‍ალექსანდრე მიქაბერიძე (1866-1943)

ავტორი: მიხეილ კეკელიძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

0116 mikaცნობილი პედაგოგი და ლიტერატორი ალექსანდრე მიქაბერიძე დაიბადა წყალტუბოს რაიონის სოფელ ყუმისთავში 1866 წელს.

თავის „მოგონებებში იაკობ გოგებაშვილზე”, რომელიც ალექსანდრე მიქაბერიძემ 1939 წელს დაწერა, მისი ბავშვობის პერიდთან დაკავშირებით, შემდეგს ვკითხულობთ: ორი წლის განმავლობაში, როგორც ამჟამად მაგონდება, ეს წიგნი („დედა-ენა”) დავსძლიე. დიდი აღტაცებით ვკითხულობდი ამ წიგნში მოთავსებულ პატარ-პატარა ამბებს და ლექსებს. წიგნში დართული სურათები ძალიან მომწონდა და ხშირად ვათვალიერებდი... ლექსთა შორის განსაკუთრებით რატომღაც სოლოღას შესახებ ლექსი მომწონდა. ეს შედარებით მოზრდილი ლექსი თავიდან ბოლომდე ზეპირად შევისწავლე... დედაჩემი, როცა სოლოღას ლექსს ჩემებურად „ჩავუბულბულებდი”, გულში მაგრად ჩამიკრავდა და ალერსიანად მეტყოდა ხოლმე: ჩემო სიხარულო, გენაცვალოს დედაშენი! თუ ბეჯითად და კარგად ისწავლი, დიდი ნასწავლი კაცი გამოხვალ”. მართალია, დედაჩემის ეს იმედი ჩემმა მომავალმა ცოვრებამ ვერ გაამართლა, მე ვერც დიდი ნასწავლი და ვერც დიდი კაცი გამოვედი ცხოვრებაში, მაგრამ დედაჩემის ეს ტკბილი ალერსი დღესაც, ამ სამოცი წლის შემდეგ, ყურთასმენას მიტკბობს და სიამოვნებით ვიგონებ იმ დროს, როცა ჩემმა მასწავლებელმა პირველად მომცა ხელში იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენა”, რომელმაც სამშობლო ენის სიტკბოება ყურში სათუთად ჩამაწვეთა და ბავშვობიდანვე გულში ღრმად ჩამინერგა სამშობლოს სიყვარული და პატივისცემა”.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ალექსანდრე მიქაბერიძე უმაღლესი განათლების მისაღებად პოლონეთში გაემგზავრა და წარმატებით დაასრულა ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ&ნბსპ; პირველ ხანებში ქ. განჯაში მსახურობდა. ამ პერიოდიდან იწყება მისი სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლაც ჯერ კორესპონდენციების, შემდეგ კი საფუძვლიანი სტატიების გამოქვეყნებით.

ალექსანდრე მიქაბერიძეს კარგად ესმოდა, რომ სამშობლოსა და ხალხისადმი სიყვარული მარტო სიტყვებით ვერ დამტკიცდებოდა. საჭირო იყო საზოგადოებრივ საქმიანობაში მხურვალე მონაწილეობის მიღება და მოწინავე იდეებისათვის ბრძოლა.

„კვალის” 1896 წლის 46-ე ნომერში ის „ცრუქართველების” მისამართით წერდა: „სამწუხარო და სავალალო ისაა, რომ ზოგიერთი „ხალხის გულშემატკივარი” პირები ჩვენში ფარნით საძებნელია, მაშინ როდესაც უმაღლესი კურსდამავრებულნი ქართველებს არა ერთი და ორი ჰყავთ... ავიღოთ, მაგალითისათვის, თუნდ ჩვენი საზოგადოების ის პირები, რომლებიც პრაქტიკული თუ თეორიული მოღვაწეობით სწავლა-განათლების საქმეს ემსახურებიან ჩვენში, ანუ უკეთ ვთქვათ, უნდა ემსახურებოდნენ. ვინ არიან ამ ეკლიან ასპარეზზე თავდადებულნი მოღვაწენი, ვის გაუთბია ქართველი მოწაფის გული რომელიმე საგნის სამშობლო ენაზე შეთვისებით? ყველას, გიპასუხებთ, მხოლოდ მათ კი არა, ვისაც უფრო მეტი მოეთხოვებათ... დროა, ჩემი ფიქრით, ყველა ჩვენი საზოგადოების პროფესიის პირმა თვალი გაახილოს, დროა თითოეულ ჩვენგანს თავიანთი წვლილი შეიტანოს იმ საზოგადო სალაროში, რომელსაც ერის გონების განვითარების საქმეს ეძახიან; დროა თითოეულმა ქართველმა ის აზრი შეიგნოს და შეისისხლხორცოს, რომ ყოველივე ერის წინმსვლელობის საქმე მჭიდროთ არის დაკავშირებული ამავე ერის გონებრივ განვითარებასთან”.

თავის პირად ცხოვრებაში ალექსანდრე მიქაბერიძე ყოველთვის უანგაროდ ახორციელებდა ამ შეხედულებას. პრესაში მონაწილეობით, ჯერ თბილისის ქართულ და შემდეგ ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში ნაყოფიერი მუშაობით, ქართულ საბავშვო ჟურნალებში აქტიური მონაწილეობით მან შეძლო ჩვენი მოწინავე საზოგადოების პატივისცემისა და სიყვარულის დამსახურება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი საქმიანობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, სადაც ის ცნობილი საზოგადო მოღვაწის დავით კარიჭაშვილის შემდეგ მდივნად აირჩიეს. ალექსანდრე მიქაბერიძეს აუსრულდა დიდი ხნის ნატვრა. მას შესაძლებლობა მიეცა იაკობ გოგებაშვილის არა მარტო გაცნობისა, არამედ მასთან დამეგობრებისა და ერთად მუშაობისა. თუ რა დიდი სიყვარულით და ავტორიტეტით სარგებლობდა „დედა-ენის” დაუვიწყარი შემდგენელი, კარგად გადმოგვცემს ალექსანდრე მიქაბერიძის მოგონების ერთი ნაწყვეტი. „ვინ მოსთვლის, ჩემი ბავშვობის დროს, რამდენჯერ მინატრია, ეს ჩვენი დიდი მასწავლებელი და მეგობარი, ეს ჩვენი დიადი მოამაგე, ჩემი საყვარელი „დედა-ენის” შემდგენელი ერთხელ მაინც მაჩვენა-მეთქი. ...გიმნაზიასა და უნივერსიტეტში სწავლის დროს ხშირად ვკითხულობდი ქართულ გაზეთებში იაკობ გოგებაშვილის საყურადებო წერილებს და სიამოვნებით ვიგონებდი ჩემი ბავშვობის იმ ხანას, როცა „დედა-ენის” ავტორის ნახვისა და გაცნობის სურვილი ასე რიგად მოსვენებას არ მაძლევდა”.

იაკობ გოგებაშვილის წინადადებით ალექსანდრე მიქაბერიძეს სხვებთან ერთად ხშირად შეუმოწმებია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლები და თავისი საქმიანი, გონივრული რცევა-წინადადებებით სკოლების პედაგოგიური მუშაობის სწორ გზაზე დაუყენებია. იგი თავგამოდებით იბრძოდა უხამსი „მუნჯური” მეთოდის წინააღმდეგ. ამ მეთოდის უვარგისობის შესახებ, რომლის გამოყენება სკოლაში ხშირად სასაცილო მდგომარეობაში აყენებდა როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს, ბევრჯერ დაწერილა, მაგრამ არა გვგონია, ვინმეს ისე მკაფიოდ დაეხატოს „მუნჯური” მეთოდით ჩატარებული გაკვეთილის სურათი, როგორც ეს მოგვცა ალექსანდრე მიქაბერიძემ თაის „მოგონებებში იაკობ გოგებაშვილზე”.

ამ მეთოდის მახინჯი მხარე ის იყო, რომ არამშობლიური ენის შესწავლის დროს მასწავლებლები გაუარბოდნენ მოსწავლეთათვის მშობლიურ ენაზე აეხსნათ ცნობები და დაესახელებინათ საგნები. ამის ნაცვლად თვალსაჩინოებას აყენებდნენ, რომელიც ძლიერ თავისებურად ესმოდათ და სავალალო და სასაცილო შედეგს ღებულობდნენ.

900-იანი წლების დასაწყისში იაკობ გოგებაშვილმა და ალექსანდრე მიქაბერიძემ ახალსენაკის სასულიერო სასწავლებლელი შეამოწმეს. სასწავლებელში მუშაობდნენ ცნობილი პედაგოგები ვასილ ბარნოვი, ამბროსი ხელაშვილი, ქრისტეფორე უღრელიძე, ნიკო ჭარაია, ნიკო თუთბერიძე და სხვა, რომლებმაც თავიანთი ენერგიული და გონივრული პედაგოგიური მუშაობით სწავლა-აღზრდის საქმეში საუკეთესო შედეგებს მიაღწიეს. ამ სასწავლებელს ქართველი საზოგადოების დიდი თანაგრძობა ჰქონდა მოპოვებული. იაკობ გოგებაშვილისა და ალექსანდრე მიაბერიძის ახალსენაკში ჩასვლას და სასწავლებლის შემოწმებასაც მიზნად ჰქონდა სკოლის შემდგომი მუშაობის კიდევ უფრო გაუმჯობესება.

ამავე დროს ახალსენაკში მთავრობას გახსნილი ჰქონდა ე. წ. „ნორმალური სასწავლებელი”. „ყველა საგნების სწავლება რუსულ ენაზე წარმოებდა. რუსული ენის სწავლების დროს მასწავლებელი ვალდებული იყო მთლიანად გამოეყენებინა ეგრეთ წოდებული მუნჯური მეთოდი, ანუ როგორც იმჟამად ეძახდნენ ამ მეთოდს „ბუნებრივი მეთოდი”.

ახალსენაკის „ნორმალური სასწავლებლის” გამგედ იყო ერთ-ერთი გადაგვარებული მასწავლებელი. როდესაც გაუგია, ახალსენაკში იაკობ გოგებაშვილის და ალექსანდრე მიქაბერიძის ჩასვლა, ისინი თავის სასწავლებელში მიუწვევია და უთხოვია, ჩემს გაკვეთილებს დაესწარითო. მიუხედავად იმისა, რომ იაკობ გოგებაშვილს არ სურდა ნორმალური სასწვლებლის დათვალიერება, მაინც შემდეგ შეთანხმებულან და დასწრებია გამგის გაკვეთილს. აი, როგორ აღგვიწერს ამ გაკვეთილს ალექსანდრე მიქაბერიძე:

„მისალმების შემდეგ თავისუფლად ამოვისუნთქეთ. მასწავლებელი სკამზე ჩამოჯდა და ბავშვებს ჰკითხა:

– რას აკეთებს მასწავლებელი?

– მასწავლებელი სკამზე ზის! – გუნდად უპასუხეს მოწაფეებმა.

მასწავლებელი ფეხზე წამოდგა. – ახლა რას აკეთებს მასწავლებელი?

– მასწავლებელი ფეხზე დგას.

მასწავლებელი მერხების წინ დაფენილ ჭილოფზე წვება, თვალებს ხუჭავს, ვითომ მძინავსო და ხმამაღლა ხვრინავს. შემდეგ მოსდევს კითხვა:

– რას აკეთებს მასწავლებელი?

– მასწავლებელი ჭილოფზე წევს.

– კიდევ რას აკეთებს?

– მასწავლებელს ძინავს.

– ძილში მასწავლებელი რას აკეთებს?

– ძილში მასწავლებელი ხვრინავს.

ბ-ნი ე. ამის შემდეგ ერთბაშად იმღერის, იცინის, ცეკვავს, ხტუნავს, ტირის და თითოეულ ამ მოქმედების დროს მოწაფეებს ეკითხება, ახლა მასწავლებელი რას აკეთებს?

მოწაფეები გუნდად უპასუხებენ – მასწავლებელი მღერის, იცინის, ცეკვავს, ხტუნავს და სხვ.

ამრიგად, როცა ბ-ნმა ე-მ წინასწარ დამუშავებული მასალა მთლიანად ამოწურა, იგი მიუბრუნდა მოწაფეებს და უთხრა: აბა, ბავშვებო, ყური დამიგდეთ, ახალ მასალას აგიხსნით და, რაც გასწავლოთ, კარგად დაიმახსოვრეთ.

სწავლების საქმეში მეტად დახელოვნებულმა მასწავლებელმა კედლიდან ჩამოიღო დიდი სურათი, რომელზედაც დახატული იყო ქათამი, მოწაფეებს აჩვენა და სამჯერ გარკვევით გაიმეორა: „ამ სურათზე დახატულია ქათამი”.

მასწავლებელი შედგა მერხების წინ დაფენილ ჭილოფზე, ჩაცუცქდა და ვითომ ქათამი ვარო, ხელები ქათმის მხრებივით მოიმარჯვა, კისერი დაიგრძელა და ქათმის მსგავსად აკაკანდა.

– ბავშვებო, ჭილოფზე შემდგარი ქათამი კაკანებს, – სამჯერ გარკვევით გაუმეორა მოწაფეებს”.

– აბა, ახლა მითხარით, სად დგას ქათამი?

– ქათამი ჭილოფზე დგას.

– რას აკეთებს ქათამი ჭილოფზე?

– ქათამი ჭილოფზე კაკანებს.

ამ ინსცენირების შემდეგ ბ-ნმა ე-მ ხელები უკან მიიბრუნა, საჯდომზე მოიმარჯვა, მცირე ხანს კაკანი მორთო და მარჯვენა ხელში დაჭერილი კვერცხი მოწაფეებს აჩვენა.

– აი, ბავშვებო, ჩვენმა ქათამმა კვერცხი დასდო – გაიმეორეთ გუნდად.

– ჩვენმა ქათამმა კვერცხი დასდო, – უპასუხეს მოწაფეებმა.

როცა ბ-ნი ე. ამ კაკანსა და კვერცის ხელოვნურად დადებას მორჩა და დარწმუნდა, რომ მოწაფეებმა ყოველივე მის მიერ განმარტებული ახალი ცნება საკმარისად შეიტვისეს, კედლიდან მეორე სურათი ჩამოიღო, რომელზედაც საუკეთესო ჯიშის ღორი იყო დახატული...

– ბავშვებო, ამ სურათზე დახატულია ღორი. აბა, გაიმეორეთ!

– ამ სურათზე დახატულია ღორი, – უპასუხეს მოწაფეებმა.

მასწავლებელი გაიშოტა იატაკზე დაფენილ ჭილოფზე, ხელები ღორის წინა ფეხებივით მოიმარჯვა, ფეხები ღორის უკანა ფეხებივით შემოიკრიბა, თავი ხელებზე ჩამოსდო.

– ბავშვებო, წარმოიდგინეთ, რომ მე ვითომ ღორი ვარ. ყური დამიგდეთ! ჭილოფზე გაშოტილმა მასწავლებელმა დაიწყო ღოვივით ღრუტუნი.

– აი, ბავშვებო, ღორი ღრუტუნებს, ღორი ღრუტუნებს. გაიმეორეთ!

მოწაფეებიც იმეორებდნენ: ღორი ღრუტუნებს, ღორი ღრუტუნებს.

– აბა, ახლა მითხარით, ვინ წევს ჭილოფზე? – შეეკითხა მასწავლებელი მოწაფეებს.

– ჭილოფზე წევს ღორი, – უპასუხეს მათ.

– კეთილი! რას აკეთებს ღორი?

– ღორი ღრუტუნებს.

სწორედ იმ დროს, როცა ჩვენი პესტალოცი ჭილოფზე იყო გაშოტილი და ღორივით ღრუტუნებდა და თან მოწაფეებს შეკითხვებს აძლევდა, სასწავლებლის შენობის დერეფნიდან ზარის ხმა გაისმა.

ბ-ნმა ე-მ სასწავლებლის ეზოს კარებამდე თავაზიანად მიგვაცილა. გამოსალმებისს მან მორიდებით თხოვა იაკობ გოგებაშვილს თავისი აზრი გამოეთქვა მოწაფეთა წარმატების შესახებ.

იაკობმა გამოთხოვებისას მასწავლებელს ღიმილით გაუწოდა ხელი და უთხრა: „აბა, რა უნდა გითხრათ! თქვენ ეშმაკებს ჩაუგდიხართ ხელში და მათ სასარგებლოდ იყენებთ მთელ თქვენს პედაგოგიურ ნიჭსა და გამოცდილებას. ეშმაკების მიერ ხელ-ფეხ შებოჭილს ზურგი შეგიქცევიათ ყოველივე იმისათვის, რაც ჭეშმარიტ პედაგოგიურ მეცნიერებას დღემდე გამოუმუშავებია. მთელ თქვენს აზრსა და გონებას ეშმაკები დაუფლებიან. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ქართველი ხალხი თავის დროზე, და ეს დრო არც ისე შორსაა, სამართლიან მსჯავრს დასდებს თქვენს აწინდელ მოღვაწეობას”.

აი, ასეთი მეთოდით ასწავლიდნენ რუსიფიკატორი უნიჭო მასწავლებლები მოსწავლეებს და, ცხადია, თუ რა შედეგი უნდა მოჰყოლოდა მას. სკოლაში რამდენიმე ხნის სიარულის შემდეგ ბავშვები სწავლას თავს ანებებდნენ და მთავრობის ერთგული დამქაშები ამას „ადგილობრივი მცხოვრებლების უნიჭობითა და მოუნდომებლობით ხსნიდნენ”.

1901 წლის ოქტომბერში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაისვა საკითხი ბათუმის სკოლაში მესამე მასწავლებლის შესახებ. რადგანაც მესამე მასწავლებლის შესანახი საშუალება წერა-კითხვის საზოგადოებას არ გააჩნდა, ამიტომ ზოგიერთმა გამოთქვა აზრი სკოლაში სწავლის ქირის შემოღების შესახებ. ამ საკითხს ვრცლად გამოეხმაურა ა. ყუმისთაველი (მიქაბერიძე), რომელიც „ივერიაში” წერდა: „ბათუმის სკოლაში სწავლის ფულის შემოღება დიდი უსამართლობა იქნება ჯერ იმიტომ, რომ ეს სკოლა ღარიბთათვისაა დაარსებული და გადასახადის შემოღება ძირითადი პრინციპის უარყოფა იქნება; და მერე ნუ დაივიწყებთ, რომ ეს სკოლა ჯერჯერობით განსაკუთრებულს პირობებშია. მისი თავი და თავი დანიშნულება ის არის, რომ ქართველი მაჰმადიანები მოიზიდოს და მათი შვილები თავის მოწაფეებად გაიხადოს, ხოლო უკეთუ სწავლის ფულს შემოვიღებთ, მაჰმადიანებს ჩვნ სკოლას მოვაშორებთ და ეს გარემოება, ვგონებ, არავისათვის სასურველი არ იქნება”.

მთელ რიგ თავის წერილებში ალექსანდრე მიქაბერიძე სასტიკად აკრიტიკებდა ძველ საშუალო სასწავლებლებში გამეფებულ სულისშემხუთველ ატმოსფეროს. მასწავლებელთა და მოსწავლეთა შორის არსებული განხეთქილება, რასაც ხშირად მოსწავლე თვითმკვლელობამდე მიჰყავდა, ან ბიუროკრატი-მასწავლებლის ფიზიკურ შეურაცხყოფას იწვევდა, დამღუპველად მოქმედებდა ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეზე. ალექსანდრე მიქაბეიძე იბრძოდა ისეთი მასწავლებლების წინააღმდეგ, რომელნიც თავის მოვალეობას უსულგულოდ და თითქოს ძალდატანებით ასრულებდნენ და გაკვეთილების ჩატარების შემდეგ სრულიად არ ახსოვდათ ის თაობა, რომლის აღზრდაც მათზე იყო დამოკიდებული. ის ვერ ურიგდებოდა აგრეთვე შიშზე დამყარებულ დისციპლინას და მოწინავე პედაგოგებთან ერთად მხურვალედ მოითხოვდა საშუალო სკოლის რადიკალურ რეფორმას.

ამ საკითხს უძღვნა ალექსანდრე მიქაბერიძემ ფრიად საყურადღებო წერილი „საშუალო სკოლის რეფორმის გამო”. ავტორი მკაფიოდ ახასიათებს ძველი სკოლის უარყოფით მხარეებს და გაბედულად სვამს საკითხს სწავლა-აღზრდის მოძველებული და მიუღებელი სისტემის შეცვლისა და გარდაქმნის შესახებ. „ხანგრძლივმა გამოცდილებამ ყველანი საკმაოდ დაარწმუნა, – წერს სტატიის ავტორი, – რომ აწინდელი საშუალო სკოლა ორ მოპირდაპირე ბანაკად არის განაწილებული. ცალმხრივ მოსწავლენი და ცალმხრივ მასწავლებლები და მათ შორის – არავითარი სულიერი კავშირი. მასწავლებელი ერთობ ფორმალურ ნიადაგზე ამყარებს თავის მოღვაწეობას, ფორმალური კანონებით ხელმძღვანელობს და ამის გამო შეგირდების სულისა და გულის ვითარება ვერ შეუგნია. შეგირდიც ერიდება მასწავლებლებს, ვერ ამცნებს მას თავის გულის ნადებს, თავის მწუხარებასა და სიხარულს. მასწავლებელი იცნობს მხოლოდ კლასს, შეგირდების კრებულს და გარეშე გაკვეთილებისა არაფრით არაა დაკავშირებული სკოლასთან, შეგირდებსა და მასწავლებლებს შორის გაკვეთილების დამთავრებისთანავე ყოველი დამოკიდებულება წყდება. ასეთი ურთიერთ შორის გულგრილობის გამო მასწავლებელი სრულაიდ უგულებელს ჰყოფს შეგირდის ინდივიდუალურს თვისებას, ხოლო თვითეულის შეგირდის თვისების ცოდნა აუცილებლად საჭიროა მასწავლებლისათვის, რომელსაც სურს ნაყოფიერი სწავლა”.

იგი მოითხოვს, „მთელი სკოლის ცხოვრება მასწავლებელთა თვალწინ იშლებოდეს, მასწავლებლის მოვალეობა მარტო გაკვეთილების მიცემით კი არ ისაზღვრებოდეს, არამედ მუდამჟამს შეგირდებში უნდა ტრიალებდეს როგორც მასწავლებლის, ისე აღმზრდელის სახით. ასე ერთმანეთს დაახლოებული შეგირდი და მასწავლებელი ერთმანეთს უფრო გაიცნობენ და მათ შორის დამკვიდრდება მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ასე სანატრელია დღევანდელი საშუალო სკოლისათვის”.

ამავე საკითხებს ალექსანდრე მიქაბერიძე სხვა წერილებშიც ეხებოდა. „საშუალო სასწავლებლის ნორმალური მდგომარეობა ამჟამად ყველასათვის ცხადია, აგერ რამდენიმე წელიწადია, რაც საზოგადოება დრტვინავს, უკმაყოფილებას აცხადებს, მაგრამ სამის კეთილად მოწყობს არა ეშველა რა. საშუალო სასწავლებლების ნორმალურად მოწყობას მრავალი სოციალური და პოლიტიკური პირობები უშლის ხელს და ჯერ კიდევ დიდი დრო არის საჭირო, რომ სასურველად მოეგვაროს”, – წერდა ალექსანდრე მიქაბერიძე 1911 წლის ჟურნალ „განათლებაში”.

ერთ-ერთ დიდ ხარვეზად სკოლების მუშაობაში მას მიაჩნდა უცხო ენების სწავლების ჩამორჩენა. „მე-18 საუკუნის გასულს, – აღნიშნავდა წერილის ავტორი, – საერო განათლების სამინისტროს აზრად ჰქონდა დასახული, რომ გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მოწაფეებს უცხო ენებზედ ლაპარაკი შეძლებოდათ. საშუალო სასწავლებლებში იმჟამად უმთავრესდ თავად-აზნაურების შვილები სწავლობდნენ და ამიტომ საზოგადოების და სამინისტროს სურვილი იყო, რომ სახელმწიფოს „წარჩინებულ” წოდების შვილებს გიმნაზიის დამთავრების შემდეგ „სალონებში მოხერხებულად ელაპარაკნათ” ფრანგულად და გერმანულად. ტოლსტოისა და დელიანოვის მინისტრობის დროს უცხო ენების სწავლება საშუალო სასწავლებლებში ეგრეთ წოდებული „გრამატიკული მეთოდის” საშუალებით წარმოებდა. ამ მეთოდით სწავლებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერავითარი ნაყოფი ვერ გამოიღო”. შემდეგში „სამინისტრომ უცხო ენების სწავლების მიზანი უფრო თანადროული მიზნით შეცვალა. ნაცვლად „გრამატიკული მეთოდისა”, შემოიღო ეგრეთ წოდებული „ბუნებრივი მეთოდით” სწავლება. მაგრამ სასურველი შედეგი არც ამას მოჰყოლია. ალექსანდრე მიქაბერიძის აზრით, „მომავალშიც რომ უცხო ენების სწავლება აწინდელ მდგომარეობაში არ დარჩეს, აუცილებლად საჭიროა ამ ენების სწავლების მეთოდი და თვით მიზანიც შეიცვალოს იმრიგად, რომ საშუალო სასწავლებლებისათვის ხელმისაწვდომი იყოს.

ჩვენი აზრით, უცხო ენების სწავლება მხოლოდ მაშინ მოიტანს საგრძნობელ ნაყოფს, თუ რომ საშუალო სასწავლებლების კურსდამთავრებულთ მოთხოვენ მხოლოდ წაკითხულის თავისუფლად გაგებას და სათანადოდ განმარტებას. ამ მიზნის მიხედვით სწავლების მეთოდიც უნდა შეიცვალოს, ნაცვლად ბუნებრივი მეთოდისა შემოღებულ უნდა იქნას ბუნებრივ-თარგმნითი მეთოდი, რაც ერთი-ორად შეუწყობს ხელს უცხო ენების ნაყოფიერად სწავლების საქმეს”.

ერთ-ერთ მტკივნეულ საკითხს ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ძველად წარმოადგენდა ის, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი, რომელიც საშუალო სკოლას ამთავრებდა, ეკონომიკური შეუძლებლობის გამო ვეღარ ახერხებდა უმაღლეს სასწავლებლებში ცოდნის მიღებას. ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად მე-19 საუკუნის 90-იან წლებში განუზრახავთ „ქართველ შეუძლო მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების” დაარსება. 1895 წელს გიორგი წერეთლის თავმჯდომარეობით, ერთ-ერთ კრებაზე განუხილავთ და მოუწონებიათ პროექტი მომავალი საზოგადოებისა, რომელიც მიზნად ისახავდა დახმარება აღმოეჩინა ღარიბ ქართველ მოსწავლეთათვის. ამ წამოწყებას მხურვალედ დაუჭირა მხარი ალექსანდრე მიქაბერიძემ, რომელიც ამასთან დაკავშირებით წერდა: „ვინ არ იცის, რომ ქართველი ახალგაზრდობა რის ვაი-ვაგლახით და ჭაპან-წყვეტით ათავებს გიმნაზიებს და სხვა საშუალო სასწავლებლებს. მაგრამ შუა გზაზე ფრთები ეკეცება, ზოგი მათგანი შეუძლებლობის გამო უნივერსიტეტის კარებსაც ვერა ნახულობს და უდროოდ გულჩათუთქულნი, იმედგაქარწყლებულნი ცხოვრების წაღმა-უკუღმა ტრიალს მიჰყვებ-მოჰყვებიან.

...აი, სწორედ ამისათვის საჭიროა დამასთან სანუკვარი, ზემოთ დასახელებული პროექტი, რაც შეიძლება მალე და მალე დამტკიცდეს. ეგებ, მაშინ ჩვენი მოსწავლე-ახალგაზრდობის ბედ-იღბალი, ასე თუ ისე, მაინც შეიცვალოს და მათმა სწავლამ და შრომამ სასურველი ნაყოფი მოიტანოს”.

თვითმპყრობელობის დროს, როდესა ოფიციალრუი სკოლა მთავრობის ხელში წარმოადგენდა რუსიფიკაციის ერთ-ერთ მძლავრ საშუალებას, როდესაც მოწინავე ქართველი მასწავლებლები დევნასა და შევიწროებას განიცდიდნენ, როდესაც ქართველ მოსწავლეებს ათასნაირ დაბრკოლებებს უქმნიდნენ საშუალო ცოდნის მიღებისას, საჭირო იყო პროგრესულ იდეებზე აღზრდილი ჩვენი მოღვაწეების შეერთებული შრომა და ბრძოლა, რათა ბიუროკრატიული მმართველობის ბნელ ზრახვებს განხორციელება არ ღირსებოდა. ამგვარი ბრძოლის ბრწყინვალე მაგალითებს უჩვენებდნენ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთლი, იაკობ გოგებაშვილი და მათ გარშემო დარაზმული მოწინავე პედაგოგები, რომლებიც ეროვნული სკოლის დასაფუძნებლად ძალ-ღონეს არ იშურებდნენ და ყველაფერს აკეებდნენ იმისათვის, რათა ქართველ ახალგაზრდობას მშობლიურ ენაზე სწავლა-განათლების მიღების უფლებები მოეპოვებინა.

ცხადია, თვითმპყრობელობა და მისი ერთგული წარმომადგენლები ყოველნაირად ცდილობდნენ, ძირშივე ჩაეკლათ ყოველი პროგრესული მოსაზრება და გასაქანს არ აძლევდნენ სკოლაში ნათელი და პედაგოგიურად გონივრული იდეების გამტარებელ მასწავლებლებს. მაგრამ სახალხო განათლების დარგის მოღვაწეები, რეპრესიების მიუხედავად, ენერგიულად განაგრძობდნენ მაინც ბრძოლას მიზნის მისაღწევად.

ამ საკითხს ეხებოდა ალექსანდრე მიქაბერიძე თავის საყურადღებო წერილში „გერმანიის მასწავლებელთა კავშირი” და ასეთ აზრს გამოთქვამდა: „თანამედროვე ცხოვრების პირობები მეტად გართულდნენ და გამრავალფეროვანდნენ. ამ გართულებულ პირობებში ცხოვრების სარბიელზედ მხოლოდ ის იმარჯვებს, მხოლოდ ის უმკლავდება ახალი ცხოვრების მიერ წარმოშობილს სიძნელეს, ვინც უფრო კარგად შეიარაღებულია სწავლა-განათლებით”. მაგრამ რადგანაც სწავლების არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ახალგაზრდობისათვის საფუძვლიანი ცოდნის მიცემას, ამიტომ ალექსანდრე მიქაბერიძე მოითხოვს სკოლის ძირფესვიანად გარდაქმნას, რასაც მასწავლებლობამ, მისი აზრით, შეერთებული შრომითა და ერთმანეთს შორის მტკიცე კავშირით უნდა მიაღწიოს.

„სწავლა-განათლების საქმის უფრო ნაყოფიერად მოწყობისა და წარმართვისათვის საჭირო არის საერო განათლების ასპარეზზედ მომუშავეთა შეერთებული, კპოლექტიური შრომა, რომელიც თავის დროზედ დიდ ზნეობრივ ძალად გადაიქცევა და ფასდაუდებელ სარგებლობასაც მოუტანს ქართველ ერს. რაც ამჟამად თითოეული კერძო მუშაკისათვის შეუძლებელი და მიუწვდომელია, კოლექტიურად და თანხმობით მუშაობის დროს ადვილად მოსახერხებელი შეიქნება.

მეტსაც ვიტყვით, თუ საერო განათლების ასპარეზზედ მოღვაწენი შეკავშირდებიან და საერთო ძალით აწარმოებენ ჩვენში სწავლა-განათლების საქმეს, ყოველ ეჭვს გარეშეა, რომ ბიუროკრატიული მთავრობა ანგარიშს გაუწევს ასეთს შეერთებულს ძალას და ის ჯაჭვები, რომლებითაც ასე მაგრა შებოჭვილია ამჟამად ჩვენში სწავლა-განათლების საქმე, თუ მთლად არა, ნახევრად მაინც დაიმსხვრევა”.

მართალია, ალექსანდრე მიქაბერიძის ეს სურვილ იმხოლოდ თვითმპყრობელობის დამხობის შემდეგ განხორციელდა, მაგრამ თავის დროზე ქართველ მასწავლებელთა ამგვარ ბრძოლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და საზოგადოებას ზნეობრივად ამხნევებდა.

ალექსანდრე მიქაბერიძეს კარგად ჰქონდა შეგნებული, რომ „ნორმალურად მოწყობილი სასწავლებლები, მოზარდი ახალთაობის სწავლა-აღზრდის საქმის წესიერად, პედაგოგიურად წარმოება საუკეთესო თავდებია საზოგადოების კეთილდღეობისა. ყველგან, სადაც კი ხალხის სულიერი და ნივთიერი კეთილდღეობის დამყარება წმინდა მოვალეობად არის მიჩნეული, მოზარდი ახალთაობის სწავლა-აღზრდის საქმეს განსაკუთრებული ყურადღება აქვს მიქცეული”. ავტორი სამართლიანად მიუთითებს, რომ სკოლა საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან გამოთიშული არ უნდა იყოს, რადგანაც „საზოგადოების შეხედულება სწავლა-განათლების შესახებ პოულობს ფართო და თავისუფალ ასპარეზს სკოლაშიც, რომელიც განმახორციელებელია საზოგადოების აზრისა და ამრიგად, სულიერა არის შეკავშირებული თვით საზოგადოებასთან”.

ალექსანდრე მიქაბერიძის აზრით, მოწინავე საზოგადოებამ მეტი მონაწილეობა უნდა მიიღოს მოზარდი თაობის აღზრდის საქმეში. „საზოგადოება და სკოლა. აი, ორი მძლავრი ფაქტორი, რომელიც მოზარდი ახალთაობის სწავლა-განათლების საქმეს გონივრულად უნდა ააწრმოებდეს.

საზოგადოებასა და სკოლას შორის მჭიდრო კავშირი უნდა არსებობდეს, რომ სწავლა-განათლების საქმემ მართლაც სასურველი ნაყოფი გამოიღოს. მართალია, მრავალ სხვა დიდმნიშვნელოვან პირობებსაც (პოლიტიკურს, ეკონომიკურს და სხვ.) გავლენა აქვს სწავლა-განათლების საქმეზე, მაგრამ ამ პირობათა შესახებ სხვა დროს გამოველაპარაკებით მკითხველებს”.

ზეოდასახელებულ სტატიაში ავტორი მკაფიოდ სვამდა საკითხს ბავშვების მომავალი პროფესიის არჩევისა და ამ საქმეში მშობლების როლის შესახებაც. ალექსანდრე მიქაბერიძე სრულიად მართებულად აღნიშნავდა, რომ მომავალი პროფესიისა და სპეციალობის არჩევაში დიდი მნიშვნელობა უნდა გაეწიოს თვითონ ახალგაზრდობის მიდრეკილებასა და მისწრაფებებს. მისი სიტყვით, „სოციალური ვითარება ისეა მორთული, რომ მშობლები შვილების აღზრდის შესახებ მეტად დიდ ეგოისტობას იჩენენ, თითოეულს მშობელს შვილები თავის სრულ საკუთრებად წარმოუდგენია და ამიტომ შვილის სამოღვაწეო ასპარეზის არჩევას თვითონ მშობელი თავის თავზედ იღებს. ახალგაზრდა ყრმას ჯერ კიდევ წიგნი ხელში არ აუღია და მშობლები კი სამხედრო ან რომელიმე სამოქალაქო სამსახურს თავს ახვევენ თავის შვილებს და აზრადაც არ მოსდით, გამოიჩენენ მათი შვილები რაიმე უნარს თუ არა ამა თუ იმ სამსახურში”. სავსებით მიუღებლად მიაჩნია ალექსანდრე მიქაბერიძე სისეტი მდგომარეობაც, როდესაც „შვილების მომავალში ნივთიერად უზრუნველყოფისათვის მშობლები ყოველგვარ ღონისძიებას ღებულობენ თავისი ავლა-დიდების, თავისი ნივთიერი ქონებისა და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად”, რათა მემკვიდრეებს უზრუნველი და უშრომელი ცოვრების პირობები შეუქმნან. „ცხოვრება მრავალი მჭერმეტყველის მაგალითებით გვიმტკიცებს, – წერს ალექსანდრე მიქაბერიძე, – რომ ვისაც მშობლების ავლა-დიდების უფრო მეტი იმედი აქვს, ვინც უფრო მეტს იმედს ამყარებს მშობლებისაგან ნაანდერძევ სამკვიდრებელზედ, ვიდრე კერძო შრომასა და ინიციატივაზედ, იგი ცოვრების ბრძოლის ველზედ უიარაღო მეომრის მდგომარეობას მოგვაგონებს, იმ უუიარაღო მეომრისას, რომელსაც მტრისაგან ნასროლი შეუბრალებელი ტყვია ერთ წამსაც კი არ დაინდობს”.

ალექსანდრე მიქაბერიძის ზემოაღნიშნული პედაგოგიური მოსაზრებანი, რომლებიც სწავლა-აღზრდის მტკივნეულ საკითხებს ეხებოდა, თავის დროზე უთუოდ პროგრესული იყო და სახალხო განათლების უკეთ მოწყობის საქმეს ემსახურებოდა. თავის წერილებში იგი ამხელდა თვითმპყრობელობის დროს არსებული სკოლების მუშაობის მრავალ ნაკლს, საზოგადოებას უჩვენებდა არაგონივრულ პედაგოგიურ საწყისებზე დაფუძნებული სასკოლო ცხოვრების მახინჯ მხარეებს და მოუწოდებდა ენერგიული და შეკავშირებული მუშაობით, ბიუროკრატიულ მმართველობასთან ბრძოლით, მოზარდი თაობის სწავლა-აღზრდის საქმის საფუძვლიანი გარდაქმნისა და გაუმჯობესებისათვის მიეღწიათ.

ალექსანდრე მიქაბერიძე ჩვენში ცნობილია აგრეთვე როგორც საბავშვო მწერალი და მთარგმნელი. იგი საყმაწვილო ჟურნალების „ჯეჯილისა” და „ნაკადულის” მუდმივი თანამშრომელი იყო. მას ეკუთვნის აგრეთვე „ტროადის ომისა” და ოდისეას” ქართული თარგმანი-გადმოკეთება.

საბავშვო ლიტერატურას ის ჩვენი ნორჩი თაობის აღზრდის საქმეში უდიდეს მნიშვნელობას აკუთვნებოდა. „თვითეული მშობელი, თვითეული მოზარდი თაობის მასწავლებელი და აღმზრდელი აღტაცებულის სიხარულით ეგებება, როცა რიგიანად შედგენილი საყმაწვილო წიგნი ემატება ჩვენს ღარიბს ლიტერატურას. ეს სამართლიანი სიხარლუი ადვილი ასახსნელიცაა. ყმაწვილსა და მოზარდ თაობას დედა-ენაზედ განვითარება ესაჭიროება. ყმაწვილ თაობას ჰსურს ნორმალური განვითარების გზას დაადგეს... ამიტომ რა გასაკვირველია, რომ თვითოეული მშობლის, მასწავლებლისა ა აღმზრდელის გული სიხარულით აღივსოს რიგიანის ქართულის საყმაწვილო წიგნის გამოცემით”, – წერდა ალექსანდრე მიქაბერიძე 1902 წელს თბილისში გამოსლუი ზღაპების წიგნის რეცენზიაში.

თვითონაც შეძლებისდაგვარად მხურვალე მონაწილეობას იღებდა საბავშვო ლიტერატურაში და არაერთი საინტერესო ნაწარმოები მიუძღვნია ბავშვებისათვის. იგი წერდა პელაგიაშვილისა და ყუმისთაველის ფსევდონიმით.

სახალხო განათლების მუზეუმში ამჟამად დაცულია მისი ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ნაშრომები: „მოგონებეიბ იაკობ გოგებაშვილზე”, „სილოვან ხუნდაძე”, „შიო ჩიტაძე” და სხვა, რომლებშიც მრავალი საინტერესო საკითხია გაშუქებული.

ალექსანდრე მიქაბერიძე გარდაიცვალა 1943 წელს.