‍ლესია უკრაინკას წერილი დედას, ოლენა პჩილკას

მოთხრობა, რომელიც შემოდგომაზე დავწერე საკონკურსოდ, ჯერ კიდევ არაა დამთავრებული, რადგან აზრები „გაზაფხულის“ და „ზამთრის“ ყოველდღიური ცვლილებების გამო ამგვარი მშვიდი თემებისათვის ვერ იცლიან. თბილისში იყო ერთი ასეთი „გაზაფხულის“ დღე, როდესაც ადამიანთა სისხლის ტბორები საღამომდე იდგა ქვაფენილებზე. ამგვარ ვითარებაში აბა რა მშვიდ თემებზე შეიძლება ფიქრო?...

რევოლუციური ტალღა თბილისის სასწავლებლებსაც მძლავრად შეეხო. გიმნაზიელებმა თავიანთი დემოკრატიული მოთხოვნები წამოაყენეს. სწავლა შეწყდა.

აქ იყო მრელვარება ყველა საშუალო სკოლაში. მათ შორის - ქალტა სკოლებშიც: კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში და ეპარხიალურ სასწავლებელში. ვაჟთა გიმნაზიაში მოეწყო კრებები, დაამტვრიეს ფანჯრები, გააძევეს რამდენიმე მასწავლებელი და ერთი დირექტორი. ქართულ სათავადაზნაურო სკოლაში /სადაც შიო ჩიტაძეა/ შეიმუშავეს ახალი წესდება , სადაც გათვალისწინებულია კრებების მოწვევის უფლება მასწავლებელთა დასწრებით და „მოსწავლეთა საბჭოს“ შექმნა, რომელსაც უფლება აქვს გააკეთოს თავისი განცხადებები პედაგოგიურ საბჭოზე. ეს მიღწეული იქნა ფანჯრების დალეწვის და სხვა უწესობის ჩადენის გარეშე. დირექტორის ტაქტის წყალობით, მხოლოს თორმეტმა მოსწავლემ დატოვა სკოლა, რადგან განაცხადეს , რომ ყველაზე წესიერი მმართველობაც კი მაინც მმართველობაა, ხოლო მათ არავითარი მმართველობა არ სურთ.

ქალთა ინსტიტუტში მღელვარება იმის გამო იყო, რომ ერთი მოსწავლე მაღალი კლასიდან დაბალ კლასში გადაიყვანეს, რათა მხარის უფროსის ქალიშვილისათვის ვაკანსია შეექმნათ. მასწავლებელი კი , რომელმაც ამის წინააღმდეგ პროტესტი განაცხადა, გადააყენეს. ქალიშვილებმა ერთი აყალ-მაყალი ატეხეს: თავიანთი მეგობრისა და მასწავლებლის გამოც. პროტესტის ნიშნად ჩაამტვრიეს ფანჯრები, ხოლო დირექტორს, რომელიც მათ დასამშვიდებლად მივიდა, ფეხსაცმელები ესროლეს და გარეთ გააგდეს. მან გადადგომა ითხოვა, ხოლო ინსტიტუტი ჯერჯერობით დახურულია.

ეპარქიალური სასწავლებლის მოსწავლეებმა ანტირელიგიური ბუნტი მოაწყვეს. სკოლა დაკეტეს.

აი, ასეა საქმე!..“

8 თებერვალი, 1905 წელი