ილია ჭავჭავაძის აზრის ეთნკური ნიშნით დევნისა და შემწნარებლობის შესახებ

კითხულობს თამარ საუთიევა. ჩაწერილია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში

ყველამ იცის, რომ ეხლანდელ დროში დევნა და ძულება ეროვნული, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, ერთმანეთის გაუტანლობა იმის გამო, რომ შენ სხვა თესლისა ხარ და მე სხვა თესლისა და ერთად ვერ გვეცხოვრებაო, მარტო ბრიყვის და უვიცის მოძღვრებაა და სამართლიანად გასაკიცხი ყოველ პატიოსან და გონებაგახსნილ კაცისაგან.

იქნება ამით მოისურვონ, სიტყვა მოგვიჭრან: “კავკასს” ყოველ ამაში რა საქმე აქვს, რად ესარჩლება ჩაგრულთა და დევნილთაო? ის საქმე აქვს, რაც ყოველ პატიოსანს კაცს, რომელიც ვერ შეიფერებს, ვერ შეიწყნარებს, რომ ერთმა სთელოს და სჩაგროს მეორე ცალკე კაცი იქნება, თუ მთელი კრებული, ან მთელი ერი.

ეს ასე რომ არ იყოს, ჩაგრულთა ქომაგობა რომ უწმინდეს მოვალეობად არ იყოს აღიარებული ყოველ პატიოსან და გულმართალ კაცისაგან, მაშინ ხომ ეგრედ წოდებული სომეხთა საქმე ოსმალეთში არ გამოიწვევდა იმ სამართლიან თანაგრძნობას, რომელმაც ქვეყანას ხმა ამოაღებინა და ამ ხმის სამართლიან რიხისაგან ბევრად ძლიერი ოსმალეთი ყოვლად უძლურ სომეხს შეუშინდა. ეს ხმა რომ არ ყოფილიყო, ოსმალეთი ისე მალე მოუღებდა ბოლოს სომხობას, როგორც სვავი კურდღელსა: ყლაპად არ ეყოფოდა.

… ერთადერთი მოძღვრება კაცთა კრებულის საბედნიეროდ გვასწავლის: ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის, შენც იცხოვრე და სხვაც აცხოვრეო. ეს მცნება ურომლისოდაც ვერა კრებული, ვერა საზოგადოება, ვერა ერი ვერ ჰხეირობს, შესაძლოა კაცმა დროთა ხელშეწყობით გასთელოს, მაგრამ ძირი მაგარი აქვს - როცა იქნება ამოხეთქავს და თავისას მოითხოვს უნაკლულოდ.

თუ ადამიანი თავის თავს კაცად თვლის, სხვაც უნდა კაცად იგულოს, თორემ თვითვე გაიჭყლიტება და გაითელება თავისისავე მოძღვრებისაგან. დრო და ჟამი არავის შეარჩენს უსამართლობას, სხვის ჩაგვრას და თელვას.

… ადამიანისათვის სულ ერთია, ცალკე კაცი ლახავს ადამიანურს უფლებას, თუ რაზმად დაწყობილი კრებული. ორგანვეგან სამართლიანია მდურვა და ყვედრება, თუკი დათრგუნული უფლების აღსადგენად იღვწიან და იბრძვიან.

საკვირველი ეს ბრძოლა კი არ არის ჭკუათამყოფელ კაცისათვის, არამედ უამისობა იქნებოდა, იმიტომ რომ ლახვა სხვის უფლებისა, მერე იმისთანისა, რომელიც ბუნებითად მინიჭებული აქვს ყოველს ადამიანს, შეუწყნარებელია და დაუზოგველად განსაკითხავი ყოველგან და ყველასგან. შენც იყავ და მეც მამყოფე, განა ბუნებური და სამართლიანი სურვილი არ არის?

ილია ჭავჭავაძე,
ტფილისი, 19 მარტი, 1897 წელი