ნიკო ნიკოლაძე (1843-1928)
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა შორის ერთ-ერთი მეტად თვალსაჩინო ადგილი უჭირავს სახელოვან სამოციანელს, დიდ მოაზროვნეს, პუბლიცისტის, ლიტერატორს, ნიკოლოზ გ. ჩერნიშევსკის იდეურ და პირად მეგობარს ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძეს.
ქართველი ხალხის დიად, თავისუფლებისმოყვარულ ტრადიციებსა და რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიულ იდეებზე აღზრდილი ნიკო ნიკოლაძე ილიასთან, აკაკისთან და გიორგი წერეთელთან ერთად, მე-19 საკუნის 60-იანი წლების სოციალური და პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი და უნიჭიერესი წარმომადგენელი იყო ჩვენში.
სწორედ ამის გამო შენიშნავდა ილია ჭავჭავაძე გაზეთ „დროებაში”: „ნიკოლაძის გონიერების, მიხვედრილობისა და ყველასაგან ცნობილის ნიჭიერების დიდი პატივისმცემელი ვარ”, ხოლო ნიკოლაძისადმი გაგზავნილ კერძო ბარათში პირდაპირ წერდა თავის „მდუღარე ბუნების ფაზისელ მეგობარს”: „შენ ჩვენი რაზმის ფალავანად გვეგულები”.
ცნობილია, რომ 60-იანი წლები დიდი გარდატეხის ხანა იყო როგორც რუსეთის, ისე ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში.
ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ შექმნილ ახალ ვითარებაში რუსეთსა და საქართველოში აღმოცენდა 60-იანი წლების საზოგადოებრივ-პედაგოგიკური მოძრაობა, რომელმაც მანამდე უცნობი, პროგრესულ-დემოკრატიული და რევოლუციური აზრები წამოაყენა ახალი თაობის აღზრდისა და განათლების, საერთოდ, პედაგოგიკური თეორიისა და პრატიკის სფეროში.
პედაგოგიკური აზრის ეს ახალი მიმდინარეობა თავის ლახვარს, უპირველეს ყოვლისა, მიმარტავდა ბატონყმურ საზოგადოებრივ ურთიერთობასთან შეფადებული წოდებრივი სკოლის, აღზრდისა და განათლების იმ რეაქციული პრინციპების წინააღმდეგ, რომელთა დამცველადაც ცარიზმი გამოდიოდა. იგი მოითხოვდა სკოლის კარების ფართოდ გახსნას ხალხის შვილებისათვის, ამ უკანასკნელთა გონების შეიარაღებას მეცნიერების მოწინავე, უახლესი მონაპოვრებით, მათ აღჭურვას მაღალი, პროგრესულ-ჰუმანური ზნეობრივი იდეალებით, პატრიოტიზმისა და ხალხის მსახურების მტკიცე შეგნებით.
ცნობილია, რომ რუსეთის რევოლუციურმა დემოკრატებმა აღზრდისა და განათლების ბატონყმური წოდებრივი საფუძვლების კრიტიკა დიდ პრინციპულ და პოლიტიკურ სიმაღლეზე აიყვანეს; მათ ეშმარიტად სასიკვდილო ლახვარი ჩასცეს თვითნებობისა და ადამიანის პიროვნების გაუგონარ ჩაგვრაზე აგებული ძველი სკოლის აპოლოგეტებს და ქვეყანას ამცნეს სწავლა-აღზრდის ის ახალი პრინციპები, რომლებიც ორგანულად დაკავშირებული იყო მათ მიერვე წამოყენებულ ახალ, მოწინავე, რევოლუციურ სოციალურ და პოლიტიკურ იდეალებთან.
უეჭველია, რომ მე-19 საკუნის 60-იან წლებში საქართველოში დაწყებული საზოგადოებრივ-პედაგოგიკური მოძრაობა რუსეთის რევოლუციურ-დემოკრაიტული პედაგოგიური იდეების გავლენას განიცდიდა, თუმცა ეს გავლენა არასოდეს ყოფილა მექანიკური. იბრძოდნენ რა ძველი, რეაქციული საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობილების დამხობისათვის, ქართველ სამოციანელებს იმავე დროს ძლიერი იერიშები მიჰქონდათ ამ წყობილებისათვის დამახასიათებელი წოდებრივი სკოლისა და საერთოდ ცარიზმის იმ რეაქციული პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც იგი ხალხის გონებრივ და ზნეობრივ სიბნელეში დატოვების მიზნით ახორციელებდა.
ძლიერი, გაბედული, შეუპოვარი იყო ქართველ სამოციანელთა ბრძოლა ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ და, კერძოდ მშობლიურ ენაზე საწვლების უფლების დსაცავად, რაც მათ წარმოდგენილი ჰქონდათ როგორც ერთ-ერთი მომენტი, ერთ-ერთი მხარე ჩვენი ხალხის საერთო ბრძოლისა სოციალური, პოლიტიკური და ეროვნლუი თავისუფლებისათვის.
ამ ბრძოლის ერთი „ფალავანთაგანი” იყო ნიკო ნიკოლაძე, რომელიც პედაგოგიკურ თეორიასა და პრატიკაში ყოველივე დრომოჭმულის, უვარგისის, ჩამორჩენილის ნეგატიურ კრიტიკასთან ერთად, ბელინსკის, გერცენის, ჩერნიშევსკისა და დობროლუბოვის მოძღვრებათა შესაბამისად, დაუღალავად ეწეოდა რევოლუციურ-დემოკრატიული პედაგოგიკის პრინციპების პროპაგანდას, მოითხოვდა ახალგაზრდობის გონებრივი და ზნეობრივი აღზრდის სწორად დაყენებისათვის სწავლა-განათლების მშობლიურ ენაზე შემორებას, სწავლების შინაარსის მოწინავე მეცნიერულ საფუძვლებზე აგებას, გონებრივი აღზრდის ზნეობრივ და შრომით აღზრდასთან დაკავშირებას, ახალი თაობსი აღჭურვას პატრიოტული და ხალხთა მეგობრობის სულისკვეთებით, მის ყოველმხრივ განვითარებას.
* * *
ნიკო ნიკოლაძე დაიბადა 1843 წელს ქუთაისში. სოციალური წარმოშობით იგი გლეხი იყო; ბაბუამისი მამუკა ნიკოლაძე ახალგაზრდობაში აბაშიძეების ყმა ყოფილა.
ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების (1860) შემდეგ ნიკო ნიკოლაძე სწავლის გასაგრძნობად გაემგზავრა პეტერბურგს, სადაც დაუახლოვდა ნიკოლოზ გ. ჩერნიშევსკის და აქტიურად ჩაება რუსეთის მოწინავე ახალგაზრდობის რევოლუციურ მოძრაობაში. 1861 წელს, პეტერბურგის სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობის გამო ნიკო ნიკოლაძე მეფის მთავრობამ დააპატიმრა და პეტრე-პავლეს ციხეში ჩასვა. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ ნიკო ნიოლაძე რამდენიმე ხანს არალეგალურად ცხოვრობდა პეტერბუგში მყოფ აკაკი წერეთლთან. 1862 წლიდან იგი ჟურნალ „სოვრემენიკის” რედაქციას დაუახლოვდა და ჟურნალ „ისკრის” თანამშრომელი გახდა.
ახალგაზრდა ნიკო ნიკოლაძე თავდავიწყებით ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში, მაგრამ 1862 წელს დაწყებულმა თეთრმა ტერორმა მალე ფრთები შეაკვეცა მის გატაცებას. იმავე წლის ზაფხულში მეფის მთავრობამ ნიკოლოზ გ. ჩერნიშევსკი დააპატიმრა და ჟურნალი „სოვრემენიკი” დახურა.
ამ დროს ნიკო ნიკოლაძე სამშობლოში ბრუნდება, მაგრამ იმ აზრით შეშინებული, რომ „ვაითუ, პეტერბურგში, ჩემი იქ არყოფნის დროს, რევოლუცია მოხდესო” და მალე ისევ რუსეთის იმდროინდელ სატახტო ქალაქს მიაშურებს და 1863 წლიდან აქ ხელმძღვანელობს გაზეთ „ნაროდნოე ბოგატსტოვს”, რომელშიაც პირველად გამოაქვეყნებს თავის წერილებს „სკანდელის” ფსევდონიმით. ნიკო ნიკოალძის წერილების რადიკალური შინაარსის გამო მეფის მთავრობამ ეს გაზეთი მალე დახურა.
1864 წელს ნიკო ნიკოლაძე „სოვრემენიკში” თანამშრომლობდა. 1865 წლიდან, როგორც ემიგრანტი, იგი ევროპაშია და გერცენის თხოვნით, ჟურნალ „კოლოკოლში” „რიონელის” ფსევდონიმით ბეჭდავს შესანიშნავ წერილს „გლეხთა განთავისუფლება საქართველოში”. იმავე 1865 წელს ნიკო ნიკოლაძემ გაიცნო კარლ მარქსი, რომლის „კაპიტალი” მან პირველად 1869 წელს წაიკითხა რუსული თარგმანის კორექტურაში.
1866 წელს, „კარაკოზოვის გასროლის გამო”, გერცენის „რუსულ თავისუფალ სტამბაში” დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის რევოლუციური ბროშურა „მთავრობა და ახალი თაობა”, რომელმაც, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, თავის დროზე „გერცენისა და ოგარიოვის სხვა გამოცემებთან ერთად უდიდესი სამსახური გაუწია რუსეთის რევოლუციურ მოძრაობას”.
1868 წელს ნიკო ნიკოლაძე, ცნობილ რუს ემიგრანტთან ლევ მეჩნიკოვთან ერთად ჟენევაში გამოსცემდა სოციალისტურ ჟურნალ „სოვრემენოსტს”, რომლის გამოჩენას, როგორც ცნობილია, ალექსანდრე გერცენი აღტაცებით მიესალმა ჟურნალ კოლოკოლის” ფურცლებზე. ამავე დროს გამოსცეს ნიკო ნიკოლაძემ და რუსმა ემიგრატმა მიხეილ კონსტანტინეს ძე ელპიდინმა საზღვარგარეთ ცალკე წიგნად ნიკოლოზ ჩერნიშევსკის სახელგანთქმული რომანი „რა ვაკეთოთ?” და შეუდგნენ დიდი რუსი რევოლუციონერის თხზულებათა სრული კრებულის გამოცემას. უსახსრობის გამო მათ შეძლეს მხოლოდ ამ თხზულებათა პირველი ტომის გამოცემა, რომელსაც წამძღვარებული აქვს ნიკო ნიკოლაძის წინასიტყვაობა.
1868 წელს ნიკო ნიკოლაძემ დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი და ბრწყინვალედ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე – „განიარაღება და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები”.
1869 წლიდან ნიკო ნიკოლაძე ისევ სამშობლოშია და გიორგი წერეთელთან, სერგეი მესხთან, კ. ლორთქიფანიძესთან და სხვებთან ერთად ხელმძღვანელობს „მეორე დასს”, რომლის ორგანოების – გაზეთ „დროებისა” და „კრებულის” ფურცლებზე ეწევა მოწინავე, პროგრესულ-დემოკრაიული იდეების პროპაგანდას.
1873 წელს ნიკო ნიკოლაძე დავით მიქელაძესა („მეველესთან” – ვ. ზ.) და პ. იზმაილოვთან ერთად პარიზში გამოსცემდა სოციალისტურ გაზეთს „დროშას”, ხოლო 1875 წელს იქვე გამოსცა ფრანგულ ენაზე დაწერილი თავისი ცნობილი ბროშურა „დეკადანსის პრესა”, რომელშიც იგი შეუბრალებლად ამათრახებს პარიზის კომუნის შემდგომი პერიოდის ფრანგულ რეაქციულ პრესას.
1874-1877 წლებში ნიკოლაძე აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში”, რომელშიც იგი – კავკასიის საცენზურო კომიტეტის სიტყვებით, „ცდილობდა გაეტარებინა რუსეთის სახელმწიფო წყობილების საწინააღმდეგო აზრები”. როგორც ამ გაზეთის ფაქტიურმა ხელმძღვანელმა, ნიკო ნიკოლაძემ მის კორესპონდენტად მიიწვია ცნობილი რუსი სამოციანელი, ფილოსოფოსი-მატერიალისტი მ. ა. ანტონოვიჩი.
1878 წლიდან ნიკო ნიკოლაძე თბილისში უშვებდა თავის ცნობილ გაზეთ „ობზორს”, რომელიც მეფის მთავრობამ ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის გამო 1880 წელს დახურა და მისი რედაქტორი ნიკო ნიკოლაძე სტავროპოლის მხარეში გადაასახლა.
გადასახლებიდან განთავისუფლების შემდეგ ნიკო ნიკოლაძე მიემგზავრება პეტერბურგს, სადაც დიდი რუსი მწერლის მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინის მიწვევით მუშაობას იწყებს ჟურნალ „ოტეჩესტვენიე ზაპისკიში”. მალე მეფის მთავრობამ ეს ჟურნალიც დახურა ნიკო ნიკოლაძის რადიკალური შინაარსის სტატიების გამოქვეყნების გამო.
1882-883 წლებში ნიკო ნიკოლაძე აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ნიკოლოზ ჩერნიშევსკის განთავისუფლსების საქმეში. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ჩერნიშევსკის განთავისუფლების ამბავს ნიკო ნიკოლაძე შეეგება აღფრთოვანებული წერილით, რომელიც მეფის ცენზურამ დააკავა და რომელიც მხოლოდ 1945 წელს გამოქვეყნდა.
1887 წლიდან ნიკო ნიკოლაძე ისევ სამშობლოშია და ამ ხნიდან 1891 წლამდე ფაქტიურად ხელმძღვანელობს რუსულ გაზეთს „ნოვოე ობოზრენიეს”. 1894 წლიდან იგი ჟურნალ „მოამბის” პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელი იყო.
თავისი ცხოვრების უკანასკნელ პერიოდში ქართველმა სამოციანელმა სისტემატურ პუბლიცისტურ მოღვაწეობაზე ხელი აიღო და პრაქტიკულ საქმიანობაში ჩაება. 1894 წლიდან, მთელი 20 წლის მანძილზე, ნიკო ნიკოლაზე ხელმძღვანელობდა ქალა ფოთის თვითმმართველობას, რომელსაც იგი მეფის მთავრობამ უნდობლობის გამო ძალით ჩამოაშორა.
1917 წლის თებერვლის რევოლუციას და ცარიზმის დამხობას ნიკო ნიკოლაძე პეტერბურგში შეეგება აღფრთოვანებით, ხოლო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი სიკვდილამდე ახალგაზრდული გატაცებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის ახალი ცხოვრების მშენებლობაში.
85 წლის ასაკს მიღწეული ნიკო ნიკოლაძე 1928 წელს გარდაიცვალა თბილისში. მისი ნეშტი ქართველმა ხალხმა მიაბარა მთაწმინდის მიწას, სადაც განისვენებენ ილია, აკაკი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი.
* * *
ნიკო ნიკოლაძის პედაგოგიკური შეხედულებანი მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი სამოციანელების სოციალ-პოლიტიკურ და ფიოლოსოფიურ შეხედულებებთან, რომლებიც ნიკოლოზ ჩერნიშევსკისა და ნიკოლოზ დობროლიუბოვის იდეების ზეგავლენით ჩამოყალიბდა.
ცნობილია, რომ თავისი მოღვაწეობის პირველ პერიოდში ნიკო ნიკოლაძე თემური სოციალიზმის იდეების მქადაგებელი იყო საქართველოში, ვინაიდან პუბლიცისტის იმდროინდელი შეხედულებით, „საუკეთესო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წყობილების (ე. ი. თემური წყობილების – ვ. ზ.) იდეალი... ყველაზე ადრე რუსეთს შეეძლო განეხორციელებინა”. ამიტომ იგი ამტკიცებდა, რომ თუ „საქართველო თავის სვე-ბედს თუნდაც თანამედროვე რუსეთს დაუკავშირებს, იგი უფრო მიაღწევს თავისი მდგომარეობის საუკეთესოდ მოწყობას, ვიდრე მაშინ, როცა მას მოკავშირედ ან მფარველად ეყოლება (აღარაფერს ვამბობთ მფარველობაზე) ევროპის რომელიმე ერი, რომ აღარაფერი ვთქვათ ოსმალეთსა და სპარსეთზე, რომლებსაც საქართველოში არც ერთი საღი მოაზროვნე ადამიანი მოწადინებული არ არის”.
ნიკო ნიკოლაძეს სრულიად შეუწყნარებლად მიაჩნდა აზრი საქართველოს პოლიტიკური კავშირის შესახებ ევროპის ბურჟუაზიულ სახელმწიფოებთან, რადგან, მისი სიტყვით, ამ შემთხვევაში „ევროპის სახელმწიფოები დაუყოვნებლივ შეუდგებოდნენ საქართველოს ცივილიზებას ალჟირის მსგავსად, ან მის ექსპლოატაციას ინდო-ჩინეთის მსგავსად”.
იცავდა რა საქართველოს კავშირს რუსეთთან, ამ „მომავლის ქვეყანასთან”, ნიკო ნიკოლაძეს მხედველობაში ჰყავდა „ახალგაზრდა”, დემოკრატიული, რევოლუციური რუსეთი, რომლის გამარჯვებასაც უკავშირებდა იგი ქართველი მშრომელი ხალხის წარმატებას პოლიტიკური, სოციალური და ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლაში.
ცნობილია, რომ თავის სოციალურ-პოლიტიკურ შეხედულებათა განვითარების შემდგომ საფეხურზე ნიკო ნიკოლაძემ ხელი აიღო „თემური მიწათმფლობელობის” იდეის დაცვაზე და ქვეყნის პროგრესის მთავარ ძალად მრეწველობა აღიარა, თუმცა მან, როგორც მცდარი მსოფლმხედველობის მომხრემ, ვერ შეძლო სწორად გაეგო ის საზოგადოებრივი წინააღმდეგობანი, რომლებიც ამ განვითარების საფუძველზე უნდა აღმოცენებულიყო ჩვენში.
სწორად შენიშნავდა რა, რომ კაცობრიობა დაავადებულია „მომავლის სენით”, ნიკო ნიკოლაძე ამტკიცებდა, რომ „არსებული საზოგადოებრივი ურთიერთობანი არ არის სამარადისონი„ და რომ „არსებულით უკმაყოფილება და ადამიანთა ურთიერთობაში საზოგადოებრივი ჰარმონიის დამყარებისადმი მისწრაფება დამახასიათებელია ყველა ხალხისათვის”.
მასების უკმაყოფილების მთავარ მიზეზს ნიკო ნიკოლაძე მათ ეკონომიურ პირობებში ხედავდა. ეს პირობები, პუბლიცისტის აზრით, თანაბრად მძიმე და აუტანელი იყო მშრომელთათვის როგორც რუსეთში, ისე ევროპასა და ამერიკაში, რომელიც , მისი მოსწრებული გამოთქმით, „არც ისეთი არკადიაა, როგორც ეს ჩვენ გულუბრყვილო იდეალისტებსა და არანაკლებ გულუბრყვილო რესპუბლიკელებს წარმოუდგენიათ”. თუმცა ნიკო ნიკოლაძე სწორად მიუთითებდა ხალხის ეკონომიკურ სიდუხჭირიზე, როგორც მასების უკმაყოფილების მთავარ მიზეზზე, მაგრამ ამ სიდუხჭირის დაძლევის სწორი გზის მითითება მან ვერ შეძლო, რადან ისტორიის სწორი, მეცნიერული გაგების სიმაღლეზე იგი არასოდეს ასულა.
თავისი დიდი მასწავლების – ნიკოლოზ ჩერნიშევსკისა და ნიკოლოზ დობროლიუბოვის მსგასად, სოციოლოგიის საკითხებში ნიკო ნიკოლაძე ძირითადად იდეალისტად დარჩა, მაგრამ ეს სრულიად არ უშლიდა მას ხელს მთლ რიგ შემთხვევებში სწორად მიეთითებინა ისტორიის განვითარების ძირითად კანონებზე, მის მამოძრავებელ ძალებზე.
ერთი ასეთი სწორი მიგნებათაგანი იყო ნიკოლაძის ის აზრი, რომ „ხალხი ისტორიის პირველი მოქმედი პირია”. აღიარებდა რა ისტორიის შემოქმედად ხალხს, ნიკო ნიკოლაძე დაუღალავად ილაშქრებდა პიროვნების კულტის თეორიისა და ხალხოსანთა ტერორისტული ტაქტიკის წინააღმდეგ. ასეთივე ენერგიით ილაშქრებდა იგი ანარქისტების წინააღმდეგ, მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ თითქოს ნიკო ნიკოლაძე როდესმე მისულიყო მეცნიერული სოციალიზმის თეორიის აღიარებამდე. ნიკო ნიკოლაძე თავისი მოღვაწეობის პირველ, საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდში უტოპიური სოციალიზმის წარმომადგენელი იყო ჩვენში, ხოლო შემდგომში მისმა შეხედულებებმა განიცადეს ერთგვარი ევოლუცია მარჯვნივ. მიუხედავად ამ „ევოლციისა”, ნიკო ნიკოლაძე საერთოდ მაინც ბოლომდე დარჩა განმანათლებელ-დემოკრატად, ცარიზმის სეურიგებელ მტრად და ხალხის ინტერესების დამცველად. მას მუდამ მტკიცედ სწამდა მეფის დესპოტიის დაცემის და ხალხის გამარჯვების გარდუვალობა.
* * *
თავისი ფილოსოფიური შეხედულებებით ნიკო ნიკოლაძე მარქსამდელი მატერიალიზმის წარმომადგენელი იყო ჩვენში და ფილოსოფიის ძირითად საკითხს ცნობიერებისა და ყოფიერების ურთიერთმიმართების სესახებ იგი მატერიალისტურად სჭრიდა. არიარებდა რა მატერიის პირველადობას და ცნობიერების მეორადობას, ნიკო ნიკოლაძე ამტკიცებდა სამყაროს, ბუნების ობიექტურ არსებობას, ბუნებისა, რომელიც, პუბლიცისტის აზრით, თავისივე ობიექტური კანონების მიხედვით ვითარდება.
აღსანიშნავია, რომ როგორც რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების ფილოსოფიურ შეხედულებათა მიმდევარი, ნიკო ნიკოლაძე თელეოლოგიზმისა და ინდეტერმინიზმის, „ნებეობის თავისუფლების” ყალბი იდეალისტური მოძღვრების შეურიგებელი მტერი იყო. ნიკო ნიკოლაძე გარკვეულად ემხრობოდა მეცნიერულ დეტერმინიზმს და შეუნელებლად იბრძოდა მექანიცისტური დეტერმინიზმის იმ ყალბი პრინციპების წინააღმდეგ, რომელთა აღიარებას ყოველი ადამიანის ლოგიკური აუცილებლობით მიჰყავს ფატალიზმამდე.
ფატალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, ნიკო ნიკოლაძე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანის შეიარაღებას ბუნების მოვლენათა კანონების ცოდნითა და ცხოვრების გაუმჯობესების საქმეში მათი პრაქტიკულად გამოყენების უნარით.
ნიკო ნიკოლაძე ამტკიცებდა, რომ პროგრესისათვის ბრძოლის თვალსაზრისით, ადამიანი უნდა შეიარაღდეს არა მარტო ბუნების, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების კანონთა ცოდნითაც.
როგორც ყოველი მარსამდელი მატერიალისტი, ნიკო ნიკოლაძეც საზოგადოებრივი ცხოვრების კანონთა გაგებაში იდეალისტი იყო. თუმცა ზოგჯერ იმასაც აღიარებდა, რომ საზოგადოებისა და ბუნების განვითარება „ჩვენს ლოგიკას არ ემორჩილება”, რომ ამ განვითარებას საფუძვლად უდევს თავისი ობიექტური, ბუნებრივი კანონები. აღიარებდა რა ობიექტურ კანონთა ასეთ ძალას, ნიკო ნიკოლაძე ამით ოდნავადაც არ გამორიცხავდა იმ დიდ მნიშვნელობას, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების განვიარებაში საერთოდ ადამიანის აქტიურობას და, კერძოდ, მის შრომით საქმიანობას აქვს.
ნიკო ნიკოლაძის რწმენით, შრომა არა მარტო არსებობის საშუალებაა, არამედ იგი ადამიანის გონებრივ, ზნეობრივ და ფიზიკურ ძალთა განვითარების უდიდესი ფაქტორიცაა.
მაგრამ ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ თვისებათა, კერძოდ, მისი ცნობიერების განვითარებაში შრომითი საქმიანობისათვის ასეთი დიდი მნიშვნელობის მინიჭებასთან ერთად, ნიკო ნიკოლაძე ყურადღებას იმაზედაც ამახვილებდა, რომ შრომის ყოველგვარი ორგანიზაცია როდი შეიძლება ჩაითვალოს ასეთი დადებითი შედეგების მომტანად. პუბლიცისტი ამტკიცებდა, რომ წარმოების კაპიტალისტური წესის პირობებში, როდესაც „შრომის ნამეტანი განაწილება ხდება”, შრომას დიდი „ვნება მიუცია ხალხის გონებისათვის”. ამის აღმოსაფხვრელად ნიკო ნიკოლაძე იმდროინდელ მოწინავე ახალგაზრდობას მოუწოდებდა ისეთი საზოგადოებრივი ურთიერთობის დამყარებისაკენ, რომლის დროსაც შრომა ნამდვილად შეუწყობდა ხელს ადამიანის განვითარებას.
ჩერნისევსკისა და დობროლუბოვის იდეებზე აღზრდილმა ნიკო ნიკოლაძემ კარგად იცოდა ის დიდი მნიშვნელობა, რომელიც ასეთი მოწინავე სოციალური იდეალებისათვის ბრძოლაში აქვს ახალგაზრდობის აღწურვას მოწინავე თეორიის ცოდნით, თეორიისა, რომელიც, მისი მოხდენილი გამოთქმით: „...ელვასავით გაჰკრავს ცოდნის ნისლიან ცაზე, ბნელ მხარეებს გაანათებს, გზას ამოაჩენს, მიზანს გვიჩვენებს”.
რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატთა ფილოსოფიურ იდეებზე აღზრდილ ნიკო ნიკოლაძეს თეორიის სისწორის შემმოწმებელ ერთადერთ საშუალებად ადამიანთა პრაქტიკა მიაჩნდა. როგორც იგი წერდა, „პრაქტიკით უნდა გაისინჯოს მისი (ე. ი. თეორიის – ვ. ზ.) ნამდვილი ღირსება”.
მიუხედავად ზოგიერთი ნაკლისა ნიკო ნიკოლაძის ფილოსოფიურ შეხედულებათა ერტ-ერთი მთავარი ღირსება ის არის, რომ მასში დამაჯერებლადაა წარმოდგენილი სინამდვილის ობიეტური არსებობისა და მისი შეცნობადობის აზრი. როგორც პუბლიცისტი, ის წერდა: „...რაც ჩვენ დღეს შეუძლებლად მიგვაჩნია, ათი-თხუთმეტი წლის შემდგომ ნამდვილი და ძლიერ შესაძლებელი საქმე იქნება”. ნიკო ნიკოლაძის ეს სიტყვები ნათლად მიუთითებენ პუბლიცისტის ოპტიმისტურ რწმენაზე ადამიანის შემეცნებითი ძალისა და იმისადმი, რომ ისტორიული განვითარების პროცესში კაცობრიობა თანდათან უფრო და უფრო მიუახლოვდება ობიექტურ ჭეშმარიტებას.
ქართველი სამოციანელების ეს ფილოსოფიური ოპტიმიზმი მტკიცედ დაკავშირებულია მის ასევე ოპტიმისტურ საზოგადოებრივ შეხედულებებთან.
* * *
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნიკო ნიკოლაძის პედაგოგიკური შეხედულეაბანი ორგანულად გამომდინარეობენ მისი სოციალურ-ფილოსოფიური მსოფლმხვედველობიდან. ნიკო ნიკოლაძე სავსებით სამართლიანად ამტკიცებდა, რომ აღზრდა-განათლების შინაარსსა და მიმართულებას განსაზღვრავს მისი მიზანი, რომელიცის არის, რომ „აღზრდილ ყმაწვილს ხეირიანად ესმოდეს, რა ბუნება არტყია იმას გარშემო, რა საზოგადოება, რით და როგორ შეიძლება ამ ბუნებით სარგებლობა, ამ საზოგადოების გაკეთესება. ამას გარდა, აღზრდა იმას შრომისათვის საკმაო ღონისძიებებს, მოხერხებას, ცოდნას უნდა აძლევდეს”.
ნიკო ნიკოლაძეს სწამდა, რომ მხოლოდ ასეთ საფუძველზე აგებულ სწავლა-აღზრდას შეეძლო მოემზადებინა ქვეყნისათვის მოწინავე სოციალური, პატრიოტული და ჰუმანური იდეებითა და სათანადო ცოდნა-უნარითა და ჩვევებით შეიარაღებული „მხნე, გონიერი, შეურყევლად პატიოსანი და ნიჭიერი პირები, რომლებიც საზოგადო საქმისათვის უნდა ცხოვრობდნენ და საზოგადო მიზნებისათვის კვდებოდნენ”.
როგორც აღზრდა-განათლებაში წოდებრიობის უხამსი პრინციპის სასტიკი მოწინააღმდეგე, ნიკო ნიკოლაძე ამტკიცებდა, რომ „ადამიანები არსებითად ერთგვარნი და თანასწორნი იბადებიან და მათ შორის განსხვავების ხელოვნური ხაზი მხოლოდ ბედის ანუ წყობილების უსამართლობას გაჰყავს”.
ამის შესაბამისად ნიკოლაძეს მიაჩნდა, რომ „აღზრდა და განათლება შესაძლებელია დამოუკიდებლივ ყველა ბავშვისა, გარდა კრეტინებისა, რომლებიც ისევე იშვიათად იბადებიან ქვეყანაზე, როგორც ფენომენები”, და ამიტომ საჭიროა, – განაგრძობდა პუბლიცისტი, – რომ „...სამრეწველო, გონებრივი და სხვა სახის შრომა... მოეწყოს მშრომელთა სრულ თანასწორობაზე”.
ხაზგასმით აღნიშნავდა რა აღზრდა-განათლების მნიშვნელობას მოზარდი თაობის ჩამოყალიბებაში, ნიკო ნიკოლაძე ამასთან ერთად საჭიროდ თვლიდა მხედველობაში ყოფილიყო მიღებული ბავშვთა მემკვიდრეობითი მხარეებიც, თუმცა ამით პუბლიცისტს აღზრდის წამყვანი მნიშვნელობის შესუსტება არასოდეს უფიქრია. პირიქით, ნიკო ნიკოლაძე მუდამ იმას ქადაგებდა, რომ ადამიანის ემოციების, შეხედულებების, მორალისა მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების მთავარი იარაღი აღზრდა არისო.
* * *
ნიკო ნიკოლაძე ბავშვის ყოველმხრივი განვიარების მოწინავე იდეის დაუღალავი პროპაგანდისტი და დამცველი იყო. ამ განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტად ქართველ სამოციანელს მიაჩნდა მოწინავე იდეურ-მეცნიერულ საფუძველზე აგებული გონებრივი აღზრდა, რომელსაც, მისი სიტყვით, უნდა უზრუნველეყო ახალგაზრდობის შეიარაღება „თანამედროვე ცოდნის ყველა დებულებით, მეცნიერების უკანაკსნელი მიღწევებით”, იმის გაგებით, თუ „რა მიზეზით, როგორ და რისთვის არსებობს... ყოველივე, რაც იმას (მოზარდს – ვ. ზ.) გარშემო არტყია”.
ნიკო ნიკოლაძის აზრით, ჭეშმარიტი განათლება მოზარდ თაობას უნდა უქმნიდეს „ნათელ წარმოდგენას ქვეყნიერებაზე” და „ნამდვილ ადამიანურ ცხოვრებაზე”. იგი უნდა ეხმარებოდეს ახალგაზრდობას „ნათელი სამოღვაწეო მიზნების დასახვაში”, უნერგავდეს მას მოვალეობის სიწმინდის დაცვის და საზოგადო საქმისათვის თავდადების შეგნებას.
ამ პრინციპების დამცველი ნიკო ნიკოლაძე მთელი სისასტიკით ილაშქრებდა მოზარდი თაობის აღრდის ძველი, დამაჩლუნგებელი სისტემის წინააღმდეგ, რომელიც, მისი გამოთქმით, „საშოშივე ჰკლავდა თავისუფალი აზრის ყოველგვარ გამოვლინებას” და ამის საწინააღმდეგოდ იგი ამტკიცებდა: „...ძალა და გავლენა... იმ თაობას ეძლევა, რომლის აზრი უფრო ნათლად სცნობს ცხოვრების გარემოებებს და რომლის წევრები უფრო მტკიცედ დამარაგებულნი არიან ამ გარემოებათა გასაგებად, მოსავლელად”. პუბლისცისტის აზრით, ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო მოზარდი თაობის შეიარაღება ბუნებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების ობიექტური კანონების ცოდნით, რაც მას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად მიაჩნდა.
აღიარებდა რა გონებრივი აღზრდის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მოზარდი თაობის მომზადებას ხალხის ინტერესების უკეთ მომსახურებისათვის, ნიკო ნიკოლაძე მტკიცედ მოითხოვდა, რომ სწავლა-აღზრდის პროცესი აგებული ყოფილიყიო თეორიისა და პრაქტიკის ერთიანობის საფუძველზე. ამიტომ მიჰქონდა ჩვენს სამოციანელს ასეთი მძლავრი იერიშები ცხოვრებისაგან, სინამდვილისაგან, ხალხის ინტერესებისაგან შორს მდგომი მეცნიერებისა და მისი ისეთი წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც, ნიკოლაძის მახვილი გამოთქმით, „...დაავადებულნი არიან ცოდნის მეტისმეტი კაბინეტურობით”. ცოდნის ეს „კაბინეტურობა” ნიკოლაძის სწორი შეხედულებით იწვევდა ძველად „გათიშულებას მეცნიერებასა და შრომის წარმომადგენელთა შორის”, მაშინ როდესაც „ჩვენი სოფლის მეურნეობის, ჩვენი მრეწველობისა და მთელი ჩვენი ცხოვრების პროგრესი შესაძლებელია თანამედროვე სამყაროს ამ ორი უდიდესი ძალის (ე. ი. შრომისა და მეცნიერების) არა გათიშულობის, არამედ ერთიანობის საფუძველზე”, იმ ერთიანობის, რომელიც წარსულში საუკეთესო ადამიანთა ოცნებას წარმოადგენდა და სინამდვილედ მხოლოდ ჩვენს დიდ სოციალისტურ სამშობლოში აქცია.
აღზრდისა და განათლების ზემოაღნიშნულ ამოცანათა შუქზე განიხილავდა ნიკო ნიკოლაძე რეალური და კლასიკური განათლების საკითხს, იზიარებდა რა ამ საკითხში „რუსული ლიტერატურის” (რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა – ვ. ზ.) სწორ შეხეულებებს, ნიკო ნიკოლაძემ თავის დროზე სასტიკად და შეუპოვრად გაილაშქრა ოფიციალური კლასიციზმის ისეთი დამცველების წინააღმდეგ, როგორიც იყვნენ დ. ტოლსტოი, კატკოვი, ლეონტიევი და მკაცრად გააკრიტიკა 1871 წლის სასკოლო კონტრრეფორმა.
ნიკო ნიკოლაძე რეალური განათლების მომხრე იყო, მაგრამ ამასთან იგი პრინციპულად არ უარყოფდა კლასიკური განათლების საჭიროებასაც საერთოდ და მოითხოვდა ამ ორი სახის განათლების სწორ შერწყმას. ამავე დროს, პუბლიცისტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სპეციალურ განათლებას, რომელსაც, ქართული საზოგადოებრივ-პედაგოგიკური აზრის ყველა იმდროინდელი მოწინავე წარმომადგენელის შეხედულებით, დიდი როლი უნდა შეესრულებინა ჩვენი ქვეყნის სამეურნეო წინსვლის საქმეში. ამასთანავე ქართველი სამოციანელი მოიხოვდა, რომ ახალგაზრდობის „ტექნიკური განათლება მჭიდროდ ყოფილიყო დაკავშირებული მის ზნეობრივ განათლებასთან”. აქედან გამომდინარე, იგი საჭიროდ თვლიდა, რომ ახალგაზრდობას სპეციალურ განათლებამდე მიეღო ზოგადი განათლება. ნიკო ნიკოლაძე მოითხოვდა სწავლა-აღზრდის ისე დაყენებას, რომ „ტექნიკოსებიც და კალსიკოსებიც” ყოფილიყვნენ „საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების წმინდა მსახურნი”.
ამ აზრითა და მისწრაფებით შთაგონებული ნიკო ნიკოლაძე წერდა: „...ლათინური ენის მასწავლებელიც და გიმნაზიის დირექტორიც, რკინიგზის ინჟინერი და საარტიელრიო ლაბორატორიის ტექნიკოსიც – ყველანი ერთნაირად უნდა იყვნენ გამსჭვალულნი ერGულეიბს გრძნობით საქმისადმი, სამშობლოს კეთილდღეობისადმი და თავგანწირვით ემსახურებოდნენ მას”.
* * *
თავის ბრწყინვალე პუბლიცისტურ და პედაოგიკურ წერილებში ნიკო ნიკოლაძე არაერთხელ შეხებია ახალგაზრდობის ზნეობრივი აღზრდის საკითხებს, რომლებსაც იგი იგი ნიკოლოზ ჩერნიშევსკის ეთიკური თეორიის შესაბამისად აშუქებდა და ჭრიდა.
თავს ესხმოდა რა ძველ სკოლას, აღზრდის ძველ სისტემას, რომელიც ნიკოლაძის გამოთქმით, ქვეყანას, ხალხს აძლევდა „ცხოვრებისა და ბრძოლისათვის მოუმზადებელ, სახელმძღვანელო მიზანსა და აზრს მოკლებულ ადამიანებს”, პუბლიცისტი მოითხოვდა აღზრდის ისე წარმართვას, რომ სკოლას ახალგაზრდობაში „ხასიათი და ზნე აღეზარდა, პატიოსნების კანონები გულში ჩაენერგა, პატიოსანი შრომისათვის შეეჩვია და მოქმედების მიზნად მხურვალე საზოგადოებრივი გრძნობა დაესახა”. ამისათვის კი, მისი სწორი შენიშვნით, „არ კმარა ახალგაზრდობის მხოლოდ ცოდნით შეიარაღება”, არამედ უნდა დავეხმაროთ მას „ცხოვერბის იდეალების შემუშავებაში, ზნეობრივი პროვნების ფორმირებაში”.
ნიკო ნიკოლაძემ შესანიშნავად იცოდა, რომ ბავშვის „ზნეობრივი პიროვნების ფორმირება” ერთბაშად არ ხდება, რომ აღზრდის პროცესში იგი თანდათან უდნა განხორციელდეს ჯერ ოჯახში, ხოლო შემდეგ სკოლაში, სწავლის დაწყების პირველი დღიდანვე. ამიტომ მიმართავდა იგი მშობლებს, სკოლას, მასწავლებლებს: „...დაანახვეთ ბავშვს აღზრდის პირველი წლებიდანვე მისი მაღალი დანიშნულება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აუხსენით მას მისი მომავალი მოვაწეობის წმინდა ამოცანები, აღძარით მასში უანგარო შრომის სურვილი, დაანახეთ მის ცხოვრებაში მოსალოდნელი ბრძოლის სირთულენი... და თქვენ ამით ხელს შეუწყობთ აღზდას მტკიცე ნებისყოფის ისეთი ადამიანებისას, რომლებსაც ემახსოვრებათ, რომ თითოეული წესიერი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს პირად კმაყოფილებაზე და სიამაზე უფრო წმინდა სიამენი, რომლებსაც ადამიანს ანიჭებს საზოგადოების, სამშობლოსა და სახელმწიფოს სასარგებლოდ გაწეული თავდადებული შრომა”.
ნიკო ნიკოლაძეს სამართლიანად სწამდა, რომ ყველა ამით სკოლა ქვეყანას შემატებდა „საერთო იდეისთვის” თავდადებულ, „საერთო კეთილდღეობაზე და არა ვიწროდ გაგებულ პირად სარგებლობაზე” ზრუნვით გატაცებულ ახალგაზრდობას, „საზოგადოების მდგომარეობის იმ გაუმჯობესების” მომავალ აქტიურ მონაწილეს, ურომლისოდაც „საზოგადოების ზნეობრივი აღზრდა... სრულიად შეუძლებელია”.
ზნეობრივი აღზრდის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად ნიკო ნიკოლაძეს მიაჩნდა მოზარდი თაობის აღჭურვა ჯანსაღი პატრიოტიზმის გრძნობითა და შეგნებით. სწორედ ამიტომ იბრძოდა პუბლიცისტი ასეთი შეუპოვრობით შოვინიზმის, კოსმოპოლიტიზმისა და ცარიზმის კოლონიიური პოლიტიკის წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში.
მოუწოდებდა რა მოწინავე ქართველ ახალგაზრდობას ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვისაკენ, ნიკო ნიკოლაძე ამავე დროს უაღრესი პრინციპულობით ქადაგებდა და იცავდა ხალხთა მეგობრობის დიად აზრებს. ჩვენი ქვეყნის ყველა მოწინავე ადამიანთან ერთად, იგი უდიდესი ენერგიიტა და თანმიმდევრულად იბრძოდა ნაციონალური შუღლის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენში სთესდა ცარიზმი. მაგრამ, მიუხედავად კეთილი სურვილებისა, თავისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მსოფლმხედველობის შეზღუდულობის გამო ნიკო ნიკოლაძეს არ შეეძლო მიეთითებინა ეროვნული საკითხის სწორად გადაჭრის გზებზე.
ცნობილია, რომ ეს ურთულესი პრობლემა ნამდვილად სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად ჩვენს ქვეყანაში გადაიჭრა მხოლოდ ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ.
მეტად საინტერესო აზრები აქვს გამოთქმლუი ნიკო ნიკოლაძეს ახალგაზრდობის შრომითი აღზრდის შესახებაც.
ჩერნიშევსკისა და დობროლიუბოვის მსგავსად, ნიკო ნიკოლაძეს ადამიანთა თავისუფალი, შემოქმედებითი შრომა მიაჩნდა იმ ძალად, რომელიც უზრუნველყოფდა საზოგადოებრიობის ნამდვილ პროგრესს და ხელს შეუწყობდა ახალი მორალით აღჭურვილ ახალ ადამიანთა ჩამოყალიბებას. თავისი სოციალ-ფილოსოფიური მსოფლმხედველობის შესაბამისად, ნიკო ნიკოლაძეს სწავლისა და წარმოებითი შრომის შემოქმედებითი შერწყმა მიაჩნდა საზოგადოების ყოველმხრივ განვითარებულ წევრთა აღზრდის ერთ-ერთ პირობად, თუმცა, აქვე უნდა შევნიშნოთ, ამ საკითხის გაგებაში იგი მუდამ რჩებოდა სოციალ-უტოპისტთა მცდარ პოზიციებზე. როგორც უტოპისტს, ნიკო ნიკოლაძეს არ ესმოდა, რომ ყოველმხრივ განვითარებულ ადამიანთა აღზრდის იდეის განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ პროლეტარული რევოლუციის გამარჯვების შემდეგ.
ქართველ სამოციანელს სისტემატური და მიზანმიმსწრაფი შრომა მიაჩნდა ბავშვის ბუნებრივი მონაცემების განვითარების ერთ-ერთ მთავარ პირობად. ამგვარ შრომას იგი თვლიდა ადამიანის ისეთ თვისებათა აღზრდის მთავარ საშუალებად, როგორიცა სიბეჯითე, სულიერი სიმტკიცე, დისციპლინა და სხვ. ნიკო ნიკოლაძე აღნიშნავდა, რომ საერთოდ ადამიანთა შორის არ არსებობენ ისეთები, რომლებსაც „ნიჭის უნარის არავითარი ნასახი არ გააჩნდეთ”, მაგრამ პუბლიცისტის მტკიცებით, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, თითქოს „ცოდნა, ეთიკა, ნებელობა, სიმამაცე, თავისთავად ჩაგვიფრინდება პირში, შემწვარ ხოხობივით”.
თავისი დიდი მასწავლებლის ნიკოლოზ ჩერნიშევსკის მსგავსად, ნიკო ნიკოლაძე მუდამ იმას ამტკიცებდა, რომ ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბება დიდად დამოკიდებულია სოციალურ პირობებზე, რომ ბავშვისა და მოზარდის ხასიათის ჩამოყალიბებაზე გარდამწყვეტ გავლენას ახდენს ოჯახი, სკოლა და იქ სათანადოდ დაყენებული აღზრდა.
შრომით აღზრდასთან მჭიდრო კავშირში განიხილავვდა ნიკო ნიკოლაძე მოზარდთა ფიზიკური აღზრდის საკითხსაც. სწორად დაყენებული ფიზიკური აღზრდა მას მიაჩნდა მოზარდთა ყოველმხრივი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ მომენტად, თუმცა, როგორც ვთქვით, თავისი მსოფლმხედველობის შეზღუდულობის გამო, პუბლიცისტმა ყოველმხრივი განვითარების პრობლემის მართეულად გადაჭრა ვერ შეძლო. როგორც ცნობილია, ეს პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია გონებრივ და ფიზიკურ შრომას შორის წინააღმდეგობის მოსპობის პრობლემასთან, პირველად მეცნიერულად სწორად დააყენეს მარქსმა და ენგელსმა, ხოლო მისი ამომწურავი გადაჭრა მოცემულია ვ. ი. ლენინისა და ი. ბ. სტალინის შრომებში.
* * *
ნიკო ნიკოლაძე პედაგოგიკურ მემკვიდრეობაში საპატიო ადგილი უჭირავს მის დიდაქტიკურ შეხედულებებს. ქართველი სამოციანელი აღმზრდელობითი სწავლების მომხრე იყო. ამიტომ, მისი რწმენით, სწავლების პროცესში ახალგაზრდობა უნდა იარაღდებოდეს მოინავე მსოფლმხედველობით და მას ერთდროულად უვითარდებოდეს აზოვნება, ინტერესი, ნებელობა და ხასიათი.
ნიკო ნიკოლაძე ამტკიცებდა, რომ სწავლება აღმზრდელობითი ხასიათის ინება იმ შემთხვევაში, როდესაც მასწავლებელი სწავლების პროცესში გაითვალისწინებს ყველა მოთხოვნას, რომელიც კი შეგნებულობის პრინციპიდან გამომდინარეობს. სწავლების პროცესში იგი ასეთსავე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სისტემატურობის, თანმიმდევრობის, მისაწვდომობისა და ცოდნის განმტკიცების, თვალსაჩინოების პრინციპების მომარჯვებას.
თავისი მატერიალიალისტური გნოსეოლოგიური შეხედულების შესაბამისად, პუბლიცისტი განსაკუთრებულად აღნიშნავდა სწავლებაში თვალსაჩინოების პრინციპის დიდ მნიშვნელობას და ამის ნათელსაყოფად წერდა: „წმინდა თეორიული სწავლება უფრო ზედაპირულია, ვიდრე თვალსაჩინო, რომელიც ცოცხალ კონკრეტ ფაქტებსა და მაგალითებს ემყარება”.
როგორც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მოწინავე პედაგოგიკური აზრის ერთ-ერთი მეთაური, ნიკო ნიკოლაძე მოზარდი თაობის მშობლიურ ენაზე აღზრდის იდეის უდიდესი დამცველი და პროპაგანდისტი იყო. მისი შესანიშნავი გამოთქმით, მშობლიური ენა „ხალხის ხასიათის სარკეა”, ის არის „ძვირფასი... მძლავრი კავშირი, რომელიც საზოგადოებრივ ძალას შეადგენს და ხალხს ერთი მიზნისაკენ წინ წაწევას უადვილებს”. ამიტომ მშობლიური ენის უფლებათა დამცველი ნიკო ნიკოლაძე მუდამ უშიშრად და გაბედულად ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას და მის იდეოლოგებს. ამასთან ერთად, პუბლიცისტი უდიდესი ენერგიითა და დამაჯერებლობით ქადაგებდა ჩვენი მოზარდი თაობის მიერ მდიდარი რუსული ენის საფუძვლიანად დაუფლების აუცილებლობას, რადგან, მისი გამოთქმით, თვით ხალხია „სისხლხორცეულად დაინტერესებული რუსული ენის შესწავლით”. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით, პუბლიცისტი მოითხოვდა მასწავლებელთა მიერ მოსწავლეების მშობლიური ენის კარგ ცოდნას.
თავის საზოგადოებრივ მისწრაფებათა შესაბამისად, ნიკო ნიკოლაძე მუდამ მისაბაძი პრინციპულობით იცავდა იმ აზრს, რომ, ვინაიდან განათლება ხალხის გონებრივ-ზნეობრივი დონის ამაღლების, მისი მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი იარაღია, ამიტომ იგი მისაწვდომი უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, თვით ხალხისათვის, მშრომელთათვისო. ამის შესაბამისად, პუბლიცისტი სახალხო განათლების მთავარ კერად თვლიდა სახალხო სკოლას, რომელიც, მისი გამოთქმით, ხლხის „საჭიროებას უნდა ემსახურებოდეს... ქვეყნის უმრავლესობის მოთხოვნილებას უნდა აკმაყოფილებდეს”. ნიკო ნიკოლაძის დახასიათებით, სახალხო სკოლა უნდა წარმოადგენდეს არა მარტო „წერა-კითხვის ფაბრიკას”, არამედ სასწავლო-სააღმზრდელო კერასაც, რომელიც „სწორ გავლენას მოახდენს სხალხის გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე”.
თავისი მსოფლმხედველობის შესაბამისად, ნიკო ნიკოლაძე სკოლის დემოკრატიზაციის მხურვალე მომხრე იყო. იცავდა რა საყოველთაო სავალდებულო და უფასო განათლების პრინციპს, იგი წერდა: „ხალხს უნდა მიეცეს, უპირველეს ყოვლისა, სრულიად უფასო სწავლის უფლება და მეორეც – თვით სწავლის შესაძლებლობას”. ეს „შესაძლებლობა” კი, მისი აზრით, უნდა გულისხმობდეს არა მარტო უფასო სკოლების დაარსებას საყოველთაოდ, არამედ „ეკონომიკური წყობის ისეთი სისტემის შემოღებას, რომლის დროსაც, ბავშვის სკოლაში გაგზავნის გამო, ოჯახს არ დაეკარგებოდა თავისი შემოსავლის ნაწილი და თვით ბავშვები აღიზრდებოდნენ ამ უკანასკნელთა შრომის გარეშე”.
იღვწოდა რა იმისათვის, რომ „დაწყებით სკოლაში სწავლა-განათლება დაკავშირებული ყოფილიყო ხალხის საარსებო ინტერესებთან”, ნიკო ნიკოლაძე ამტკიცებდა, რომ ეს სკოლა უნდა ყოფილიყიო ზოგადსაგანმანათლებლო და იმავე დროს ახალგაზრდობის შემაიარაღებელი „სამიწათმოქმედო და სამრეწველო ტექნიკის ელემენტარული საფუძვლების გამოყენებითი ცოდნით”. ნიკო ნიკოლაძე თავის დროზე დიდი ყურადღებით ეკიდებოდა პროფესიულ და სახელოსნო სკოლების შექმნას, როლებსაც, მისი აზრით, უნდა მოემზადებინათ ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და მრეწველობისათვის საჭირო ადამიანები.
ქართველი სამოციანელი არა მარტო სიტყვით ეწეოდა პროპაგანდას ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის სკოლები ქსელის გაფართოებისათვის, არამედ, როგორც საზოგადო და მუნიციპალური მოღვაწე, იგი პრაქტიკულადაც ბევრს აკეთებდა ამისათვის (თბილისი, ფოთი, დიდი ჯიხაიში და სხვ.), თუმცა ხალხის ნამდვილ მოთხოვნასთან შედარებით ყველა ასეთი ღონისძიება წარმოადგენდა პალიატივს. მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მიიღეს საქართველოს მშრომელებმა ის ფართო სასკოლო ქსელი, რომელიც შეუნელებლად იზრდება ყოველწლიურად.
ნიკო ნიკოლაძემ კარგად იცოდა, რომ სახალხო სკოლა თავის საპატიო მოვალეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებდა, თუ იგი ნამდვილად სახალხო მასწავლებელთა კადრებით იქნებოდა უზრუნველყოფილი. ამიტომ იგი თავის მრავალ პუბლიცისტურ და პედაგოგიკურ წერილებში არაერთხელ შეხებია იმ საპატიო როლს, რომელიც მასწავლებელს – „აღზრდისა და განათლების ამ მთავარ აგენტს” ეკისრება ახალგაზრდობის გონებრივ და ზნეობრივ ფორმირებაში”.
ნიკო ნიკოლაძის აზრით, მასწავლბელი უნდა იყოს განათლებული, იდეური, ჰუმანური, პატრიოტული გრძნობით გამსჭვალული მოქალაქე, რომელიც ამასთანავე თავისი საქმის ოსტატიცაა. ახალგაზრდობის ზნეობრივი აღზრდის ერთ-ერთ უძლიერეს საშუალებად ნიკო ნიკოლაძეს მასწავლებლის პირადი მაგალითი მიაჩნდა. „მოსწავლე ყმაწვილის ხასიათის და ზნეობის გასაწვრთნელად, მისგან ხეირიანი მამულიშვილის გამოსაზრდელად, მის გონიერ და მარჯვე კაცად გამოყვანისათვის... აუცილებლად საჭიროა ჩინებულად დამარიგებელი და დამზადებული მასწავლებლების ყოლა, რომელთაც ხანგრძლივი სწავლით, შრომით და პიროვანი მაგალითით გავლენის შეძენა შეეძლოთ როგორც მოსწავლე ყმაწვილებზე, ისე იმათ დედ-მამაზეო, – წერდა იგი. ნიკო ნიკოლაძე ამტკიცებდა, რომ მასწავლებლის პირად თვისებებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა ამა თუ იმ სასწავლო საგნით გატაცების სამეშიაცო.
ამასთან ერთად მოწინავე მასწავლებელი, პუბლიცისტის შეხედულებით, ქვეყნის საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების აქტიური მონაწილე უნდა იყოს. ამიტომ ილაშქრებდა ნიკო ნიკოლაძე ისეთი პედაგოგების წინააღმდეგ, რომელნიც, თავის პროფესიულ ნაჭუჭში მომწყვდეულნი, „ემიჯნებიან დანარჩენ საზოგადოებას... ჰკარგავენ ინტერესს მეცნიერებისა და ლიტერატურისადმი, თვალს არ ადევნებენ თანამედროვე პოლიტიკას, რომლისადმი ინტერესს, – პუბლიცისტის სიტყვით, – უკანასკნელ დროს წერა-კითხვის ოდნავ მცოდნე სოფლის მოსახლეობაც კი იჩენს”.
ნიკო ნიკოლაძე თავის პუბლიცისტურ წერილებში დიდი ენერგიით იბრძოდა სახალხო მასწავლებლის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვისაც, რადგან ამ გაუმჯობესების გარეშე, – ამბობდა იგი, – „სახალხო სკოლას მეტისმეტად მცირე რაოდენობით ეყოლება საქმიანი მასწავლებლები”. საქმიანი მასწავლებელი კი, ნიკო ნიკოლაძის დახასიათებით ის არის, ვინც არა მარტო „წერა-კითხვის სწავლების ოსტატია”, არამედ ხალხის განმანათლებელი, მისი მეგობარი და მრჩეველიც. ამიტომ წერდა პუბლიცისტი: „სახალხო მასწავლებელი არ უნდა ისაზღვრებოდეს წერა-კითხვის სწავლებით, რადგან ხალხი ყოველგან და ყოველთვის მხოლოდ იმას დაემორჩილება, ვისაც მისი გაჭირვების ესმის და მზადაა დასახმარებლად, ვინც ახერხებს პირდაპირი გზით დაუკავშირდეს ხალხის პრაქტიკულ ინტერესებს”. ასე წარმოედგინა ნიკო ნიკოლაძეს სახალხო მასწავლებლის საზოგადოებრივი მოვალეობა, რომლის შესრულებას იგი მჭიდროდ უნდა უკავშირებდეს თავის ყოველდღიურ სასწავლო-სააღმზრდელო საქმიანობას.
ნიკო ნიკოლაძის პედაოგიკურ შეხედულებათა ეს ზოგადი და მოკლე სურათიც ნათელყოფს მათ მოწინავე, პროგრესულ-დემოკრატიულ შინაარსს.
ამასთან ერთად აღსანიშნავია ისიც, რომ თავისი სოციალურ-პოლიტიკური და ფილოსოფიური მსოფლმხედველობის შეზღუდულობის გამო, ნიკო ნიკოლაძემ ვერ შეძლო პედაგოგიკის ძირითადი საკითხების (მაგალითად, ბავშვის პიროვნების ყოველმხრივი განვითარების, საწარმოო შრომასთან სწავლების დაკავშირებისა და სხვ.) გადაჭრაში ჭეშმარიტად მეცნიერულ, მარსისტულ სიმაღლეზე ასვლა.
მიუხედავად ამისა, ნიკო ნიკოლაძის პედაგოგიკური აზრების საერთო პროგრესულ-დემოკრატიული ხასიათის უფლებას გვაძლევს მათი ავტორი მოვიხსენიოთ ქართული კლასიკური პედაგოგიკის ისეთი კორიფეების გვერდით, როგორიც არიან ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი და სხვანი. უეჭველია, რომ ნიკო ნიკოლაძის მდიდარი პედაგოგიკური მემკვიდრეობის კრიტიკული ათვისება მნიშვნელოვანი შენამატი იქნება ჩვენი ქვეყნის საბჭოთა პედაგოგიკური აზრის საგანძურისათვის.