვო, იაფად იყიდე და ძვირად გაყიდე, ნახევარ ფასად ჭირნახუილ დაიკვეთე თავადებისაგან“.12
ასეთია შარბათოვების აღებ-მიცემობის პოლიტიკა, დევიზი მათი ცხოვრებისა. დიდებულად ამბობს ამის შესახებ კიტა აბაშიძე: „დიახ, ეს ის შარბათოვებია, რომელნიც კალიასავით მოედნენ ჩვენს ქვეყანას და დიდი ენერგიით იკაფავდნენ გზას ქონებისა და სიმდიდრის შესაძენად“.
დიახ, დადგა ისეტი დრო, როცა, როგორც გიორგი ერისთავის ივანე, ისე ნატალია აზიანის პიესის გმირი შარბათოვები, დასცინოდნენ გაკოტრებულ არაფრისმქონე თავადებს.
შარბათოვებს ეცინებათ „ბრწყინვალე“ თავადის განზრახვაზე, რომელიც ცდილობს მათთან დამოყვრებას.
„– იცი რა გითხრა, იცი რა გაცნო? ეს ორი-სამი დღეა... ერტი უსწავლელ კნიაზ ლაბაძისაგან მომდის და მომდის მაჭანკლები, შენი ქალი მოგვწონსო და მოგვათხოვეო. ვითომ რაა, ჩვენი მწიები დაგვიბრუნეთო, რა სულელი მნახეს...
ერთი უსწავლელი უხეირო შვილი ჰყავს, – აქამდის ხელმწიფის სამსახურში იყო, შარშან სამსახურიდან გამოსულა, ეხლა ჩერკესკა და შინელი ჩაუცვამს და ისე დაეხეტიალება“.
თავადი ლაბაძე კი თავის წოდებით ცდილობს დააჯეროს შარბათოვი: „ეს იცოდე, ჩემგან, არტემ პეტროვიჩ, როგორც ხარისხი არ ვარგა უფულოდ, ისე ფული უხარისხოდ“.
სწორედ ეს არის მთავარი მამოძრავებელი ძარღვი იმდროინდელი გამდიდრებული ჩარჩისათვის და გაკოტრებული თავადისათვის. მთავარი ფულია. აქეთ არის მიპყრობილი მთელი მათი ყურადღება. თავადაზნაურობა და ბურჟუაზია ცდილობს სიმდიდრისა და წოდების, ფულისა და ხარისხის ერთმანეთთან შეუღლებას და ამავე დროს, თავადისა და ბურჟუას დანათესავებით ისტორიის მეირ განწირული კლასის სიკვდილის შეჩერებას.
ნატალია აზიანს საყვედურობდნენ, რომ მას უფრო უარყოფითი ტიპების გამოკვეთა ეხერხებოდა, ვიდრე დადებითი სახეების შექმნაო. მაგრამ ეს არ არის მართებული შენიშვნა. მან უარყოფილი სოვდაგარის, ჩარჩის, უსაქმო თავადისა თუ ცრუ და მატყუარა „დემოკრატის“ პარალელურად, მოგვცა ცოცხალი, დაუვიწყარი ინელიგენციის წარმომადგენელნი, ის ახალგაზრდები, რომელნიც ებრძვიან ძველი თაობის დახავსებულ ადათებსა და მორალს. თავის კომედიაში „გაცრუებული იმედები“ შესანიშნავად დახატა ის დიდი წინააღმდეგობანი, რომელიც არსებობდა მამებსა და შვილებს შორის. აქ, ვაჭარი მამის გვერდით ჩვენ ვხედავთ იდეურად პროგრესული თვისებებით დაჯილდოებულ ახალგაზრდას, რომელიც ზრუნავს და იბრძვის მშრომელი ხალხის მომავალი ბედნიერებისათვის.
არც მოახლოებული 1905 წლის რევოლუციის მღელვარე დღეები დარჩენია მწერალს შეუმჩნეველი. ამ პერიოდის პიესებში ნატალაი აზიანი სასტიკად ილაშქრებს იმ მოლიბერალო ხალხის წინააღმდეგ, რომელთაც ამ დიდი გაჭირვების დროს ზურგი უჩვენეს მშრომელ ხალხს. ნატალია აზიანი იბრძვის ყველა მათ წინააღმდეგ, ვინც თავისი ჩამორჩენილობით, გონებრივი შეზღუდულობით ეგოისტურ ჩარჩოში მოქცეულან, ხელს უშლიდნენ ქვეყნის პროგრესს.
ამ რევოლუციურ მოძრაობასთან დაკავშირებით, ნატალია აზიანი დიდი გამარჯვების რწმენით წერს ორ კომედიას: „ხან ისე და ხან ასე“ და „პოლიტიკური დურაჩკა“.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას დიდი სიხარულით შეხვდა მწერალი-დრამატურგი ქალი.
1926 წელს ახალი პიესით მოევლინა ჩვენს თეატრს. ეს იყო მისი უკანასკნელი პიესა „დეზერტირკა“, რომლის შემდეგაც მას არაფერი შეუქმნია.
„დეზერტირკა“ დიდი წარმატებით და აჟიოტაჟით მიდიოდა, როგორც თბილისში, ისე რაიონებში:
„პატივცემულო მწერალო! – წერდა მწერალ ქალს ქ. თელავის თეატრალური საზოგადოება, – ქალაქის ქართული დრამატიული კოლექტივი მოგმართავთ თქვენ, როგორც ავტორს, რომ გამოგვიგზავნოთ ანდა მოგვაწოდოთ თქვენი უკანასკნელი პიესა „დეზერტირკა“ ქალაქ თელავში დასადგმელად.
დღეიდან მადლობას გაახლებთ, თქვენი მოსალოდნელი ყურადღების მოქცევისათვის. 1926 წ.“13
ნატალია აზიანის არქივში დაცულია ისეთი ლიტერატურული დოკუმენტიც, რომელიც გვაუწყებს, რომ პიესის ასეთი დიდი წარმატების გამო 1926 წლის დეკემბრის 10 რიცხვის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ იქნას ნატალია აზიანის „დეზერტირკის“ წიგნად გამოცემა.
არ არის გამორიცხული, რომ ნატალია აზიანის „დცეზერტირკას“ გამარჯვება უზრუნველჰყო ისეთმა ნიჭიერმა რეჯისორმა, როგორიც იყო კოტე მარჯანიშვილი.
ამაზე მეტყველებს ჩვენს მიერ მიკვლეული ერთ-ერთი საინტერესო დოკუმენტი.
„სამხატვრო ნაწილის გამგის კოტე მარჯანიშვილის დავალების თანახმად, გთხოვთ, მობრძანდეთ დღეს, 25 ნოემბერს, დასასწრებლად თქვენი პიესის რეპეტიციაზე. მორიგე რეჟისორი დ. ანთაძე. 1926 წ. 18 მარტი“.14
„თქვენ უნდა გენახათ, საზოგადოების როგორ მღელვარებაში იწეოდა ფარდა, რა ტაშით ხვდებოდა ხალხი მის ავტორს ნატალია აზიანს“, – ვკითხულობთ დ. ანთაძის მოგონებებში.
მიუხედავად იმ დიდი ხმაურისა, რომელიც ამ პიესის დადგმას მოჰყვა და ეს იყო შესანიშნავი ცდა საბჭოთა კომედიის შექმნისა, კიტა აბაშიძე მაინცდამაინც დიდ აღფრთოვანებას არ გამოთქვამდა.
ამ პიესის ნაკლოვანი მხარეების შესახებაც აღნიშნული იყო ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“.
საქმე იმაშია, რომ პიესა მენშევიკების დამარცხების შემდგომ პერიოდს გამოხატავს, როცა წელში გატეხილ ინტელიგენციას ბაზარზე გაჰქონდა თავისი უკანასკნელი სარჩო-საბადებელი. თქვენ შეხვდებოდით მენშევიკსა და სხვა გაჭირვებულ ადამიანებს, რომელნიც დეზერტირკაზე ყიდდნენ ტანისამოსს, ფეხსაცმელს. ეს გაჭირვებული მდგომარეობა, სადღაც ამასხარავებდა მაშინდელ საზოგადოებას. ამ მიზეზით პიესა რამდენიმე წლის შემდეგ მოხსნილ იქნა რეპერტუარიდან.
ნატალია აზიანს ეკუთვნის ბევრი საინერესო მოგონება თავის თანამედროვე მწერლებსა და მოღვაწეებზე: ნიკო ლომოურის, იაკობ გოგებაშვილის, ალექსანდრე ხახანაშვილის, სოფრომ მგალობლიშვილის, კიტა აბაშიძის, ანტონ ფურცელაძის, დავით კლდიაშვილისა და სხვათა შესახებ. ნატალია აზიანი ბევრ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ამ სასახელო საზოგადო მოღვაწეებზე. იგი დაუზარლად ემსახურებოდა ქართულ თეატრს, ქართული ეროვნული კულტურის განვითარების საქმეს. მან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენს ქართულ დრამატურგიაში და არ შეიძლება გულწრფელად არ ვთქვათ, რომ მან, როგორც მწერალმა, თავისი ჭეშმარიტი სიტყვა თქვა ლიტერატურასა და დრამტურგიაში.
ნატალია აზიანი გარდაიცვალა 1943 წელს, სამოცდახუთი წლის ასაკში.
1 თეატრალური მუზეუმი, ნ. აზიანის არქივი, №6-17458.
2 აკად. გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურული მუზეუმი, ნატალია აზიანის არქივი, №2488-6.
3 იქვე, №2611.
4 იქვე, №11289.
5 თეატრალური მუზეუმი, ნატალია აზიანის არქივი, №6-1926.
6 აკად. გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურული მუზეუმი, ნატალია აზიანის არქივი, №1684.
7 იქვე, №1924.
8 იქვე, №16181.
9 გაზეთი ”ივერია”, 1898, 18 იანვარი, №2.
10 ნ. აზიანი, პიესები, 1936, გვ. 8.
11 თეატრალური მუზეუმი, ნატალია აზიანის არქივი, №6-1824.
12 ნ. აზიანი, პიესები, 1936, გვ. 29.
13 თეატრალური მუზეუმი, ნატალია აზიანის არქივი, №1724.
14 იქვე, №6-18172.