ეკატერინე გაბაშვილის წერილი „ჩვენს ქალებს“ ქალთა განათლების აუცილებლობის შესახებ

კითხულობს ლელა გაფრინდაშვილი. ჩაწერილია ელენე ახვლედიანის სახლ მუზეუმში

აგერ სამი წელიწადია, რაც ქართველი საზოგადოება გულმოდგინეთ არჩევს იმ საკითხს, თუ როგორ მოვიხმაროთ ის ფული, რომელიც ქუთაისის და თბილისის ბანკების დამფუძნებელთ დაუბრუნდათ? ახლა ამ კითხვას დეემატა კიდევ მეორეც: როგორ გავინაწილოთ ის ფულები, რომელიც უმაღლესის ბრძანებით ებოძათ თავადაზნაურებს ორივე გუბერნიისას თავიანთ შვილთა გასანათლებლად? ათასი საქმე გამოინახა, ათასმა საჭიროებამ დააღო პირი და ყველა ამ სავალალო კითხვებს ათასობით ჭრისუფალი გამოუჩნდა. სხვა მწვავე საჭიროებათა შორის აქა-იქ მოწიწებით, კანტიკუნტად გაისმა ხმა ქალთა განათლების საჭიროებაზედაც, მაგრამ მხოლოდ ფრთხილად და მოწიწებით, ისე - სხვათა შორის.

ამ ორი წლის წინათ, მეც მივეცი ჩემ თავს ნება ერთხელ კიდევ შემეგონებინა ქართველი საზოგადოებისთვის, რომ დედათა აღზრდა დიდი ხანია მან აღიარა უპირველეს თავის მიზნად და ამ ათის წლის წინად დაავალა ბანკის მზრუნველთ, ყოველი ღონისძიება რაც კი ბანკს აღმოუჩნდებოდა თვალსაჩინო, მიემართნა ქალთა აღზრდის საჭიროებაზედ. მაგრამ მას აქეთ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბანკის მმართველთ დაავიწყდათ ეს ერთხმივი დავალება საზოგადოებისა, თუ არავითარი წყარო არ აღმოუჩნდათ, ღმერთმა იცის!

დღეს კი, როდესაც გასანაწილებელია ის ფული, რომელიც ბანკის დამფუძნებელთ უბრუნდებათ და ზედ ემატება უმაღლესად ნაბოძებიც და როდესაც თავადაზნაურობა ფაცაფუცით ანაწილებს და დედაკაცთა განათლებას კი უკუ აყენებს, მე იმდენად აღელვებული ვარ, იმდენად უსამართლოდ მიმაჩნია ეს გარემოება, რომ არ შემიძლიან არ მივმართო ქართველ დედაკაცებს და არ ვთხოვო ხმის ამოღება.

თუ ჭირისუფალი არ ტირის, მობანეს რა თავი სტკივაო?! - ამბობს ხალხური ანდაზა. მე ვგონებ, რომ ქალთა აღზრდის კითხვის ჩრდილში მიყენების მიზეზი თვით ჩვენი, დედაკაცთა მიძინებაა და ჩვენგანვე უარყოფა ჩვენის უფლებების დაცვისა.

ვთხოვ ყველა ქართველ ქალს უშორეს სვანეთიდან დაწყებული განაპირა ინგილომდე, ვისაც კი გული ეწვის საერთო საქმისთვის, ვისაც კი შეგნებული აქვს აწმყო ქართველი დედაკაცისა, მოვიდეს, განაცხადოს თავისი სურვილი, წარმოთქვას თავისი საჭიროებანი და დაგვიხატონ ამ დედაკაცურ სიბნელეში დედათა ყოფნის სურათი.

ამ საერთო წარმოთქმით დავამტკიცოთ, რომ მოვმწიფდით საერთო საქმეში ხმის მისაცემად, რომ ჩვენი დაუკითხაობა იმისთანა საშვილიშვილო საქმეში, როგორიც არის ქალთა განათლება, უჩვენოთ არ მოხერხდება და მისი უგულებელყოფა სამართლიანობის გზას უხვევს და ჩვენ მოძმეთ მუხანათობათ ჩაეთვლება. ჩვენ ვითხოვთ ჩვენ კანონიერ ნახევარს.

ფულის გასანაწილებლად კომისია იყო ამორჩეული, კომისიის წევრებს შეადგენდნენ საუკეთესო ქართველთა შვილნი და წაიკითხავდით რა სამართლიანობით გაანაწილეს ფული: სადაც ვაჟთ დაენიშნათ 10 სტიპენდია, ქალებს - მხოლოდ 2 უწყალობეს და ისიც ვაჟების სტიპენდიის ნახევარი! თითქო ქალი არ საჭიროებდეს უკეთეს ბინას, უკეთეს მოწყობილს, უკეთესად პატრონობას .

და ეს მცირე მოწყალებაც მხოლოდ კომისიის წევრებმა გაიმეტეს. თავადაზნაურთა საგანგებო კრებამ ქალთა აღზრდის კითხვას ყური არც კი ათხოვა. თელავის უეზდის აზნაურთა კერძო კრებამ, ქალების პროტესტის მიუხედავად, თავისი დადგენილება მაინც არ შეცვალა და ბანკიდან გამონათხოვი 50 თუმანი დედაკაცის ზავედენიაში ქართული ენის მასწავლებლის მოწვევისთვის არ გამოყო. დიდება და პატივი თქვენ, ამ გადაწყვეტილების პატრონებო!

აგერ თვრამეტი წელიწადია ტბილისში დაარსდა საზოგადოება იმ ფონდის შესადგენად, რომლითაც უნდა აგებულიყო ქალთა სააზნაურო სკოლა. ამ საზოგადოების მოთავეებს იმედს აძლევდნენ საუკეთესო ქართველთ წარმომადგენელნი: „ოღონდ ქალებმა ფხა გამოიჩინეთ, ამ საქმეს საძირკველი ჩაუყარეთ და ყოველი ჩვენი ღნისძიება თქვენი საქმის აღორძინებისთვის იქნება მიპყრობილი. სად არის ეს დაპირება, რითი დაგვეხმარნენ ჩვენი ძმები ამ თვრამეტი წლის განმავლობაში? ერთხელ გვითხრეს ბანკის ყოველწლიურის მოგებიდან 200-200 თუმანს მოგცემთო. ჩვენ ვიუკადრისეთ.

მოწყალებას კი არ ვთხოულობთ, ჩვენ კანონიერ წილს მოველით! იმათ ამაზედ ტაში დაგვიკრეს და ღირსეული წილის მოცემა აღგვითქვეს და აი , ეხლა ათი წლის შემდეგ, არათუ ქალთა განათლებას ქართველთა საზოგადოებამ ხელი არ შეუწყო, მზამზარეული ნაბოძები ფულებითაც თვალი მოსთხარა. დღეს ნათლად გამოირკვა ჩვენ მამაკაცთა ვერაგობა, არა თუ ბანკის მოგება მთლად მიდის ვაჟთა აღსაზრდელად, არამედ ეს ნაბოძებიც კი ხელიდგან გვეცლება, ხელიდან გვეცლება ჩვენი განათლებაც და ანბანის შესწავლაც.

ეკატერინე გაბაშვილი
1884 წელი