იაკობ გოგებაშვილის მოგონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნების შესახებ

კითხულობს ლევან ლორთქიფანიძე. ჩაწერილია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში

შემდეგ ბატონყმობის საქართველოში 1864 წელს ქართველ საზოგადოებაში დაიბადა და აღიზარდა ის აზრი, რომ ეს რეფორმა მხოლოდ მაშინ მოიტანს სანატრელს ნაყოფს, როცა გლეხობა განთავისუფლდება სიბნელისა და უმეცებისაგანაო. ვისგან უნდა მოელოდეს ჩვენი გლეხობა ამ მეორე განთავისუფლებასაო? რასაკვირველია, არა ბიუროკრატისგან, რომელიც ამისათვის თავს სულაც არ გაიცხელებს, არამედ ქართველი დაწინაურებული საზოგადოებისაგანაო... ამ მოსაზრებამ დაბადა წადილი „წერა-კითხვის საზოგადოების” დაარსებისა, მაგრამ წადილის განხორციელებას ესაჭიროებოდა პროპაგანდა საზოგადოებაში, მოძრაობის დაბადება და გაძლიერება. ამას ხელი მოუმართა იმ გარემოებამ, რომ მაშინ, სამოციანს წლებში, ზოგი ქართული ოჯახები ნამდვილს ცენტრებს წარმოადგენდნენ, სადაც იკრიბებოდნენ ძველის და ახალის თაობის საუკეთესო წარმომადგენელნი.

ამგვარ ოჯახთა შორის თვალსაჩინოდ განირჩეოდა ოჯახობა იოსებ მამაცაშვილისა. აქ მესამოცე წლების მეორე ნახევარში იკრიბებოდნენ, ქართველ ინტელიგენტთა გარდა, პროგრესიული რუსები და ზოგი გაქართველებული სომხებიცა.

...აქ დარბაისლური საუბარი ხშირად გადაიქცეოდა ხოლმე კამათად სხვადასხვა საკითხების შესახებ, იკითხებოდა რეფერატები, რჩეული სტატიები და წიგნები და იმართებოდა დებატები... ამ წრეს 1870 წელში მოემატნენ ორნი განათლებულნი ახალგაზრდა ქართველნი... ნიკო ცხვედაძე და გიორგი იოსელიანი.

სწორედ ამ წრეში დაიბადა და აღიზარდა აზრი წერა-კითხვის საზოგადოების დაარსებისა. სულ თავდაპირველად ამ საზოგადოებას ჰონდა კერძო წრის ხასიათი. ყოველს წევრს ამ წრისას კასაში შეჰქნდა განსაზღვრული ფული, რომლითაც უნდა დააარსებლუიყვნენ კერძო სკოლები სოფლად. პირველი კერძო სკოლა დავაარსეთ სოფელს ხოვლეში იოსებ მამაცაშვილის ასულის მარიამის სახელობაზე, რომელიც მეუღლედ ჰყავდა ხოვლელს მემამულეს თავადს გიორგი ჯავახიშვილსა... ჩვენ გვსურდა, სამაგალითო სკოლა დაგვეარსებინა, რომლისთვისაც უნდა მიებაძნათ ყველა სოფლის სკოლებსა; მაგრამ სამოსწავლო ბიუროკრატიამ მეტად დააკოჭლა ჩვენი სკოლა, ნაყოფიერება მისი საგრძნობლად შემაცირა და დაუკარგა მიმზიდველობის ძალა. ამიტომ სკოლამ ვერ იბარტყა და დარჩა ობლად...

საქმის მდგომარეობამ დაგვარწმუნა, რომ ჩვენის მიზნის და წადილის მისაღწევად კერძო წრე უძლურია, და საჭიროა ფართო საზოგადოება, ჯეროვანი წესდებულებით, რომელიც მთავრობის მიერ უნდა იქნას დამტკიცებული და დაკანონებულიო. ჩვენ ვთხოვეთ ვახტანგ თულაშვილს, დაებარებინა რუსეთიდან თავისი სიმამრის შუამავლობით ნორმალური წესდება წერა-კითხვის საზოგადოებისა. მანაც დაიბარა, მაგრამ მიღება დაგვიანდა რაღაც მიზეზის გამო. ამ ხანობაში მე მძიმე ავადმყოფი შევიქენი.

როდესაც თბილისში დავბრუნდი ვახტანგ თულაშვილისაგან წესდება მივიღე და ნიკო ცხვედაძესთან ერთად დიმიტრი ყიფიანთან მივედი. გადავწყვიტეთ: ყოველ შაბათს საღამოს შევკრებილიყავით მასთან და შეგვემუშავებინა წესდებულება წერა-კითხვის საზოგადოებისა ქართველთა შორის. გაჩაღდა შაბათის კრებები. ჩემდა სამწუხაროდ, მე დავესწარი მხოლოდ რამდენსამე კრებას; ზამთრის სიცივემ ისევ ამიშალა ფილტვების ავადმყოფობა და შინ დამამწყვდია...

...ნიკო ცხვედაძე თვისი ჩვეულებრივი ენერგიით შეუდგა ამ საქმესა და ყოველ შაბათს საღამოს დაიარებოდა დიმიტრი ივანეს ძესთან და მხოლოდ ეს ორი ქართველი ადგენდა წესდებულებას ახალის ქართულის საზოგადოებისა.

მე წესდებაში მესამე მუხლი ჩავამატე, რომელიც სკოლებში დედა ენაზე სწავლებას ეხებოდა: „საზოგადოება თავის მიზანს იმით მიაღწევს, რომ სახალხო სკოლებში დასაწყის სწავლებას დაადგენს სამშობლო ენაზედ , რომელიც ესმით მოსწავლეებს“.

ბოლოს, ვისაც კი წესდებულება მიუტანეს, ყველამ სიამოვნებით მოაწერა ხელი და არც ერთს შიში არ გამოუთქვამს ჩემ მიერ ჩამატებულის მუხლის შესახებ, რადგანაც მოხსენებიდან ყველანი ხედავდნენ, რომ იგი დამყარებული იყო იმპერატორ ალექსანდრე II-ს რესკრიპტზედა.

დიმიტრი სტაროსელსკიმ არ დააგვიანა საქმე და ნამესტნიკს დაუყოვნებლივ დაამტკიცებინა.

იაკობ გოგებაშივილი