‍მიხეილ ჯავახიშვილის წერილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ

სხვის პარტონობას შეჩვეულნი, ახლაც ჩრდილოეთიდან მოველით შველას. ვერ შევითვისეთ ის ცხადი სინამდვილე, რომ „პატრონი“ აღარა გვყავს, რომ ჩრდილოეთიდან ნაცვლად დახმარებისა და წესრიგისა, აუცილებლად გვეწვევა ღვთის რისხვა-რეაქცია და ანარქია, ხოლო ვიდრე ქარიშხალი ჩანელდებოდეს, ქართველი ხალხი შიმშილისაგან განახევრდება.

ჩრდილოეთის მომხრენი ვართ თუ აღმოსავლეთისა ან დასავლეთისა, ამის შესახებ დავა და კამათი უნაყოფოა და მავნებელიც. საითაც ქვეყანა ტრიალებს, ჩვენც იქით უნდა ვიბრუნოთ პირი. ხოლო იგი უძლეველის ძალით მიექანება დასავლეთისაკენ. მისი გზა მოსკოვსა და პერტოგრადზე კი აღარ მიდის, არამედ შავ ზღვასა სჭრის და დუნაის ხეობაზე გადადის. გვეყო მოსკოვ-პეტროგრადში გაცხრილული ევროპული კულტურით კვება , რომელსაც უფრო მეტი მონღოლური შხამი ურევია, ვიდრე დასავლეთის წმინდა სასმელი.

ჩრდილოელნი გვემუქრებიან, პურს აღარ მოგცემთო, ის კი ავიწყდებათ, რომ ამიერკავკასიას ერთი ისეთი მასალა აქვს, რომელიც ჩრდილოეთისთვის უფრო საჭიროა, ვიდრე ჩვენთვის - პური. ეს გახლავთ ნავთი და ბენზინი. ჩვენ ჩვენი პურით იქნება ორიოდ თვე კიდევ გავძლოთ, ხოლო უნავთოთ ჩრდილოეთი ისე დაინგრევა და ისეთ ბნელ უფსკრულში ჩავარდება, რომ ვგონებ ერთ ფუთ ნავთში ათ ფუთ ხორბალს გვთავაზობდეს.

მაგრამ ამ გზებს გაკაფვა უნდა. ვინ უნდა აიღოს ცული ხელში და ვინ უნდა გასჭრას ეს ორი გზა? სალდათების დეპუტატთა საბჭომ? მას არ შეუძლიან და არც უფლება აქვს. არ აქვს უფლება იმიტომ, რომ ნახევარი ამ საბჭოსი ჯარის დეპუტატებისგან შესდგება, იმ ჯარისა, რომელმაც ვერაგულად უღალატა რევოლუციას, სამშობლოს და კავკასიას. იგი აიკრიფა და მირბის, მირბის და თან სწვავს, იტაცებს და ანადგურებს მილიარდებად ღირებულს სამხედრო მასალას, ანგრევს გზებს, გვიქადის შიმშილს და მტრის ანაბარად გვტოვებს. გარბის მოღალატე ჯარი რუსეთში და აქ გვიტოვებს დეპუტატებს. ამათ უნდა განაგონ ჩვენი ქვეყანა და გადასწყვიტონ ჩვენი ბედ-იღბალი! აბსურდია, დაცინვა და მიქარვა! მოღალატე ჯარის დელეგატები თავიანთ ამომრჩევლებს უნდა გაჰყვნენ ეხლავე.

კომისარიატი? იგი უძლური და უდღეური ლეკვია, რომელმაც დაგვახრჩო მოწოდებით და საადგილ-მამულო დეკრეტით უარესად არია ჩვენი ისედაც ამღვრეული და მოწამლული ცხოვრება.

დარჩნენ ჩვენი დეპუტატები, მაგრამ ისინი პეტროგრადს მიეშურებიან.

ამიტომ ძალაუფლება ჩვენში უნდა გადაეცეს ეროვნულ საბჭოებს, რომლებმაც უნდა ჩაიბარონ დიქტატორული უფლება და ვალად იდონ ჩვენი დამფუძნებელ კრების მოწვევის მომზადება.

ნათქვამსა და დაპირებას ასრულება უნდა. ჩვენს ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიამ ასე განმარტა ჩვენი პოლიტიკა: დაჩქარება გვავნებს, ხოლო არც დაგვიანება ივარგებსო. ამას წინად „საქართველოში“ ფრიად პატივცემულმა და გამოცდილმა პოლიტიკურმა მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ ასე დაახასიათა დედააზრი ყოველივე პოლიტიკისა:

კარგი და სწორი პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკურმა მოღვაწემ დროზე გაზომოს, ასწონ-დასწონოს ირგვლივ შექმნილი პირობები და ამ პირობების მიხედვით აირჩიოს სწორი გადაწყვეტილება.

აზრი იგივეა: არც აჩქარება, არც დაგვიანება.

გვგონია, რომ პირობები მომწიფდა . ამას იქეთ დაგვიანება უფრო გვავნებს, ვიდრე აჩქარება. კარგად უთქვამთ დონზე: „ Атаману первая чарка, ему же первая палка“.

ეს კარგად უნდა დაიხსომონ ჩვენმა ატამანებმა. „ჩარკაც“ იმათი იყვეს და „პალკაც“, ერის მადლობაც და მისი წყევლაც, ძეგლიც და სამარადისო ანათემაც“.

მიხეილ ჯავახიშვილი,
1918, 11 იანვარი