თეოფილე ხუსკივაძე (1860-1924)
თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე დაიბადა 1860 წლის 1 იანვარს სოფელ კვალითში (შორაპნის მაზრა, ამჟამად ზესტაფონის რაიონი). მშობლებმა 8 წლის თეოფილე ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ეს სასწავლებელი მან წარმატებით დაამთავრა და გორის საოსტატო სემინარიაში ჩაირიცხა. 1881 წელს თეოფილე ხუსკივაძემ დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია და პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი, რაც 1894 წლამდე არ შეუწყვეტია. ამ ხნის განმავლობაში ზესტაფონში არ ყოფილა ისეთი კულტურული წამოწყება, რომლის ერთ-ერთი აქტიური წევრი და ხელმძღვანელი თეოფილე ხუსკივაძე არ ყოფილიყო. იგი ავრცელებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებს, მან გახსნა წიგნის მაღაზია, სამკითხველო და სხვ. თავისი მაღალი ზნეობით, ფართო ცოდნით, იშვიათი პედაგოგიური ტაქტით თეოფილე ხუსკივაძემ მოსწავლეთა შორის მშობლიური სიყვარული და დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. ამიტომაც თეოფილე ხუსკივაძის სკოლიდან წასვლამ მოსწავლეები ძალიან დაამწუხრა.
1894 წელს თეოფილე ხუსკივაძე ინიშნება მდივნად ქუთაისის საოლქო სასამართლოში, იყო მარტვილის მომრიგებლ მოსამართლედ, ნოტარიუსად ოჩამჩირეში და ა. შ.
1876 წელს თეოფილე ხუსკივაძემ, ჯერ კიდევ 16 წლის ახალგაზრდამ, მორიდებით შეაღო „დროების” რედაქციის კარი. იმავე წლის ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა მისი პირველი წერილი „შვილის აღზრდა”. ამ დღიდან იწყება თეოფილე ხუსკივაძის მოღვაწეობა პედაგოგიურ-ლიტერატურულ სარბიელზე. აქედან მოყოლებული თეოფილე ხუსკივაძეს ხელიდან არ გაუგდია კალამი და „თ. კვალითელის”, „თარხანის”, „გლეხის შვილის” და სხვა ფსევდონიმების ხელმოწერით ხშირად ბეჭდავდა წერილებს.
თეოფილე ხუსკივაძის სამწერლო შემოქმედება შემდეგ ძირითად სახეებად იყოფა: ისტორიული მოთხრობები, ისტორიულ-არქეოლოგიური აღწერილობანი, მოგონება-წერილები; გარდა ამისა, ქართულ ჟურნალ-გაზეთებში გაბნეულია და ცალკეა გამოცემული მოთხრობები, პიესები, ეტუდები, ესკიზები, ანდაზები, რეცენზიები, მოგონებები, გამოკვლევები და სხვ., მისი მოთხრობები თემატიკურად მრავალფეროვანია და ჩვენი ხალხის გმირულ წარსულს, მოზარდი თაობის სწავლა-განათლებისა და მასწავლებელთა ცხოვრების ცალკეულ ეპიზოდებს ასახავს. ის, რაც თეოფილე ხუსკივაძემ მასწავლებლობის დროს გამოსცადა და გადაიტანა, დამაჯერებლად გადმოსცა მოთხრობაში „სანდრო”. ძნელია მკითხველმა დაივიწყოს ამ მოთხრობის მოქმედი პირის, მასწავლებლის სახე. იგი მუყაითად და გულმოდგინედ ასწავლის ბავშვებს. მოკლე დროის განმავლობაში სკოლასთან აარსებს ბიბლიოთეკას, აშენებს ბაღ-ბოსტანს და სხვა. იგი სოფლის მკვიდრთა ენერგიული მოსარჩლეა. მას ბევრი გასაჭირი გადააქვს: ითმენს სიცივეს, შიმშილს, უფულობას და სხვ. სწორედ ასეთ დუხჭირ ცხოვრებაში იმყოფებოდა თვითონ თეოფილე ხუსკივაძეც. ამის თვალსაჩინო მაგალითია მისი მოღვაწეობა ოჩამჩირეში. მართალია, აქ იგი ნოტარიუსად მუშაობდა, მაგრამ ერთი წუთითაც არ ივიწყებდა ხალხის ჭირ-ვარამს, ხალის კეთილდღოებისათვის ზრუნვას. სწორედ ამ ზრუნვის შედეგი იყო საურთიერთო ნდობის ბანკის გახსნა, რომელიც მისი ინიციატივით მოეწყო. მაგრამ ყველაზე საყურადღებო, რაც თ. ხუსკივაძემ ოჩამჩირეში გააკეთა, იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” განყოფილების გახსნა 1912 წელს. იგი იყო აღნიშნული განყოფილების უცვლელი თავმჯდომარე. განყოფილებას ჰქონდა წიგნსაცავი-სამკითხველო და ქართული პირველდაწყებითი სკოლა. თვითონ თეოფილე ხუსკივაძე კითხულობდა ლექცია-მოხსენებებს ხალხის გათვითცნობიერებისათვის.
თეოფილე ხუსკივაძის დაბეჭდილი შრომებიდან აღსანიშნავია ისტორიული მოთხრობები: „ეკატერინე გაბაშვილი”, „კონსტანტინე ბატონიშვილი”, „ალქსანდრე ბატონიშვილი”, “გურიის მთავარი მამია”, „ლევან ბატონიშვილი”, „სასანბეგ თავდგირიძე”, “არქეოლოგიურ-ისტორიული და არქეოლოგირუი აღწერა ყვირილის ხოებისა”, „ქუთაისიდან ოჩამჩირემდე”, მოგონება-წერილები: „ეგნატე ნინოშვილი”, „ქუთაისის ქართული თეატრის წარსულიდან”, და ა. შ. პიესები: „საგიჟეთში”, „მეფის მოღალატე დიდი როსტომ ერისთავი”, „გაფიცვა” და სხვ.
თეოფილე ხუსკივაძეს აქვს ორიგინალური საბავშვო მოთხრობებიც: „ორი პატარა იმერლის მოგზაურობა”, „პატარა დიაკონი”, „პატარა მეგორები”.
თეოფილე ხუსკივაძე გარდაიცვალა 1924 წლის 20 იანვარს, დაკრძალულია ქუთაისში.