‍ილიას აზრი თვითმმართველობის შესახებ

ბუნებამ, რაც უნდა სიმდიდრით მორთოს რომელიმე მხარე, ანუ ქვეყანა, რაც უნდა მრთელი ჰავა მისცეს ადამიანს საცხოვრებლად და ნაყოფიერი მიწა საზრდოებისათვის, მაინცდამაინც ხალხთა კეთილდღეობას სხვა მხრითაც ხელის შეწყობა სდომებია. კაცს მაგოდენად ვერა შველის თურმე ვერც სიკეთე ჰაერისა, ვერც სიმსუქნე მიწისა, ვერც შეძლება ყოველგვარის წარმოებისა, თუკი კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღვრული არ არის ურთიერთშორისი უფლება და მოვალეობა. კაცთა კმაყოფილებისათვის, ხალხთა კეთილდღეობისათვის, ეს უკანასკნელი უფრო აუცილებლად საჭიროა, ვიდრე სხვა რამე ქვეყნიერობაზედ.

მთიულსა შოტლანდიისას გარს ახვევია გულდახურული, ღარიბი ბუნება. იგი დიდის შრომითა და ღვაწლით ართმევს ბუნებას იმ თითო ლუკმა პურს, რომელსაც აწვდის თვის ჯალაბს საზრდოებისათვის. თუმცა ესრეთ აღამებს იგი დღეს და ათენებს ღამეს, მაგრამ იგი უფრო ბედნიერია და კმაყოფილი, ვიდრე სპარსელი, რომლისთვისაც ბედს შემოუფარგლავს უკეთესი ქვეყანა კაცთა საცხოვრებლად და საზრდოებისათვის. ერთი არის თავმომწონე, გამბედავი, თავისუფალი, მედგარი და გულდაგული კაცი, მეორე არის გულჩათუთქვილი, ილაჯგაწყვეტილი, ფრთხალი და გათელილი. ერთი - იმედით აღსავსე სულ წინ იყურება და ყოველი მისი ფეხის წინ წადგმა ძლევამოსილობაა ხვალისათვის, მეორე – სასოწარკვეთილია, შიშით სულ უკან იყურება და გუშინდელს, მშვიდობით გატარებულს დღეს ნატრულობს და არა სწამს ხვალე.

რა არის ამისი მიზეზი? ის არის, რომ ბედნიერმა შოტლანდიელმა იცის «ჩემი აქ თავდებაო და სხვისა აქ იწყებაო», უბედურს სპარსელს კი არც თავისი გაეგება და არც სხვისა. რაც სხვისაა, – ჩემი მოვალეობაა, რაც ჩემია, – ეგ ჩემი უფლებაა. უფლება და მოვალეობა, რომელნიც არიან პირველნი და უკანასკნელნი საგანნი ურთიერთშორის განწყობილებისა, აიდგინება და განისაზღვრება მხოლოდ ხალხის კანონთმდებლობის ძალითა და ნიჭითა.

ქვეყნიერობაზედ მართველობას ორგვარი წყობა და აგებულება ჰქონია და აქვს. თუ სადმე რაიმე ცვლილება არის, მაინც არ შეიძლება, რომ მმართველობა ან ერთისაკენ არ იყოს მიდრეკილი, ან მეორისაკენ.

ერთგვარი მმართველობა იგია, საცა სახელმწიფო საჭიროების საქმესაც თვით მთავრობა განაგებს და საზოგადოებისასაც, ყველგან და ყოველს ნაწილში. ამგვარად გამგეობისათვის მას თავისი საკუთარნი მოხელე-კაცნი ჰყვანან, რომელთაც თვით ირჩევს, თვით ნიშნავს, თვით გადააყენებს და რომელნიც მხოლოდ მის წინაშე არის პასუხისმგებელნი. ამგვარს მმართველობას ცენტრალიზაციას ეძახიან.

მეორე-გვარი მმართველობა იგია, საცა მთავრობას ხელთ უპყრია მარტო მთელის სახელმწიფოს საჭიროების საქმენი და ყოველივე სხვა კი საზოგადოებას გაუსაკუთრებია. ყოველს ნაწილს თვისნი ადგილობრივი საქმენი აქვს ხელშეუვალად მინდობილნი. ეს საზოგადოების საჭიროების საქმენი, ადგილობრივად განაწილებულნი, განიგებიან უსათუოდ ადგილობრივთა მოხელეთა შემწეობით, რომელთაც ირჩევს თვით ადგილობრივ მცხოვრებთა საზოგადოება და რომელნიც ამავე საზოგადოების წინაშე არიან პასუხისმგებელნი. ამგვარს გამგეობას თვითმმართველობას უწოდებენ, რადგანაც ამ შემთხვევაში თვითოეული ნაწილი ერთისა და იგივე სახელმწიფოისა თავის საკუთარს საქმეს თვით ჰპატრონობს, თვით უვლის და თვით ჰმართავს.

ცხადია, რომ უმაღლესს მთავრობას თითონ, სხვის დაუხმარებლად, ვერ შეუძლიან ვერც თვალი მიაწვდინოს დასანახავად ყველგან, ვერც ყური სასმენლად და ვერც ხელი საშველადა. ცხადია, რომ მან უნდა იყოლიოს ამისათვის საკუთარი მოხელენი, ყოველგან მოფანტულნი და მორიგებულნი - ეგ მოხელეობა თვით ადგილობრივ მცხოვრებთა უნდა ჩააბაროს, მიანდოს.

პირველმა საშუალებამ თავი ვერსად ვერ გაიმართლა, იმიტომ რომ სხვის ხელით საქმის გაკეთება არსად და არასფერში არც თავს მოსულა და არც მოვა. სხვას, ტყუილია, ჩემთვის ისე გული არ შესტკივა, როგორც მე თითონ; სხვა ჩემს ავკარგიანობას ჩემსავით ვერ შეტყობს, ჩემს ტკივილს ჩემსავით ვერ მოუვლის, ჩემს ჩივილს ჩემსავით ვერ იტყვის; რაც მე ვიცი ჩემი, სხვას თავის-დღეში არ ეცოდინება.

როგორიც უნდა იყოს უმაღლესი მთავრობა – თვითმპყრობელობითი, მონარქიული წარმომადგენლობითი, თუ რესპუბლიკის სახისა, – ერთშიაც, მეორეშიაც და მესამეშიაც თვითმმართველობა მშვიდობიანად მოეწყობა, საზოგადო წყობილებას არამც თუ ხელს შეუშლის, არამედ ხელს მოუმართავს, რადგანაც თვით ადგილობრივის საზოგადოების მოჭირნახულეა და ამასთანავე უმაღლესის მთავრობის უკეთესი თვალი და ხელია, ყოველ კუთხემდე მიწვდენილი.

თვითმმართველობამ რომ თავისი ჩვეულებრივი ნაყოფი მოიტანოს და თავის თავს არ უმტყუნოს, მისდა შესაფერად უნდა იყოს მოწყობილი და დარგული. ამ მოწყობაში არც ერთი მისი არსებითი კუთვნილება დავიწყებული არ უნდა იქმნას, არც ერთი ძირეული აზრი არ უნდა დაირღვეს. თუ ეს სიფრთხილე არ იხმარა ადამიანმა, თვითმმართველობა უფრო უქმი სიტყვა იქნება, უფრო სახელი იქნება, ვიდრე სახრავი.

ილია ჭავჭავაძე,
1887 წელი