‍კირილე არველაძე (1873-1950)

ავტორი: სოლომონ ცაიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

arveladze ki125კირილე ივანეს ძე არველაძე დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ჭაგანში (ამჟამად სამტრედიის რაიონი) 1873 წლის 14 ოქტომბერს.

კირილესათვის წერა-კითხვა დედას უსწავლებია. სოფელ ჭაგანში სკოლა 1875 წელს გაუხსნიათ. სოფლის სკოლაში კირილემ ორი წელიწადი ისწავლა, შემდეგ იგი შეიყვანეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც კონკურსით ჩარიცხეს დაწყებით განყოფილებაში. სასულიერო სასწვლებლის კურსის დამთავრების შემდეგ, როგორც კარგი მოსწავლა (1889-90 სასწავლო წელს) უგამოცდოდ ჩაიცხეს თბილისის სასულიერო სემინარიის პირველ კლასში.

კირილე არველაძე სემინარიაში შესვლისთანავე დაეწაფა თვითგანვითარებას. ამ დროს სემინარიაში ასეთი ტრადიცია იყო: მოწინავე სემინარისტისათვის მარტო ოფიციალური პროგრამით გათვალისწინებული მასალების სწავლა სამარცხვინო საქმედ ითვლებოდა. ამიტომ ყველა მოსწავლე ეტანებოდა აკრძალულ ლიტერატურას. სემინარიაში არსებობდა სხვადასხვა წრე, რომლებსაც უფროსი კლასების მოსწავლეები ხელმძღვანელობდნენ. კირილეც ჩაება თვითგანვითარების წრეში, რომლის ხელმძღვანელი იყო მეოთხეკლასელი ფილიპე გოგიჩაიშვილი. კირილე შემდეგ კლასებშიც განაგრძობს თვითგანვითარებას, თვალყურს ადევნებს გაზეთ „კვალში” გამოქვეყნებულ მასალებს, ეცნობა „მესამე დასის” მიმართულებას, მეოთხე კლასში გულდასმით შეისწავლა ლუისის „ფილოსოფიის ისტორია”. ამასთან კირილე მონაწილეობას იღებს ხელნაწერი ჟურნალის გამოშვებაში, რომელსაც „ზირთიფირთი” ერქვა.

1893 წლის ნოემბერში, როცა კირილე მეხუთე კლასში იყო, სასულიერო სემინარიაში მოხდა გაფიცვა, რომელშიც მან აქტიური მონაწილეობა მიიღო, ამისათვის იგი სასტიკად დასაჯეს – სემინარიიდან გარიცხეს. ამის გამო კირილეს ორი წელიწადი გაუცდა, შემდეგ ნება დართეს სწავლის გაგრძელებისა სტავროპოლის სემინარიაში. სტავროპოლში სწავლის დროს იგი მეტ დროს თვითგანვითარებას ანდომებდა. 1897 წ. კირილემ დაამთავრა სტავროპოლის სასულიერო სემინარია და უნდა წასულიყო მღვდლად, მაგრამ მას სულ სხვა მოწოდება და მისწრაფება ასულდგმულებდა.

1897 წლის ოქტომბერში კირილე არველაძემ მასწავლებლობა დაიწყო. პირველად იგი დაინიშნა სენაკის მაზრის სოფელ ბანძის ორკლასიან სამასწავლებლო სკოლაში მეორე მასწავლებლად. ეს სკოლა ახალი დაარსებული იყო ქართულთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლების მასწავლებლების მოსამზადებლად.

ბანძის სკოლაში დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი ქართულ ენასა და საბუნებისმეტყველო საგნებს. ამ სკოლაში კირილე არველაძე ნახევარ წელიწადს მუშაობდა მეორე მასწავლებლად და ცხრა წელიწადს – უფროს მასწავლებლად. სკოლა 7-წლიანი იყო და სულ სამი მასწავლებელი ჰყავდა, ამიტომ თითოეულ მასწავლებელს უხდებოდა რამდენიმე კლასთან მუშაობა. სკოლასთან უკანასკნელი კურსის მოსწავლეთა სავარჯიშოდ და პედაგოგიური პრაქტიკის ჩასატარებლად არსებობდა სანიმუშო წერა-კითხვის სკოლა.

კირილე და მისი ამხანაგები სკოლაში მუშაობის გარდა ეწეოდნენ ფართო საზოგადოებრივ მუშაობას, ასწავლიდნენ გლეხებს სამეურნეო კულტურების მოყვანის აგროწესებს, უკითხავდნენ ჟურნალ-გაზეთებს, მონაწილეობდნენ თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ფარულ ორგანიზაციებში და სხვა.

1906 წლის აგვისტოში კირილე არველაძე ბანძის სკოლას თავს ანებებს და შედის დერპტის (ახლანდელი ტარტუ) უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 1908 წელს უსახსრობისა და ავადმყოფობის გამო, კირილე იძულებული გახდა დროებით დაეტოვებინა დერპტის უნივერსიტეტი. ამიერიდან მან მასწავლებლობა დაიწყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” კავკავის ოთხწლიან დაწყებით კურსებზე. პირველ ორ წელიწადს კირილე ამ კურსების მასწავლებელი იყო, ხოლო მესამე წლიდან – კურსების გამგე. აქ მან 1911 წლამდე დაჰყო. 1911- 12 სასწავლო წელს თავი დაანება კავკავს, დაუბრუნდა უნვიერსიტეტს და წარმატებით დაამთავრა 1912 წელს. კავკავში ყოფნის დროს კირილე უსასყიდლოდ მუშაობდა ქართულ თეატრში, საკვირაო სკოლასა და ქართველი მოსწავლე-ახალგაზრდობის სალიტერატურო და საისტორიო წრეების ხელმძღვანელად.

დერპტის უნვიერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სავალდებულო ლექციებს გარდა, კირილე ესწრებოდა სასიტორიო-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე: ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ისტორიის ლექციებს და იღრმავებდა პედაგოგიურ განათლებას.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი დანიშნეს თბილისის პირველ ვაჟთა გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად.

1915 წელს გარდაიცვალა ამიერკავკასიის გორის სამასწავლებლო სემინარიის მასწავლებელი, ცნობილი ქართველი ხალხოსანი მწერალი, ნიკო ლომოური. გორის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორის თ. ა. სმირნოვის შუამდგომლობით ქართული ენის, ასევე არითმეტიკისა და მისი სწავლების მეთოდიკის მასწავლებლად ნიკო ლომოურის ადგილზე 1915 წლის სექტემბერში კირილე არველაძე დაინიშნა.

1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ ახალი სასწავლო წლიდან მოხდა გორის სამასწავლებლო სემინარიის (დაარსდა 1876 წელს) ნაციონალიზაცია და 1918 წლის 31 აგვისტოს დირექტორად დაინიშნა კირილე არველაძე.

კირილე არველაძემ შეადგინა და 1919 წელს ქუთაისში გამოსცა წიგნი „არითმეტიკის პროგრამა პირველი სამი წლისა, 31 ტიპიური კონსპექტით და მეთოდური შენიშვნებით”.

1920 წლის ზამთარში ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია სემინარიის შენობა. კირილე არველაძე იძულებული გახდა სემინარია თავისი პანსიონით გადაეტანა ქალაქ ბორჯომში. მაგრამ რადგან იქ შესაფერისი შენობა არ მოიძებნა, ნოემბერში დაბა სურამში, ყოფილი ჰოსპიტლის შენობაში მოათავსეს. 1921 წლის ნოემბერში შენობის შეკეთებისა და აღდგენის შემდეგ სემინარია კვლავ გორში დააბრუნეს.

კირილე არველაძემ სემინარიაში მასწავლებლად მიიწვია გამოჩენილი პედაგოგები: ალექსანდრე გარსევანიშვილი, სერგო რობაქიძე, თედო ჟორდანია და სხვანი.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გორის სამასწავლებლო სემინარია გადაკეთდა პედაგოგიურ ტექნიკუმად და მას ისევ კირილე არველაძე ხელმძღვანელობდა. მისი მოღვაწებოდა გორის პედაგოგიურ ტექნიკუმში 1931 წლამდე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში იგი გორში ჩატარებულ ყველა საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. 1927 წლიდან 1931 წლამდე გორის მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმის წევრი იყო, ცვლიდა აღმასკომის თავმჯდომარეს მისი არყოფნის დროს, ხელმძღვანელობდა ქალაქის საბჭოს განათლების სექციას, აქტიურად მონაწილეობდა გორის რაიონის სამომხმარებლო კოოპერაციის მუშაობაში, თავმჯდომარეობდა გორის სამხარეოთმცოდნეო საზოგადოებას, კითხულობდა მოხსენებებსა და ლექციებს, ათავსებდა წერილებს პედაგოგიურ ჟურნალ-გაზეთებში და სხვა.

1931 წლიდან კირილე სამუშაოდ გადმოვიდა თბილისში და რუსულ ენას ასწავლიდა სხვადასხვა ტექნიკუმში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1948 წლის 5 აპრილის ბრძანებულებით კირილე არველაძეს მიენიჭა საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდება.

თბილისში მოღვაწეობისას იგი ჩაება პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პედაგოგიკის ისტორიის სექციის მუშაობაში. ამ სექციის დავალებით მან მოაგროვა საქართველოს სკოლების ისტორიის მასალები და ინსტიტუტს ჩააბარა შვიდი შრომა: „XIX საუკუნის მეორე ნახევრის საანბანო წიგნები”, „გორის სასულიერო სასწავლებლის ისტორიის მასალები”, „საქართველოს სასულიერო სასწავლებლის მასალები 1900-1918 წლებში”, „საქართველოს სამრევლო სკოლების მასალები” და სხვ.

1949 წელს კირილე არველაძემ მიატოვა მასწავლებლობა და გავიდა პენსიაზე. იგი გარდაიცვალა 1950 წლის აგვისტოს, ქალაქ თბილისში.

 


ლიტერატურა:

მ. კეკელიძე, გორის სამასწავლებლო სემინარია;

უიარაღო (კონდრატე თათარაშვილი), მოთხრობები, ნარკვევები და წერილები;

კ. არვეკაძე, არითმეტიკის პროგრამა პირველი სამი წლისა, 31 ტიპიური კონსპექტითა და მეთოდური შენიშვნებით;

კ. არველაძე, არქივი სახალხო განათლების მუზეუმში.