სოფრომ მგალობლიშვილი (1851-1925)
ავტორი: გიორგი იოსელიანი ცნობილი ბელეტრისტი სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი, რომელმაც ქართულ ლიტერატურას საყურადღებო მოთხრობები შესძინა, თითქმის 20 წლის განმავლობაში ქართულ ენას ასწავლიდა სხვადასხვა სასწავლებელში. თავისი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე მან არაერთ ქართველ ახალგაზრდას ჩაუნერგა სამშობლოსადმი სიყვარული, გაუკვალა ცხოვრებაში გზა და ხალხისადმი უანგარო სამსახურს შეაჩვია. სოფრომ მგალობლიშვილი დაიბადა 1851 წელს გორის მაზრის სოფელ დირბში. 9 წლამდე სოფელში მშობლებთან იზრდებოდა. ნიჭიერი, ცნობისმოყვარე ბავშვის მეხსიერებას კარგად დაამახსოვრდა ყრმობისდროინდელი სოფლის ცხოვრების სურათებიდან ჩვენი გლეხების ზნე-ჩვეულება, რომელიც შემდეგ მოხერხებულად გამოიყენა თავის მხატვრულ ნაწარმოებებში. მომავალ მწერალს საუცხოოდ ახსოვდა ის დრო, როდესაც „ჩაფრები მოედებოდნენ სოფელსა. სოფელი გაიკმინდებოდა; ყველას გული უძაგძაგებდა. ეს ძაგძაგი შიშისა არ იყო. ეს იყო ძაგძაგი სისხლის ძიებისა, დაგუბებულის ბოღმისა, ჯავრის ამოყრისა, მაგრამ კირთებისაგან გათელილ გლეხს მარტო გული უთრთოდა, მარტო გული უძაგძაგებდა. ძალა კი სულისა ჩაკლული ჰქონდა, ეს ძალა ვერ იშლებოდა მხოლოდ რჩეული შვილნი სოფლისა, ძლიერნი სულითა სარგებლობდნენ ამ ძალითა, იმათ ვერ აშინებდა მათრახი ჩაფრის; მათრახს იფნის სახრეს ან შინდის კომბალს შეაშველებდნენ, ბევრჯერ აუჭრელებიათ ჩაფრები იფნის სახრით და თავი გაუჩეხიათ შინდის კომბლით”. პატარა სოფრომს გულკეთილი და მზრუნველი დედა ჰყავდა. მამა, სემინარისი კურსდამთავრებული, პატივს სცემდა მწიგნობრობას და ზამთრის დიდ ღამეებში ოჯახის წევრებსა და და მეზობლებს უკითხავდა „ვეფხისტყაოასნს”, დავით გურამიშვილის ლექსებს, სულხან ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას” და სხვა წიგნებს. 1860 წელს სოფრომი მიაბარეს გორის სასულიერო სასწავლებელში. ბავშვზე საშინელი შთაბეჭდილება მოახდინა სასწავლებელში გამეფებულმა რეჟიმმა. გულისხმიერებისა და პედაგოგიური ტაქტის ნაცვლად ოწონებაში ფიზიკური დასჯა, მოსწავლეთა აბუჩად აგდება და დაბეზღება იყო. სკოლაში „პირველ შესვლაზევე ვიგრძენ ჯოჯოხეთის ალი, – წერს სოფრომ მგალობლიშვილი, – კლასში იდგა გნიასი, ყვირილი, ტირილი, – ამაზე როზგს სცემდნენ ტიტველა ტანზე, იმას სახაზავს უტყაპუნებდნენ ხელზე ან თავზე, ზოგს თმას აწიწკნიდნენ, ზოგს ყურებსა – ეს ორი უკანასკნელი სასჯელი უფრო შეღავათიან სასჯელს წარმოადგენდა”. აი, ასეთ პირობებში სწავლობდა სოფრომ მგალობლიშვილი სასულიერო სასწავლებელში, რომელიც 1867 წელს დაამთავრა და გაემგზავრა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად. სწავლა-აღზრდის საქმე არც სემინარიაში იყო სახარბიელოდ დაყენებული. გარდა ზოგიერთი ქართველი მასწავლებლისა, რომლებიც სათუთად და ადამიანურად ეპყრობოდნენ მოსწავლეებს, სხვებს ჩაკლული ჰქონდათ კეთილშობილური გრძნობები და აღსაზრდელებს უსაზღვრო სისასტიკით ექცეოდნენ. ამიტომაც თავისი მოსწავლეობის პერიოდს ასე იგონებს სოფრომ მგალობლიშვილი: „ახლაც კი, ამ მოხუცებულობის ჟამსა, ტანში გამაჟრჟოლებს და ციებ-ცხელება ამიტანს ხოლმე, როდესაც წარმოვიდგენ ძველს სკოლასა თვისის განუშორებელი ატრიბუტებით: როზგი (წკეპლა), სახაზავი, დუქნის დარაბად წოდებული, დაჩოქება კენჭებზედ, სილა, ყურების წიწკნა, თმის გლეჯვა და ათასი სხვა ჯანაბა, ხშირად ვხედავ არითმეტიკის ეგზამენს: ვდგევარ ხესვით, ინჩი-ბინჩი არა მესმის-რა, ჩამომდის ოფლი, მიშხაპუნებენ თავ-პირში როზგს და პანღურის ცემით მისტუმრებენ. მეღვიძება, ხვითქში ვცურავ და მადლობას ვწირავ შემოქმედსა, რომ ეს სიზმარი იყო და არა ცხადი”. თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის წლებმა სოფრომ მგალობლიშვილს მაინც დიდი სარგებლობა მოუტანა. ამხანაგებთან ერთად ის გატაცებით კითხულობდა ქართულ-რუსულ მხატვრულ ლიტერატურას, პოლიტიკურ და მეცნიერულ წიგნებს, „საქართველოს მოამბის”, „ცისკრისა” და „დროების” ნომრებს. განსაკუთრებით კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინეს მოსწავლეებზე და, მათ შორის რასაკვირველია სოფრომზედაც, მასწავლებლებმა: თომა ტურიაშვილმა, გიორგი იოსელიანმა, ნიკოლოზ ცხვედაძემ და სხვებმა. ერთ საინტერესო ფაქტს გადმოგვცემს სოფრომ მგალობლიშვილი თომა ტურიაშვილის შესახებ. ტურიაშვილი განათლებული, სათნო და ძალიან კარგი პედაგოგი ყოფილა. ერთხელ შესულა ის მეხუთე კლასში, სადაც 80-მდე მოსწავლე იმყოფებოდა, უბიდან წიგნი ამოუღია და ახალგაზრდებისათვის ისე მიმზიდველად წაუკითხავს ილია ჭავჭავაძის „სცენები მომრიგებელ მოსამართლესთან”, რომ მთელი კლასი აღტაცებაში მოუყვანია. „ის დღე იყო და ის დღე, – წერს სოფრომ მგალობლიშვილი, – გავიგეთ გემო ქართული წიგნების კითხვისა, შემოგვქონდა გარედან ქართული ჟურნალ-გაზეთები და ვკითხულობდით ცხადად, დამშლელი ჯერ არავინ იყო”. ეს ის დრო გახლდათ, როდესაც სემინარიაში ქართული ენა და ლიტერატურა ჯერ კიდევ არ ისწავლებოდა და ქართველი მოსწავლეები მშობლიურ ლიტერატურას მხოლოდ კლასგარეშე კითხვით ეცნობოდნენ. დიდი სიყვარული ჰქონდათ დამსახურებული აგრეთვე სოფრომის მასწავლებლებს გიორგი იოსელიანსა და ნიკო ცხვედაძეს. „ამათი მოსვლიდან სრულიად ახალი ხანა დაიწყო სემინარიაში, საგნებს ასწავლიდნენ კარგად, შეგირდებს ადამიანურად ეპყრობოდნენ, გვაძლევდნენ საკითხავ წიგნებსა, გვაყვარებდნენ სამშობლო ენას და ლიტერატურას”. სემინარიაში ყოფნის დროს სოფრომ მგალობლიშვილმა და მისმა ამხანაგებმა დაიწყეს ხელნაწერი ჟურნალის „შრომის” გამოცემა. ჟურნალში მონაწილეობდნენ: გიორგი უთურგაული, ნიკო ლომოური, ი. ბაქრაძე, მ. სანებლიძე, შ. შიუკაშვილი, იონა მეუნარგია და სხვები. ამგვარმა მუშაობამ დასახელებული ახალგაზრდები ერთგვარად მოამზადა სალიტერატურო და ასზრივ ასპარეზზე მოღვაწეობისათვის. 1873 წელს სოფრომ მგალობლიშვილმა დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია და მასწავლებლობა დაიწყო გორის სასულიერო სასწავლებელში, სადაც ასწავლიდა 1893 წლამდე. გორში ცხოვრებისა და მასწავლებლობის დროს სოფრომ მგალობლიშვილი ხალხოსნურ მოძრაობაში ჩაება. ის ყოველმხრივ უწყობდა ხელს მოსწავლეთა და მასწავლებელთა შორის რევოლუციური აზრების გავრცელბას და სხვებთან ერთად (ეგ. ოსელიანი, მიხეილ ყიფიანი, შ. დავითაშვილი, ვასილ დეკანოზიშვილი, მათე კერესელიძე, ვასილ სამადაშვილი და სხვ.) ხალხს თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ამხედრებდა. გორში მოღვაწეობის პირველ პერიოდს ასე იგონებს სოფრომ მგალობლიშვილი: „სასწავლებელში ქართული ენის რვა გაკვეთილი იყო, ამისათვის ხაზინიდან არ იყო დადებული ფული და მასწავლებლები აგრე რიგად ქართული ენის სწავლებით თავს არ იტკიებდნენ. მე უსასყიდლოდ ვიკისრე სწავლება. ეს გარემოება ჩემთვის ძალიან ხელსაყრელი იყო: ქართულით მოწაფეებს დავაინტერესებდი და ნელ-ნელა შევიტანდი ახალგაზრდობაში როგორც მამულიშვილურს, ისე კიდევ ახალი მიმართულების აზრებსა”. 1876 წელს, როდესაც საქართველოს ყველა კუთხეში ჩატარდა ხალხოსანთა დაპატიმრებანი, სოფრომ მგალობლიშვილი გაჩხრიკეს, დაატუსაღეს და შემდეგ თავდებქვეშ გამოუშვეს. 1878 წელს კი ჟანდარმთა შეფის, გენერალ მეზენცოვის მოკვლასთან დაკავშირებით, წინად შემჩნეულ პირებს, რომლებიც თავდებქვეშ იყვნენ გაშვებულნი, კვლავ ჩხერკა და დაპატიმრება დაუწყეს. სოფრომ მგალობლიშვილმა სასწავლებლიდან შვებულება აიღო, ვითომ თბილისში სამკურნალოდ მიდიოდა და ციხის უფროსთან ზაზა ყიფიანთან გამოცხადდა მაზრის უფროსის ერისთაის „სარეკომენდაციო” წერილით, რომელშიც ციხის უფროსს თხოვდნენ, სოფრომ მგალობლიშვილის დაპატიმრება მოელის და უმჯობესია, შენი ციხის კანცელარიის ოთახში მოათავსოო. ზაზა ყიფიანმა ეს თხოვნა შეასრულა, მაგრამ მთლად გააირია, როდესაც ამავე დაპატიმრებულები კოტე ყიფიანი (დიმიტრი ყიფიანის ვაჟი), გიგო ავალიშვილი, დავით ფურცელაძე და სხვები მოუყვანეს. ყველანი თითქმის ზაზა ყიფიანის ნათესავები და ნაცნობ-მეგობრები იყვნენ. ზაზას მწარე ღიმილით მიუმართავს ტუსაღებისათვის: „ბიჭებო, შვილებო, რა თქვენი საქმეა მეფის წინააღმდეგობა, იმ მეფისა, რომელმაც თათრობისაგან დაგვიხსნა... სხვა არ გინდათ? ე, ბატონყმობაც ხომ გადააგდო, ჰაა?” მაგრამ პასუხი ვერ მიიღო, რადგან ახალგაზრდების ცხოვრების იდეალი სულ სხვა იყო და ამჟამად სხვადასხვა მოსაზრებებით არ სურდათ მოხუცი ყიფიანისთვის „ქადაგების კითხვა”. რამდენიმე ხნის შემდეგ ბრალდების დაუმტკიცებლობის გამო გათავისუფლებული სოფრომ მგალობლიშვილმა კვლავ მასწავლებლობა განაგრძო. საერთოდ კი, ის გორში ყოფნის დროს ხშირად განიცდიდა შევიწროებას. მაგალითად, თბილისის გუბერნიის ჟანდარმთა უფროსი 1877 წლის 5 მარტს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველს უგზავნის შემდეგ მიმართვას: „ჩემ მიერ წარმოებულ კვლევა-ძიების დროს სახელმწიფოებრივი დანაშაულობის შესახებ, სხვათა შორის, დაკითხულ იქნენ სახალხო სკოლის მასწავლებლები, სახელდობრ: სოფ. ენისელის – იავნე როსტომოვი, კარდანახის – ნიკოლოზ მრევლოვი, საგარეჯოს – ალექასნდრე ცხვედაძე, ხოვლეს – იოსებ ცხვედაძე, ქ. გორის – სოფრომ მგალობლიშვილი, რომელთა შესახებ ჩემ მიერ, თანახმად სისხლის სამართლის წესდების 416 მუხლისა, მათ ჩამოერთვათ ხელწერილი, რომ არ დასტოვონ საცხოვრებელი ადგილი”. 1893 წელს სოფრომ მგალობლიშვილი თავს ანებებს გორის სასულიერო სასწავლებელს და გადადის ქალაქ ფოთში, 1897 წელს კი საცხოვრებლად გადმოდის თბილისში და მთლიანად ეძლევა ლიტერატურულ მუშაობას. მწერლობას სოფრომ მგალობლიშვილი იწყებს 1872 წლიდან. ამ წელს ჟურნალი „მნათობის” მეორე ნომერში მან გამოაქვეყნა როსელის „სიკვდილით დასასჯელის უკანასკნელი დღეების” თარგმანი. შემდეგში მწერალი თანდათან დაუახლოვდა ქართული ჟურნალ-გაზეთების რედაქციებს და დაიწყო ბეჭდვა კორეპონდენციებისა და მოთხრობებისა. მის კალამს ეკუთვნის შესანიშნავი საბავშვო მოთხრობა „ყაყიტას ქუდი”, აგრეთვე „ჯორ-ზაქარა”, „წითელი სარჩული”, „ღამის მეცხრე ცეცო”, „დედა მაია” და სხვ. სოფრომ მგალობლიშვილი თავისი კალმითა და პრაქტიკული საქმიანობით ხალხის კეთილდღეობისათვის იღვწოდა. 20-21 წლის ახალგაზრდა იყო, როდესაც სემინარია დაამთავრა და ცხოვრების სარბიელზე გამოვიდა. თავის შეხედულებებსა და მისწრაფებებს ის გადმოგვცემს შესანიშნავ ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში „წარსულიდან”: „დიდი თავგანწირულება იყო, რომ ჩვენმა დიდებულმა მწერლებმა ახადეს ფარდა ბატონ-ყმობის დროს და დაგვანახვეს, როგორც სარკეში, ტანჯვა-ვაება ჩვენთა უმცროსთა ძმათა, დაგვანახვეს შელახვა კაცის ღირსებისა და ზნეობისა... ყველა ეს კარგი და პატიოსანი! ეხლა აგერ ხალხი განთავისუფლდა... ამ ახლად განთავისუფლებულს ხალხსაც ეჭირვება ამჟამად თავისი მზე, რომელმაც მას სული უნდა ჩაუდგას, აამოძრავოს მისი სისხლი, მისი მთელი არსება, გამოიყვანოს იგი იმ მდგომარეობიდან, რომელშიაც არის. აი, ეხლა უნდა მათ კაი პატრონი, რომ არ დაიქსაქსონ, რომ... არ ჩავარდეს რკინის გალიაში, არ მიეცეს უარეს ბატონყმობის ბრჭყალებსა. ეხლა საჭიროა ხალხში კარგი მთესველი, დამრიგებელი, მქადაგებელი. საჭიროა მას უსათუოდ მიეცეს სწავლა-განათლება, უსათუოდ გამართოს სკოლები... ჩვენ უნდა გავიდეთ ხალხში მოძღვრებად, დავაარსოთ სკოლები განსავითარებლად ხალხის ჭკუა-გონებისა. ...მე მრწამს, რომ იმ ხალხს, რომელიც მხოლოდ იღვწოდა მარტო იმიტომ, რომ დაეცვა თავისი წმინდა წმინდათა... ხალხი, რომელიც არ ეტოტინებოდა სხვებს დასამორჩილებლად, დასაყმობად, რომელმაც თავის კალთის ქვეშ შეივრდომა ბევრი გაჭირვებულნი... ღმერთი არ გასწირავს, მაგრამ გულხელდაკრეფილი ჯდომა კეთილს არ დაგვაყრის”. ამ რწმენით გამოვიდა ცხოვრებაში სოფრომ მგალობლიშვილი და სიკვდილამდე მისთვის არ უღალტია. შეძლებისდაგვარად მან პირნათლად მოიხადა ვალი ხალხის წინაშე. სოფრომ მგალობლიშვილი გარდაიცვალა თბილისში 1925 წლის 2 დეკემბერს.
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953