ივლიტა ნაკაშიძე (1860-1954)
ივლიტა ნაკაშიძე ცნობილი მწერალ ანასტასია თუმანიშვილთან ერთად იყო სკოლა „განათლების საზოგადოებრივი საქმიანობის მოთავე, ამ სკოლის მასწავლებელი და ნამდვილი ბურჯი.
სკოლა „განათლებამ“ დიდი როლი ითამაშა სახალხო განათლების დარგში და ამიტომ მისი ისტორიის ფურცლებზე ივლიტა ნაკაშიძის სახელიც დაუვიწყარი დარჩა.
ივლიტა ასათიანი-ნაკაშიძე პირველი ლეჩხუმელი ქალია, რომელიც თბილისში ჩამოვიდა უმაღლესი განათლების მისაღებად.
დიდად საამაყო იყო მაშინ მისი ხელმოკლე მშობლებისთვის, როცა მათმა ქალიშვილმა ლეჩხუმელ ქალებს შორის პირველმა მიიღო საშუალო სასწავლებლის წარმატებით დამთავრებისათვის ოქროს მედალი.
თვრამეტი წლისამ უკვე მასწავლებლობა დაიწყო ქ. ხონში. პირველივე გაკვეთილზე მას გამარჯვება მიულოცა გამოცდილმა მასწავლებელმა, შემდეგ ცნობილმა მწერალმა არისტო ჭუმბაძემ.
ივლიტა ნაკაშიძე იყო ძველი ბოლშევიკის რევოლუციონერ საშა წულუკიძის საყვარელი მასწავლებელი. შემდეგ ივლიტა ნაკაშიძეს მასთან და რაჟდენ კალაძესთან ერთად უხდებოდა მარქსისტთა წრეში მუშაობა.
ივლიტა ნაკაშიძე არჩეული იყო „ახალი მკითხველის“ სარედაქციო კოლეგიაში. აქ დაუახლოვდა იგი ლადო დარჩიაშვილს, ივ. როსტომაშვილს და სხვებს.
რევოლუციის წლებში იგი თავის მეუღლესთან, ცნობილ საზოგადო მოღვწესთან ერმილე ნაკაშიძესთან ერთად დროებით ოზურგეთში გადადის. აქ იგი აყალიბებს მუშათა კურსებს და კითხულობს ლექციებს.
იწყება რევოლუციური მოძრაობა. იწვის გურია. დათარეშობენ ერმოლოვის დამქაშები. ივლიტა და ერმილე ნაკაშიძეები თავისი ნათესავის ილია ნაკაშიძის ოჯახს აფარებენ თავს.
ცარიზმისადმი ზიზღი და პროტესტი თანდათანობით იზრდებოდა ახალგაზრდა ქალის გულში. ივლიტა თბილისში გადმოდის და ეროვნულ კულტურულ საზოგადოებრივ საქმინობაში ებმება. თავის საყვარელ პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად იწყებს საყმაწვილო ჟურნალ „ჯეჯილსა“ და „ნაკადულში“ მოღვაწეობას.
ხშირად იბეჭდებოდა ამ ჟურნალებში მისი ლამაზი ქართულით, ბავშვებისათვის გასაგები ენით დაწერილი აღმზრდელობითი მნიშვნელობის წერილები: „მუქთახორა მცენარეები“, „მცენარეების მოვლა და დაცვა“, „შევიყვაროთ ბუნება“ და სხვა. რედაქციებში მუშაობისას ივლიტა დაუახლოვდა აკაკის, ირ. ევდოშვილს, შიო მღვიმელს, შიო არაგვისპირელსა და სხვა.
გარდა „ჯეჯილისა“ და „ნაკადულისა“, ივლიტა მოღვაწეობდა იმდროინდელ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. ბეჭდავდა პედაგოგიური ხასიათის წერილებს: „მაწავლებელი და მწერალი“, „სკოლა და ბავშვები“, „მხატვრული აღზრდა“ და სხვა.
ივლიტას ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ქართველი მწერლები. აქ წაიკიტხა შიო მღვიმელმა პირველად თავისი ახალი ლექსი ახალგაზრდების შესახებ, რომელიც შემდეგ ივლიტას ქალიშვილმა მაუდის სუფრაზე ამოქარგა.
„მაშინა ვარ ბედნიერი,
მხოლოდ მაშინ მიძგერს გული,
როცა მესმის ნორჩი ყრმების
სიცილი და ჟრიამული,
ცხოვრებისგან გარდატეხილს,
უსირცხვილო ბედით ძლეულს,
ვინ წამართმევს ამ სიმდიდრეს,
ვინ წამართმევს ამ საგანძურს“.
ბევრი ქართველი მწერალი ხშირი სტუმარი იყო ივლიტას თბილი ქართული ოჯახისა.
ივლიტას ქალიშვილი, თინა ნაკაშიძე იგონებს:
„მახსოვს, ერთ საღამოს გვესტუმრნენ შიო არაგვისპირელი, „შავ შიოს“ რომ ეძახდნენ და შიო მღვიმელი. გვინდოდა მესამე შიოც წამოგვეყვანაო. ხომ იცით ვინ არის მესა შიო – „Бедный Шиосапоги шьет“, – რომ უწერია სახელოსნოს კარებზე, გვითხრა შიო არაგვისპირელმა.
ბევრი ვეძებეთ, მაგრამ ვერ ვნახეთ, სახელოსნო დაურღვევიათ და არ ვიცით, საით გადავიდაო“.
ი. გირშაშვილის გამოდმოცემით მესამე შიო ძველი თბილისის ხელოსანი, ქართული წიგნის დიდი მოყვარული კაცი იყოო, ხშირად მის დუქანში ვიკრიბებოდით ხოლმე მწერლები და პოეტებიო.
ნიჭიერმა ქართველმა მწერალმა, ცნობილმა ნოველისტმა შიო არაგვისპირელმა ივლიტა და ერმილე ნაკაშიძეების ოჯახში პირველად წაიკითხა თავისი დაუბეჭდავი შესანიშნავი ნოველა „მიწაა“.
ხშირად ნახავდით ივლიტა ნაკაშიძესთან რ. ერისთავს, მის ქალიშვილს ფოსია მაყაშვილს და ტასო კახიძეს, რომელთაც ივლიტა პანსიონიდან მეგობრობდა.
ერთხელ რაფიელს სადილად მიუპატიჟებია ივლიტა და ერმილე. ცოლ-ქმარი რაღაც სერიოზული მიზეზის გამო ვერ მივიდნენ სადილად. რაფიელ ერისთავს თავისი ქალიშვილის ხელით გაუგზავნია ივლიტასათვის წერილი ლექსად.
„გუშინ გთხოვეტ, არ მობრძანდით,
დღეს მაინც გაგვახარეთ,
თქვენი ქმარი წაიმძღვარეთ
და ლოდინი გვაკმარეთ“.
ხშირად შეაღებდა ხოლმე ივლიტა ნაკაშიძის სახლის კარებს გალაკტიონ ტაბიძე.
„იმ საღამოს, გალაკტიონი რომ გვესტუმრა, – იგონებს ივლიტას ქალიშვილი, – ბევრი ახალგაზრდა ვუსხედით სუფრას. დედა, როგორც ყოველთვის, სურნელოვანი ჩაით გვიმასპინძლდებოდა.
უცებ გალაკტიონი ფეხზე წამოდგა, სასმისი ასწია და რაღაც საოცარი აღმაფრენით დაიწყო თავისი შესანიშნავი ლექსი:
„გადაფრენას ეს ყორანი
მადათოვზე აპირებს,
გაანათებს რესტორანი
ტივებიან ნაპირებს“.
ახალგაზრდებმა თავი ვერ შევიკავეთ, ტაში შევაგებეთ. გალაკტიონიპოეტ კოტე მაყაშვილის ვაჟს ცნობილ მხატვარს შალვა მაყაშვილს მიუახლოვდა. ცოტა ხანს უყურა, მერე დაიხარა, შუბლზე აკოცა და უთხრა: „გენეცვალე მაგ შუბლში, მამის შუბლი გაქვსო“.
ივლიტა ნაკაშიძის ოჯახში ყოფილან ქართველი ხალხის დიდი მეგობრები და-ძმა უორდროპები. ისინი ივლიტამ ქუთაისში გაიცნო მათ საპატივცემლოდ გამართულ ბანკეტზე, 1895 წელს.
თუ რამე დაგჭირდეთ ლონდონში, მომწერეთ, – უთქვამს მარჯორის გამომშვიდობებისას და თავისი მისამართი დაუტოვებია ივლიტასათვის.
1924 წელს ივლიტა ნაკაშიძემ საზღვარგარეთ გაგზავნა თავისი უფროსი ვაჟიშვილი უმაღლესი განათლების მისაღებად. ამ დროს საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსული იყო ვინმე ნანსონი. ნანსონს მათთან ოჯახში ყოფნის დროს ივლიტამ შესჩივლა, მიჭირს შვილისათვის სისტემატურად ფულის გაგზავნა, იძულებული ვარ უკან ჩამოვიყვანოო და თან წერილი გაატანა მარჯორი უორდროპთან. მარჯორი გარდაცვლილიყო. წერილი მისმა ძმამ ოლივერმა წაიკითხა. მას მოაგონდა ქუთაისი, ბანკეტი და ამ ბანკეტის ინიციატორი ივლიტა ნაკაშიძე, მისი თბილი ოჯახი, მისი სტუმართმოყვარეობა. მალე იგი წერილობით ატყობინებს ივლიტას, რომ პირნათლად ასრულებს თავისი დის დაპირებას და უგზავნის მის ვაჟს თვეში ხუთ სტერლინგს.
ეს დახმარება ერთი წლის განმავლობაში არ შეუწყვეტია ოლივერს.
ივლიტა ნაკაშიძე მუდამ აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. იგი ბევრი კარგი ლიტერატურული საღამოს სულისჩამდგმელი და ინიციატორი იყო. მას ეხმარებოდნენ ამ ეროვნულ საქმეში იაკობ ნიკოლაძე და მისი მეუღლე, მასწავლებელი სალომე სულხანიშვილი.
ჟურნალ „ჯეჯილის“ ოცი წლის თავზე ივლიტა ნაკაშიძემ არა მარტო მხურვალე მონაწილეობა მიიღო ამ იუბილეს წარმატებით ჩატარებაში, არამედ შესანიშნავი სიტყვით დაამშვენა „ჯეჯილისადმი“ მიძღვილი იუბილე.
ივლიტა ნაკაშიძე თითქმის ათ წელზე მეტს მოღვაწეობდა სკოლა „განათლების“ მასწავლებლად, ხოლო როცა ეს სკოლა სამასწავლებლო სემინარიად გადაკეთდა, ივლიტა ნაკაშიძე მე-8 საშუალო სკოლაში გადავიდა ბუნებისმეტყველების მასწავლებლად.
ივლიტა ნაკაშიძე იყო საბჭოთა სკოლის პრინციპების ერთ-ერთი პირველი დამნერგავი და გამტარებელი.
ორმოცი წელი მან ღირსეულად და შეგნებულად მოახმარა საბჭოთა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს.