ალექსანდრე ნათაძე (1864-1916)
გორის სამასწავლებლო სემინარიაში აღზრდილთაგან ბევრმა ქართველმა გამოიჩინა თავი პედაგოგიურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე მოღვაწეობით. მათ შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ალექსანდრე ნათაძესაც.
ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძე დაიბადა 1864 წელს სოფელ ალევში, დუშეთის მაზრაში. სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში იმ დროს (1879-1882), როცა იქ იმყოფებოდნენ ვაჟა-ფშაველა, ნიკო ლეონიძე, თეოფილე ხუსკივაძე და სხვანი.
ალექსანდრე ნათაძეზე დიდი გავლენა იქონიეს ცნობილმა ქართველმა მასწავლებლებმა: არისტო ქუთათელაძემ, მიხეილ ყიფიანმა და სხვებმა, რომლებმაც მოსწავლეებს ჩვენი ლიტერატურა შეაყვარეს და ცხოვრებაში მიზნად დაუსახეს ხალხისადმი სამსახური.
სემინარიაში სწავლის დროს ალექსანდრე ნათაძე გატაცებით დაეწაფა წიგნების კითხვას. სოფრომ მგალობლიშვილის სიტყვით, სემინარიაში შეუქმნიათ წიგნსაცავი. „გავიჩინეთ დავთარი, მოწაფეები აწერდნენ ხელს და ისე მიჰქონდათ წიგნები; მიჰქონდათ უფრო საოსტატო სემინარიის მოწაფეებს: ვაჟა-ფშაველას, ნიკო ლეონიძეს, თეოფილე ხუსკივაძეს, ალექსანდრე ნათაძეს და სხვებს”.
განსაკუთრებით დაახლოებული იყო ალექსანდრე ლადო აღნიაშვილთან და ვაჟა-ფშაველასთან, მუდამ მათთან ტრიალებდა და მონაწილეობას იღებდა მოსწავლეთა წრეებში, სადაც ხშირად წარმოებდა კამათი და მსჯელობა საზოგადოებრივ საკითხებზე. ალექსანდრე ნათაძე რედაქტორი იყო ლადო აღნიაშვილის ინიციატივით დაარსებული ხელნაწერი ჟურნალის „რიჟრაჟისა”, რომელშიაც მონაწილეობდნენ სემინარიის მოსწავლეები: ლუკა რაზიკაშვილი, ლადო აღნიაშვილი, თეოფილე ხუსკივაძე და სხვ.
გორის საოსტატო სემინარია ალექსანდრე ნათაძემ დაამთავრა 1882 წელს. რამდენიმე ხანს სოფლად მასწავლებლობდა, ხოლო 1884 წლიდან 1904 წლამდე ასწავლიდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. 1905 წელს მუშაობა დაიწყო ბათუმის გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად. 1905 წლის რევოლუციის დროს სახალხო მოძრაობაში მონაწილეობისათვის ის სკოლიდან დაითხოვეს და ერთხანს უადგილოდ იყო. მაგრამ ბოლოს მაინც შეძლო ნუხის სამოქალაქო სასწავლებელში მოწყობა, სადაც თითქმის სიკვდილამდე ასწავლიდა.
ალექსანდრე ნათაძე გარდაიცვალა 1916 წელს, სექტემბრის თვეში.
ჟურნალმა „განათლებამ” შემდეგი სიტყვები უძღვნა ალექსანდრე ნათაძის ხსოვნას: „სამასწავლებლო ცოდნით აღჭურვილ პირთა შორის სასიამოვნო გამონაკლისს შეადგენდა ერთი ჯგუფი ჯანითა და ღონით სავსე ახალგაზრდა, რომელთაც მშობელი ერის შვილთა აღზრდა-განსწავლა დაესახათ მიზნად ცხოვრებისა. ამ ჯგუფს ეკუთვნოდა ახლად გარდაცვალებული. ალექსანდრე ნათაძე... მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრეს შეეძლო მრავალ სასწავლო საგანთა შორის აერჩია ერთ-ერთი და ესწავლებინა ის ჩვენს სკოლაში (თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში – მ. კ.), მან იკისრა უმძიმესი ტვირთი, საანბანო განყოფილების მასწავლებლობა და ამ ტვირთს ეზიდებოდა არა ერთი წელიწადი, არამედ 21-22 წლის განმავლობაში”.
პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად ის ლიტერატურაშიც ღებულობდა მონაწილეობას და თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, აგრეთვე საბავშვო ჟურნალებში „ჯეჯილსა” და „ნაკადულში”. გამოქვეყნებული აქვს პედაგოგიური ხაისათის წერილები და სახელმძღვანელო „ბავშვის მოკეთე, ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სკოლებში სახმარებლად” (1897).
ამ წიგნის გამოსვლას მაშინდელ ქართულ პრესაში უარყოფითად შეხვდნენ და მას დიდი გამოყენება არც ჰქონია. საქმე იმაშია, რომ ქართული წერა-კითხვის შესასწავლად ჩვენს ნორჩ თაობას უკვე დიდი ხანია ჰქონდა ისეთი დახვეწილი, მეთოდურად და პედაგოგიურად, თითქმის ყოველმხრივ გამართული სახელმძღვანელო, როგორც იყო იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენა”.
ალექსანდრე ნათაძე გულწრფელად სურდა შეექმნა „დედა-ენაზე” უკეთესი წიგნი, მ ეს მიზანი მიუწვდომელი დარჩა და ამის გამო ავტორს საკმაო საყვედურებიც შეხვდა.
1897 წელს ჟურნალ მოამბის მე-10 ნომერში დაბეჭდილია „ძ”-ს რეცენზია აღნიშნულ სახელმძღვანელოზე, რომელშიც სხვათა შორის წერია: „დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამ წიგნმა ჯერ ისევ იმ დროს, როდესაც ხელნაწერად განისვენებდა თავის დამწერის პორთფელში, და ამით დიდი იმედიც აღძრა ჩვენს საზოგადოებაში: ალბათ, არის რამე, რომ ჯერეთ მზის უნახავმა ასეთი მღელვარება მოახდინა ჩვენს პედაგოგიურ სფეროშიო. ...მით უფრო საფუძვლიანი იყო საზოგადოების იმედი, რომ ბავშვების მოკეთის ავტორი დიდი ხანია მარტო სახელით კი არა, საქმით არის პედაგოგი, დიდი ხნის გამოცდილება და ბავშვების ხასიათის ცოდნა აქვს და, მაშასადამე, მან პრაქტიკულად უკეთ უნდა იცოდეს, რა უფრო ივარგებს ამგვარს პირველ დასაწყისს წიგნში. ...მაგრამ მოლოდინი გაგვიცრუვდა. ...ამდგარ და უშინსკი გადმოუღია. იგივე პლანი, იგივე მასალა, იგივე სისტემა, იგივე ნაკლულევანებანი, აც უშინსკისა აქვს და ზედ კიდევ ნაკლულევანებანი უვარგისად გადმოქართულებისა”.
უფრო საფუძვლიანი იყო პ. სურგულაძის რეცენზია, 1897 წლის „კვალის” მე-3 ნომერში გამოქვეყნებული. პ. სურგულაძემ დაწვრილებით გაარჩია ალექსანდრე ნათაძის „ბავშვის მოკეთე” და აღნიშნა, რომ „საჭიროა ყოველი ახლათ გაცნობილი ასო, რაც შეიძლება მეტ კომბინაციებში გაიმეოროთ, უნდა იყოს მოყვანილი მრავალი სიტყვა იმ ახალი ასოთი, რომ მას თვალი შეეჩვიოს და პირველად დაფიქრებული და ნელი კითხვა ააჩქაროთ. ...ბ-ნ ნათაძის წიგნი ამ ძირითად მოთხოვნილებას ხმოვნური მეთოდისას არ აკმაყოფილებს. მაგალითად, ბ-ნმა ნათაძემ გაგვაცნო ასო „ს”; მერე რამდენჯერ დაინახავთ მთელ გაკვეთილში ამ ასოს? – მხოლოდ ოთხჯერ! შეიძლებოდა ეს ნაკლი კიდევ შემსუბუქებულიყო, რომ შემდეგ გაკვეთილში მაინც შეგხვდებოდეს ეს ასო. იქ მხოლოდ ერთჯერ დაინახავთ”.
შემდეგ რეცენზენტი უსაყვდურებს ალექსანდრე ნათაძე, რომ მის წიგნს არ ახლავს დედანი. „თუ დედნათ არ ჩავთვლით ბოლოში სათითაოდ ამოჭრილ ანბანს, პირველდაწყებითი წიგნისათვის კი ეს დიდი დანაკლისია, მეტადრე ჩვენში, სადაც, ვინ იცის, ვის რა ფანტაზია აქვს”.
ასევე უარყოფითად შეხვდნენ ამ სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილი, ი. გომელაური და სხვანი. მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს არინიშნოს, რომ მოკამათეთა ერთი ნაწილი სრულებით არ იყო მართალი, როდესაც ამ წიგნის გამოშვებას ალექსანდრე ნათაძის პატივმოყვარეობით ხსნიდა, ასევე არ იყო მართალი თვით ალექსანდრე ნათაძეც, რომელიც რეცენზენტების სამართლიან შენიშვნებს მისდამი „მრული” განწყობილების საფუძველზე წარმოშობილად მიიჩნევდა. ფაქტია, რომ ავტორს გულწრფელად სურდა უკეთესი სახელმძღვანელოს შედგენა, მაგრამ ეს ვერ შეძლო.
მეტი სამსახური გაუწია ალექსანდრე ნათაძემ ქართველ საზოგადოებას ორიგინალური და გადმოკეთებული პედაგოგიური წერილების გამოქვეყნებთ. ამათგან აღსანიშნავია ერნსტ ბემის „აღზრდა შვილისა”, რომელიც საუცხოოდ არის გადმოქართულებული და რომლის შესახებ ცნობილი პედაგოგი ივანე როსტომაშვილი წიგნის წინასიტყვაობაში აღნიშნავდა: „ბემის შესანიშნავი წერილების ჩვენს ენაზე ასე მარტივად გადმოღებით ბ-ნმა ნათაძემ ძვირფასი განძი შეძინა საზოგადოდ ჩვენს მწერლობას და კერძოდ, ჩვენს დედებს”. ასევე უნდა ითქვას ალექსანდრე ნათაძის ორიგინალურ წერილებზე ბავშვის მოვლის შესახებ, რომლებიც გაზეთ „ცნობის ფურცელში” იბეჭდებოდა და შემდეგ ცალკე წიგნადაც გამოვიდა.
ალექსანდრე ნათაძეს გულწრფელად უყვარდა ჩვენი ხალხი და მოსწავლე-ახალგაზრდობა. პირველი მსოფლიო ომის დროს გაჭირვებაში ჩავარდნილი ქართველი გლეხების მდგომარეობის შესამსუბუქებლად მან წერილით მიმართა ქართველ მოსწავლეებს და მოუწოდებდა საზაფხულო არდადეგების დროს ხალხის საკეთილდღეოდ ემუშავათ. ის წერდა: „წადით, ბავშვბო, სოფელში, მიიფანტ-მოიფანტენით; ბევრნი ხართ და ბევრ საქმესაც გააკეთებთ: უშველით ხალხს მკაში, თავთავის მოგროვებაში, ძნების შეკვრაში, კალოზე. ...ჩემო კარგებო! თქვენი პაწაწინა ხელბით მუშაობაშიც დაეხმარებით და ზნეობითაც გაამხნევებთ ხალხს”.
ალექსანდრე ნათაძეს კარგად ჰქონდა აგრეთვე შეგნებული საბავშვო ლიტერატურის მნიშვნელობა მოზარდი თაობის აღზრდის საქმეში და თვითონაც მონაწილეობას ღებულობდა საყმაწვილო ჟურნალებში. მისი ღვაწლი ამ მხრივაც აღსანიშნავი და დასაფასებელია.