‍ივანე მესხი (1849-1932)

ავტორი: ი. მალაზონია
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

0111 mesxივანე სიმონის ძე მესხი დაიბადა 1849 წელს, შეძლებული აზნაურის ოჯახში. ივანემ პირველდაწყებითი სწავლა ოჯახში მიიღო. შემდეგ შეიყვანეს ქუთაისის გიმნაზიაში. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების სემდეგ, 1869 წელს ივანე მესხი შევიდა პეტერბურგის ქირურგიულ აკადემიაში, მაგრამ 1870 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1871 წელს, სხვა ქართველებთან ერთად, ივანე გაეგზავრა ციურიხში (შვეიცარიაში) და შევიდა უნივერსიტეტში საექიმო ფაკულტეტზე, მაგრამ სასწავლო გადასახადის სიდიდის გამო მიატოვა უნივერსიტეტი და გადავიდა ციურიხის პედაგოგიურ ინსტიტუტში. შვეიცარიაში ყოფნის დროს ივანე მესხი არ ივიწყებდა სამშობლოსა და მშობლიურ ენას და აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში („დროება”, „კრებული”). ციურიხის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლის დროს ივანე, სხვა მოწინავე ქართველ სტუდენტებთან ერთად, დააარსა ქართველ სტუდენტთა საზოგადოება „უღელი”, რომლის პასუხისმგებელ მდივნად თვითონ ითვლებოდა.

ციურიხში ყოფნის დროს ივანე მესხმა დაწერა რამდენიმე პედაგოგიური ხასიათის წერილი, თაგმნა გოგოლის „შინელი”, რომელიც 1871 წელს გამოქვეყნდა ჯურნალ „კრებულში”. მანვე თარგმნა დობროლუბოვისა და ნეკრასოვის რჩეული ნაწერები, რომლებსაც აქვეყნებდა „კრებულში”.

ივანე მესხი სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისსა და ბათუმში, 1919 წლიდან გადმოვიდა თბილისში და აქ გაატარა ცხოვრების უკანასკნელი წლები. ივანე სიმონის ძე მესხი გარდაიცვალა 1932 წელს.

ივანე მესხის მოღვაწეობა საზოგადოებრივ სარბიელზე ციურიხიდან იწყება, სადაც ის სათავში ჩაუდგა საზოგადოება „უღელს”. ამ საზოგადოებამ შემოიკრიბა საზღვარგარეთ მყოფი ქართველი მოსწავლა-ახალგაზრდობა და ზრუნავდა, რათა ისინი მეცნიერებათა საფუძვლებს ღრმად დაუფლებოდნენ.

„უღელსი” საზოგადოებაში გაერთიანებულმა ქართველმა ახალგაზრდობამ (მათ შორის იყვნენ ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი და სხვ.) მიზნად დაისახა თავისი ერის საკეთილდღეოდ სამსახური, კერძოდ, განათლების დარგში.

ციურიხის ქარველ სტუდენტთა საზოგადოება „უღელმა” და მისმა პასუხისმგებელმა მდივანმა ივანე მესხმა დიდი მუშაობა ჩაატარეს. ივანე მესხმა შეადგინა არითმეტიკის პირველდაწყებითი სახელმძღვანელო ქართული სკოლებისათვის. ჟურნალ „კრებულში” ბეჭდავდა „ისრელის” ფსევდონიმით პედაგოგიური და იუმორისტული ხასიათის წერილებსა და სტატიებს.

მარსაწვლბლობისადმი სიყვარულმა ივანე მესხი გაიტაცა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს. მას კარგად ესმოდა, რომ მასწავლებლობა მას ხალხთან დააკავშირებდა, მასებთან დააახლოებდა. ამიტომ ციურიხის პედაგოგიური ინსტიტუტის სკამიდან დაიწყო ნიადაგის მომზადება, რომ გამხდარიყო ღირსეული მასწავლებელი. ის ბეჯითად სწავლობდა, ბევრს კითხულობდა როგორც ქართველი, ისე რუსი კლასიკოსების ნაშრომებს. გაეცნო პესტალოცის პედაგოგიურ მოძღვრებას, შეისწავლა განათლებისა და სწავლა-აღზრდის საქმე შვეიცარიაში და დაწერა საკმაოდ მოზრდილი შრომა „ყმაწვილების აღზრდა შვეიცარიაში”. იგი განსაკუთრებით დიდ დროს ანდომებდა აკრძალული წიგნების კითხვას.

ციურიხიდან დაბრუნების შემდეგ ივანე მესხს პედაგოგიურ სარბიელზე უნდოდა გაეშალა თავისი მუშაობა, მაგრამ პროგრესული იდეების გამო მას არ მისცეს მასწავლებლობის უფლება, მიუხედავად ამის, დაუღალავი შრომით მან მნიშვნელოვანი წვლილი მაინც შეიტანა სახალხო განათლების დარგში.

ივანე მესხისა და ალექსი ჭიჭინაძის ინიციატივით ქალაქ ქუთაისში გაიხსნა პირველდაწყებითი სასწავლებელი, სადაც ძირითადი საგნების სწავლება მშობლიურ ენაზე მიმდინარეობდა. ივანე მესხი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მშობლიური ენის შესწავლის საქმეს, ენის სიწმინდის დაცვას მოიხოვდა არა მარტო მშობლიური ენის გაკვეთილზე, არამედ ყველა საგნის სწავლებისას. ამ საკითხს ივანე მესხმა მიუძღვნა მეთოდური ხასიათის სტატიები, რომლებიც გაზეთ „დროებაში” დაიბეჭდა.

პედაგოგიური ხასიათის წერილებში ივანე მესხი განსაკუთრებულ ადგილს უთმობს სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობის აღზრდას საკმაოდ მოზრდილ სტაიაში – „სამშობლოს სიყვარული” იგი ეხება მშობლების როლს მოზარდი თაობის პატრიოტიზმის სულისკვეთებით აღზრდის საქმეში.

ყურადღების ღირსია ივანე მესხის საკმაოდ მოზრდილი პედაგოგიური ხასიათის ნაშრომი „ყმაწვილების აღზრდა შვეიცარიაში”. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი დაწვრილებით გაეცნო საქართველოში სწავლა-აღზრდის მდგომარეობას, სწავლების მეთოდებს და მთლიანად სასკოლო მუშაობას, რომელმაც არ დააკმაყოფილა და ამიტომ განიზრახა ქართველი საზოგადოებისათვის გაეცნო შვეიცარიის სკოლების მუშაობის დადებითი გამოცდილება.

ნაშრომის ღრმა ანალიზი გვარწმუნებს, რომ ივანე მესხის შეხედულებები სწავლა-აღზრდაზე, სასკოლო რეჟიმსა და მასწავლებლებზე, სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენში იმ დროს გაბატონებულ სწავლა-აღზრდის სისტემას.

ივანე მესხი მასწავლებლებისაგან მოითხოვს საგნის ღრმა ცოდნას და ამავე დროს გადაცემის მეთოდებისა და ხერხების სრულყოფილად დაუფლებას. იგი უდიდეს შეფასებას აძლევს ორგანიზებული ექსკურსიების მოწყობას სწავლებაში. მისი აზრით, ექსკურსიები უნდა მოეწყოს მინდვრად სასურველი კოლექციების შესაგროვბლად, ისტორიული ადგილების დასათვალიერებლად, ფაბრიკა-ქარხნებში თეორიული მასალის პრაქტიკულად ჩვენების მიზნით და სხვა.

1888 წელს ივანე მესხი სამუშაოდ გადაიყვანეს ქ. ბათუმში, სადაც მას წილად ხვდა ახლად ჩამოყალიბებული თვითმმართველობის ორგანიზაციისა და მისივე დებულების შედგენაში აქტიური მონაწილეობა. ეს საქმე მას კარგადაც ეხერხებოდა, რადგან ქუთაისის თვითმმართველობაში მუშაობის 12 წლის გამოცდილება ჰქონდა. ოცდახუთ წელზე მეტი მუშაობდა ივანე მესხი ბათუმში. ამ ხნის განმავლობაში იგი ყოველთვის მშრომელთა საკეთილდღეო საქმის წამოწყების მონაწილე და მოთავე იყო.

ივანე მესხი, სხვა მოწინავე ინტელიგენტებთან ერთად, მთელი შეგნებით იბრძოდა ბათუმსა და მის ახლო სოფლებში სასკოლო ქსელის გაფათოებისათვის. 1893 წელს ბათუმელებმა გიმნაზიის გახსნა მოითხოვეს. ივანე მესხისა და მოწინავე ბათუმელი ინტელიგენციის განზრახვა კლასიკური გიმნაზიის გახსნის შესახებ 1897 წელს განხორციელდა. ივანე მესხი ქალთა გიმნაზიის გახსნის საქმეშიც ასევე აქტიურად მონაწილეობდა.

ივანე მესხს კარგად ესმოდა, რომ საქმე სკოლების გახსნით არ სრულდებოდა, საჭირო იყო მათდამი ყოველდღიური მზრუნველობა და დახმარება. მისი წარმოდგენით, ქალაქის თვითმმართველობა ადგილობრიი შემოსავლებიდან დახმარებას აძლევდა გინაზიებს. მისივე თხოვნით დააწესეს გადასახადი ბათუმის ნავსადგურიდან გასატან ყოველ ფუთ საქონელზე. ეს შემოსავალი უნდა გადაცემოდა თვითმართველობას ქალაქის კეთილმოწყობის ხარჯებისათვის, პირველ რიგში, სკოლების, საავადმყოფოებისა და სხვა დაწესებულებათა კეთილმოწყობისათვის.

ბათუმში მოღვაწეობის დროს მან დაწერა რამდენიმე შრომა, რომელთაგან აღსანიშნავია „ქალაქ ბათუმის მეურნეობის განვითარება”, რომელიც გამოქვეყნდა 1906 წელს საიუბილეო კრებულში „ბათუმი და მისი მიდამოები”. ამ საიუბილეო კრებულის გამოცემას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ივანე მესხი, მასვე ეკუთვნის ამ კრებულის წინასიტყვაობაც. საიუბილეო კრებულს დიდი მნიშვნელობა აქვს ბათუმის ისტორიის შესწავლისათვის, ხოლო ივანე მესხის დასახელებული ნაშრომი მკითხველს ნათელ წარმოდგენას აძლევს 25 წლის მანძილზე (1878-1903) ქალაქის ზრდა-განვითარების შესახებ.

ივანე მესხმა ბათუმში შექმნა სცენისმოყვარეთა კოლექტივი, საფუძველი ჩაუყარა დრამატულ საზოგადოებას, რომლის გამგეობის თავმჯდომარედ წლების მანძილზე თვითონ იყო.

დიდი ენერგიითა და მონდომებით მოეკიდა ივანე მესხი სალიტერატურო საღამოებისა და სნახაობათა მოწყობის საქმეს. პირველი ასეთი საღამო მოეწყო 1894 წლის 14 იანვარს, რის შემდეგ დაადგინეს, რომ ხშირად ჩატარებულიყო ასეთი ღონისძიება და შემოსული თანხები ძირითადად გადასცემოდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და მოხმარებოდა ქართული სკოლებისა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების კეთილმოწყობის საქმეს.

ივანე მესხის ლიტერატურული მემკვიდრეობა სათანადო მასალას იძლევა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის პირველი ათეული წლების საზოგადოებრივი ცხოვრების შესასწავლად. მის წერილებში გამოთქმული შეხედულებები საინტერესოა ჩვენი პედაგოგიური აზროვნების განვითარების ისტორიისათვის.