‍ილიას წერილი პეტერბურგის ქართველ სტუდენტებისადმი

მოწყალეო ბატონებო!

მე დიდ პატივად მიმაჩნია, რომ თქვენ ინებეთ და ჩემი სარჩიელი მოითხოვეთ. გთხოვთ მიიღოთ ჩემგან უგულითადესი მადლობა ამნაირ, ჩემ მიერ არ დამსახურებულ პატივისცემისათვის. ხოლო ის-კი უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენმა წერილმა ორ ცეცხლ შუა დამაყენა. ერთის მხრით ყოვლად პატიოსანი გულთა-ძგერა თქვენი დამიდგა თვალ წინ, გულთა-ძგერა საქვეყნო, გულთა-ძგერა ბრწყინვალე და დიდებული, რომლის ღაღადის წინაშე აღტაცებით და სასოებით მუხლი უნდა მოიდრიკოს ყოველმა რიგიანმა კაცმა. მე მივხვდი და ვიწამე, რომ ამ კეთილშობილობით აღსავსემ გულთა-ძვრამ აღმოგიშობათ სურვილი ქება-დიდებით და ლოცვა-კურთხევით მიჰმართოთ ჩაგრულთა, რომელთაც თავი დაუდვიათ ხსნისათვის. ძნელია პატიოსანი კაცი გაუმაგრდეს ამ მშვენიერს და ყოვლად თავმოსაწონებელს გულთა-ძვრას, და გასამხნევებლად, თუ ხელი არა, გული მაინც მიაწოდოს შორიდამ დიდებულ საქმისათვის თავგამოდებულთა, რომელთაც ხელის ღონე არ შესწევს [და მინდობიან] ძლიერებას გულისას.

კაცთა საუბედუროდ, დღევანდელი დღე მუშტისაა, ძალა ჰხნავს აღმართსა. მით უფრო საქებ-სადიდებელია უღონო ჩაგრულთა მოქმედება. მე არ ვეჭობ, რომ მოვა დრო, და თავისუფლება და სამართალი, რომლის სახელით დღეს ბერძენი გამოდის, დაემჯობინება მთელ სპა-ლაშქარსა, წინაშე მათთა ხმას გაიკმენდს თოფი და ზარბაზანი. აქ არის ყოვლად-მხსნელი ღონე და სასოება ადამიანისა და ამის მაგალითს დღეს თვალწინ გვიყენებს ერთი მუჭა ერი საბერძნეთისა. შეიძლება ამაზედ უდიდესი მაგალითი?! არ მიკვირს, რომ ამის მნახველს ქართველს სტუდენტობას გული ანთებიათ თანაგრძნობით და კვნესით შეჰნატრის ბერძენს და ლოცვა-კურთხევას უთვლის. ძნელია კაცმა ამ მხურვალე და ბრწყინვალე გრძნობას ადამიანისას, ასეთის პატიოსან გულთა-ძვრისაგან მოვლინებულს, ცივი ანგარიში დაუყენოს წინ; მაგრამ რაკი პატივი დამდევით და ჩემი აზრი მოითხოვეთ, არ შემიძლიან ამ ცივს ანგარიშს არ მივცე თავი და ჩემი გულთა ნადები არ მოგახსენოთ გულახდილად.

ჩვენი მშობელი ქვეყანა ყველა სხვა ქვეყანაზედ ჩვენთვის უფრო საფიქრებელი და საზრუნველია. აქ არავისის ძრახვას და საყვედურს არ ვერიდები. ჩემი მრწამსი ეს არის. ადამიანი ასეა გაჩენილი: თავისიანს უფრო ჰრჩეობს, ვიდრე სხვას. თქვენ ჩემზედ უკეთ მოგეხსენებათ, — რა ხართ თქვენ, უმაღლესის სწავლისათვის გადახვეწილნი ქართველნი, ჩვენის შავბედიანის ქვეყნისათვის: მთელი სასოება ჩვენის ქვეყნისა თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენი ხვალე, ჩვენი მერმისი თქვენა ხართ. თქვენ რომ თქვენი პირდაპირი საქმე არ შეგასრულებინონ და ამის გამო შესაფერისის სწავლა-ცოდნით და განათლებით არ მოუხვიდეთ თქვენს ქვეყანას, ვისისა-ღა იმედზედ დარჩეს? აშკარაა იგი რაც თქვენს პატიოსანს გულს მოუწადინებია, არ მოეწონება ვისაც ჯერ არს და ვაი თუ გეზიანოთ რამე. თქვენი ზიანი, თქვენი შეფერხება, ჩვენი ქვეყნის ზიანი და შეფერხებაა.

გარდა ამისა, დღეს გაფიცხებული დავიდარაბა აგვიტყდა — და ამ დროს რამე მიზეზი რომ მივცეთ, მთავრობა ჩვენზედ ავის თვალით მოახედონ, ჩვენი საქმე დიდ ხიფათში ჩაგვივარდება, თუ მთლად თუ არ დაგვეღუპება. თქვენ მიერ განზრახული თუ ასრულდა, საიდუმლოდ არ დარჩება. დიდი შიშია, რომ ჩვენმა მტრებმა ჩვენდა თავში საცემლად არ გამოიყენონ, — აი სად და სით უფრინავთ ქართველებს გონებაო. განსაცდელი და საფრთხე დიდია. განა საფიქრებელი არ არის, რომ თქვენი ბედი, და მაშასადამე თქვენი ქვეყნისა, ამ საფრთხესა და განსაცდელში არ ჩავარდეს! ბერძნებს თქვენი თანაგრძნობა, რა თქმა უნდა, იამებათ, მაგრამ ბევრს არას არგებს. მაგ თანაგრძნობას ხელში დასაჭერი და გამოსაყენებელი სიკეთე არა მოსდევს რა, გარდა გულთა-ძვრის გარედ გამოფენისა და, მაშასადამე, საკუთარის თავის კმაყოფისა.

კიდევ მოგახსენებთ, მე მესმის მთელი პატიოსნება და კეთილშობილება თქვენ მიერ მოწადინებულისა, არც თავის დღეში ეჭვი არა მქონია, რომ ჩვენს ყმაწვილკაცობას გული არ ებრძოდეს, არ ერჩოდეს ყოველი პატიოსნურ საქმისათვის. მაგრამ რა ვქნათ? ბედმა ამისთანა დღეში ჩაგვაგდო, რომ ჩვენის სიკეთისაგან სხვისათვის ვერ გავწირავთ ვერას, ყოველი ჩვენი კეთილი ჩვენს ქვეყანას უნდა მოვახმაროთ და ამისათვის ყველა სხვა წყურვილი უნდა მოვიკლათ.

ნუ მიწყენთ, რომ მოგახსენოთ ჩემი კი არა, ჩემისა და თქვენის ქვეყნის სახელით: სასწავლებლად წასულხართ, ისწავლეთ, ცოდნა შეიძინეთ, ჯერ ხანად ნურც იქით გადიხედავთ, ნურც აქეთ, მარტო სწავლა-ცოდნას შეალიეთ თქვენი დღენი და ამ ორის უუძლიერესის ფარ-ხმლით მოდით და დაეპატრონეთ თქვენდა მოსავს ქვეყანასა, რომელსაც ჯერ სხვა სავედრებელი თქვენს წინაშე არა აქვს-რა და რომელიც ამ გზით მოელის თქვენგან ხსნასა და ბედნიერებას. ქვეყანა იმითი კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმითი, რომ მცოდნე, გონება-გახსნილი, გულ-განათლებული კაცები არა ჰყავს. აი თქვენი თავი რად გვიღირს ასე ძვირად, და სიძუნწეში ნურავინ ჩამოგვართმევს, რომ სხვისთვის არც ერთს თქვენგანის თმის ბეწვსაც ვერ გავიმეტებთ: თქვენ თქვენის ქვეყნისათვის ხართ საჭირონი.

იქნება დამძრახოთ და მაინც კი ვიტყვი, რომ იქ, საცა ერთი მხრით სამშობლო და მეორე მხრით სხვაა, სხვას მარტო ნამეტანობისაგან უნდა მიეცეს. ნამეტანობაზე, ჩვენდა საუბედუროდ, ჯერ შორსა ვართ, და რაც ჩვენთვის საკმარო არ არის და თვით ჩვენ გვჭირია, იგი მარტო ჩვენს სამშობლოს უნდა გამოვუზოგოთ და შევწიროთ. აქ დიდად მოსარიდებელია მცირეოდენი განსაცდელიც-კი, რაც თქვენს სწავლა-ცოდნის წყურვილს წყაროს დაუშრობს. თუ აქ ჩემი წინასწარხედვა განსაცდელისა ცდომაა, ისევ სჯობია კაცი განსაცდელის ხედვაში შესცდეს, ოღონდ მოერიდოს-კი, იმიტომ რომ თვალწინ მიდგა ჩვენი საწყალი ქვეყანა, უკაცურობით ღონემიხდილი და ჯანგამოცლილი. უთქვენობა რომ ძვირად არ უჯდებოდეს ქვეყანას, არ ამოგიფრთხობდით გულიდგან მაგ პატიოსან გულთა-თქმას. შიში განსაცდელისა აქ საბუთია და სამართლიანი. გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა და ამ სიყვარულს ანაცვალეთ ყველაფერი. „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან“… ეს არის ჩემი რჩევა, რჩევა თქვენის ქვეყნის შვილისა

ილია ჭავჭავაძე.
1897 წ., აპრილი

სარედაქციო შენიშვნა:

დიდი გამოძახილი ჰქონდა ქართველ სტუდენტობაში ბერძნების აჯანყებას კუნძულ კრიტოსზე ოსმალეთის მფლობელობის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა კრიტოსის დედა-საბერძნეთთან შეერთებას.