გიორგი ნათაძე (1870-1946)
გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე ეკუთვნის იმ თავდადებულ პედაგოგთა პლეადას, რომლებმაც დიდი ღვაწლი დასდეს ახალი თაობის აღზრდისა და ქართული კულტურის აღორძინება-აყვავების საქმეს; იგი იყო ერთ-ერთი დაუღალავი და უანგარო მუშაკი, რომელიც 38 წლის მანძილზე თავდდებით ემსახურებოდა მომავალი თაობის აღზრდის კეთილშობილურ საქმეს.
გიორგი ნათაძე დაიბადა 1870 წელს გორის მაზრის სოფელ მერეთში, ღარიბი დიაკვნის ოჯახში. ბავშვობა გაატარა სოფელ მუხრანში (დუშეთის მაზრა), სადაც მამამისი მუდმივ საცხოვრებლად გადავიდა.
პატარა გიორგის წერა-კითხვა დედამ შეასწავლა, რის შემდეგ მშობლებმა შეიყვანეს მუხრანის სასოფლო სკოლაში, შემდეგ კი მიაბარეს თბილისის სასულიერო სასწავლებელში. მან ეს სასწავლებელი წარმატებით დაამთავრა და ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაასრულა 1893 წელს. სემინარიის დამთავრებისთანავე გიორგიმ მასწავლებლობა დაიწყო ჯერ სოფელ ალში (გორის მაზრა), შემდეგ სოფელ სტეფანწმინდაში (ყაზბეგი) და სოფელ პანკისში (თბილისის მაზრა), სადაც რამდენიმე წელი დაჰყო (1894-87), 1898 წლის 16 დეკემბრიდან კი გიორგი ნათაძე დანიშნეს კავკავის ქართული სკოლის მასწავლებლად და ამავე სკოლასთან არსებული ქართული ეკლესიის მოძღვრად.
გიორგი ნათაძემ თავისი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ყველაზე დიდი დრო კავკავის ქართველი მოსახლეობის ერთგულ სამსახურში გაატარა. იგი კავკავში მოღვაწეობდა 35 წლის განმავლობაში.
გიორგი ნათაძის მოღვაწეობა სტეფანწმინდაში მრავალნაყოფიერი აღმოჩნდა. ახალგაზრდა მასწავლებელი დაუახლოვდა გლეხობას, ხშირად მიდიოდა მათთან და ჟურნალ-გაზეთებს უკითხავდა, მართავდა საღამო-საწრმოდგენებს, ლიტერატურულ დილებსა და სხვა კულტურულ გასართობებს, რითაც სტეფანწმინდის მცხოვრებლები დიდად კმაყოფილნი იყვნენ. იქ მან გახსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო, უწევდა მას დახმარებას, რითაც ხალხის პატივისცემა და ავტორიტეტი დაიმსახურა. სტეფანწმინდაში მან შეაგროვა მდიდარი ფოლკლორული მასალა: ლექსები, ლეგენდა-თქმულებები, ზღაპრები, ანდაზები, სახალხო თამაშობანი და სხვები, რომლებიც შემდეგ ცალკე წიგნად გამოიცა. მან შეაგროვა ძვირფასი ბიოგრაფიული მასალები ალექსანდრე და დიმიტრი ყაზბეგების შესახებ. აქედან ერთი ნაწილი გამოაქვეყნა ჟურნალ „მოამბეში” (1904, №10), სათაურით „მასალები ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიისათვის”.
მიუხედვად იმისა, რომ გიორგი ნათაძე კავკავის ქართულ სკოლასთან აშენებული ქართული ეკლესიის მოძღვრად ითლებოდა, იგი აქტიურ მონაწილეობს იღებდა საგანმანათლებლო მუშაობაში (სცენისმოყვარეთა წრის შექმნა, წარმოდგენების მოწყობა, ქართული თეატრის ასაგებად სახსრების შეგროვება). ყოველივე ეს სასტიკად აკრძალული იყო სასულიერო პირისათვის, მაგრამ იგი ამას არ უშინდებოდა და პირიქით, პედაგოგიურ მუშაობას უთავსებდა რევოლუციურ მოღვაწეობას.
საქართველოში მეფის მთავრობის მიერ დევნილნი ხშირად თავშესაფარს პოულობდნენ კავკავში გიორგი ნათაძესთან, რომელიც თვეების განმავლობში ფარულად ინახავდა ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეებს (ს. კიროვი, ლ. კეცხოველი, ს. თოდრია, ნ. ბუაჩიძე და სხვ.).
ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ მწერალმა იაკინთე ლისაშვილმა რომანში „ლადო კეცხოველი” ისტორიულ პირად გამოიყვანა გიორგი ნათაძე, რომელმაც დიდი ამაგი დასდო ლადო კეცხოველს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია გიორგი ნათაძის პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა კავკავში ყოფნის პერიოდში. იგი ქართული სკოლის, ქართული თეატრისა და, საერთოდ, კავკაველი ქართველი მოსახლეობის უანგარო და ერთგულ სამსახურში ჩაება და ხალხის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.
ამავე დროს იგი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” კავკავის განყოფილების მდივანი. ხშირად აწვდიდა საჭირო ცნობბს და ანგაარიშებს კავკავში მუშაობის შესახებ ილია ჭავჭავაძეს და გაზეთ „ივერიაშიც” აქტიურად თანამშრომლობდა.
გიორგი ნათაძესთან ხშირად თავს იყრიდნენ კავკავში მყოფი ქართველი ინტელიგენტები: იასონ ლორთქიფანიძე, მოსე კალანდარაშვილი, იასონ მოზდოკელოვი, იოსებ შვილიევი და სხვა.
გიორგი ნათაძის თაოსნობით კავკავში შედგა სცენისმოყვარეთა წრე რომელშიც მონაწილეობნდნე: ელო ანდრონიკაშვილი, არჩილ ავალიშვილი, ნიკო კურდღელაშვილი, მოსე თხელაძე, თომა სარაჯიშვილი, კოწია კახიანი, ნ. ყაზბეგი და სხვ.
იგი ამავე დროს ხშირად მართავდა საღამო-წარმოდგენებს და მთელ შემოსავალს დახმარებისა და სტიპენდიების სახით უგზავნიდა ახალგაზრდა ნიჭიერ და ხელმოკლე ქართველებს. ამას ადასტურებს ნიჭიერი პოეტის იოსებ გრიშაშვილის ღია წერილი, რომელიც მას გიორგი ნათაძისათვის მიუწერია კავკავაში 1915 წლის 7 აპრილს.
გიორგი ნათაძეს დიდი სიყვარულითა და მოწიწებით იგონებს მისი ყოფილი მოსწავლე, შემდეგში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გ. ზ. ფიცხელაური. „ქართული ენა მან შემაყვარა, ისე საინტერესოდ და მომხიბლავად გვიკითხავდა, არა მარტო იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენას” და „ბუნების კარს”, არამედ ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის თხზულებებს. სპეციალურად გვირჩევდა ისეთ წიგნებს, რაც ბავშვებს გვიზიდავდა, გვიტაცებდა. ხმა ჰქონდა შესანიშნავი, დიქცია საუცხოო, ამბის გადმოცემა მხატვრული, ერთი სიტყვით, გვხიბლავდა მოწაფეებს მისი გაკვეთილები და მოსწავლეები მოწიწებია და სიყვარულით ვუყურებდით ამ კეთილშობილ და სპეტაკ ადამიანს. არ ყოფილა არც ერთი კულტურული წამოწყება კავკავის ქართულ კოლონიაში, რომ მას აქტიური მონაწილეობა არ მიეღოს, საღამო-წარმოდგენების გამართვა იქნება ეს თუ სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობისსაქმე. მე განსაკუთრებით დიდად დავალებული ვარ მისგან, როგორც მასწავლებლისაგან, რომელმაც კავკავში პირველად ამიხილა თვალი, შემაყვარა ქართული ენა, სამშობლო და მშობლიური ლიტერატურა”.
გიორგი ნათაძე მოხუცებულობის ჟამს, 1933 წელს კავკავიდან თბილისში გადმოვიდა. ერთხანს მუშაობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ-მუშაკად, ხოლო ბოლოს – ლიტერატურის მუზეუმში მთავარ შემნახველად. პედაგოგიური და საზოგადოებრივი დამსახურებისათვის დაენიშნა პერსონალური პენსია.
გიორგი ნათაძე გარდაიცვალა 1946 წელს.
გიორგი ნათაძის მოღვაწეობა იმითაც არის შესანიშნავი, რომ მან დაგვიტოვა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა. მის კალამს ეკუთვნის მრავალი დაბეჭდილი და დაუბეჭდავი წერილი, სტატია, გამოკვლევა, მონოგრაფია, მოგონება, ნარკვევი და სხვა. მაგალითად,&ნბსპ; „ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი” (ბიოგრაფიული მასალა), „ქართული ლექსიოგრაფია” (ნარკვევი), „ძველი ხელნაწერების აღწერილობა”, „ალექსანდრე ყიფშიძის დღიური”, „კოსტა ხეთაგუროვის უცნობი ლექსი”, „მოგონება ვაჟა-ფშაველაზე”, „ფშაური, გუდამაყრული და მოხეური ლექსები”, „ქართული სახელმძღვანელოები მე-19 საუკუნეში”. მონოგრაფიები: „დავით ბტონიშვილზე”, „იოანე ბატონიშვილზე”, „საქართველოს კულტურული კვალი ჩრდილო კავკავსიაში”; მოგონებანი ს. მ. კიროვზე, ეგნატე ნინოშვილზე, ლადო კეცხოველზე, მიხაკო ცხაკაიაზე, ნოე ბუაჩიძეზე და სხვ. გიორგი ნათაძის კალამს ეკუთვნის აგრეთვე „ხალხური ლექსები და ზღაპრები” და „ბავშვთა ხალხური თამაშობანი საქართველოში” (1945).