კატო მიქელაძე (1878-1942)
ავტორი: ნინო ჩიხლაძე თუ შეიძლება ადამიანი ქარიშხალს ან მღელვარე, ბობოქარ ზღვას შევადაროთ, ასეთი იყო საზღვარგარეთიდან ახლად დაბრუნებული, სორბონის უნივერსიტეტდამთავრებული, მუდამ მშფოთვარე, მებრძოლი ბუნების პოეტი ქალი კატო მიქელაძე. „– ვისაც კი კატო მიქელაძე ზამთრის პერიოდში უნახავს, ახსოვს მისი ტყავგამოკრული ქურქი, თბილყურებიანი ქუდი, ოქროსთავიანი ჯოხი და მისი მტკიცე, საქმიანი ნაბიჯი, არასოდეს დაავიწყდება მისი მეტყველი, ჭვიანი თვალები. კატო მიქელაძე ვაჟკაცურიც იყო და ქალურიც. ეშხიანი, სათნო და მიმზიდველი ახალგაზრდა ქალი, თავისი ორიგინალური გარეგნობითაც იპყრობდა ყურადღებას. მგზნებარე ლაპარაკი იცოდა. მტკიცე და დამაჯერებელი. გაგიტაცებდათ თავისი საინტერესო საუბრით“. ასეთი იყო თავის თანამედროვე მწერლების დახასიათებით ის ადამიანი, რომელსაც ცოტა რამ მოსწონდა ამქვეყნად. სათქმელს ყველას პირში მიახლიდა. არავისთან არაფერი ჰქონდა საფარისევლო, ბუნებით ამაყი, საოცრად პრინციპული იყო, კეთილი და უბრალო. კატო მიქელაძე არ ჰგავდა იმ ადამიანებს, რომელთაც ქარი ლერწამივით თავის ნება-სურვილზე ათამაშებს. ისე გაცილდა საწუთროს, მისი ტყუილი არავის ახსოვს, მაგრამ მაინც გაუხარელი და უბედური წავიდა ამ წუთისოფლიდან. უბედურიო, ვამბობთ, რადგან სხვა „სიკეთესთან“ ერთად, მისი საფლავიც დაიკარგა. კატო დავითის ასული მიქელაძე დაიბადა 1878 წლის 18 სექტემბერს, სოფელ კულაშში (ქუთაისის მაზრა). პოეტის მამა, დავით მიქელაძე ჩვეულებრივი, განებივრებული ქართველი აზნაური გახლდათ, ოჯახსა და შვილებზე ნაკლებმზრუნველი. ცხოვრობდა ისე, როგორც მაშინდელი ფუქსავატი თავადაზნაურობა, სანამ ხელიდან ქონება არ გამოეცალა. დედა კატოს ბავშვობაში გარდაეცვალა. მისი აღზრდა ნათლიამ იკისრა, რომელიც მეზობელ სოფელში ცხორობდა. მაგრამ აქაც, ეს უკანასკნელი ჭირისუფალიც მოულოდნელად გარდაიცვალა. კატო იძულებული გახდა დაეტოვებინა ქუთაისის წმ. ნინოს სასწავლებელი. 900-იან წლებში კატო მიქელაძე ქ. თბილისში ერთ-ერთ ნათესავთან გადმოდის საცხოვრებლად. სწავლის გაგრძელების სურვილით შეპყრობილი ქალიშვილი, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებაზე ოცნებობს, ეწაფება თვითგანვითარებას, კითხულობს ბევრს. 1900 წელს იგი წარჩინებით ამთავრებს საბებიო ინსტიტუტს და ცხინვალში სამუშაოდ მიდის. ჩამორჩენილი, რევოლუციამდელი სოფელი, საშინელი სიბნელე, დაბეჩავებული მშრომელი ხალხი – აი, რას ხედავს ახალგაზრდა ქალი. კატო იწყებს მათ სწავლა-განათლებაზე ფიქრსა და ზრუნვას. აარსებს ბიბლიოთეკას, სცენის მოყვარეთა წრეს, დგამს უფასო წარმოდგენებს და როგორც თვითონ წერს: „სინათლე შეაქვს ხალხში“. 1903-1904 წლებში კატო მიქელაძე ცხინვალში მოღვაწეობს. აქ უახლოვდება მესამედასელებს. იწყებს არალეგალურ წრეში მუშაობას, არაჩვეულებრივ აქტიურობას იჩენს, ყოველგვარ დავალებას პირნათლად ასრულებს და ამხანაგებს ეხმარება არალეგალური ლიტერატურის გავრცელებაში. საინტერესოა კატო მიქელაძის შესახებ ძველი ბოლშევიკების გიორგი ელისაბედაშვილის და რაჟდენ კალაძის მოგონებები, კატოს დამსახურების შესახებ რევოლუციის წლებში. სწორედ ამ პერიოდში დემოკრატი პოეტი ქალი თავის ახლო მეგობრის, იროდიონ ევდოშვილის ხელით უგზავნის გაზეთ „ბრძოლის“ რედაქციას თავის რევოლუციურ ლექსებს და „ხ“-ის ფსევდონიმით აქვეყნებს მათ. დიდი მონაწილეობა მიიღეს კატო მიქელაძის ცხოვრებაში მისმა ამხანაგმა ქალებმა: მარიამ დემურიამ და ნატო გაბუნიამ. კატოს მომავლით დაინტერესებული ქალები, წ.-კ. გამავრცელებელი საზოგადოების რეკომენდაციით, მას ქ. მოსკოვში გზავნიან სასწავლებლად ქართველი მეცნიერები მიერ ახლადგახსნილ პედაგოგიურ კურსებზე, მაგრამ დუბასოვის გამძაფრებული რეაქციის პირობებში, როცა ირგვლივ მხოლოდ – „დახვრიტეთ!“, „ჩამოახრჩეთ!“ – გაისმოდა, შეუძლებელი იყო კატო მიქელაძის, როგორც შემჩნეული პირის, მოსკოვში გაჩერება. იგი საზღვარგარეთ ახერხებს გაპარვას. აი, რას წერს თვითონ პოეტი ქალი: „1906 წელს, დუბასოვის საშინელი რეაქციის დროს, მე აუცილებლივ უნდა დამეტოვებია რუსეთის ტერიტორია და გადავსულიყავი საზღვარგარეთ, რაშიაც დიდათ დამეხმარენ და ხელი შემიწყვეს ალექსანდრე ხახანაშვილმა და სოფიო ამირაჯებმა“. პოეტი-მთარგმნელი ქალი სოფიო ამირაჯები, რომლის ინიციატივითაც იქნა კატო გაგზავნილი საზღვარგარეთ, არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ საერთოდ, სისტემატიურად ეხმარებოდა ამს, ხოლო სოფიოს გარდაცვალების შემდეგ კატოს მესვეურობა იკისრა ცნობილმა ქველმოქმედმა, საზოგადო მოღვაწემ დავით ზუბალაშვილმა. საზღვარგარეთ ცხოვრების პერიოდიდან ახალგაზრდა კატო მიქელაძეს ყველაზე ტკბილ მოგონებად პარიზში გატარებული წლები დაამახსოვრდა. ეს იმიტომ, რომ მოულოდნელად (რაზეც ოცნებაც კი არ შეეძლო) თავის პატარა ოთახში, სადაც ორი კაცი ძლივს ეტეოდა, ესტუმრა პარიზში სამკურნალოდ ჩამოსული, ქართველი ხალხის სასიქადულო მგოსანი, აკაკი წერეთელი თავისი მეუღლით. „აკაკი რომ უცხოეთში დავინახე, – წერს კატო, – სამშობლოს მოწყურებულს ისეთი სითბო მომხვდა გულზე, თითქოს მთელი საქართველო ჩემს თვალწინ იდგა. აკაკიმ ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა, თუ როგორ ვცხოვრობ, ხომ არაფერი მიჭირს და სხვა. ამაღელვა დიდი პოეტის ყურადღებამ. მიკვირდა, როგორ მოვაგონდი, ანდა როგორ მოიცალა უცხოეთში ერთი გადაკარგული ქართველი სტუდენტის სანახავად-მეთქი. მალე აკაკის ოთახში მეუღლეც შემოჰყვა – ოქროს მრეწველის ქალიშვილი ნატალია ბაზალევსკაია. საკმაოდ ხანშიშესული ჩანდა, მაგრამ ახალგაზრდობის სილამაზის იერი ისევ შერჩენოდა. მასთან საინტერესო საუბრიდან ბევრი რამ გავიგე. თითქოს გულზე მომეშვა, საყვარელი პოეტის გარშემო შეთხზული ჭორი – ვითომ აკაკი ოდესმე დაინტერესებული ყოფილიყო არისტოკრატი ოჯახიდან გამოსული ქალიშვილის ქონებით, – შეთხზული გამოდგა. – ჩვენი დიდი ქონებიდან, – მითხრა მან, – არამც თუ აკაკის, მეც თვითონ არაფერი მერგო, ჩემი უღირსი სიძის შეუფერებელი საქციელის გამო. მაგრამ აკაკისა და ჩემს შორის, – თქვა ნატალია ბაზალევსკაიამ, – არაფერი შეცვლილა, ხან მე ვიყავი აკაკისთან საქართველოში, ხან აკაკი ჩვენთან, პეტერბურგში. გავაცილე აკაკი და მისი მეუღლე... ფრთებშესხმული დავბრუნდი სახლში. ჩემი ოთახი ერთიორად გაზრდილი მომეჩვენა, სხვანაირი შნო და ლაზათი მისცემოდა, ყველაფერი იცინოდა. დიდხანს ვიდექი იმ სავარძელთან, სადაც სულ რამდენიმე წუთის წინ, უდიდესი მამულიშვილი, აკაკი წერეთელი იჯდა“. და განა მარტო ეს?! კატო მიქელაძისათვის ასევე დაუვიწყარია პარიზელ ქართველი სტუდენტების მიერ აკაკის საპატივცემულოდ გამართული ბანკეტი კაფე „ვოლტერში“, 1909 წელს. აქ, ბანკეტზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია უცხოეთში სწავლის მისაღებად ჩასული ქართველი სტუდენტი ქალის, კატო მიქელაძისადმი მიმართულმა აკაკის სიტყვამ. „– როცა შეტყობა უნდათ წინასწარ ამინდის, ბარომეტრს დადგამენ ხოლმე. რომელიმე ერის, ხალხის გაცნობა თუ გვინდა, ჯერ ქალები უდნა გავიცნოთ, როგორც ეროვნების ბარომეტრი. როცა საქართველო თავის სიმაღლეზე იდგა, მაშინ ქართველი ქალიც, როგორც ცოლი, როგორც დედა და როგორც მოქალაქე განთქმული იყო იმ საუკუნეში, როცა საქართველო დასცეს, ეს დაკნინება ქალებს უფრო დაეტყოთ: დღეს ბევრ ქალს ნახავთ ჩვენში, რომ დავიწყებული ჰქონდეს მისი წმინდათა წმინდა და ქართულად ვერ ახერხებს ლაპარაკს... ამის შემხედავი, იმედმიხდილი ვიყავი ამ სიბერის დროს, მაგრამ ახალმა მოძრაობამ სხვა დამანახა. ახალგაზრდა ქალები მზად იყვნენ საქართველოსათვის სამსხვერპლოდ თავი დაედვათ... დღევანდელმა ქალებმა, ძველი დედების სული გამოიჩინეს. ...იმედი მაქვს, დროის შესაფერისად აღადგენთ ძველ სახელს. ეს პირველი ბიჯი თქვენ შეგხვდათ და საჭიროა წარმართოთ, აღადგინოთ. გისურვებთ ამ უცხო თავისუფალ ქვეყანაში თქვენს წარმატებას, რომ სასურველად დაუბრუნდეთ სამშობლოს“. ასეთი იმედიანი თვალით შესცქეროდა აკაკი კატო მიქელაძეს და სწორედ ამით იყო გამოწვეული ის სითბო, რომელიც თავის სიტყვაში ჩააქსოვა და ფეხზე ადგომით პერსონალურად შესვა მომავალი პოეტი ქალის სადღეგრძელო. აქ იყვნენ ქართველი სტუდენტები, ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები ალექ. ჯანელიძე (აკადემიკოსი), იოსებ ჭეიშვილი, ალექ. გაბუნია (მწერალი), ნიკო კურდღელაშვილი (ნარკანი) და სხვები. კატო ღელავდა, ადვილი როდი იყო ასეთ საზოგადოებაში სიტყვის თქმა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, მადლობა ხომ უნდა გადაეხადა აკაკისათვის, რომელმაც ამდენი კარგი რამ უსურვააა სტუდენტ, პოეტ ქალს. კატომ გონება მოიკრიბა, ხელში სასმისი აიღო და მიმართა: „დიდო მგოსანო! დღეს ჩვენთვის უცხოეთის ცივი თუ უჩვეულო ატმოსფერო თბილსა და საამტკბილო გრძნობით შეიცვალა... ის, რაც ბავშვობიდან სატრფიალო, საყვარელი იყო ჩვენთვის, აქ გვყავს იგი – ჩვენი ერის ბურჯი, სათაყვანო აღმზრდელი. 50 წელიწადი იბრძოდით ჩვენი ტანჯული სამშობლოს გამოსახსნელADად, ჩვენი ეროვნული ცხოვრების ასაღორძინებლად. ამ ნიადაგზე ერთხელაც არ შეგიწყვეტია არც შენი უკვდავი ჩანგის ჟღერა და არც მამაშვილური ბრძოლა – კავკასიის მთებიდან შენი „დაფი და ნაღარა“ სხვადასხვა ხმაზე გაჰკიოდა, რომ სასოწარკვეთილი და მიძინებული ერისთვის ძილი დაგეფრთხო და კვლავ სასიცოცხლო გმირული სული შთაებერა, ბავშვები გებრალებოდა და ჩვენი სამშობლოს ტანჯვას იმედიანად, მსუბუქად გადმოგვცემდი, რამდენადაც ჩვილი იყო თვით მაშინდელი გრძნობა, ბუნება, ამის გამო ერთი და იგივე შინაარსი წლოვანებისადაგვარად ხვდებოდა ჩვენს გულს: „ჰაუ, ჰაუ, ქორო, ნუ ფრენ, ამ ეზოში დილ-დილასო, ვერ მომპარავ, არ გაგატან ჩემს პატარა წიწილასო“. დიახ, დიახ, გვაფხიზლებდი ჩვენ, ოდესღაც შენს პატარა მკითხველთ. „კავკასიის მაღალ ქედზე მიჯაჭვული ამირანი, არის მთელი საქართველო და მტრები კი ყვავ-ყორანი“, ეუბნებოდი მტრებს და შენი სხივოსანი ბასრი ისრებით, დიდო პოეტო, არღვევდი წყვდიადს. გულს უჭრიდი ამ ყვავ-ყორნებსა და ერეკებოდი მიჯაჭვულ სამშობლოს ტკივილების შესამსუბუქებლად! ამ ბრძოლაში რამდენი დაბრკოლება არ გეღობებოდა წინ, რამდენი სიმწვავე არ განუცდია შენს ღვთაებრივ ცეცხლით აგზნებულ გულს? მაგრამ შენი დიდი უკვდავი სულიერი ძალა, იმდენად ძლიერი იყო, რამდენადაც ჩლუნგი და უსირცხვილო შენი მოპირდაპირენი. აღსრულდა, დიდო მგოსანო, შენი შორსმჭვრეტელობა, რომლითაც გვასულდგმულებდი ჩვენ: „ნაშთი ძველი დიდებისა არ გამქრალა ჯერაც ყველა, დღესაც მისი შარავანდით ნიშანს გვაძლევს ცისარტყელა“. ამ ნიშნით შევკრებილვართ დღეს აქ და გთხოვთ მიიღოთ, დიდო მგოსანო, ჩვენი გულითადი მადლობა, იმ მამულიშვილობისა და ფაქიზი გრძნობებისათვის, რომელსაც გვიღვიძებდა შენი უკვდავი ჩანგის სიმთა ჟღერა, როგორც ადამიანს და როგორც ქართველს. მოგილოცავთ რა სასურველDად დაგვირგვინებულს დიად მიღწევებს, სასოებით ვსვამ შენს სადღეგრძელოს და გისურვებ მრავალ წელს გვყავდე თავმოსაწონებელ ნიმუშად, ჩვენო სიამაყევ, ჩვენო დიდებავ. „მსურს, დროს წარვტაცო შენგან განვლილი, მრავალი წელი მწარ-ნაღვლიანი და სიჭაბუკის სიცოცხლის ძალა, მარად ცეცხლმფრქვევი იმედიანი. ორთავე ერთად მსურს დაგიბრუნო ძვირფას სიცოცხლის სადღეგრძელებლად, მით ხნოვანების ჩამოგხსნა ტვირთი, ძილის და ღონის შესაზავებლად. რომ ჩვენს სამშობლოს შენ ტურფა სატრფოს, ბრძოლის ველს ჰყავდე მაშველად, კიდევ და კიდევ ნაღარა სცადე მის ტყვეობიდან გამოსახსნელად“. კატო მიქელაძის ამაღელვებელმა პატრიოტულმა სიტყვამ მხურვალე ტაში გამოიწვია. ყველამ ფეხზე ადგომით პატივი სცა სასიქადულო პოეტს, აკაკი წერეთელს. მეორე დღეს, აკაკი და კატო ერთმანეთს შეხვდნენ. აკაკის კატოსათვის უთქვამს: – შენი სიტყვა ხომ ლამაზი და ლამაზი იყო, მაგრამ რომ ლაპარაობდი, თვალი ვერ მოგაშორეო. – ეს იმიტომ, ბატონო აკაკი, რომ სიტყვებს მარტო ჩემი ენა კი არ ლაპარაკობდა, არამედ მთელი ჩემი სული და გულიო, – უპასუხა კატომ. კარგად ახსოვს პოეტი ქალი მწერალ გიორგი ქავთარაძეს. კატოს გაცნობამ და სიახლოვემ, – წერს გიორგი, – იმდენი რამ მოცა, რაც არც ერთ წიგნს არ შეეძლო მოეცა. მაშინ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, გამოუცდელ პოეტისათვის, მის ყოველ დამაჯერებელ სიტყვას მნიშვნელობა ჰქონდა. მე მწამდა და მჯეროდა მისიო. „ჩვენ იგი, მწერალი ქალის, მარიამ გარიყულის სახლში გავიცანით. – დაჯექი! – მითხრა მარიამმა და სავარძელზე მიმითითა, – ახლა ჩვენთან მოვა მწერალი კატო მიქელაძე. გაგიგონია?! ფრიად განსწავლული ქალია. „ცისფერყანწელებს“ რომ ებრძვის. უბრალო ვინმე არ გეგონოს, ივანე ჯავახიშვილთან და ნიკო მართან უკამათია. ასეთი სახელი და ავტორიტეტი ჰქონდა კატო მიქელაძეს ქართულ საზოგადოებაში. – ერთხელ მე და კატო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში იოსებ ნონეშვილის საღამოზე მოვხვდით. შემოსვლისთანავე სტუდენტებმა იცნეს თუ არა კატო მიქელაძე, ტაშით აიყვანეს პრეზიდიუმში. თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ ამ საღამოს ესწრება აკაკი წერეთლის ახლობელი ადამიანი და მეგობარი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ქალი, კატო მიქელაძე. კვლავ მქუხარე ტაშმა იქუხა. კატო ფეხზე წამოდგა და როგორც იცოდა, ღიმილით მიესალმა ხალხმრავალ დარბაზს. იგი არ იყო ტაშით განებივრებული, ესიამოვნა ასეთი თბილი შეხვედრა და როგორც მახსოვს, თავისი ჭკვიანური სიტყვსი წარმოთქმით, ფრიად კარგი ტაბა დასტოვა“. კატოს ძალიან უყვარდა ახალგაზრდობა, თვითონაც საოცრად ახალგაზრდული იყო. დღე არ გავიდოდა, რომ მისი პატარა საცხოვრებელი ოთახი (რუსთაველის თეატრის უკან) სავსე არ ყოფილიყო ახალგაზრდა მწერლებითა და პოეტებით. აქ დადიოდნენ, აქ იყრიდნენ თავს: ანდრო თევზაძე, შ. ამისულაშვილი, ს. ჟღენტი, ქუთაისიდან ახლად ჩამოსული პოეტი ლადო ასათიანი და სხვები. საკუთარ შვილებივით არიგებდა და ასწავლიდა კატო ახალგაზრდობას. ჩვენ მოგვწონდა მისი მშობლიური ჭკუა-დარიგება, მოგვწონდა მისი ვაჟკაცური ხასიათი, მისი შემართება, მისი ლიტერატურული გემოვნება. მახსოვს, – განაგრძობს გოგი ქავთარაძე, – ეს იყო 1938 წელს, კატოსთან პოეტმა ანდრო თევზაძემ შემოირბინა თავისი ახლადგამოცემული ლექსების წიგნით, რომელიც საჩუქრად, სამახსოვრო წარწერით იქვე, მაგიდაზე დაუდვა. კატოს ესიამოვნა ეს და ექსპრომტად ლექსი დაუწერა: „მე რომ ამქვეყნად ტანჯვა არ მეყო, თავზე ნისლები გადმომასხურეს, სად დამინახე, ნორჩო პოეტო, რომ გულში სხივი ჩამომასხურე. შენი ლამაზი განცდების, ვაჟო, ციურ ზარივით, როცა წკრიალებს, მასში ნურასდროს ნუ დაეჭვდები, რომ მკითხველის გულს შეაჟრიალებს“. პოეტმა ლადო ასათიანმა თავის ერთი, საუკეთესო ლექსი – „საქართველო იყო მისი საოცნებო სახელი“, გამოქვეყნებამდე მიუტანა კატოს წასაკითხად და სთხოვა, თავისი კომპენტენტური აზრი გამოეთქვა, ივარგებდა თუ არა დასაბეჭდად. ლადოს ისე სჯეროდა კატო მიქელაძის, რომ არ შეეძლო მისი შენიშვნა უსიტყვოდ არ მიეღო: კატომ ლექსი ბოლომდე სიამოვნებით წაიკითხა და რომ დაამთავრა, უთხრა: – დიდებულია, ჩემო ლადო! მე ყველა მიყვარს, ვინც ქართველ ქალს აუგად არ იხსენიებს და მის ტანჯულ ისტორიას პატივს სცემს! – აქ კატომ გალაკტიონის შესანიშნავი სტრიქონებიც მოაგონა ლადოს: „საქართველოში ყველაზე მეტი გადაიტანა ქართველმა ქალმა“. რაკი ახალგაზრდა მწერლებისა და კატო მიქელაძის ურთიერთობაზე შევჩერდით, არ შეიძლება არ მოვიგონოთ და არ აღვნიშნოთ კატო მიქელაძის დიდი ადამიანური დამოკიდებულება და ამაგი ახალგაზრდა პოეტი ქალის, საფო მგელაძის მიმართ. რომ კატო არ ყოფილიყო, შეიძლება არც საფო მგელაძე გვყოლოდა და არც მისი რომანი „ლიანა ლორდია“. ეს ის დრო იყო, როცა პარიზიდან დაბრუნებული კატო მიქელაძე სათავეში ჩაუდგა გაზეთ „ხმა ქართველი ქალის“ გამოცემას. ამ ჯურნალის დაარსებით კატომ ბევრი ნიჭიერი ქალი შემოიკრიბა, ბევრი პროზაიკოსი თუ პოეტი ქალის გამოვლენას შეუწყო ხელი. ერთ-ერთი მათგანი საფო მგელაძე გახლდათ. საფო ამ დროს პროვინციაში ცხოვრობდა. სცადა ბედი, თავისი ლექსების რვეული ხელმოუწერლად ფოსტით გაუგზავნა ჟურნალ „ხმა ქართველი ქალის“ რედაქტორს, კატო მიქელაძეს. და რა დიდი სიხარული, რა ბედნიერი დღე იყო ის დღე, როცა პასუხი მოუვიდა. რედაქტორი, კატო მიქელაძე უცნობ ქალიშვილს, ნიჭიერი ლექსების ავტორს, წერდა: „სიამოვნებით გადავიკითხე თქვენი ლექსები, მომეწონა. დიდი სურვილი მაქვს, თქვენი პირადად ნახვისა და გაცნობისა. ერთმანეთს წაღვერში შევხვდეთ“. საუბედუროდ, სიკვდილთან უძლური აღმოჩნდა კატო. ბედმა მას აქაც კი არ გაუღიმა. საფო მაშინ გარდაიცვალა, როცა კატო ქალაქში არ იყო. იქნებ ასე სჯობდაო, – უთქვამს საფოს ქალიშვილს შუშანა მგელაძეს, – ის კიდევ უფრო დაიტანჯებოდა დედაჩემის უკანასკნელი წუთები რომ ენახაო. კატო მიქელაძეს არც შემდეგ შეუწყვეტია ურთიერთობა და მისვლა-მოსვლა საფოს ქალიშვილებთან და მის ოჯახთან. დაიწყო სამამულო ომი. კატო ამ დროს უკვე ხანში შესული იყო. მატერიალურად უჭირდა. ცხოვრობდა პენსიით და ფრანგული ენის კერძო გაკვეთილებით. ომში წასვლამდე ხშირად აკითხავდა მარტოხელა ქალს მისი „შვილობილი“ (ასე ეძახდა კატო მწერალ გოგი ქავთარაძეს), რომელიც დროდადრო ნავთსა და სანოვაგეს მაინც შემოურბენინებდა. ახლა ის მარტო უნდა დაეტოვებინა მეზობლების ამარა, რასაც დიდად განიცდიდა კატოს გულშემატკივარი პოეტი. რამდენჯერ შეუჩივლია კატოს გიორგი ქავთარაძისთვის: – ეჰ, ჩემო ბიჭიკო, განდეგილისა და მარიამ გარიყულის ენერგია რომ მქონოდა, რაღა გამიჭირდებაო. იმ ხანად გიორგიმ მაინც კიდევ მოახერხა და კატო ზაფხულში დასასვენებლად მშობლიურ იმერეთში გაგზავნა თავის სოფელ ცხრაწყაროში. – ისე კარგად შემხვდნენ, გული გამითბესო! – წერდა კატო თბილისში თავის უმცროს მეგობარს. გიორგი ერთობ აგხარებული იყო. კატომ იშვიათად იცოდა კმაყოფილების გამოთქმა. საჩქაროდ მას კიდევ პატარა ამანათი და თავისი ექსპრომტი გაუგზავნა კონვერტი. წაიკიტხავს, ესიამოვნება, გაუხარდებაო. „შენ იწერები, გული გაგითბეს, მე იმედმა და ფიქრმა შემმოსა, მარტო ვარ, მარტო, რა ვქნა, ვერ ვითმენ, მინდა გიცქირო საყვარელ მგოსანს. თვითონ ხარ ცეცხლი, უქრობი სითო, დასჯახებიხარ მოვარდნილ ფიქრებს, ბევრჯერ გრიგალი ყოფილხარ თვითონ“. ამასთან დაკავშირებით დიდ დროს არ გაუვლია, რომ გიორგიმ კატო მიქელაძისაგან ბოლო წერილი მიიღო. „ჩემო ძვირფასო გიორგი, – წერდა კატო, – დიდი მადლობა ძღვენისათვის, ლამაზი გრძნობებისათვის, რომელიც შენმა წერილმა მაგრძნობინა. მე შენ დღეიდან ისე გიყურებ, როგორც საკუთარ შვილს და ყოველი ღონითა და სურვილით მოვინდომებ შენს სიკეთესა და წარმატებას. ჩემი სურვილი არის ის, რომ შენ იყო ჯანსაღი და პირუთვნელი ადამიანი, როგორიც უნდა ყოფილიყო ჩემი შვილი, რომელიც ჩემს მოხუცებულობას დაატკბობდა. ჩემს თავმოყვარეობას დააკმაყოფილებდა“. ეპატიჟებოდნენ კატო მიქელაძეს სხვა ახლო მეგობრები და ნათესავები ქუთაისში, სოხუმში, ფოთში. ჩამოდი, დაისვენე, შენი ჭკვიანური ლაპარაკით დაგვატკბეო. კატო უყვარდა ყველას, ყველა პატივს სცემდა. ქართველი საზოგადოება უფრო მეტს მოითხოვდა, ისეთი განათლებული და დიდი დიაპაზონის ადამიანისაგან, როგორიც კატო მიქელაძე იყო. ამბობდნენ, მისი შესაძლებლობისა და ნიჭის მქონე მწერალს უფრო მეტი უნდა გაეკეთებინაო. მაგრამ თვითონ დრო იყო დამნაშავე. რევოლუციამ დიდი გარდატეხა მოახდინა ქართველი ხალხის სულიერ ცხოვრებაში, ბევრი რამ შეიცვალა. დიდი პრობლემები და სირთულე წამოჭრა. ამიტომ ახლა კატოს სხვისი ნაწერებიც არ აკმაყოფილებდა არამც თუ თავისი. იგი ხედავდა, თუ როგორ დიდ მოთხოვნილებას უყენებდა დრო მწერალს. ამიტომ იტყოდა ხოლმე იმ ერს, რომელსაც ჰყავს შოთა რუსთაველი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, დიდი ილია, აკაკი, ვაჟა და სხვა, თანამედროვე მწერალიც თავის ქვეყნის მოთხოვნილების სიამაღლეზე უნდა იდგესო. ებრძოდა ექსპრესიონისტებს, ფუტურისტებს, ცისფერყანწელებს. მოითხოვდა რეალისტურ მწერლობასა და პოეზიის პატივისცემას, ჭეშმარიტი პოეტური ნიჭის აღიარებას. კატო მიქელაძემ თავისი ნიჭი თარგმანშიც სცადა. ფრანგი ლირიკოსი პოეტებით გატაცებულმა, ბევრი კარგი ლექსის შესანიშნავი თAრგმანი დაგვიტოვა. ფრანგული ენისა და ფრანგული პოეზიის შესანიშნავი მცოდნე მოხდენილად უნარჩუნებდა ფრანგულ ლექსს თავისებურ სიმსუბუქეს და მუსიალურ ჟღერადობას. და ლირიკული მომხიბვლელობით იმდენად სავსე იყო ეს ლექსები, რომ ოჯახებში მღეროდნენ. ასეთია, მაგალითად, ფრანგი პოეტის სიული პრუდონის „ვედრება“. „ო, რომ იცოდე, თუ რა ტკივილით ჩემს გულს ობლობამ ხელი შეახო, იქნება მაშინ თქვენ გაივლიდეთ, სადაც მე ვცხოვრობ იმ სახლის ახლოს. როგორ მიყვარხარ, თქვენ რომ იცოდეთ და უთქვენობით როგორ ვარ ავად, მაშინ სირცხვილით თუნდაც იწოდეთ, შემოივლიდით ჩემს სანახავად“. ასევე თავისუფალ თარგმანებად შეიძლება ჩაითვალოს პოლ ვერლენის ლექსი „შემოდგომის სიმღერა“, ალფონს ლამარტინის „მარტოობა“ და სხვა. კატოს ფრანგი პოეტების თარგმანებზე მუშაობისას ყოველთვის გვერდზე ედო ტერენტი გრანელის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი „მიცვალებულის დღიურიდან“. ალბათ ფრანგ ლირიკოს პოეტების მძიმე სულიერ განწყობილებას, ტერენტი გრანელის გაუხარელ, უიღბლო ცხოვრებას ადარებდა. კატო მიქელაძის ლირიკულ ლექსებში, რომელიც იმ დროს იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში: „ტრიბუნა“, „ხმა ქართველი ქალის“, „თეატრი და ცხოვრება“, „რუბიკონი“, „ბარიკადი“ და სხვ. მოისმოდა სიმართლისა და ჭეშმარიტებისათვის მებრძოლი, ტრიბუნი პოეტი ქალის ხმა. ეს კატო მიქელაძის ერთ-ერთი საბრძოლო ამოცანა იყო. როგორც ვიცით, მისი ინიციატივით იქნა დაარსებული „ქალთა ლიგა“, ქალების ჟურნალი „ხმა ქართველი ქალის“ და სხვ. აი, რას წერდა იგი ეკატერინე გაბაშვილს, რომელსაც დიდ პატივს სცემდა და ამსთან საქმიანი მიწერ-მოწერა ჰქონდა. „ჩვენო საამაყო დიდო დედავ, კატო! თქვენი წერილი და მოთხრობა მივიღე. უკანასკნელი ჯერ არ გადამიკითხავს, მაგრამ ჩემთვის ესეც კმარა, რომ ეს თქვენი თხზულებაა, როცა თქვენ წერილს ვკითხულობდი, ვგრძნობდი, რომ რაღაც ღვთაებრივი ენერგია მემატებოდა, ჩიტივით შემაფრთხიალა და ისეთ სიმაღლეზე აღმიტაცა, რომ ჩემი თავი ქვეყნის მპყრობელი მეგონა. იმერული პირფერობით არ ჩამომართვათ ეგ ჩემი გულუბრყვილო აღსარება... მე ვფიქრობ, სრულიად უადგილოა გულჩახვეულობა და დუმილი იმ ადამიანის წინაშე, რომელიც ბავშვობიდან, შორიდან მიყვარდა და დღეს, როცა მოწიფული ქალი ბრძოლის ველზე გამოვდივარ, რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი კმაყოფილება, როგორც თქვენი ჩვენი მიზნისადმი თანაგრძნობა ჩემთვის. მე ჩემმა კერძო ცხოვრებამ აშკარად დამანახა, თუ როგორი უფსკრული სუფევს თანამედროვე ქალ-ვაჟთა სულიერ დამოკიდებულებებში, ვერავითარი ზევიდან ბოძებული უფლება ჩვენ ვერ გვიხსნის, თუ თვით ქალები არ მოვინდომებთ ჩვენი ადამიანური პიროვნების აღდგენას, გადახედეთ ჩვენ უბადრუკ ცხოვრებას, თუ რა ცოტა სჭირდებათ მამაკაცებს სახელისა და ავტორიტეტის მოსაპოვებლად... ჩვენ უნდა შევქმნათ ატმოსფერო ქალთა შემოქმედ ძალთა და აქტიურობის ასაღორძინებლად და ეს მოხდება მაშინ, როცა ქალები დაისწავლიან თავთავის ურთიერთპატივისცემას, რომელიც მისცემს მათ ნამდვილ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ის, ვინც დღეს იძახის „სწორუფლებით გაერთიანებას“, მას არასოდეს არ განუცდია სულიერი ტანჯვა თავის უუფლებო მდგომარეობისა. ჩვენ უნდა შევქმნათ ნამდვილი სულიერი კავშირი, რომ არავითარმა წინააღმდეგობამ არ შეგვაშინოს და განგვაცალკევოს. არც ერთი პასიური გამოურკვეველი ადამიანი არ უნდა იყოს სარედაქციო კოლეგიაში. საჭირო არ არის სიმრავლე რიცხვისა, ძალა ღირსებაშია და არა რიცხვში... საჭიროა სულიერი სიძლიერე, ენერგია და, თუ ასეთები ათამდე მაინც ვიქნებით, ბევრ რამეს გავაკეთებთ. ისე, ცოტა ჯანმრთელობას ვუჩივი, მაგრამ სანამ სიცხე ლოგინში არ ჩამაგდებს, თავი ყოველთვის ჯანსაღი მიმაჩნია. თქვენ სისტემატიურად გიგზავნით ჩვენს გაზეთს. თქვენი გულით პატივისმცემელი კ. მიქელაძე“. ჩვენს მიერ მიკვლეული დღემდე უცნობი ეს ლიტერატურული დოკუმენტი, ერთხელ კიდევ გვიჩვენებს, თუ როგორი თავგამოდებით იბრძოდა კატო მიქელაძე ქალთა თავისუფლებისათვის, მისი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. შემდეგშიც, საბჭოთა სინამდვილეშიც აქეთკენ იყო მიმართული მისი პროპაგანდისტული მუშაობა. რას არ აკეთებდა კატო იმისათვის, რომ აემაღლებია საზოგადოებაში მშრომელი ქალის როლი. იგი ხშირად აგზავნიდა ახალგაზრდა ქალებს ლექცია-მოხსენებების ჩასატარებლად სოფლებსა და დაბებში სოციალურ გარდაქმნათა მნიშვნელობის საკითხებზე. მან დააარსა ქალთა წრეები ზესტაფონში, სამტრედიაში, აბაშასა და სხვაგან. კატო მიქელაძე შთააგონებდა მშრომელ ქალებს ზურგი ექციათ იმ ძველისა და დრომოჭმულისათვის, რომელიც ხელს უშლიდა პროგრესული აზროვნების განვითარებას. კატოს არ შეეძლო არ დაენახა, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ არ იყო მომზადებული იმისათვის, რომ ჯეროვნად დაეფასებინა ქალის როლი და მნიშვნელობა საზოგადოებაში. იმ დროს იყვნენ ბურჟუაზიული შეხედულების მოაზროვნენი, რომელნიც ამტკიცებდნენ, რომ ქალში არ არის პიროვნება, რომ მასში არის მხოლოდ პასიური მატერია, ლამაზი ქანდაკება, რომლის ბუნებრივი დანიშნულებაა იყოს დედა – „ჰეტერა“ – და სხვა არაფერი. საზოგადოებრივი მოღვაწეობა, რევოლუციური თავგანწირვა, აქტიური მოქალაქეობრიობადა სხვა შეუფერებელია ქალისათვისო. ასეთი ადამიანები, – წერს კატო, – სიმახინჯის მეტს ვერაფერს დაინახავენ, ვერც ქალის, ვერც საზოგადოებრივ და ვერც პირად ცხოვრებაში. ყველა თავის პუბლიცისტურ წერილსა თუ საჯარო გამოსვლებში კატო მიქელაძე, როგორც დემოკრატიული მიმართულების მწერალი, იმ წერლების წინააღმდეგ გამოდიოდა, რომელთაც თავის მხატვრულ ნაწარმოებებში ქალი მამაკაცის გასართობ ტიკინად გამოჰყავდათ და არა, როგორც მეგობარი და როგორც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი. დღემდე ხელშეუხებელი და გამოუმზეურებელია მისი ერთ-ერთი საკმაოდ საინტერესო, ფუნდამენტური ნაშრომი „ვეფხისტყაოსანი“. ვფიქრობთ, კატო მიქელაძე, როგორც თავისებური ლიტერატურული მოვლენა, საინტერესოა და შესწავლის ღირსია. მას, ჯერ კიდევ ოცდაათიან წლებში, ჯეროვანი ყურადღება მიაქცია ამ დროს საქართველოში ჩამოსულმა რუსეთის გამოჩენილმა მწერალმა ქალმა ოლგა ფორშმა. მას კატო მიქელაძის გაცნობისა და მასთან საუბრის შედეგად დაებადა აზრი, შეექმნა წიგნი ქართველი საბჭოთა მწერალი ქალების შესახებ. მწერალი ბაბილინა ხოსიტაშვილი გვიამბობს: „– ფოიეში შემოვიდა ოლგა ფორში, ყველა მწერალი ქალი ერთად თავმოყრილი რომ დაგვინახა, გაუხარდა: „Вот оказывается гду вы все“, – გვითხრა გახარებულმა და ყველას სათითაოდ ჩამოგვართვა ხელი. – მე, საუბედუროდ, დრო არ მრჩება თქვენთან, ყველასთან გასაუბრებისა, მაგრამ თქვენს უფროს კოლეგასთან მომხიბვლელმა საუბარმა დამარწმუნა... წარმოდგენილი მაქვს, თუ რა საინტერესო ხართ თითოეული თქვენთაგანი... მოსკოვში ჩასვლისთანავე შევუდგები საბჭოთა ქართველი მწერალი ქალების წიგნზე მუშაობას. გთხოვთ, ჩემს წასვლამდე მომაწოდოთ თქვენი ჩანაწერები თქვენი მუშაობის შესახებ“. საუბედუროდ, ოლგა ფორშს არ დასცალდა თავისი ჩანაფიქრის განხორციელება, მაგრამ 1931 წელს ლენინგრადის ჟურნალ „ზვეზდაში“ მან დაგვიტოვა თავისი თბილი, პატარ-პატარა ანოტაციები – აზრი და შეხედულება ქართველი მწერალი ქალების შესახებ. „– კატო მიქელაძე, – წერს ოლგა ფორში, – ეს არის რედაქტორი ქალი, გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“, რომელიც ქალაქ ქუთაისში გამოდის. იგი არის საზოგადო მოღვაწე, პოეტი, მთარგმნელი, მიმდევარი აკაკი წერეთლის სამოქალაქო პატრიოტული ლირიკისა“ და სხვ. სამამულო ომის დღეებში ავადმყოფი კატო მიქელაძე გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს ომის მსვლელობას. არც ერთი გაზეთის მოწინავეს წაუკითხავს არ ტოვებდა, გამარჯვები იმედს არ კარგავდა, ჩემი სიყვარული საბჭოთა ხალხის გამარჯვებას ფეხზე უნდა შევხვდეო. მაგრამ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ისიც უთქვამს: – თუ ვერ მოვესწარი, სიკვდილმა მიწია, საფლავში მაინც ჩამომძახეთ ჩემი ხალხის გამარჯვებაო. სამი წელი იყო დარჩენილი სამამულო ომის დამთავრებამდე. 1943 წლის 1 იანვარს იგი უკვე ცოცხალი აღარ იყო. კარგად წერს კატოს დაკრძალვის დღის შესახებ მისი უმცროსი მეგობარი, მწერალი გიორგი ქავთარაძე: „კატო მიქელაძის დასაფლავებას მხოლოდ რამდენიმე მწერალი და მისი პირადი მეგობარი დაესწრო. დასაფლავების დღეც ისეთივე და ბობოქარი იყო, როგორც მთელი მისი გაუხარელი ცხოვრება“.
წყარო: ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალები, თბილისი, 1990