‍ოლღა გურამიშვილის წერილი მარჯორი უორდროპს

დიდათ პატივცემულო და ჩემთვის სანახავათ სანატრელო შვილო, დაო, გულის ნადებო, მარჯორე!

გთხოვთ (მიიღოთ) ეს ორი წიგნი ნემენცურ ენაზედ დაწერილი – ჩვენ სასიქადულო შოთა რუსთაველზედ დაწერილი და მეორე ლეისტის მიმოხილვა უფრო ვრცელი საქართველოზედ და ეს ხელსაქმე წმინდა ქართული, (რომელიც) ჩემმა ბიძაშვილმა კნეინა გურამოვისამ შემიკერა.

ეს ყველა მიუმატეთ ნივთებს, რომელიც ამშვენებენ იმ ქართულ ოთახს, რომელიც თქვენ და თქვენმა ძმამ ოლივერმა მორთეთ და მოკაზმეთ. ყოველთვის ის ოთახი, თუმცა არ მინახამს, განუყრელათ თვალთ მიდგას და გულით თქვენთან ვარ. თუ ღმერთმა შემაძლებინა, უეჭველათ გნახათ, თქვენ ძმას ბატონ ოლივერს უნდაბლეს პატივისცემას მოვახსენებ.

ეხლა იმედი მაქვს, სახლი დალაგებული არის და თქვენც მგზავრობით დაღალვას აღარ გრძნობთ. არ ვიცი, მანდ როგორი ზამთარია და აქ კი ადრე გვეწვია ზამთარი და დიდი თოვლიც დადო, რაც ქალაქში იშვიათია.

ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ ბედნიერის ცხოვრებით და იხარეთ იმ ადამიანობისათვის, რომელსაც თქვენ ყოველთვის ჩემდამი იჩენთ. ეს არის თქვენი ღია წერილი მივიღე და მთელი დღე მოგონებაში ვიყავ. ჩემ თავს თქვენს შორის ვგრძნობდი და მოუთმენლად ველი თქვენს წიგნს. მე მალე წავალ ქალაქს, რადგან იმედი მაქვს ნიკოლაძე მალე წამოვა და ჩემ დაუვიწყარ სულმნათ ილიას საფლავისთვის შეკვეთებულ ძეგლს წამოიღებს პარიჟიდან. აქაურ „დროებაში“ იყო გამოცხადებული, ნიკოლაძემ დაამთავრაო ძეგლი თიხაში და ქარხანაში გადასცაო, სადაც უნდა ჩამოასხანო.

მე ისე ვფიქრობ, რომ მალე მეღირსება ძეგლის დადგმა და კურთხევა. მე ხშირათ დავდივარ ილიას საფლავზე, როდესაც ქალაქს ჩავალ, მაშინვე ავალ ხოლმე, ჩემთვის იქ ასვლა და ყოფნაა ნეტარებაა. გთხოვთ, გადასცეთ ჩემი უნდაბლესი პატივისცემა დედათქვენს და თქვენ ძმებს. დიდა მადლობელი ვარ, რომ ყოველთვის დედათქვენი მომიგონებს ხოლმე. იმედი მაქვს, დედათქვენი დიდხანს დარჩება თქვენთან /იგულისხმება ბუქარესტი/ , ან ხომ არ აპირებ ინგლისში ზამთრობით წასვლას?

ჟურნალ „დროებაში“ წაიკითხავდით, რომ თბილისის ნაანდერძებ სახლში წერა-კითხვსი საზოგადოებამ უნდა მოათავსოს მუზეუმი. მე წელს იქ აღარ ვიდგები. წერა-კითხვის საზოგადოებამ მთხოვა, რომ დაუთმო იმათ სადგური. იმის მაგიერ მე სახლს დამიჭერენ და თითონ ქირას გაიღებენ. ამას იმიტომ მოგახსენებთ, როდესაც წიგნს მომწერთ, გთხოვთ, ამ ადრესით.

ჩემი საქმეები ივანე წინამძღვრიშვილს აბარია ანდერძით, რაც ილიამ დამიტოვა და როგორც ნოტარიუსი განაგებს. მე ვთხოვ მთაწმინდის უბანში მიქირავოს სახლი.

ბევრს გაკოცებთ და მოგეხვევი.

ოლღა ჭავჭავაძე,
1909