ალექსანდრე ქინქლაძე (1887-1941)
ალექსანდრე ქინქლაძე იმ სახალხო მასწავლებელთა წარმომადგენელია, რომლებმაც მთელი თავისი ენერგია თურქეთის ხელიდან გამოხსნილი აჭარის კულტურული განვითარებისა და ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის საქმეს შესწირეს.
ალექსანდრე ქინქლაძე დაიბადა 1887 წელს სოფელ გოგორეთში (ოზურგეთის მაზრა). მშობლებმა წერა-კითხვა სახლში შეასწავლეს და შემდეგ ოზურგეთის ორკლასიან სასწავლებელში მიაბარეს, სადაც მან მწარედ იგემა ძველი სკოლის მკაცრი რეჟიმი.
ოზურგეთის ორკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1902 წელს ალექსანდრე ქინქლაძე შევიდა ბათუმის ექვსწლიან სამოქალაქო სასწავლებელში, რომელშიც ხდება მისი პოლიტიკური შეგნების ჩამოყალიბება.
ბათუმის რევოლუციის მუზეუმს ალექსანდრე ქინქლაძემ დაუტოვა მეტად მნიშვნელოვანი მოგონება, რომელშიც ვეცნობით რსდმ პარტიის ბათუმის კომიტეტის მიერ 1902 წლის 9 მარტს მოწყობილ მუშათა დემონსტრაციის ამბებს და მოსწავლეთა გატაცებას რევოლუციური საქმიანობით, რომელთა შორის ალექსანდრე ქინქლაძეც აქტიური წევრი ყოფილა.
იმავე მოგონებიდან ვგებულობთ, თუ რაოდენ დიდი ზეგავლენა მოუხდენია ამ ამბებს სამოქალაქო სასწავლებლის მოსწავლეებზეზ, კერძოდ, ალექსანდრე ქინქლაძეზე.
1907 წლიდან, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ალექსანდრე ქინქლაძემ მასწავლებლობა დაიწყო ოზუგეთის მაზრის ხვარბეთის ორკლასიან სასწავლებელში. იგი მთელი ენერგიით შეუდგა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს.
რევოლუციური საქმიანობისათვის 1909 წლის 9 იანვარს იგი პოლიციის წარმომადგენლებმა დააპატიმრეს და გადაასახლეს ვიატკის გუბერნიაში, სადაც 1912 წლის 17 მარტამდე დაჰყო. ამ პერიოდში ალექსანდრე ქინქლაძე გაეცნო დიდი რუსი ხალხის კულტურას, რევოლუციურ იდეებსა და მათდაი ღრმა პატივისცემით განიმსჭვალა.
ვიატკის გუბერნიიდან ალექსანდრე ქინქლაძე პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გადაიყვანეს ნახჩევანში, სადაც მას საშუალება იეცა მუშაობა განეახლებინა თავისი საყვარელი პროფესიით. 1912 წლიდან 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე ალექსანდრე ქინქლაძე აღმზრდელ-მასწავლებლად მუშაობდა ბაბაევის სახელობის ვაჟთა გიმნაზიაში.
სამშობლოში ალექსანდრე ქინქლაძე ცარიზმის დამხობის შემდეგ დაბრუნდა. ამს იტაცებდა აჭარელი ახალგაზრდობის ბედი. იმ დროს ბათუმში მოღვაწეობდნენ ცნობილი პედაგოგები: ალექსანდრე მგელაძე, ნიკო ჯაყელი, ერმილე შარაშიძე და სხვები, რომელთა შორის ალექსანდრე ქინქლაძეს თვალსაჩინო ადგილი ეჭირა, როგორც შესანიშნავ აღმზრდელსა და საგნის ღრმა მცოდნე პედაგოგს.
1917 წელს ალექსანდრე ქინქლაძე დანიშნეს ბათუმის მაზრის სოფელ ფერიის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად. ერთი წლის შემდეგ, ოჯახური პირობების გამო, იგი გადავიდა ოზურგეთის მაზრის ხვარბეთის დაწყებით სკოლაში და თავისი კეთილსინდისიერი მუშაობით, მოსწავლეებისადმი გულისხმიერი და მშრომელი გლეხობსიადი ერთგული სამსახურით ალექსანდრე ქინქლაძემ საყოველთაო პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა, მაგრამ იგი მალე ისევ ბათუმში დაბრუნდა სამუშაოდ.
1920 წლის სექტემბრიდან ალექსანდრე ქინქლაძე დანიშნეს ქალაქ ბათუმის „გოროდოკის” დაწყებითი სკოლის გამგედ. მისი უშუალო თაოსნობით ეს სკოლა 1929 წელს გადაკეთდა ეგნატე ნინოშვილის სახელობის რუსულ-ქართულ შვიდწლედად, რომლის გამგედ იგი ითვლებოდა. ამ ხნის განმავლობაში ალექსანდრე ქინქლაძე ხელმძღვანელობდა ბათუმის რაიონისა და „გოროდოკის” პედაგოგიურ ცენტს, რომელიც დიდ მეთოდურ დახმარებას უწევდა მასწავლებლებს პედაგოგიური დახელოვნების საქმეში.
საუკეთესო პრაქტიკოს-პედაგოგს ალექსანდრე ქინქლაძეს განათლების ორგანოები სამუშაოდ ყოველთვის ისეთი სკოლებში გზავნიდნენ, სადაც გამოცდილი კაცი იყო საჭირო. ბათუმის ლენინის სახელობის საფაბრიკო-საქარხნო შვიდწლედი ერთ-ერთი სანიმუშო სკოლა იყო ბათუმში. 1931 წლიდან ალექსანდრე ქინქლაძე ამ სკოლას განაგებდა და კარგი მუშაობისათვის იგი დააჯილდოვეს ქების სიგელითა და ფულადი ჯილდოთი.
1934 წლიდან ალექსანდრე ქინქლაძე გადაიყვანეს ბათუმის საცდელ-სანიმუშო შვიდწლიანი სკოლის დირექტორად.
ერთი წლის შემდეგ იგი დანიშნეს ბათუმის №5 შვიდწლედის გამგედ. 1936 წლიდან ამ სკოლის საშუალო სასწავლებლად გადაკეთების შემდეგ, ალექსანდრე ქინქლაძე მუშაობდა სასწავლო ნაწილის გამგედ, ხოლო შემდეგ, გარდაცვალებამდე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
ალექსანდრე ქინქლაძე ყველგან მოსწავლეთა სიყვარულსა და ხალხის პატივისცემას იმსახურებდა. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის სახალხო განათლების განყოფილებასთან არსებულ მეთოდბიუროს მუშაობაში. იგი ხშირად წერდა მეთოდური შინაარსის მოხსენებებს და ეხმარებოდა ახალგაზრდა მასწავლებლებს.
ალექსანდრე ქინქლაძე იყო აჭარის ასსრ განათლების სახალხო კომისარიატის შტატგარეშე ინსპექტორი და მეთოდურ დახმარებას უწევდა ბათუმის, ქობულეთის, ქედისა და ხულოს რაიონების სკოლებს.
მის კალამს ეკუთვნის ორმოქმედებიანი პიესა „ბილიკებით ფართო გზაზე”, რომელიც დაიბეჭდა 1930 წელს. პიესაში აღწერილია აჭარის სოფლის სასკოლო ცხოვრება და აჭარელი ქალის ბრძოლა ჩადრის წინააღმდეგ. ხსენებული პიესა წარმატებით იდგმებოდა აჭარის სასოფლო კლუბებში.
ალექსანდრე ქინქლაძემ თავისი კეთილშობილური პედაგოგიური შრომით ხალხის სიყვარული დაიმსახურა. იგი გარდაიცვალა 1941 წლის 177 მარტს ბათუმში.