თომა მთავრიშვილი (1859-1928)
ოქტომბრის რევოლუციამდელ ქართველ მასწავლებელთა სახელოვან პლეადას უნდა მიეკუთვნოს ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე თომა აბრამის ძე მთავრიშვილი.
თომა მთავრიშვილი დაიბადა სიღნაღის მაზრის სოფელ ჯიმითში, 1859 წლის 6 ოქტომბერს. მის სახლს არც ჭერი ჰქონია, არც იატაკი, არც ფანჯრები; შუა ცეცხლისაგან ადენილი ბოლით ჩალის სახურავი გიშერივით ბრწყინავდაო, – იგონებს თომა მთავრიშვილი. თომას დედას, ბერიძის ქალსკარდანახიდან, წერა-კითხვა სცოდნია და კარგად ჰქონდა შესწავლილი ხელსაქმე. ამიტომ სოფელ ჯიმითის შეძლებული ოჯახთა პატარა ქალები მასთან წერა-კითხვასა და ხელსაქმეს სწავლობდნენ.
ექვსი წლის თომა მამას სოფელ ჯიმითის სამრევლო სკოლაში მიუბარებია, სადაც მასწავლებლად სემინარიის კურსდამთავრებული მღვდელი დ. შიშნიაშვილი ყოფილა, რომელიც მოსწავლეთა წარმატებაზე ნაკლებად ზრუნავდა და დროს უმთავრესად მრევლსა და ნადირობაში ატარებდა თურმე. ამ სკოლაში თომა სამ წელიწადს დარჩენილა და შეუსწავლია ქართული წერა-კითხვა, ხუცური ანბანი და დავითნის კითხვა.
ერთი გავლენიანი ნათესავის მეოხებით პატარა თომა საცხენისის სამხედრო სასწავლებელში მიუღიათ, სადაც ყველა მოსწავლე (სულ ასი იყო) სკოლასთან არსებულ პანსიონში ცხოვრობდა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, რადგან საცხენისი თელავის მაზრის მთიან ადგილას მდებარეობდა. ლეკთა შემოსევების დროს აქ სამხედრო უწყებას ყაზარმები აუგია შემოსევებისაგან კახეთის დასაცავად, ხოლო როდესაც იქ მცველი ჯარის საჭიროება მოიესპო, მიტოვებული ყაზარმები სკოლად გადააქციეს პანსიონით, რომელსაც სამხედრო უწყება ინახავდა. მასწავლებლებადაც აქ სამხედრო პირები იყვნენ.
დიდი ტანჯვა განუცდია აქ თომა მთავრიშვილს, რადგან მან რუსული ენა არ იცოდა, ხოლო ქართულად დალაპარაკებისათვის სასტიკი სასჯელი მოელოდა. აი, როგორ აღგვიწერს საცხენისის სკოლაში გაბატონებულ წესებს თომა მთავრიშვილი თავის ავტობიოგრაფიაში: „სასწავლებელში შესვლისთანავე გამაფრთხილეს, ქართულად ხმა არ ამოიღო, თორემ უსადილოდ დაგტოვებენო. პანსიონში რომ დამაბინავა, მამაჩემი ერთი დღე და ღამე კი დარჩა ჩემთან და, რითაც შეეძლო, მამხნევებდა და მანუგეშებდა, რომ არ მედარდა და არაფრის შემშინებოდა, მაგრამ როცა შინისაკენ დააპირა წასვლა, თითონაც ცრემლი მოერია და მეც ხმამაღლა მოვრთე ტირილი და ცხარე ცრემლით გამოვემშვიდობე მამაჩემს. დავემორჩილე ჩემს მწარე ბედს და დავრჩი სრულიად უცხოეთა შორის, სადაც ყოველი ნაბიჯი შიშს და მწუხარებას მომზადებდა. თითქმის მთელი თვის განმავლობაში მუნჯად ვიყავი, რადგან უსადილობისა მეშინოდა. ამ დროს ერთი ჩემისთანა ახლად ჩამოსული ყმაწვილი ამედევნა და ქართულად ლაპარაკი დამიწყო. მე ჯერ ხმას არ ვცემდი, მაგრამ სიმუნჯით რომ მეტად შევწუხდი, ქართულად პასუხი გავეცი; თურმე იმასაც ეს უნდოდა: მოწმის თანდასწრებით მომაწოდა პატარა მრგვალი ხის ფირფიტა, რომელზედაც გარკველუი ხელით ეწერა: «За груинский язык без обеда». მე ჯერ არ ვიღებდი ამ საზიზღარ ფირფიტას, მაგრამ მიჩივლა უფროს მოსწავლესთან, რომელმაც ძალით ჩამაბარა და დამემუქრა, რომ ბნელ ოთახში – კარცერში – ჩამსვამდნენ, თუ ფირფიტას არ ავიღებდი. უბედურება ის იყო, რომ ვისაც ეს ფირფიტა ჰქონდა, იმას ისე ერიდებოდნენ ამხანაგები, როგორც კეთროვანს... სანამ ქართულად მოლაპარაკეს არ ვიპოვიდი, ყოველდღე უსადილოდ უნდა ვყოფილიყავი. ჩემი უსადილობა გაგრძელდა თითქმის კვირა-ნახევარი. დავაპირე კიდეც შინისაკენ გაპარვა, მაგრამ შორი გზა (60 ვერსი) ვე დავიმახსოვრე, თან გზაზე ალაზანი მქონდა გასავლელი და მეშინოდა მისი, რადგან ხიდი არ იყო. შემდეგ, როგორც იქნა, ჩემსავით რუსული ენის უცოდინარი ამხანაგი ვიშოვე და ის საზიზღარი ფირფიტა მას გადავეცი. ის უბედური ჩემზე უფრო სუსტი აღმოჩნდა და შიმშილისაგან ისე შეწუხდა, რომ საავადმყოფოში დაწოლა მოუხდა. მუნჯობა ჩემი თითქმის ოთხი თვე გაგრძელდა, მერმე შევითვისე რაღაც რუსული ჟღურტული და რას და როგორ ვლაპარაკობდი ან მე და ან ჩემი ამხანაგები, ღმერთმა იცის; მასწავლებლის თვალში საუკეთესო მოწაფედ ვითვლებოდი, რადგან ყვეი კაჭკაჭივით მქონდა გაზეპირებული... ჩემი გვარი აღნიშნული იყო სამ სხვა მოწაფესთან ერთად წითელ ფიცარზე, როგორც საუკეთესო მოსწავლისა”.
საცხენისის სასწავლებელი მალე სასწავლო უწყებას გადაეცა. საცხენისის სასწავლებელზე დაწვრილებით იმიტომ შევჩერდით, რომ მრავალ ქართველ სახალხო მასწავლებელს დაწყებითი განათლება საცხენისის სკოლაში ჰქონდა მიღებული. ეს სასწავლებელი თომა მთავრიშვილს 1877 წელს დაუსრულებია და იმავე წელს თბილისის ალექსანდრეს სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში მოუხერხებია შესვლა. აქაც საკმარისად მკაცრი რეჟიმი ბატონობდა. სასწავლებელს ამ დროს სათავეში ედგა ცნობილი შავრაზმელი ნ. პ. ზახაროვი, რომლის შესახებ თომა მთავრიშვილი ამბობს: „...კაცი შესახედავად საზარელი, დავარდნილი, მისუსტებლი და ნერვებ-აშლილი, რომლის შიში დიდსა და პატარას თავზარსა სცემდა... ქართულ წიგნს, ქართულ ჟურნალ-გაზეთს აქ ადგილი არ ჰქონდა, მაგრამ უფროსი კლასის მოწაფეთა შორის იყო ორი-სამი გაბედული პირი, რომელთაც ჩუმად შემოჰქონდათ მაშინდელი კვირეული გაზეთი „ივერია”, რომელსაც ინსტიტუტის ბაღის მიყრუებულ კუთხეში ფარულად ვკითხულობდით”.
მიუხედავად იმისა, რომ თომა მთავრიშვილს არც ერთ სასწავლებელში ქართული არ უსწავლია, თვითგანვითარებას და 70-80-იან წლებში ილია ჭავჭავაძის მეთაურობით დაწყებული ეროვნულ-კულტურული აღორძინების ზეგავლენას უნდა მიეწეროს ის, რომ იგი მშვენივრად ფლობდა ქართულ ენას, იცნობდა ლიტერატურას და საქართველოს ისტორიაში იმდენად გათვითცნობიერებული იყო, რომ ერკვეოდა „ქართლის ცხოვრების” შემადგენელ ნაწილებში, რაშიც მისი მოსწავლე – ამ სტრიქონების ავტორი მრავალჯერ დარწმუნებულა. „ამხანაგთა შორის, – აღნიშნავს თომა მთავრიშვილი თავის ბიოგრაფიაში, – თავისი ნიჭით, შრომისმოყვარეობითა და ძვირფასი ხასიათით ჩემს ყურადღებას იქცევდა ალექსი მირიანაშვილი, რომელსაც მე დავუახლოვდი, დავუმეგობრდი და ეს მეგობრობა სიბერემდე გაგვყვა და სიკვდილამდე შეგვრჩება. გავათავეთ ერთად სწავლა და სიტყვა მივეცით ერთმანეთს მე და ალექსიმ, რომ უეჭველად ქართულ სასწავლებელში დავრჩენილიყავით მასწავლებლად”. 1881 წელს მთავრიშვილმა და მირიანშვილმა დაასრულეს საოსტატო ინსტიტუტი და პირველი მათგანი ქუთაისის ქართულ სკოლაში მოეწყო მასწავლებლად, ხოლო მეროე თბილისის სააზნაურო სკოლაში. თომა მთავრიშვილმა ქუთაისის უპერსპექტივო კერძო ოთხგანყოფილებიან ქართულ სკოლაში არჩია მუშაობა, თუმცა მას ოლქის მზრუნველი სტავროპოლის სამოქალაქო სასწავლებელში აგზავნიდა.
ქუთაისის სათავადაზნაურო ქართული სკოლა გაიხსნა 1880 წლის 3 თებერვალს. სკოლას ინახავდა სააზნაურო ბანკი, ხოლო მისი ხელმძღვანელობა მიენდო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომელიც ადგილობრივი სამზრუნველო კომიეტის მეშვეობით ხელმძღვანელობდა მას. განზრახული იყო პირველად ოთხი მოსამზადებელი განყოფილების გახსნა. მაგრამ 1882 წელს, როდესაც ოთხი განყოფილება დასრულა, პირველი პროგიმნაზიული კლასი გაიხსნა, შემდეგ კი მომდევნო კლასებიც. ასე რომ, 1886 წელს ეს სკოლა ოთხი მოსამზადებელისა და ოთხი პროგიმნაზიული კლასისაგან შედგებოდა.
1881-82 სასწავლო წლის სექტემბრიდან ქუთაისის სააზნაურო სკოლას ორი ახალი განყოფილება უნდა მიმატებოდა, მესამე და მეოთხე პარალელური. საჭირო იყო ორი მასწავლებლის მოწვევა; ერთი მათგანი იყო თბილისის საოსტატო ინსტიტუტის ახლად კურსდამთავრებული თომა აბრამის ძე მთავრიშვილი. „ჩემი საუკეთესო დღენი 33 წლის განმავლობაში ამ სასწავლებელს შევალიე, – აღნიშნავს თომა მთავრიშვილი, – და არცა ვნანობ, რომ ასე მოვიქეცი, ჩემი გულთბილი სურვილი იყო მეშრომა ქართულ სასწავლებელში და კიდეც ამისრულდა ეს ნატვრა”. არ არის ინტერესს მოკლებული თომა მთავრიშვილის აზრი ქუთაისის სააზნაურო სკოლის პირველი ინსპექტორის ალექსი ჭიჭინაძის შესახებ: „მე, როგორც გამოუცდელ მასწავლებელს ხელმძღვანელად ისეთი დახელოვნებული და მაღალნიჭიერი პედაგოგი შემხვდა, როგორიც იყო აწ განსვენებული ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე (გარდაიცვალა 1916 წელს. – ტ. ხ.). ის იყო განხორციელებული ენერგია, შრომის მოყვარული ადამიანი, სასწავლებლის წარმატების სურვილით გატაცებული. მე არ ვიცნობ მეოე ამისთანა თავგანწირულ ადამიანს: სასწავლებელში ყველაზე ადრე უნდა მოსულიყო და ყველაზე გვიან უნდა წასულიყო. სასწავლებელს არ მოსცილდებოდა, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ ყვეი რიგზედ არის მოწყობილი. დაღლა მისთვის არ არსებობდა, მთელი დღე ნაყოფიერად მუშაობდა და ხშირად შუაღამემდე იჯდა ერთ უბრალო ოთახში და სასწავლებლის წარმატებაზე ფიქრობდა და შრომობდა. ამასთან ფრიად სამართლიანი, მიუდგომელი და უანგარო ადამიანი იყო. ერთხელ შემოღებულ წესს არც თვითონ არღვევდა და არც სხვას დაარღვევინებდა. ამიტომაც მის დროს დაწყებითი სასწავლებელი და მასთან არსებული ოთხკლასიანი პროგიმნაზია საუკეთესო მდგომარეობაში იყო. ...მე დიდი მადლობელი ვიყავი მისი და, ვფიქრობ, არც ის იყო ჩემით უკმაყოფილო, რადგან კარგად ხედავდა, რომ სწავლის საქმეს გულგრილად არ ვეკიდებოდი და სრული ჩემის ძალ-ღონით სასწავლებელს ერთგულად ვემსახურებოდი”.
თომა მთავრიშვილს, როგორც კარგ მასწავლებელს, სთანადო შეფასებას აძლევდა იაკობ გოგებაშვილიც. ქ. შ. წ.-კ. გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე, 1898 წლის 2 აგვისტოს, მან წინადადება შეიტანა, რომ „ქუთაისის სააზნაურო სკოლის მასწავლებელი თომა მთავრიშვილი დაჯილდოებულ იქნეს პროგიმნაზიულ კლასებში გადაყვანით ან გაკვეთილების შემცირებით ჯამაგირის შეუმცირებლად”. მართლაც, მალე თომა მთავრიშვილი პროგიმნაზიულ კლასებში იქნა გადაყვანილი. ამ სტრიქონების დამწერს ის I კლასში (1901-902) ასწავლიდა ქართულ ენას, მესამე კლასში კი – ბუნებისმეტყველებას. მის გაკვეთილებს მოსწავლენი ინტერესითა და ბეჯითად სწავლობდნენ.
თომა მთავრიშვილს მხოლოდ პედაგოგიური მუშაობით არ შემოუფარგლავს თავისი მოღვაწეობის არე. ის მხურვალე მონაწილეობას იღებდა 80-იან წლებიდან აღორძინების გზაზე დამდგარ ქართულ კულტურულ საქმიანობაში. „ინსტიტუტიდან რომ გამოვედი და სამსახურში შევედი, სრულიად არაფერი ვიცოდი არც ჩემი ქვეყნის წარსულისა და არც აწმყოსი. ხარბად დავეწაფე მაშინდელ ჟურნალ-გაზეთებს და ჩვენი საუკეთესო მწერლობის ნაწარმოებებს და გატაცებით ვკითხულობდი... ჯერ კიდევ ინსტიტუტის მოსწავლე ვიყავი, როცა წავიკითხე ილია ჭავჭავაძის მოწოდება, რომლითაც თხოულობდა ხალხური ნაწრამოებეიბს შეკრებას დასაბეჭდად ჟურნალ-გაზეთებში. ჩემს უბის წიგნში ჩავწერე მრავალი ზღაპარი და ლექსი, რომელნიც ჩემი მოხუცებული მეზობელი ქალისაგან გავიგონე. ეს ზღაპრები მოთავსებული იყო გაზეთ „ივერიაში” და ერთი მათგანი „სიზმარა” აწ განსვენებულმა ილია ხონელმა რუსულ ენაზე საუცხოოდ გადათარგმნა და მოაქცია თავის «Эскизы и этюды»-ში... მონაწილეობას ვიღებდი ქუთაისის ინტელიგენტთა წრეში, რომელმაც გამოსცა სამი ნომერი ალმანახისა „ცდა”, ერთ მათგანში მოთავსებულია ჩემი ნათარგმნი შვეიცარიელი გამოჩენილი პედაგოგის „იოჰან ჰაინრიხ პესტალოცის ცხოვრება”, გადავთარგმნე და გამოვეცი ელიბერტის თხულზება&ნბსპ; „ჰავაელი პატარა ქალი ეშმა”. ვითვლებოდი გაზეთ „ივერიის” მუდმივ კორესპოდენტად და ვათავსებდი მასში კორესპონდენციებს ქ. ქუთაისის ცხოვრებიდან, ვათავსებდი პოლემიკურ წერილებს დირექტორ ლევიტსკის მუნჯური მეთოდის წინააღმდეგ...”
თომა მთავრიშვილს, რომლის ავტობიოგრაფია დაწერილია მისი მოხუცებულობის წლებში, დავიწყებია, რომ ის „ივერიაზე” ადრე თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასა” და ქუთაისის გაზეთ „შრომაში” ფსევდონიმებით – კახელი თომა და ზიარელი თ., რომლებშიც აშუქებდა კახეთის გლეხკაცობის გაჭირვებულ მდგომარეობას, სკოლების საჭიროებას.
თომა მთავრიშვილი ეთნოგრაფიულ წერილებს ათავსებდა აგრეთვე კავკასიის სასწავლო ოლქის რუსულ პერიოდულ კრებულებში. ალბათ ამით უნდა აიხსნას, რომ მოსკოვის სათანადო სამეცნიერო დაწესებულებებმა მოითხოვეს თომა მთავრიშვილის შესახებ ცნობები. ეთნოგრაფიული ხასიათის წერილები მთავრიშვილს მოთავსებული აქვს „მოამბეში”, თანამშრომლობდა „ჯეჯილშიც”.
დიდი ღვაწლი დასდო თომა მთავრიშვილმა ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან პოპულარული წიგნების გამოცემისა და გავრცელების საქმეს. თომა მთავრიშვილი აღნიშნავს: „შევადგინე საყმაწვილო წიგნების გამომცემელი წრე და გამოვეცი ათიოდე საყმაწვილო წიგნი, რომელთა სხელმწოდება აღარ მახსოვს. ამხანაგებისა და მეგობრებისაგან ვკრებდი ყოველთვიურად შემოწირულებას, ვადგენდი მცირე ფონდს და ამ ფულით ვყიდულობდი ქართულ წიგნებს და ქართველთა შორის წ.-კ. გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ვაარსებდი სოფლად ბიბლიოთეკებს მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის”. ეს ცნობა წ.-კ. საზოგადოების საქმეებიდანაც დასტურდება, სახელდობრ, რომ თომა მთავრიშვილი კირილე ლორთქიფანიძესთან და სილოვან ხუნდაძესთან ერთად იყო წ.-კ. საზოგადოების დამხმარე წევრი, და რომ ის მეტად ენერგიულ მუშაობას ეწეოდა წ.-კ. საზოგადოების სახსრების დაგვეობისა და წიგნების ხალხისათვის მიწოდების საქმეში, რაც დიდ სიძნელეს წარმოადგენდა მაშინ და აუცილებელს ხალხის კულტურულ გზაზე დასაყენებლად. 1896 წლის 25 სექტემბერს წ.-კ. საზოგადოების გამგეობა თავის სხდომაზე ადგენს: „ეთხოვოს ქუთაისში მესამე დამხმარე წევრობა თომა მთავრიშვილს, რომელსაც თანხმობა განუცხადებია”.
1896 წლის 8 ოქტომბერს: „თომა მთავრიშვილი წიგნებს თხოულობს გასვრცელებლად მცირე წრის სახელით”. 1897 წლის 22 აპრილს: „თომა მთავრიშვილი ითხოვს 90 მანეთის წიგნს სოფლებში უფასოდ დასარიგებლად”. 1898 წლის 10 მარტს: „თომა მთავრიშვილმა შეაგროვა ფული და აქედან 30-30 მანეთის წიგნები გაგზავნა ზუგდიდსა და ოდესაში”.
„დამხმარე წევრმა თომა მთავრიშვილმა გამოგზავნა 230 მანეთი და თანახმად შემომწირველთა სურვილისა, უფასოდ დაეგზავნა ამ თანხის წიგნები სოფლებში პატარ-პატარა ბიბლიოთეკების შესაქმენელად”. ასეთ დახმარებას უწევდა თომა მთავრიშვილი ათეული წლის მანძილზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წიგნების უფასოდ გავრცელების საქმეში.
1908 წელს იოსებ და სიმონ ოცხელებთან ერთად თომა მთავრიშვილმა დააარსა წიგნის გამომცემელი ამხანაგობა, რომელმაც 73 სახელწოდების სახელმძღვანელო და სამეცნიერო წიგნი გამოსცა; მათ შორის აღსანიშნავია ალ. ხახანაშვილის „ბატონყმობა საქართველოში”, ივანე ჯავახიშვილის „ქართული სამართლის ისტორია”, წიგნი I, იაკობ ხუცესის „წამება წმინდა შუშანიკისი”, ს. გორგაძის „ჩვენი ძველი მწერლობა და ხალხური პოეზია”, მისივე „საქართველოს ისტორია”, მისივე „ქართული მართლწერა”, კიტა აბაშიძის „ეტიუდები”, ტ. I და II, მ. ზაალიშვილის სახელმძღვანელოები გეოგრაფიასა და ბუნებისმეტყველებაში. ამ გამომცემლობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოს სკოლებში სწავლების დედა-ენაზე დაფუძნებას.
თომა მთავიშვილმა იოსებ ოცხელთან და სიმონ ყიფიანთან ერთად შეადგინა ქართული ენის სახელმძღვანელო წიგნი „გუთანი”, რომელიც თავის დროზე ერთ-ერთ საუკეთესო სახელმძღვანელოდ ითვლებოდა, გამოვიდა ექვს გამოცემად; იმავე ავტორებმა გამოსცეს „ქართული ანბანი”, რომელიც ოთხ გამოცემად გამოვიდა.
საბჭოთა ხელისუფლბამ ღირსეულად დააფასა თომა მთავრიშვილის ღვაწლი და 1925 წელს საქართველოს ცაკის დადგენილებით მას პერსონალური პენსია დაენიშნა. თომა მთავრიშვილი გარდაიცვალა თბილისში 1928 წლის შემოდგომაზე, დაკრძალულია ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე.