კატო მიქელაძის წერილი ეკატერინე გაბაშვილს ქალთა მოძრაობის შესახებ

კითხულობს ეკატერინე აღდგომელაშვილი. ჩაწერილია ელენე ახვლედიანის სახლ მუზეუმში

ჩვენო საყვარელო დიდო დედავ, კატო!

თქვენი წერილი და მოთხრობა მივიღე დღეს. უკანასკნელი ჯერ არ გადამიკითხავს, მაგრამ ჩემთვის ესეც კმარა, რომ ეს თქვენი თხზულებაა. როცა თქვენს წერილს ვკითხულობდი, ვგრძნობდი, რომ რაღაც ღვთაებრივი ენერგია მემატებოდა. ჩიტივით შემაფრთხიალა და ისეთ სიმაღლეზე აღმიტაცა, რომ ჩემი თავი ქვეყნის მპყრობელი მეგონა, რომელსაც წინ ვერავითარი დაბრკოლება ვერ დამიმაგრდებოდა. იმერულ პირფერობათ არ ჩამომართვათ ეგ ჩემი გულიბრყვილო აღიარება, ცოტა არ იყოს ასეთს ბრალს ქართველები ხშირად განურჩევლად გვდებენ ხოლმე იმერლებს.

მე ვფიქრობ, სრულიად უადგილოა გულჩახვეულობა და დუმილი იმ ადამიანის წინაშე, რომელიც ბავშვობიდან შორიდან მიყვარდა და დღეს, როცა მოწიფული ქალი ბრძოლის ველზე გამოვდივარ, რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი კმაყოფილება, როგორც თქვენი ჩვენი მიზნისადმი თანაგრძნობაა ჩემთვის?

მე ჩემმა კერძო ცხოვრებამ აშკარად დამანახვა, თუ როგორი უფსკლული ითხრება თანამედროვე ქალ-ვაჯთა სულიერ დამოკიდებულებაში. ვერავითარი ზემოდან ბოძებული უფლება ჩვენ ვერ გვიხსნის, თუ თვით ქალები არ მოვინდომებთ ჩვენი ადამიანური პიროვნების აღდგენას. გადახედეთ ჩვენს უბადრუკ ცხოვრებას, თუ რა ცოტა სჭირდებათ მამაკაცებს სახელისა და ავტორიტეტის მოსაპოვებლად და რა დიდი შრომა და ტანჯვა – ქალებს, რომ უბრალო ყურადღება მიიქციონ. ჩვენ უნდა შევქმნათ ატმოსფერა ქალთა შემოქმედურ ძალთა და აქტიურობის ასაღორძინებლათ და ეს მოხდება მაშინ, როცა ქალები დაისწავლიან თავის თავისა და ურთიერთ პატივისცემას, რომელსაც მისცემს მათ საზოგადოებრივი ცხოვრება. ის ვინც დღეს იძახის “სწორუფლებიანი ვართ”-ო., მას არასოდეს არ განუცდია სულიერი ტანჯვა თავისი უუფლებო მდგომარეობისა.

მაგონდება 1910 წელი, პარიზში, ანკეტა ჟურნალისტების მიერ გამართული, რომლითაც სურდათ გაეგოთ თუ რა აზრისა იყვნენ გამოჩენილი ქალები საფრანგეთისა თანასწორუფლებიანობისადმი და რამდენი იყო მომხრე სუფრაჟისტული მოძრაობისა.

ყველა ამ ქალების სურათები მოათვსეს გაზეთ ბროშურაში, რომელთა შრის ერია მათი აზრით დიდათ შესანიშნავი და ლამაზი ქალი, რომელიც ამბობდა: რომ დარწმუნებული ვიყო, რომ დედამიწაზე ყველა ქალები ჩემებრ ჩინებულ პირობებში იყოს, ქალთა უფლებებს არ დავიცავდიო. მაგრამ ვიცი რა ჩემი ბედი გამონაკლისია, ამისათვის მომხრე ვარ ქალთა სრულუფლებიანობისო.

სამწუხაროა ჩვენში არა თუ ასეთი იშვიათი ბედნიერი და უზრუნველყოფილი ქალები არ იპოვებიან, უმრავლესობა ტანჯვაშია. რად არ უნდა იყოს იმ ჩაგვრაზე დედაკაცის გალაშქრება და რათ უნდა შეეგუოს ის იმ საზოგადო ჩაგვრას, როცა იცის იმის სქესის გათახსირება, როცა იცის, რომ იმ საზოგადოებაში, რომელსაც ის ეკუთვნის თეთრი მონებით ვაჭრობენ, რომელთაც ადევთ ისეთივე დამღა, როგორც რომელიმე საქონელს.

ჩემი მანდ გადმოსვლა დამოკიდებულია იმაზე თუ მანდაური ქალები ამას მოინდომებენ. თუ იშოვნიან ბინას. მე აქ მარტოთ მარტო ყველაფერი ეს მოვაწყვე, ერთობა არც აქაურ ქალებსა აქვთ. სოციალ-დემოკრატები თავიანთ ბრბოს ემონებიან: ჩვენ განგათავისუფლებთ და ჩვენთან იბრძოლეთო. ის ქალები, რომელთაც თავიანთი ქმრების მდგომარეობით კარიერა შეუქმნიათ, თავს არ იტკივებენ ქალთა საკითხებზე. ასე რომ უფრო ხელის შემშლელი გვყავს, ვიდრე – დამხმარე. მაგრამ ყველა ესენი ცალ-ცალკე ისე დავირეკე, რომ სამუშაო გზა გავწმინდე და დღეს როგორც ვატყობ შემოერთების სურვილიც აქვთ, თუმცა ჯინს მაინც ვერ იტეხენ.

მანდ მე უფრო უცხო ვარ. არც მუშებში მყავს ნაცნობები და არც სტამბაში. თუ ითავებენ და მოაწყობენ ამ საქმეს, მე აქ ისე დავაყენებ ჩვენს ორგანიზაციას, რომ უჩემოთ არსებობა შეეძლოთ და ჩამოვალ. მხოლოდ რეადქციის გარშემო უნდა შეიკრიბოს იდეური ქალები. ჩვენც უნდა შევქმნათ ნამდვილი სულიერი კავშირი, რომ არავითარმა წინააღმდეგობამ არ შეგვაშინოს და არ გაგვაცალკავოს. არც ერთი პასიური და გამოურკვეველი ადამიანი არ უნდა იყოს სარედაქციო კოლეგიაში. საჭირო არ არის სიმრავლე რიცხვისა. ძალა ერთობაშია და არა – რიცხვში. პირველი ქრისტიანები 12 კაცი იყო და იმათ მოახდინეს გადატრიალება.

საჭიროა სულიერი ენერგიის სიძლიერე და თუ ასეთები ხვალ 10-მდე ვიქნებით, ბევრს გავაკეთებთ. მანდაური ქალების ნაკლი ის არის, რომ სათავეში ყოვლად მოუმზადებელი და უფლებრივად შეუგნებელი ქალები უდგანან.

პირველი კარგი საქმე კონგრესის მოწვევაა. ასე თუ ისე მაინც გამოფხიზლდებიან ქალები! თუნდაც რომ შეცდომები დაუშვან! ის არ ცდება, ვინც არაფერს აკეთებს. საქმეს თავდათანობით დავასწავლით. ქალები თავდაპირველად გაბედულობას უნდა მიეჩვიონ, რომ თავისი სიტყვის გამოთქმის არ ეშინოდეთ და თავისი ჭირ-ვარამისა. საჭიროა საგუბერნიო ქალთა კავშირის მოწყობა, რომელსაც ექნება დიდი წარმომადგენლობითი მნიშვნელობა, თუ რომ კარგი ხელმძღვანელი ეყოლა. მე აქ ვფიქრობ მოვაწყო იგი. მაგრამ ეგ უგზოობა და რკინის გზაზე გაჭირვება ხელს მიშლის, რომ ვიმოგზაურო.

ტანმრთელობის მხრივ ვერ დავიკვეხი. არა ვარ ჯანსაღი და ეს ჩემს სულიერ მარტოობაში და იმ მწვავე ბრძოლაში, რაც მე ცემს სამოსწავლო გზაზე გადამწყდა, არც გასაკვირია. ღარიბ ადამიანს გზის გასაკვალათ წელმოღუნული სიარული უხდება. ასეთს რისხვას ჩემი თავისუფლება

ვერასოდეს შეეჩვია და იმ ზღუდეს, რომელიც წინ მეღობებოდა, მკერდით ვაპობდი, რომელზედაც როგორც სისხლი ისე მრავალი ჩემი ცრემლი დამიქცევია. მაგრამ ჩემს ტანმრთელობაზე ისე ცოტას ვფიქრობ, რომ სანამ სიცხე ლოგინში არ ჩამაგდებს, თავი ყოველთვის ჯანსაღათ მიმაჩნია.

როდის იქნება საჭირო ჩემი ჩამოსვლა, ერთი კვირით წინათ მაცნობოს ნინა რცხილაძემ.

თქვენი გულითადი პატივისმცემელი,

კატო მიქელაძე
1920-იანი წლები