ალექსი მირიანაშვილი (1860-1925)
ცნობილი პედაგოგი და სახალხო მასწავლებელი, პუბლიცისტი-მწერალი, ბავშვთა საყვარელი ბელეტრისტი, ხალხური შემოქმედების ნიმუშთა გულისხმიერი შემკრები და საზოგადო მოღვაწე – ალექსი მირიანაშვილი ეკუთვნის ქართველ პატრიოტთა იმ თაობას, რომელსაც მტკიცედ სწამდა: რაც არ იწვის, არ ანათებს, რაც კი იწვის – ანათებს, მაგრამ თვითონ კი იფერფლებაო.
ამ ფერფლისაგან ქართული კულტურის საგანძურში არა ერთი და ორი ღირსსაცნობი ქმნილება დარჩა ალექსი მირიანაშვილის უზადო სახელის მატარებელი. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ემსახურა ეს იშვიათი და ჩუმი მუშაკი ქართულ მწერლობას, სახალხო განათლებასა და ქართულ სკოლას და ნანატრ დღეებსაც მიაღწია იმით, რომ მოპვა საბჭოთა სკოლის, ნამდვილი ქართული ეროვნული სკოლის, მასწავლებლისა და ხელმძღვანელის სახელი.
ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი დაიბადა 1860 წ. სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში დიდი შრომისმოყვარე და წერა-კითხვის მცოდნე გლეხის ოჯახში. „6-7 წლისა თუ ვიქნებოდი, – იგონებს ალექსი, – როცა მამამ ვაქირის დაწყებით სკოლაში მიმაბარა, სადაც მასწავლებლობდა იქაური მღვდელ-ბლაღოჩინი ხატიაშვილი რომელსაც სკოლა ღვთის ანაბარად ჰქონდა მიტოვებული. ბავშვები მოვიდოდნენ დილით ადრე და მხოლოდ მზის ჩასვლისას წავიდოდნენ შინ... აქ ყოველგვარ საძაგლობას ჰქონდა ადგილი. არ იყო მხოლოდ წიგნის სწავლა. მღვდელ ხატიაშვილს თვალს მოვკრავდით ხანდახან და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი სკოლის მოსწავლეებისათვის, რომელთა რიცხვი 50-60 აღემატებოდა, ებრძანებინა მინდორ-ვენახებში წასვლა და იმის სადილისათვის სატაცურის მოკრეფა, ან კალო-საბძელში მუშაობა, ან მისი ეზოს გასუფთავება, ან მატყლის გაწეწვა, ქათმის ბუმბულის რჩევა და სხვა ამგვარები...”
ცხადია, ამგვარ პირობებში იმ დროს არაერთი სკოლა იყო სოფლად. ცოტათი მაინც გათვითცნობიერებულმა ივანემ ნიჭიერი და მკვირცხლი პატარა ალექსი მეორე წელსავე მოაშორა ამ თავგასული ხუცის სამსახურს და ქალაქ სიღნაღის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანა. 1873 წელს ალექსი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში შევიდა. 1877 წელს ინსტიტუტში ჩაირიცხა და 1881 წელს ინსტიტუტის სრული კურსი წარმატებით დაამთავრა საქალაქო სასწავლებლის მასწავლებლის მოწოდებით.
ამავე ხანებში ის, როგორც სამწერლო ასპარეზზე უკვე გამოსული და საიმედო მომავლის მქონე, უახლოვდება ცნობილ ქართველ მწერლებსა და პედაგოგებს სრგეი მესხს, იაკობ გოგებაშვილს, ნიკო ცხვედაძეს, ნიკო ლომოურსა და სხვებს. მათი დახმარებით ალექსი მირიანაშვილი დანიშნულ იქნა მასწავლებლად თბილისის ქართულ სკოლაში, რომელიც იმ ხანებში ახალჩამოყალიბებულ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას” ეკუთვნოდა. რამდენიმე წლის ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ ალექსი გააყავთ თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში, სადაც მან ნაყოფიერად და ხანგრძლივად იმოღვაწევა 1923 წლამდე, ე. ი. ვიდრე ავად რომ გახდებოდა და შრომის უნარს არ დაკარგავდა.
მიუხედავად ხანდაზმულობისა და საკმაოდ დაქანცულობისა, ამაგდარი პედაგოგი და მწერალი აღფრთვაონებული შეეგება დიდი ოქტომბრის რევოლუციის გამათავისუფლებელ დღეებს, საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარებისა და ნამდვილი ეროვნული საბჭოთა სკოლის ჩამოყალიბებას. ის ახალგაზრდული ენთუზიაზმით იღებდა მონაწილეობას ახალი სკოლის მშენებლობასა და საბჭოთა საბავშვო ლიტერატურის განვითარების საქმეში. ყველგან ცდილობდა თავისი წვლილის შეტანას. იგი ცოდნას, გამოცდილებასა და ენერგიას არ იშურებდა მისთვის საყვარელი საქმისათვის, მაგრამ მასში უკვე კარგა ხნიდან დასადგურებულმა ავადმყოფობამ – გულის ასთმამ – 1925 წლის 24 აპრილს სამუდამოდ მოაშორა სანუკვარ საქმიანობას. მადლიერმა ქართველმა მშრომელებმა ალექსი მირიანაშვილი შესაფერი პატივით დაკრძალეს ქართველ მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ქართული მწერლობისადმი სიყვარული ალექსის ჯერ კიდევ ინსტიტუტის კედლებში აღეძრა. ის ინსტიტუტის მოსწავლეთა ფარული წრის აქტიური წევრი, გაზეთი „დროების” ფარული გამავრცელებელი და თანამშრომელი გახდა.
ალექსი მირიანაშვილი სამწერლო ასპარეზზე 1879 წელს გამოვიდა გაზეთ „დროებაში” მოთავსებული კორესპონდენციით, სიღნაღის მაზრის ცხოვრებიდან. მას შემდეგ ის „ანგელის”, „ლილიპუტის”, „ან-მანის” ფსევდონიმებით და პირადი ხელმოწერითაც შეუწყვეტლივ და ინტენსიურად თანამშრომლობს ქართული პერიოდული პრესის თითქმის ყველა ორგანოში („დროება”, „ივერია”, „იმედი”, „ნობათი”, „ჯეჯილი”, „ნაკადული”, „მოამბე”, „თეატრი და ცხოვრება” და სხვ.). მის კალამს ეკუთვნის მრავალი, ქართულ პრესაში უხვად გაბნეული პედაგოგიური და პუბლიცისტური სტატია, სამეცნიერო-პოპულარული შრომა და საბავშვო მოთხრობა და იგავ-არაკი.
ალექსი მირიანაშვილი სხვადასხვა დროს გამოცემული შვიდი წიგნიდან აღსანიშნავია: 1907 წელს გამოსული „ქართული წერის დედანი” და ჟურნალ „ნაკადულის” მიერ თავის ხელმომწერთათვის საჩუქრად გამოცემული „იგავ-არაკების კრებული”.
პირველი (დედანი) საინტერესოა იმით, რომ ავტორი ცდილობს ქართული წერის პირდაპირი ხელისა და ნუსხური გადაბმული ჩქარი წერის დანერგვას, რაც, ავტორის აზრით, „ძლიერ სჭირდება ახალ დროს, რადგან თუ წარსულში სტამბა არ არსებობდა და მის მაგივრობას ადამიანის ხელი ასრულებდა, დღეს ყველა საჭირო წიგნი ათასობით ისტამბება და ბეჭდური ხელით წერა კი არაა საჭირო, არამედ ნუსხური გადაბმული ჩქარი წერა რაც ძველ ქართულს არ ახასიათებდაო”. ამ მხრივ, ალექსი მირიანაშვილის „ქართული წერის დედანი” დღესაც არ კარგავს თავის მნიშვნელობას.
ალექსი მირიანაშვილის „იგავ-არაკების კრებული”, როგორც ბავშვების საყვარელი წიგნი, თავის დროზე საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. ამის დამადასტურებელია მის მეორედ გამოცემა 1923 წელს – უკვე საბჭოთა პერიოდში. სწორი იყო გაზეთი „ჩვენი დროება”, როცა წერდა, რომ დიდი მადლობის ღირსია „ნაკადულის” რედაქცია რომ ასეთი საჩუქარი უძღვნა თავის პატარა მკითხველებს... ის მდიდარია შინაარსით, აზრით და დაწერილია საუცხოო ქართული ენით, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს...”
ასეთივე დადებითი შეფასება მისცა მას „სახალხო გაზეთმა”, ხოლო გაზეთი „თემი” მას პატარა მკითხველებისათვის „ფასდაუდებელ საჩუქარს” უწოდებდა.
ალექსი მირიანაშვილის ნათელი სახე, მისი გულწრფელი ღვაწლი და შემოქმედებითი პროდუქტი შესამჩნევ ადგილს იჭერს როგორც სახალხო განათლების, ისე ქართული ლიტერატურის ისტორიაში.