გრიგოლ აფშინაშვილი (1866-1960)
გრიგოლ ნადირას ძე აფშინაშვილი ყოველთვის სიყვარულით მოიხსენიება იმ ცნობილ პედაგოგებთან, რომლებმაც თავიანთი ენერგია ხალხის კულტურის დონის ამაღლებისათვის ბრძოლას მოახმარეს.
გრიგოლ აფშინაშვილის საქმიანობა სცილდება განათლების დარგში მოღვაწეობას, ათეული წლების მანძილზე თავისი წვლილი შეჰქონდა ქართულ მწერლობაში, განსაკუთრებით ხალხური შემოქმედებითი ნიმუშების შეგროვება-შესწავლის საქმეში. იგი აქტიურად თანამშრომლობდა „ივერიაში”, „კვალში”, აკაკის ჟურნალ „კრებულში” და სხვ.
გრიგოლ აფშინაშვილი დაიბადა 1866 წლის ოქტომბერში ფშავის ხევის სოფელ ხოშარაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. 1872 წელს იგი შეიყვანეს სოფელ ჩარგლის სკოლაში, ხოლო 1874 წელს ჩარიცხეს დუშეთის ორკლასიან სასწავლებელში. ეს სასწავლებელი გრიგოლმა დაამთავრა 1878 წელს. იგი 1882 წლამდე შინ დარჩა და მწყემსად იყო.
გრიგოლ აფშინაშვილი 1882 წლის თებერვლიდან 1885 წლის ივლისამდე ვაჭრობას სწავლობდა თიანეთში. შემდეგ ემზადებოდა სასწვლებელში შესასვლელად. მას დამხმარედ და მეგზურად აღმოუჩნდა სკოლის ამხანაგი (ჩარგლიდან) ნიკო რაზიკაშვილი (ბაჩანა), რომელმაც 1885 წელს დაამთავრა გორის სამასწავლებლო სემინარია.
1887 წელს გრიგო აფშინაშვილი შევიდა გორის სამასწავლებლო სემინარიაში, რომლის კურსი დაამთავრა 1891 წელს. მალე იგი თელავის მაზრის სოფელ რუისპირის სკოლის მასწავლებლად გაამწესეს. აქედან 1895 წელს გადაიყვანეს სოფელ ყვარლის ორკლასიანი სკოლის მეორე მასწავლებლად. ყვარელში ყოფნის დროს გრიგოლი გაიწვიეს თბილისში მებაღეობის, მებოსტნეობის, მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის კურსებზე, რის შემდეგ სოფელში სანიმუშოდ მოჰყავდა აბრეშუმის ჭია, უვლიდა ფუტკარს, ბაღ-ბოსტანს...
მაგრამ ყვარელში გაუქმდა მეორე მასწავლებლის თანამდებობა. გრიგოლ აფშინაშვილი გადავიდა თელავის მაზრის სოფელ ფშაველის ერთკლასიან სკოლაში. აქ, სოფელ ფშაველში მას ახლო კავშირი ჰქონდა რევოლუციურად 1905 წლის განწყობილ პირებს. 1912 წლის იანვარში იგი გადაიყვანეს საინგილოში (კახში) ორკლასიან ნორმალურ სასწავლებელში. საინგილოში გრიგოლი 1920 წლამდე მოღვაწეობდა. შემდეგ იგი გადავიდა სიღნაღის მაზრის სოფელ ჯაფარიძის სკოლაში. 1924 წელს გრიგოლი გადაიყვანეს ჯერ იყალთოს, ხოლო შემდეგ აწყურის (თელავის რაიონი) შვიდწლედის გამგე-მასწავლებლად 1927 წლამდე. ამის შემდეგ იგი ზემო ხოდაშნის (ახმეტის რაიონი) სკოლის გამგე-მასწავლებელია. 1929 წელს, 38 წლის პედაგოგიური მუშაობის შემდეგ, 63 წლის ასაკში გრიგოლ აფშინაშვილმა მასწავლებლობას თავი დაანება.
პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად გრიგოლ აფშინაშვილი აგროვებდა და გულდასმით იწერდა თაობიდან თაობაზე გადმოცემით შემონახულ ლექსებს, ზღაპრებს, ანდაზებსა და თქმულებებს; მას კარგად ესმოდა ფოლკლორული მასალის ჩაწერის მნიშვნელობა და განსაკუთრებით ეშურებოდა ხანდაზმულ მთქმელებთან შეხვედრას, რათა არ დაკარგულიყო ზეპირსიტყვიერების ცალკეული ნიმუშები. ამ მიზნით იგი არა მხოლოდ იწერდა, არამედ აქვეყნებდა კიდეც მათ ჟურნალ-გაზეთებში. ასე მაგალითად, გაზეთი „კვალის” 1893 წლის 21 მარტის 12, 13, 14, 15, 21, 22 ნომრებში დაბეჭდილია მის მიერ შეკრებილი და ფშავში ჩაწერილი ხალხური ლექსები, ჟურნალ „კრებულის” 1897 წლის მე-3 ნომერში დაბეჭდილია ხალხური ლექსები, რომლებიც მან კახეთში, სოფელ რუისპირში შეკრიბა. საყურადღებოა, რომ ამავე „კრებულში” (1898 წ. №7) გამოქვეყნებული სოფელ ფშაველში ჩაწერილი ხალხური თქმულება „ეთერი” იწყება პროზაულად და თავდება ლექსად.
რევოლუციამდელი სოფლის ავ-კარგის შესანიშნავი მცოდნე გრიგოლ აფშინაშვილი მახვილი კალმით იბრძოდა უმეცრებისა და სიბნელის წინააღმდეგ, ცდილობდა ხალხში განათლების შეტანას და სტატიებს, ნამდვილი გვარის გარდა, „ზეზვას”, „ფშავლიშვილის” და სხვა ფსევდონიმებითაც აქვეყნებდა.
გაზეთ „ივერიის” 1893 წლის 90-91 ნომრებში დაბეჭდილია გრიგოლ აფშინაშვილის ფელეტონი „გიგოლა ქირაზე” (კახეთის ცხოვრებიდან). მასში ნათლადაა ასახული იმ დროის გლეხკაცობის უშედეგო მდგომარეობის სურათი, 92-ე ნომერში კი „ფშავლიშვილის” ფსევდონიმით გამოქვეყნებულია ფელეტონი „შირაქის ამბები”.
გაზეთ „ივერიის” 1895 წლის 15 თებერვლის ნომერში, კვლავ „ფშავლიშვილის” ფსევდონიმით მოთავსებულ კორესპონდენციაში ვკითხულობთ: „...ამ წელს, იანვრიდან ყვარლის ორკლასიან სასწავლებელს მიემატა სახელოსნო განყოფილებაც. ამავე სასწავლებელში აჩვევენ შეგირდებს აბრეშუმის წესიერად მოყვანას”.
ეს ის პერიოდია, როცა გრიგოლ აფშინაშვილი, რომელმაც სათანადო კურსები გაიარა, თვითონ ასწავლიდა მოსახლეობას მეაბრეშუმეობის განვითარების გზებსა და მეთოდებს.
ჟურნალ „ჯეჯილის” 1891 წლის 1-ლი ნომერი იხსნება „ზეზვას” ხელმოწერილი ლექსით „ზამთარი”.
გრიგოლ აფშინაშვილი გარდაიცვალა 1960 წელს.
ლიტერატურა:
გაზეთი „კვალი”, 1893, №№12, 13, 14;
„აკაკის კრებული”, 1898, №7;
გაზეთი „ივერია”, 1893, №№90, 91; 1895, №33;
ჟურნალი „ჯეჯილი”, 1891, №1.