ვასილი ყიფიანი (1855-1936)
სახალხო განათლების ქართველ მოღვაწეთა შორის ცნობილ პედაგოგს ვასილ როსტომის ძე ყიფიანს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
ვასილ როსტომის ძე ყიფიანი დაიბადა 1855 წლის 15 მარტს ზემო ქართლის სოფელ ყიფიანთუბანში. იგი სწავლას იწყებს ახალციხის სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ ქუთაისის გიმნაზიაში გადადის და წარჩინებით ამთავრებს 1873 წელს. სკოლაში ვასილი განსაკუთრებულ მიდრეკილებას იჩენდა მათემატიკისადმი, და ამით აიხსნება, რომ 1873 წელს ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკო-მათემატიკურ ფაკულტეტზე შედის.
სტუდენტობის წლებში ენერგიით აღსავსე ახალგაზრდა მეტად ინტენსიურ გონებრივ მუშაობას ეწევა. ამ პერიოდში ვასილ ყიფიანის ინტერესთა სფერო მარტო მათემატიკურ მეცნიერებათა შესწავლით როდია შემოზღუდული. იგი ძალზე ბევრს კითხულობს და ლექციებზე დასწრებით გულმოდგინედ სწავლობს საერთოდ საბუნებისმეტყველო დისციპლინებს. ამასთან იგი გატაცებულია მხატვრული ლიტერატურით. საფუძვლიანად იცნობდა რა ქართული ლიტერატურის ძეგლებს, ასეთივე გატაცებით კითხულობს იგი რუს და ევროპელ კლასიკოსებს.
1877 წელს ვასილ ყიფიანმა პირველი ხარისხი დიპლომით დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტი. იჩენდა რა წლების მანძილზე განსაკუთრებულ წარმატებას მათემატიკურ მეცნიერებებში, უნივერსიტეტის გამგეობამ მას იქვე კათდრაზე საპროფესოროდ დარჩენა შესთავაზა. მაგრამ ვასილ ყიფიანი სტუდენტობის წლებში კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდიანტი იყო და მას მთავრობა ნება არ დართო უნივერსიტეტში დარჩენილიყო. მან გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნებულიყო და სამოღვაწეო უბნად პედაგოგიური ასპარეზი აერჩია, მაგრამ არც ეს სურვილი შეუსრულდა.
ჩამოვიდა თუ არა თბილისში, იგი თემირ ხან-შურას (დაღესტანი) რეალურ სასწავლებელში დანიშნეს მათემატიკის მასწავლებლად. ვასილმა მთელი გატაცებითა და კეთილსინდისიერებით მოჰკიდა ხელი მისთვის უცნობ მხარეში ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის საქმეს. საგნის ღრმა ცოდნასთან ერთად ყველას აოცებდა ის დაუცხრომელი ენერგია და პედაგოგიური ალღო, რასაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვასილი იჩენდა სასწავლებელში. თემირ ხან-შურას რეალურ სასწავლებელში მოღვაწეობის წლბში მან, როგორც ადამიანმა და აღმზრდელმა, დიდი ავტორიტეტი დაიმსახურა მასწავლებელთა და მოსწავლეთა შორის.
თემირ ხან-შურადან იგი გადაყვანილ იქნა ვლადიკავკაზის (ჩრდილოეთ ოსეთი) პროგიმნაზიაში ამავე საგნის მასწავლებლად. ვასილ ყიფიანი ახალ ვითარებაშიც მისთვის ჩვეული გულმოდგინებითა და მხნეობით ემსახურა თავის საყვარელ საქმეს.
1883 წელს ილია ჭავჭავაძის ინიციატივით, რომელიც ამ ხანებში ქ. შ. წ.-კ. გამავრცელებელ საზოგადოებას ხელმძღვანელობდა, ვასილ ყიფიანი მოწვეულ იქნა თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში ჯერ მასწავლებლად, ხოლო შემდეგ ინსპექტორადაც მუშაობდა. ნიჭიერი პედაგოგის ვასილ ყიფიანის საქართველოში გადმოყვანას ჩვენი მოწინავე საზოგადოებრიობა კმაყოფილებით შეხვდა. 1883 წელს გაზეთ „დროების” კორესპონდენტი წერდა: „წარსულ კვირას საღამოს სხდომაზედ სააზნაურო სკოლის კომიტეტს გადაუწყვეტია ბ-ნ ლომოურის მაგიერ სკოლის ინსპექტორად მოიწვიოს ბ-ნი ყიფიანი, რომელიც ვლოდიკავკაზის პროგიმნაზიის მასწავლებლად იყო”.
ახალი ინსპექტორი მთელი ენერგიითა და მონდომებით შეუდგა საქმეს. შედარებით მცირე ხნის განმავლობაში გამჭრიახმა ხელმძღვანელმა საგრძნობი ღონისძიებები გაატარა, რითაც ყველას პატივისცემა დაიმსახურა. სკოლის კომიტეტის სხდომებზე ხშირად აღნიშნავდნენ ვასილ ყიფიანის კარგი მუშაობის შესახებ. ახალგაზრდა ინსპექტორის მუშაობით კმაყოფილი იყო კერძოდ, ილია ჭავჭავაძე, რომელსაც ვასილ ყიფიანთან მეგობრობა სიკვდილამდე არ გაუწყვეტია. სააზნაურო სკოლაში ვასილს ნაყოფიერი მუშაობისათვის დიდ სტიმულს აძლევდა ის, რომ დაწყებით კლასებში სწავლება მშობლიურ ენაზე წარმოებდა.
თბილისიდან ვასილ ყიფიანი ქუთაისის სააზნაურო სკოლაში გადადის 1884 წელს. მძიმე პირობებში მოუხდა ვასილ ყიფიანს ქუთაისში თავისი პედაგოგიური მოღვაწეობის გაშლა. რეაქციამ განსაკუთრებით ფართოდ გაშალა ფრთები მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან. ალექსანდრე II მკვლელობის შემდეგ დაიწყო სკოლებში ქართული ენის განსაკუთრებულად შევიწროების პერიოდი. როგორც მოსალოდნელი იყო, ვასილ ყიფიანიც სხვებთან ერთად, მკაცრად იბრძოდა დედა-ენის აღდგენისათვის თავის უფლებებში.
ქუთაისის სააზნაურო სკოლაში ვასილ ყიფიანის მიწვევამდე ინსპექტორის პოსტზე მუშაობდა და სასწავლო-სააღმზრდელო საქმიანობას უნარიანად ხელმძღვანელობდა გამოცდილი და დახელოვნებული პედაგოგი ალექსი ჭიჭინაძე. სკოლას მაღალიდეური პედაგოგიური კოლექტივი ჰყავდა და მოსწავლეთა წარმატებაც მაღალი იყო. ამ ფაქტს ჩვენი სახელოვანი პოეტი აკაკიც ადასტურებს, როცა ერთ თავის ფელეტონში წერს: „ამ დღეებში დავესწარი ეგზამენებს და მოსწავლეების წარმატებამ გაგვაკვირვა”.
ამგვარად, ვასილ ყიფიანს კარგად დაყენებული სასწავლებელი დახვდა ქუთაისში.
კიდევ უფრო რომ აემაღლებინა სკოლის მუშაობის ხარისხი, ვასილმა დიდი ყურადღება მიაქცია გაკვეთილების ხარისხის გაუმჯობესებას. იგი ამის ყველაზე ცხოველ მაგალითს, უპირველეს ყოვლისა, თვითონვე იძლეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვასილი თავისი საგნის საუკეთესო მცოდნე იყო, მასალის ოსტატურად გადაცემის მეთოდურ ხერხებსაც შესანიშნავად იყო დაუფლებული, იგი მაინც აუცილებლად თვლიდა ყოველი გაკვეთილისათვიის საგულდაგულოდ მომზადებულიყო. ამავე დროს, მასწავლებელთა მომზადების გაღმავება-გაფართოების მიზნით ახალი ინსპექტორი დაჟინებით მოითხოვდა მისი სკოლის მასწვლებლებს სპეციალობის შესაბამისად გამოწერილი ჰქონოდათ პერიოდული ჟურნალ-გაზეთები.
ერთ-ერთი საანგარიშო მოხსენებიდან, რომელიც ვასილ ყიფიანს 1885 წელს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე გაუკეებია, ირკვევა, რომ სკოლა შედგებოდა მოსამზადებელი კლასის ოთხი განყოფილებისგან და სამი პროგიმნაზიული კლასისაგან. 1884 წელს სასწავლებელში ყოფილა 210 მოსწავლე, რომელთაგან გამოცდების შედეგად შემდეგ კლასებში გადასულა 132 მოსწავლე; სუსტი მომზადების შედეგად დარჩენილა 58, ხოლო 16 მოსწავლე სკოლიდან გასულა.
1885-86 სასწავლო წლისათვის სკოლაში ყოფილა უკვე 27 მოსწავლე. თუ როგორი პროგრამითა და სისტემით ყოფილა დაყენებული სწავლის საქმე, ამაზე ვასილ ყიფიანის საანგარიშო მოხსენებაში შემდეგ ვკითხულობთ: „პროგრამა იგივეა, რაც კლასიკურ გიმნაზიაში, მხოლოდ ქართულ ენას უჭირავს ყველგან ჯეროვანი ადგილი და ამის გარდა ბერძნულს ენას ოწაფენი მესამე კლასში არა სწავლობენ”.
მოსამზადებელი კლასის მესამე განყოფილებიდან ვიდრე პროგიმნაზიის მესამე კლასამდე სწავლა საგნობრივი წესით წარმოებდა. ხოლო პირველსა და მეორე განყოფილებაში ყველა საგანი ერთ მასწავლებელზე იყო გაპიროვნებული. ყველაზე მტკივნეულ და მოუგვარებელ საკითხად კვლავ სკოლის მატერიალური ბაზის საკითხი რჩებოდა.
ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში ვასილ ყიფიანმა 1892 წლამდე იმუშავა. ამ ხნის განმავლობაში ნიჭიერმა ხელმძღვანელმა მრავალი ახალი და საყურადღებო რეფორმა გაატარა სკოლაში.
* * *
1892 წელს ვასილ ყიფიანი ემშვიდობება თავის საყვარელ სასწავლებელს და კვლავ ქალაქ თბილისში სათავადაზანურო სკოლაში გადმოდის სამუშაოდ. პარალელურად იგი მიწვეულ იქნა თბილისის საურთიერთო სასოფლო-სამეურნეო ბანკის დირექტორად, რომელსაც 1917 წლამდე უძღოდა. მოზარდი თაობის აღზრდის საქმეს ვასილი კვლავ ძველებური ენთუზიაზმით განაგძობდა.
ვასილ ყიფიანი აქტიურ მონაწილეობას იღებდა თბილისში საზოგადოებრივ საქმიანობაში. როგორც ავტორიტეტული პიროვნება, 1897 წელს იგი არჩეულ იქნა ქალაქის საბჭოს ხმოსნად, სადაც მას ილია ჭავჭავაძესთან და ნიკო ნიკოლაძესთან ერთად ენერგიული ბძოლა უხდებოდა ხალხისათვის სასარგებლო ღონისძიებათა გასატარებლად. სამწუხაროდ, ვასილ ყიფიანს შესაძლებლობა არ მიეცა ამ მიმართულებით თავისი კვალი უფრო ღმად აღენიშნა. იგი იძულებული გახდა ილიასთან და ნიკო ნიკოლაძესთან ერთად ხმოსნობისათვის თავი დაენებებინა.
როგორც აღვნიშნეთ, ვასილ ყიფიანი მოსწავლეობის წლებიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა მათემატიკური მეცნიერებისადმი. ეს ინტერესი მასში პრაქტიკული მოღვაწეობის წლებშიც არ დამცხრალა. მიიღო რა პრაქტიკული მოღვაწეობის წლებში საუცხოო მეთოდური დახელოვნება მათემატიკის სწავლებაში და ყოველთვის იყო რა მათემატიკის თეორიული განვითარების კურსში, ვასილ ყიფიანმა დიდი საქმე განახორციელა. ქართულ ენაზე მან პირველმა შექმნა სასკოლო მათემატიკის ღერძეული დისციპლინის, ალგებრის ფუნდამენტური კურსი. მის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „დაწყებითი ალგებრა” პირველად 1893 წელს ავტორისავე ხარჯით გამოიცა ქ. თბილისში, მეორედ კი გამოიცა ქუთაისში 1918 წელს. ვასილ ყიფიანის განსაკუთრებული დამსახურება ჩვენში საშუალო განათლების განვითარების საქმეში სწორედ იმაში მდგომარეობას, რომ ეს საქმე მან დიდი ცოდნით, სიყვაულითა და მონდომებით განახორციელა. ნათლად რომ წარმოვიდგინოთ ეს დამსახურება, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ვასილ ყიფიანის წიგნის ქართულ ენაზე გამოსვლა დაემთხვა იმ ხანას, როცა მეფის ერთგული მხელეები გააფთრებულ ბრძოლას აწარმოებენ ნაციონალური კულტურის ყოველგვარი გამოვლინებისადმი, როცა სასტიკად კრძალავდნენ მშობლიურ ენაზე სწავლებას.
სახელმძღვანელოს შედგენა ისეთ ზუსტ მეცნიერებაში, როგორიც ალგებრაა, მრავალგვარ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. საკმარისია ითქვას, რომ ამ ხანებში მათემატიკურ ცნებათა გამომხატველი ტერმინოლოგია თითქმის სრულიად დაუდგენელი იყო, მისი დამუშავება პირველად ვასილ ყიფიანს ხვდა წილად. მის დიდ სიყვარულზე თავისი საქმისადმი ის ფაქტიც მოწმობს, რომ მან თავისი ხარჯით საგულდაგულოდ დაამზადებინა სპეციალური მათემატიკური ნიშნები, რომელიც მაშინ ქართველთა ამხანაგობის სტამბას არ გააჩნდა.
რაც შეეხება სახელმძღვანელოს ღირსებას, სპეციალისტების აზრით, იგი არაფრით ჩამოუვარდებოდა ალგებრის რევოლუციამდე გავრცელებულ რუსულ საუკეთესო სახელმძღვანელოებს, როგორც მასალის სიახლითა და მისაწვდომობით, ისე მეთოდური დალაგების ორიგინალობით. ამ წიგნს საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევდა საბჭოთა პედაგოგი გ. ბურჭულაძე თავის წერილში „ალგებრის სახელმძღვანელოს პირველი ავტორი”.
ვასილ ყიფიანის მიერ შედგენილი წიგნი შეიცავდა 680 გვერდს. მასში იმ დროისათვის საშუალო სკოლებში მიღებული ალგებრის სრული კურსი იყო წარმოდგენილი. ოსტატურად იყო გაშუქებული როგორც თეორიული საკითხები, ისე სავარჯიშო მაგალითები და ამოცანები. ქართული ალგებრა და ქართული მათემატიკური მეტყველების ჩამოქნა-ჩამოყალიბება რევოლუციამდელი სკოლის ეროვნული აღორძინების ერთ-ერთი საგულისხმო ფაქტორი იყო. წიგნის ეს ღირსება შეუმჩნეველი არ დარჩენია მოწინავე საზოგადოებას. ამ მხრივ, საყურადღებოა მოკლე რეცენზია-ბიბლიოგრაფია, რომელიც უცნობ ავტორს ეკუთვნის. მასში ვკითხულობთ: „ამისთანა ვრცელი სასწავლო წიგნი, ვგონებ, ჯერეთ არ გამოცემულა. ჩვენს დროში ასეთი ვრცელი (680 გვერდი) სახელმძღვანელოს სასწავლო წიგნად გამოცემა, როდესაც ყოველივე საგნის სწავლება რუსული სახელმძღვანელოებით წარმოებს, სწორედ ავტორის ამ საგნისადმი დიდ სიყვარულს ამტკიცებს. ქართველი ნასწავლი საზოგადოება საჭიროდ და სასიქადულოდ დაინახავს ამ წიგნითაც შეამკოს თავისი სამაცადინოსტოლი და თავის წიგნთსაცავი.
ეს წიგნი დიდ სარგებლობას მოუტანს ჩვენს ნასწავლ ყმაწვილებსაც, რომელთაც რუსულად უსწავლიათ ალგებრა და ქართულად ახსნა კი არ შეუძლიათ”.
* * *
არა მარტო როგორც თავისი საგნის ღრმა მცოდნესა და ალგებრის პირველი სახელმძღვანელოს ავტორს, ვასილ ყიფიანს სხვა მხრივაც იცნობდა ქართველი საზოგადოება. იგი თავისი დროისათვის მოწინავე სწავლულ მეთოდისტად გვევლინება. მისი რეცენზიები მათემატიკის სახელმძღვანელოებზე ნათლად ადასტურებს ამას ვასილ ყიფიანის ბევრი მოსაზრება ახლაც ანგარიშგასაწევია.
ვასილ ყიფიანს ბევრი მეთოდური წერილი აქვს დაწერილი მათემატიკის საკითხებზე. შევჩერდეთ ზოგიერთ მათგანზე. 1894 წელს ჟურნალ „მოამბეში” ვასილ ყიფიანმა საკმაოდ ვრცელი რეცენზია მიუძვნა ვ. რ. რცხილაძის მიერ შედგენილ არითმეტიკულ ამოცანათა კრებულს. წერილის შესავალ ნაწილში ვასილ ყიფიანი აღნიშნავს, რომ დღეს სახელმძღვანელოს შემდგენელთა ხვედრი არა სახარბიელოა, ვინაიდან „მათ შრომას არამც თუ არავითარი მატერიალური სარგებლობა არ მოჰყვება, არამედ ის ზნეობრივი დაკმაყოფილებაც კი, რომელსაც უნდა გრძნობდეს ამგვარი მოღვაწე”. ასეთ უანგარო მოღვაწეებს, რომელთაც მთავრობისაგან ყოველგვარი მხადაჭერის გარეშე უხდებათ წარმოუდგნეელი შრომის გაწევა, რეცენზენტი ანუგეშებს იმით, რომ „მომავალში ოდნავ ბჟუტავს მათთვის იმედი ცხოვრების განმაახლებელი ნიავისა, რომელიც ოდესმე დაბერავს სხვათა შორის წიგნთსაცავთა თაროებსაც, მოაცლის სახელმძღვანელოებს უმეცრების დროთა მტვერს და მრავლად მოჰფენს მათ ჩვენი ქვეყნის სასწავლებლებში”. იხსენებს რა ქებით რცხილაძის მიერ გაწეულ შრომას, რომელსაც სკოლებისათვის ქართულად გადმოუთარგმნია როსკის ქიმია და მშობლიურ ენაზე შეუდგენია არითმეტიკულ ამოცანათა კრებული, ვასილ ყიფიანი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ დღევანდელ სასწავლებლებში, უკიდურესი სქოლასტიციზმის ბატონობის გამო, გამოყენებითი მეცნიერებანი და მათ რიცხვში მათემატიკაც ერთგვარ უპატივცემულობას განიცდის. „ეს წიგნები, – წერს რეცენზენტი, – ისეთ სწავლა მეცნიერებას ეხებიან, რომ არც ერთ მათგანს ჩვენს ცხოვრებაში გასავალი არ ექნნება. მათი ხსნა მომავალშია, რადგან ჩვენში ჯერ არ არსებობენ ისეთი სასწავლებლები, სადაც შეიძლებოდეს მათი ხმარება”.
კრებულის ზირითად ღირებულებას რეცენზენტი იმაში ხედავს, რომ მასში უპირატესობა ეძლევა ისეთ ამოცანებს, რომელნიც „ავითარებენ მოზარდის გონებას, მათემატიკურ გამჭრიახობას, მოსაზრებას და მიხვედრილობას”. მასალის შეთვისების გაადვილების მიზნით, რეცენზენტს არითმეტიკული კრებულის მეთოდურ სიახლედ მიაჩნია ის, რომ შედგენილ ამოცანებში უხვადაა ხმარებული ბავშვებისათვის მახლობელი, ეროვნული ზომა-წონის ერთეულები თავისი შესატყვისი ტერმინებით. ვასილ ყიფიანს მეტად საინტერესო პარალელი გაჰყავს იმ უპირატესობის აღსანიშნავად, რაც ვ. რცხილაძის წიგნს გააჩნია ვეტუშევსკის კრებულთან შედარებით.
ვასილ ყიფიანი საფუძვლიანად აშუქებს კრებულის ნაკლოვანებებსაც. იგი მართებულად მიუთითებს შემდგენელს, რომ „წერითი საანგარიშებელი ამოცანათა რიცხვი არის მხოლოდ ოციოდე, როდესაც ზეპირად საანგარიშებელი ასზე მეტია”. რეცენზენტი ჩამოთვლის მთელ რიგ ძნელად ამოსახსნელ ამოცანებს (მაგალითი 539, 540, 541) და მოითხოვს, რომ ისინი ავტორის მიერ მომავალში მაინც შეცვლილ იქნას მოსწავლეებისათვის მისაწვდომი ამოცანებით. გამოყოფს რა არსებითს უნებლიეთი სახის შეცდომებისაგან, ვასილ ყიფიანი საჭიროდ თვლის, კრებულში შეტანილი ამოცანები რეალური სინადმვილიდან იყოს აღებული, დაძლეული იქნეს აბსტრაქტულობა.
ვასილ ყიფიანი რეცენზიაში განსაკუთრებულ ადგილს უთმობს წარმოდგენილი კრებულის ენის საკითხს და ამავე დროს ყურადღებას ამახვილებს ქართული მათემატიკური ტერმინოლოგიის დადგენის აუცილებლობაზე. კრებულის ენა უვარგისობის ძირითად მიზეზად რეცენზენტს ის გარემოებაც მიაჩნია, რომ ამოცანების უმეტესობა რუსული სახელმძღვანელოებიდანაა გადმოქართულებული და ეს გავლენა, ქართული ტერმინოლოგიის უქონლობის გამო, ენობრივადაც იგრძნობა. „ამოცანათა ენა, – შენიშნავს რეცენზენტი, – მეტად მძიმეა და მოუხეშავი; სიტყვათა წყობა, ანუ კონსტრუქცია სრულებით რუსული აქვს”.
ვასილ ყიფიანი ედავება სარეცენზიო კრებულის ავტორს მის მიერ ხმარებული ზოგიერთი მათემატიკური ტერმინის ავკარგიანობაში. მაგ., ნაცვლად „ათწილადიანი ნაწევრისა” იგი მოითხოვს ვიხმაროთ „ათწილადი ნაწევარი”. მას მართებულად მიაჩნია იხმარებოდეს ნაცვლად „თანაზომიერი რიცხვისა” – „შეფარდება”, ნაცვლად „ღისების მაჩვენებლისა” – „რაოდებანობა” და სხვ. რეცენზენტი გადაუდებელ ამოცანად თვლის მათემატიკური ცნების ზუსტად გამომხატველი ერთიანი ტერმინოლოგიის შემუშავება-დადგენას. ამაზე იგი შენიშნავს: ტერმინოლოგიის გაურკვევლობა და უქონლობა საზოგადოდ დიდ ნაკლს შეადგენს ჩვენი მწერლობისას”.
* * *
ამავე წელს „მოამბეში” ვასილ ყიფიანმა გამოაქვეყნა ვრცელი რეცენზიები ანტონ ნატროშვილისა და რაჟდენ ჯაჯანაშვილის მიერ შედგენილ არითმეტიკულ ამოცანათა კრებულებზე.
დგას რა რეცენზენტი თავისი დროისათვის მოწინავე მეთოდიკურ შეხედულებათა საფუძველზე, ორ სარეცენზიო კრებულთა შორის პრინციპულ განსხვავებას ხედავს. „ნატროშვილი, – წერს იგი, – ასწავლის არითმეტიკულ მოქმედებებს ცალ-ცალკე, ე. ი. ჯერ შეკრებას, მერმე გამოკლებას, გამრავლებას და სხვ. ჯაჯანაშვილი კი მოქმედებათა ასეთ განცალკევებას უარყოფს და ავარჯიშებს ყველა მოქმედებებში ერთად... ვერ ვიტყვით, რომ ამოცანათა დაყოფა მოქმედებებზე, როგორც ნატროშვილს აქვს თავის კრებულში, ეთანხმებოდეს პედაგოგიის მოთხოვნილებას”.
აკრიტიკებს რა ანტონ ნატროშვილის მეთოდს, რეცენზენტი საინტერესო მოსაზრებებით ცხადყოფს ყველა მოქმედებაში ერთდროული ვარჯიშის უპირატესობას. „ჩვენი ფიქრით, – წერს იგი, – პირველდაწყებითი სწავლება რაც უფრო ახლო იქნება ბუნებაზე, რაც უფრო მეტად დაემსგავსება გაკვეთილებს, რომელსაც ბუნება დღე მუდამ აძლევს ბავშვებს, მით უფრო ნაყოფიერი იქნება. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ ცხოვრებაში ბავშვი მთელი კვირაობით მარტო საგნების შეკრებაში იყოს და გონება მისი მხოლოდ ამაში ვარჯიშობდეს, ან მაროტ გამორიცხვაში ან გამრავლებაში და სხვა. სხვა არა იყოს რა, ამნაირი ერთგვარი მუშაობა თავს მოაწყენს ბავშვსა და დაუღალავს მას გონებას”.
საღი პედაგოგიური პრინციპების ღალატად მიაჩნია ვასილ ყიფიანს ისიც, რომ ხშირად ანტონ ნატროშვილი ძნელი ამოცანებით იწყებს, მაშინ როცა მარტივიდან უნდა ვიწყებდეთ და თანდათან რთულზე გადავდიოდეთ. რეცენზენტი წერს: „ხშირად შევხვდებით მის კრებულში, რომ რთული და ძნელად გამოსაგნები ამოცანა უსწრებს მარტივს და ადვილად გამოსაანგარიშებელს. დიდ რიცხვზე სავარჯიშოები ხშირად ბევრით წინ არის ჩართული წიგნში პატარა რიცხვებზე საანგარიშოებზე”.
სარეცენზიო კრებულის ნაკლთან ერთად ვასილ ყიფიანი უყურადღებოდ არ ტოვებს, რაც კარგი და სასარგებლოა სახელმძღვანელოში. კრებულის ერთ-ერთ ღირსებათა შორის „უნდა არინიშნოს ციფრების სწავლება პირველ განყოფილებაში ნულების, ჯვრებისა და კვადრატების საშუალებით. მოსაწონია აგრეთვე ტაბულები რუსული და ქართული ზომებისა და დამატება, რომელიც შეიცავს მრიცხველობას ქართულ ასოებით და ანგარიშს ქართული ფულისას ამავე ასოების საშუალები”.
ანტონ ნატროშვილის კრებულისაგან განსხვავებით რაჟდენ ჯაჯანაშვილის მიერ შედგენილი ამოცანების უპირატესობას რეცენზენტი ხედავს იმაში, რომ „ის განიხილავს თვითეულს რიცვს ყოველის მხრით; ამრავლებს, ჰყოფს, აერთებს, აკლებს და ამნაირად ნელ-ნელა მიდის ერთიდან ათამდე, ოცამდე, ორმოცამდე და ასამდე”.
ანტონ ნატროშვილის კრებულის მსგავსად, რაჟდენ ჯაჯანაშვილის კრებულის სუსტ მხარედ ვასილ ყიფიანს ისიც მიაჩნია, რომ შემდგენელი ვერ აჩევს რთულ რიცხვს მარტივისაგან, ვერ ითვალისწინებს თითოეულის სპეციფიკას, რასაც იგი მათემატიკის ელემენტარული კანონის დარღვევად თვლის. „ჯაჯანაშვილი, – წერს იგი, – არ არჩევს რთულ რიცხვს მარტივისაგან; ყოველი რთული რიცხვი, როგორც შემდგარი რამდენიმე მწარმოებლისგან მეტ კომბინაციას წარმოადგენს, ვიდრე მარტივი და, მაშასადამე, მის შესაასწავლად მეტი ამოცანაა საჭირო”.
ანიჭებს რა რეცენზენტი სახელმძღვანელო წიგნის ენას უდიდეს მნიშვნელობას მოზარდი თაობის სწორი მეტყველების გამომუშავების საქმეში, ენობრივად ორივე კრებული წინ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია. „ენა, – შენიშნავს იგი, – როგორც ჯაჯანაშვილისა, ისე ნატროშვილის კრებულისა საკმაოდ მსუბუქი და ფაქიზია. ამ მხრივ, ესენი უფრო მაღლა დგანან რცხილაძის კრებულზე”.
ვასილ ყიფიანი თავისი დაკვირვებული მოსაზრებებით დიდად უწყობდა ხელს კარგი სახელმძღვანელოების შედგენისა და მათემატიკური დისციპლინების უკეთ სწავლების საქმეს, ქართული, ნაციონალური სკოლისათვის ამ აუცილებელ საქმეს.
* * *
ისე, როგორც ჩვენი სხვა მოწინავე მასწავლებლებიც, ვასილ ყიფიანი ფართო განათლების მქონე პიროვნება იყო და მისი ინტერესთა სფერო მარტო თავისი სპეციალობით, ამ შემთხვევაში მათემატიკური დისციპლინების, ცოდნით არ იყო შემოფარგლული.
ქართული ლიტერატურის საფუძვლიანმა შესწავლამ გზა გაუკაფა მას ღრმად შეესწავლა რუსული და საზღვარგარეთული მწერლობის უდიდეს წარმომადგენელთა მდიდარი მემკვიდრეობა. ასევე დი ინერესს იჩენდა იგი ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მატერიალური და სულიერი კულტურისადმი, მისი გმირული ისტორიისადმი.
ამასთან ერთად ვასილ ყიფიანს მხატვრული ნიჭი და ალღოც უწყობდა ხელს და მან მხატვრულ მწერლობაშიც დატოვა თავისი კვალი. ამ მხრივ, მისი საყვარელი ჟანრი დრამატურგია შეიქნა და რამდენიმე პიესით კიდევაც დაამშვენა მხატვრული შემოქმედების ურთულესი ფორმის ეს სფერო. კერძოდ, ვასილ ყიფიანის კალამს ეკუთვნის საკმაოდ ცნობილი ხუთმოქმედებიანი ისტორიული დრამა „სამეგრელოს მთავარი ლევან”, რომელშიაც ასახულია სამეგრელოს დესპოტი მთავრის ლევან დადიანისა და სასახლის არისტოკრატიის მუხანატობითა და გარყვნილებით აღსავსე ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ რევოლუციამდე ეს პიესა ხშირად იგმებოდა როგორც ქალაქად, ისე სოფლად და წარმატებითაც წარგებლობდა.
აღნიშნული პიესა, გადათარგმნილი ავტორისაგან რუსულად, მწერალ შალვა დადიანის ინიციატივით 1926 წელს დაიდგა მოსკოვში ცნობილი რეჯისორის ვახტანგ მჭედლიშვილის მიერ მოსკოვის სამხატვრო თეატრთან ჩამოყალიბებული ქართული თეატრალური სტუდიის ახალგაზრდა ძალების მონაწილეობით. ამის შესახებ ვახტანგ მჭედლიშვილის ხსოვნის აღსანიშნავად მიძღვნილ ერთ წერილში გ. ბუხნიკაშვილი აღნიშნავდა: «В 1926 гду постоновкой исторической драмы В. Кириани,Мингрелский владетель Леван» состаялся выпуск студии». როგორც დამსწრენი გადმოგვცემენ, პიესას მაყურებელზე ძლიერი შთაბეჭდილება მოუხდენია.
ვასილ ყიფიანს დარჩა რამდენიმე პიესა ხელნაწერის სახით (ინახება მის დისწულთან მარიამ ანდრონიკაშვილთან). ესენია: „სისხლის ძიება” ოთხმოქმედებიანი დრამა, რომლის სიუჟეტი აღებულია მე-17 საუკუნის მთილების ცხოვრებიდან და გადმოგვცემს მოთაეშე აბრაგების სისხლიან თავგადასავალს. მეორე პიესა „ზილოთი”, რომელიც ბიბლიურ თემაზეა გაშლილი. ვასილ ყიფიანს გადმოუთარგმნია ქართულად შექსპირის „მაკბეტი”, მაგრამ ვინც მაჩაბლისეულ თარგმანებს იცნობს, მასზე ვასილ ყიფიანის თარგმანი მეტად ფერმკრთალ შთაბეჭდილებას დატოვებს.
1918 წლიდან ვასილ ყიფიანი მძიმე ავადმყოფი შეიქმნა. მას გონებრივი აფაზია (მეხსიერების დაქვეითება) სტანჯავდა, რის გამოც საბოლოოდ ჩამოცილდა საზოგადოებრივ ასპარეზს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მას აღარ უმუშავია.
* * *
ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მას პერსონალური პენსია დაენიშნა. ღმა მოხუცებულობაში ვასილ ყიფიანი გარდაიცვალა 1936 წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისში, დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე. თავის გამოსათხოვარ სიტყვაში მწერალმა თედო სახოკიამ ვასილ ყიფიანი ასე დაახასიათა: „მთელი შენის ხანგრძლივის სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ერთი აზრი გასულდგმულებდა – აზრი შენის ხალხის სამსახურისა. მთელის შენის ხანგრძლივის სიცოცხლის განმავლობაში ერს ნატვრასა და სურვილს ატარებდი გულში – გენახა შენი ხალხი ბედნიერი, განათლებული, ენომიკურად წარმატებული... ბედნიერია ის ერი, ვისთვისაც შენისთანა შვილს გული უძგერდა”.
ცხოვრების ასეთი სახელოვანი და მისაბაძი გზა განვლო ზნეობით მაღალმა ადამიანმა ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა.