ნიკო ლომოური (1852-1915)
მე მინდა, სოფლად დავსახლდე, სოფელი შეწუხებულია გაუნათლებლობით, სხვადასხვა სნეულებით და ორფეხა წურბელა ნადირებით. სკოლითა და ადვილათ გასაგები ლექციებით შევებრძოლები პირველთა; სამკურნალო მეცნიერებით შევასუსტებ მეორეთა; სიმართლის ცოდნით, პურის მაღაზიებით, საზოგადო დეპოების დაარსებით და სხვა, გარემოებაზე დამოკიდებული მოქმედებით წინ დავუდგები მესამეთ.
იმედი მაქვს, ერთი მეც ბევრ რასმე გავაკეთებ, მაგრამ ისიც კი მტკიცედა მწამს, რომ მე მარტოკა არასოდეს დავრჩები დიდხანს: მალე სხვებიც მომეშველებიან”, – ამბობს ნიკო ლომოურის მოთხრობის ერთი გმირი.
და შეიძლება ითქვას, რომ როდესაც მოთხრობის ავტორი, ნიკო იოსების ძე ლომოური ცხოვრებაში გამოსასვლელად ემზადებოდა, ისიც ასეთივე აზრითა და მისწაფებებით იყო გამსჭვალული.
ქართველი საზოგადოება ნიკო ლომოურს იცნობს როგორც საუკეთესო პროზაიკოსსა და შესანიშნავ მასწავლებელს, რომელმაც თავისი ტკბილი ქართული ენით ბავშვებს სამშობლოს წარსული გააცნო, წინაპართა აჩრდილებზე ესაუბრა, აწმყოს დუხჭირი და მძიმე ცხოვრების სურათები ნათლად დაუხატა და ხალხისადმი სამსახურისაკენ ყველა პატიოსან, გულმართალ ადამიანს მოუწოდა.
ნიკო ლომოურის გაკვეთილებს მისი ყოფილი მოსწავლეები, რომლებიც შემდეგში დამოუკიდებელ ცხოვრებას შეუდგნენ, ყოველთვის სიამოვნებით იგონებდნენ.
ნიკო ლომოური დაიბადა 1852 წლის 19 თებერვალ სოფელ არბოში. მისი მამა იოსები წარმოშობით გლეხი იყო. იმ ცოტაოდენი განათლების მეოხებით, რომელიც მას ჰქონდა, შეძლო მღვდლად კურთხევა და საკმაოდ მრავალრიცხოვანი ოჯახის გაძღოლა (იოსებს, ნიკოს გარდა, კიდევ ჰყავდა სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი). თუმცა იოსებ ლომოურის ოჯახი ღარიბულად ცხოვრობდა, მაგრამ მაინც შეძლო ვაჟებისათვის განათლების მიცემა.
ნიკო ლომოური, როდესაც 8 წლისა შესრულდა, გორში წაიყვანეს და იქ სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, მაგრამ იგი არ დაუმთავრებია. მეორე კლასიდან თბილისის სასულიერო სასწავლებელში გადავიდა და აქ სწავლა განაგრძო. სწავლაში პატარა ნიკომ შესანიშნავი ნიჭი გამოიჩინა და მოსწავლეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. ერთადერთი, რაც მას ამ დროს აწუხებდა, თუ სასწავლებელში გამეფებულ მძიმე რეჟიმს არ მივიღებთ მხედველობაში, იყო მშობლიური სოფლის მოგონება. არაჩვეულებრივად უყვარდა ბავშვს სოფელი, მისი ყოველი ხე, ბუჩქები, სახლი, ნაცნობი გოგო-ბიჭები, ტოლ-ამხანაგები და მთა-ველები, სადაც ნიკოს თავისი ყრმობის არაერთი და ორ სასიამოვნო წუთი გაუტარებია, მძიმე ცხოვრებისაგან დანაღვლიანებული გლეხების საუბრისათვის ყური დაუგდია, ხშირად ბავშვურად უცელქია და გმირად გახდომის სურვილი გულში აღძვრია. მაგრამ მშობლიურ სოფელზე სევდას ერთგვარდ აქარვებდა ნიკო ლომოურის დიდი მისწრაფება სწავლისადმი.
სასულიერო სასწავლებელში მას ასწავლიდა სახელგანთქმული ქართველი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი, რომლის გაკვეთილებმაც ნიკო ლომოურზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა. აღნიშნული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ნიკომ სწავლა განაგრძო სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაასრულა 1875 წელს და გაემგზავრა კიევის სასულიერო აკადემიაში უმაღლესი ცოდნის მისაღებად.
სტუდენტობის დროს ნიკო ლომოური ძლიერ ბევრს კითხულობდა, აკეთებდა მოხსენებებს სხვადასხვა თემაზე, შემოკრებილი ჰყავდა თავის გარშემო ქართველი ახალგაზრდობა და მათ შორის დიდ საგანმანათლებლო მუშაობას აწარმოებდა, სამშობლო ქვეყანას აყვარებდა და უსამართლობისადმი სიძულვილს უნერგავდა.
ამ მხრივ, მეტად საინტერესოა ის ეპიზოდი, რომელსაც ჩვენი სახელოვანი მწერალი დავით კლდიაშვილი აგდმოგვცემს თავის მოგონებებში „ჩემი ცხოვრების გზაზედ”.
დავით კლდიაშვილი იმხანად კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლობდა, ძალიან დაინტერესებული იყო საქართველოს ისტორიით და ლიტერატურით. მისი ყოფნა სამხედრო გიმნაზიაში კ. ლორთქიფანიძემ (უნივერსიტეტის სტუდენტმა) აცნობა ნიკო ლომოურს, მიხა ილურიძესა და ივანე გაფრინდაშვილს (სამივე სწავლობდა სასულიერო აკადემიაში).
„ერთ დღეს, – მოგვითხრობს დავით კლდიაშვილი, – სამივენი მოვიდნენ გიმნაზიაში ჩემს სანახავად. ჩემს სიხარულს აზღვარი არ ჰქონდა ამათ გაცნობის გამო. განსხვავებულად მომესიყვარულენ და წასვლისას დამპირდნენ შემდეგ კვირისათვის აკადემიაში წაყვანას. დაპირება შეასრულეს და შემდეგ უკან გიმნაზიაში მომყვანეს ისევ სამთავემ. ტკბილმა, ალერსიანმა ლაპარაკმა, ლომოურის დამახასიათებელი თვისება რომ იყო, პირდაპირ მომხიბლა და შემაყვარა უზომოდ ეს ადამიანი. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა აგრეთვე გატაცებით მოლაპარაკე ილურიძემ. მომიყვანეს გიმნაზიაში და თან წამოიღეს საკითხავად კვირეული გაზეთ „ივერიის” მთელი წლის ნომრები, რომლებშიაც იყო დაბეჭდილი ილიას „დიმიტრი თავდადებული”. ლომოურმა ამიხსნა ეს პოემა, მომიყვა დიმიტრის ისტორია და გახელებული სიხარულით დამტოვეს. იმ ღამეს არ დამძინებია.
...ხშირად მეც დავდიოდი აკადემიაში და აქ თავის ოთახში ლომოური გვიკითხავდა თავის ახალ დაწერილ ლექსებს; ერთხელ მახსოვს, თავისი ტკბილი ხმით წაგვიკითხა მოთხრობა „ალი”, რამაც აუწერელი სიხარული გამოიწვია ჩვენში. ლომოურს არა თუ მისი ორი ამხანაგი ესიყვარულებოდა და პატივს სცემდა, არამედ დიდ პატივს სცემდნენ აკადემიის რუსი სტუდენტებიც”.
1879 წელს ნიკო ლომოურმა დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია და საქართველოში დაბრუნდა. პირველ ხანებში ის დანიშნეს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ინსპექტორად და დიდი სიყვარულით შეუდგა მოსწავლეებთან მუშაობას. მასწავლებლობა, პირდაპირ, ნიკო ლომოურის სტიქია იყო, მაგრამ სათავადაზნაურო გიმნაზიაში ნიკო ლომოურმა შედარებით ცოტა ხანს დაჰყო.
1883 წლიდან ნიკო ლომურმა სამსახური დაიწყო გორის სამასწავლებლო სემინარიაში ქართული ენის მასწავლბლად და მოკლე დროში გორის ინტელიგენციისა და მოსწავლეების გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა.
სანამ მის მასწავლებლობას შევეხებოდეთ, საინტერესო იქნება მოკლედ გავეცნოთ მწერლის ავტობიოგრაფიას, რომელშიც მკაფიოდ არის ნაჩვენები ის ნიშან-სვეტები, რომელთაც განსაზღვრეს ნიკო ლომოურის სამოქმედო გზა.
„...ქართული წერა-კითხვა მასწავლა ერთმა დიაკვანმა. შემდეგ ავიწყე სწავლა გორის სასულიერო სასწავლებელში, მაგრამ არ გამითავებია. მეორე კლასიდან თბილისის სასულეირო სასწავლებელში გადავედი. მეოთხე კლასში მასწავლებლად იაკობ გოგებაშვილი იყო. გეოგრაფიას გვასწავლიდა. პირველად ქართულად აგვიხსნიდა, მერე რუსულად დ გაკვეთილს იქვე კლასში ვსწავლობდით. ესეთი გაკვეთილი პირველი და უცნაური ხილი იყო ჩვენთვის. კაკაჭურ ზეპირობას, ტევასა და ცემა-ტყეპას დაჩვეულნი, მოხსენებულ გაკვეთლებს სარწმუნოებრივი თაყვანისცემით შევცქეროდით.
...ეს იყო პირველი სხივი ჩვენს სიბნელით მოცულ ბურსაკულ ცხოვრებაში. შემდეგ ეს სხივი გააძლეირეს ნიკო ცხვედაძემ და გიორგი იოსელიანმა. ამ დროს ილია ჭავჭავაძეც გავიცანით. ენით გამოუთქმელი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე ამისმა „გლახის ნაამბობმა”, რომელშიც ისეთის აღტაცებულის გრძნობით არის აღწერილი გლეხკაცი. ჩვენებური გლეხები ხომ პატარაობისასვე მიყვარდნენ როგორც ნათესავები, ჩვენი ოჯახის წევრები. მოხსენებულმა წიგნმა ახლა პატივისცემაც აღძრა ჩემს გულში გლეხებისა. ამავე დროს წავიკითხე დობროლიუბოვი, გლ. უსპენსკი, ნეკრასოვი. ამათ ერთიათად გააფართოეს ჩემი შეხედულებანი, გრძნობანი, რწმენანი გლეხის შესახებ. შესდგა ერთგვარი, გამორკვეული მიმართულება, რომლის გზა და კვალს დავადექ და მას აქეთ ამ გზისათვის აღარ გადამიხვევია: ავათ თუ კარგად ვემსახურები გლეხკაცის ფეხზე წამოყენებას. ხალხოსნობა, სახალხო მიმართულება გარდაიქცა მთელი ჩემი სიცოცხლის გზის მაჩვენებელ ვარსკვლავად”.
მართლაც, თავისი მოთხრობების უმრავლესობა ნიკო ლომოურმა ქართველი გლეხკაცის ტანჯვა-ვაებით სავსე ცხოვრების დახატვას მიუძღვნა. ჩვენი გლეხკაცობა ყოველი მხრიდან შევიწროებული იყო: ჩარჩი, ვაჭარი, თავადი და აზნაური, ბერი და მღვდელი, მამასახლისი და იასაული, ყველა როგორც წურბელა, ისე წოვდა სისხლს ალალ-მართალ, გულწრფელ, მაგრამ ეკონომიკუად და უფლებრივად დაჩაგრულ მშრომელ გლეხებს. მწერლის თანაგრძნობა და სიყვარული დაჩაგრულთა მხარეზეა. მისი მსოფლმხედველობის ცენტრში, მსგავსად სხვა ხალხოსნებისა, გლეხი დგას და მწერალი თავისი კალმით თუ პრაქტიკული საქმიანობით ცდილობს, შეუმსუბუქოს მას მძიმე ხვედრი.
აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ქართველ ხალხოსნებს (მათ შორის ნიკო ლომოურსაც) ეროვნული საკითხი მუდამ აწუხებდათ და თვითმპყრობელობის კლანჭებისაგან საქართველოს განთავისუფლებას ნატრობდნენ.
მართალია, ის ხალხოსნური მოძრაობის აქტიური მონაწილედ არ ჩანს, მაგრამ ეს იმით აიხსნება, რომ ამ მოძრაობის აღმავლობის წლებში ნიკო ლომოური კიევში იმყოფებოდა. ხოლო საქართველოში დაბრუნებისას ხალხოსანთა ორგანიზაცია თვითმპყრობელობის მიერ, თითქმის მთლიანად განადგურებული ყიო. ვინც ციხესა და გადასახლებას გადაურჩა, ის ვიწრო ფარგლებში, კვლავ განაგრძობდა მეფის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც უმთავრესად მოსწავლე-ახალგაზრდობაში, ინტელინგენციასა და გლეხობაში არალეგალური წიგნების გავრცელებასა და კითხვაში გამოიხატებოდა.
ასეთ საქმიანობას მხურვალედ აწარმოებდა ნიკო ლომოურიც გორში მასწავლებლობის დროს.
ერთი მისი ყოფილი მოწაფეთაგანი ილია რუხაძე წერს:„ იმ წლებში ნიკო ლომური მარტოდ ცხოვრობდა იქვე, სემინარიის ახლოს. ერთხელ ჩუმად გამიხმო, მითხრა თავისი მისამართი და დამიბარა სახლში. კვირა დღე იყო. დიდი განცდებით მივუახლოვდი მისი ბინის კარებს და გაუბედავად შევეხე მას.
კარები გამიღო ნიკომ და შემიპატიჟა. რამდენიმე ახლად გამოსული წიგნი მომცა გადასათვალიერებლად. ცოტა სიჩუმის შემდეგ ბაასი გამიმართა. ბაასის საგანს რატომღაც თედო რაზიკაშვილი შეადგენდა. თედოზე იმ დღეს ბევრი მელაპარაკა, დამაინტერესა და ძალზე მომინდა თედოს ნახვა-გაცნობა. მაშინ თედო ხელთუბანში ცხოვრობდა. მეორე კვირას მე ხელთუბანში ამოვყავი თავი და თედოს მივადექი. თედო ეზოში საქმიანობდა. მიმიპატიჟა, კარგად ვისაუზმეთ. შემდეგ შემვა ცხენზე და გამომგზავნა. თან ერთი პატარა წიგნი მომცა „ოთხი ძმა”, – წაიკითხე და შენს ამხანაგებს წააკითხეო. ამის შემდეგ თედო ხშირად ჩამოგვიქროლებდა თავისი ცხენით, მოაგდებდა ცხენს ფანჯარასთან, გამოგვიძახებდა, შემოგვიგდებდა ქართულ წიგნს და გაჰქროლავდა ხელთუბნისაკენ”.
ასე შეჰქონდა მოსწავლე-ახალგაზრდობაში ნიკო ლომურს დამოუკიდებელი აზროვნების სხივი. მის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ცოდნის შეძენით დაინტერესებული მოსწავლეები, რომლებიც არ კმაყოფილდებოდნენ მარტო სემინარიაში ჩატარებული გაკვეთილეიბთ. ნიკო ლომოურის სახლის კარები ყოველთვის ღია იყო. გულთბილი მასპინძელი თავის ახალგაზრდა სტუმრებს აძლევდა წასაკითხად წიგნებს, ესაუბრებოდა ჩვენი ხალხის გაჭირვებაზე და მათ გულში კეთილშობილურ, ადამიანურ გრძნობებს აღვივებდა.
პლ. ლეჟავა აღნიშნავს: „ნიკო მუდამ გვასწავლიდა: შეიყვარეთ წიგნი, ადამიანის ეს ყველაზე უფრო ერთგული მეგობარი, შეიყვარეთ გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა და თქვენი სულიერი სამყარო გაფართოვდება, გადიდდება, გასცდება თავის ვიწრო რკალს და შეურთდება საკაცობრიო კულტურის ცხოველმყოფელ კერას. ჩვენი ეპოქის უდიდესი ნაკლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ხალხები გათიშული არიან ერთი მეორისაგან, თითქოს გაურბიან ერთი მეორეს, გაურბიან სოლიდარობას. მოწინავე კაცობრიობის წმინდა ვალია დაახლოება სხვადასხვა ერების, ხალხთა შორის სათნოებისა და სიყვარულის დამყარება”.
შეუდარებელი ყოფილა ნიკო ლომური როგორც მასწავლებელი. არაჩვეულებრივი გულთბილი დამოკიდებულება მოსწავლეებთან, პედაგოგიური სტატობა და ფართო განათლება მას საშუალებას აძლევდა, სიკვდილამდე ნაყოფიერი მუშაობა ეწარმოებინა სასწავლებლებში.
საინტერესო ცნობებს გვაწვდის დამსახურებული პედაგოგი ბ. ჩიქობავა „ქაჯანას” ავტორის შესახებ. „სემინარიის პედაგოგთა შორის მოსწავლეთა, განსაკუთრებით ქართველ მოსწავლეთა, პიროვნების ჩამოყალიბებაში წამყვან როლს ასრულებდა ქართული ენისა და ლიტერატურის ოქროპირი მასწავლებელი, ნამდვილი აღმზრდელი, ცნობილი ქართველი მწერალი და მგზნებარე პატრიოტი ნიკო ლომოური.
თავისი მაღალი ზნეობით, ფართო ცოდნით, იშვიათი პედაგოგიური ტაქტით ნიკო ლომოურს მოსწავლეთა შორის მშობლიური სიყვარული და დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული. არც ერთ მასწავლებელს ისე გულით არ ვცემდით პატივს და არ ვუყვურებდით იმდენად სრული ნდობით, როგორც ლომოურს და განა მარტო ქართველი მოსწავლეები, რომლებსაც ქართულ ენასა და ლიტერატურას გვასწავლიდა. თუმცა მათი მასწავლებელი არ იყო, მაგრამ რუსი ბერძენი თუ სომეხი – ყველა სემინარიელი ხედავდა მასში თავის საუკეთესო მეგობარ-აღმზრდელს, რომელიც უსათუოდ დაიცავდა თითოეული მათგანის ინტერესებს.
შეუდარებელი იყო ნიკო ლომოური ლიტერატურის გაკვეთილებზე. კეთილშობილი სახე ერთთავად გაუსხივოსნდებოდა, მშვენიერი ტემბრის ხმა მომაჯადოებლად აჟღერდებოდა და მთელი არსებით აღფრთოვანებული ისე გაგვიტაცებდა გულიდან ამონახეთქი სიტყვებით გამოთქმული ნათელი აზრებით სამშობლოსა და ხალხის სიყვარულზე, რომ ზარის დარეკვას ვერ ვგებულობდით ხოლმე”.
ასევე აღტაცებულ შეფასებას აძლევენ მას სხვა მოსწავლეებიც, რომელთაც ნიკო ლომოურთან უსწავლიათ, და მისი ნაცნობ-მეგობრები.
ნიკო ლომოური გარდაიცვალა 1915 წლის 17 აპრილს, დასაფლავებულია ქ. გორში, იმ ქალაქში, რომელიც მას სულით და გულით უყვარდა და სადაც გაატარა თავისი სიცოცხლის ყველაზე უფრო ნაყოფიერი წლები.