ნოტიო ლოლუა (1875-1958)
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის მიწურულიდან საქართველოში სამწერლო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩნდნენ ქართველი ქალები, რომელთა სახელები ჩვენი მოწინავე საზოგადოების წრეებსა და მშრომელთა ფართო მასებში ღრმა პატივისცემასა და გულწრფელ სიყვარულს იმსახურებს.
ერთ-ერთი ასეთი პიროვნებაა ცნობილი სახალხო მასწავლებელი და საზოგადო მოღვაწე ქალი ნოტიო ლოლუა.
ნოტიო (იგივე ნატო) ბახვას ასული ლოლუა დაიბადა 1875 წელს სოფელ ქვალონში (ზუგდიდის მაზრა). მამა ადრე გარდაეცვალა. დედამისმა იგი ჯერ ფოთში (1884), შემდეგ კი ბათუმში (1886) მიაბარა ერთ კერძო სასწავლებელში, რომელსაც სამკერვალო სახელოსნოც ჰქონდა.
1889 წელს ნატო ლოლუამ აღნიშნული სასწავლებელი დაამთავრა და ფოთში დაბრუნდა. აქ მან კერძო სამკერვალო დააარსა და თავის გარშემო ათამდე ქალი შემოიკრიბა. ამით შეიქმნა ერთგვარი ამხანაგური კოლექტივი, სადაც ყოველგვარი შეკვეთა ბეჯითად, დროზე, კეთილსინდისიერად და პირნათლად სრულდებოდა, რამაც სახელოსნოს სახელი გაუთქვა ფართო საზოგადოებაში.
ამხანაგ-მეგობრებისა და ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა (ნიკო ნიკოლაძის, იონა მეუნარგიას) რჩევით ნოტიომ თავისი სახელოსნო 1897 წლიდან გარდაქმნა კერძო პროფესიულ ქევსთვიან კურსებად, ამისათვის მას მოსთხოვეს შესაფერი დიპლომი, რაც ნოტიოს არ გააჩნდა. მეგობრების დახმარებითა და თავის სახელოსნოში შეგროვილი მცირე თანხით იგი გაემგზავრა ქ. თბილისში, სადაც ექვსი თვის მეცადინეობის შემდეგ სათანადო გამოცდების ჩაბარებით მისცეს დიპლომი და დაბრუნდა ქ. ფოთში თავისივე სკოლაში. სკოლა თანდათან ფართოვდებოდა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა შემადგენლობაც ყოველწლიურად იზრდებოდა და საბოლოოდ მიენიჭა „ნოტიო ლოლუას პროფესიული კერძო სასწავლებლის” სახელწოდება.
განსაკუთრებით გაფართოვდა სასწავლებელი 1905-1906 წლებში. 1907 წლიდან აქ ისწავლებოდა ჭრა-კერვა, ხატვა-ხაზვა, ქსოვა (სხვადასხვაგვარი – შალეულისა, ხალიჩებისა, წინდებისა), აგრეთვე გამოჩენილ მხატვართა, ხუროთმოძღვართა და მოქანდაკეთა ნაწარმოებების ოქრომკერდით ამოქარგვა და ამოქსოვა. ამავე დროს ისწავლებოდა ქართული ენა და ლიტერატურა, არითმეტიკა, სამოქალაქო ისტორია, რუსული ენა და ლიტერატურა, გალობა-სიმღეა და საღვთო ისტორია, როგორც იმ დროს ყველა სასწავლებელში.
მიუხედავად ამგვარი დამსახურებისა და ღირსებისა, სასწავლებელს მაინც არასიმპათიურად უცქეროდნენ ცარიზმის რეაქციონერი ჩინოვნიკები. მთავარი მიზეზი იყო სკოლაში მშობლიური ენისათვის ფართო ადგილის დათმობა და თავისუფალი აღზრდის პრინციპების გატარება.
პირველ ხანებში ნოტიოს დაუწყეს დარწმუნება, რომ უმჯობესია სკოლა გადაეცა სახელმწიფოსათვის, რის შედეგად ნივთიერად უზრუნველყოფილი იქნებოდა, რადგან ხაზინა მიიღებდა თავის თავზე ყველა ხარჯებს. ამგვარმა ფანდებმა რომ ვერ გაჭრა, მას ბრალი დასდეს იმაში, რომ სკოლას სეპარატული ხასიათი აქვს, ქართულ ენას უპირატესობას ეძლევა რუსულთან შედარებით, რადგან ყველა საგანი ქართულად ისწავლებაო, მაგრამ ვერც ამგვარმა მუქარამ იმოქმედა.
ნოტიო ლოლუა მედგრად განაგრძობდა თავის საყვარელ საქმეს. სასწავლებელი მას საკუთარ ძმასთან – ძუკუ ლოლუასთან ერთად აგებულ სახლში ჰქონდა მოთავსებული თავისივე პანსიონით, და გულმოდგინედ განაგრძობდა ახალგაზრდა პატრიოტი ქალების – მომავალი ქართველი დედების აღზრდას. სკოლა ნოტიომ მალე სამწლიანი გახადა. თვითმპყრობელობამ ნოტიოს ამგვარი „თავხედობა” ვერ მოითმინა. 1908 წელს მას დიპლომი ჩამოართვეს, რათა ამით სკოლის ხელმძღვანელობის უფლება წაერმიათ, მაგრამ საზოგადოება და მისი მოწინავე ნაწილი კარგად იცნობდა ნოტიოს, ერკვეოდა მისი შრომის მნიშვნელობაში და მხარს უჭერდა მას. ამ მხარდაჭერამ იგი გაამხნევა და თავისი ერთსულოვანი პედაგოგიური კოლექტივით, რომელთა შორის მთელი რიგი მასწავლებლები (ელ. გაგუა, გ. გეგეჭკორი, ც. ლოლუას ასული, ან. ხუხუბია, ავქსენტი მეგრელიძე და სხვ.) სრულიად უსასყიდლოდ მუშაობდნენ, მედგრად შეუტია კარზე მოსულ მტერს და გამარჯვებაც მას დარჩა.
ფოთის საზოგადოების შუამდგომლობით, ფოთის საქალაქო თვითმმართველობამ ნიკო ნიკოლაძისა და იონა მეუნარგიას მეთაურობით ნოტიოს სკოლას თავის სალაროდან ყოველთვიური სუფსიდია დაუნიშნა, სკოლის ავტორიტეტი თანდათან იზრდებოდა. ამგვარი ტიპის სკოლა ქუთაისში კორძაიას ქალს, ხოლო თბილისში ეკატერინე გაბაშვილს ჰქონდა. ნოტიოს სკოლა მნიშვნელოვან მომსახურებას უწევდა დასავლეთ საქართველოს, უმთავრესად სამეგრელოსა და გურიას. ნოტიოს გადმოცემით, სამეგრელოში აწრსულში ქარგვა არ იცოდნენ. იგი მხოლოდ ეკაერინე დედოფალმა (ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულმა) შემოიღო ჩვენში და სწრაფადაც გავრცელდაო. მისივე ცნობით, მან ხუთასი ამგვარი ცოდნით შეიარაღებული და მაღალი ზნეობით აღჭურვილი ქალი მისცა სამშობლოს.
ნოტიო ლოლუამ, როგორც ნიჭიერმა ხელოვანმა, თავისი შემოქმედებითი უნარის გავლენითა და რევოლუციური სულით აღტყინებული ბრძოლით შეძლო თავისი საყვარელი სკოლის ყველა ქარ-ცეცხლში გამოტარება. ვინ მოთვლის, რამდენი წითელი დროშა მოუქარგა მან არალეგალურად მომუშავე რევოლუციონერებს 1904 წლიდან 1917 წლამდე. ამ საქმისათვის რამდენჯერ იყო რეპრესირებული, გაფრთხილებული, მაგრამ იგი კვლავ განაგრძობდა სახელოვან საქმეს. ერთ თავის მოგონებაში იგი მოგვითხრობს: „მე და ძუკუს მუშაობა განაწილებული გვქონდა. ძუკუ გადიოდა ხალხში, კრეფდა სიმღერებს, ეძებდა მომღერლებს, ხოლო მე რაც გამაჩნდა, ძუკუს საქმეზე ვხარჯავდი. ის ხშირად მეტყოდა: ნუ გეშინია, ჩემო დაო, მე მწამს, ისეთი დრო დადგება, რომ ჩემს მუშაობას დააფასებენ და მეც შევძლებ შენი ამაგი დავაფასოო”.
მხოლოდ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეესხა ფრთა მათ ოცნებას. სამწუხაროდ, ძუკუ ადრე ჩამოშორდა საყვარელ დას. იგი, სულ ახალგაზრდა, გარდაიცვალა 1924 წელს, მაგრამ ნოტიო სულიერად მაინც არ დაცემულა. ის უებდურად და უნუგეშოდ მაინც არ თვლიდა თავს, ვინაიდან მან თავისი თვალით ნახა, თუ როგორ დააფასა გამარჯვებულმა ხალხმა მისი ამაგი.
1921 წლიდან „ნოტიოს სკოლას” კარგი შენობა შეურჩიეს და ის საქალაქო-საფაბრიკო სკოლად გადააკეთეს, თუმცა „ნოტიოს სკოლის” სახელწოდება მას მაინც დიდხანს შერჩა.
1922 წელს ამ სკოლის დამაარსებელსა და შემქმნელს ნოტიო ლოლუას ფოთის საზოგადოებრიობამ, პარტიამ და ხელისუფლებამ მოღვაწეობის 25 წლის იუბილე გადაუხადა, დიდი დამსახურებისათვის მას პერსონალური პენსია დაუნიშნეს.
ნოტიო ლოლუას ხელიდან გამოსულმა ოქრომკედის ქსოვილბისა და ქარგვის ნიმუშებმა ამიერკავკასიის ხალხთა ხელოვნებისა და სპორტის მეორე ოლიმპიადაზე ერთი თვალსაჩინო ადგილი დაიჭირა, დამთვალიერებელთა დიდი მოწონება და ყურადღება დაიმსახურა.
ნოტიოს მიერ შექმნილი მრავალი ძვირფასი და უნიკალური ექსპონატი ამჟამად დაცულია ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ამ უანგარო ადამიანს ისინი სრულიად უსასყიდლოდ შეუწირავს მუზეუმისათვის 1936 წელს.
ნოტიო ლოლუამ თავისი დაუცხრომელი შრომითა და ხალხის განათლებისათვის თავდადებული ღვაწლით დაიმკვიდრა მარად უჭკნობი სახელი ქართველი ხალხის გულში.
იგი გარდაიცვალა 1958 წლის ოქტომბერში, დასაფლავებულია ქალაქ ფოთში ძმისა და აღმზრდელი ძუკუ ლოლუას გვერდით.