‍თამარ გოგოლაშვილი-პაპავა (1888-1976)

ავტორი: მარიამ მარჯანიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი

0138_papaქართული ემიგრანტული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელი ესსეისტი თამარ პაპავა 1888 წელს ქუთაისში დაიბადა. მისი მშობლები ქართული სასცენო ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლები იყვნენ. სვიმონ გოგოლაშვილის მთელმა ოჯახმა, მეუღლესთან ალექსანდრა გამრეკლიძესა და შვილებთან – თამართან და შალვასთან ერთად, დიდი ხარკი გაიღეს ქართული თეატრის აღორძინების საქმეში.

თამარ გოგოლაშვილი-პაპავასი მსახიობთა იმ თაობას მიეკუთვნებოდა, რომლის პროფესიული დაოსტატება ძველ თეატრში დაიწყო. ემიგრაციაში წასვლამდე მან შექმნა თავისი აქტიორული მოღვაწეობის „ოქროს ფონდი“. ვერონიკა („ვიდრე ხვალ, უფალო“), აბა („ბოშა ქალი აზა“), ქრისტინე („ქრისტინე“) და სხვა.

თამარ გოგოლაშვილი-პაპავას, როგორც მსახიობის წარმატებაზე მეტყველებს ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ 1914 წლის 4 მაისის ნომერში დაბეჭდილი ინფომაცია: „სია იმ პირთა, რომელიც შეიძლება დღესდღეობით ქართული სცენის მსახიობებად ჩაითვალოს, სადაც ანბანის მიხედვით მოხსენიებული იყო თამარ გოგოლაშვილიც“.

საგანგებოდ არის აღსანიშნავი თამარ და აკაკი პაპავების ღვაწლი უცხოეთში ისტორიული ბედუკუღმართობის გამო მოხვედრილ ძველი ქართული კულტურის ნაშთთა შეძენისა და დაცვის საქმეში. „ამ 25 წლის წინ, ბერლინში ყოფნის დროს, ჩვენ ბედნიერი შემთხვევა მოგვეცა, სრულიად მოულოდნელად გვეპოვნა და შეგვეძინა „ტფილისის სიონის“ ტრაპეზის ძველი ფარდა.

„ფარდასთან დაკავშირებით“ აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი პაპავებს წერდა: „თქვენს მიერ ნაპოვნი სიონის ტრაპეზის ნაქარგი გადასაფარებელი ფრიად და ფრიად საყურადღებოა და მისი ხელიდან გაშვება შეუძლებელია“-ო.

ეს განძი იყო „ტფილისის სიონის“ ტრაპეზის ფარდა. დიდის ხელოვნებით შესრულებული 1773 წელს, ქსნის ერისთავის იესე ყულარაღასის მეუღლის, ქეთევანის მიერ, რომელიც იყო ასული მეფე თეიმურაზ II დის, მაკრინესი და მამიდაშვილი ჩვენი სახელოვანი მეფის, ერეკლე მეორესი.

პაპავებმა „ფარდა“ 1936 წელს ბერლინში შეიძინეს. ამ საქმეში მათ დაეხმარა დოქტორ ხოპპი, რომელმაც პაპავებს აუწყა შემდეგი: „მისი პაციენტი ერთი მეზობელი, „კავკასიელი“ (სომეხი) გარდაიცვალა და მისი გერმანელი ქვრივი დარჩენილ „კავკასიურ“ ნივთებს ჰყიდისო. ჩვენ მას ვთხოვეთ, ფარდისათვის ფოტოგრაფიული სურათი გადაეღო. რამოდენიმე დღის შემდეგ დოქტორ ხოპპმა დაგვირეკა, რომ ორიოდე საათით ინათხოვრა ეს ფარდა და შეგვიძლია მის ბინაზე ვნახოთ და სურათიც გადავიღოთ. სურათი და ცალკე გადაღებული წარწერა პარიზში ექვთიმე თაყაიშვილს გაუგზავნეთ. დაგვიანებული პასუხით მან გვაცნობა რომ ეს იყო უნიკუმი. ჩვენ ეს ფარდა შევიძინეთ იმ იმედით: „თუ ოდესმე ბედი გაგვიღიმებდა და განგება სამშობლოს ხილვას კვლავ გვაღირსებდა, – ეს განძი თბილისში თან ჩაგვეტანა და უკანვე დაგვებრუნებინა სიონისათვის“.

პაპავების ეს ანდერძი მათმა შთამომავლებმა შეასრულეს და ფარდა საქართველოში რეზო თაბუკაშვილმა ჩამოიტანა და დღეს იგი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

თამარ გოგოლაშვილი-პაპავა მოღვაწეობდა, როგორც ქუთაისის ისე თბილისისა და თელავის თეატრებში. იგი ერთხანს თელავში სცენისმოყვარეთა დასსაც ხელმძღვანელობდა. თამარი დიდი მონდომებით იბრძოდა თელავში თეატრის ასაშენებლადაც.

ნაყოფიერი და წარმატებული იყო თ. პაპავას სამწერლო მოღვაწეობაც. მან საქართველოში ცხოვრების დროს დაბეჭდა პატარა მოთხრობები ბავშვებისათვის „ქოჩრიანი ტოროლას“ ფსევდონიმით. სისტემატიურად ბეჭდავდა სტატიებს ქალთა ემანსიპაციის საკითხებზე. მისი შემოქმედებითი ნიმუშები იბეჭდებოდა ქართველ მწერალ ქალთა სამხატვრო – სალიტერატურო ჟურნალ „ალმანახში“.

თ. გოგოლაშვილი-პაპავა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც ეწეოდა. მან თარგმნა ბონზელსის „ფუტკარი მაია“ და ო. მირბოსის ხუთმოქმედებიანი დრამა „ჟან და მადლენა“.

ემიგრანტი თამარ პაპავა გერმანიაში იყო ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე, სადაც ყოველწლიურად უფასოდ ატარებდა შობა-ახალი წლის, ნინოობის, თამარობის, 26 მაისისა და სხვა ქართულ ტრადიციულ დღესასწაულებს.

საზოგადო მოღვაწეობა თამარ პაპავამ არგენტინაშიც გააგრძელა. 1952 წელს იგი არგენტინის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარედ აირჩიეს, სადაც მთელი ენერგიით ჩაერთო იქ გადმოხვეწილ ქართველთა კერის მუშაობის გასაუმჯობესებლად, რათა ეს „უკანასკნელი ნატეხი საქართველოის, როგორც მას გრიგოლ რობაქიძე უწოდებდა, მშობლიური ყოფილიყო თვითეული ემიგრანტისათვის. თამარ პაპავამ ლევილის სასაფლაოზე საკუთარი სახსრებით დაუდგა ძეგლი საქართველოს ეროვნულ გმირს ქაქუცა ჩოლოყაშვილს.

არგენტინაში თამარის ინიციატივით ყოველწლიურად ტარდებოდა ეროვნული დღესასწაულები, რათა იქ დაბადებულ ახალგაზრდა ქართველებისათვის გაეღვივებია და ჩაენერგა მშობლიური ტრადიციებისადმი დიდი სიყვარული.

თამარ პაპავა მეგობრობდა ემიგრაციაში მყოფ ქართველ ებრაელებთან. ემიგრაციაში თამარ პაპავა პირველად, როგორც ესეისტი ჟურნალ „კავკასიონის“ ფურცლებზე გამოჩნდა, სადაც დაიბეჭდა მისი ესეების მთელი ციკლი „დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“ – წიგნი პირველი. არგენტინაში გამოვიდა ხსენებული წიგნის მეორე ნაწილი, რომელიც სამხრეთ ამერიკაში იყო პირველი ქართული ბეჭდური ორგანო. აქვე დაიბეჭდა „გაბნეული საფლავები, „ლტოლვილთა საძვალენი“, და მეუღლესთან აკაკი პაპავასთან ერთად „მარიამ უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი“.

მაღალი კულტურით გამორჩეულ თამარ პაპავას შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობას კუთვნილი ადგილი უნდა მიუჩინოთ უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიაში.