ალექსანდრე ყიფშიძე (ფრონელი) (1862-1916)
ავტორი: შ. გოზალიშვილი ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე (ფრონელი) ცნობილი მწერალი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწეა. ალექსანდრე ყიფშიძე (ფრონელი) დაიბადა 1862 წლის 13 იანვარს ქართლში, სოფელ წვერში. როგორც ყიფშიძეების საგვარეულო საბუთებიდან ჩანს, მის მამას, თევდორე ყიფშიძეს, 1813 წელს თავად აბაშიძის ყმობიდან თავი დაუხსნია და იმერეთიდან – სოფელ კაცხიდან ქართლში, სოფელ დირბში გადმოსახლებულა. ამ პერიოდიდან იწყება ყიფშიძეების გვარის ქართლური შტოს ისტორია. პატარა ალექსანდრე ქართლის სოფლის მშვენიერი ბუნების წიაღში, მდინარე ფრონის პირას, გლეხური ცხოვრების პირობებში იზრდებოდა. ამის გამო მას თავიდანვე ჩაენერგა სოფლსი მომხიბვლელი ბუნების, მშრომელი ხალხისა და სამშობლო ქვეყნის მგზნებარე სიყვარული. ალექსანდრე პირველად სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1878 წელს. იმავე წლის სექტემბრიდან იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა. სემინარიის დამთავრების შემდეგ 1884 წელს ალექსანდრე ყიფშიძე შევიდა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1888 წელს დაამთავრა და იმავე წლის შემოდგომაზე სამშობლოში დაბრუნდა. ალექსანდრე ყიფშიძეს დიდი სურვილი ჰქონდა თავისი ცოდნა და ენერგია ქართველი ხალხის სწავლა-განათლების საქმისათვის მოეხმარა. მისი იდეალი იყო სახალხო მასწავლებლის მძიმე უღელი ეტვირთა მშობლიური ხალხის სამსახურისათვის. მაგრამ აქ მას ბედმა უმტყუნა. ცარიზმის შავბნელი მთავრობის გაქნილმა აგენტმა, კავკასიის მაშინდელი სწავლა-განათლების მზრუნველმა იანოვსკიმ, მას მასწავლებლად დანიშვნაზე სასტიკი უარი უთხრა, „ტუზემცებისათვის” ადგილი არა მაქვსო. ალექსანდრე ყიფშიძე იძულებული იყო თავის ოცნებაზე ხელი აეღო და ემუშავა სახაზინო პალატაში, საგუბერნიო საქმეთა სამმართველოში მდივნის თანამდებობაზე, საგლეხკაცო საქმეთა საკრებულოს მდივნად, ახალციხეში მომრიგებელ მოსამართლედ და სხვა. ალექსანდრე ყიფშიძეს მასწავლებლად არ უმუშავია, მაგრამ იგი მთელი თავისი პრაქტიკულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობითა და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობით, კალმითა თუ სიტყვით გატაცებით ემსახურებოდა სახალხო განათლებასა და სკოლების გავრცელების საქმეს. ალექსანდრე ყიფშიძე მონაწილეობას იღებდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” მუშაობაში, ეხმარეობდა მას ადგილობრივი სკოლების გახსნასა და მის მოვლა-პატრონობაში. სახალხო განათლების დარგში იგი დემოკრაიტული იდეებით გატაცებული მოღვაწე იყო და თავგამოდებით მუშაობდა ეროვნული განათლების დამკიდრებისა და განვითარებისათვის. 900-იანი წლების დასაწყისიდან ალექსანდრე ყიფსიძე ახალციხეში განსაკუთრებული მზრუნველობით ხელმძღვანელობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გახსნილ ერთადერთ ქართულ სკოლას. ამის საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიტანოთ მისი წერილი იაკობ გოგებაშვილისადმი, რომლიდანაც ნათლად ჩანს, თუ რა დიდი გატაცებით ზრუნავდა იგი ახალციხის სკოლის ნორმალური მუშაობის პირობების შექმნისათვის. 1902 წლის 1 ნოემბერს იგი ახალციხიდან იაკობ გოგებაშვილს წერდა: „წარსული თვის 22-ს მოხდა ჩვენი ახალციხის საქველმოქმედო საზოგადოების კრება, რომელზედაც ამომირჩიეს მე მდივნად და ხაზინადარად. ამას გარდა, საზოგადოების წესდების თანახმად, რომელიც თხოულობს, რომ ხაზინადარი, მდივანი და სკოლის გამგებელი ერთი და იგივე პირი იყოს, დამასახელეს და ერთხმად ამომირჩიეს მე, მით უმეტეს, რომ ახალი მდივანი და ხაზინადარი სწავლით ფილოლოგია და დირექცია უეჭველად დაამტკიცებსო, სკოლასაც ყოჩაღად გაუძღვებაო. მე კრებას ვერ დავესწარი, რადგან ამ დროს სამხედრო საკრებულოში ვიყავი... როგორც მითხრეს, მაზრის უფროსს მთელი „რეჩი” ეთქვა ჩემს სასარგებლოდ და ურჩია კრებას ჩემი არჩევა. ისიც კი ეთქვა, რომ მთავრობის აზრი მე ვიცი და ყიფშიძის არჩევა ესიამოვნებაო. რომელი მთავრობის აზრი – ეს გამოურკვეველი დარჩა. ასეა თუ ისე, ახლა საქმე ისაა, რომ სკოლის სრული გამგებელი ეხლა მე ვარ ნივთიერადაც და პედაგოგიის მხრითაც. ამ დღეებში დირექციას ქაღალდს გაუგზავნით, რომ დამამტკიცონ. ვინამ დამტკიცება მოვა, მე უკვე შეუდექი ჩემი მოვალეობის აღსრულებას და სწავლას სკოლაში დავესწარი ერთხელ. შემდეგ, რაღა თქმა უნდა, ხშირად დავესწრები, უფრო კარგად დაუკვირდები საქმეს და დაწვრილებით შეგატყობინებ ყველაფერს. გუშინ პირველი კრება ჰქონდა განახლებულ კომიტეტს. სხვათა შორის მდივანმა მოახსენა კომიტეტს – რა მდგომარეობაშია საზოგადოების ქონება. პირველი ოქტომბრისათვის აღმოჩნდა 203 მანეთი, როგორც ჰხედავთ, ფლი ძალიან ცოტა გვაქვს, სკოლას კი ბევრი საჭიროება აქვს. ამისათვის საღსრის აღმოსაჩენად გადასწყვიტა წარმოდგენის გამართვა – რუსულ-ქართულისა – ნოემბერში. ამავე კრებაზე გადასწყდა მდივნის წინადადებისამებრ უღრმესი მადლობა გამოეცხადოს გაზეთის შემწეობით ბ-ნ ი. გოგებაშვილს 30 ცალი „ბუნების კარის” შემოწირვისათვის. კერძოთ, ამ გადაწყვეტილებას მალე გაცნობებთ. ახლა, ჩემო იაკობ, იმედი მაქვს, რომ ჩემს ახალს მოვალეობაში ხელს შემიწყობთ და არ დამტოვებთ ამრტოს, არ დაიზარებთ დარიგების და რჩევის მოცემას. რაც ვიცოდით თეორიულად გადამავიწყდა უპრაქტიკოდ, მოვალეობა დიდი მაქვს საზოგადოების წინაშე და მთავრობასთან (დირექცია) პასუხსაც მარტო მე ვაგებ. ამისათვის მომზადება მეჭირვება. აი, სწორედ ამისათვის მოგმართავთ და გთხოვთ, ყველაფერში ხელი შემიწყოთ იმ საქმეში, რომელსაც ასე გულწრფელად ემსახურებით მთელი თქვენი სიცოცხლე. გთხოვთ, გამომიგზავნოთ უპირველესყოვლისა, პროგრამა, სასწავლო პლანი სამასწავლებლო ოლქისა 1881 წ. აქ ვერსაც ვიპოვნე, არც სკოლაშია, ბურჭულაძესაც არა აქვს. ამას გარდა, რაც საჭიროა: ან მეთოდიკები, ან სახელმძღვანელოები, ან ინსტრუქციები, ან კიდევ თეორიული განმარტებანი პედაგოგისა, ერთის სიტყვით, ყველაფერი, რაც საჭიროა სკოლის კარგი გამგებლისათვის. ყველა ეს უბრძანეთ ერთად შეჰკრან, ფასი დაადეთ და ისე გამოგზავნეთ ჩემს სახელობაზე, თქვენი ნაწერებიც შიგ ჩაურთეთ, რაც ცალკე წიგნად, ან ბროშურად გაქვთ დაბეწდილი. აზრად მაქვს მცირე ისტორია სკოლისა დავბეჭდო ქართულად საზოგადოების გასაცნობად. მერმე რაკი გაიგებთ, რა წვალებით და გაჭირვებით უწარმოებიათ აქაურებს სკოლა, იმედია, დახმარებას აღმოგვიჩენს მანდაური ქართველები. ეს სკოლა ერთად-ერთი ზღუდეა აქაური გამქრალი ქართველებისა. სირცხვილია მანდაური ღონიერი და შეძლებული ქართველებისა, რომ ხელს არ გვიწვდენენ. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ ამ მხრივ. თქვენი ერთგული და მოსიყვარულე ა. ყიფშიძე სახალხო განათლების დიდი მოჭირნახულე იაკობ გოგებაშვილი ჩვეული მზრუნველობით ეკიდებოდა ახალციხის ქართულ სკოლას. ამ შემთხვევაშიაც იგი 1902 წლის 2 დეკემბრის საპასუხო წერილში ალექსანდრე ყიფშიძეს წერს: “ბატონო ალექსანდრე! დიდი სიამოვნებით დავუმატე თქვენგან დაბარებულს წიგნებს ჩემის მხრივ, შემდეგი სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნები: 15 ცალი „დედა ენა”, 10 – „ბუნების კარი”, 20 –«Русское Слово» პირველი ნაწილი, 5 ცალი მეორე ნაწილი (ამაზე მეტი აღარა მქონდა) და ორ-ორი ცალი «руководство для учителей...», «Очерк сравнительной грамматики грузинского и русского языков», «Нормальное письмо», «О грузинском и русском алфавитах с педагогической точки зрения», «Разбор учебныхруководств», „კონა”, „აკიდო” და „თავდადებულნი ქართველნი”. ამ დღეებში მოვაწერე ხელი ერთს ანდერძს მოხუცი ღარიბი ქართველისას, რომელიც თავისი ასი თუმნიდან, მრავალის წლის ყაირათობით მონარჩუნებულს, მეხუთედს, ესე იგი ოცს თუმანს თქვენის სკოლის სასარგებლოდ სტოვებს, ოთხმოც თუმანს კი თავისს ღარიბ ნათესავებს უანდერძებს. ნიკო ღოღობერიძესაც გადავუკარი ამ წინაზე სიტყვა შესახებ თქვენის სკოლის მოქცევისა მისს ანდერძში და ამასთან გავახსენე, რომ ეგ სკოლა დააარსებულია მისი დის ანეტას მიერ; მეორედაც მოვაგონებ, და იმედი მაქვს, მცირე ნაწილი თავისი ქონებისა მაინც დაუტოვოს თქვენს სკოლასა. საზოგადოდ გრიგოლ დადიანის ანდერძმა მშვენიერი მაგალითი მისცა ქართველობას და ამ მაგალითით იგი სარგებლობს ახლაც და შემდეგშიც ხომ უფრო მეტად ისარგებლებს”. 1905-1906 წლებში ალექსანდრე ყიფშიძე დანიშნულ იქნა ქუთაისის გუბერნატორ სტაროსელსკის თანაშემწედ. აღნიშნულ პერიოდში, განმათავისუფლებელ მოძრაობაში თავის საყვარელ სამშობლოსა და ხალხის თანაგრძნობისა და ხელის შეწყობისათვის ალექსანდრე ყიფშიძემ მეფის მთავრობის რისხვა დაიმსახურა. მეფის პირსისხლიანმა გენერალმა ალიხანოვმა, ქუთაისში შესვლის დროს, სამსახურიდან მოხსნა გუბერნატორი სტაროსელსკი და მას თან მიაყოლა ვიცე-გუბერნატორი ალექსანდრე ყიფშიძეც, ჟანდარმების თანხლებით ისინი თბილისში გამოისტუმრა. ამის შემდეგ ალექსანდრე ყიფშიძე მეტეხის ციხეში მოათავსეს. 1906 წლის ბოლოს თბილისის დეპუტატთა საკრებულოსთან დაარსებულ იქნა „საადგილმამულო კომისია”, რომლის მმართველადაც დანიშნული იყო ალექსანდრე ყიფშიძე. აქ მან, როგორც სამიწათმფლობელო და საგლეხო საქმეთა საუკეთესო მცოდნემ, დიდი მუშაობა ჩაატარა. მთელი თავისი პრაქტიკული მოღვაწეობა მოანდომა იმას, რომ საბატონო მიწები ქართველ გლეხობას შეეძინა და მათ ხელში გადასულიყო. ამ თანამდებობაზე მან სიკვდილამდე დაჰყო. იგი ხელს უწყობდა სოფლებში გზებისა და ხიდების გაკეთებას, დროს და ენერგიას არ ზოგავდა ქართველი ხალხის კულტურული გათვითცნობიერებისა და ეკონომიური აღორძინებისათვის. ალექსანდრე ყიფშიძე თავისი სამშობლო ქვეყნისა და ხალხისათვის თავდადებული ადამიანი, ყველასათვის საყვარელი, ჩუმი და დაუღალავი მოღვაწე იყო. ცარიზმით დაჩაგრული ხალხის საყვარელმა შვილმა, თავისი სიცოცხლის განმავლობაში, საზოგადოებრივი და სამწერლო მოღვაწეობის ნარ-ეკლით მოსილი გზა განვლო. ჯერ ისევ სემინარიაში სწავლის დროს, 1880 წლის 1 აპრილს დღიურში ალექსანდრე ყიფშიძე წერდა, რომ რა გვარიც არ უნდა იყვეს ჩემი მოქმედება მომავალში, იგი საქართველოს კეთილდღეობისათვის იქნება მიმართული და ყოველთვის სახეში მექნება ჩემი დაცემული სამშობლოო. თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროიდანვე იგი აქტიურად თანამშრომლობდა მოწაფეთა ხელნაწერ ჟურნალ „ნორჩი ტვინის” გამოცემაში. შემდეგ კი მან ხარკოვის უნივერსიტეტში სწავლის დროს თარგმნა ვ. გარშინის მოთხრობები „ოთხი დღე” და „მხდალი”, რომლებიც დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ჟურნალ „ივერიაში” 1895 წელს (№№ 2, 4). სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1889 წლიდან ალექსანდრე ყიფშიძე დიდი მონდომებითა და ენერგიით თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიაში”, რომელშიაც მშვნეიერი ქართული ენით ბეჭდავდა ცხოვრების დაკვირვებით, გამოცდილებითა და ცოდნით აღსავსე პუბლიცისტურ წერილებს და ხშირად გაზეთის ხელმოუწერელ მეთაურებსაც. იგი საკმაოდ გამოცდილ ჟურნალისტად ითვლებოდა და „ივერიის” რედაქტორი ილია ჭავჭავაძეც მას დიდად აფასებდა. შემდეგ იგი თანამშრომლობდა აგრეთვე ჟურნალ „კლდეში”, რომელშიაც დაიბეჭდა მისი მრავალი წერილი. მათ შორის აღსანიშნავია წერილები დიდ ქართველ მხედართმთავარ პეტრე ბაგრატიონზე. თავისი ცხოვრების უკანასკნელ პერიოდში აქტიურ მონაწილეობას იღებდა გაზეთ „საქართველოს” დაარსებაში და ითვლებოდა მის უახლოეს თანამშრომლად. ალექსანდრე ყიფშიძის სიყვარულითა და თანაგრძნობით სარგებლობდა ნორჩი თაობის მაშინდელი ჟურნალი „ნაკადული”. მან ამ ჟურნალში დაბეჭდა ჩვენი ქვეყნის წარსულიდან ისტორიული და ეთნოგრაფიული ხასიათის მრავალი წერილი საერთო სათაურით – „სამშობლო ქვეყანა”. ამ წერილებით ქართველი მოზარდი თაობა ეცნობოდა სამშობლო ქვეყნის წარსულ ისტორიულ ცხოვრებას. ალექსანდრე ყიფშიძე (ფრონელი) მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მრავალმხრივ საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან ერთად, დაუღალავად აწარმოებდა ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიული წარსულის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ყოველმხრივ შესწავლას. ალექსანდრე ყიფშიძემ, საღი მეცნიერული დაკვირვებით, ცოდნითა და სამშობლოსადმი ღრმა სიყვარულით გამსჭვალულმა, შეადგინა მხატვრული აღმაფრენით შეფერადებული ისტორიული მონოგრაფიები: „მთიულეთი” 1804, „ამბოხება კახეთისა” (1812), „დიდებული მესხეთის” და ამბოხება კახეთისა” აუღელვებლად წაკითხვა. შეუძლებელია მათ მკითხველებში არ გამოიწვიონ ჭეშმარიტი მღელვარებისა და აღშფოთების გრძნობები. ალექსანდრე ყიფშიძის (ფრონელის) შრომას უსარგებლოდ არ ჩაუვლია. მას ღრმად სწამდა სამშობლოს ბრწყინვალე მომავალი და დაუღალავად მუშაობდა უკეთესი მერმისისათვის. მისი ისტორიული მონოგრაფიები ბევრ საგულისხმო და უტყუარ სურათებს გვიშლიან ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წარსული ცხოვრებიდან. ხანგრძლივმა შრომამ ალექსანდრე ყიფშიძის (ფრონელის) ჯანმრთელობა გატეხა. იგი სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა 1906 წლის 29 ივნისს. ხალხისათვის თავდადებულ ქართველ მოღვაწეთა შორის ალექსანდრე ყიფშიძეს (ფრონელს) თვალსაჩინო ადგილი უკავია თავისი ლიტერატურული მემკვიდრეობითა და კეთილშობილური მოღვაწეობით. ქართველი ხალხი ყოველთვის ღირსეულად მოიხსენიებს თავის ღვაწლმოსილ საზოგადო მოღვაწესა და პუბლიცისტს – ალექსანდრე ყიფშიძეს – ფრონელს.
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული
III, თბილისი, 1968
პასუხს მოუთმენლად ველი”.