‍ივანე ავალიშვილი (1862-1950)

ავტორი: გიორგი იოსელიანი წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

avalishvili iv33“ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” აქტიური წევრი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვწე ივანე გიორგი ძე ავალიშვილი შვიდი წლის განმავლობაში სოფელ მარტყოფისა და რუისის სკოლებში ასწვლიდა ბავშვებს და შემდეგ მეფის ბიუროკრატმა მოხელეებმა აიძულეს იგი თავი დაენებებინა ამ სპეტაკი საქმიანობისათვის.

ივანე ავალიშვილი დაიბადა 1862 წელს ხაშურის რაიონის სოფელ ბრეთში. რვა წლისას დედამ, რომელსაც მხოლოდ შინაური განათლება ჰქონდა მიღებული, დააწყებინა ქართული წერ-კითხვის შესწავლა. ასოების ცნობა პატარა ვანომ მალე ისწავლა, მაგრამ, როგორც თვითონ აღნიშნავს „მოგონებაში”: – „ასოების ერთმანეთთან გადაბმას, მარცვლების შედგენას და სიტყვის აშენებას დედა აგვიანებდა. ამასობაში ჩემი სკოლაში მიბარების დრო ახლოვდებოდა. ამიტომ რუსულის სწავლებაც უნდა დაეწყებინებათ ჩემთვის”. – ეს იკისრა სამაზრო სკოლაში სწავლამიღებულმა ბიძამ”, რომელმაც დანაპირები ვერ შეასრულა თავისი უცნაური მოთხოვნილებისა და მასწავლებლობაში გამოუცდელობის გამო. ბიძასთან უშედეგო სიარულის შემდეგ მშობლებმა თავიანთი პატარა ვაჟი მიაბარეს ქალაქ გორში ვიღაც ხრუშჩოვების ოჯახში რუსული წერა-კითხვისა და ენის შესასწავლად. არავითარი სისტემა მის მასწავლებელს, ვარვარა ხრუშჩოვას არ გააჩნდა. პატარა ვანოს გარდა, ხრუჩშოვებთან ოცდაათამდე მოსწავლე სწავლობდა აგრეთვე რუსულ ენას. მასწავლებლისაგან ყველას სასტიკად ჰქონდა აკრძალული ქართულ ენაზე ლაპარაკი, რადგანაც, მისი აზრით, ეს ხელს უშლიდა რუსული ენის სწრაფად დაუფლებას.

ხრუშჩოვებთან ორი წლის ყოფნის შემდეგ 1876 წელს მამამ ის წაიყვანა თბილისში პირველ გიმნაზიაში ჩასაბარებლად, მაგრამ პირველ გამოცდაზევე არითმეტიკაში ჩაიჭრა, რადგანაც მასწავლებელს რუსულად ვერ გასცა პასუხი.

როცა გიმნაზიაში მოეწყო, მამამ ის მიაბარა ავლაბრის დაწყებით სკოლაში, რის დასრულების შემდეგაც 1880 წელს გორის სამასწავლებლო სემინარიაში შევიდა. ამ დროს სემინარიის დირქეტორად იყო შესანიშნავი პედაგოგი დიმიტრი დიმიტრის ძე სემიონოვი, ხოლო ქართულს მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანის დაპატიმრების შემდეგ ასწავლიდა ცნობილი მწერალი ნიკო ლომოური.

სემინარიაში ყოფნის დროს ივანე ავალიშვილთან ახლო მეგობრობა ჰქონდათ ლუკა რაზიკაშვილს, ნიკო ლეონიძეს, ალ. ციმაკურიძეს, ლადო აღნიაშვილსა და სხვ. გორის საოსტატო სემინარიაში დიმიტრი სემიონოვის დირექტორობის ხანა შესანიშნავი იყო თავისი ჰუმანურობითა და მოსწავლეებთან გულთბილი დამოკიდებულებით.

სემიონოვს გულწრფელად უყვარდა ქართველობა და ქართველ მოსწავლეებსაც განსაკუთრებით უყვარდათ და აფასებდნენ მას.

ივანე ავალიშვილი ერთ ასეთ ეპიზოდს იგონებს. სემიონოვს შეუკრებია ქართველი მოსწავლეები და ასეთი საუბარი გაუმართავს მათთან:

“– დიდი ხანი არ არის, რაც თქვენში ვარ; მაინც მოვალე ვიყავი აქამდე გამეცნო ქართველობა. მხოლოდ წუხელის მომეცა შემთხვევა ეს სურვილი რამდენიმედ შემსრულებოდა. ამ რამდენიმე დღის წინ გორის ქართველობისგან მოსაწვევი ბარათი მომივიდა, ერთ პატივსაცემ ოჯახში მპატიჟობდნენ... ყოველ სადღეგრძელოს მისდევდა „მრავალჟამიერ”, რუსულადაც იმღერეს – „ვნიზ პოსმატუშკე”. ამის შემდეგ ვთხოვე, ქართულად ემღერათ რამე... და რა აღმოჩნდა? ქართული სიმღერა ვერ მოაწყეს, არ იცოდნენ. მაშინ მე, რუსმა, შემოვძახე ქართული სიმღერა, თქვენთან რომ ვისწავლე „კურდღელი ჩამოცანცალდა”, მაგრამ ვერავინ მომყვა. მხოლოდ ერთი სოფრომ მგალობლიშვილი თითქოს ჯერ ამყვა, მაგრამ მერე ვეღარ მოახერხა. უნდა გითხრათ, რომ ამ გარემოებამ ძალიან შემაწუხა.

რა გამოაშკარავდა ვახშამზე: თურმე თქვენ, ქართველებს, ქართული სიმღერა დაგვიწყებიათ, აღარ გახსოვთ!.. ტანისამოსი თქვენებური აღარ გაცვიათ. ვინ იცის, იქნება თქვენ ქართული ლაპარაკიც არ გეხერხებათ, ან ისეა შერყვნილი, რომ ქართულს აღარ ჰგავს!.. ქართველებო, დასაფიქრებელ მდგომარეობაში ყოფილხართ!”

დირექტორი პატარა ხანს შედგა, ლაპარაკი შეწყვიტა, მიგვათვალიერ-მოგვათვალიერა, თითქოს დააფიქრა ჩვენმა მდგომარეობამ, მომავალი მასწავლებლების სამწუხარო მდგომარეობამ და დაიწყო ჩვენი გამხნევება:

– მაგრამ, თქვენ, მომავალო მასწავლებელნო, თქვენ გევალებათ თქვენი ხალხის მდგომარეობას ჩაუკვირდეთ, აიღო-დაიღოთ და შეუდგეთ ცუდი მდგომარეობის გამოსწორებას... აღიჭურვენით ცოდნით, რაშიც ჩვენ ხელს მოგიმართავთ. გაიფანტენით თქვენს ხალხში, გადაეცით მას ის, რაც აქ განათლების კერაში შეიძინეთ და უშველეთ, ქართველებო, თქვენს თავს. შეისწავლეთ მოხუცებულებისაგან სიმღერები და თქვენს მოწაფეებს შეასწავლეთ. ენასაც თქვენსას ასევე ყურადღება მიაქციეთ”.1

სემიონოვის ასეთი გულთბილი დამოკიდებულება ქართველ მოსწავლეებთან, მიხეილ ყიფიანისა და ნიკო ლომოურის მიერ გრძნობით ჩატარებული ქართული ლიტერატურის გაკვეთილები, რომლებზეც ახალგაზრდები ეცნობოდნენ ჩვენი სამშობლოს მძიმე მდგომარეობას, უჩვენებდა მათ მომავალ სამოქმედო გზას და ამავე დროს იმათში იმუშავებდა ხალხისადმი თავდადებული სამსახურის სპეტაკ გრძნობას.

1895 წელს ივანე ავალიშვილმა დაამთავრა გორის სამასწავლებლო სემინარიის კურსი და იმავე წლის აგვისტოში დაინიშნა სოფელ მარტყოფის დაწყებით სკოლაში მასწავლებლად. ახალგაზრდა პედაგოგმა საქმეს ბეჯითად მოკიდა ხელი, მაგრამ დასაწყისშივე მარცხი განიცადა.

“21 წლის კაცი წრფელის გულით, მხურვალედ შევუდექი მასწავლებლობას, – წერს ივანე ავალიშვილი, – მაგრამ როგორც გამოუცდელლს, გამიჭირდა მასწავლებლობა, მემძიმა. იქამდის მივიდა საქმე, რომ ბავშვებსაც დავუწყე ცემა”. ამ ფაქტის შემდეგ ივანე ავალიშვილმა გადაწყვიტა, რომ მას, როგორც მასწავლებლობისათვის გამოუსადეგარ ადამიანს, სკოლისათვის თავი დაენებებინა და ასეც მოიქცა. ყოველგვარი ოფიციალური გაფორმების გარეშე დატოვა მარტყოფი მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ არასოდეს იქ არ დაბრუნდებულიყო.

მაგრამ ერთმა უბრალო შემთხვევამ თბილისში მას ეს გადაწყვეტილება შეაცვილევინა. შემთხვევით დაესწრო ცირკში გაწრთვნილი ცხოველების გამოსვლას. გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ივანე ავალიშვილზე ამ სანახაობამ და ათქმევინა: თუკი ცხოველის გულის მონადირება და გაწრთვნა ისე შეიძლება, რომ ის მწვრთნელს ყველაფერს უჯერებს, მე რა დამემართა ისეთი, რომ ბავშვებთან საერთო ენა ვერ გამოვნახე და ვერაფერი ვასწავლეო. სრულიად სხვა განწყობით დაუბრუნდა მარტყოფის სკოლას ახალგაზრდა მასწავლებელი.

“კლასში გაკვეთილზე ჩემი გაჭირვება თურმე ჩემი ბრალი იყო, ჩემი გამოუცდელობით გამოწვეული, – იგონებდა ამ ამბავს შვიდი წლის შემდეგ ივანე ავალიშვილი, – მასწავლებლობაზე დავამყარე გული და მალე როგორც მოწაფეების, ისე მათი მშობლებისა და მთელი სოფლის პატივისცემა და სიყვარული მოვიპოვე”.

მარტყოფის შემდეგ ის მასწავლებლად გადაიყვანეს სოფელ რუისში, სადაც დარჩა 1892 წლამდე. ამ წელს მას შეტაკება მოუხდა სახალხო სკოლების დირექტორ დარსკისთან, რომელიც თავგამოდებული დამცველი იყო სკოლებში ლევიცკის მუნჯური მეთოდის გავრცელებისა. მიუხედავად არაერთი წინადადებისა, ივანე ავალიშვილი ამ მეთოდით სწავლებას გაურბოდა და დარსკის ყოველთვის ეუბნებოდა: გორის სამასწვლებლო სემინარიაში სემიონოვს ეს მეთოდი ჩვენთვის არ უსწავლებია და არ ვიცი, იმით როგორ უნდა ვასწავლო ბავშვებსო. ამიტომ დარსკი ავიწროებდა და მიზეზს ეძებდა მისი თავიდან მოსაშორებლად. ამის შემთხვევაც მალე მიეცა.

“– ჯამაგირი თავის დროზე არ გვეძლეოდა მასწავლებლებს და ამის შესახებ სახალხო სკოლების დირექტორთან მომიხდა შეხლა. ხუთი თუ ექვსი თვე ჯამაგირი არა მქონდა მიღებული და მასთან სათხოვნელად რომ მივედი, ასე მიპასუხა: აკი გითხარით უწინაც, როცა ფული იქნება, მაშინ მოგეცემათ, ისე როგორც ჩაფრებს, არის ფული – ეძლევათ, არ არის – არ ეძლევთ.

ამაზე მე ვუპასუხე:

– თუ ჩვენ ჩაფრები ვართ და როგორც ჩაფრებმა ისე უნდა მივიღოთ ჯამაგირი, მაშინ თქვენ, როგორც ჩაფრების უფროსი, ურიადნიკი ყოფილხართ და ჩვენსავით უნდა მიიღოთ ჯამაგირი, მაგრამ ვგონებ, ეს ასე არაა.”

ამაზე დარსკი გაცეცხლებულა და ივანე ავალიშვილისათვის წინადადება მიუცია დაეწერა განცხადება მასწავლებლობიდან განთავისუფლების შესახებ. 1892 წლიდან ივანე ავალიშვილმა მასწავლებლობას თავი დაანება და საზოგადოებრივ-ლიტერატურულ შრომას მიჰყო ხელი.

1907 წლიდან ივანე ავალიშვილი მსახურობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში”. ჯერ ითვლებოდა ამ საზოგადოების დამხმარე წევრად გორში, იძენდა და აგროვებდა ძველ ხელნაწერებსა და საისტორიო ნივთებს და უგზავნიდა საზოგადოებას, ხოლო 1909 წლიდან, როდესაც „საზოგადოების” წიგნის მაღაზიის გამგე შიო მღვიმელი სხვაგან გადავიდა სამსახურში, მის ადგილზე ივანე ავალიშვილი დანიშნეს. ივანე ავალიშვილი მწერლობაშიც ღებულობდა მონაწილეობას. ჟურნალ-გაზეთებში ათავსებდა წერილებსა და კორესპონდენციებს, რომლებშიც უმთავრესად გლეხობის ყოფა-ცხოვრებასა და ქართული ენის ამა თუ იმ მტკივნეულ საკითხებზეა საუბარი.

სხვათა შორის, იგი ქართული ენის შესანიშნავ მცოდნედ ითვლებოდა და ბევრი მწერალი თუ გრამატიკოსი მის მოსაზრებებს სერიოზულ ანგარიშს უწევდა. კერძოდ, საინტერესოა სახელოვანი ქართველი პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის პირადი წერილი (სამწუხაროდ, უთარიღო) ივანე ავალიშვილისადმი:

“ბატონო ვანო!

თუ თქვენ არ აპირებთ იმ საგრამატიკო შენიშვნის დაწერას და დაბეჭდვას, რომლის შესახებ გვქონდა ლაპარაკი, გთხოვთ, მე მომაწოდოთ თქვენს მიერ აღნიშნული მასალა, დასახელებით თითოეულის თხზულებისა და მისი გვერდისა. აგრეთვე კარგი იქნება „ვეფხისტყაოსანი” და სხვა ძველი თხზულებანი გადაათვალიეროთ, გამოიკვლიოთ და აღნიშნოთ, სად არის ნახმარი „მშვენიერი” და სად „შვენიერი”, უკეთესი კი იქნება, თუ თქვენ თვითონ დასწერთ შენიშვნას ამ ფორმების შესახებ.

თქვენი იაკობ გოგებაშვილი”.

ჩვენი დიდი პედაგოგი, რომელიც უსაზღვროდ იყო დაინტერესებული, რათა მისი სახელმძღვანელოები სანიმუშაო ყოფილიყო ენის მხრივ, ბევრი სიტყვის სისწორეს ივანე ავალიშვილთან ერთად ამოწმებდა.

ივანე ავალიშვილის ღვაწლია ქართულ სალიტერატურო ენაში შემოტანა რამდენიმე სიტყვისა, რომლებიც ხალხში იხმარებოდა. კერძოდ, ეს ითქმის ტერმინ „ხარვეზის” შესახებ. ძალიან საინტერესოა ის ცნობა, რომელსაც ივანე ავალიშვილი გვაწვდის.

“ბრეთის მინდორში ვართ ერთი მიწის ფართობის გასაგებად რამდენიმე პირი. მიწისმზომელი ხოლინიც ჩვენთან არის. უნდა გაიზომოს ერთი ფართობი – ხარვეზიანი ხნული. ამ დროს ხოლინმა თქვა:

– ა ზაჩემ ნა ეტოი ზემლე პრობელ, ნედოსპაშკა?

ჩვენ ავუხსენით, რომ მაგარი ადგილი იყო და გუთანმა ვერ მოხნა და ხარვეზი ამიტომ გაჩნდა. ამ დროს ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის დირექტორმა ალ. მდივანმა ტაში ტაშს შემოჰკრა და დაიწყო: ოჰო, რა კარგი გავიგონე, არ კარგ დროს მოვედი! „პრობელ” ქართულად არ ვიცოდი და ახლა გვაქვს, ვიცით – ხარვეზი. აბა, ვანო, დამიწერე ეგ სიტყვა და მომეცი. დღეს უფროს კლასში ქართულის გაკვეთილი მაქვს და ეგ სიტყვა „ხარვეზი” (რუსულად „პრობელ”) უნდა შემოვიღოთ”.

გადატანითი მნიშვნელობით ეს სიტყვა ლიტერატურაში ფართოდ გავრცელდა და სათანადო გამოყენებაც აქვს.

ივანე ავალიშვილი ჩვენს საზოგადოებას რამდენიმე ათეული წელი უანგაროდ ემსახურებოდა და თანამედროვეთაგან დიდი პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული. იგი გარდაიცვალა 1950 წელს.

სტატიიდან ...მათი „ჩვენი” საქართველო

ივანე ავალიშვილი სოფელ ბრეთში დაიბადა გრიგოლ ავალიშვილისა და ეკატერინე ესტატეს ასულ ციციშვილის (მარიამ ბატონიშვილის შვილიშვილის შვილიშვილი) ოჯახში... ავალიშვილებს უკვე წართმეული ჰქონდათ მამულები ბორჯომსა და ლიკანში, ამიტომ ბრეთის მამულში ცხოვრობდნენ. 1865 წელს სოფელ მარტყოფში დაიწყო მასწავლებლობა. ძალიან გაუჭირდა თურმე. „იქამდე მემძიმა, ბავშვებსაც დავუწყე ცემაო”, – წერდ გულმოკლული. იმავე წელს თბილისში ცირკის წარმოდგენა უნახავს. ცხოველების გამოსვლას გაუკვირვებია. თუკი ცხოველის ისე გაწვრთნა შეიძლება, რომ ყველაფერს გიჯერებდეს, მე რა დამემართაო... მიხვდა, თავად შეეშალა რაღაც ბავშვებთან ურთიერთობაში. სრულიად შეიცვალა. და მასწავლებლობასაც დაუბრუნდა.

ივანე ავალიშვილი ილიასა და იაკობ გოგებაშვილთან მეგობრობდა. მუშობდა ქართული ანბანის დაწერილობაზე, ოჯახში ინახებოდა მისი ხელით შესრულებული მართლწერის დედნის ფურცლები. სამწუხაროდ, ეს შრომა ღირსეულად ვერ დაფასდა...

ივანე ავალიშვილის არქივში ინახება დოსტოევსკის „მკვდარი სახლის ჩანაწერების” თარგმანი, ერთი რვეული, რომლისთვისაც ავტორს წაუწერია: „დოსტოევსკის „მკვდარი სახლი” გადათარგმნილი მქონდა თითქმის ნახევარზე მეტი – შვიდი ამისთანა რვეული. მყავდა მოჯამაგირე ოსი, რომელმაც ქართული არ იცოდა და ვასწავლე წერა-კითხვა. ერთი წლის განმავლობაში ლაპარაკიც დაიწყო. სახელად დახჩიყო ერქვა. გვარი არ მახსოვს. შინ წასვლისას, ექვსი რვეული მოეპარა და ეს ერთი დარჩენოდა. დავანებე თავი თარგმნას და მოვერიდე წვალებას და მერე მე ვთარგმნე ემილ ზოლას „მაღაროებში მომუშავეები”.

არც ეს თარგმანი დაუფასებიათ სათანადოდ, არც ჯოვანოლის „სპარტაკი”. ერთხანს „ალის” ფსევდონიმით წერდა... ბედის ჩარხი კი უკუღმა ჩარხავდა აწმყოს, ბრეთში სახლი ნაწილ-ნაწილ ჩამოართვეს. ბოლო ოთახში, რომელიც ავალიშვილებს ეკუთვნოდათ, გამზრდელი დატოვეს. წლების მერე შთამომავლებს გამზრდელის წერილი მოუვიდათ: თქვენ ისეთი კარგი ხალხი ხართ, ამ ოთახს ნამდვილად მაჩუქებთო... ნაჩუქარი გამოუვიდათ.

ივანეს განსაკუთრებით ახსენდებოდა სალეწი მანქანა, რომელიც საფრანგეთიდან ჰქონდა გამოწერილი. პროლეტარებმა მამულებთან ერთად ისიც ჩამოართვეს, რომ ვერ გამოიყენეს, მინდორში დააგდეს. გაივლიდა, გამოივლიდა თურმე ივანე ავალიშვილი და დარდობდა: რა ამაოდ ფუჭდება მანქანა, როცა ხალხს ხელით მუშაობა უჭირსო... მივიდა ახალ მთავრობასთან, მანქანას შეგიკეთებთ და გამოიყენეთო. უარი უთხრეს. ივანე ავალიშვილი მატერიალურს არასოდეს დახარბებია... მაგრამ ინტელექტუალურ სიმდიდრეს ყოველთვის უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. სწორედ სოფიო ყიფშიძის ინტელექტუალურმა მხარემ მოხიბლა. შესახედაობით არ გახლდათ მომხიბვლელი, სულიერი სამყაროთი შეძლო ივანეს გულის მონადირება. ყიფშიძეები იმერეთიდან საღოლაშენში გადმოსახლებული გლეხები იყვნენ. ავალიშვილებს კი გლეხის სისხლი მანამდე არ ერიათ. ივანეს, რომელმაც წოდებრივი ბარიერი დაარღვია, მოსაკლავად დასდევდნენ. ავალიშვილთა გენი ამით ნამდვილად არ დაზარალებულა...

 


 1 იხ. ივ. ავალიშვილის არქივი, საქართველოს სსრ სახალხო განათლების მუზეუმი, № 242. „მოგონებანი”, გვ. 43-45.

 


 ლიტერატურა:

ივანე ავალიშვილი, მოგონებანი და წერილები (იხ. მისი პირადი არქივი, საქართველოს სსრ სახალხო განათლების მუზეუმი, ფონდი №№ 1-14).

ჟურნალი „განათლება”, „ნენ” დაბოლოების შესახებ, 1912, №1.

იაკობ გოგებაშვილი, „სახალხო გაზეთი”, 1910.

ე. ზოლა, მაღაროებში მომუშავენი, თარგმანი ი. გ. ავალიშვილისა, გორი, 1913 (ეს თარგმანი მეორედ გამოიცა სახელგამის მიერ 1926 წელს).