‍დომინიკა ერისთავის წერილი მარჯორი უორდროპს

ჩემო ძვირფასო მეგობარო, მარჯორი!

იქნება ისე განრისხებული ხართ ჩემზე, რომ ხელიც არ მოჰკიდოთ ამ ჩემს წერილს! მე სწორედ ღირსი გახლავართ ამისა, რადგან დიდათ დამნაშავე ვარ თქვენთან, რომ ამდენს ხანს წერილი ვერ მოგწერეთ, მაგრამ იმდენი დამაბრკოლებელი მიზეზები შემხვდა, რომ თუ ოდესმე მეღირსება თქვენი ნახვა და გიამბობთ, დარწმუნებული ვარ, მომიტევებთ.

თითქმის ამ ერთი წლის განმავლობაში ორი დღე მოსვენებით არ გამიტარებია, ისე უკუღმა მიდის ჩემი საქმე... ჯერ იყო და, ხომ იცით, “ივერია” იმდენს ხანს დაკეტილი იყო, მეგონა, გაიხსნება და ჩემს ადგილს მევე დავიჭერ-მეთქი. ამ მოლოდინის უფლება მქონდა, რადგან ხუთ წელიწადს ერთგულად ვემსახურებოდი „”ვერიას” და ჩემი საუკეთესო ძალ-ღონე მას შევსწირე. მაგრამ, წარმოიდგინე, ჩემს ადგილზე სხვა მიიღეს და მე – კი უადგილოდ დამაგდეს. დავით მიქელაძე მივიდა ილიასთან და უთხრა თურმე: დომინიკას რატომ არ აძლევთ თვისს ადგილსო. მაგრამ ილიამ უპასუხა: „ჩვენში ჩვეულება არ არის, რომ ქალმა სავაჟო საქმე გააკეთოს და კაცებთან ერთად იშრომოსო“.

ძალიან გამიკვირდა ეს, მით უფრო იმ კაცისაგან, რომელსაც კარგად ესმის, რომ ქალიც ისეთივე ადამიანია, როგორც კაცი და შრომა თუ შეუძლია, სულ ერთი უნდა იყოს, ვინც იშრომებს.

რაღა დამრჩენოდა?! ძალას ხომა რომ დავატანდი თვისს გაზეთში? „სტრიქონებით მივცემთ ფულს და გვიწეროსო“, – ეთქვა. მეც ვწერ ხრონიკას და ხანდახან ლექსს, მაგრამ ამის ჰონორარს გაზეთის ფასში მირიცხავენ, რადგან გაზეთს მიგზავნიან და მე კი ვარ ასე...

მართალია, ვწერდი “კვალში”, რაც შეეძლოთ კიდეც მაძლევდნენ, მაგრამ რა ჰქნან, როცა რედაქცია ღარიბია? ამიტომ მეც ვერ ვუწერ იმდენს, რამდენიც მე საცოხვრებლად მეყოფა. ხუთი თვეა, რაც „ცნობის ფურცელში“ დავიწყე მუშაობა, ვასწორებ სხვისი ნაწერების ანაქვსს (სტილი), რადგან სხვა საჩემო განყოფილების პროგრამა არა აქვს იმ გაზეთს და თითქმის მუქთად ვმუშაობ, თვეში ოც მანეთად, მაგრამ ამ ხუთ თვეში სწორედ სამი თუმანი მიმიღია, არა აქვს შეძლბა და საიდგან მომცენ. ხელის მომწერლები ბლომად ჰყავს, მაგრამ რედაქტორი იმდენად უვიცია, რომ თეატრი აიღო იჯარით. მოიწვია საოპერეტო დასი და იზარალა. მეტი რა გზა ჰქონდა. გაზეთის შემოსავალით არტისტები გაისტუმრა და ჩვენ, თანამშრომლები კი უპუროდ ვზივართ.

ასეა ქართული მწერლობის საქმე, ჩემო ძვირფასო დაო და მეგობარო! ჩვენ თვითონ რომ არ ვარგივართ, მწერლის რითი უნდა გვივარგოდეს!.. ბევრად უკეთესია, კაცი სადმე ქარხნის მუშათ იყოს, ვიდრე აქ ლიტერატურას შესწიროს თავი. ქარხნის მუშებს არსებითი პური მაინც აქვთ!.. და ჩვენ კი ამაზედაც ვზრუნავთ, თუმცა მუშაობით ბევრს ვმუშაობთ.

ყველა ამსა იმიტომ გწერ, მეგობარო, რომ თუ ვრცლად არა, რამდენადმე მაინც იცოდე ჩვენი მდგომარეობა.

მომწერე წერილი და ნუ დამივიწყებ. დამერწმუნე, მუდამ მახსოვხარ და გულითად მეგობრად გთვლი, თორემ ასე გულახდილადაც არ მოგწერდით ჩემს ამბავს.

დიდის პატივისცემით მოვიკითხავ თქვენს მშობლებს და თომას, ღმერთს ვსთხოვ, რომ ყველანი კარგად ბრძანდეოდეთ. ნუ მიჰხედავთ ჩემს სიჩუმეს, მომწერეთ წერილი, თქვენი ჭირიმე.

დიდის პატივისცემით მოგიკითხეს ჩემმა ძმამ ურბნელმა თვისის ცოლით და შიო არაგვისპირელმა. რამდენჯერმე მთხოვა არაგივსპირელმა თქვენთვის მოკითხვა გადმომეცა.

მარჯორი, თუ ხახანაშვილს წერილი მისწერო, ჩემს მაგივრად დიდი საყვედური შეუთვალეთ, რომ ამდენს ხანს პასუხი არ მომცა ჩემს წერილზე. აქ არ ჩამოსულა, მგონი, საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას წელს.

ველი, მეგობარო, შენს წერილს მალე.

სულით და გულით თქვენი ერთგული მეგობარი

დომინიკა ერისთავის ასული,
1897 წელი