სოფიო ყულოშვილი-კონჭოშვილი (1871-1946)
დამსახურებული მასწავლებელი და საზოგადო მოღვაწე სოფიო სოლომონის ასული კონოშვილი-ყულოშვილი ეკუთვნოდა 900-იანი წლების იმ უანგარო საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფს, რომლებმაც სახელოვნად განვლეს თავისი ცხოვრების გზა და თავისი მოღვაწეობის შესახებ ბრწყინვალე მოგონება დაუტოვეს ომავალ თაობას.
ინგილო ხალხის გულშემატკივართა, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების – მოსე ჯანაშვილის, დიმიტრი ჯანაშვილის, ივან-ბაბა ბულუღაშვილის, ბათლომე ხუციშვილის, კოტე ტარტარაშვილის, აბელ ბაირამაშვილის, მიხეილ ყულოშვილისა და სხვათა შორის სოფიო ყულოშვილმა სამართლიანად მოიპოვა ერტ-ერთი საპატიო ადგილი.
სოფიო ყულოშვილი 50 წელიწადი ემსახურებოდა ინგილო ხალხის კეთილდღეობას. მისი მოღვაწეობა არ ამოიწურებოდა მარტო მასწავლებლობით. იგი ასწავლიდა ინგილო ხალხს ცხოვრებას, ინგილო ქალებს – მეფუტკრეობას, მეაბრეშუმეობას, ოჯახის მოვლას, ბავშვების აღზრდას, ავადმყოფის მოვლას, მებოსტნეობასა და სხვა. „სოფიო ყულოშვილის მოღვაწეობა საინგილოში შეიძლება შევადაროთ მხოლოდ ნინო შარაშიძის მოღვაწეობას გურიაში”, – წერდა ჟურნალი „განათლების მუშაკი” 1928 წლის მე-19 ნომერში.
სოფიო სოლომონის ასული ყულოშვილი თელავის მაზრის სოფელ ხოდაშნიდან იყო. სოფიოს მამა სოლომონ დავითის ძე კონჭოშვილი, თავისი დროისათვის კარგად განათლებული პიროვნება, ახალგაზრდობისას შამილის საწინააღმდეგო ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას საინგილოში. სოფიოს დედა, ქართული ენის კარგად მცოდნე, თელავის მაზრის სოფელ საბუედან იყო. წერა-კითხვა დედამ შეასწავლა სოფიოს. დედამ შეაყვარა მას ქართული ზღაპრები და ქართლუი ლიტერატურა. ამის შემდეგ სოფიო მიაბარეს თეალვის წმინდა ნინოს სასწავლებელში. მშობლები დარე გარდაეცვალენნ სოფიოს და მისი აღზრდა იკისრა მისმა ბიძამ პეტრე კონჭოშვილმა. წმინდა ნინოს სასწავლებელი სოფიომ 1892 წელს დაასრულა და იმავე წელს მისთხოვდა ნიკოლოზ ყულოშვილს. ნიკოლოზს დამთავრებული ჰქონდა თბილისის სასულიერო სასწავლებელი. აალშეუღლებულები გადასახლდნენ საინგილოში, სოფელ კახში, ნიკოლოზის მშობლიურ სოფელში. ნიკოლოზი მალე კახი სვაჟთა ორკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად დანიშნეს, მაგრამ ორი წლის შემდეგ იგი გარდაიცვალა.
ახალგაზრდა, 21 წლის სოფიო დარჩა ცხოვრების გზაჯვარედინზე, პატარა აკვნის ბავშვით, მაგრამ იგი არ შეუშინდა ცხოვრებას. იმ დროს სოფიოს ორი ძმა და მისი აღმზრდელი ბიძა პეტრე თბილისში ცხოვრობდნენ და ურჩევდნენ სოფიოს დაეტოვებინა საინგილო და გადასლიყვნენ თბილისში საცხოვრებლად. მაგრამ სოფიომ უარყო მათი რჩევა და თბილისში ფუფუნებით ცხოვრებას საინგილოში სამუდამოდ დარჩენა არჩია. 1896 წელს სოფიო სოლომონის ასული დანიშნულ იქნა სოფელ კახის საეკლესიო-სამრევლო სკოლის (საქალებო პირველდაწყებითი სკოლა) ასწავლებლად და გამგედ. ამ დღიდან სრულიად გარდაიქმნა სოფიოს ცხოვრება, ახალი ასპარეზი გადაიშალა მის წინ.
იმ დროს ძალიან ცოტა იყო საინგილოში წერა-კითხვის მცოდნე, დამფრთხალი, აწიოკებლუი, საუკუნეების მანძილზე ბრძოლებით განაწამები ინგილო ხალხი თავის საკუთარ ლანდსაც კი გაურბოდა. არცთუ ისე მშვიდი დრო იყო. ჯერ კიდევ ხშირი იყო შემთხვევები, რომ მთის ლეკები, ჭარბელაქნის ურდოების ნარჩენები დაეცემოდნენ რომელიმე ოჯახს ღამით, აიკლებდნენ და ქალიან-კაციანად და პირუტყვიანად გაირეკავდნენ წინ, მთებისაკენ. არამც თუ ქალიშვილის, ინგილოები ვაჟის გაგზავნასაც ვერ ბედავდნენ სკოლაში. აი, რას წერს მოსე ჯანაშვილი თავის მოგონებაში ამის შესახებ: „თერთმეტი წლის ვიქნებოდი, როდესაც ხმა გავრცელდა კახში: ყველა სოფლელ ბიჭს წიგნი უნდა ასწავლონო. ამიტომ დედამ მითხრა – ჩვენი ოჯახიდან მარტო შენ უნდა ისწავლო წიგნი და შენ გვასახელო, ჯანმრთელობით ძმებში (მოსე ჯანაშვილის მამას ხუთი ვაჟი ჰყავდა) მხოლოდ შენ ხარ სუსტი და სოფლურ საქმეებს შენ ვე აიტანო...”
1866 წელს ჩამოიარა სოფელ კახში ივან-ბაბა-ბულუღაშვილმა და ყველას გამოუცხადა: საყდრის ეზოში იხსნება სამრევლო სკოლა და ყოველი ოჯახიდან თითო ბიჭი მაინც უნდა გამოგზავნოთ სასწავლებლადო. როგორც ჩანს, იმ დროს საინგილოში მშობლები ყველაზე სუსტსა და ოჯახისათვის გამოუსადეგარ შვილს თუ გაიმეტებდნენ სკოლაში გასაგზავნად. ინგილო საერთოდ ქალიშვილს შვილად არ თვლიდა იმ დროს.
“რაქთან შვილ გყავსო, რომ კითხავდნენ მას, – ერ შვილ და ერ ქალო”, უპასუხებდა, თუ ქალ-ვაჟი ჰყავდა. ძნელი იყო ინგილო გლეხის დათანხმება, რომ მას თავისი ქალი გაეგზავნა სასწავლებელში. სხვა რომ არ იყოს, ამისათვის ინგილო გოგონას უნდა გაეხადა ინგილოური უქასარი (შარვალი), მოეძრო მაიზარი (წინსაფარი) მოეხადა ჩიქილა, ახალუხი და ჩვეულებრივი კაბა ჩაეცვა. რამდენი მოთმინება და ენერგია იყო საჭირო, რომ ინგილო დაგერწმუნებინა ქალის სწავლის უპირატესობაში და დაგეყოლებინა გაეშვა თავისი ქალი სასწავლებელში, მაგრამ სოფიო ენერგიულად შეუდგა საქმეს და მოკლე ხანში მას რამდენიმე ათეული ინგილო გოგონა ჰყავდა სკოლაში. სოფიო ყულოშვილის პირველი მოსწავლეები იყვნენ სალომე პაპიაშვილი, ნინო ტარტარაშვილი, საშა ყულოშვილი და სხვები.
სოფიო ყულოშვილი თავისი ხელით უკერავდა მოსწავლეებს ფორმის (წითელ) კაბებს, შავსა და აგრეთვე თეთრ სადღესასწაულო წინსაფრებს. კახის წმინდა გიროგის საყდრის ეზოში ახლაც არის ის ოროთახიანი სახლი, სადაც ეს პირველდაწყებითი საქალებო სკოლა იყო მოთავსებული. ამ სახლში სკოლისი ოთხივე განყოფილება იყო მოთავსებული. სოფიო ასწავლიდა ოთხივე განყოფილებას ქართულ ენას, რუსულ ენასა და არითმეტიკას. გარდა ამისა, ასწავლიდა მათ ჭრა-კერვას, ქარგვას, ჯეჯიმების ქსოვას ფერადი ძაფებით, ოქრომკედს და სხვა ხელსაქმეს.
სოფიო ყულოშვილი დედობრივი მზრუნველობით დატრიალებდა თითოეულ მოსწავლეს თავს და ეს მზრუნველობა მანამდე გრძელდებოდა, სანამ მისი ნაამაგარი მოსწავლე რაიმე გზას არ დაადგებოდა. „სოფიო მასწავლებელი თავის ხელით გვიკერავდა, თაისი ხელით გვაცმევდა ანსაცმელს, გვრთავდა სადღესასწაულოდ, თუ სკოლაში წასასვლელად. იგი გვტოვებდა მასთან იმ შემთხვევაში, თუ გაკვეთილი არ გვეცოდინებოდა, გვასადილებდა და დაგვსხამდა სამაცადინოთ ხელახლა”, – მიამბო მისმა ყოფილმა მოსწავლემ მარგო ჩხეტიანმა. „ვის შეუძლია სოფიო მასწავლებლის ამაგის აწერა, როგორ გვივლიდა საკუთარ შვილებივით, როგორ გვევლებოდა თავს, – მიამბეს მისმა მოსწავლეებმა, სოფელ კახის მცხოვრებმა ინგილო ქალებმა – კატო ნუროშვილმა, ნასტია ჯანაშვილმა და სხვებმა.
მაგრამ მარტო მოსწავლეებზე ზრუნვით და სკოლის კედლებში მუშაობით არ ამოიწურებოდა სოფიო ყულოშვილის მოღვაწეობა საინგილოში. სოფიო ყულოშვილი იყო თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე, ინგილო ხალხის გულშემატკივარი, მისი წინამძღოლი ყოველგვარ ახალ საქმეში. მას გამოწერილი ჰქონდა იმდროინდელი ყველა ჟუნალ-გაზეთი საღამოობით მოუყრიდა თავს როგორც ახალგაზრდა, ისე ხანში შესულ ინგილო ქალებს თავის სახლში და უკითხავდა მათ ქვეყნის ამბებს. სოფიო უსასყიდლოდ ასწავლიდა ინგილო ქალებს წერა-კითხვას.
იმ დროს საინგილოში მეტად უხეში წესები იყო გამეფებული. ინგილო ქალი მამაკაცს ვერ დაელაპარაკებოდა, ვერც დედამთილ-მამამთილს გასცემდა ხმას. მშობიარე ქალს ინგილოები ბოსელში ათავსებდნენ, პირუტყვთან ერთად, როგორც არაწმინდა არსებას. ბავშვის დაბადების შემდეგაც იქ ტოვებდნენ ექვსი კვირის განმავლობაში. თავქვეშ კუნძს უდებდნენ, თივას უგებდნენ იმისათვის, რომ არ დასძინებოდა დედას და ბავშვის ტირილით არ გაგუდულიყო. „ქალი თუ მოკვდება, არაფერია, როგორც ერთი მიყიდია, ისე ვიყიდი მეორესაც, მხოლოდ ყმაწვილი, ოჯახის ბურჯი არ დაიღუპოსო”, – ასე მსჯელობდა იმ დროს ინგილო.
სოფიო ყულოშვილი მთელი თავისი ენერგიით ებრძოდა ამ ბარბაროსულ ჩვეულებებს. მან ქალების წრე ჩამოაყალიბა, რომლის მუშაობაში, სხვათა შორის, მონაწილეობას იღებდნენ ბათლომე ხუციშვილის მეუღლე – რუსა ხუციშივლი, აბელ ბაირამაშვილის მეუღლე – ელენე ბაირამაშვილი და სხვები. ისინი წამსვე იქ გაჩნდებოდნენ, სადაც კი გაიგონებდნენ მშობიარე ქალის ამბავს და ათასნაირი შეგონებითა და ახსნა-განმარტებით მიჰყავდათ ის კახის საავადმყოფოში, რომელიც ივანე ელიაშვილის თაოსნობით დაარსდა სოფელ კახში 1897 წელს. სოფიო ყულოშვილი სიტყვითა და საქმით, თავისი პირადი მაგალითით უჩვენებდა ინგილო ქალს, როგორ მოქცეოდა დედამთილ-მამამთილს, როგორ დაეჭირა თავი საზოგადოებაში და არწმუნებდა, რომ ამაში არაფერი სამარცხვინო არ იყო. ამ წესით, მან ბევრი ქალი გაოიყვანა დღის სინათლეზე და ამოადგმევინა ენა.
სოფელ კახში იმ დროს 600 კომლი ინგილო მოსახლეობდა. ჯერ კიდევ 1917 წლამდე საინგილოში დარჩენილი იყო ზოგიერთი ნაშთი საზოგადოებრივი მიწათმოფლობელობისა, ეგრეთ წოდებული სარაღანი – ბუჩქნარი, რომლის ფოთოლიც იხმარებოდა ტყავის დასამუშავებლად, საზოგადოებრივ საკუთრებას წარმოადგენდა და არავის ჰქონდა მოჭრის უფლება, სანამ სპეციალური გზირი არ ჩამოივლიდა და საყვირით არ აცნობებდა სოფელს, რომ ახსნილია ყადაღა. მაშინ კი მთელი სოფელი აიყრებოდა და მიდიდოა სარაღანის მოსაჭრელად. ვინც რამდენს მოჭრიდა, იმდენს წაიღებდა სახლში, გააშრობდა, გაახმობდა და შემდეგ გაყიდდა. სოფიო ყულოშვილმა თავისებურად გამოიყენა ეს წესი. იგი თავის მეგობარ ქალებთან ერთად მონაწილეობას იღებდა სარაღანის მოჭრა-გახმობაში და აღებულ ფულს ახმარდა სხვადასხვა კულტურულ საქმიანობას, უფრო ხშირად კი ღარიბ ინგილო სტუდენტებს უგზავნიდა სხვადასხვა ქალაქში.
სოფიო ყულოშვილი აქტიური მონაწილე იყო 1905 წლის რეევოლუციისა. მის სახლში ხშირად იმართებოდა კრებები. მეფის მოხელეებს არ დარჩენიათ ეს შეუმჩნეველი და ერთხელ სწორედ მაშინ, როდესაც კრება მიმდინარეობდა, ეტლით ესტუმრნენ მას ოჯახში. სოფიომ შორიდან დალანდა მათკენ მომავალი „სტუმრები” და უცებ მოისაზრა, როგორ შეხვედროდა მათ. მან ჩიხტიკოპი გაისწორა, მოსახურავი წამოისხა და ისეთი გამომეტყველებით გამოვიდა ეზოში, თითქოს სადღაც სტუმრად მიდიოდა წვეულებაში. – უი, ღმერთო, კი მომკალი, – შეიცხადა მან, როდესაც მოსულებმა თავისი მოსვლის მიზანი შეატყობინეს, – როგორ მაკადრეთ ეს ან მე და ან ჩემს ოჯახს. მე თვითონ წამოვალ ნაიბთან და ვეტყვი, რომ ასეთი რამ მეორეთ არ გამეორდეს, – უთხრა მან მოსულებს. ეტლში ჩაუჯდა და გაყვა ნაიბთან. ამასობაში რევოლუციონერებმა თავს უშველეს.
სოფიო ყულოშვილს კარგად იცნობდნენ საქართველოს ისეთი გამოჩენილი მწერლები, როგორიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები. „ერთხელ თბილისში ჩავედი რაღაც საქმეებზე, – უამბო სოფიომ მასთან სტუმრად მისულ მასწავლებლებს, – უეცრივ ეკატერინე (გაბაშვილი – ა. ჩ.) შემომხვდა ქუჩაში. მას შორიდანვე დავენახე და ჩემსკენ წამოსულიყიო. – რად ჩამოსულხარ, დროებით თუ სამუდამოდ? – მომაძახა მან სალმის დაუცლელად, – დროებით, რა თქმა უნდა, – ვუპასუხე მას, – ჰოო, თუ დროებით, მაშ, გამარჯობა, – მითხრა მან ღიმილით და დამკოცნა. – შენ რომ იქ გვეგულები, დამშვიდებული ვართ, ვიცით, რომ ქართულ ენას ერთგული დარაჯი ჰყავს საინგილოში. ილიაც, მეც და სხვებიც ამას გთხოვთ, საინგილოს არ უღალატო, ინგილო ხალხი არ მიატოვო, ჩვენ თუ არა, მომავალი თაობა მაინცდ აგიფასებს ამაგსო. მე ვუტხარი ჩემი ჩამოსვლის მიზანი. მან მომკიდა ხელი და წამიყვანა დიდ ილიასთან მოსალაპარაკებლად”.
სოფიო ყულოშვილი ქართულის მეტად კარგად მცოდნე, მჭერმეტყველი და ტკბილმოუბარი იყო. „გველსა ხვრელიტ გამოიყვანსო” – იტყოდნენ მასზე. მას არა ერთი დავა ჩაუქრია საინგილოში მცხოვრებ ლეკ-მუღალებსა და ინგილო ქართველებს შორის. მათ შორის ატეხილი კინკლაობის შემთხვევებში სოფიოს მუდამ შუაკაცისმოვალეობა ჰქონდა დაკისრებული.
1917-1921 ლებში მუსავატელების მთAვრობის დროს გამწვავებული მდგომარეობა იყო საინგილოში. სოფიო ყულოშვილს დიდი გამჭრიახობა დასჭირდა, რომ სისხლი არ დაღვრილიყო საინგილოში მცხოვრებ ორ მეზობელს შორის. საინგილოში დღეს ყველა ხანში შესული ქალი და კაცი მოგიყვებათ, რა გაჭირვება გამოიარეს მათ იმ დროს: „ჩვენი ამოწყვეტა გადაწყვეტილი იყო. ისე რომ, ერთი ინგილო არ უნდა ყოფილიყო ცოცხალი, მაგრამ მოგვისწრო წითელმა არმიამ, სწორედ იმდღეს შემოვიდა, როდესაც ეს საზარელი აქმე უნდა მომხდარიყო და გადაგვარჩინა განადგურებას” (იგულ. 1920 წლის 28 აპრილი. – ა. ჩ.). გოდორჩა, რათა მინ ინსან მირათ სიდირ ქმნასო (გადარჩა რამდენიმე ათასი ადამიანი განადგურებასო), გეტყვიან ისინი. ინგილო ხალხი თავისი ფიზიკური არსებობისათვის ბევრით არის დავალებლუი სოფიო ყულოშვილისაგან და ამისათვის მას „სოფიო დედა” შეარქვეს. – სოფიო ჩონ დედაა, ჩონ მხსნელი, – ამბობდნენ ინგილოები.
“ამ ქალს რევოლუციის პირველ ხანებში დააკისრეს, რომ თემის კომისრის მოვალეობაც შეესრულებინა. ერთი სიტყვით, ყოველ ჭირში და ლხინში სოფიო იყო მალამო ინგილო ქალთათვის”, – წერდა ჟურნალი „განათლების მუშაკი” 1928 წლის მე-19 ნომერში.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ ფრთები შეასხა და უჩვეულო ენერგია შემატა სოფიო ყულოშვილს, – ასე მგონია, ცუდ სიზმარს ვხედავდი და ეს სიზმარი მაშინ დასრულდა, როდესაც საინგილოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. ათეული წლები ჩამომცილდა ზურგიდან და სრულიად ახალგაზრდად ვიგრძენი თავიო, – ამბობდა ხოლმე იგი. სოფიო ყულშვილს სიცოცხლეს და ენერგიას მატებდა საინგილოს წინსვლა, ინგილო ბავშვებისა და ახალგაზრდობის წარმატება. უკვალოდ და უმიზნოდ არ ჩაუვლია სოფიო ყულოშვილის მოღვაწეობას. ინგილო ხალხმა სულითა და გულით შეიყვარა იგი. ამიტომ იყო, რომ 1926 წლის 17 დეკემბერს იუბილე გადაუხადეს. „სოფიო ყულოშვილის ხანგრძლივი მოღვაწეობის აღსანიშნავად ამა წლის 19 ნოემბერს შემდგარმა, კახის რაიონის მასწავლებელთა კრებამ სამაზრო განათლების წარმომადგენლების თანდასწრებით დაადგინა: ამა წლის 17 დეკემბერს, კახში გადაუხადოს 30 წლის იუბილე, რისთვისაც აირჩიეს სათანადოკომისია”.
ეს იუბლე სახალხო ზეიმად იქცა. ინგილო ქალებმა ხელში აყვანილი გამოიყვანეს სოფიო ყულოშვილი, მთელი დაბა შემოატარეს და შემდეგ საზეიმოდ მორთულ კლუბში დასვეს. ხალხი ყვავილებით ხელში ეგებებოდა გზადაგზა. ამ იუბლესთან დაკავშირებით მთავრობამ სოფიოს გაძლიერებული პერსონალური პენსია დაუნიშნა. მრავალი მისალოცი დეპეშა მიიღო სოფიომ საქართველოდან და სხვა რესპუბლიკების ქალაქებიდან მისი აღზრდილი სტუდენტებისა და მოწინავე ადამიანებისაგან. სოფიო ყულოშვილს ამ იუბლეს შემდეგაც არ შეუწყვეტია თავისი საზოგადოებრივი საქმიანობა.
როდესაც 1944 წლის შემოდგომაზე საქართველოდან გაგზავნილი მასწავლებლები ჩავიდნენ საინგილოს ქართულ სკოლებში სამუშაოდ, დამსახურებული მასწავლებელი სოფიო ყულოშვილი კახის ქარტულ საშუალო სკოლისპედაგოგიური საბჭოს საპატიო წევრად ითვლებოდა. ჯერ კიდევ დაბინავებული არი იყვნენ ახალი მასწავლებლები, რომ სკოლის ეზოში ღრმად მოხუცი, თმათეთრი სოფიო შემოვიდა. „მე ასე მგონია, რომ ჩემ სსიცოცხლეში ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ, არც სიკვდილი მაშინებს აწ ამის შემდეგ, რადგანაც ვიცი ინგილო ბავშვებს ღირსეული აღმზრდელები ჰყავთ, ინგილო ხალხს ქართული ენა არ დაავიწყდება, რისთვისაც მე მთელი სიცოცხლე ვიბრძოდი”, – უთხრა მან ჩასულ მასწავლებლებს მისალმების დროს.
საქართველოდან ჩასული მასწავლებლები ხშირად დადიოდნენ სოფიო ყულოშვილთან სახლში და ისიც მათ უამბობდა თავისი განვლილი ცხოვრების საყურადღებო ამბებს. სოფიო იმ ხანებში ღრმად მოხუცი, დაავამდყოფებული და ლოგინად ჩავარდნილი იყო და ჩასულ იმასწავლებლები ბევრნაირად ეხმარებოდნენ მოხუცს. უკანასკნელად 1946 წლის გაზაფხულზე სოფიომ მოიწვია სოფელ თოფახის შვიდწლიანი სკოლისა და კახის ქართული საშუალო სკოლის საქართველოდან ჩამოსული მასწავლებლები, გაუმართა სადილი და გაუბა საუბარი სკოლის შესახებ. მან სურვილი გამოთქვა, რომ თავისი ოთხთვლიანი სახლი მისი სიკვდლიიის შემდეგ გადაცემოდა თოფახის შვიდწლიან სკოლას, რომელიც მის მახლობლად არის. – „ბედნიერი ვარ, რომ ჩემს საყვარელ კუთხეში ასეთ უანგარო მოღვაწეებს ვხედავ. თქვენში ჩემი ღვაწლის განხორციელებას ვგრძნობ. იმუშავეთ, მხოლოდ კეთილშობილურ შრომას გაააქვს საშვილიშვილოდ ადამიანის სახელი”, – უთხრა მან უკანასკნელად სიკვდილის წინ მასთან თავმოყრილ მასწავლებლებს.
სოფიო ყულოშვილი დიდი პატივისცემით დაასაფლავეს კახის წმინდა გიროგის ეკლესიის ეზოში, თავისი მამამთილის მიხეილ ყულშვილის გვერდით. საქართველოდან ჩამოსულმა მასწავლებელმა ეკ. ბლუაშვილმა გრძნობიერი სიტყვა უთხრა მას. ინგილო ხალხმა ყვავილებით შეუმკო საფლავი თავის მოამაგეს, გულშემატკივარს, დამსახურებულ მასწავლებელს სოფიო სოლომონის ასულ ყულოშვილს.