ანდრია მრევლიშვილი (1823-1889)
ანდრია გიორგის ძე მრევლიშვილი მე-19 საუკუნის პედაგოგთა იმ ნაწილს ეკუთვნის, რომლებმაც თავიანთი შედარებით ხანგრძლივი სიცოცხლე სახალხო განათლების წმინდა საქმესა და ძველი სიმღერა-საგალობლების აღდგენა-ჩაწერის საპასუხისმგებლო ამოცანას მიუძღვნეს. ანდრია გიორგის ძე ოცდაცხრამეტი წლის განმავლობაში დიდი მონდომებითა და წარმატებით მოღვაწეობდა ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის პირველდაწყებით ეტაპზე. პედაგოგიური ასპარეზიდან გასვლის შემდეგაც არ მიუნებებია თავი საყვარელი საქმისათვის და ყოველდღიურად იღვწოდა ქართული მუსიკალური კულტურისა და განათლების გავრცელებისათვის.
ანდრია მრევლიშვილი დაიბადა 1823 წელს თელავის მაზრის სოფელ იყალთოში. მისი მამა, რომელიც მაყაშვილების კარის მოძღვარი იყო, მთელს კახეთში ცნობილი იყო თავისი მომაჯადოებელი საგალობლებით, სუფრული შემოძახილებითა და ჰარმონიული სიმღერებით. გიორგი მრევლიშვილმა თავის შვილებს ეგნატესა და ანდრიას მემკვიდრეობით ქართული მუსიკალური კულტურის ეს საგანძურიც გადასცა. ძმებს სიჭაბუკის წლებში გარდაეცვალათ მამა. დედა ანამ უდიდესი მზრუნველობა გამოიჩინა შვილებისადმი. მისი მუყაითობის წყალობით ეგნატე და ანდრია მრევლიშვილებმა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელეს სწავლა. 1841 წელს ისინი დედითაც დაობლდნენ. მიუხედავად ობლობისა და უდიდესი სიძნელეებისა, ძმებმა ჩინებული განათლება მიიღეს და სამოქმედო ასპარეზზე იმ დროისთვის საკმაოდ ღრმა ცოდნით აღჭურვილნი გამოვიდნენ.
1843 წლის 28 აგვისტოს ანდრია მრევლიშვილმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის სრული კურსი და გაიგზავნა თელავის სასულიერო სასწავლებლის პირველი კლასის მასწავლებლად. ამავე წლის 30 ოქტომბერს ანდრია გიორგის ძე გადმოიყვანეს თბილისში სამრევლო სკოლის მეორე კლასის მასწავლებლად.
1844 წლის 28 ოქტომბერს ანდრია დუშეთის სამაზრო სასწავლებლის პირველი კლასის მასწავლებლად დანიშნეს, სადაც ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა, ვიდრე ამ სკოლას სამრევლო სკოლად გადააკეთებდნენ (1850).
1850 წლის 19 მაისიდან კავკასიის სასწავლო ოლქის მმართველობა ანდრია მრევლიშვილს გზავნის ახალციხის სამაზრო სასწავლებლის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად. ოთხი წლის შემდეგ რუსეთ-თურქეთის ომთან დაკავშირებით ახალციხის სასწავლებელი დროებით დაიხურა. ანდრია მრევლიშვილი რაჭაში მიავლინეს და დაავალეს გაეხსნა პირველდაწყებითი სასწავლებელი. ანდრია მრევლიშვილმა დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულა და 1856 წლის 18 აგვისტოს ის ამავე სკოლის ზედამხედველის თანამდებობაზე დაამტკიცეს.
1857 წლის 5 ივლისის ბრძანებით ის დანიშნულ იქნა ქუთაისის პირველდაწყებითი სასწავლებლის ზედამხედველად და რუსული ენისა და მათემატიკის მასწავლებლად.
ანდრია მრევლიშვილის პედაგოგიური მოღვაწეობა ძირითადად ქუთაისის პირველდაწყებით ორწლიან სასწავლებელში გაიფურჩქნა. ამ სკოლას ისე გაუთქვა სახელი, რომ ხშირად მას „მრევლოვის კლასს” ეძახდნენ.
დავით კლდიაშვილი თავის მემუარებში იგონებს: „როცა ერთრიგად მოვმაგრდი სწავლაში, მამაჩემმა მიმაბარა მრევლოვის მოსამზადებელ სასწავლებელში... თვით სასწავლებლის გამგე, ანდრეი ივანიჩ მრევლოვი მშვენიერი ტკბილი, ბავშვების მოსიკეთე ადამიანი იყო. ჩვენც ძლიერ გვიყვარდა”. „მრევლოვის კლასი” ქუთაისის გუბერნიის ერთ-ერთი მოწინავე და ნამდვილი პედაგოგიკური სასწავლებელი იყო. სასწავლო მეურნეობა საათივით და რაციონალურად ჰქონდა აწყობილი, ხოლო მასწავლებლებსა და შეგირდებს შორის თითქმის ყოველთვის ჰარმონიული ურთიერთობა სუფევდა. თვითონ ანდრია გიორგის ძე პედაგოგის იდეალურ განსახიერებას წარმოადგენდა, რის გამოც მთელი დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთ სანიმუშო მასწავლებლად მიაჩნდათ. „როგორც სასწავლებელში, აგრეთვე გარეთ ცხოვრებაში მოსწავლე ყმაწვილებს გვერდს უდგა მასწავლებელი, ამხანაგი, გონიერ გზის მაჩვენებელი, გამწვრთნელი ა. მრევლიშვილი და ყველაფერს, რასაც ცელქი და დაუდგომელი ყმაწვილების ბუნება და ცნობისმოყვარეობა მოითხოვდა – აცნობებდა, უხსნიდა, გონებით ავარჯიშებდა მათ”.
პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში ანდრია მრევლიშვილი უდიდეს სიძნელეებს აწყდებოდა. მარტო ის რადა ღირს, რომ 1861 წელს მხოლოდ ორი პედაგოგი ასწავლიდა 103 მოსწავლეს, ხოლო 1862 წელს – 160-ს და ისიც სამად-სამი სახელმძღვანელო წიგნით. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ „მრევლოვის კლასი” მეტად შეუფერებელსა და უხეირო ბინაში იყო მოთავსებული. მაგრამ აღნიშნულ ნაკლოვანებებს ავსებდა მრევლიშვილის მუყაითი და შემოქმედებითი შრომა. მრევლიშვილის პედაგოგიური მოღვაწეობის ნაყოფიერება იქიდანაც ჩანს, რომ ქუთაისის გუბერნიის სასწავლებლის დირექტორმა პეჩკინმა 1863 წელს სამჯერ შეამოწმა მრევლიშვილის გამგებლობაში არსებული სკოლა, მოსწავლეთა მომზადება, პედაგოგთა საქმიანობა და სამჯერვე დიდად კმაყოფილი დარჩა.
ქუთაისის გუბერნიის სასწავლებლების დირექციის 1863 წლის სასწავლო წლის ანგარიშში აღნიშნულია: „ქუთაისის პირველდაწყებითი სასწავლებლის მოსწავლეების მოსწრება ზედამხედველი მრევლოვისა და სამღვთო სჯულის მასწავლებლის კანდელაკის გულწრფელობისა და ენერგიულობის წყალობით დამაკმაყოფილებელია, მიუხედავად მოსწავლეთა უდიდესი სიჭარბისა”.
ანდრია მრევლიშვილს პედაგოგის ორიგინალური ალღო და უნარი ჰქონდა. მოსწავლეთა მიმართ იგი საღი პედაგოგიური ზეგავლენის ხერხებს იყენებდა; მისთვის უცხო იყო წყრომა და შერისხვა. „ყმაწვილები მასში ხედავდნენ წყნარს, ტკბილს, ტავის დღეში გაუჯავრებელს უფროსს ამხანაგს და სანდო მეგობარს, ვიდრე სახაზავით და ცემა-ტყეპით აღჭურვილ დესპოტ მასწავლებელს”. მოსწავლის უსაქციელობისა და სიზარმაცის გამო გულნატკენი მასწავლებელი წონასწორობას მაინც არ კარგავდა და აბეზარ მოსწავლეს მხიარული სახით მიაძახებდა: „ჩემო ბამბის ტომარაო, გინდ ისწავლე, გინდ არაო”. ყმაწვილებისათვის ეს უდიდესი სასჯელი იყო. ანდრია მრევლიშვილს კარგად ესმოდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა სწავლა-განათლებას, გონების განვითარებასა და ცოდნა-გამოცდილების შეძენას. მან კარგად იცოდა, რომ ხალხის სიღარიბისა და დუხჭირი ცხოვრების ერთ-ერთი მიზეზი ადამიანთა გონებრივი სიჩლუნგე იყო. იგი იმ აზრისა იყო, რომ გაუნათლებლობა ხალხის არა მარტო სოციალური და პოლიტიკური სიბეცის, არამედ ეკუნომიკური სიდუხჭირის მიზეზიც იყო. ითვალისწინებდა რა ამას, ანდრია მრევლიშვილი სასწავლებელში ღებულობდა ასაკგადაცილებულ ყმაწვილებსაც.
ანდრია მრევლიშვილი არაჩვეულებრივად კეთილისმყოფებლი და ტკბილმოუბარი იყო. თავისი სათნოებით აოკებდა და იპყრობდა მსმენელებს, ცელქ მოსწავლეებსა და უსაქმოდ მოსიარულე ახალგაზრდებს. მეტად საგულისხმოა და საინტერესო ეპიზოდს მოგვითხრობს თ. ხუსკივაძე: „სასულიერო სასწავლებელში ვსწავლობდი; მეოთხე გაკვეტილზედ მასწავლებელი არ გვყავდა და „მრევლოვის” კლასშიდ წავედით საყურებლად, რადგან იქაური შეგირდები გვეჯიბრებოდნენ, ჩვენ უფრო კარგათ გვასწავლიანო... შესვლისთანავე გაგვიჯავრდა მამა ზეშედაშვილი და გამოგვყარა გარეთ. მამა ზეშედაშვილის ხმაზედ მეორე კლასიდგან უეცრივ თავი გამოყო ტკბილი სახის მოცუებულმა მასწავლებელმა, რომელმაც ჯერ გაგვიღიმა, მერე მიგვიწოდა, შეგვიყვანა კლასში, დაგვაჯინა და მთელი საათი გვასმენია გეომეტრიის გაკვეთილი, რომელმაც ძლიერ გვასიამოვნა და გაგვახარა. შემდეგ მამაშვილურად და ტკბილი სიტყვით დაგვარიგა, რომ ასე ტყულა უბრალოთ გაკვეტილების დროს სხვა სასწავლებელში თრევა-ხეტიალს ნუ დაიწყებთ, ეცადეთ და ისწავლეთ, რომ კაგი კაცები გამოხვიდეთო”.
ანდრია მრევლიშვილმა ქუთაისის პირველდაწყებით სასწავლებელში 25 წლის ნაყოფიერი შრომით აღზრდილებისა და ქუთაისის საზოგადოების უდიდესი სიყვარული დაიმსახურა. მან სწორად აუღო ალღო 1860-70-იან წლებში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მოქნილი პოლიტიკით სკოლაში გააუმჯობესა როგორც ქართული ენის სწავლება, ისე პოლიტექნიკური, ფიზკულტურული და მუსიკალურუი სწავლებაც. „ა. მრევლიშვილი გატაცებით უწყობდა ხელს სწავლების ახალი მეთოდების შემოღებას, თვალსაჩინოების პრინციპის გამოყენებას, აღმზრდელობითი მუშაობის გაუმჯობესებას და აგრეთვე სკოლისგარეშე კითხვის ორგანიზაციისა და მოსწავლეთა ფიზიკური შრომის რაციონალიზაციის საქმეს”.
ანდრია მრევლიშვილის პედაგოგიური მოღვაწეობა არ იქნება სრულად დახასიათებული, თუ გაკვრით მაინც არ აღინიშნა მისი წვლილი მუსიკის დარგში. მას კარგად ჰქონდა შეგნებული, რა დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მუსიკას აღზრდის საქმეში. ის იყო ყრმათა გულში ჩამწვდომი სიმღერა-გალობის მასწავლებელი. ქუთაისის დაწყებითი სკოლის მოსწავლეები მოუთმენლად ელოდნენ სიმღერა-გალობის გაკვეთილს, რათა დამტკბარიყვნენ საყვარელი მასწავლებლისა და აღმზრდელის ტკბილი საამო ჰანგით. და განა მარტო მოსწავლეები შეჰხაროდნენ მის სიმღერას? მრევლიშვილების მუსიკალური ოჯახის სიმღერა-საგალობლებით ტკბებოდნენ არა მარტო ქუთაისის მცხოვრებლები, არამედ თბილისის საზოგადოებაც. სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელზე, როდესაც ოთხი ქალიშვილით, ვაჟიშვილებითა და სიძეებით გარშემორტყმული შეჭაღარავებული ტკბილი მოხუცი კარბელოვის კილოთი წამოიწყებდა სიმღერას. მოხუცის წყნარი, მშვიდი და ტკბილი ხმა ჰარმონიულად უერთდებოდა ქალიშვილების ნაზ, წმინდასა და ნარნარ ხმებს, და ამგვარად შერწყმული გალობა ისეთ მომაჯადოებელ შთაბეჭდილებას ახდენდა რომ მსმენელები გაოგნებული რჩებოდნენ.
ანდრია მრევლიშვილის მუსიკალური ხელოვნების ყველა ხერხის გამოყენებით ღრმად ნერგავდა ძველ ქართულ სიმღერა-საგალობლებს პირველდაწყებითი სასწავლებლებისა და ქუთაისის გიმნაზიის მოსწავლეებში. გიმნაზიაში სიმღერის წარმატებით სწავლებისათვის იგი მრავალგზის იქნა დაჯილდოებული. ანდრია მრევლიშვილის ტრადიციებზე აღიზარდა მრავალი ახალგაზრდა, რომლებიც თავის მოგონება-მემუარებში სიამოვნებით იხსენებენ საყვარელსა და ტკბილმოუბარ მასწავლებელს.
მუსიკალური ნიჭით ყოველმხრივ აღჭურვილმა ანდრია მრევლიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ქართულ სიმღერა-საგალობლებს, რომლებიც ნელ-ნელა უფერულდებოდნენ და თანდათან მივიწყებას ეძლეოდნენ. ქართლუი მუსიკალურუი ხელოვნების გადაგვარებისა და სრულიად დაკარგვის შიშით ანდრია მრევლიშვილს დაუწყია ქართული სიმღერა-საგალობლების ნოტებზე გადაღება. 878, 1884 და 1886 წლებში საქართველოში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებიდან ირკვევა, რომ ანდრია მრევლიშვილს მრავალი სიმღერა-გალობა აღუდგენია, დაუხვეწია და გადაუღია ნოტებზე, რომლებიც სემდეგში რამდენჯერმე შეუსწორებია და გამოცემაც მოუწადინებია, მაგრამ უსახსრობისა და მთელი რიგი ტექნიკური სიძნელეების გამო სურვილი ვერ შეუსრულებია. სამწუხაროდ, ანდრია მრევლიშვილის ნოტების ბედი გამოურკვეველია. მათი აღმოჩენა კი დიდ სამსახურს გაუწევდა ქართულ მუსიკალურ ხელოვნებას, ის ისტორიას.
დუხჭირმა ცხოვრებამ და მძიმე შრომამ მოტეხა ანდრია გიორგის ძე მრევლიშვილის დაუცხრომელი ენერგია და ის 1889 წლის 5 სექტემბერს გარდაიცვალა ქუთაისში.